მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი 14. მორჩილება
(გაგრძელება)
თავი 14. მორჩილება
(გაგრძელება)
ჩვენი ნეტარი მამისგან ვისწავლეთ, რომ იმაზე მეტი არ გვეფიქრა, რაზეც ის ფიქრობდა, არ გვეფიქრა სხვანაირად, ვიდრე ის ფიქრობდა. ეს მან ძალზე მარტივად გვასწავლა. მე, გლახაკმა, საკუთარი თავი მივაჩვიე ამას და ვამბოდი: "თუ საქმით არ ავასრულებ იმას, რასაც ვსწალობ, მაშინ წავაგებ. თუ მე წავაგებ, მდგომარეობას ვიღა გამოასწორებს? თუკი კაცი ამ ცხოვრებიდან გავა, მის ნაცვლად ვინ გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც მხოლოდ მას შეეძლო?"
ამ დროს სულიერი მოხერხებაა საჭირო. ამ დროს აუცილებელია, მზად იყო. შეძლებისდაგვარად ვცდილობდი, თავმდაბლად და უბრალოდ გავყოლოდი ბერდიდს, მეფიქრა ისე, როგორც ის ფიქრობდა, მეწამა ის, რისიც მას სწამდა. მე მწამდა, რომ მისი სიტყვები ოქრო იყო და ბრილიანტი. განუხრელად მივყვებოდი მის რჩევებს. გულში ვამბობდი: ჩემს სიცოცხლეში სხვა დამრიგებელი არ მჭირდება-მეთქი.
რა იყო მოძღვართან შეწინააღმდეგება, ჩვენ არ ვიცოდით. ეს სავსებით უცნობი რამ იყო ჩვენთვის. ვცდილობდი, მოძღვრის კრედო ჩემი საკუთარი კრედო ყოფილიყო. ღვთის მადლით, დანაშაული არასოდეს ჩამიდენია და ჩემი ფიქრები არ მიმიმართავს იქითკენ, რომელიც მოძღვრის კრედოსგან განსხვავდებოდა. რამეთუ ვგრძნობდი, რომ მხოლოდ ასე შემეძლო მორჩილი ვყოფილიყავი, არ მსურდა, რომ მორჩილი მხოლოდ გარეგნულად ვყოფილიყავი, აღვასრულებდი რა სხვადასხვაგვარ მორჩილებას, სამუშაოს და ჩემთვის მოცემულ დავალებებს. ასეთ მორჩილებას მხოლოდ ხორციელ აუცილებლობად ვთვლიდი. მსურდა მორჩილი ვყოფილიყავი სულით, სამშვინველით, მთელი ჩემი არსებით. მე ვგრძნობდი, რომ მხოლოდ ბერდიდისა და დედაჩემის ლოცვებით შემეძლო ამგვარი გავმხდარიყავი, ისეთი როგორიც უნდა იყოს ჭეშმარიტად უფლის მიერ მორჩილი. ამიტომაც, როცა ბერდიდი რაიმეს გადაწყვეტდა, მე მას სრულიად ვეთანხმებოდი. როცა ჩემი მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში ეშმაკს ჩემს გონებაში გულისთქმები, მოგონებები, მშობლებისადმი სიყვარული მოჰქონდა, მე ვამბობდი: "როგორ შევძლებ, რომ ჩემი სიყვარული ორად გავყო, ღმერთსა და ადამიანებს შორის?" მე ამას ღვთის წინაშე მრუშობად ვთვლიდი, რამდენადაც ბერდიდი ჩვენ გვასწავლიდა, რომ უპირველესად, ღმერთი უნდა შეგვეყვარებინა და ეს სიყვარული განუყოფელი უნდა ყოფილიყო, რამეთუ ღმერთი ჩვენი ერთადერთი მამაა, ამ სიტყვის ყველაზე ღრმა აზრით, რომელიც უნდა შევიყვაროთ. დედაჩვენი კი რა თქმა უნდა, ღვთისმშობელია. მე ვგრძნობდი მოთხოვნილებას, რომ გულწრფელი ვყოფილიყავი ღვთის წინაშე, რომელიც ხედავს ჩემს გულს, ვგრძნობდი, რომ მთელი ჩემი სიყვარული უკლებლად ღმერთისთვის უნდა მიმეცა.
მოძღვარი გვარიგებდა, რომ გულწრფელნი ვყოფილიყავით ღვთისა და მის წინაშე. ის გულისხმობდა წმინდა და გულწრფელ აღსარებას. ასე ვცხოვრობდი მის გვერდით. ვცდილობდი, რომ გულწრფელი ვყოფილიყავი მის თვალთა წინაშე, გასაგები ვყოფილიყავი მისთვის, არაფერი დამემალა უმცირესი გულისთქმაც კი. ვიცოდი, რომ თუ რამეს დავიტოვებდი ჩემთვის დამალულად, ამას ვიგრძნობდი, როგორც სულიერ მრუშობას.
გულისთქმები სრულიად წმინდა უნდა მქონოდა, ვცდილობდი, ჩემთვის არაფერი დამეტოვებინა, რაც ბერდიდს არ ეცოდინებოდა. როგორ ვიყავი ღამისთევის ლოცვაზე, რა გულისთქმები მომდიოდა, რა დამოკიდებულება მქონდა მამებთან, როგორ ვუძღვებოდი ხელსაქმეს - ეს ყველაფერი მას უნდა სცოდნოდა. "რამეთუ, თუ ჩემი მორჩილების პირველ დღეებში კეთილ დასაბამს არ დავუდებ, თანახმად ბერდიდის შეგონებისა, მას კეთილი დასასრული არ ექნება" - ვფიქრობდი.
ბერდიდის ლოცვით, ამან ხელი შეუწყო იმას, რომ ძლიერ სიხარულს განვიცდიდი, და სულიერად ვერ ვგრძნობდი დანაშაულსა და პასუხისმგებლობის უღელს. ისეთი სულიერი სიმსუბუქე მქონდა, ყველაფერს ისე ცხადად ვხედავდი, ხორციელი თვალებითაც კი, რომ გამოუცდელობით ჩემთვის ვკითხულობდი: "რა ხდება ჩემს თავს?" ერთხელ ბერდიდს ვკითხე:
- მამაო, ყველაფერს ცხადად ვხედავ. ეს რა არის?
- ეს მორჩილების ნაწილია.
არ მაწუხებდა, ვცხონდებოდი თუ არა, ვგრძნობდი ისეთ სიმშვიდეს, რომ ჩემთვის ვამბობდი: "ახლა რომ წავიდე, რა უნდა ვუთხრა ღმერთს? ჩემი ცოდვები? მე ისინი აღვიარე. ჩემს შესახებ ბერდიდმა ყველაფერი იცის. ყველაფერი, რაც გამიკეთებია, მორჩილების გამო გამიკეთებია. ამასთან, მე არ ვგრძნობდი მედიდურობის გულისთქმის გაელვებასაც კი, მე ხომ ვიცოდი და უსიტყვოდ მწამდა, რომ ყველაფერი ეს ბერდიდის ლოცვით იყო, მასში ჩემი არაფერი არ გახლდათ. მე ვწვებოდი და ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობდი, რომ ჩემთვის ვკითხულობდი: "რა ხდება ჩემს თავს?!"
თუმცა თუ მორჩილი არ არის ღია, გულწრფელი, თავის თავს სრულიად თუ არ განაშიშვლებს წმინდა აღსარებისას, სულს თუ არ გაუხსნის ბერდიდს, მაშინ მას არ შეუძლია, კეთილი დასაბამი დაუდოს და ამიტომაც კეთილ დასასრულსაც არ უნდა ელოდოს.
თუ ჩვენში დავიტოვებთ ყველაფერს, რასაც ეშმაკი დათესავს, რაც წარმოშობს ვნებებს, ყველაფერს, რაც ძველი კაცისგან მოდის, და ეს გარეთ არ გამოგვაქვს, რათა განვიწმინდოთ, განურჩევლად ვინახავთ ამას გულში, სულში და ყველაფერ ამას შიგნით ვხარშავთ, მაშინ არ ძალგვიძს სწორად მოსაგრეობა. მაშინ ადამიანის სულს არ შეუძლია დაეუფლოს უძვირფასეს ჯანმრთელობას და როცა ვამბობთ "ჯანმრთელი სული", ვგულისხმობთ მის ცხონებას.
თუ კუჭს არ ძალუძს საჭმლის მონელება, მაშინ მას მისი ამოგდების მოთხოვნილება აქვს. თუ ის საჭმელს ამოიღებს და მასთან კიდევ ულუფას მიიღებს, მაშინ ახალი საჭმელი გაფუჭებული აღმოჩნდება და ავადმყოფური მდგომარეობა უფრო გაუარესდება. მაგრამ თუკი ვთქვათ ამოვიღებთ უვარგის საჭმელს, დავლევთ ცხელ ჩაის, მაშინ კუჭი განიწმინდება და მერე მასში თუ რამეს მოვათავსებთ, სასიკეთოდ წაადგება. როცა კაცი აღსარებაში ამბობს ყველაფერს, რაც სულში აქვს, მაშინ ის შიგნიდან ყველაფერ უვარგისს ამოაგდებს. შემდეგ სული სინანულის ცრემლებით განიწმინდება. ამის შემდეგ კი წმინდა საჭმელი მიეწოდება: ღვთის მადლი, უფლისმიერი გაბრწყინება, ნათელი გულისთქმები, ეს ყველაფერი კი ადამიანს ჯანმრთელად გადააქცევს. ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩაისახოს და იშვას ღვთის შიში და ეს შიში, როგორც ნათელი, მიიყვანს კეთილ დასაბამამდე, სულიერად აღზრდის და გულისხმაჰყოფს, როგორ უნდა აღაშენოს მან თავისი შინაგანი კაცი.
ბერდიდი გვეუბნებოდა: "შენ ნახე მონაზონი, რომელიც დაეცა და დეზერტირი გახდა? ეს იმის გამო შეემთხვა, რომ იგი თავის გულისთქმებს მალავდა, არ აცხადებდა და მათ ის დაღუპეს. ახალგამოჩეკილი გველის წიწილები პატარებია, მაგრამ თუ მათ არ განდევნი, გაიზრდებიან და შხამი გაუჩნდებათ. ერთ-ერთი მათგანი შენ მოგწყლავს, გინახავს მოხიბლული კაცი? ეს მას გულსითქმების გამო დაემართა".
ბერდიდი გვიყვებოდა ზოგიერთ ადამიანზე, რომელთაც დამალეს გულისთქმები და ამის გამო ვნება მიადგათ, ხიბლში ჩავარდნენ. არცთუ იშვიათად ასეთმა ადამიანებმა თვითმკვლელობით დაამთავრეს სიცოცხლე, რადგან სწამდათ, რომ ანგელოზი გამოეცხადათ, მაშინ როცა ის ეშმაკი იყო, მისი ხიბლი კი იმაში მდგომარეობდა: "ნურაფერს ეტყვი ბერდიდს".