გამოთხოვება
წმინდა მატრონა 1952 წლის 2 მაისს აღესრულა...
როგორც დაიბარა, მისი სხეული ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის ტაძარში დაასვენეს... გამოსათხოვებლად ტაძარს ხალხი უწყვეტ ნაკადად მიაწყდა. მობრძანდნენ წმინდა სამების სახელობის სერგის ლავრის მამებიც, რომელთაც ხშირად სტუმრობდა ხოლმე ნეტარი.
გარდაცვალების შემდეგ წმინდა დედამ თითქოს თავად აკურთხა ერთ-ერთი თანასოფლელი, ანტონინა მალახოვა და მისი ქალიშვილი, ზაგორსკში ჩასულიყვნენ და იქ მისი გარდაცვალება ეცნობებინათ, თუმცა, შეეშინდათ, დაკრძალვაზე არ დაჰგვიანებოდათ, მაგრამ ანტონინას ღამით მატრონა ეჩვენა და უთხრა: - "გაიღვიძეთ, ადექით, ყველაფერს მოასწრებთ, ახლავე ზაგორსკში ჩადითო!"
ისინი მყის გაემგზავრნენ, გარდაცვლილის სულის საოხად მოსახსენიებელიც დატოვეს...
ლავრაში მისმა აღსასრულმა დიდი წუხილი გამოიწვია. მღვდელმა, რომელსაც პანაშვიდის აღსავლენად მოსახსენიებელი გადასცეს, აღელვებით იკითხა: "- ვინ მოიტანა მოსახსენიებელი? ნუთუ დედა მატრონა გარდაიცვალაო?!"
ლავრის ბერები იმავე და მომდევნო დღეს ჩაბრძანდნენ მათთვის პატივსაცემ დედასთან გამოსამშვიდობებლად, ანტონინა და დედამისი კი იმავე დღეს დაბრუნდნენ და, როგორც ნეტარმა აუწყათ, დაკრძალვასაც მიუსწრეს...
- მისი კუბო ტაძრის შუაგულში იდგა, სახეზე არაფერი ეფარა, ხელები ისეთი ფაფუკი და პატარა ჰქონდა, გეგონებოდათ, ჩვილისააო... მიდიოდნენ და ხელებზე ემთხვეოდნენ... ყველა ტიროდა, - მათ ხომ ძვირფასი გზამკვლევი დაკარგეს, ისეთი იმედი... სიტყვას იტყოდა და ეჭვი არ შეგეპარებოდა, რომ ასეც იქნებოდა...ისეთი გრძნობა მქონდა, გადმოცემა მიჭირს... თითქოს ჰაერში დავდიოდიო... - იგონებს ანტონინა მალახოვა.
პანაშვიდი ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის ტაძრის მღვდელმა, ნიკოლოზ გოლუბცოვმა გადაიხადა, რომელსაც ნეტარი დიდად აფასებდა, თავად მამა ნიკოლოზი კი მას სიცოცხლეშივე წმინდანად მიიჩნევდა.
წმინდა მატრონა 4 მაისს დაკრძალეს, დანილოვის სასაფლაოზე აუარება ხალხი მივიდა... ეს ნაკადი დაკრძალვის შემდგომაც არ შეწყვეტილა: - ადამიანები, როგორც თავად განჭვრიტა, კვლავ სთხოვდნენ დახმარებას და ისიც ისევე, როგორც სიცოცხლეში, ყველას შეეწეოდა.
შემდეგ კიდევ ერთი წინასწარმეტყველება ახდა: - მისი სამარე ოცდაათი წლით გაუკაცურდა და მხოლოდ უახლოესი ადამიანები თუ მივიდოდნენ, მაგრამ მოვიდა დრო და კვლავ გაივსო იქაურობა მომლოცველით.
"ჩემთან იმდენი ხალხი ივლის, ვერავინ მოთვლის და არც ჩემი ტაძარი დაიხურებაო"...
წმინდა ნაწილთა აღმოყვანება დიდად სასიხარულო ამბავი მოხდა 1998 წელს მართლმადიდებელთათვის: - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორის ლოცვა-კურთხევით ნეტარი დედის საფლავი გახსნეს და წმინდა ნაწილები სვიმეონ მესვეტის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. როდესაც სამარე გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ ორმოც წელზე მეტი ხნის შემდეგაც წმინდა დედის სხეულს ისევ აჩნდა უცნაურად ამობურცული ხელთუქმნელი ჯვარი, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.
ყველას, ვინც ამ ღირსსახსოვარ მოვლენას დაესწრო, სამუდამოდ გაჰყვა საოცარი ზეიმისა და სიხარულის განცდა.
გარდაცვალებიდან 46 წლისთავზე რუსეთის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ნაწილები შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამათა სახელობის ტაძარში გადაასვენეს, ღამისთევის მსახურების და წმინდა ლიტურგიის აღსრულების შემდგომ კი წმინდანის სხეული ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის მონასტერში გადააბრძანეს, სადაც სამუდამო განსასვენებელი პოვა.
კანონიზაცია 1999 წელს, მატრონა მოსკოველის წმინდა ნაწილთა აღმოყვანებიდან ერთი წლის შემდეგ, იგი წმინდანთა დასს შეერთო.
მანამდე კი ამ საკითხზე მომუშავე კომისიამ საფუძვლიანად შეისწავლა მისი ცხოვრება, ყოველდღიური ღვაწლი და აღსრულებული სასწაულები, იმავდროულად, ძალიან ბევრი მორწმუნე ლოცულობდა, რომ ნეტარი დედა ეკლესიას წმინდანად შეერაცხა და ასეც მოხდა.
წინა საღამოდან დილამდე იმდენმა ადამიანმა მოიყარა თავი მონასტერთან, ტევა აღარ იყო... საზეიმო ღვთისმსახურებას ხალხის დიდი ნაწილი მონასტრის გალავნის გარეთ, რადიოთი უსმენდა...
იმ დღიდან მისი წმინდა ნაწილების მოსალოცად და დახმარების სათხოვნელად ხალხის ნაკადი არ წყდება. "მესაუბრეთ, ყოველი თქვენი გასაჭირი მითხარით, მე მოგისმენთ და დაგინახავთ და რასაც თქვენს სულს ვეტყვი, ის აღასრულეთო!" - ასე დაიბარა ნეტარმა გარდაცვალების წინ.
ხატის წყარო.........................
ნეტარი დედა მატრონას ტროპარ-კონდაკი ტროპარი ღმრთივგანბრძნობილ ნეტარ დედა მატრონას, ტულის მიწის მშუენებასა და ქალაქ მოსკოვის დიდებულ სამკაულს, ვაქებთ დღეს ერთგულნი, დღის სინათლის ვერმხილველი, ქრისტეს ნათლით განათლებული და ნათელმხილეველობისა და კურნების ნიჭით განმდიდრებული. ოდესღაც მდგმური და მწირი ქუეყანასა ზედა, აწ ღმრთის ზეციურ საყდრის წინაშე წარდგომილი ლოცულობს ჩუენი სულებისათვის.
კონდაკი ქრისტეს მსახურებისათვის დედის მუცლითგან გამორჩეულო, მართალო მატრონა, ჭირთა და მწუხარებათა მოხუეჭის გზით მავალო, მტკიცე სარწმუნოებითა და ღმრთისმოსაობით გამოჩენილო, აწ სათნოეყავ უფალს. ამისათვისცა შენი სახელის პატივისმცემელნი გევედრებით: შეგვეწიე, რათა ღმრთის სიყუარულში განვისვენოთ, ნეტარო დედაო.
წმინდა მატრონა მოსკოველთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე