ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
ერთხელ პაფნუტიმ გადაწყვიტა, მოენახულებინა მეუდაბნოე ბერები და მათივე მონათხრობიდან შეეტყო, როგორ ცხოვრობდნენ ისინი. ღირსმა მამამ დატოვა სავანე და უდაბნოს სიღრმეში შევიდა; ოთხი დღის შემდეგ მიადგა გამოქვაბულს, რომელშიც დიდი ხნის წინ აღსრულებული მოხუცი მოსაგრის უხრწნელი ცხედარი ესვენა, პატივით დაკრძალა იგი და გზა განაგრძო. მომდევნო ოთხი დღის შემდეგ წმიდა ბერი კიდევ ერთ გამოქვაბულს გადააწყდა. ქვიშაზე დარჩენილი ნაფეხურები მოწმობდა, რომ აქ ვიღაც ცხოვრობდა. მზის ჩასვლისას გამოჩნდა ხარების ჯოგი და მათ შორის მომავალი ადამიანი, რომელსაც შიშველ ტანზე გრძელი თმები სამოსელივით ჩამოჰფარებოდა. ეს იყო ტიმოთე მეუდაბნოე. ნეტარმა მოსაგრემ პაფნუტის დანახვაზე იფიქრა, ბოროტი მაცთუნებსო და ლოცვა დაიწყო, მაგრამ ბერმა დაარწმუნა, ცოცხალი ადამიანი ვარო, ქრისტიანი. ღირსმა ტიმოთემ სიყვარულით მიიღო სტუმარი და უთხრა, 30 წელია, რაც უდაბნოში ვცხოვრობ და მთელი ამ ხნის მანძილზე ადამის მოდგმისგან არავინ მინახავსო. სიჭაბუკეში ტიმოთე თურმე მონასტერში მოღვაწეობდა, შემდგომ მან დატოვა სავანე და ქალაქის მახლობლად დასახლდა, სადაც კერვით ირჩენდა თავს. ერთხელ ქალმა წმინდანს სამოსელი შეუკვეთა, ბოროტისგან ძლეული მოსაგრე კი მასთან ცოდვით დაეცა. როცა გონს მოეგო, სირცხვილეული ბერი ღრმად შევიდა უდაბნოში და მოთმინებით იტანდა ყოველგვარ მწუხარებასა და სნეულებას, როგორც დამსახურებულ სასჯელს. როცა ის უკვე მზად იყო, რომ შიმშილით მომკვდარიყო, ღვთის ნებით, სასწაულებრივ განიკურნა.
ამ დროიდან მოყოლებული ტიმოთე მშვიდად ცხოვრობდა სრულ მარტოობაში. ღირსმა პაფნუტიმ სთხოვა ბერს, დაერთო მისთვის უდაბნოში დარჩენის ნება, მაგრამ მან უპასუხა, ვერ შეძლებო, აკურთხა იგი და საგზლად ფინიკები და წყალი გაატანა.
მეჩვიდმეტე დღეს წმიდა მამამ მთას მიაღწია და დასასვენებლად ჩამოჯდა. უეცრად დაინახა მისკენ მომავალი ბერი, რომელსაც სხეულს თოვლივით თეთრი, დატალღული თმა უფარავდა, ბარძაყებზე კი ფოთლები ჰქონდა შემოხვეული. როგორც აღმოჩნდა, უდაბნოს ეს უცნობი მკვიდრი ონოფრე დიდი იყო.
ღირსმა ონოფრემ უკაცრიელ უდაბნოში სამოცი წელი დაჰყო სრულიად მარტოდმარტომ. ის თებაიდაში, ერითის მონასტერში იზრდებოდა. აქ შეიტყო უდაბნოში მოღვაწე ბერების უმძიმესი და უმაღლესი ღვაწლის შესახებ, მათი მიბაძვის სურვილით აენთო და ერთხელ, ღამით ფარულად დატოვა მონასტერი. წინ მანათობელი სხივი მიუძღოდა, ამან ისე შეაკრთო, რომ გაბრუნებაც დააპირა, მაგრამ მფარველმა ანგელოზმა გზის განგრძობისკენ მოუწოდა. ასე ჩააღწია ღირსმა მამამ ერთ მეუდაბნოე ბერამდე და მას დაემოწაფა. როცა მოძღვარი დარწმუნდა, რომ ონოფრე საკმაოდ განმტკიცდა დემონის საცთურებთან ბრძოლაში, სამოღვაწეო ადგილი მიუჩინა მას და განშორდა. ამის შემდეგ იგი წელიწადში ერთხელ აკითხავდა სულიერ შვილს, რამდენიმე წლის შემდეგ კი ერთი ასეთი სტუმრობის დროს, მიიცვალა.
პაფნუტის თხოვნით ღირსმა ონოფრემ მოუთხრო მას თავისი ღვაწლის შესახებ, უთხრა ისიც, თუ როგორ განამტკიცებდა და ნუგეშინისცემდა მას უფალი: გამოქვაბულთან ფინიკის პალმა ამოიზარდა, რომლის თექვსმეტი ტოტიც რიგრიგობით ისხამდა ნაყოფს, იქვე წმიდა წყარომ ამოხეთქა, ანგელოზი პურსაც უზიდავდა, ასე რომ, იგი არასოდეს რჩებოდა მშიერ-მწყურვალი; შუადღის ხვატისგან შეწუხებული პალმის ჩრდილს შეაფარებდა თავს. ყოველ შაბათ-კვირას მეუდაბნოეს უფლის ანგელოზი ქრისტეს სისხლსა და ხორცს აზიარებდა. დილის კანონის შესრულების შემდეგ პაფნუტიმ შენიშნა, რომ წმიდა ონოფრეს სახე შეეცვალა და შეკრთა. ონოფრემ უთხრა: "ყოვლადსახიერმა უფალმა აქ იმიტომ გამოგგზავნა, რომ ჩემი ცხედარი დაკრძალო. დღეს მე დავასრულებ მიწიერ ცხოვრებას და საუკუნო სასუფეველში ავმაღლდები, ჩემს ქრისტესთან". მან სტუმარს სთხოვა, ყველა ქრისტიანისთვის საცნაური გაეხადა მისი ცხოვრება მათივე საცხოვნებლად. პაფნუტიმ ისევ მეუდაბნოობის ღვაწლზე ითხოვა კურთხევა. ღვთის ნება არ არისო, - ამცნო ონოფრემ, გამოემშვიდობა ღირს მამას და განშორდა მას. მეუდაბნოე დიდხანს და მხურვალედ ლოცულობდა განმარტოებით, შემდეგ მიწაზე დაწვა და მიიძინა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "ხელთა შენთა შევვედრებ, უფალო, სულსა ჩემსა".
აცრემლებულმა პაფნუტიმ სარჩული მოაგლიჯა თავის ტანსაცმელს,შიგ გაახვია დიდი მეუდაბნოის ცხედარი და გრძელ, ჩაღრმავებულ ქვაში ჩაასვენა, ზევიდან კი წვრილი კენჭებით დაფარა. შემდეგ მან ლოცვით შესთხოვა უფალს, აღსასრულამდე ონოფრე დიდის მოღვაწეობის ადგილზე დარჩენის ღირსი გაეხადა, მაგრამ უეცრად გამოქვაბული ჩამოინგრა, პალმა გახმა და წყაროც დაშრა. პაფნუტი მიხვდა, რომ უფლისგან მართლაც არ ეძლეოდა კურთხევა მეუდაბნოობაზე და უკანვე გაბრუნდა.
ოთხი დღის შემდეგ პაფნუტი კიდევ ერთ გამოქვაბულს წააწყდა. აქ იგი შეხვდა მეუდაბნოეს, რომელსაც სამოც წელზე მეტი დაეყო უდაბნოში და იმ ორი ბერის გარდა, მასთან ერთად რომ მოღვაწეობდნენ, არავინ ენახა. მთელ კვირას მოსაგრეები განმარტოებით ატარებდნენ, შაბათ-კვირაობით კი თავს იყრიდნენ ხოლმე ფსალმუნებისათვის. პაფნუტის აქ მოსვლის დღე შაბათს დაემთხვა, ამიტომ ბერები, ჩვეულებისამებრ, შეიყარნენ. მათ ანგელოზის მორთმეული პური იხმიეს, შემდეგ კი მთელი ღამე ლოცვაში გაათიეს. წასვლის წინ პაფნუტიმ მეუდაბნოეებს სახელები ჰკითხა, მათ კი მიუგეს, "ყოვლის მცოდნე უფალმა უწყის ჩვენი სახელები. დაე, ზეციურ იერუსალიმში შეხვედრის ღირსნი გავხდეთ".
პაფნუტიმ გზა განაგრძო და შევიდა მეტად მშვენიერ, ტოტებდახუნძლული ხეებით სავსე ოაზისში. უდაბნოდან ოთხი მოსაგრე ჭაბუკი გამოვიდა მასთან შესახვედრად. განდეგილებმა პაფნუტის მოუთხრეს, რომ ბავშვობაში ისინი ქალაქ ოსქონრიხში (ზემო თებაიდა) ცხოვრობდნენ, წერა-კითხვას ერთად ეუფლებოდნენ და ერთნაირად სწვავდათ სურვილი, მთელი ცხოვრება უფლისთვის მიეძღვნათ. ყმაწვილებმა ფარულად დატოვეს ქალაქი და რამდენიმე დღის შემდეგ უდაბნოს მიაღწიეს. აქ საღვთო შურით აღძრულებს უფლის ნათელმოსილი ანგელოზი დაუხვდა, რომელმაც მეუდაბნოე ბერთან მიიყვანა ისინი. "უკვე ექვსი წელია, აქ ვცხოვრობთ, - თქვეს ჭაბუკებმა, ჩვენი მოძღვარი ერთ წელიწადში გარდაიცვალა და ახლა მარტონი ვართ. ხის ნაყოფებით ვიკვებებით, წყალს კი წყაროდან ვიღებთ". მოსაგრეებმა დაასახელეს თავიანთი ვინაობა. ესენი იყვნენ: იოანე, ანდრია, ირაკლემონე (ირაკლავმონე) და თეოფილე. ყმაწვილი მეუდაბნოეები მთელი კვირის მანძილზე ცალ-ცალკე მოღვაწეობდნენ, შაბათ-კვირას კი ოაზისში იკრიბებოდნენ და ერთობლივ აღავლენდნენ ლოცვებს. ამ დღეებში ანგელოზი მოდიოდა მათთან და წმიდა საიდუმლოს აზიარებდა. პაფნუტის გამო ჭაბუკები მთელი კვირა ოაზისში დარჩნენ და აქ ლოცულობდნენ. შაბათ-კვირას ნეტარ მოსაგრეებთან ერთად მათი სტუმარიც შეიქნა ღირსი უფლის ნათელმოსილი მსახურის ხელით ზიარებისა. მისი ბაგეებიდან ნათქვამი ტკბილი სიტყვებიც ჩაესმა: "უხრწნელ საზრდელად, დაუსრულებელ სიხარულად და საუკუნო ცხოვრებად გეყავნ თქვენ ხორცი და სისხლი უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი".
ღირსმა პაფნუტიმ ანგელოზსაც გამოსთხოვა უდაბნოში დარჩენის კურთხევა, მაგრამ ზეციურმა მხედარმა უპასუხა, რომ ღმერთმა მას სხვა გზა განუკუთვნა, იგი ეგვიპტეში უნდა დაბრუნებულიყო და ყველა ქრისტიანისთვის მოეთხრო მეუდაბნოეთა ცხოვრების შესახებ.
წმიდა მამა გამოემშვიდობა ჭაბუკებს და სამი დღის შემდეგ უდაბნოს კიდესთან გამოვიდა. აქ მდებარე მცირე სკიტის მკვიდრებმა სიყვარულით მიიღეს იგი. ღირსმა პაფნუტიმ მათ მოუთხრო ყველაფერი, რაც შეიტყო უდაბნოს მადლმოსილ მკვიდრთა შესახებ, ბერებმა დაწვრილებით ჩაწერეს მონათხრობი და სხვა სკიტებსა და მონასტრებშიც გაავრცელეს. ღირსმა პაფნუტიმ მადლობა შესწირა უფალს, რომელმაც თებაიდელ მეუდაბნოეთა მაღალსულიერ ცხოვრებასთან ზიარების ღირსი გახადა და თავის სავანეში დაბრუნდა.
"წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი