წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მამათა მონასტერი ცაგერის რაიონში მდებარეობს. VII საუკუნეში მოღვაწე წმინდა მამის საფლავიც იქვე, ტაძარში, გამშვენებულ ლუსკუმაშია ჩაბრძანებული.
დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, სად გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები წმინდა მაქსიმემ. 2003 წლის 21 ოქტომბერს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) რამდენიმე პირთან ერთად ლენტეხის რაიონის მაღალმთიან რეგიონში მიაკვლია იმ ადგილს, სადაც, სავარაუდოდ, წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა თავისი მოღვაწეობის უკანასკნელი დღეები დაჰყო. პირველწყაროზე დაყრდნობით, ამ ადგილს სქიმარი ეწოდებოდა. დღესაც ადგილობრივი მოსახლეობა მას ოდნავი სახეშეცვლილი ფორმით სკიმერს უწოდებს.
წმინდა მამის საფლავის მოსალოცად სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან მომლოცველები. მეც ერთ-ერთი მათგანი გახლდით და მადლოსილმა დავტოვე მონასტერი. თქვენც მიბრძანდით და მოილოცეთ. შეგვეწიოს წმინდა მამა მაქსიმე აღმსარებლის ყველა კეთილ საქმეში.