სასწაულმოქმედი ხატი
აშკარა სასწაულები უძღოდა წინ ღვთისმშობლის ხატის, - "დაღუპულთა მომძიებლის" გამოჩენას, რომელიც ნეტარი მატრონას კურთხევით და თხოვნით დაიწერა.
XX საუკუნის მეორე ათწლეული კარს იყო მომდგარი, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რაოდენი უბედურებები ელოდა ქვეყანას.
- დედა, - უთხრა ერთ დღეს მატრონამ მშობელს, - ბოლო დროს ძალიან ხშირად მესიზმრება ხატი, სახელად "დაღუპულთა მომძიებელი", როგორც ჩანს, შავი დრო მოგველის, ადამიანები დაიღუპებიან, ამიტომ ითხოვს იგი ჩვენს ტაძარში მობრძანებასო...
პირველი მსოფლიო ომი, როგორც იტყვიან, ზღურბლზე იყო, ცოტა გვიან კი - რევოლუცია და სამოქალაქო ომიც... დედა თავიდან ვერ მიუხვდა შვილს და, ახსოვდა რა მამა ვასილის სიტყვა, - გოგონას, რასაც ითხოვს, ყველაფერი შეუსრულეთო, - ასეც მოიქცა და მღვდელს მისი დანაბარები გადასცა: - ამა და ამ თაროზე, ამა და ამ წიგნში ღვთისმშობლის ძალზე იშვიათი ხატი, "დაღუპულთა მომძიებელი" დევს, იპოვეთ, შემდეგ ხატმწერი ნახეთ, რომელიც ამ დედნით ახალ ხატს დაწერსო!.."
მღვდელმა მითითებულ ადგილას მართლაც ნახა ხსენებული ხატი, მაგრამ სად უნდა ეპოვათ ხატმწერი, ან მის დასაწერად თანხა როგორ მოეძიებინათ, არავინ უწყოდა. მაშინ მატრონამ მეზობელ ქალებს სთხოვა, მეზობელი სოფლები მოიარეთ და შემწეობა ითხოვეთო. როდესაც მატრონას შეგროვილი ფული მიუტანეს, გადათვალა და განზე მხოლოდ მანეთიანი და კაპიკიანი გადადო. როგორც გაირკვა, მანეთიანი იმ კაცს ეკუთვნოდა, რომელსაც მისი შეწირვა არ სურდა, კაპიკიანი კი - ამ ძუნწის ძმას მიეგდო ქალებისთვის აბუჩად ასაგდებად...
მალე ხატმწერიც იპოვეს, რომელსაც მატრონა დაეჭვებით დაეკითხა: - შეძლებ კი ამ ხატის დაწერასო?
- განა ერთი და ორი ხატი შემიქმნია?! - მედიდურად მიუგო ხატმწერმა, თუმცა, მატრონამ გააფრთხილა: - ამ სიწმინდის შექმნას მანამ ვერ შეძლებ, სანამ აღსარებას არ იტყვი და ეზიარებიო!..
შეჰპირდა ხატმწერი, - ვეზიარებიო და თავის გზას დაადგა...
გავიდა ხანი და დაბნეული ოსტატი ნეტარს მიადგა: - არაფერი გამომდის, ხატს ვერა და ვერ ვწერო!..
- იმიტომ, რომ შენს სულს მოუნანიებელი ცოდვა აწევს, აღსარებაზე რომ დამალეო! - და ის ცოდვა დაუსახელა, რომლის შესახებაც მხოლოდ მხატვარმა იცოდა...
რა გაეწყობოდა, მოძღვარს მიაკითხა და როგორც კი შეინანა, ხატის დაწერაც თავისუფლად შეძლო.
მატრონას თანასოფლელი, ზინაიდა ჟდანოვა იმ უამრავი სასწაულის მომსწრე შეიქნა, ამ ხატმა რომ აღასრულა. სიწმინდე ლიტანიობით მიაბრძანეს სებინოს ტაძარში, პროცესია გზად მდინარის ციცაბო ნაპირთან შეჩერდა და იქ განაგრძო ლოცვა. ზინაიდას, რომელიც იმ დროისათვის შვიდიოდე წლის თუ იყო, ფეხი დაუსხლტა და დიდი სიმაღლიდან მდინარისკენ გადაექანა... საშინელების მოლოდინში ყველა გახევდა... მაგრამ რაღაც ძალამ ბავშვი ზედ მდინარის პირას შეაჩერა, გოგონა სასწაულებრივად გადარჩა, ლოცვა გაგრძელდა და როდესაც ხატი ტაძარში შეაბრძანეს, დიდი ხნის ნანატრი წვიმაც მოჟუჟუნდა...
ამ უძლიერეს ხატს შესთხოვდნენ განსაცდელისა და უბედურებისაგან თავდახსნას, გვალვისას - წვიმას და მოსავლიანობას და შემწეობაც არ აყოვნებდა...
ბრძოლა თითოეული სულის სახსნელად მშობლიურ სოფელში ნეტარმა 1925 წლამდე იცხოვრა, აქ გადაიტანა ომი, ეკლესიის დევნის დასაწყისი და რევოლუცია... ყველაფრის მიუხედავად, ხალხი კვლავ უწყვეტ ნაკადად აკითხავდა და, როგორც სჩვეოდა, ყოველ მათგანს შეეწეოდა, კურნავდა, ეხმარებოდა და, რაც მთავარია, თითოეული სულისთვის იბრძოდა... მატრონას ვერაფერს დაუმალავდით...
ნეტარის იმდროინდელი ცხოვრებიდან არაერთი მოგონება შემორჩა, რომელნიც ზემოთ ხსენებულმა ზინაიდა ჟდანოვამ ჩაიწერა.
აი, რას იხსენებდა მატრონას თანასოფლელი ანა ვიბორნოვა: - ერთ დღეს ბიძამისს ფეხები წაერთვა. ავადმყოფს არ სჯეროდა, რომ მატრონას მისი დახმარება შეეძლო, მაგრამ ახლობლებმა დილით ცხენი შეკაზმეს და ავადმყოფთან ერთად სებინოსაკენ გასწიეს. სნეული პირდაპირ მატრონასთან არ მიუყვანიათ, ჯერ იკითხეს, - შეძლებდა თუ არა მის განკურნებას, რაზეც ნეტარმა მიუგო: - როგორ ამბობდა შენი ძმა, მატრონას არაფერი შეუძლიაო?! ფეხები კი ტილოსავით დაეკიდა... მოიყვანეთ, ვუშველიო! - ილოცა, წყალი შეასვა, რის შემდეგაც ავადმყოფს ღრმა და ხანგრძლივი ძილით ჩაეძინა, დილით კი ჯანმრთელს გამოეღვიძა... უნდოდა, მატრონასთვის მადლობა ეთქვა, ნეტარმა კი უთხრა: - მადლობა შენს დას უთხარი, მისმა რწმენამ განგკურნაო!
სხვები იგონებდნენ, თუ როგორ სთხოვა დახმარება ნეტარს ერთმა ლოგინად ჩავარდნილმა კაცმა, რომელიც მისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა. მატრონამ სნეულს სხვათა პირით შეუთვალა: - ხოხვაც რომ დაგჭირდეს, ჩემთან თავად მოდიო და დასძინა: - დილიდანვე გამოხოხდი შინიდან და სამი საათვისთვის უთუოდ მოაღწევო და მართლაც: კაცმა, რომელსაც ნეტარის ყოველი სიტყვისა სჯეროდა, მთელი გზა იხოხა და მატრონას ლოცვით უკან საკუთარი ფეხით დაბრუნდა.
თანამედროვეთა მოწმობით, ნეტარი ბოროტისაგან შეპყრობილებსაც კურნავდა. ერთხელ მასთან მოხუცი ქალბატონი მიიყვანეს, რომელიც გამუდმებით აქნევდა ხელებს. ოთხმა კაცმა ძლივს შეძლო მისი დაკავება... როგორც კი მატრონამ ლოცვა აღავლინა, საბრალო დამშვიდდა და განიკურნა.
ერთხელ მას ორმა ქალმა კურნებისთვის მიაკითხა. ერთ მათგანს ღრმად სწამდა, რომ მატრონა შეეწეოდა, მეორე კი - არაწმინდა განზრახვით იყო. პირველ მათგანს ნეტარმა, როგორც სჩვეოდა, ნალოცი წყალი მისცა, მეორისთვის კი არაფერი უთქვამს... ნაქირავებ სახლში დაბრუნდნენ (შორიდან იყვნენ მოსულები) და მასპინძელს ყოველივე უამბეს, მოხუცმა დაამშვიდა: - მატრონას წყალი შინაც მაქვს, თუ არ მოგცა, აჰა, დალიეო და ჭურჭელი გაუწოდა, მაგრამ სტუმარს დალევა არ დასცალდა, ისე გასკდა ბოთლი.
გაოცებული მასპინძელი მატრონასთან გაიქცა, რომელმაც შესვლისთანავე მიახალა: - მოდი ერთი, მოდი, გაჩვენებ, ჩემი წყალი როგორ უნდა განკარგო! ვიცი, ჭურჭელი გაგისკდა და ასეც უნდა ყოფილიყო! განა ამის მიცემა თავად არ შემეძლო?! მაგრამ მაგ ადამიანს ხელში ჩემი წყალი არ უნდა სჭეროდაო!..
მატრონა არ იყო მკაცრი - არავის განიკითხავდა, არავისზე ბრაზობდა და არც არავისი დასჯა სურდა, უბრალოდ, იმათ, ვინც უფალს შეურაცხყოფდა, არ მიიღებდა. იყო შემთხვევა, როდესაც ვიღაც მასხარამ მისი "გამოცდა" განიზრახა და, ვითომდა ცოლის შერთვის საბაბით, რჩევისთვის მიაკითხა. უსმინა მატრონამ, უსმინა და ბოლოს უთხრა: - შენ წიგნიერი ხარ და თვალხილული, მე კი ბრმა და უსწავლელი, ვისთან მოხვედი?! ახლავე ადექი და აქედან წადიო!
მათ, ვისაც სულის თვალი აღხელილი აქვთ, ვერავინ მოატყუებს. მასთან შეხვედრის შემდეგ ამაში თვით ყველაზე უღმერთონიც რწმუნდებოდნენ.
ზინაიდა ჟდანოვას მოწმობით, დედა მატრონა ყოველი მისული ადამიანის სულისთვის იბრძოდა... მოწამეობის ეს გვირგვინი მან მთელი სიცოცხლე ატარა და არასოდეს დაუჩივლია მძიმე ხვედრის გამო. იმ საშინელ დროს ხომ ისიც გმირობა იყო, ცოდვილისათვის საკუთარი ცოდვა დაენახვებინა... მისი უცნაური სულიერი ნიჭით შეძრული მრავალი ადამიანი კი მოექცა და გადარჩა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე