ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურობის შემდეგ წმინდა მაქსიმე ციხესიმაგრე სქიმარში გარდაიცვალა. მოგვიანებით მისი წმინდა ცხედარი ცაგერთან ახლოს მდებარე მონასტერში გადაასვენეს.
დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, სად გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები წმინდა მაქსიმემ. 2003 წლის 21 ოქტომბერს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილმა) რამდენიმე პირთან ერთად ლენტეხის რაიონის მაღალმთიან რეგიონში მიაკვლია იმ ადგილს, სადაც, სავარაუდოდ, წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა თავისი მოღვაწეობის უკანასკნელი დღეები დაჰყო. პირველწყაროებზე დაყრდნობით, ამ ადგილს სქიმარი ეწოდებოდა. დღესაც ადგილობრივი მოსახლეობა მას ოდნავი სახეცვლილი ფორმით სკიმერს უწოდებს.
ჩვენამდე მოაღწია წმინდა მაქსიმეს მრავალმა ეპისტოლემ და ქადაგებამ. ეგზეგეტიკური, დოგმატურ-პოლემიკური, ანთროპოლოგიური, ზნეობრივი და ასკეტური ხასიათის სწავლებათა დიდი ნაწილი თავის დროზე ქართულ ენაზეც ითარგმნა.
ამჟამად ბელგიელ მეცნიერებს დაწყებული აქვთ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შრომათა სრული კრებულის გამოცემა. საქართველოში შექმნილია მეცნიერთა ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი თამილა მგალობლიშვილი. გარდა ამისა, ყალიბდება წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრი, რომელიც შეისწავლის ნეტარი მამის ცხოვრებასა და მემკვიდრეობას.
***
ვინ იყო წმინდა მაქსიმე აღმსარებელი?გთავაზობთ მცირე ცნობებს წმინდანის შესახებ.
წმინდა მაქსიმე 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში დაიბადა. წარჩინებული და ღვთისმოშიში ცოლ-ქმრის - იოანესა და ანას ოჯახში. განათლება შინ მიიღო. თანატოლებთან თამაშის ნაცვლად მთელ დროს წმინდა წერილის კითხვასა და უფლის მცნებების დაცვას უთმობდა.
წმინდა მაქსიმე ღვთივსათნო ცხოვრებასა და სიბრძნეში ისე წარემატა, რომ ამის შესახებ ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლესთვისაც გახდა ცნობილი და მან წმინდანს სასახლეში მწიგნობართმთავრის თანამდებობაზე უხმო.
იმ დროს ქრისტიანულ სამყაროში აღმოცენდა მონოფიზიტური ერესი, რომელიც ქრისტეს ორ ბუნებას უარყოფდა და აღიარებდა მხოლოდ ერთს, ღვთაებრივს. კაცთმოძულე ეშმაკმა უბრალო ხალხის მონადირება არ იკმარა და მეფის სასახლეშიც მტკიცედ მოიკიდა ფეხი. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეფის ბრძანებით ქრისტეს ერთი ნების, ქმედებისა და ბუნების შესახებ ცრუ მოძღვრება გრაგნილზე დაწერეს და აია სოფიას ეზოში გამოაკრეს, რითაც დაგმეს ჭეშმარიტი მოძღვრება, ცრუ სწავლება კი აღიარეს.
წმინდა მაქსიმემ ყოველივე ეს საკუთარი თვალით რომ იხილა, შეშინდა, ეშმაკის ხრიკებით თავადაც არ ცდუნებულიყო. მის გულში უპირველესად დამარხული იყო შიში უფლისა და, როგორც მეფსალმუნე იტყვის, "წინასწარ ხედვიდა უფალსა წინაშე მისსა მარადის" (ფს. 15:8). ამიტომ თავისი მონაგები გლახაკებს განუყო, როგორც ამას სახარება გვასწავლის, აღიღო ჯვარი, შეუდგა ქრისტეს და ქრისოპოლის მონასტერში გაემგზავრა.
ქრისოპოლის მონასტერი კონსტანტინოპოლის მოპირდაპირე მხარეს, ქალკედონთან ახლოს მდებარეობდა. იგი განთქმული იყო იქ მოღვაწე წმინდა მამათა სახელით. წმინდა მაქსიმე ბერად აღიკვეცა და შემდეგ ამ მონასტრის წინამძღვრობა იტვირთა.
მონასტერში მოღვაწეობის დროს ნეტარი მამა ძაძას ატარებდა და მხოლოდ ხმელი პურით და ველური მხალით იკვებებოდა. მისი უმთავრესი და უსაყვარლესი საქმე ლოცვა და შრომა იყო, ხოლო თუ თვალს ოდნავ მაინც მიეკარებოდა რული, მაშინვე დგებოდა და ლოცვასა და გალობას იწყებდა.
წმინდა მაქსიმე სიმდაბლის გამო თავს ყველაზე ცოდვილ ადამიანად მიიჩნევდა, ხოლო სიყვარულის უნარი ისეთი ჰქონდა, რომ უფლის სიტყვები: "შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მათ. 22:39) ჭეშმარიტად აღესრულებოდა მასზე. ამასვე მოწმობს წმინდა მამის სწავლანი სიყვარულის შესახებ.
წმინდა მაქსიმე მეფისა და პატრიარქის ცდომილებაში რომ დარწმუნდა, საბოლოოდ დატოვა საბერძნეთი და რომს გაემგზავრა. ერთ მყუდრო ადგილას გამოქვაბული იპოვა და იქ დაეყუდა. იგი, ნათლისმცემლის მსგავსად, უდაბნოს გამხმარი ბალახითა და ველური თაფლით იკვებებოდა.
ერთ დღეს მასთან ორი რომაელი ბერძენი, ორივე ანასტასი, მივიდა. წმინდა მამას განმარტოებით ცხოვრების სურვილი ჰქონდა, მაგრამ სულიწმინდის შთაგონებით შეიტყო, რომ ბერძენნი ღვთის განგებით იყვნენ მისულნი, ამიტომ უფლება მისცა, როგორც მოწაფეები, მასთან დარჩენილიყვნენ. ორივე ანასტასიმ მოძღვრის გამოქვაბულის ახლოს მცირე სენაკი აიშენა და იქ დამკვიდრდა. ნეტარი მამა მოწაფეებს უპირველესად ანგელოზებრივ ცხოვრებას ასწავლიდა.
ერთ ღამეს ნეტარ მაქსიმეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ასეთი რამ უთხრა: "მაქსიმე, ღვთის მონავ, რისთვის გარჯილხარ ამ უდაბნოში, მხოლოდ მოწაფეებისა და შენი სულის გადასარჩენად რომ ზრუნავ? სოფელი კი ამ დროს ბოროტის მანქანებით მღელვარებს. უფლის ბრძანებით, აღსდექ და შედი ქალაქ რომში, მიმართე პაპ იოანეს და იღვაწე მართალი სარწმუნოებისთვის, რათა მართლაღმსარებლის გვირგვინი მიიღო ქრისტესგან".
წმინდა მამა მოწოდებას უდრტვინველად დაემორჩილა.
პაპმა იოანემ მაქსიმესა და მის მოწაფეებს თავისი საცხოვრისის მახლობლად გამოუყო მყუდრო სავანე.
ნეტარი მაქსიმეს რჩევით, რომში ადგილობრივი საეკლესიო კრება გაიმართა. დიდ კრებაზე რომის ეპისკოპოსებმა და სხვა სასულიერო პირებმა შეაჩვენეს ქრისტეს ერთი ბუნების, ერთი ნებისა და ქმედების მქადაგებელთა მწვალებლობა.
რამდენიმე ხანში გარდაიცვალა რომის პაპი იოანე და მისი ადგილი თეოდორემ დიაკავა. წმინდა მაქსიმე აფრიკაში გაემგზავრა საქადაგებლად, მერე კი პაპ მარტინეს მოსანახულებლად ისევ რომში დაბრუნდა.
ერთ ღამეს მეფე კონსტანცის ბრძანებით ფარულად შეიპყრეს პაპი მარტინე. მანამდე კი რამდენიმე დღით ადრე - წინდა მაქსიმე აღმსარებელი და მისი ორი მოწაფე. მეფე უკმაყოფილო იყო მათი მხრიდან მონოფიზიტური ერესის დაგმობით. ერთი წლის შემდეგ, 654 წლის სექტემბერში, ისინი კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს. იქ პაპი მარტინე სამშობლოს ღალატისა და მეფის შეურაცხყოფის ბრალდებით გაასამართლეს და გადაასახლეს ხერსონესში (ახლანდელი ყირიმი), სადაც 655 წლის 16 სექტემბერს შიმშილით აღესრულა.
წმინდა მაქსიმესა და მის ორ მოწაფეს კონსტანტინოპოლში ჩასვლისთანავე მეფისგან წარგზავნილმა სამხედრო პირებმა ქუჩაში ცემა და ხელით თრევა დაუწყეს. ასე მიიყვანეს საპყრობილემდე და ცალ-ცალკე გამოკეტეს ბნელ საკნებში. მეფის წინაშე, დაკითხვის დროს, რა აღარ დააბრალეს წმინდა მამას. ნეტარმა მაქსიმემ ცრუ მოწმეებს ასეთი რამ უთხრა: "მადლობას ვწირავ უფალს ამდენი ცილისწამების მოსმენის გამო, რათა განვიწმინდო ცოდვებისა და მანკიერებისგან". თავი ღმერთს მიანდო და იქ შეკრებილებს მორჩილად უპასუხა: დაე, აღსრულდეს ჩემზე ნება უფლისა სადიდებლად ღვთისა. მეფემ პატრიარქის რჩევით ნეტარი მაქსიმე ჯერ გაასამართლა, შემდეგ კი თრაკიის პატარა ქალაქ ვიზიაში გადაასახლა. მისი ერთი მოწაფე საბერძნეთში, პერვერიაში გადაასახლეს, მეორე ანასტასი, რომელიც თავის დროზე რომის ეკლესიის წარმომადგენელი იყო სამეფო კარზე და მოგვიანებით ნეტარი მაქსიმეს ცხოვრება აღწერა, ისრაელში, ქალაქ მესამბრიაში.
წმინდა მაქსიმეს ცილისმწამებლური დევნა იქამდეც მივიდა, რომ მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძაგება დააბრალეს. ეს თეოდორე იპატოსის ბრძანებით ჩაიდინეს, რომელსაც იმედი ჰქონდა, ამის შემდეგ ხალხი წმინდა მაქსიმეს ჩაქოლავდა. წმინდანმა ეს მკრეხელური ცილისწამება რომ მოისმინა, ხელები ზეცად აღაპყრო და ცრემლით წარმოთქვა: "ვინც არ აღიარებს და არ ქადაგებს ყოვლადწმიდასა და უხრწნელსა, უმეტესად კურთხეულსა და ზეცისა მხედრობათა პატივისმცემელსა დედოფალსა ჩვენსა, მარადის ქალწულსა მარიამს, ჭეშმარიტად ღვთისმშობლად, ჭეშმარიტად დედად ღმრთისად, შემოქმედისა ცათა და ქვეყანისა, ზღვისა და ყოველთა, რაი არს მათ შინა, წყეულ იყავნ და შეჩვენებულ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა მიერ, შეურყვნელისა მის და განუყოფელისა სამებისა და ყოველთაგან ზეცისა ძალთა და წმიდა მოციქულთა კრებულისაგან, წინასწარმეტყველთა, მოწამეთა და ყოველთა მართალთაგან, რომელნი საუკუნითგან სათნო ეყვნენ ღმერთსა". საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ კაცთმოძულე მწვალებლებმა წმინდა მაქსიმეს სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმა - სასტიკი წამება მიუსაჯეს. ჯალათმა ღირსი მამა ჯერ გააშიშვლა და ძირს დააგდო, შემდეგ კი ხარის გამხმარი ძარღვებით დაუნდობლად გვემა. არად ჩააგდეს წმინდა მაქსიმეს ხანდაზმულობა და ისე გამეტებით ურტყამდნენ, რომ მალე მიწა ნეტარი მამის სისხლით გაიჟღინთა.
მოწაფეებსაც ასევე სასტიკად გაუსწორდნენ.
ცოცხალ-მკვდარი მამები ბნელ საკნებში დააბრუნეს.
მეორე დილით, ეპარქოსის ბრძანებით, მამებს განაჩენი წაუკითხეს: "ღვთივდაცულმა მეფემ და ყოველმა მთავარმა სჯულისა და სიმართლის მიხედვით შემდეგი განვაჩინეთ თქვენზედა, მაქსიმე მონაზონო, ანასტასი და ანასტასი. უმჯობესი იყო, თქვენი უკეთურებისა და ბოროტად-მეტყველების შესატყვისად გვეტანჯეთ, მაგრამ არ ვინებეთ თქვენი ბრალისა და გმობის შესაბამისად შურისგება, რათა ჯეროვანი მოსაგებელი საუკუნო ცხოვრებაში მოგეგოთ. ამქვეყნად ცხოვრებაში კი მოგისჯით მცირე ტანჯვას თქვენი უწესობისა და განდგომილების გამო. ვუბრძანებთ დიდებულ ეპარქოსს, რათა სამსჯავროზე წარგადგინოთ და ზურგზე შოლტით უმოწყალოდ გგვემოთ, შემდეგ ჯერ ენა ამოგკვეთოთ, წერილების წერის გამო კი მარჯვენა მოგკვეთოთ. ვბრძანებთ, რომ ბოროტ ასოთა მოკვეთის წუთიდან სამეფო ქალაქის თორმეტი უბანი შემოგატარონ და გლანძღონ. ამის შემდეგ დარჩენილი ცხოვრება გადასახლებაში გაატაროთ. ექსორიაგყოფთ ლაზიკაში, რათა ყოველდღე იგლოვდეთ თქვენი ცდომილების გამო".
ასე დასაჯეს მისი მოწაფე ანასტასი ბერი, ანასტასი აპოკრისიარი კი (ექვთიმე ათონელის ცნობით), იმის გამო, რომ იგი ერთ დროს მეფის მდივანი იყო, დაინდეს. მოგვიანებით, ანასტასი აპოკრისიარმა აღწერა წმინდა მაქსიმეს ცხოვრება და მოღვაწეობა და გადასცა იერუსალიმში მოღვაწე თეოდოსი ხუცესს, რომელიც წმინდა მაქსიმეს გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ლაზიკაში თავად ეწვია იმ ადგილებს, სადაც ნეტარი მამები მოღვაწეობდნენ.
ნეტარი მაქსიმე სქიმარში წაიყვანეს.
***
ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსის სტეფანეს აზრით, რომელიც წმინდანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას იკვლევს, სქიმარი დღევანდელი სკიმერი უნდა იყოს, რომელიც ლენტეხის მაღალმთიან რაიონში, მდინარე სკიმერულასთან მდებარეობს. გარკვეული ხნის განმავლობაში სკიმერის ხეობა ლაზიკის სამეფოს ეკუთვნოდა და ხან ირანის დაქვემდებარების ქვეშ იყო, ხან კი ბიზანტიისა. VII საუკუნეში, იმ დროს, როცა წმინდა მაქსიმე აღმსარებელი მოღვაწეობდა, აქ ბიზანტიელთა გარნიზონი იდგა. დღეს ეს ხეობა ზაფხულის საძოვრებად გამოიყენება.ანასტასი ბერი აფხაზეთში ციხესიმაგრე კოდორში გამოკეტეს. მალევე, 18 ივლისს, ჭრილობების გამო დაუძლურებული ნეტარი მამა სვანეთის ერთ-ერთ ციხეში გადაიყვანეს, სადაც 24 ივლისს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა.
ანასტასი აპოკრისიარი ორი თვის ავადმყოფობის შემდეგ აფშილთა და მისიმიელთა საზღვარზე მდებარე ციხესიმაგრე ფუსტაში გაგზავნეს. ურჯულო მთავრებმა მას რამდენჯერმე შეუცვალეს საცხოვრებელი ადგილი. მოგვიანებით მისი მდევნელი მთავრები გააძევეს, ხოლო ახლად დანიშნულმა მთავარმა გიორგიმ (ექვთიმე ათონელის ცნობით) ნეტარი ანასტასი თავის მახლობლად, თაკვერის ციხესიმაგრეში დაასახლა და მფარველობას უწევდა. ანასტასი აპოკრისიარი 666 წლის 11 ოქტომბერს (ძვ. სტილით) გარდაიცვალა.
გადმოცემის მიხედვით, წმინდა მაქსიმეს ღვთის ნებით აღუდგა მეტყველებისა და წერის უნარი და კვლავ არაერთი ეპისტოლე დაწერა. გარდაცვალებამდე მას უფლის ანგელოზისგან ეუწყა, რომ მალე დატოვებდა ამ სოფელს. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში წმინდა მამამ საზრდელის მიღებაზე უარი თქვა და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა. 13 აგვისტოს, შაბათ დღეს, წმინდა მაქსიმე გარდაიცვალა. მისი ცხედარი ციხესიმაგრე სქიმარში დაკრძალეს. წმინდა მაქსიმეს საფლავზე სამი ღვთიური ლამპარი ჩნდებოდა და არაერთი კურნება აღესრულებოდა.
წმიდა მაქსიმე აღესრულა 662 წლის 13 (ახ. სტ. - 26) აგვისტოს. მისი სახელი წელიწადში ორჯერ მოიხსენიება: გარდაცვალების დღეს და წამების დღეს (21 იანვარს, ახ. სტ. - 3 თებერვალს), როცა ენა და ხელი მოჰკვეთეს. ქართული ტრადიციის მიხედვით, წმინდა მამის ხსენება ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათსაც აღესრულებოდა.
მეუფე სტეფანე ვარაუდობს, რომ შესაძლოა წმინდა მაქსიმეს ცხედარი თავდაპირველი ადგილიდან გადაასვენეს ცაგერის მახლობლად, მურის ციხესიმაგრესთან მდებარე წმინდა არსენის მონასტერში, რომელიც წმინდა აღმსარებლის სახელზე იკურთხა. შესაძლოა, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს წმინდა მაქსიმეს ხსენების აღნიშვნის ტრადიცია მის ამ ადგილზე გადმოსვენებასთანაა დაკავშირებული. გადმოცემით, წმინდა მაქსიმე აღმსარებელი მურის ციხესიმაგრესთან ახლოს, მისი სახელობის მონასტერში, ტრაპეზის ქვეშ არის დაკრძალული. სავარაუდოდ, ამ მონასტერში წმინდა მაქსიმეს ნაწილთა გადმოსვენება მოხდა 680 წლიდან VIII საუკუნის ათიან წლებამდე, სანამ საქართველოში არაბები შემოიჭრებოდნენ და ეს ტერიტორია მათი გავლენის ქვეშ მოექცეოდა.
***
ქვემო სვანეთში, ლენჯერში, შემონახულია XII საუკუნის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ფრესკა, მისი სახელობის მონასტერი კი საქართველოში ერთადერთია. მცირე ბაზილიკური ტიპის ტაძარი წლების განმავლობაში დანგრეული იყო. 80-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ის საკუთარი ძალებით აღადგინა, 2002-2004 წლების განმავლობაში კი ამ წმინდა ადგილას მონასტრის მშენებლობა მიმდინარეობდა. მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, ამ მცირე ტაძრის გარშემო ბერებისთვის სენაკები აშენდა. ერთსართულიან, ხის ლამაზი აივნით დამშვენებულ შენობაში სამონასტრო ცხოვრება 2005 წლიდან დაიწყო. მონასტერს თავად მეუფე სტეფანე წინამძღვრობს.- ეს ისეთი წმინდა ადგილია, რომ არ შეიძლებოდა აქ მონასტერი არ დაგვეფუძნებინა. ღვთის წყალობით, გამოჩნდნენ ღვთისნიერი ადამიანები - ზურაბ და ზვიად ლიპარტელიანები, რომლებმაც ჩემი სურვილი განახორციელეს და წმინდა მაქსიმეს ტაძრის გარშემო მონასტრის მშენებლობა დააფინანსეს.
წმინდა მაქსიმეს წმინდა ნაწილები, მოგეხსენებათ, ამ პატარა ტაძრის ტრაპეზის ქვეშ განისვენებს. დიდი სურვილი მაქვს, იქვე საფლავის აღმნიშვნელი წარწერაც გაკეთდეს და უფრო უკეთესად მოეწყოს ის ადგილი. ზურაბ და ზვიად ლიპარტელიანებმა დიდი სამლიტრიანი კანდელი შემოგვწირეს, რომელიც ტრაპეზის ზემოთ კედელზე განვათავსეთ. ეს ჩაუქრობელი კანდელია. აქედან ზეთს მცირე ჭურჭელში ვასხამთ და სიწმინდეს მორწმუნე მრევლს ვურიგებთ. ზეთის ცხების დროსაც ვაცხებთ ხოლმე. ტაძრის უკანა მხარე ის ადგილია, სადაც შეიძლება წმინდანის საფლავი მიწას ეხებოდეს. იქიდან მიწას ვიღებთ და იმასაც მრევლს ვურიგებთ. იქვეა წმინდა მაქსიმეს წყარო. აი, ამ სიწმინდეებს ვუნაწილებთ მონასტერში მოსულ მორწმუნეებს.
- მეუფეო, როგორ დაიწყო წმინდა მაქსიმეს მონასტერში სამონასტრო ცხოვრება?
- ვიდრე ეპისკოპოსად დამადგენდნენ, ჭულევის მონასტრის წინამძღვარი ვიყავი. ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ იქიდან თან გამომყვნენ ბერი და მორჩილი. დღეს წმინდა მაქსიმეს მონასტერში ორი ბერია - არქიმანდრიტი ანტონი და მღვდელმონაზონი ილარიონი, დიაკვან იორამსა და მორჩილ დავითთან ერთად. არიან ისეთებიც, ვინც სამონასტრო ცხოვრებას ეჩვევა. წმინდა მაქსიმეს მონასტერში თითოეული მათგანი სხვადასხვანაირად მოვიდა. არქიმანდრიტი ანტონი ეპარქიაში დამხვდა, მეუფე ნიკოლოზმა გადმოიყვანა კახეთიდან. მამა ილარიონი საფარის სასულიერო სემინარიაში ჩემი სტუდენტი იყო. მამა იორამი ადრე მეუფე კალისტრატესთან იყო, შემდეგ მონასტრის აშენებამდე ჩემს რეზიდენციასთან ახლოს ცხოვრობდა. როცა მონასტერი გავხსენით, აქ დაიწყო მოღვაწეობა. მორჩილი დავითი ცაგერში ტაძარში დადიოდა წირვა-ლოცვებზე, შემდეგ მონასტერში დარჩენა მთხოვა და ახლა მორჩილია.
- მონასტრის შიდა ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
- მონასტერში ყოველდღე ტარდება შუაღამიანი, ცისკარი, ჟამნობა, წირვა და მაქსიმე აღმსარებლის პარაკლისი. მონასტრის წევრები დილით ხუთის ნახევარზე დგებიან. 11 საათზე ტრაპეზი გვაქვს. შემდეგ ისინი სხვადასხვა მორჩილებას ასრულებენ. საღამოს 6 საათზე, ლოცვის შემდეგ, მეცხრე ჟამი და მწუხრი ტარდება, შემდეგ - ტრაპეზი, შემდეგ კი სერობა.
გვაქვს ჩვენი მცირე მეურნეობა. აქედან ოდნავ მოშორებით ნაკვეთებია, რომლებიც ადრე მაქსიმე აღმსარებლის მონასტერს ეკუთვნოდა. ერთ-ერთმა მოსახლემ თავისი ნაკვეთი გადმოგვცა და იქ ლობიო და სიმინდი მოგვყავს. მონასტრის ეზოში მოწყობილია ჯვრის ფორმის სანათლავი ემბაზი. მისი ავტორია ახალციხის უნივერსიტეტის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი რამაზ კორშია.
- მეუფე სტეფანე, მონასტერში თავისით მოსული ფუტკრების ამბავს ხომ არ გაიხსენებთ?
- ერთხანს გვინდოდა, წმინდა მაქსიმეს მონასტრის ეზოში ფუტკარი გაგვეშენებინა, მაგრამ მრავალი პრობლემის გამო გადავიფიქრეთ. ერთ მშვენიერ დღეს ეზოში ფუტკრების გუნდი შემოფრინდა და ერთ-ერთ ხეზე დაიდო ბინა. რაღა უნდა გვექნა, აიღეს ბიჭებმა და ფეხსაცმლის ყუთში ჩასვეს. შემდგომ სკა შევჭედეთ და იქ მოვათავსეთ. არც ფიჭის ფირფიტები გვქონდა. იმ წუთას ვერსად ვიშოვეთ და როცა მოვიტანეთ, ავხადეთ სახურავი და რას ვხედავთ - ფუტკრებს თავისით გაუკეთებიათ ფიჭა. ისეთი გემრიელი თაფლი მოგვცეს, ყველას გაგვიკვირდა. ძალიან ძლიერი ძირია და რაკი წმინდა მაქსიმეს ლოცვა-კურთხევით მოვიდნენ, მაქსიმეს ფუტკრები დავარქვით.
- თქვენ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას იკვლევთ. ამ საკითხს კონფერენციაც მიუძღვენით...
- საქართველოში არსებობს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შრომების, ცხოვრებისა და მემკვიდრეობის ქართული ხელნაწერების შემსწავლელი ჯგუფი ქალბატონ თამილა მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით. ამ ჯგუფთან თანამშრომლობით მოეწყო კონფერენცია, სადაც მთელი მსოფლიოს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. კონფერენციაზე განვიხილეთ წმინდა მაქსიმე აღმსარებელთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. მომავალში ამ შრომების გამოქვეყნებას ვაპირებთ. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, თუ დაფინანსება იქნება, გვინდა წმინდა მაქსიმეს საფლავისა და სქიმერის ნანგრევების მეცნიერული შესწავლა, არქეოლოგიური გათხრების ჩატარება.
მაგრამ მხოლოდ მეცნიერული კვლევა არაფერს მისცემს ადამიანს, თუ ეს კვლევა არ იქნება შეზავებული იმ უდიდეს სიწმინდესთან, რომელიც ჰქონდა წმინდა მაქსიმე აღმსარებელს. უპირველეს ყოვლისა, მის ნაშრომებსა და ცხოვრებაში უნდა დავინახოთ ის ღვთაებრივი მაცხოვნებელი ძალა, რომელიც გააძლიერებს ადამიანს და სულის ცხონების გზაზე დააყენებს. შეგვეწიოს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ლოცვები სულის ცხონებისკენ მიმავალ ვიწრო და ეკლიან გზაზე.