წმინდა მაქსიმე აღმსარებელი (+662) - 21 იანვარი (3 თებერვალი)
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი (+662) - 21 იანვარი (3 თებერვალი)
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ. განათლებას წმინდა მაქსიმე პირველად ოჯახში ეზიარა და მართლმორწმუნე მშობლების მცდელობით ღთისმოშიშებითა და სიყვარულით იზრდებოდა. თანატოლებთან ერთად თამაშის ნაცვლად, დროს წმინდა წერილის კითხვასა და უფლის მცნებების დაცვას უთმობდა.

ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლესთვისაც გახდა ცნობილი მაქსიმეს სიბრძნისა და კეთილგონიერების შესახებ და მის მიმართ დიდი პატივისცემის გრძნობით განიმსჭვალა. იმპერატორმა ღვთივსათნო ცხოვრებისა და სიბრძნის გამო ნეტარი მაქსიმე სასახლეში მიიწვია და საპატიო თანამდებობა, მწიგნობართმთავრის პატივი უბოძა. მაქსიმე დათანხმდა ხელისუფალს და მისი პირველი მდივანი გახდა.

ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლე და სპარსეთის მეფე ხოსრო II

სპარსეთის მეფე ხოსრო II-მ ჯერ კიდევ იმპერატორ ჰერაკლეს ტახტზე ასვლამდე გამოუცხადა ომი ბიზანტიის იმპერიას. ჰერაკლეს დროს დაიკავა მთელი პალესტინა, შეტევით აიღო იერუსალიმი, გაიტაცა უფლის პატიოსანი ჯვარი (614 წელს) და ტყვედ წაიყვანა პატრიარქი ზაქარია; დაიპყრო ეგვიპტე, ლიბია, თითქმის მთელი მცირე აზია... ხანგრძლივი ალყის შემდეგ დაიკავა ქალკედონი და გამარჯვებული ლაშქარი პირდაპირ კონსტანტინოპოლთან განალაგა.

დაპყრობილ მხარეებში მთელი ამ ხნის მანძილზე ხოსრო ქრისტიანებს დაუნდობლად დევნიდა და აწამებდა; იუდეველებმა, რომელთაც იგი მფარველობდა, ქრისტიანებისადმი სიძულვილი ამოანთხიეს და მხეცურად გაუსწორდნენ - ანტიოქიაში ისინი ცეცხლითა და მახვილით ამოწყვიტეს, იქამდე მივიდნენ, რომ პალესტინაში ჯერ ტყვეობიდან გამოისყიდეს ოთხმოცდაათი ათასამდე ქრისტიანი და შემდეგ წამებით დახოცეს. ანტიოქიის პატრიარქი ანასტასი კოცონზე დაწვეს... მაგრამ, როგორც ყოველი მძიმე განსაცდელის ჟამს, ამჯერადაც ბევრმა მორწმუნემ გამოავლინა გაუტეხლობის, ქრისტიანული თავგანწირვისა და გულმოწყალების მაგალითები.

იმხანად ყველა ტანჯულს მანუგეშებლად მოევლინა ალექსანდრიის პატრიარქი იოანე მოწყალე. მან თავშესაფარი მისცა დევნილებს, გამოისყიდა ტყვეები, თავად უვლიდა სნეულებსა და დაჭრილებს, უხვი შემწეობა გააგზავნა იერუსალიმში სპარსელთაგან დანგრეული ტაძრების აღსადგენად... წმინდა იოანემ მთელი ცხოვრება ღვთისა და მოყვასის სამსახურში გალია. პატრიარქად დადგინების დღიდან ყოველდღე უამრავ უპოვარს ურიგებდა შემწეობას. მტკიცედ სწამდა საღვთო გულმოწყალების, ამიტომაც არ ეშინოდა ეკლესიის ხაზინის დაცარიელებისა და უფალიც არ აკლებდა დახმარებას. როდესაც სპარსელები ალექსანდრიას დაეპატრონნენ, პატრიარქმა მშობლიურ კვიპროსს მიაშურა. გზაში ანგელოზმა აუწყა აღსასრულის მოახლოება: "მეუფე მეუფეთა გიხმობს თავისთან!" მწყემსთმთავარმაც სიხარულით მიიღო ეს სიტყვები და მშვიდად მიაბარა უფალს სული. მისი წმინდა ცხოვრება და უსაზღვრო გულმოწყალება ეკლესიამ არ დაივიწყა და პატრიარქ იოანე მოწყალის ხსენების დღედ 12 ნოემბერი დაადგინა.

ამასობაში იმპერია დაღუპვის პირამდე მივიდა - მისი ოლქების უმეტესობას სპარსელები დაეპატრონნენ, მეორე მხრიდან უტევდნენ ავართა ტომები, რომლებმაც დაარბიეს პანონია, თრაკია, იტალია და ახლა ემუქრებოდნენ კონსტანტინოპოლს, რომელიც შიმშილობდა, რადგან ეგვიპტიდან ხორბლის შემოტანა შეწყდა. ხაზინა დააცარიელა ხანგრძლივმა ომმა და ქვეყანას ძალა გამოაცალა შინააშლილობამ. ჰერაკლე სულიერად დაეცა, გადარჩენის იმედი გადაეწურა და გადაწყვიტა, აფრიკაში გახიზნულიყო, იმპერია კი მიეტოვებინა. ამ უღირს გადაწყვეტილებას წინ აღუდგა პატრიარქი. მან შეახსენა ჰერაკლეს თავისი, როგორც იმპერატორის, მოვალეობები და წმინდა სოფიას ეკლესიაში საზეიმოდ ჩამოართვა ფიცი - ეცხოვრა და მომკვდარიყო მათთან, ვინც უფალმა საპატრონოდ ჩააბარა მას. ხალხი მზად იყო ქვეყნის დასაცავად! პატრიარქისა და ერის ამგვარმა გაუტეხლობამ ჰერაკლეს სულის სიმხნევე შესძინა და თერთმეტწლიანი უღიმღამო მმართველობის შემდეგ იგი ხალხს მოევლინა გმირად, როგორსაც ცოტას თუ იცნობს ისტორია.

მან მოიკრიბა უკანასკნელი ძალები, გადავიდა მომხდურის სამფლობელოებში და იქ დაიწყო ბრძოლა; ერთიმეორის მიყოლებით მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვებები, ექვს წელიწადში დაიბრუნა ყველა დაკარგული ოლქი და გაანადგურა სპარსელები. ასევე გადარეკა ავარები დუნაის გადაღმა და აღადგინა იმპერიის სახელოვნება. თავად ჰერაკლე ედგა სათავეში ლეგიონებს და რიგითი მეომარივით იბრძოდა. მხედრულ დიდებასთან ერთად იგი ტყვეებისადმი ლმობიერებამ, გამარჯვების შემდგომ ზომიერებისა და სიმშვიდის შენარჩუნების უნარმაც განადიდა.

ხოსრომ გაქცევით უშველა თავს; იგი მოკლეს მისივე აჯანყებული შვილის - კავადის ბრძანებით, რომელმაც ამის შემდეგ კაცი გაუგზავნა ჰერაკლეს და დაზავება სთხოვა. დაიდო ხელსაყრელი ზავი: სპარსელებმა დაუბრუნეს იმპერიას ეგვიპტე, ყველა წართმეული ტერიტორია და უდიდესი სიწმინდე - ცხოველმყოფელი ჯვარი. ჰერაკლე, როგორც ქვეყნის მხსნელი, სიხარულითა და ზეიმით მიიღო კონსტანტინოპოლის მოსახლეობამ.

დიოფიზიტობა და მონოფიზიტობა

სწორედ ამ დროს ქრისტიანულ ეკლესიაში აღმოცენდა მონოფიზიტური ერესი.

ქრისტე მაცხოვარი არის სრული ღმერთი და, იმავდროულად, სრული ადამიანი. როგორც ადამიანი, იგი იშვა მაშინ, როდესაც მისი დედის, მარიამისთვის, "აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი" (ლკ. 2,6); იგი თანდათანობით "აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა" (ლკ. 2,40). როგორც მარიამის შვილი, ის დედასა და მის დამწინდველს "იყო დამორჩილებულ" (ლკ. 2,51). როგორც ადამიანი, მოინათლა იორდანეში იოანესგან, გადარჩენის შესახებ ქადაგებით შემოიარა ქალაქ-დაბები. აღდგომამდე არავინ დაეჭვებულა, რომ ის ადამიანია: მას შიოდა და სწყუროდა, სჭირდებოდა ძილი და დასვენება, გრძნობდა ტკივილსა და განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას.

უფალი ცხოვრობდა ადამიანისათვის ჩვეული ფიზიკური და სულიერი ცხოვრებით. სულიერ ძალებს იძლიერებდა მარხვითა და ლოცვით. მისთვის უცხო არ იყო ადამიანური გრძნობები: სიხარული, მრისხანება თუ დარდი: იგი ყველას დასანახავად "აღშფოთდებოდა", წუხდა; ცრემლი მოერია, როდესაც ლაზარეს სიკვდილი შეიტყო. სახარება აღწერს უფლის უმძაფრესი სულიერი ბრძოლის სურათს გეთსიმანიის ბაღში, მისი დატყვევების წინა ღამეს: "შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე" (მთ. 26,38), - უთხრა უფალმა მოწაფეებს.

იესო ქრისტეს გონიერი, დინჯი ადამიანური ნება ყოველ მისეულ კაცობრივ მისწრაფებას მთლიანად უმორჩილებს მისსავე ღვთიურ ნებას. ეს გამაოგნებელი სიცხადით აისახა უფლის ვნებებში, რომელიც ჯერ კიდევ გეთსიმანიის ბაღში დაიწყო: "მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ" (მთ. 26,39), "ხოლო ნუ ნებაი ჩემი, არამედ ნებაი შენი იყავნ!" (ლკ. 22,42).

მაცხოვრის ჭეშმარიტად სრული კაცობრივი ბუნების შესახებ საუბრობენ წმინდა მამები. კირილე ალექსანდრიელი: "თუ მიღებულ ბუნებას არ გააჩნდა ადამიანის გონება, მაშინ გამოდის, რომ ეშმაკს თავად ღმერთი შებრძოლებია და მასვე მოუპოვებია გამარჯვება. თუ ღმერთმა გაიმარჯვა, მაშინ მე, რომელსაც ამისთვის არაფერი გამიკეთებია, მისგან სარგებელს არც უნდა ველოდო: როგორ უნდა გავიხარო და ვიამაყო სხვისი ნადავლით"; კირილე იერუსალიმელი: "თუ განკაცება მოჩვენებითია, მაშინ გამოხსნაც ოცნება ყოფილა".

ამგვარადვე მსჯელობდნენ სხვანიც.

ეკლესია ყოველთვის მკაცრად იცავდა უფალ იესო ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ სწორ სწავლებას, რადგანაც მისადმი რწმენას გადარჩენისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევდა.

ამ საკითხის შესახებ მრავალგვარი ცდომილება არსებობდა - ისინი ორ ჯგუფად იყოფიან: ერთნი უარყოფენ ან აკნინებენ იესო ქრისტეს, როგორც ღმერთს, მეორენი კი - როგორც ადამიანს.

V საუკუნეში ქრისტიანულ ეკლესიაში გამოჩნდა ერესი, რომელიც მონოფიზიტობის სახელითაა ცნობილი. ეს იყო კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტის, ევტიქის მწვალებლური სწავლება იესო ქრისტეს ბუნების შესახებ. მისი მტკიცებით, იესო ქრისტეში იყო ერთი ღვთაებრივი ბუნება და ერთი ნებისყოფა, ხოლო კაცის ბუნება და ნებისყოფა ჩანთქმული იყო ღვთაებრივ ბუნებაში. ამრიგად, მონოფიზიტობის თანახმად, ძე ღვთისა ორ ბუნებიანად (ღვთაებრივი და ადამიანური) შეიძლება ვაღიაროთ მხოლოდ მის განხორციელებამდე. განხორციელების შემდეგ ღვთაებრივმა ბუნებამ იმდენად შთანთქა ადამიანური, რომ ამ უკანასკნელმა თავისი სუბსტანცია მთლიანად დაკარგა. ამის შემდეგ ძე ღვთისა მხოლოდ ერთბუნებიანია. მონოფიზიტობასთან დაკავშირებით 451 წელს ქალკედონში მოიწვიეს IV საეკლესიო კრება. კრებაზე წაიკითხეს პაპ ლევის წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი ცოდვის გარეშე. განხორციელებისას მას აქვს ერთი პირი და ორი ბუნება, შეერთებული მასში ერთპირად და შეურევნელად, განუყოფლად, განუყრელად და უქცეველად".

ქალკედონის კრებამ წერტილი დაუსვა მონოფიზიტობას და ზუსტად ჩამოაყალიბა უფალ იესო ქრისტეში ორი ბუნების შეერთების გვარობა და ამ შეერთების არსი საიდუმლოდ და ამოუხსნელად გამოაცხადა. ქალკედონის კრების განჩინება ამბობს: "წმინდა მამათა მიმდევარნი, ყველანი ერთხმად მივუთითებთ - აღიარებულ იქნას ერთი და იგივე ძე, უფალი იესო ქრისტე, როგორც სრული ღმერთი და სრული ადამიანი, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი - იმავე სხეულისა და გონიერი სულისაგან. მამისა თანაარსი ღვთაებრივად და ჩვენი - კაცობრივად. ჩვენი მსგავსია ყველაფრით, გარდა ცოდვისა. იგი იშვა უწინარეს საუკუნეთა მამისაგან ღვთაებრივად, ხოლო ბოლო ჟამს ჩვენთვის და ჩვენი გადარჩენისთვის იშვა კაცობრივად ქალწულ ღვთისმშობელ მარიამისგან. ვაღიარებთ ერთსა და იმავე ქრისტეს, ძეს, უფალს, მხოლოდშობილს, რომელშიც ორი ბუნება შეიცნობა შეურევნელად, უცვლელად, განუყოფლად და განუშორებლად"...

უფალ იესო ქრისტეში ღვთიურ და ადამიანურ ბუნებათა შეერთების გვარობას ქალკედონის განჩინება ასე განმარტავს: "შეურევნელად, უცვლელად (ან გარდაუქმნელად)" - ქრისტეში ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებანი არ ერწყმიან და არ ხდება მათი ურთიერთში გარდაქმნა.

"განუყოფელად და განუშორებლად" - ორი ბუნება შეერთებულია სამარადჟამოდ, მაგრამ ისინი არ ქმნიან ორ პირს, რომელნიც მხოლოდ ზნეობრივად არიან შეერთებულნი, როგორც ამას ნესტორი ასწავლიდა: არამედ განუყოფელნი არიან ჩასახვის მომენტიდან (ჯერ ადამიანი კი არ შეიქმნა და შემდგომ შეუერთდა მას ღმერთი, არა - ღმერთი-სიტყვა დაემკვიდრა ქალწულ მარიამის წიაღში და შეისხა განსულიერებული კაცობრივი ხორცი); განუყოფელნი არიან ჯვარცმული მაცხოვრის ტანჯვისა და სიკვდილის, აღდგომისა და ამაღლების დროს და ასე დარჩებიან უკუნითი უკუნისამდე. განღმრთობილი ხორცით მოვა უფალი იესო ქრისტე თავისი მეორედ მოსვლის ჟამს.

ქრისტიანობაში ქალკედონის კრებაზე მიღებული განჩინების მომხრეებს, ანუ მათ, ვისაც იესო ქრისტეს ორბუნებიანობა სწამთ, დიოფიზიტები ეწოდებათ. მართლმადიდებლები დიოფიზიტები ვართ.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე»

წმინდა მაქსიმე აღმსარებელთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე»»


მონოთელიტობა

ბოროტმა როგორც კი ნახა, რომ წმინდა მამათა მიერ მწვალებლური სწავლება დაიგმო და ქრისტიანული მრევლი კვლავ ჭეშმარიტების გზას დაადგა, გაორმაგებული შურით აღივსო და სხვა ხერხს მიმართა. ახლა ახალი ერესი დაატყდა თავს ეკლესიას მონოთელიტობის სახით.

ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების მიერ განკვეთილი ევტიქის მწვალებლური მოძღვრება მონოფიზიტობის შესახებ წყარო გახდა ახალი მწვალებლობის - მონოთელიტობის წარმოშობისათვის. ეს მოძღვრება იყო მცდელობა მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების შერიგებისა. მონოთელიტობა მონოფიზიტების საწინააღმდეგოდ და დიოფიზიტების მსგავსად ქრისტეში განხორციელების შემდეგ ორი ბუნების არსებობას აღიარებდა, ხოლო მონოფიზიტების მსგავსად და დიოფიზიტების საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ქრისტეში ერთი ნებისა და ენერგიის არსებობას ქადაგებდა. მონოთელიტობის თანახმად, ქრისტეში ერთი ნება და ერთი ღმრთეებრივი ქმედებაა, ხოლო ღმერთკაცის ადამიანურ ნებასა და ქმედებას მონოთელიტობა არ ცნობს.

მრავალი ბრძოლიდან ძლევამოსილი გამარჯვებებით დაბრუნებული იმპერატორი ჰერაკლე სპარსეთიდან ასურეთის იეროპოლისში გაემგზავრა. აქ კი იაკობიტთა მთავარეპისკოპოსი იყო ათანასე, მრავალი უკეთურებითა და ბოროტებით აღვსილი, ამასთან ასურელთა მისნობაში კარგად გაწაფული. მასთან შეხვედრისას იმპერატორმა საუბარი გამართა სარწმუნოებრივ საკითხებზე და ასეთი რამ უთხრა: თუკი ქალკედონის კრების დადგენილებას შეიწყნარებ, ანტიოქიის პატრიარქად დაგადგენო. ათანასე, იმპერატორს ერთი შეხედვით კი დათანხმდა, რომ შეიწყნარებდა ქალკედონური კრების დადგენილებას ქრისტეს ორი ბუნების შესახებ, მაგრამ სინამდვილეში მას ფარული ორგულება ამოძრავებდა.

ათანასემ, როგორც კი დადგენილება აღიარა, ჰერაკლეს მიუბრუნდა და ჰკითხა: აი, ხომ ვაღიარე ქრისტეს ორი ბუნება, ნებაზე და ქმედებაზე რას იტყვი, ორი ითქმის თუ ერთი? მეფეს ამ საკითხზე არაფერი სმენოდა. ამიტომ, ჯერ დაფიქრდა და ვერაფერი რომ ვერ გაიხსენა, ათანასეს სთხოვა, დრო მიეცა, მანამდე კი ეპისკოპოსებს მიმართავდა ამ კითხვით და პასუხსაც შეიტყობდა.

ამავე პერიოდში, კონსტატინოპოლის პატრიარქი იყო სერგი, ტომით ასურელი იაკობიტი. სერგი კონსტანტინოპოლში აღიზარდა, ბერძნული განათლება მიიღო, საეკლესიო იერარქიაში მალე დაწინაურდა, დიდ წარმატებებსაც მიაღწია, მაგრამ ამის მიუხედავად ბოლომდე ბუნებით მწვალებელი დარჩა და ქრისტეს ერთი ბუნებისა და ერთი ქმედების შესახებ ცრუ სწავლების მხურვალე დამცველად იქცა. ათანასემ ყოველივე კარგად უწყოდა და წინასწარგანზრახვით მოქმედებდა. ამიტომ ჰერაკლეს წინადადებას მაშინვე დათანხმდა, რადგანაც ხვდებოდა, რომ ქრისტეს ერთი ნებისა და ერთი ქმედების აღიარების შემდეგ, ქრისტეს ერთ ბუნებას აღიარებდა.

იმპერატორმა ჰერაკლემ ამ საკითხთან დაკავშირებით მართლაც მისწერა წერილი პატრიარქ სერგის, მანაც არ დააყოვნა და შემდეგი აუწყა: ქრისტესთვის ერთი ნება და ერთი ქმედება ითქმისო. მეფემ ეს პასუხი რომ მიიღო, იმავე კითხვით მიმართა ალექსანდრიის პატრიარქ კვიროსს (იგი მანამდე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შემავალი კოლხეთის ეპარქიის მღვდელმთავარი იყო), რომელმაც არ დააყოვნა და ანალოგიური პასუხი დაწერა, ჰერაკლე მეფემ სერგის და კვიროსის პასუხი შეიწყნარა, რის გამოც უმეცრებაში ჩავარდა. მოგვიანებით იმპერატორმა თხოვნით მიმართა რომის პაპ იოანეს თავისი მრწამსი ეცნობებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. პაპმა იოანემ დაგმო სამი პატრიარქის სწავლება ამ საკითხის შესახებ და ჰერაკლეს აუწყა, რომ ქრისტეს ორი ბუნების აღიარებით, ვამოწმებთ ქრისტეს ორ ნებას და ორ ქმედებას, რადგან ბუნება ნების და ქმედების გარეშე არ არსებობსო.

ხოლო, იერუსალიმის პატრიარქმა სოფრონიუსმა ეს რომ შეიტყო, ძლიერ შეწუხდა, მოიწვია ადგილობრივი კრება და ქრისტეს ერთი ნების მაღიარებელნი შეაჩვენა. შემდეგ კი ეპისტოლენი ცალ-ცალკე მიწერა კონსტანტინოპოლის პატრიარქ სერგის, რომის პაპ იოანეს და იმპერატორ ჰერაკლეს. იმპერატორი ვეღარ გაერკვა, რომელი პასუხი ერწმუნა, რომიდან და იერუსალიმიდან მოწერილი, თუ კონსტანტინოპოლიდან და ალექსანდრიიდან უწყებული.

ამ გაუგებრობაში მყოფი შემდეგ გადაწყვეტილებამდე მივიდა: დიდი სიკეთე იქნებოდა, თუ დაწერდა განჩინებას, რითაც ყველას მოუწოდებდა, შეეწყვიტათ ყოველგვარი კამათი ამ საკითხზე. შემდეგ კი, ვეღარავინ გაბედავდა აღიარებას ქრისტეს ვერც ერთი ნების, ქმედებისა და ბუნების, და ვერც ორის. პატრიარქმა სერგიმ კი მეფე ჰერაკლეს შთააგონა, "განჩინება" მონოთელიტური ერესის სასარგებლოდ დაეწერა. მონოთელიტური სწავლებით განმსჭვალულ წერილს, მეფემ უწოდა "ექთესისი". მას ბრძანების თუ ედიქტის ფორმა ჰქონდა და ყველასათვის სავალდებულო იყო. მართალია, "ექთესისი" მიხედვით კამათი იკრძალებოდა, როგორც ქრისტეს ერთი ნების, ასევე მისი ორი ნების შესახებ.

მეფემ ბრძანა "განჩინება" უკლებლივ ყველას ეღიარებინა, რასაც ეკლესიაში განხეთქილება მოჰყვა.

ამ ამბიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, 639 წელს გარდაიცვალა კონსტანტინოპოლის პატრიარქი სერგი. მისი ადგილი ამავე ერესში მყოფმა პიროსმა დაიკავა, რომელმაც ადგილობრივ კრებაზე შეიწყნარა სერგის მიერ ნაკარნახევი "ექთესისი" და მისი დაცვა განაგრძო. მალევე გარდაიცვალა ალექსანდრიის პატრიარქი კვიროზი. შემდეგ კი თავად მეფე ჰერაკლე. ერთი მხრივ, როდესაც მეფე ჰერაკლემ ნახა, რომ მრავალი დიდებული და მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირი, ღვთივსათნო მამანი, არათუ უარყოფდნენ მის მიერ დაწერილ "ექთესისს", არამედ ანათემასაც კი გადასცეს, ძლიერ შეწუხდა და შერცხვენილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბრძანება შეადგინა პატრიარქმა სერგიმ, რომელმაც მეფე დაარწმუნა და ხელი მოაწერინა, ამიტომ არ შეიძლება თქვათ, რომ "ექთესისი" მე მეკუთვნისო, - დასძინა ბოლოს.

მეფე ჰერაკლეს გარდაცვალების შემდგომ გამეფდა მისი ძე კონსტანტინე. კონსტანტინემ მხოლოდ 4 თვე იმეფა - დედინაცვალმა მარტინამ და პატრიარქმა პიროსმა საიდუმლოდ მოწამლეს. კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, მარტინამ თავისი ძე ჰერაკლე გაამეფა. მაგრამ ხალხი მალევე აუმხედრდა პატრიარქ პიროსს და დაადანაშაულა მეფის მკვლელობაში. იმავე წელს, სახალხო მღელვარებით შეშინებულმა პატრიარქმა პიროსმა, დატოვა ტახტი და თავი ჩრდილოეთ აფრიკას შეაფარა. 650 წლამდე იგი ჯერ ჩრდილოეთ აფრიკაში იმყოფებოდა, შემდეგ კი რომში. მეფე ჰერაკლეს იმავე ხანებში წარჩინებულნი დაუპირისპირდნენ. ექვს თვეში შეიპყრეს, დედასთან ერთად ცხვირი მოჭრეს და გადაასახლეს.

მეფედ აკურთხეს იმპერატორ ჰერაკლეს შვილიშვილი და კონსტანტინე III-ის ძე კონსტანცი (იგი მეფობდა 641- 668 წწ.) პატრიარქ პიროსის შემდეგ კონსტანტინოპოლის პატრიარქად აკურთხეს პავლე III (641-654 წწ.), რომელიც, ასევე მონოთელიტობის მიმდევარი იყო. ამავე ერესის მოძღვრების მხურვალე მიმდევრად და გამავრცელებლად იქცა კონსტანციც.

ბერად შედგომა

641 წელს, იმპერატორ ჰერაკლეს სიკვდილის შემდეგ, წმინდა მაქსიმემ დატოვა მდივნის თანამდებობა და 57 წლისამ ქრისოპოლისის მონასტერს მიაშურა. აქ იგი ბერად აღიკვეცა და მალე წინამძღვრობაც მიიღო. მონასტერში მოღვაწეობის დროს, ნეტარი მამა ატარებდა ძაძას და მხოლოდ ხმელი პურით და ველური მხლით იკვებებოდა. მისი უპირველესი და უასყვარლესი საქმე იყო ლოცვა და შრომა, ხოლო თუ თვალს ოდნავ მაინც მიეკარებოდა რული, მაშინვე დგებოდა და ლოცვას და გალობას იწყებდა. ამ სავანის ძმობისათვის დაწერა წმინდა მაქსიმემ თავისი ღვთივსულიერი წიგნი "სიტყვა მოღვაწეობისათვის". აქვე აპირებდა იგი მთელი ცხოვრება დარჩენას, მაგრამ აშკარად დაინახა საშიშროება, არ ცხრებოდა შფოთი ბიზანტიაში, სულ უფრო მეტად იკიდებდა ფეხს მონოთელიტური მწვალებლობა. წმინდა მაქსიმე მეფის და პატრიარქის ცდომილებაში საბოლოოდ რომ დარწმუნდა, დატოვა საბერძნეთი და რომში გაემგზავრა, რადგან შეიტყო, რომ იქ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ქა-დაგებდნენ. რომში მყუდრო ადგილას იპოვა გამოქვაბული და იქ დაეყუდა. იგი ნათლისმცემლის მსგავსად იკვებებოდა უდაბნოს გამხმარი ბალახითა და ველური თაფლით.

პაპი იოანე და წმინდა მაქსიმე

ერთ ღამეს ნეტარ მაქსიმეს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "მაქსიმე, ღვთის მონავ, რისთვის გარჯილხარ ამ უდაბნოში, მხოლოდ მოწაფეების და შენი სულის გადასარჩენად რომ ზრუნავ? სოფელი კი, ამ დროს, ბოროტის მანქანებით მღელვარებს. უფლის ბრძანებით აღდექ, და შედი ქალაქ რომში: მიმართე პაპ იოანეს და იღვაწე მართალი სარწმუნოებისათვის, რათა მართლაღმსარებლის გვირგვინი მიიღო ქრისტესგან" ნეტარმა მაქსიმემ ნანახის შესახებ თავის სულიერ შვილებს ანასტასის და ანასტასის აუწყა. სამი დღის მანძილზე ერთად ილოცეს, შემდეგ მწუხარებით გამოემშვიდობნენ ადგილს, რომელიც მყუდროების გამო ძლიერ უყვარდათ და დაადგნენ რომისკენ მიმავალ გზას.

პაპ იოანეს მრავალი რამ სმენოდა ნეტარი მაქსიმეს საღმრთო მოქალაქეობის შესახებ და მრავალგზის წაეკითხა მისი სიბრძნით სავსე ეპისტოლეები. ამიტომ, როგორც კი შეიტყო წმინდა მამის მისვლის ამბავი, მაშინვე დიდი სიხარულით შეეგება. სასიხარულო მოკითხვის შემდეგ, ლოცვა აღავლინეს, დასხდნენ და დიდი ინტერესით მოუსმინეს ნეტარი მამის საღმრთო მადლით განმსჭვალულ ქადაგებებს. პაპმა იოანემ სტუმრებს თავის მახლობლად გამოუყო მყუდრო სავანე. შემდეგ კი, ნეტარი მაქსიმეს რჩევით, რომში ადგილობრივი საეკლესიო კრება გამართა. დიდ კრებაზე რომის ეპისკოპოსებმა და სხვა სასულიერო პირებმა შეაჩვენეს ქრისტეს ერთი ბუნების, ერთი ნებისა და ქმედების მქადაგებელთა მწვალებლობა. რამდენიმე ხანში გარდაიცვალა რომის პაპი იოანე და მისი ადგილი თეოდორემ დაიკავა.

წმინდა მაქსიმე კართაგენში, პაექრობა პატრიარქ პიროსთან

წმინდა მაქსიმე აფრიკაში გაემგზავრა საქადაგებლად, რადგან რომის მსგავსად, ქრისტიანები იქაც განემტკიცებინა რწმენაში. აქ იგი შეხვდა კონსტანტინოპოლის პატრიარქ პიროსს, რომელიც არ წყვეტდა ცრუ მოძღვრების ქადაგებას და მრავალი ქრისტიანის სულის მონადირების ცდაში იყო. წმინდა მაქსიმე აფრიკაში რომ არ წასულიყო, უფრო დაზარალდებოდნენ ქრისტიანები. ისინი არაერთხელ გამხდარან სარწმუნოებრივ საკითხებზე ნეტარ მაქსიმესა და პიროსს შორის გამართული მნიშვნელოვანი კამათის მოწმე. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აფრიკის ეპისკოპოსებმა გადაწყვიტეს საგანგებო შეხვედრა გაემართათ და თავად მოესმინათ ორივე მამის პაექრობა.

შეხვედრა 645 წლის ივლისში კართაგენში შედგა. ინიციატორი ამავე მხარის მმართველი გრიგოლი იყო. მას აფრიკის მრავალი ეპისკოპოსი, სასულიერო და წარჩინებული პირი ესწრებოდა. პაექრობის დროს, ნეტარმა მაქსიმემ წმინდა წერილზე და წმინდა მამათა სწავლებაზე დაყრდნობით, პიროსის ყველა არგუმენტი გააქარწყლა და ცხადყო, რომ ქრისტეში არის ორი ბუნება, ორი ნება და ქმედება, განუყოფელი და ერთპიროვნული. დამარცხებულმა პიროსმა უარყო ცრუ სწავლება და მართლმადიდებლური სწავლება აღიარა, რასაც ეკლესიის მამები დიდი სიხარულით შეხვდნენ და მისი პატრიარქობის ტიტული დიდი პატივით აღიარეს. ნეტარმა მაქსიმემ პიროსი რომის პაპ თეოდორესთან მიავლინა, რომელიც მას დიდი პატივით შეხვდა. აქ, პიროსმა კიდევ ერთხელ დაგმო ცრუ სწავლება და ჭეშმარიტი მოძღვრება აღიარა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ წერილობითაც.

ამის შესახებ, კონსტანტინოპოლში ხმა გავრცელდა და ყველამ შეიტყო, რომ პიროსმა მართლმადიდებლური სწავლება აღიარა. ერეტიკოსები საშინელი სიძულვილით აღივსნენ. შეთხზეს არაერთი ჭორი და ხალხში ხმა გაავრცელეს, თითქოს აფრიკის ეპისკოპოსებმა და რომის პაპმა, პიროსი მისი ნების წინააღმდეგ აიძულეს, მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი გამხდარიყო. ამ ჭორმა მეფის კარამდე მიაღწია. მეფემ, რომში სასწრაფოდ მიავლინა თავისი ქვეშევრდომი ოლიმპოსი, რათა პიროსი კვლავ მონოთელიტურ სწავლებაზე დაებრუნებინა. ოლიმპოსმა იტალიაში ქალაქ რავენაში გაჩერება გადაწყვიტა.

ადრიატიკის ზღვასთან მდებარე უძველესი ქალაქი რავენა თავის დროზე თესალონიკელმა ბერძნებმა ააშენეს და მას შემდეგ არაერთი რომის იმპერატორის მთავარ საბრძანებელს წარმოადგენდა.

ამიტომაა, რომ ამ მხარეს ისტორიულად რომანია ეწოდება.

მეფის ქვეშევრდომმა პიროსი რომიდან გამოიწვია და მის გადაბირებას შეეცადა. პიროსი კი ძაღლის მსგავსად, თავადვე მიუბრუნდა თავისივე ნარწყევს. დადებული აღთქმა დაივიწყა, აღარც ხელწერილი გაახსენდა და ისევ მწვალებელთა თანაზიარი გახდა.

პაპმა თეოდორემ ეს რომ შეიტყო, მაშინვე შეკრიბა ეკლესიის წევრნი და მოციქულთა თავის პეტრეს სამარხთან წავიდა. მოითხოვა წმინდა ბარძიმი და მაცხოვრის პატიოსანი სისხლით თავისივე ხელით ეკლესიიდან პიროსის და მის თანამოაზრეთა განკვეთის აქტი დაწერა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე»

პაპი მარტინე

648 წელს მეფე კონსტანციმ კონსტანტინოპოლის ერეტიკოსი პატრიარქის პავლეს შთაგონებით, თავის პაპის ჰერაკლეს მსგავსად დაწერა მონოთელიტური სწავლებით სავსე "ტიპოსი". ამ ედიქტის მიხედვით, განსაკუთრებულ საკითხზე - ქრისტეს ერთი ნების შესახებ ყოველგვარი კამათი უნდა შეწყვეტილიყო და მხოლოდ იმას დაყრდნობოდნენ, რაც V მსოფლიო კრებამ აღიარა. ედიქტმა რომში იმ დროს ჩააღწია, როცა პაპი თეოდორე სასიკვდილო სარეცელზე იწვა. მისი გარდაცვალების შემდეგ რომის პაპი გახდა მართლმადიდებლური სარწმუნოების მხურვალე მქადაგებელი ღმერთშემოსილი მარტინე, რომელიც დიდი ხნის მანძილზე კონსტანტინოპოლში მოღვაწეობდა. მეფე ითხოვდა, პაპს უპირობოდ ეღიარებინა ედიქტი. პაპი არ დათანხმდა და უპასუხა:

- სიკვდილის ფასადაც რომ დამიჯდეს და მთელმა მსოფლიომ უარმყოს, არ ვუღალატებ სახარებისეულ და მოციქულთა სწავლებას.

წმინდა მაქსიმემ ეს ყოველივე რომ შეიტყო, დატოვა აფრიკა და ჩავიდა რომში პაპი მარტინეს მოსანახულებლად. 649 წლის ბოლოს პაპმა, ნეტარი მაქსიმეს რჩევით, რომში მოიწვია ე.წ ლათინთა კრება, რომელშიც 105 ეპისკოპოსი მონაწილეობდა. კრებაზე აღიარებული იქნა სწავლება ქრისტეს ორი ნების და ორი ქმედების შესახებ, ხოლო ერეტიკული სწავლების მომხრენი: თეოდორე ფარანელი, სერგი კონსტანტინოპოლელი, პატრიარქები: პიროსი და პავლე, კვიროს ალექსანდრიელი, ასევე იმპერატორების ჰერაკლეს "ექთესისი" და კონსტანცის "ტიპოსი" ანათემას გადაეცა. კრების საქმენი მეფე კონსტანცის გაუგზავნეს. ასევე, დაწერეს საყოველთაო მიმართვა მორწმუნეებისადმი, სადაც განმარტავდნენ ერეტიკული ცდომილების მიზეზებს და აფრთხილებდნენ ყოველმხრივ მორიდებოდნენ ცრუ მოძღვრებას.

მეფე კონსტაციმ ეს რომ შეიტყო, განრისხდა და თავის ნაცვალს, თეოდორე კალიოპის უბრძანა, პაპი მარტინე შეეპყრო და ბრალად წაეყენებინა, თითქოს სარკინოზებთან ჰქონოდა კავშირი, ურჩევდა თუ როგორ შეჭრილიყვნენ ბერძნულ-რომაულ სამყაროში და ბრძოლები ეწარმოებინათ მეფის წინააღმდეგ. ასევე, თითქოს წმინდა მამების სწავლება სარწმუნოების შესახებ არასწორად გადმოსცა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელი შეურაცხყო. მეფის ნაცვალმა თეოდორე კალიოპიმ პაპ მარტინეს რომში ეს ბრალდებები წაუყენა. ნეტარი მარტინეს მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება ყალბი იყო და ამიტომ პაპმა სცადა მათი გაქარწყლება.

- სარკინოზებთან არავითარი კავშირი არ მქონია, იმ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, როცა სარკინოზთა შორის უდიდეს გაჭივრებაში და სიღარიბეში მყოფ მართლამდიდებელ ძმებს მოვიკითხავდი. ხოლო ის, ვინც თაყვანს არ სცემს და არ აღიარებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაე, წყეული იყოს უკუნითი უკუნისამდე.

მეფის ნაცვალმა პაპის სიტყვები, თითქოს ვერც გაიგოო, დამნაშავედ ცნო იგი და დაამატა, თითქოს არაკანონიერი იყო მისი კურთხევა.

ღამით, სამხედრო პირებმა, ფარულად შეიპყრეს პაპი მარტინე. მანამდე კი, რამდენიმე დღით ადრე შეიპყრეს წმინდა მაქსიმე და მისი ორი მოწაფე. ეს მოხდა მეფის ბრძანებით, რომელიც უკმაყოფილო იყო კრების გადაწყვეტილებით, სადაც განიხილეს და დაგმეს მონოთელიტური ერესის სწავლების საკითხები. პაპი მარტინე, ნეტარი მაქსიმე და ორი მოწაფე გემით ერთად წაიყვანეს კონსტანტინოპოლში, სადაც მეფის წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ.

ერთი წლის მგზავრობის შემდეგ, 654 წლის სექტემბერში ისინი კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს. როგორი იყო მათი ხვედრი ამ ერთი წლის მანძილზე უცნობია.

კონსტანტინოპოლში პაპი მარტინე გაასამართლეს სამშობლოს ღალატისა და მეფის შეურაცხყოფის ბრალდებით და გადაასახლეს ქერსონესში (ახლანდელი ყირიმი), სადაც 655 წლის 16 სექტემბერს შიმშილით აღესრულა.

წმინდა მაქსიმე კონსტანტინოპოლის საპყრობილეში

როდესაც გემი, რომელშიც წმინდა მაქსიმე და მისი მოწაფეები ისხდნენ, კონსტანტინოპოლის ნაპირებს მიუახლოვდა, მათთან გამოცხადდა მეფისაგან წარგზავნილი ორი სამხედრო პირი. მათ საშინლად სძულდათ წმინდა მაქსიმე, ამიტომ, არ მოერიდნენ წმინდა მამის მხცოვანებას, უსირცხვილოდ დაუწყეს ქუჩაში ცემა და ხელით თრევა. ასე მიიყვანეს ნეტარი მამა და მისი ორი მოწაფე საპყრობილემდე და ცალ-ცალკე გამოკეტეს ბნელ საკნებში.

რამდენიმე დღის შემდეგ, ნეტარი მაქსიმე დასაკითხად მეფის სასახლეში წაიყვანეს. დარბაზი სავსე იყო სამეფო ხელისუფლების წარმომადგენლებით და ცნობისმოყვარეებით. დაკითხვას მეფე არ ესწრებოდა.

დაკითხვის წარმართვა დაევალა ცილისწამების და სიყალბის შეთხზვის საუკეთესო ოსტატს, ადამიანს, რომელსაც შეეძლო საკუთარი ინტერესების გამო, უდანაშაულო პირისათვის ნებისმიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა და ამისათვის სირცხვილი ოდნავადაც არ შეაწუხებდა. უსამართლო ბრალმდებელმა მაქსიმეს ცილი დასწამა, თითქოს, ბერმა რამდენიმე ქალაქი სარკინოზებს გადასცა და ქვეყნის საზღვრებს მოსწყვიტა მთელი ეგვიპტე ალექსანდრიით და ტრიპოლით.

ამაზე წმინდა მაქსიმემ უპასუხა, რომ წაყენებული ბრალდება სიყალბეა და სასაცილო. შემდეგ კი დასძინა:

- ბერს რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ქალაქის დამპყრობლებთან და როგორც ქრისტიანს რა უფლება მქონდა, სარკინოზებთან მეგობრული კავშირი დამემყარებინა? პირიქით, მე მხოლოდ სიკეთე მსურს ქრისტიანული ქალაქებისთვის.

ამის შემდეგ უსირცხვილო ბრალმდებელმა მაქსიმეს აღმოსავლეთის მეფის პატივის დაკნინება და ბარბაროზთა მეფეების მასზე აღმატებულად მიჩნევა დააბრალა. ცილისმწამებელმა წინასწარ მომზადებული ცრუ ჩვენებებიც დაიმოწმა. მიუხედავად ბევრი ცილისწამებისა და ცრუ მოწმისა, წმინდა მაქსიმე უფლის წყალობით ახერხებდა თავის დაცვას.

ბრალმდებლებმა აღარ იცოდნენ, რა გზას დასდგომოდნენ, ვინაიდან მთელ იმედებს ცრუ მოწმეებზე ამყარებდნენ. ბოლოს, გადაწყვიტეს, ნეტარი მამის მოწაფე ანასტასი შემოეყვანათ და მკაცრი მუქარით იძულებული გაეხადათ, თავისი მასწავლებლის წინააღმდეგ გამოთქმული ცრუ ბრალდებები დაედასტურებინა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, ანასტასიმ გაბედულად უარყო ყველა ცრუ ბრალდება. დარბაზში მყოფთ, ანასტასის ასეთი პირდაპირობა არ მოეწონათ და მუშტები დაუშინეს, ისღა დარჩენოდათ, ამ სახით გაემარჯვათ ჭეშმარიტებაზე. შემდეგ კი სასტიკად ნაგვემი ანასტასი თავის ბნელ საკანს დაუბრუნეს.

იმის გამო, რომ შეთხზული ბრალდებებით მიზანს ვერ მიაღწიეს, შეეცადნენ, სხვა ბრალდებები მოეფიქრებინათ. შემდგომი ცილისწამების მიხედვით, წმინდა მაქსიმე ორიგენეს სწავლების მიმდევრობაში იმხილებოდა.

ორიგენე იყო III ს-ის ცნობილი ქრისტიანი მოღვაწე. თავისი მრავალი სწავლებიდან, რომლებიც ყოველთვის წმინდა მამათა დიდ ინტერესს იწვევდა, ზოგიერთი სწავლება ერეტიკული ხასიათისაა. ამიტომ ეს მოძღვრებები გასამართლებული იქნა და არამართლმადიდებლურად გამოცხადდა. მაქსიმემ აუღელვებლად უარყო მათი ცილისწამება ორიგენეს ერეტიკული სწავლებების გაზიარებასთან დაკავშირებით, როგორც სრულიად უსაფუძვლო. თავად ორიგენეს შესახებ კი მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ იგი განკვეთილია ქრისტიანული ეკლესიიდან და მისი მიმდევრები ღვთის სასჯელს იმსახურებენ.

მოგვიანებით, წმინდა მამას აიძულებდნენ ეღიარებინა სამეფო "ტიპოსი" და დიდი ნდობა გამოეცხადებინათ მისთვის, როგორც სრულყოფილ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან რელიგიურ-დოგმატური სწავლებისათვის. ყველაფრის მიუხედავად, ვერაფრით შეძლეს წმინდა მაქსიმეს გადარწმუნება და საბოლოოდ მიხვდნენ, რომ შეუძლებელი იყო მისი დამარცხება. სანაცვლოდ კი თავგზააბნეულები, თავის მიერ დაგებულ მახეში თავადვე გაებნენ. კრება დახურეს და სასწრაფოდ მეფისკენ გასწიეს, რათა დაწვრილებით მოეთხროთ თუ როგორი მოუდრეკლობით აქარწყლებდა ნეტარი მაქსიმე ყველა ცრუ ბრალდებას.

- მაქსიმე შეურყეველია, - ეუბნებოდნენ მეფეს, - და არავის შესწევს მისი გადმობირების უნარი, თავად წამებითაც კი ვერ მივაღწევთ მიზანს!

ბრალმდებლები იმედს ბოლომდე მაინც არ კარგავდნენ და ფიქრობდნენ, რომ წმინდა მაქსიმესთან ხშირი შეხვედრებითა და დაშინებით, ადრე თუ გვიან მიზანს მიაღწევდნენ.

წმინდა მაქსიმეს გადასახლებების დასაწყისი

მეფემ პატრიარქის რჩევით, ნეტარი მაქსიმე ჯერ გაასამართლა, შემდეგ კი, თრაკიის პატარა ქალაქ ვიზიაში გადაასახლა. ეს იყო ძალიან პატარა ქალაქი, თრაკიის აღმოსავლეთით, შავ ზღვასთან, რომლის მოსახლეობაც ძირითადად მეკობრეობას მისდევდა.

მაქსიმეს მოწაფე ანასტასი საბერძნეთის საკმაოდ მკაცრ მხარეში, პერვერიაში გადაასახლეს. მაკედონიასთან, ოლიმპოს მთის მახლობლად. რაც შეეხება მეორე მოწაფე ანასტასის, რომელიც თავის დროზე რომის ეკლესიის წარმომადგენელი იყო სამეფო კარზე და მოგვიანებით ნეტარი მაქსიმეს ცხოვრება აღწერა - თრაკიაში გადაასახლეს, კერძოდ, ქალაქ მესამბრიაში. თრაკიას ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა კარპატები, სამხრეთიდან - მაკედონია, ეგეოსის ზღვა და მარმარილოს ზღვა. აღმოსავლეთით შავი ზღვა. ამგვარად, ამ უძველეს და სახელგანთქმულ მხარეს თრაკიას, მიეკუთვნებოდა - უნგრეთის აღმოსავლეთი ნაწილი, ტრანსილვანია, მოლდავეთი, ვლახეთი, ბულგარეთი და სერბია.

წმინდა მამების გადასახლებიდან მცირე ხანში, გარდაიცვალა კონსტანტინოპოლის პატრიარქი პავლე (655 წ), მის შემდგომ აკურთხეს ჩვენ მიერ ხსენებული პიროსი, რომელიც ოთხ თვეში გარდაიცვალა. შემდეგ, პატრიარქად დაადგინეს პეტრე (655-666 წწ.) რომელიც მონოთელიტობის მხურვალე მქადაგებელი იყო.

მაქსიმემ დევნულება ჭეშმარიტი ქრისტიანული სიმშვიდითა და სიმტკიცით დაითმინა. "ვმადლობ ღმერთს, რამეთუ ვიტანჯები გამოგონილ დანაშაულთა გამო. დაე, ამით წარმეხოცოს ნებსითნი ცოდვანი ჩემნი," - ამბობდა იგი.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე»

წმინდა მაქსიმეს სტუმრები მესამბრიაში

656 წლის ზაფხულში მაქსიმეს ეწვივნენ იმპერატორის გზავნილები: თეოდოსი - ბითვინიის კესარიის ეპისკოპოსი თეოდოსი და ორი რწმუნებული. მათ სცადეს მისი გადაბირება, რაც დიდად ხელსაყრელი იქნებოდა მონოთელიტური სწავლების გასავრცელებლად. მიმართეს შეგონებებს, დაყვავებასა თუ მუქარას, მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა - მაქსიმე ვერ გატეხეს. აი, როგორი საუბრები წარიმართა მათ შორის:

- როგორ ხარ, მამაო? - ჰკითხა წმინდა მაქსიმეს ეპისკოპოსმა თეოდოსიმ.

- როგორც განაწესა უფალმა, თავისი წინასწარმცნობელი განგებით, - უპასუხა წმინდა მაქსიმემ. - ეს როგორ გავიგოთ, განა ღმერთმა წინასწარ უწყის ყოველივე? - იკითხა თეოდოსიმ. - წმინდა პავლე მოციქული ამბობს, - თქვა წმინდა მაქსიმემ, - "რომელი იგი წინასწარ იცნა, წინაისწარაცა განაჩინა" (რომ. 8,29) უფალმა განჭვრიტა ჩვენი აზრები, სიტყვა და საქმე, წინასწარ განსაზღვრა ის, რაც აუცილებლად შეგვემთხვევა, მაგრამ არსებობს ისეთი საკითხები, რაც ჩვენ ნებაზეა დამოკიდებული.

- რა არის ჩვენი ხელმწიფების ქვეშ და რა - არა? - იკითხა ეპისკოპოსმა თეოდოსიმ, - მის შესახებ ყოველივე უწყი ჩემო ბატონო და ახლა, ჩემს გამოსაცდელად კითხულობ, მაგრამ გიპასუხებ: ჩვენი ხელმწიფების ქვეშაა ყოველი ჩვენი კეთილი და ბოროტი საქმე. ის, რაც ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო ყოველი ჭირი და განსაცდელი, ყოველგვარი წინააღმდეგობა და სასჯელი, რაც კი შეგვემთხვევა, ჩვენი ხელმწიფების გარეშე ხდება. არც ჩვენზე მოწეულ სნეულებაზე, არც ჯანმრთელ მდგომარეობაზე გვაქვს ძალაუფლება, თუმცაღა, მიზეზი სნეულებისა და ჯანმრთელობისა, ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენადაც საზრდელის მიღებისადმი უწესობა და უკრძალველობა, ჩვენი სნეულების მიზეზია, ხოლო კრძალვით და წესიერად ხმევა - სიმართლის საფუძველი. ასე რომ, ჩვენზე მოწეული სენი, ჩვენი ნების გარეშე გვეწვევა, არც სიმართლეა ჩვენზე დამოკიდებული და არც სხვა ამქვეყნიური საქმენი: სიმდიდრე და სიგლახაკე, დიდება და შეურაცხყოფა. ასევე, სხვა მრავალი საქმენი. როგორც ვთქვი, სიმართლე და სნეულება ჩვენს ნებასა და ხელმწიფებაზე არ არის დამოკიდებული. თუმცაღა მათი მიზეზნი ჩვენ ვართ. ასევე, ცათა სასუფეველში დამკვიდრების საფუძველი არის ქრისტეს მცნებების დამარხვა, ხოლო მათი დარღვევა ხდება მიზეზი ჩვენი ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვედრისა.

ეპისკოპოსმა თეოდოსიმ ეს რომ მოისმინა, ჰკითხა:

- გადასახლების შენი ტანჯვის მიზეზიც ის ხომ არაა, რომ რაიმე დანაშაული მიგიძღვის უფლის წინაშე?

- შევთხოვ უფალს - უპასუხა წმინდა მამამ, - რომ ამ გადასახლების ყოფნის დროს გადატანილი ტანჯვით შემინდოს, ჩემ მიერ ჩადენილი ყოველი ცოდვა.

- განა ჭირი და მწუხარება, ადამიანის მხნეობის და სათნოების გამოსაცდელად არ არის დაშვებული? - იკითხა თეოდოსიმ.

- ჭირი და მწუხარება გამოსაცდელად ეძლევათ, მხოლოდ წმინდა და მართალ ადამიანებს, რათა ამ განსაცდელით გამოჩნდეს მათი კეთილი და ამაღლებული აზროვნება და ადამიანებმა ცნონ მათში დაფარული სათნოება. ისევე, როგორც ეს მოხდა ნეტარი იობის და იოსების შემთხვევაში. განსაცდელში წარმოჩინდება, ერთი მხრივ, ამ ადამიანთა სიმხნე და მოთმინება, და მეორე მხრივ, სიწმინდე და ღვთისმოშიშება. ასევე, ყოველ წმინდა ადამიანს, ვისაც კი ამსოფლად, რაიმე ჭირი და ურვა შეემთხვევა, იმის გამო ხდება, რომ ასეთი განსაცდელით და ხორციელი უძლურებით დათრგუნოს ამპარტავნობა და სძლიოს ეშმაკს. ცოდვილ ადამიანებზე კი ვიტყვი, რომ განსაცდელი მათზე მოიწევა ცოდვათა შესანდობად, რათა მადლობით შეხვდნენ ყოველივეს. ხოლო, განწირულთა და ღვთისმოწინააღმდეგეთა შესახებ ვიტყვი, რომ განსაცდელი მათ იმიტომ შეემთხვევათ, რომ სხვებმა იხილონ მათი უძლურება და ეკრძალებოდნენ მათ. საერთოდ კი მრავალგვარი განსაცდელია ამქვეყნად.

- ჭეშმარიტად კეთილად თქვი, - უთხრა თეოდოსიმ, დიდი სურვილი მაქვს, ხშირად გესაუბრო ასეთ საკითხებზე, მაგრამ ვინაიდან მე და პატივცემული მთავრები სულ სხვა საქმისთვის მოვედით ასეთ შორ გზაზე, გთხოვთ ჩვენი სიტყვა შეიწყნარო და სიხარული მოუვლინო მთელ ქვეყანას.

- რას გულისხმობთ, ბატონო ჩემო? - იკითხა წმინდა მაქსიმემ, - ვინ ვარ მე ასეთი, რომ თუ თქვენი სიტყვები შევიწყნარე, ჩემი გადაწყვეტილება მთელ მსოფლიოს გაახარებს?

- უფალმა უწყის ის ჭეშმარიტება, რაც ჩვენი დიდებული პატრიარქის და ღვთისმსახურის მეფისაგან გავიგონეთ მე და დიდებულმა მთავრებმა.

- მითხარით, ბატონო ჩემო, - უთხრა ნეტარმა მაქსიმემ, - ასეთი რა გაიგონეთ და რისი თქმა გსურთ ჩემთან?

მაშინ კი თეოდოსიმ მიუგო:

- იმპერატორსა და პატრიარქს უპირველესად ის აინტერესებთ, თუ რა მიზეზით არ ხართ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წევრი? ურწმუნონი არ ვართ, მამაო, მართალია ცოდვილი ვარ, მაგრამ ვარ ეპისკოპოსი. ჩემთან ერთად მოსულნი კი დიდებულნი და თავისი მეფის ერთგულნი არიან, ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ სიცრუით მოვედით შენ გამოსაცდელად.

- ცხადად ვუპასუხებ თქვენს კითხვებს, - მიუგო წმინდა მაქსიმემ, - სხვამაც მკითხა ამის შესახებ, მაგრამ თქვენ ყოველივე კარგად უწყით, რისთვისაც მიკვირს, რატომ მეკითხებით. უწყით, რამდენი უცხო და ახალი წესი შემოვიდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ეს ყოველივე დაიწყო ალექსანდრიის ეპისკოპოსმა კვიროზმა, რომლის ცხრა თავად ჩამოყალიბებული სწავლება შეიწყნარა თავად კონსტანტინოპოლის ეკლესიამ. ასევე, წმინდა მამათა მიერ დამტკიცებულ სწავლებაში, ცვლილებები შეიტანეს ბიზანტიის ეკლესიის ცნობილმა პირებმა: სერგიმ, პიროსმა და პავლემ. აი, ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც თანაზიარი არ ვხდები კონსტანტინოპოლის ეკლესიისა. დაე, განადგურდეს ამ ეკლესიაში დამკვიდრებული ყოველი ცრუ სწავლება. დაე, აღმოიფხვრას ამ პირთა მიერ დამტკიცებული ყოველი ეკალი და ღვარძლი, და თქვენც, ერეტიკული სწავლებისგან განწმენდილთ, სახარებისეული გზით გევლოთ. როცა ვიხილავთ კონსტანტინოპოლის ეკლესიას ისეთივეს, როგორიც ადრე იყო, ადამიანთა მხრიდან ყოველგვარი შეგონების გარეშე გავხდები მისი სულიერი შვილი. მაგრამ, ვიდრე მას ერეტიკოსი ეპისკოპოსები ეყოლება და მწვალებლობაში იქნება, ვერანაირი სიტყვები და ვერავითარი ძალა ვერ მაიძულებს გავხდე მისი თანაზიარი.

- რას ხედავთ ისეთს ჩვენს ეკლესიაში, რის გამოც არ გსურთ მასთან ერთობაში ყოფნა? - იკითხა თეოდოსიმ.

წმინდა მაქსიმემ უპასუხა:

- თქვენ ამბობთ, რომ ერთი ქმედება ჰქონდა მაცხოვრის ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებას, მაგრამ თუ ვენდობით წმინდა მამებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვისაც აქვს ერთი ქმედება, მას ბუნებაც ერთი აქვს, მაშინ თქვენ წმინდა სამებასაც კი არ აღიარებთ, არამედ ოთხებას, თითქოს განკაცება თანაარსია სიტყვისა და იგი არ არის ადამიანური ბუნების ტოლფარდი, იმ ბუნებისა, რომელიც გვაქვს ჩვენ და ჰქონდა ყოვლადწმინდა ქალწულ ღვთისმშობელს. ადამიანურ ბუნებასთან იგივეობისაგან დაცილებით თითქოსდა შეიქმნა ახალი არსება, რომელიც თანაარსია სიტყვისა იმავე ხარისხით, ასე რომ, უკვე სამება კი არ არის, არამედ ოთხებაა, იგივენაირად, როცა თქვენ უარყოფთ ქმედებებს და აცხადებთ, რომ ქრისტეს ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებას ერთი ნება აქვს, თქვენ აკნინებთ მის თავისუფალ თვითქმედებას სიკეთის ქმნისას. რადგან, თუ ერთ ან მეორე ბუნებას არ გააჩნია საკუთარი, პირადად მისთვის კუთვნილი ქმედება, მაშინ თუ მოისურვებს, რომ ვინმეს სიკეთე გაუკეთოს, ვერ შეძლებს ამას, რადგან მას წართმეული აქვს სიკეთის კეთების შესაძლებლობა. თუ არა აქვს ქმედების უნარი, თუ არა აქვს ბუნებისთვის დამახასიათებელი ქმედების შესაძლებლობა, ვერაფრით შეძლებს გააკეთოს, აწარმოოს.

მეორე მხრივ, თქვენ ცნობთ ქრისტეს განკაცებას, მაგრამ ორ ბუნებაში ერთ ნებას აღიარებთ, ამით აცხადებთ, რომ მისი ხორციელი ბუნება, თავისი ნებით იყოს შემოქმედი ყოველი დროისა და არსებისა, მამასთან, ძესთან და სულიწმიდასთან ერთად, მაშინ, როცა მისი ხორციელი ბუნება თვითონაა შექმნილი. ან, უკეთ რომ ვთქვათ, სხეულს თავისი ნებით არა აქვს საწყისი, რადგან ღვთის ნებას საწყისი არა აქვს, ისევე როგორც ღმერთს არა აქვს საწყისი, ხოლო ბუნებით სხეული შექმნილია დროში. ასეთი აღმსარებლობა არა მხოლოდ უაზრობაა, არამედ უღმერთობაცაა, რადგან თქვენ მხოლოდ ქრისტეს ერთ ნებაზე კი არ საუბრობთ, არამედ მას ღვთაებრივს უწოდებთ, ხოლო ღვთაებრივ ნებას არ შეიძლება ჰქონდეს არც დასაწყისი და არც დასასრული, როგორც არა აქვს დასაწყისი და დასასრული თვით ღმერთს. თქვენ ართმევთ, აგრეთვე უფალ იესო ქრისტეს ყველა გამოვლინებას და თვისებას, რომლითაც შეიმეცნება მისი ღვთაებრიობა და ადამიანურობა, როცა "ექთესისითა" და "ტიპოსით" მოითხოვთ, არ ვილაპარაკოთ არც ერთ და არც ორ ნებაზე, არც მის ქმედებებზე. ეს ნება არ არის ერთი, რადგან თქვენ თვითონ ყოფთ მას, როცა უქვემდებარებთ კაცობრივ ნებას ღვთაებრივს, მაგრამ ამავე დროს იგი ორიც არ არის, რადგან აერთიანებთ მას ერთ ნებაში.

როცა წმინდა მაქსიმე ამ და სხვა საკითხებზე საუბრობდა, თეოდოსიმ და იქ მყოფმა მთავრებმა შეიცნეს თავისი ცდომილების მიზეზი. ეპისკოპოსმა თეოდოსიმ დასძინა:

- აღიარე მეფის მიერ დაწერილი "ტიპოსი", არა როგორც სარწმუნოებრივი დოგმატი, არამედ, როგორც სადავო საკითხთა მოგვარების საშუალება. ეს არ არის კანონი, არამედ სარწმუნოებრივ საკითხთა განმარტების საშუალებაა.

- თუკი "ტიპოსი" არ არის კანონის მნიშვნელობით დაწერილი, მაგრამ, ამავე დროს აღიარებს უფლის ნებას და ქმედებას, მაშ, რისთვის მომისაჯეთ გადასახლება და წარმართთა შორის ცხოვრება? რატომ გააძევეთ ჩემი სულიერი ძმები ერთი - პერვერიაში, მეორე, - მესემბრიაში დამნაშავეების მსგავსად? - იკითხა ნეტარმა მაქსიმემ.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე»

შემდეგ, როცა გაიხსენეს რომში პაპი მარტინეს მოწვეული ადგილობრივი კრება მონოთელიტების გასასამართლებლად, ეპისკოპოსმა თეოდოსიმ თქვა:

- თუკი მხოლოდ მეფის მიერ მოწვეული კრებების განჩინებას ვაღიარებთ, ეს არამართმადიდებლური იქნება. გაიხსენეთ მეფეების მიერ მოწვეული კრებები, ჭეშმარიტი სწავლების წინააღმდეგ რომ ეწყობოდა, შემდეგ კი ღვთისმგმობი სწავლებების გავრცელებას უწყობდა ხელს, - თითქოს ძე ღვთისა ერთი არსი არ არის მამისა. ასეთი კრებები იყო: პირველი ტირის, მეორე, ანატოლიის, მესამე - სელევკიის, მეოთხე - კონსტანტინოპოლის ერდოქსი არიანელის დროს, მეხუთე - ნიკეის, მეექვსე - სირმიის, და მრავალი წლის შემდეგ, მეშვიდე - ეფოსის, დიოსკორეს ხელმძღვანელობით. ყველა ეს კრება იმართებოდა მეფეთა სურვილით, რაც შემდეგ დაიგმო და ანათემას გადაეცა. ვინაიდან მათზე აიგო მწვალებლური სწავლება. საინტერესოა რატომ არ გმობთ კრებას, რომელზედაც გასამართლებულ იქნა და ანათემას გადაეცა პავლე სამოსატელი? განა ამ კრებას არ ხელმძღვანელობდა თავად რომის პაპი დიონისე ალექსანდრიელი, გრიგოლ საკვირველმოქმედი და მეფის გარეშე გაიმართა, თუმცაღა კრების განჩინებანი მტკიცე და შეურყეველია. მართმადიდებლური ეკლესია ჭეშმარიტ და წმინდა კრებას უწოდებს ისეთ კრებებს, რომლებზეც აიგო ჭეშმარიტი და დოგმატური სწავლებანი. ამის შესახებ თავადაც მოგეხსენებათ და სხვასაც ასწავლით, რომ კანონის თანახმად ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში ჩვენი სარწმუნოების დასაცავად და გარკვეული ცრუ სწავლებების აღმოსაფხვრელად, ადგილობრივი კრებები, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გაიმართოს. ერთი მხრივ კი, საეკლესიო კრებები, მეფის ბრძანების შესახებ არაფერს გადმოგვცემს.

- უფალმა უწყის, - დასძინა თეოდოსიმ, - რომ როცა ეს "ტიპოსი" დაიწერა, მაშინ ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ შეცდომაა და მრავალ ადამიანს შეიყვანს ცდომილებაში. მისი დაწერის მიზეზი იყოს ის, რომ დაეცხრო მორწმუნეთა შორის არსებული დაპირისპირება და ეკლესიაში სიმშვიდე დაემკვიდრებინა.

- რომელმა მორწმუნემ მიანდო თავის თავს ასეთი რამის განგება, - მიუგო წმინდა მაქსიმემ, - რომ დაედუმებინა მოციქულთა, წინასწარმეტყველთა და მოძღვართა მიერ ხმამაღლა ნაქადაგარი? მღვდელმთავარო, გულისხმა ჰყავ, თუ რამხელა ბოროტებას ემსახურება ეს საქმე, რადგანაც "ღმერთმა განაწესა ეკლესიათა შინა პირველად მოციქულნი, მეორედ, წინასწარმეტყველნი, და მესამედ - მოძღვარნი" (1 კორ. 12,28), და სახარებაში თქვა ყოველი მორწმუნის განსამტკიცებლად: "რომელმან შეგიწყნაროს თქვენ, მე შემიწყნარებს და რომელმან თქვენ შეურაცხგვყვნეს მე შეურაცმხყოს" (მათ. 10,16), ამ სიტყვებით გვასწავლის, რომ რომელიც არ შეიწყნარებს მოციქულთა, წინასწარმეტყველთა და მოძღვართა, არამედ მათ სიტყვებს შეურაცხყოფს, თავად უფალი იესო ქრისტეს შეურაცხყოფს. და კვლავ გულისხმაყავთ, რადგან ღმერთმა აღადგინა რჩეულნი თვისნი: მოციქულნი, წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი, დამამტკიცებლად და მასწავლელად მორწმუნეთა, ხოლო ეშმაკმა აღადგინა ცრუ წინასწარმეტყველნი, ცრუ მოციქულნი და ცრუ მოძღვარნი, ღვთისმსახურების და ძველი და ახალი სჯულის წინააღმდეგობისათვის.

ასე რომ, რომელმაც ჭეშმარიტი მოციქულნი, წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი შეიწყნაროს, თავად ღმერთს შეიწყნარებს. ხოლო, რომელმაც ცრუ წინასწარმეტყველნი და ცრუ მოძღვარნი შეიწყნაროს, ეშმაკს შეიწყნარებს. და რომლებმაც დევნონ მართალი ადამიანები უსჯულოთა და არაწმინდათა მსგავსად, ჭეშმარიტებით გეტყვით, ამით თავად წმინდანებს დევნიან.

განა შესაძლებელია, რომ ეს ყოველივე ჩემი გულის ფიცარზე ეწეროს, მე კი მშვიდად შევიდე ისეთ ეკლესიაში, სადაც უფლის შეურაცხმყოფელი სიტყვები იქადაგება ან გავხდე ამის თანაზიარი? დაე, ნუ დაუშვებს ამას უფალი, რომელიც ჩვენთვის მსგავსად ჩვენდა იქმნა, გარდა ცოდვისა, რადგან კეთილ საქმეთა სრულყოფილებას კი არ ეძიებს უფალი, არმედ სათნოებათა ნაკლოვანებას წყალობით შეგვინდობს და თუ, კეთილ საქმეში მცირედით მაინც წარჩინებული ვიქნებით, როგორც ამას იტყვის: "სახლსა მამისასა მრავალ სავანე არიან" (ინ. 14,2) და მოციქულის სიტყვები: "როგორც ვარსკვლავი ვარსკვლავს ჰმატებს დიდებითა, ეგრეთ იყოს აღდგომაჲ კვდართაჲ" (1 კორ. 15, 41). ეს სიტყვები დიდ ღვაწლში მყოფ მორწმუნეებისათვის არის ნათქვამი და თუ ასეთი ღვაწლიდან, ოდნავ მაინც გადაიხარა, საკუთარ სულს წარწყმედს. ასე რომ, ახლა რაც გინდათ ის დამიშავეთ, მე მწვალებლობის შემწყნარებელი არ ვარ.

ხანგრძლივი და შეუპოვარი საუბრის შემდეგ, ნეტარ მაქსიმეს ბაგე ღვთაებრივი სიბრძნით და მჭევრმეტყველებით აღივსო. მოწინააღმდეგეები სულიწმიდის მოქმედებით ხმას ვერ იღებდნენ და დიდხანს თავჩაქინდრულნი ისხდნენ. შემდეგ, დუმილი თავადვე დაარღვიეს, ფეხზე წამოდგნენ და თაყვანისცეს წმინდა მამას. წმინდა მაქსიმემაც ასევე უპასუხა. საერთო ლოცვა რომ დაასრულეს, ისევ დასხდნენ და მოემზადნენ წმინდა მაქსიმეს სწავლების ყურადღებით მოსასმენად. თავდაპირველად დუმილი ეპისკოპოსმა თეოდოსიმ დაარღვია და წმინდა მამას ჰკითხა:

- ჩვენ ყველანი ამის თავდებნი ვიქნებით, რომ თუკი შენ გახდები კონსტანტინოპოლის ეკლესიის წევრი, მეფე ამ "ტიპოსს" აუცილებლად გააუქმებს.
- ის, რაც სერგიმ და პავლემ კრებაზე დაამტკიცეს, ერთი ნების და ერთი ქმედების შესახებ, ამასთან დაკავშირებით როგორ მოგვარდება? - იკითხა წმინდა მაქსიმემ.

- ეს უკვე ჩამოიხსნა კედლიდან, - უპასუხა თეოდოსიმ.

- ეკლესიის კედლიდან კი ჩამოიხსნა, - უპასუხა ნეტარმა მამამ, - მაგრამ, ყველას გულის კედელზე უწერია და ეკლესიაშიც იხსენიება. ამიტომ, ის, რაც რომის ეკლესიამ სჯულის მიხედვით დაამტკიცა, დაე აღასრულოს კონსტანტინოპოლის ეკლესიამ და მათ შორის აღმართული კედელი დაინგრევა და ყველა შეუორგულებლად გავხდებით მისი წევრი.

- ღმერთმა უწყის, რომ შენში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ. - უპასუხა თეოდოსიმ, - მაგრამ, თუ შესაძლებელია, დაგვპირდი, რომ ჩვენი ეკლესიის წევრი გახდები.

- თუკი მეფე და პატრიარქი ქრისტეს სიმდაბლეს მოიხვეჭენ, რომის პაპს ლმობიერ წერილს მისწერენ და მასთან გაერთიანდებიან, მაშინ ურთიერთშორის მართალი სარწმუნოება დამკვიდრდება და მეც შემოგიერთდებით, - იყო პასუხი.

- დაე, აღსრულდეს ასე, - მიუგო თეოდოსიმ, - აღმითქვი, რომ თუკი მე წარმავლენენ, შენც წამოხვალ.

- უკეთესია, ჩემი ძმა წავიყვანოთ, რომელიც მესამბრიაშია, რადგან მან რომაელთა ენა უკეთ იცის და ყველას ძალიან უყვარს, იქ ხომ მრავალი იმოღვაწა მართლმადიდებლობისთვის.

- მასთან მრავალჯერ მიკამათია. ამიტომ კარგი არ იქნება, თუ ერთად წავალთ, - მიუგო თეოდოსიმ.

- თუკი მეფე და პატრიარქი თანახმა იქნებიან ამ საქმის აღსასრულებლად და ჩემს გამოყოლას მოისურვებენ, არ დავზარდები, - უპასუხა ნეტარმა მაქსიმემ.

ამ სიტყვების შემდეგ სტუმრები სიხარულით წამოდგნენ, ლმობიერებით ილოცეს, მუხლმოდრეკით ემთხვივნენ წმინდა სახარებას და პატიოსან ჯვარს უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხატს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ეს იმისთვის მოხდა, რომ ეპისკოპოს თეოდოსის და მასთან ერთად მყოფ ორ მთავარს, ასეთი ქმედებით დაემტკიცებინა თავისი სიტყვები უფლის წინაშე. ამის შემდეგ კვლავ დასხდნენ და დიდხანს ისაუბრეს და აღივსნენ დიდი სიხარულით. ხოლო წასვლა რომ დააპირეს, თეოდოსი მთავარმა ასეთი სიტყვებით მიმართა წმინდა მაქსიმეს:

- ჩვენ ყველაფერს კეთილად განვიზრახავთ, მაგრამ მეეჭვება, რომ მეფემ რომის პაპს მისწეროს თხოვნის წერილი და იტვირთოს თავისი ბრალეულობის აღიარების სიმძიმე.

- თუკი ქრისტეს სიმდაბლეს შეიმოსავს და ინებეს, საკუთარი სულისა და ერის ცხონებას, რატომ არ უნდა აღსრულდეს ეს საღმრთო საქმე, თავად მაცხოვარმაც ხომ ინება კაცთა ცხონება, თავი დაიმდაბლა და ამით ჩვენი ცოდვებისგან გამოგვიხსნა. ადამიანი, რომელიც მაცხოვრის მსგავსად თავს არ დაიმდაბლებს და არ ძალუძს ნებით სულის ცხონება, სანაცვლოდ კი მხოლოდ ღვთისგან მოელის ამას, როგორ შეუძლია თავისი ანდა სხვების სულების ცხონება?

- შევთხოვ უფალს, - წარმოთქვა თეოდოსიმ, - რომ თუ მშვიდობით მიმიყვანს მეფესთან, შენ მიერ ნათქვამი სიტყვები გადავცე, მათი ირწმუნოს და შესაბამისად კეთილად იმოქმედოს.

ამ სიტყვებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ეპისკოპოსმა თეოდოსიმ, წასვლის წინ წმინდა მაქსიმეს გადასცა მეფისგან გამოგზავნილი თანხა, რამდენიმე შესამოსელი და სხვა ნივთები. ხოლო, როცა სატახტო ქალაქში ჩავიდნენ, პატრიარქს ყველაფერი აუწყეს ნეტარ მაქსიმესთან თქმული, რამაც მეფე ძლიერ განარისხა. ეპისკოპოსი თეოდოსი და ორივე მთავარი მეფის მრისხანების გამო შეშინდნენ და კვლავ დაუბრუნდნენ ძველ ერესს.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე»

* * *

იმპერატორის ბრძანებით მაქსიმე გადაიყვანეს კონსტანტინოპოლში, წმინდა თეოდორეს მონასტერში. იქ მასთან ისევ მივიდნენ ეპისკოპოსი თეოდოსი და ორი დიდებული, მაგრამ მოლაპარაკებები ამჯერადაც მარცხით დასრულდა.

ბევრი ედავებოდა წმინდა მაქსიმეს. მათ შორის იყვნენ სენატორები, ეპისკოპოსები. ზოგიერთი ცდილობდა აშკარად ეკარნახა მისთვის, როგორი ფორმულირებით შეეძლო დაეცხრო მეფის მრისხანება და არც რაიმე ვალდებულება ეკისრა. მაგრამ წმინდა მაქსიმე შეუვალი აღმოჩნდა და მრუდე გზაზე შედგომას არა და არ დათანხმდა. მაშინ იგი მარმარილოს ზღვის ნაპირას პერვერაში გადაასახლეს, სადაც ორი წელი დაყო. აქ წმინდა მამას ათასგვარად ავიწროებდნენ, დევნიდნენ, მაგრამ იგი მტკიცედ იცავდა და წერილობით სხვებსაც უზიარებდა ჭეშმარიტებას. თუ ვინმე გაბედავდა და გადასახლებულს ფარულად მოინახულებდა, მას წმინდა მამა თავისი სიტყვებით ამხნევებდა.

წმინდა მაქსიმეს დაკითხვა მეფე კონსტანცის დიდებულების მიერ

მაინც ვერ იყვნენ მშვიდად მონოთელიტობის მეთაურები. დაუმორჩილებელი და მართლმადიდებლობის უტეხი მცველის სახე მათ მოსვენებას არ აძლევდა, სინდისსა და შეგნებას უშფოთებდა, გარეგნულად მიღწეულ წარმატებათა მოჩვენებითობას შეახსენებდა. წმინდა მაქსიმე კვლავ სამეფო ქალაქში იხმეს, სადაც მეფის დიდებულებმა - სერგიმ და ტროილემ დაკითხეს. დაკითხვა ასე წარიმართა:

- გვითხარი, მამაო, რაზე ესაუბრებოდი პიროსს აფრიკაში და როგორ დაარწმუნე იგი, რომ უარი ეთქვა თავის მრწამსზე და შენი სარწმუნოების დოგმატური სწავლება ეღიარებინა? - ჰკითხეს წმინდა ბერს დიდებულებმა.

- თან რომ მქონოდა ჩემი ნაწერები, - უპასუხა ნეტარმა მაქსიმემ, - რომელშიც მეწერა პიროსთან ჩემი საუბრისა და კამათის შინაარსი, ყველაფერს დაწვრილებით გადმოგცემდით: მაგრამ იმის გამო, რომ წიგნები და ჩანაწერები ჩამორთმეული მაქვს, რის გახსენებასაც შევძლებ, იმას გეტყვით.

წმინდა მაქსიმე მოუყვა თანმიმდევრობით ყველაფერს, რისი გახსენებაც შეძლო, საუბრის ბოლოს კი დაუმატა:

- არც ერთი დოგმატი არ მეკუთვნის, გარდა საყოველთაო დოგმატისა. არც ერთი ახალი სიტყვაც კი არ შემიმატებია აღმსარებლობისათვის, რასაც შეიძლებოდა, რომ ჩემი სახელი დარქმეოდა.

ელჩები არ ცხრებოდნენ:

- ესე იგი, არ გახდები კონსტანტინოპოლის ეკლესიის წევრი, არა?!

- არა, - მიუგო წმინდა მაქსიმემ.

- რატომ? - იკითხეს მათ.

- ვინაიდან ამ ეკლესიის წარმომადგენლებმა დაგმეს ოთხი წმინდა საეკლესიო კრების დადგენილება და ალექსანდრიაში გამოცემული "ცხრა თავის" წესები აღიარეს. შემდეგ კი აღიარეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი სერგის მიერ შედგენილი "ექთესისი", დაბოლოს, არცთუ დიდი ხნის წინ შედგენილი "ტიპოსი". ამ და სხვა მიზეზების გამო მაინტერესებს, რომელი წმინდა საიდუმლო შეიძლება აღასრულოთ? ანკი, როგორ გადმოვა თქვენზე სულიწმიდა ასეთი წინააღმდეგობების გამო?

- ესე იგი მხოლოდ შენ ცხონდები, ყველა დანარჩენი კი წარწყმდება? - ჰკითხეს მათ.

- როცა ბაბილონში ოქროს კერპს ყველა თაყვანსცემდა, სამი წინასწარმეტყველი ამის გამო, არავის განსჯიდა, არამედ მხოლოდ იმის ფიქრში იყვნენ, რომ საკუთარი სული ეცხონებინათ, - უპასუხა წმინდა მაქსიმემ, - ზუსტად ასევე მოიქცა დანიელი, თხრილში რომ ჩააგდეს, ბრძანების აღმსრულებლებს არ განსჯიდა, არამედ სულ იმის ცდაში იყო, არ შეეცოდა. მზად იყო მომკვდარიყო, ვიდრე შეეცოდა და ღვთის მცნების დარღვევის გამო, სინდისის წინაშე თავი მუდამ დამნაშავედ ეგრძნო. ღმერთმა არ დაუშვას, რომ სულ იმის ფიქრში ვიყო, თითქოს მხოლოდ მე ვცხონდები. მირჩევნია, დღესვე მოვკვდე, ვიდრე სარწმუნოებაში ვინმე დავაბრკოლო და ამის გამო, მუდამ სინდისი მაწუხებდეს.

- საინტერესოა, მაშინ რას იზამ, როცა რომაელები ბიზანტიელებს შეუერთდებიან? გუშინ ხომ რომიდან ორი სასულიერო პირი ჩამოვიდა და ხვალ, აღდგომის დღესასწაულზე, საიდუმლოებების აღსრულებაში პატრიარქთან ერთად აპირებენ მონაწილეობის მიღებას? - იკითხეს სტუმრებმა.

- მთელი ქვეყანა რომ შეუერთდეს პატრიარქს, მე არ გავხდები მისი თანაზიარი. წმინდა მოციქული პავლე ამბობს, სულიწმიდა ანგელოზებსაც კი გადასცემს ანათემაზე, თუკი ისინი გაკადნიერდებიან და რაიმე ახალის დამკვიდრებას ეცდებიან: "არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელ-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუნებულ იყავნ!" ( გალ. 1,8 ).

- ნუთუ ასე მნიშვნელოვანია ქრისტეს ორი ნების და ორი ქმედების ქადაგება? - იკითხეს მათ.

- ძალიან მნიშვნელოვანია, - უპასუხა წმინდა მაქსიმემ.

- ჩვენ ვხედავთ, რომ სრული ჭეშმარიტებაა რასაც ქადაგებ, მაგრამ მაინც ნუ განარისხებ მეფეს, მან ხომ იმისთვის შექმნა "ტიპოსი", რომ ეკლესიაში სიმშვიდეს დაესადგურა და არა იმისთვის, რომ რაიმე ჭეშმარიტება უარეყო, - უთხრეს მათ.

- არ ღირდა ღვთისმოყვარე უფლის განაწყენება, ჩემი უღირსებისა გამო, - ცრემლებით მიუგო წმინდა მაქსიმემ, - რადგან, არც მე მსურს უფლის წინააღმდეგ წასვლა, იმ შემთხვევაში, თუ გავჩუმდები იქ, სადაც ხმამაღლა უნდა ვიქადაგო. მოციქულის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, უფალმა თავად დაადგინა ეკლესიაში: "პირველად მოციქულნი, მეორედ - წინასწარმეტყველნი, მესამედ - მოძღუარნი". (კორ. 12, 28 ), აშკარაა, რომ მათი პირით საუბრობს უფალი. წმინდა წერილის, წმინდა მოღვაწეთა ცხოვრებისა და საეკლესიო განჩინების მიხედვით ვიგებთ, რომ უფალს ძალუძს იმოქმედოს, როგორც სურს, ღვთაებრივი ან კაცობრივი ბუნებით. იესო ქრისტე არის სრულყოფილი კაცი, ცოდვის გარეშე. ვინც ამას არ აღიარებს, დიდ ცდომილებაში იმყოფება.

წმინდა მაქსიმე ამ და სხვა საკითხებზე რომ საუბრობდა, სტუმრებს სათქმელი აღარ დარჩათ.

ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ დუმილი სერგიმ დაარღვია და თქვა:

- შენ რომ არა, ყველა უკეთ იგრძნობდა თავს, ერთი ეკლესიის წევრი გახდებოდა მთელი საქრისტიანო.

- ვის შეუძლია აღიაროს, რომ ვინმე ვაიძულე ბიზანტიის ეკლესიის წევრი არ ყოფილიყო? - იკითხა წმინდა მაქსიმემ.

- თუნდაც ის ფაქტი, რომ კავშირი არ გაქვს ამ ეკლესიასთან, ყველა მოწოდებაზე უფრო დიდ როლს თამაშობს.

- არაფერია სინდისის ქენჯნაზე უფრო მძიმე და მწველი, და არფერია მშვიდ სინდისზე უფრო ძვირფასი.

შემდეგ ტროილეს გაახსენდა, რომ მეფე კონსტანცის "ტიპოსი" მთელ დასავლეთში იქნა გადაცემული ანათემაზე, არ დააყოვნა და წმინდა მამას ესეც შეახსენა:

- განა ეს მოსაწონია, რომ მეფის "ტიპოსი" ასე გააქილიკეთ?

- დაე, მიუტევოს უფალმა ყველას, ვინც იმპერატორი აიძულა მის გამოცემაში!

- ვინც იძულებული გახადა და წააქეზა? - იკითხა ტროილემ.

- ეკლესიის წარმომადგენლებმა ასწავლეს, დიდებულებმა კი წააქეზეს. ახლა კი, ეს სამარცხვინო საქმე ბრალად ედება ნაკლებად დამნაშავე მეფეს. გირჩევთ, ხელმწიფეს ურჩიოთ, თავის ნეტარ პაპას, ჰერაკლეს მიჰბაძოს. მან, როცა შეიტყო, რომ დასავლეთში მრავალმა სასულიერო პირმა "ტიპოსი" არ აღიარა, არამედ ანათემას გადასცა, მოინანია, მთელ ქვეყანაში ელჩები მიავლინა და აღიარა, რომ "ტიპოსი" მან კი არ დაწერა, არამედ კონსტანტინოპოლის ყოფილმა პატრიარქმა სერგიმ. დაე, ასევე მოიქცეს ჩვენი ხელმწიფეც და მაშინ, ყოველგვარი შეურაცხყოფა ასცილდება.

სტუმრები დიდხანს ხმის ამოუღებლად აქეთ-იქით აქნევდნენ თავს. ბოლოს, როგორც იქნა გამოტყდნენ:

- შეუძლებელს გვთხოვ, მამაო.

კიდევ დიდხანს ისაუბრეს მრავალ საკითხზე და ერთმანეთს მეგობრულად დაშორდნენ.

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე»

წმინდა ბერის წამება და გადასახლება

რამდენიმე დღის შემდეგ ბერი მაქსიმე იმპერატორის ბრძანებით სასტიკად აწამეს, ენა ამოგლიჯეს, მარჯვენა ხელის მტევანი ჯერ ჩაქუჩით დაუმტვრიეს, მერე კი ხელი იდაყვამდე მოაჭრეს. სასტიკი წამების შემდეგ, ნეტარ მამას სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს და სამეფო ქალაქის ქუჩები ლანძღვა-გინებით შემოატარეს. ყველას უჩვენებდნენ მის მოკვეთილ ენას და ხელებს და აქილიკებდნენ.

ცოცხალმკვდარი წამებული წმინდა მაქსიმე ორი მოწაფის, ორი ანასტასის თანხლებით დასავლეთ საქართველოში, ლაზეთში გადაასახლეს. ნეტარი მაქსიმე იმდენად დაუძლურდა, რომ გადაადგილება არც ცხენით შეეძლო და არც ეტლით. ამიტომ, მცველებმა წნელის საკაცე დაწნეს და ასე მიიყვანეს საპყრობილემდე. თეოდოსი ხუცესის თქმით: "ქრისტეს მოყვარე ლაზების ქვეყანაში" ნეტარმა მამებმა ჩააღწიეს 662 წლის 8 ივნისს. ოლქის უფროსმა მათი დაცილების განკარგულება გასცა. ესეც არ აკმარეს, ჩამოართვეს ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ, მათ შორის ის ნივთები, გზაში ღვთისმოსავი ადამიანები რომ ჩუქნიდნენ და გაანადგურეს.

დაცალკევების შემდეგ, ნეტარი მაქსიმე სქიმარში წაიყვანეს. სქიმარი, ეპისკოპოს სტეფანეს აზრით, დღევანდელი სკიმერი უნდა იყოს, რომელიც მდებარეობს ლენტეხის მაღალმთიან რაიონში, მდინარე სკიმერულასთან. გარკვეული ხნის მანძილზე, სკიმერის ხეობა, ლაზეთს ეკუთვნოდა და ხან ირანის დაქვემდებარების ქვეშ იყო, ხან კი ბიზანტიის. VII ს-ში, ანუ იმ დროს, როცა წმინდა მაქსიმე აღმსარებელი მოღვაწეობდა, ეს ტერიტორია ბიზანტიას ემორჩილებოდა და განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, იქ ბიზანტიელთა გარნიზონი იდგა. ციხესიმაგრე სქიმარში წმინდა მაქსიმემ თავისი ცხოვრები უკანასკნელი დღეები გაატარა და აღესრულა. დღეს ნამოსახლარი, გაუკაცურებული ვრცელი სკიმერის ხეობა საზაფხულო საძოვრებად გამოიყენება.

ანასტასი ბერი, თავისი მასწავლებელისაგან განსხვავებით, წაიყვანეს აფხაზეთში და კოდორის ციხესიმაგრეში გამოკეტეს. მალევე, 18 ივლისს, ჭრილობების გამო საკმაოდ დაუძლურებული ნეტარი ანასტასი სვანეთის ერთ-ერთ ციხეში გადაიყვანეს, სადაც 24 ივლისს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა.

ანასტასი აპოკრისიარი ორი თვის ავადმყოფობის შემდეგ, როგორც კი გამოჯანმრთელდა, გაგზავნეს აფშილთა და მისიმიანელთა საზღვარზე მდებარე ციხესიმაგრე ფუსტა¬ში. მას შვიდი თვის მანძილზე ჩამოძონძილი ტანსაცმლით და ფეხშიშველს აქეთ-იქით ატარებდნენ, რათა შიმშილით, სიცივით და წყურვილით, როგორმე გარდაცვლილიყო. უსჯულო მთავრებმა რამდენჯერმე შეუცვალეს საცხოვრებელი ადგილი. მოგვიანებით, მისი მდევნელი მთავრები გააძევეს, ხოლო ახალდანიშნულმა მთავარმა გიორგიმ (ექვთიმე ათონელის ცნობით), ნეტარი ანასტასი თავის მახლობლად თაკვერის ციხესიმაგრეში დაასახლა და მფარველობას უწევდა. ანასტასი აპოკრისიარი 666 წლის 11 ოქტომბერს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა.

გადმოცემის მიხედვით, წმინდა მაქსიმეს ღვთის დაშვებით აღუდგა მეტყველების და წერის უნარი და კვლავ არაერთი ეპისტოლე დაწერა. გარდაცვალებამდე უფლის ანგელოზისაგან ეუწყა, რომ მალე დატოვებდა ამ სოფელს. ნეტარმა მამამ ეს რომ შეიტყო, თავისთან უხმო ციხესიმაგრეში მყოფ რამდენიმე პირს და აუწყა ამის შესახებ. წმინდა მაქსიმემ გარდაცვალებამდე, მცირე ხნით ადრე დაწერა ეპისტოლე და ციხესიმაგრის უფროს მისტრიანეს გადასცა, რათა გარდაცვალების შემდეგ ანასტასი აპოკრისიარისთვის გადაეცა. მისტრიანე პირობის თანახმად მოიქცა და დღეს ჩვენთვის ცნობილია, თუ როგორი სულიერი მადლით არის დაწერილი წმინდა მაქსიმეს უკანასკნელი ეპისტოლე. გრდაცვალებამდე წმინდა მამამ საზრდელის მიღებაზე უარი განაცხადა და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა. ან-გელოზის უწყების თანახმად, წმინდა მაქსიმემ 13 აგვისტოს, შაბათ დღეს შეჰვედრა სული უფალს და მრავალი ღვაწლის შემდეგ. საუკუნო განსასვენებელში მოწამეობის გვირგვინით შეიმოსა. წმინდა მაქსიმეს ცხედარი ციხესიმაგრე სქიმარში დაკრძალეს.

დაკრძალვის დღიდან, წმინდა მამის საფლავზე სამი ღვთიური ლამპარი ჩნდებოდა. ციხის მცველები და მოსახლეობა ყოველ ღამით იყვნენ ამ სასწაულის მომსწრენი. ამასთან, ამ ადგილზე არაერთი კურნება აღესრულებოდა.

წმინდა მაქსიმე აღესრულა 662 წლის 13 (ახ. სტ. 26) აგვისტოს და წელიწადში ორჯერ მოიხსენიება მისი სახელი: გარდაცვალების დღეს და წამების დღეს 21 იანვარს (3 თებერვალს), როცა მოჰკვეთეს ენა და ხელი. გარდა ამ ორი საყოველთაოდ აღიარებული თარიღისა, ქართული ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, წმინდა მამის ხსენება კიდევ ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათსაც აღესრულება. ეს თარიღი შემდეგ მოვლენასთანაა დაკავშირებული. წმინდა მაქსიმეს ცხედარი, ეპისკოპოს სტეფანეს აზრით, თავდაპირველი ადგილიდან გადასვენებული იქნა ცაგერის მახლობლად, მურის ციხესიმაგრესთან მდებარე წმინდა არსენის მონასტერში, რომელიც წმინდა აღმსარებლის იქ დაკრძალვის გამო წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელზე ეკურთხა. როგორც ჩანს, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, წმინდა მაქსიმეს ხსენების აღნიშვნის ტრადიცია, მისი ამ ადგილზე გადმოსვენებასთანაა დაკავშირებული. წმინდა მამის ცხედარი, გადმოცემით, მურის ციხესიმაგრესთან მდებარე, მისი სახელობის მონასტერში აგებულ მცირე ეკლესიის ტრაპეზის ქვეშ არის დაკრძალული.

სავარაუდოდ, თავდაპირველი ადგილიდან ამ მონასტერში წმინდა მაქსიმეს ნაწილები გადმოასვენეს 680 წლიდან VIII ს-ის ათიან წლებამდე, მანამ, სანამ საქართველოში არაბები შემოიჭრნენ და ეს ტერიტორია მათი გავლენის ქვეშ მოექცა.

ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი

მართლმადიდებლობისა წინამძღვარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღუარო, მონაზონთა ღმრთივსულიერო პოხიერებაო, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღვდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლადბრძენო მაქსიმე, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

სამებისა წმინდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი, რამეთუ სარწმუნოებაჲ ღვთისა ხმამაღლად იქადაგა, ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა და ღირსად სარწმუნოებით პატივს ვსცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მქადაგებელო სარწმუნოებისაო.

სხვა კონდაკი

ნათელი სამ-ბრწყინვალისა სამებისა დაემკვიდრა სულსა შინა შენსა და ჭურად რჩეულად გამოსჩნდი, ყოვლადნეტარო, და გამოუცხადე ყოველთა კიდეთა ღმრთაებაჲ მისი, ძნიად მისაწდომელი გულისხმის-გყოფად, და სამება წმინდა ცხადად გვიქადაგე, მაქსიმე, ზესთ არსად დაუსაბამოდ.
.................................

წმინდა მაქსიმე აღმსარებელთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე»»


აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


ვინ იყო წმინდა მაქსიმე აღმსარებელი?

თუ თვალს ოდნავ მაინც მიეკარებოდა რული, მაშინვე დგებოდა და ლოცვასა და გალობას იწყებდა

აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა მაქსიმე აღმსარებლისა (+662) - 13 (26) აგვისტო

წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მამათა მონასტერი

წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა სიცოცხლის ბოლო წლები სვანეთში, სქიმარის ციხესიმაგრეში გაატარა

ვინც წრფელი გულით შესთხოვს წმინდა მაქსიმეს, უნუგეშოდ არავის ტოვებს

მადლობას ვწირავ უფალს ამდენი ცილისწამების გამო, რათა განვიწმინდო ცოდვებისა და მანკიერებისგან

წმინდა მაქსიმემ ინება გამოგვეჩინა



იხილეთ დასაწყისი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat