წმინდა იოანე ზედაზნელი VI საუკუნეში საქართველოში მოსული თორმეტი ასურელი მამის წინამძღვარი იყო.
იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა გონიერებით. სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. განმარტოებით ლოცვის მოყვარულ იოანეს მეუდაბნოება იზიდავდა. სასულიერო განათლების დასრულებისთანავე, სრულიად ახალგაზრდამ, დატოვა ანტიოქია და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება სათნოეყო უფალს და სენთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიმადლა. სახელგანთქმულმა წმინდა მამამ მრავალი მოწაფე გაიჩინა.
იოანემ სიჭაბუკიდანვე მძიმე უღელი იტვირთა, განმარტოვდა და ბერად შედგა. ბერმა მოკლე ხანში მიაღწია სულიერ სისრულეს. დაუცხრომელი მლოცველი, ფიცხელი მემარხულე და სრულმა თავმდაბლობამ მალე სახელი გაუთქვა მას ანტიოქიაში. ნაკადულივით დენა დაიწყო მასთან გაჭირვებულმა ხალხმა და ისიც, ღვთის სახელით, არავის ისტუმრებდა უნუგეშოდ.
იოანესაგან განკურნებულმა და სულიერად დარწყულებულებმა უფრო შორს წაიღეს მისი სახელი, უფრო მეტად გაახმაურეს მისი სათნოება; ხალხმაც ხმამაღლა იწყო მისი ქება და დიდება, პატივისცემა და სიყვარული, რაც ზნეობრივი სასჯელი იყო წმინდანისათვის. ეს ვეღარ აიტანა მისმა სულის სიმდაბლემ, მისმა კდემამოსილობამ და იძულებული შეიქნა, დასთხოვოდა თავის საცხოვრებელს და მიეშურებინა უგზო უდაბნოსთვის.
მაგრამ შეუძლებელია სიწმინდის დაფარვა. იგი ქვესკნელიდანაც ცხადად გამოსჭვრეტს, მისი სხივი სქელ კედელსაც დაუბრკოლებრივ ატანს, მის სინათლეს ვერავითარი შავი ფარდა, ღრუბელი და სისქე ვერ იჭერს. ისევ ჩქარა გამომჟღავნდა იოანეს ახალი ბინაც, ისევ ჩქარა მიაგნო მორწმუნე საზოგადოებამ დიდებულ წმინდანს და ახლა აქ მოზღვავდა ხალხი, ახლა აქ იწყო მან იოანეს ქება-დიდების ღაღადი.
მყუდროების მოტრფიალე წმ. იოანე ემზადებოდა, გაშორებოდა ხმაურს, გარდახვეწილიყო ისეთ ქვეყანაში, სადაც არავინ იცნობდა, არავის გაეგონა მისი სახელი. აი, ამ დროს გამოეცხადა მამა იოანეს ის, ვისი წილხვდომილიც არის ჩვენი ქვეყანა, ვინც ქართველ ერს მოუვლინა განმანათლებლად ჯერ მოციქული ანდრია პირველწოდებული და შემდეგ წმინდა ნინო, გამოეცხადა დედა ღვთისა და უბრძანა: თორმეტი რჩეული მოწაფით წადი ივერიაში და იქ ახლად მოქცეული ქართველები განამტკიცე ჩემი ძის სარწმუნოებაში, ახალმონათლულ ქართველებს შეაგნებინე, შეათვისე და შეასისხლხორცე ქრისტეს სახარება, ახალმოქცეულ ქრისტეს სამწყსოს მიეცი თვალ-დასანახი მაგალითი ღვთისნიერი წმინდა და სათნო ცხოვრებისა, აღზარდე სულიერი მწყემსები ქრისტეს ცხოვართა და იქაც აანთე მონაზვნური მოღვაწეობის წმინდა კერაო.
ამ დროს ქართლში, ერთი მხრივ, სპარსელები ბატონობდნენ და ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ ქართველების გადაბირებას ცეცხლთაყვანისმცემლობაზე. მეორე მხრივ კი მონოფიზიტობა ცდილობდა ფეხის მოკიდებას მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს მიერ ქრისტიანობასთან ნაზიარებ ივერიაში. უფალი ძნელბედობის ჟამს უნუგეშოდ არ ტოვებდა მრავალჭირნახულ საქართველოს. ახლაც ასე მოხდა, ასურეთიდან წმინდა იოანე ზედაზნელი თორმეტ მოწაფესთან ერთად ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით წარმოგზავნა ქართველთა სარწმუნოებაში განსამტკიცებლად.
წმინდა იოანემ ღრმად დაიმარხა გულში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება, დაიბარა მოწაფეები და უბრძანა: ამ ათი დღის განმავლობაში განსაკუთრებული გულსმოდგინებით და მუყაითობით ილოცეთ და იმარხულეთო. გავიდა ათი დღეც, კვლავ მოუწოდა ყველას და მიმართა:-შვილებო და საყვარელნო ძმანო ჩემნო. ვხედავ, რომ თითოეული თქვენგანი აღვსილია ღვთის მადლითა და კურთხევით.
მე მებრძანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან, რომ ავირჩიო თქვენ შორის თორმეტი და მათთან ერთად წავიდე აქედან ივერიაში იქაური ნორჩი ეკლესიის განსამტკიცებლად. რომელიმე თქვენგანი გულნაკლულად რომ არ დარჩეს, დაწერეთ თითოეულმა თქვენი სახელი ქაღალდზე, მერე ყველა წმინდა ტრაპეზზე დავაწყოთ, მთელი ღამე ერთად ვილოცოთ, რომ თვითონ უფალმა უჩვენოდ მოახდინოს ეს არჩევანიო.
აღასრულეს მოძღვრის ბრძანება ძმებმა, მთელი ღამე მხურვალე ლოცვით გაათენეს, დადებულ დროს შეასრულეს წირვა, ყველანი დიდი შიშითა და კრძალულებით ეზიარნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცსა და შემდეგ დაჩოქილებმა ხელთაპყრობით იწყეს "უფალო შეგვიწყალენის" ლმობიერად გალობა. მამათა ღაღადმა გასტანა საათზე მეტი.
ამ დროს წმინდა ტრაპეზზე დალაგებულ ქარტიათაგან ყველას დასანახად ანგელოზმა აარჩია თორმეტი ფურცელი და მისცა ხელში წმინდა იოანეს. ფურცლებზე ეწერა სახელები: შიოსი, დავითისა, ანტონისა, თადეოზისა, სტეფანესი, ისიდორესი, მიქაელისა, პიროსისა, ზენონისა, ისესი, იოსებისა და აბიბოსი.
გადმოცემის თანახმად, საქართველოში გამომგზავრების წინ ასურელი მამები ეახლნენ წმინდა სვიმეონ მესვეტეს და ლოცვა-კურთხევა გამოითხოვეს მრავალმოღვაწე ბერისგან.
იმხანად ქართლის მეფე ფარსმანი გახლდათ, კათალიკოსი კი-ევლოგი. მათ ნათელმოსილი ანგელოზისგან ეუწყათ, თუ ვინ იყვნენ საქართველოში მომავალი ასურელი მამები და რა ძვირფასი საუნჯე მოჰქონდათ.
მცხეთას მოახლოებულ წმინდა მამებს კათალიკოსი და საქართველოს მეფე ამალითურთ მიეგებნენ. კვლავ სასწაული აღასრულა ღმერთმა: სახელებით მიმართეს ერთმანეთს ქართველთა კათალიკოსმა და ასურელმა მამებმა, რომლებიც ქართულად ამეტყველდნენ.
კარგა ხანს დარჩნენ ასურელი მამები მცხეთაში, კათალიკოს ევლოგისთან. თაყვანი სცეს სვეტიცხოველს, უფლის კვართს, მოილოცეს წმინდა ნინოს მიერ მოვლილი ადგილები. ასურელი მამები დაუცხრომლად ქადაგებდნენ უფლის სიტყვას ქართველთა შორის, კურნავდნენ ათასგვარი სენით დაუძლურებულ ავადმყოფებს.
უფრო რომ გაეღრმავებინა თავისი საღვთო მოქმედება და მეტი სიმარჯვით შესდგომოდა ქართველთა სულიერ განვითარებას, წმინდა იოანემ დატოვა მცხეთა და თავისი მოწაფეებით დაემკვიდრა იმ მთის წვერზე, რომელზეც ოდესღაც ამართული იყო ზადენის კერპი.
იოანეს მოსწონებია ზედაზენის მთა და ამიტომაც მიუღია ზედწოდება ზედაზნელი. მთაზე ასასვლელად წმინდა მამებს ადიდებული არაგვი უნდა გადაელახათ. მამა იოანემ მიმართა მამა შიოს: "ილოცე, მამაო, რომ ღმერთმა მშვიდობით გადაგვიყვანოს".
წმინდა შიო უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვარს, აღმოსავლეთით სამჯერ მოიდრიკა მუხლი, წყალს ჯვარი გადასახა და წარმოთქვა: "ჩვენი მამა იოანე გიბრძანებს, წყალო, დინება შეაჩერო". მდინარესთან გასაცილებლად მისული კათალიკოსის, ეპისკოპოსებისა და ხალხის თვალწინ მოხდა სასწაული: მდინარე შედგა, სანამ მამები მეორე ნაპირზე გადავიდოდნენ. ასურელმა მამებმა მთაზე, პატარა გამოქვაბულში გამართეს ეკლესია.
მამა იოანე, მოწაფეებთან ერთად, უბადრუკ სენაკში ცხოვრობდა, დროს გამუდმებულ ლოცვაში ატარებდა და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდა.
იმ დღიდან ზედაზნის მთის თხემი შეიქნა ქართველებისთვის გზის მაჩვენებელ კანდელად. აქედან გამომკრთალმა სინათლის სხივებმა შეაშუქეს ქართველების ოჯახებში და მრავალს აღუძრეს წრფელი სურვილი სულიერი მოღვაწეობისა, სიწმინდის გზაზე დადგომისა, სახარების შეგნებისა; ქართლის მცხოვრებლებმა გაკვალეს გზა მანამდე მიუვალ ზედაზნის მთისკენ და ათასობით მიდიოდნენ დიდებულ მოძღვარ იოანესთან, რომ დამტკბარიყვნენ მისი სათნო სწავლა-მოძღვრებით და თანაც მისი წმინდა ოლარის ქვეშ ჩამოეხადათ პირად ცოდვათა ტვირთი.
იმ ხანებში ორი ეპისკოპოსი გარდაიცვალა-წილკნისა და ნეკრესისა. კათალიკოს ევლოგის ეპისკოპოსებად იოანე ზედაზნელის მოწაფეების დადგენა სურდა, ამიტომ ეკლესიის მსახურებთან ერთად ზედაზნის მთას ეწვია, რათა მამებიდან ორი ახალი ეპისკოპოსი გამოერჩია იმის მიხედვით, ვინც იმ დღეს უსისხლო მსხვერპლს შესწირავდა უფალს. აბიბოსი და ისე წირავდნენ. მათ კათალიკოსმა ღვთის ნება აუწყა და აკურთხა აბიბოსი-ნეკრესის, ისე კი-წილკნის ეპისკოპოსად.
ერთ ღამეს კვლავ ჰქონდა ჩვენება წმინდა იოანეს. მას ღვთისმშობელი და წმინდა ნინო გამოეცხადნენ და უბრძანეს, თავისი მოწაფეები საქართველოს სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. ორი წლის ერთად მოღვაწეობის შემდეგ, კათალიკოს ევლოგის კურთხევითა და წმინდა იოანეს რჩევა-დარიგებით, დავითი, ანტონი, იოსები, სტეფანე და ზენონი კახეთში გაემგზავრნენ, შიო, პიროსი, მიქაელი, თადეოზი და ისიდორე-ქართლში. თითოეულს სასურველი ადგილისკენ სულიწმინდა მიუძღოდა. წმინდა მამებმა მრავალი ქართველი დაიმოწაფეს, განსწავლეს ბერულ ცხოვრებაში. მათ მიერ დაარსებულ მონასტრებში დღესაც დაუცხრომლად ჩქეფს სულიერი ცხოვრება.
სამშობლოდან წამოსვლისას წმინდა იოანეს თან წამოეღო წმინდა მოწამეთა ნაწილნი, რომელნიც სულ თან ჰქონდა და უძვირფასეს განძად მიიჩნევდა. მათ ევედრებიან და ნუგეშცემულნი არიან მათგან. ჭეშმარიტად, ეს უდიდესი საგანძური, ყველა თვალზე პატიოსანი, მოწამეთა ძვალნი, მხნე მხედრებისა, რომელთაც დაანთხიეს სისხლი იმისთვის, ვინც თავისი სისხლით გამოგვისყიდა ჩვენ. მამა იოანეს წინ ედო წმინდანთა ნაწილები.
თითქოს ხედავდა დღეებს მათი ბრძოლისა, ისე ფიქრობდა მათზე და განიცდიდა თითოეულის სატანჯველს. ყოველდღე მარტვილობდა და თავის ღვაწლს შეჰმატებდა, ევედრებოდა მათ და დიდი სურვილით ემთხვეოდა. ზოგჯერ სამოღვაწეოდ გზავნიდა მოწაფეებს და მფარველად ატანდა წმინდა მოწამეთა ნაწილებს. მოწაფეები იმ წმინდანების სახელით ეკლესიებს აშენებდნენ.
მოწაფეების გასტუმრების შემდეგ იოანე ზედაზნელმა და ილია დიაკონმა უწინდებურად გააგრძელეს მოღვაწეობა. იოანეს ლოცვა ცად აღევლინებოდა და ჰაერს განწმენდდა. კეთილის მოძულე ბოროტი სულები, რომლებიც ადრე დამკვიდრებულიყვნენ იმ მთაზე, ვერ ეგუებოდნენ წმინდა იოანეს, ლოცვასა და ვედრებას. ერთ დღეს აჯანყდა ყველა ბნელი ძალა და გაილაშქრეს წმინდა ბერზე, სხვადასხვა ხერხით დაუწყეს ბრძოლა, ააფორიაქეს გარემო. დღე და ღამე თავს ესხმოდნენ, აშინებდნენ, რაც ძალა ჰქონდათ, ცდილობდნენ, კლდიდან გადმოეგდოთ.
მაგრამ ნეტარი ბერი აღიჭურვებოდა ქრისტეს ჯვრით და არად აგდებდა მათ განზრახვას. "აჰა,-ეუბნებოდა,-აქ ვარ, იქნებ შენდობა მიიღოთ".
ერთ დღეს ეშმაკთა მთელი ეს სიმრავლე ცხადად გამოჩნდა, შემოეხვივია იოანეს და ეუბნებოდნენ: "რისთვის მოხვედი აქა?" ერთმა მათგანმა, ბოროტთაგან უმთავრესმა, სახელით მიმართა: "იოანე, რატომ გვეცილები, ან საიდან მოხვედი. ჩვენია ეს ადგილი და შენ აქ ყოფნის უფლება არ გაქვს. არ იცი, რომ ვერ შეგვეწინააღმდეგები, შენი კადნიერება ბოლოს მოგიღებს, რადგან ვერ შეძლებ ჯანყს წინ აღუდგე, თავს ნუ მოიტყუებ".
ნეტარმა იოანემ მიუგო: "კეთილი არასოდეს განგიზრახავთ ჩვენი მოდგმისათვის და მე როგორ დაგიჯეროთ? თქვენი ადგილი ბნელეთია, იქ წადით." შემდეგ წმინდა ბერმა პირდაპირ ბოროტს მიმართა: ,,ო, დამსმენო, შენ ის არა ხარ, ვინც სამოთხე ფუფუნებისა წამართვი? რადგან ჩემი იყო; შენ ამგვარივე ღონე იხმარე ადამის მიმართ და იგი იქიდან გამოაძევე.
მაგრამ ღმერთმა ვერ მოითმინა თავისი ხატების სრული შეურაცხყოფა, მოვიდა, პოვა იგი ლაფში დამარხული, წამოაყენა, განაახლა და განკურნა ყველა შენ მიერ გვემული. და აი, დღეს ყოველი კუთხიდან იდევნები მის ნაშობთაგან, რადგან განეფინა საბოძვარნი მთელ ქვეყანას და შენი ადგილი აღარ დარჩა, გარდა ბნელეთისა. როგორც შენ თვითონ მოიძულე ნათელი და შეიყვარე ბნელი, ანგელოზი იყავი და სატანა გახდი, მაქებელი იყავი და მაცდური გახდი. ხოლო ჩვენ შენ მიერ მზაკვრობით აღთქმული ადგილი მთლიანად წაგართვით და აი, ასეთი სამკვიდრებლიდან ცად გადავდივართ".
ეშმაკთა სიმრავლე ქრისტეს ძალით სასწრაფოდ განშორდა იოანეს. იმწამსვე, ზედაზენის მთიდან გამოვიდა ხშირი და ბნელი ნისლი და ჩრდილოეთით გაუჩინარდა. წმინდა ბერი კი მადლობას სწირავდა ღმერთს, როცა მათი დაცემა და წარწყმედა იხილა.
იმ მთის მიდამოებში ეს ამბავი ყველამ შეიტყო.
წმინდა იოანეს მიერ აღსრულებული სასწაულები
წმინდა მამის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა. იმ დროს, როცა წმინდა იოანე თავის მოწაფეებთან ერთად ზედაზენის მთაზე დაემკვიდრა, ახლომახლო წყალი არ იყო. ილია დიაკონი ყოველდღე შორიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის შემხედვარე წმინდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა.
სახიერმა უფალმა ისმინა ვედრება და მთის წვერზე მაკურნებელი წყარო აღმოაცენა. წმინდა იოანეს საფლავის დასავლეთით დღესაც არის აუზი, სადაც სასწაულებრივად აღმოცენებული წყარო მოედინება. ზედაზნის მონასტრის წყაროს შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს: "ამ ეკლესიის კამარიდამ წვეთს წყალი და უდგას ქვემოთ ავაზანი ქვისა და შეიკრიბვის მას შინა, არა გადმოედინების და არცა აღმოივსებით უკუეთუ აღმოიღო რითმე და ჰკურნებს სენთაცა". გადმოცემით, იოანე ზედაზნელის მონასტრის წყარო წმინდანთა ცრემლებია. არის ასეთი ცნობაც, რომ წყარო ბარომეტრი იყო მოსავლისა. თუ ავაზანი აივსებოდა, იმ წელს კარგი მოსავალი იყო მოსალოდნელი, თუ არა-ცუდი.
ერთ დღეს ილია დიაკონმა წყაროსთან დათვი ნახა. შეშინებულმა მოძღვარს მიაშურა და უამბო, რაც ნახა. წმინდა იოანე მშვიდად მიუახლოვდა წყაროს და ნადირს მიმართა: ,,თუ ეს წყალი არ დაგილევია, სვი და წადი. უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით გეუბნები, აღარასოდეს მიაყენო ბოროტება და ვნება ადამიანებს, რომლებსაც მთაზე შეხვდები".
ბერის ლოცვით დათვი მოთვინიერდა და მორჩილად წავიდა. იოანემ და მისმა მოწაფეებმა ღვაწლით სულიერების ისეთ საზომს მიაღწიეს, რომ, როგორც ადამს სამოთხეში, მათაც ისე მორჩილებდნენ ცხოველები. ღირსი შიო მღვიმელის ლოცვით, მღვიმესთან თავმოყრილმა უდაბნოს მხეცებმა, რომლებიც თავს ესხმოდნენ ბერების საქონელს, მორჩილებით დატოვეს მონასტრის მთა. წმინდა შიომ დაიტოვა მხოლოდ ერთი მგელი, რომელსაც ვირების მწყემსვა დაავალა. მგელი ერთგულად აღასრულებდა დავალებას.
ერთხელ იოანე ზედაზნელს საკაცით მიუყვანეს დავარდნილი კოჭლი, რომელსაც მთელი სხეული დაწყლულებოდა და სთხოვეს: ,,შეიწყალე, წმინდაო, ეს სნეული, რადგან გვწამს, რომ ქრისტეს ძალით შეგიძლია განკურნო". კოჭლიც ევედრებოდა წმინდა ბერს: ,,შემიწყალე, წმინდაო, შემიწყალე დაუმარხავი მკვდარი, მცირედი მადლი მიბოძე, რათა განვიკურნო". იოანეს თუმცაღა ეს საქმე თავისთვის საძნელოდ მიაჩნდა, გაახსენდა პავლე მოციქულის სიტყვა, რომელიც ამბობს: ,,ძლიერებმა უძლურნი იტვირთეთ". ამიტომ უთხრა: ,,განგკურნავს შენ უფალი ჩვენი იესო ქრისტე". ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე წამოდგა ფეხზე კოჭლი და მისი სხეულის სნეული ნაწილები განიკურნა. ვინც ეს იხილა, მადლობას სწირავდა ღმერთსა და წმინდა იოანეს.
ერთხელ წმინდა მთაზე ბოროტით შეპყრობილი ცოცხალ-მკვდარი მამაკაცი აიყვანეს და წმინდა მამას სთხოვეს, უფლის წინაშე მისი განკურნებისთვის ელოცა. წმინდა იოანეს ლოცვის მეოხებით სნეული ფეხზე დადგა.
ნუ გიკვირთ, ძმებო! მე კი არა ვარ მკურნალი, არამედ უფალი ჩვენი იესო ქრისტეო,-ეუბნებოდა ღირსი მამა მისი სასწაულებით განცვიფრებულ ხალხს.
იოანემ მოისურვა თავისი მოწაფეების მონახულება და პირველად მივიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წილკანში, სადაც ისე იმყოფებოდა, შიოც იქ დაიბარა. შეიკრიბნენ წმინდა მამები და მოიკითხეს ერთმანეთი. შემდეგ იოანემ, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ღვინო მოითხოვა. როდესაც ილია დიაკონმა მოართვა ჭიქა ღვინით, იოანემ გამოართვა, ჯვარი გამოსახა და ხელი გაუშვა ჭიქას. ჭიქა ჰაერში გაჩერდა და იყო ასე ერთ ხანს, სანამ იოანემ ისევ არ მოჰკიდა ხელი.
* * *
ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმინდა იოანეს უფლისაგან ეუწყა აღსასრულის მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაუბარა, იმ მღვიმეში დაესაფლავებინათ, სადაც მოღვაწეობდა. უფლის წმინდა სისხლისა და ხორცის მიღების შემდეგ ღირსმა იოანემ იხილა განხმული ცა და ზეციური უხორცო ძალნი წმინდათა თანხლებით. წმინდა მამა იოანემ ლოცვით მიაბარა სული უფალს.
გარდაცვალების წინ წმინდა იოანე ზედაზნელი ამგვარად არიგებდა სულიერ შვილებს: "ძმანო ჩემნო, თქვენც მარადის მოელოდეთ სიკვდილს და განეკრძალეთ ეშმაკის მახეებისგან, რადგან ბოროტი იგი მტერი "უმზირს ბრჭალთა (ფეხის ქუსლი) სულისა ჩვენისათა", და ვერავინ გაექცევა მათ ხელთაგან, თუ მარხვით, ხორცთა სიწმინდით არ მიიღებს ღვთისაგან ძალას. ამისთვისცა გევედრებით, შვილნო ჩემნო, რათა ყოველ ჟამს მღვიძარე იყოთ და სიწმინდით მსახურებდეთ უფალს".
მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა უპატიოდ მიიჩნიეს მღვიმე წმინდა მამის საფლავად და ზედაზნის ძირას მდებარე მონასტერში წაასვენეს. მოულოდნელად მიწა იძრა და იქამდე გაგრძელდა, სანამ მოწაფეებმა მოძღვრის ანდერძი არ გაიხსენეს და არ გულისხმაყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო. მოძღვრის წმინდა ნაწილები პატივით აღმოიყვანეს საფლავიდან და ანდერძისამებრ მღვიმეში დაკრძალეს. წმინდა ნაწილთაAაღმოყვანებისას მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა.
X საუკუნეში, კათალიკოს კლიმენტის დროს, მღვიმის სამხრეთით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. დღეს წმინდა იოანე ზედაზნელის საფლავი ტაძრის სამკვეთლოსთანაა.
ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფის ღვაწლი უდავოდ დიდია. ასურელმა მამებმა, რომლებიც საქართველოში მონაზვნური ცხოვრების ფუძემდებლებად ითვლებიან, თავიანთი მოღვაწეობით ქართველი ერი სარწმუნოებაში განამტკიცეს.
ისინი ისეთივე მხსნელად მოევლინნენ სპარსთაგან შევიწროებულ საქართველოს, როგორც წმინდა ნინო-წარმართულ ივერიას. თოთხმეტი საუკუნის წინ მათ მიერ დაარსებულ მამათა მონასტრებში დღესაც ჩქეფს სულიერი ცხოვრება. ცამეტი ასურელი მამის ლოცვითა და მადლით ამჟამადაც უამრავი სასწაული აღესრულება. მათ საფლავებზე მისული მომლოცველები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან იკურნებიან.
ხატის წყარო.
.......................
აქვე წაიკითხეთ:
ასურელი მამები
ღვთის ანგელოზმა ყველას დასანახად აიღო ტრაპეზიდან თორმეტი ფურცელი და წმინდა იოანეს გადასცა
ცრემლებს კურნების სასწაულებრივი ძალა გააჩნია
20 მაისს წმინდა იოანე ზედაზნელის ხსენებაა. შეგვეწიოს მისი მადლი!
20 მაისს წმიდა იოანე ზედაზნელის ხსენებაა
ასურით აღმობრწყინვებულნი ვარსკვლავნი
მათ მიერ დაარსებულ მონასტრებში დღესაც დაუცხრომლად ჩქეფს სულიერი ცხოვრება
წმინდა იოანეს ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა
ცამეტი ასურელი მამა
ცამეტი ღირსი ასურელი მამის მადლი გვფარავდეს!
ტროპარ-კონდაკი ღირსისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მოწაფეთა მისთა
ღირსი იოანე ზედაზნელი სვიმეონ მესვეტის მოწაფე იყო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი