ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,
ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებას (იოანე 11. 1-45).
ეს არის უდიდესი სასწაული, რომელიც ქმნა უფალმა თავისი ჯვარცმის წინ!
ლაზარეს შაბათი - ეს არის კიდევ ერთი საოცარი გამოვლინება იმისა, თუ რამდენად დიდია და მოწყალე უფალი!
როგორც პატრიარქი ბრძანებს ერთ თავის ქადაგებაში:
- ...ლაზარე იყო "მეგობარი ღვთისა". უყვარდა უფალს ლაზარე და მისი დები. და როცა უთხრეს, რომ ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ატირდა. ხომ იცოდა იესომ, რომ აღადგენდა ლაზარეს, მაშ, რატომღა ტიროდა იგი? ტიროდა იმიტომ, რომ მოახლოებული იყო ჟამი მისი ვნებისა; ტიროდა იმიტომ, რომ ზოგი ცხონდებოდა და ზოგი - ვერა. ტიროდა იმიტომ, რომ ჭვრეტდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ მთელი იერუსალიმი გამოვიდოდა მის შესახვედრად და სულ 3-4 დღის შემდეგ კი იგივე ხალხი იყვირებდა: "ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე". ასეთია დაცემული ადამიანის ბუნება. უფალი ტიროდა და ტირის კაცობრიობის ცხონებისათვის.
ლაზარეს შაბათს სრულიად საქართველო ასევე, ქართული ენის ზეიმს დღესასწაულობს. იოანე ზოსიმეს "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ"-ს მიხედვით, "დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!".
"ლაზარე" ებრაული სახელია და ქართულად "ღვთის წყალობას" ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.
ბზობა-დიდებით შესვლა იერუსალიმში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ამ დღეს ქრისტიანული ეკლესია იხსენიებს უფლის უკანასკენლ მსვლელობას იერუსალიმში.
ვიდრე იერუსალიმში შევიდოდა, იესომ თავის ორ მოწაფეს უთხრა: "წარვედით დასაბა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოვოთ ვირი დაბმული და კიცვი მის თანა: აღჰხსენით და მომგუარეთ მე". ეს ყოველივე იმისთვის გაკეთდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ თქმული: "არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშვიდი და ზე ზის იგი ვირსა"... სახედარზე ამხედრებულ მაცხოვარს იერუსალიმელი დიდი სიხარულით შეეგებნენ: ვინ თავის სამოსელს უფენდა გზაზე, ვინ კიდევ -ხის ტოტებს. გაისმოდა შეძახილები: "ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" მიუხედავად ასეთი შეხვედრისა, მაცხოვარი მაინც წუხდა. მან იცოდა, რომ ეს ხალხი ქვეყნიურ მეუფესა და მბრძანებელს ხედავდა მასში, რომელიც რომაელთა ბატონობისაგან იხსნიდა და არა-მესიას. იცოდა ისიც, რომ იგივე ხალხი მის ჯვარცმას ასეთივე აღტაცებით შეხვებოდა.
მაცხოვარი შევიდა ტაძარში და იქიდან ვაჭრები გამოაძევა. ბევრი ხეიბარი განკურნა იმ დღეს. მართალია, ხალხი სიხარულით შეეგება იესოს, სამაგიეროდ მისი მოწინააღმდეგენი-ფარისევლები და მწიგნობრები უფრო მეტი სიძულვილით განეწყვნენ მის მიმართ.