

ღირსი იოანე ზედაზნელი და ღირსი სვიმეონი
განდეგილობის დამკვიდრებას საქართველოში ასურელ მამათა შემოსვლამ მისცა დასაბამი. მათი სულიერი მოძღვარი, იოანე ზედაზნელი, სვიმეონ მესვეტის მოწაფე იყო. წმინდა მამები თავდაპირველად მცხეთის ახლოს, ზედაზნის მთაზე, დასახლდნენ და მთის მცენარეებით იკვებებოდნენ. მათი ასკეტური ყოფა მრავალი მორწმუნისთვის გახდა მისაბაძი და მალე ზედაზენზე განდეგილთა პირველი დასახლება გაჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ ასურელი ბერები მამა იოვანეს დავალებით თითო მოწაფესთან ერთად მთელ საქართველოში მიმოიფანტნენ. რამდენიმე მათგანმა ხალხისგან მოშორებულ ადგილებში განაგრძო სულიერი მოღვაწეობა. განმარტოებით დასახლებულ მამათა წმინდა ცხოვრების ამბავი მალე გავრცელდა ხალხში და დაიწყო "რწმენით გამორჩეულთა" შეკრება მათ ირგვლივ. განდეგილურ ცხოვრებას ირჩევდნენ დიდგვაროვანნიც და მდაბიონიც. განსაკუთრებით ბევრმა განდეგილმა ბერმა მოიყარა თავი გარეჯის უდაბნოში, სადაც ასურელი მამა დავითი დასახლდა. მან დააწესა, რომ ახალმოსულებს კლდეში გამოკვეთილ სენაკში სამი წელი განმარტოებით უნდა ეცხოვრათ. ეს ერთგვარი გამოცდა იყო მათთვის. უდაბნოში დასახლების მსურველები ლოცვასა და მარხვაში ატარებდნენ დროს. მრავალი მათგანი გამოსაცდელი ვადის შემდეგაც განდეგილობას ირჩევდა და სიცოცხლის ბოლომდე თავის სენაკში რჩებოდა.