სასწაულმოქმედების ნიჭი დრო გადიოდა და მეტი ადამიანი ამჩნევდა პატარა მატრონას უჩვეულო ნიჭს: - ხან მოსალოდნელი უბედურების თაობაზე ამცნობდა მავანთ, ხან - სტიქიურ მოვლენებს ჭვრეტდა წინასწარ, ხან კი ლოცვით სნეულთ კურნავდა, უთვალისჩინო კი თითქოს ყველას და ყველაფერს ხედავდა და უსიტყვოდაც იცოდა, ვინ რაზე ფიქრობდა, ვერაფერს დაუმალავდით, - თითოეულის ცოდვა თითქოს ხელისგულზე ედო...
ასაკის მატებასთან ერთად მისი უჩვეულო ნიჭიც გაძლიერდა და ახლომახლო სოფლებში მალე შეიტყვეს ამ საოცარი გოგონას ამბავი.
ერთ იქაურ მოხუცს თითი მოეტეხა და მატრონასთან მისვლა განეზრახა. მიდის გზად და ფიქრობს: - ხომ არ აჯობებდა, ჯერ ბერეზოვკაში მკურნალთან მივსულიყავი, თითს გამისწორებდა, და შემდეგ ვხლებოდი მატრონას, მაგრამ, მოდი, ყოველი შემთხვევისთვის ჯერ მატრონასთან შევივლიო!..
ზღურბლს გადააბიჯა და მასპინძელმა მიახალა: - "აკი ბერეზოვკაში აპირებდი თითის გასასწორებლად წასვლას, ჰოდა, ადექი და წადიო!"
მეტი რა გზა იყო, დაადგა ბებო ბერეზოვკის შვიდკილომეტრიან ბილიკს და მკურნალს თითი რომ გაასინჯა, მან გაკვირვებულმა უთხრა: - არავითარი მოტეხილობა არ ჩანს, თითი სავსებით მრთელი გაქვსო...
ასე რომ, კი გაგზავნა მატრონამ ბებო მისდამი უნდობლობის გამო მკურნალთან, მაგრამ გზად თითი მაინც მოურჩინა...
რაღა თქმა უნდა, ამ პატარა გოგომ თავიდანვე იცოდა, თუ რა ელოდა. ერთ დღესაც დედას ამცნო: - მოემზადე, მალე ქორწილი მექნებაო! დედა შეშინდა, - ჭკუიდან ხომ არ შეიშალაო და რჩევას მაშინვე მღვდელს დაეკითხა, რომელმაც დაამშვიდა: - თქვენს გოგონას თვით ზეცასთან აქვს საქორწინო კავშირი, მხოლოდ და მხოლოდ უფალს ეკუთვნის და ჩვეულებრივი, მიწიერი ყოფისათვის არ შექმნილაო.
არ გასულა სამიოდე დღე და ნიკონოვების სახლთან ერთბაშად რამდენიმე დატვირთული ურიკა გაჩერდა, სწორედ რომ მაყრიონის მსგავსი. გაოცებული დიმიტრი და ნატალია შესახვედრად გამოვიდნენ, საზიდრებიდან გადმოსულმა სრულიად უცნობმა ადამიანებმა კი მატრონა იკითხეს, - გავიგეთ, აქ საოცარი ბავშვი ცხოვრობს, ხალხს კურნავს და გაჭირვებულებს ეხმარება, ჰოდა, სნეული მოვუყვანეთო... გაოცებისაგან მასპინძლებს ენა ჩაუვარდათ, ზღურბლზე გამოსულმა პატარამ კი ამ სიტყვებით დაამშვიდა: - ესენი ჩემთან არიან, ხომ გითხარით, ქორწილი მექნება-მეთქი.
მალე მასთან შორი სოფლებიდანაც იწყო ხალხმა უწყვეტ ნაკადად დენა, 12-13 წლისა იქნებოდა, საოცარ მკურნალად რომ აღიარეს. მოდიოდნენ და მოდიოდნენ მასთან სნეულნი, განსაცდელში მყოფნი და ათასგვარი სატანჯველით დამძიმებულნი... ბევრი ფეხითაც აკითხავდა, რომ კურნება მიეღო... იყვნენ ისეთნიც, ვისაც მისი არ სჯეროდა, შესაძლოა, ზოგს მისი უჩვეულო ნიჭის აღიარებაში სიამაყეც უშლიდა ხელს: - თორმეტიოდე წლის გოგონას შველა როგორ ვთხოვოთო!
ერთხელ მატრონას მეზობელი სოფლიდან სამი ქალი ესტუმრა. გზად თურმე მსჯელობდნენ: - ნეტავ ამ ბრმასთან რაღა გვინდა, ჩვენს სოფელში ხომ, ტაძართან ახლოს, წმინდა წყარო გვაქვსო?!
მივიდნენ და გოგონამ უთხრა: - თქვენი წყაროს წყალი არ ვარგა, ჩემი - კარგიაო, თუმცა, დახმარებაზე უარი არ უთქვამს. ერთ მათგანს ქალიშვილი ჰყავდა ძალზე ავად, ხშირად კრუნჩხვები ემართებოდა, მატრონამ სნეულთან წყალი გაატანა და უთხრა: - გოგონა გამოჯანმრთელდება და გათხოვდებაო, რაც ახდა კიდეც.
თითოეულის გასაჭირს უსიტყვოდ ხვდებოდა და ყველასთვის ლოცულობდა, მისი მეოხებით ადამიანები იკურნებოდნენ, უნუგეშოდ არავინ რჩებოდა... მწოლიარენიც კი მოჰყავდათ შორიდან, რომლებიც გოგონას ლოცვის წყალობით შინ საკუთარი ფეხით ბრუნდებოდნენ...
მატრონა ადამიანებს ლოცვით კურნავდა, რომელსაც წყალთან კითხულობდა ხოლმე, შემდეგ კი ავადმყოფებს ასმევდა, ხან კი კონკრეტულ რჩევასაც დააყოლებდა... სიტყვაძვირი გახლდათ, არავის არაფერს ასწავლიდა, მაგრამ ყველას საქმით შეეწეოდა, ადამიანები კი მადლიერების ნიშნად, რაც შეეძლოთ, იმას მიართმევდნენ: - ნივთებს, პროდუქტს... ასე იქცა ერთ დროს ზედმეტ ტვირთად ქცეული ბავშვი ოჯახის მარჩენლად...
წმინდა იოანე კრონშტადტელის წინასწარმეტყველება
თოთხმეტი წელი რომ შეუსრულდა, სახელი უფრო შორს გაუვარდა და ახლა მხოლოდ ხელმოკლენი კი არა, შეძლებულნიც აკითხავდნენ. ძალზე დაუმეგობრდა ადგილობრივი მემამულის სათნოებით და სიკეთით გამორჩეული ქალიშვილი ლიდია იანკოვა, რომელიც ხშირად დადიოდა წმინდა ადგილთა მოსალოცად... ერთხელ მან თავის ბრმა მეგობარს ერთად მოგზაურობა შესთავაზა, სწორედ ლიდიას წყალობით შეძლო მატრონამ ბევრი წმინდა ადგილის მოლოცვა და, თუმცა, ხორციელი თვალი დახშული ჰქონდა, სულიერი თვალით იმაზე მეტი ნახა, ვიდრე ბევრმა თვალხილულმა და ამ სიწმინდეებს სულით შეეხო...
კრონშტადტში, ანდრეევსკის ტაძრის მოლოცვისას, მატრონასათვის უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა: - ამდენ ადამიანში ბრმა გოგონა თვით წმინდა იოანე კრონშტადტელმა შენიშნა, თავისთან უხმო და თქვა: - ჩემი შემცვლელი მოდის, რუსეთის მერვე სვეტიო!
ამ სიტყვათა მნიშვნელობის ახსნა ძნელია, მაგრამ წმინდა იოანე კრონშტადტელმა განჭვრიტა, რომ მატრონა წმინდანთა შორის შეირაცხებოდა და ყველაზე ღვთისმგმობ დროს მართლმადიდებლობის უდიდეს საყრდენად იქცეოდა...
თავად ნეტარს ამ შეხვედრის თაობაზე სიმდაბლის გამო არავისთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ მოწმენი კი მრავლად იყვნენ, მათ შორის მისი მეგობარი ლიდია იანკოვაც, რომელიც წლების შემდეგ თავად დარწმუნდა, თუ რა მისია დააკისრა ღმერთმა ნეტარს...
იმ წლებშივე არაერთგზის უთქვამს მატრონას, თუ რა ელოდა რუსეთს არცთუ შორეულ მომავალში, წინასწარ გრძნობდა იმ შავბნელ მოვლენებს, სისხლიან რევოლუციას რომ უძღოდა წინ და ყველას აფრთხილებდა: - ძარცვა, ტაძართა ნგრევა და დიდი დევნა იქნებაო. მოგვიანებით, რევოლუციამდე მცირე ხნით ადრე, ლიდიას მამას, მემამულე იანკოვს ურჩია, - მთელი ქონება გაყიდე და საზღვარგარეთ წადიო, თუმცა ამ უკანასკნელმა, როგორც ჩანს, ვერ წარმოიდგინა მოვლენათა ამგვარი შემობრუნება და, შესაძლოა, არც დაუჯერა, რის შედეგადაც ყველა იმ უბედურების მოწმე შეიქნა, რაც დრომ მოიტანა: - მამული წითლებმა გაუპარტახეს, თავად კი მალე დახვრიტეს, ხოლო ღვთის ანაბარა დარჩენილი ლიდია ხანგრძლივი ტანჯვისთვის გაიწირა...
* * * ჩვიდმეტი წელი რომ შეუსრულდა, მატრონას ახალი უბედურება ეწვია: - ისედაც ხეიბარს სიარულის უნარი წაერთვა და ამიერიდან სხვათა დაუხმარებლად ვეღარ გადაადგილდებოდა. იგი შინაგანი თვალით ჭვრეტდა ადამიანებს და მოვლენებს და ეს უძლურებაც მორჩილად მიიღო. ბრმას, რომელსაც განწირული ავადმყოფების კურნება შეეძლო, საკუთარი თავის კურნების სურვილი არასდროს გასჩენია, - ერჩივნა, მთელი სულიერი და ფიზიკური ძალა უფლისთვის მიეძღვნა. სხვებზე კი ასე იტყოდა ხოლმე: - ადამიანებს მკურნალობა სჭირდებათ, სხეული - ღვთივბოძებული ჭურჭელია სულისა, რომელიც დროდადრო შეკეთებას საჭიროებსო... თავისი ხვედრის ამგვარი მორჩილება უფრო და უფრო მეტ ძალას ანიჭებდა მის ლოცვებს და უიშვიათეს სულიერ ნიჭს...
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე