დევნილობა
აი, რა ვითარებაში მოხდა ოქროპირის განდევნა: - ალექსანდრიაში იმყოფებოდა ერთი წმინდა კაცი, სახელად ისიდორე, რომელსაც მხცოვანებასთან ერთად სიბრძნეც შეეძინა. მისთვის მღვდლად თვით ათანასე დიდს დაესხა ხელი.
იმხანად ერთმა ქვრივმა ისიდორეს ათასი ოქრო შესწირა - ალექსანდრიის ქვრივ-ობლებს, უპოვართ და უძლურთ დაურიგეო, თან სთხოვა, - პატრიარქ თეოფილესთვის არაფერი ეთქვა, რადგან მისი უზომო ვერცხლისმოყვარეობისა და მტაცებლობის ამბავი კარგად უწყოდა. ისიდორეც ისე მოიქცა, როგორც შემომწირველმა ისურვა, თუმცა, თეოფილემ რაღაც გზებით მაინც შეიტყო ამ ძღვენის შესახებ, ძალზე განრისხდა, ისიდორეს მძიმე ცოდვაში უსამართლოდ დასდო ბრალი, თან შეურაცხყო, ერთ-ერთი "ბრალდების" ცრუმოწმედ კი გრძელი ძმების მოხმობა სურდა, მაგრამ მათ ფიცით დაამოწმეს, რომ მთელ ეგვიპტეში არავის იცნობდნენ ისიდორესავით ღირსეულს. მართალია, ისიდორე განმართლდა, მაგრამ თეოფილემ მაინც აჰყარა სამღვდელო პატივი და განდევნილი ნიტრიის უდაბნოს შეეხიზნა, თეოფილე კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაემტერა გრძელ ძმებს და მათ გასანადგურებლად ის ხერხი იხმარა, უკიდურესი შემთხვევისათვის რომ გადაენახა: - მწვალებლობაში დაადანაშაულა...
მაინც ვინ იყვნენ გრძელი ძმები, რომელთა სახელებიც სამუდამოდ დაუკავშირდა ოქროპირის ბედს?
იმ დროს ეგვიპტის მონასტრებში ოთხი ძმა იღვწოდა, პატიოსანი, დიდად ღვთისმოშიში და წმინდა ხალხი. რამდენადაც ძალზე მაღალნი და თან მოუკლებელი ღვაწლისაგან განლეულნი იყვნენ, ეგვიპტეში ყველა გრძელ ძმებად იხსენიებდა. თავიანთი კეთილი ცხოვრების წყალობით მათსავით უბრალო და გონებით სრულ ადამიანებს ალექსანდრიის ყოველი პატრიარქი უდიდეს პატივს მიაგებდა.
341 წელს ათანასე დიდმა რომში წაიყვანა, მათი უფროსი ძმა, ამონი, რომელმაც მარადიულ ქალაქში არაფრის ნახვა არ ისურვა, გარდა სამოციქულო სამარხისა, შემდეგ კი კვლავ უდაბნოს განუმარტოვდა, რომელიც მისთვის სამოთხე იყო...
რამდენადაც გრძელი ძმები ნიტრიის უდაბნოს დიდებას წარმოადგენდნენ, მათთან მეგობრობა თეოფილემაც მოიწადინა. ჯერ ამონის გაეპისკოპოსება მოინდომა - იმ ამონისა, ბრწყინვალე რომშიც უდაბნოზე რომ ოხრავდა, და როცა უარი მიიღო, მოტაცება დაუპირა, შემდეგ მათი მესამე ძმისაც, რაღაც მიზეზით ალექსანდრიაში რომ შეიტყუეს, მაგრამ გამოეპარათ და ისევ ლიბანის ღრმა უდაბნოს შეუერთდა.
რაც შეეხება თეოფილეს, უნდა ითქვას, რომ იგი იმ დროის უდიდესი ღვთისმეტყველი გახლდათ, მაგრამ უბოროტესი და ბნელი კაცი, რომლისთვისაც პირადი გამორჩენა უზენაესი კანონი იყო, ოქრო და პატივი კი - უფალზე და სულზე უტკბესი...
რაღაც დროით ძმათაგან ორი - ამონი და ევსიხი, საპატრიარქო რეზიდენციაში საცხოვრებლად დაიყოლია, რამდენადაც ამ სიახლოვით პოპულარობის მოხვეჭა სურდა, მაგრამ იხილეს რა, ვინც იყო იგი, იქ დარჩენა აღარ ისურვეს და კვლავ განდეგილობის ადგილს დაუბრუნდნენ. მათი წასვლის მიზეზი რომ შეიტყო, თეოფილე ძალზე განრისხდა და ძმებზე შურისგების მიზეზს უწყო ძებნა: - ჯერ ისიდორესთან ერთად ორიგენიზმის ბრალდება შეთითხნა, შემდეგ კი ახლობელ ეპისკოპოსებს ნიტრიის უდაბნოდან მონაზვნები განადევნინა, რის შემდეგაც მეუდაბნოენი შეიკრიბნენ, ალექსანდრიაში თეოფილეს მიმართეს და ევედრნენ, - ის მაინც გვითხარი, რა მიზეზით გვასამართლებო. გაცოფებული პატრიარქი კი გრძელ ძმათაგან ერთ-ერთს, ამონს ყელში სწვდა, ომოფორი შემოახვია, შეპყრობილივით უწყო ცემა, ცხვირ-პირიდან სისხლი ადინა და თან გაჰყვიროდა: - ერეტიკოსო, დაგმე ორიგენე!
ამ ვითარებაში სასჯელის მიზეზს როგორღა გამოიძიებდნენ, ადგნენ და, კიდევ ერთხელ შეურაცხყოფილნი, თავიანთ სენაკებს დაუბრუნდნენ...
უხმო რა უახლოეს მღვდელმთავრებს, გაცოფებულმა თეოფილემ ანათემას გადასცა ოთხი უდანაშაულო ძმა და ისიდორე, თუმცა, მისი გაბოროტება ამით არ დასრულდა: - თავადვე შეთხზა მათ წინააღმდეგ ცრუ ბრალდებანი, მოისყიდა ცრუმოწმენი, ეს ბრალდებები გადასცა და უბრძანა, - ტაძარში, ქადაგებისას გადმომაწოდეთო, რის შემდეგაც საჯაროდ "ამხილა" ნიტრიის უდაბნოს მამები, საჩივარი კი ეგვიპტის პრეფექტს და პროვინციის სამხედრო მეთაურს წარუდგინა მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნით.
ხელისუფლებამ, როგორც ერთ-ერთი წყარო იუწყება, ამ საქმისთვის ალექსანდრიის პატრიარქს 500-მდე ჯარისკაცი განუწესა, რომელნიც თეოფილემ ფარულად და საჩქაროდ შეაიარაღა და ისიც მოახერხა, გვარიანად გამოეთრო და უდაბნომდე ისეთი ტემპით ეტარებინა, საბრალო მონაზვნებს შუაღამით მოულოდნელად დასცემოდნენ.
"კანონდამცველნი" მონასტერთა კარებს ამტვრევდნენ, ბერებს სენაკებში უვარდებოდნენ და ვითომდა "სამხილთა" ძიების მიზეზით ყველაფერს ხელს აყოლებდნენ.
მრავალმა მათგანმა სიბნელის წყალობით უშველა თავს, გრძელი ძმები თანამგრძნობებმა გადამალეს, განთიადს კი იქაურობა დაქცეული და იავარქმნილი დახვდა... პალადის მოწმობით, "მძვინვარე ტახმა უფლის უხვი ვენახი დაანაცრა და გადათელა..."
დევნილი იღუმენები, მღვდლები, დიაკვნები და ბერები, 300-ოდე კაცი, რომელთა შეკრებაც გრძელმა ძმებმა შეძლეს, უდაბნოს სიღრმეში შეიკრიბნენ და იქ მონასტრის დაარსება მოიწადინეს, მაგრამ რადგან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ შეიტყვეს, სანატრელი უდაბნო დაუტევეს და ჯერ სირიაში განიზრახეს გადასვლა, სადაც თეოფილეს ხელისუფლება არ ვრცელდებოდა, შემდეგ კი - იქ, საითაც ღმერთი ინებებდა... 300 კაციდან 80-ღა შემორჩათ, რამდენადაც ზოგს დაღლილობამ დარია ხელი, ზოგს - სნეულებამ და ზოგსაც - სხვა მიზეზმა. მათგან ბევრს სამოცდაათისთვის გადაებიჯებინა, მრავალგზის ნაიარევი და ნაშანთ-ნატანჯი სხეულები კი ლამისაა, შემოსცვეთოდათ...
ძმობამ გადაწყვიტა, ჯერ იერუსალიმს გამგზავრებულიყვნენ, შემდეგ კი - კონსტანტინოპოლს, სადაც იმპერატორის მართლმსაჯულების და, რაც მთავარია, იოანე ოქროპირის შემწეობას იმედოვნებდნენ.
თეოფილეს "დამსახურებით" გზად ყველგან წინაღობას აწყდებოდნენ და ერთი სული ჰქონდათ, როგორმე ოქროპირამდე ჩაეღწიათ.
კონსტანტინოპოლს ძნელად თუ განაკვირვებდა ვინმე, მაგრამ ეს განდეგილები, რომელთაგან უფალს ბევრი სასწაულქმედების ნიჭით დაებეჭდა, იშვიათნი იყვნენ. უდაბნოზე, საიდანაც ისინი გამოვიდნენ, საოცრებებს ჰყვებოდნენ... მათი სიწმინდე და რჩეულობა თვალში საცემი გახლდათ, ამასთან, გაკვირვებას იწვევდა მათი სამოსიც... 80 ბერიდან ამ ტანჯულ გზას 50 კაციღა შემორჩენოდა... მათ ნავსადგურში შეისვენეს და ოქროპირის სამყოფელს დიდი სასოებით მიადგნენ...
50 პატივსაცემი კაცის ამ განსაცდელში მხილველ ოქროპირს ცრემლი მოერია, საქმის ვითარებაში გაერკვა და საბოლოოდ, გამოიკვლია რა მათი სიმართლე, დაამშვიდა და დააბინავა. ამ ღირს მამებზე არა მხოლოდ ოქროპირი, წმინდა ოლიმპიადაც ზრუნავდა, მეგობარი ოქროპირისა, რომელთა ღრმა სულიერი კავშირი და საოცარი მამაშვილური სიყვარული მატიანემ და მათმა მიმოწერამ ცოცხლად შეინახა.
"ამ საქმეს საკუთარ თავზე ვიღებ და ისე ვიმოქმედებ, რომ ან სხვა კრება გააუქმებს აკრძალვას და ან ნებაყოფლობით მოგიხსნით ეპისკოპოსიო", - ბრძანა ოქროპირმა, ხოლო საჩივარი, რომლის გადაცემასაც მეუდაბნოენი იმპერატორისთვის აპირებდნენ, ურჩია, ჯერჯერობით თან ჰქონოდათ, რადგან "ეკლესიის საქმეა, განსაჯოს ეკლესიის საქმე, ხოლო წარმავალ ხელისუფლებას არა ესაქმება რა კამათებთან, რომელნიც ღვთისმსახურებას ეხებაო". შემდეგ კი წერილობით სთხოვა თეოფილეს: - დევნილთ შენდობა მიანიჭეო.
ხიზანთა შეფარების ფაქტმა ისეც აფოფრილ თეოფილეს კიდევ ერთი ბრალდების წარდგენის მიზეზი მისცა, - საეკლესიო კანონთა დარღვევაში დასდო ბრალი: - ჩემგან დევნილნი შენ რა უფლებით შეიფარეო!
ოქროპირმა კვლავინდებურად მშვიდობისმყოფელი წერილი მისწერა, თუმცა ადრესატმა უწინდელზე უხეშად და კადნიერად უპასუხა.
მხოლოდ ამის შემდეგ იჩივლეს ბერებმა მეფესთან, რომელსაც, შეეწყალა რა ესოდენ პატიოსანი და კეთილმოღვაწე მამები, თეოფილეს კონსტანტინოპოლის სასამართლოში უხმო, რომ პატრიარქისა და ეპისკოპოსთა კრებულის წინაშე მომხდარის მიზეზები დაესაბუთებინა, თუმცა, გარკვეულ გარემოებათა გამო ეს საქმე ჩაიშალა. ამასობაში თეოფილემ კვიპროსის ეპისკოპოსის, ეპიფანეს დარწმუნება შეძლო, რომ იოანეც და მისი მფარველობის ქვეშ მყოფებიც ჯადოქრები და ერეტიკოსები იყვნენ.
ეპიფანემ, რომელსაც ძალზე უბრალო და უბოროტო ბუნება ჰქონდა, ვერ შეიცნო თეოფილეს მზაკვრობა და იოლად დაუჯერა, იმავდროულად, თეოფილე დედაქალაქში ჩასასვლელად ემზადებოდა და თან იქადიდა, - ორიგენეს მიმდევართა წინააღმდეგ კრებას მოვიწვევო. მისით წაქეზებულმა ეპიფანემ თეოფილეზე უადრეს ჩააღწია კონსტანტნოპოლს, ქალაქგარეთ გაჩერდა, წმინდა ლიტურგია აღასრულა, შემდეგ დიაკვნად კურთხევის წესიც, რაც, კანონით, არ ეგებოდა და დარწმუნებულმა იმაში, რომ ოქროპირი და ნიტრიელი განდეგილები მწვალებელნი იყვნენ, სახლი, სადაც დაბინავდა, ოქროპირის მოწინააღმდეგეთა ბანაკად აქცია.
ოქროპირი, რომელმაც უწყოდა, რომ ეპიფანე უბოროტო და წმინდა კაცი იყო, არ განრისხებულა და საცხოვრებლად საპატრიარქო სახლიც კი შესთავაზა, რაზეც პასუხად მიიღო: - სანამ ნიტრიელებს არ გაყრი და ორიგენიზმს არ დაგმობ, ჩვენი შეყრა არ ეგებისო! ოქროპირმა კი შეუთვალა, - საეკლესიო კრების თვინიერ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებო!
ოქროპირის მტრები, რომლებმაც კარგად უწყოდნენ ეპიფანეს გულუბრყვილობის შესახებ, უფრო და უფრო აქეზებდნენ მის წინააღმდეგ და ბოლოს მოუწოდეს, - წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძარში საჯაროდ დაგმე ორიგენე, განკვეთე დიოსკორე დანარჩენი ძმებითურთ, ოქროპირს კი მათ მფარველობაში დასდე ბრალიო!
შეიტყო რა ამის შესახებ ნეტარმა, ელჩის პირით შეუთვალა: - ეპიფანე, ბევრი რამ აღასრულე, რაც კანონით არ ეგებოდა, - ჯერ ჩემი თანხმობის გარეშე დააყენე წირვა, შემდეგ - დიაკვნად კურთხევის წესიც აღასრულე, ახლა კი, უარყავი რა მიპატიჟება, კვლავ განგიზრახავს ჩვენი ეპარქიის ტაძარში საეკლესიო სამართლის უგულებელყოფით განკვეთის წესი აღასრულო?! გაფრთხილდი, რამეთუ ხალხის შფოთს მოიმკი და უბედურებას შეჰყრი საკუთარ თავსაცო!
ამის გამგონე ეპიფანე, თუმც კი გაფიცხდა, მაგრამ დაფიქრდა და ყოყმანი იწყო, შემდეგ ტაძარი დატოვა და თეოფილეს დაელოდა.
დედოფალმა, რომელმაც ამ დაპირისპირების შესახებ შეიტყო, უხმო და უბრძანა: - მეუფე, უწყი, რომ მთელი ბერძნულ-რომაული სამყაროს მპყრობელნი ვართ, თუ დამიჯერებთ და შემეწევით, საეკლესიო ძალაუფლება თქვენი იქნება, ოქროპირი კი, რომელიც სათანადო პატივს არც ხელმწიფეს მიაგებს და არც მე, თან ჩვენ წინააღმდეგ აღმდგარა, საპატრიარქო პატივის ღირსი არ არის, ამასთან, ბევრის რწმუნებით, ერეტიკოსია, ამიტომ, სასურველი იქ-ნებოდა, კრება მოგვეწვია და მისთვის ეს პატივი აგვეყარა, ნაცვლად კი ის დაგვედგინა, რომელიც რიგიანად გაუძღვება ეკლესიას, თუმცა, რატომ უნდა შევაწუხოთ ამდენი მამა, არ სჯობს, თავად განაყენო ეკლესიიდანო?!
- შვილო ჩემო, - მიუგო ეპიფანემ, - შენს მამას ყური მრისხანების გარეშე უგდე: - თუ იოანე, როგორც ამტკიცებთ, ერეტიკოსია და ამ ცოდვას არ შეინანებს, იმგვარად მოვიქცევით, როგორც გვიბრძანებ, ხოლო თუ წყენა გამოძრავებს, ეს მიზეზად არ გამოდგება, რამეთუ გულძვირობა და ავისმხსომებლობა ხელმწიფეებს არ ეკადრებათ, რამეთუ მათი საქმე სიკეთე, მოწყალება და მიტევებააო!
- მამაო, თუ ოქროპირს არ განდევნი, საკერპო ტაძრებს გავხსნი და იქ ღვთისმსახურებას განვაახლებ, რაც პირველზე უმწარესი იქნებაო! - მიუგო უგონო სიშმაგით პყრობილმა დედოფალმა. ამ სიცოფით გაოცებულმა ეპიფანემ კი უბრძანა: - მე მართალი კაცის ამგვარი მსჯავრისგან სუფთა ვარო! შემდეგ წამოდგა და სამუდამოდ დატოვა სასახლე. განრისხებული დედოფალი კი მეფეს შეუჩნდა: - ჩემი შეურაცხყოფა - შენი შეურაცხყოფაცაა, რად აყოვნებ, რომ ოქროპირის დასამხობად კრება მოიწვიოო?! იგივე შინაარსის უსტარი აფრინა თეოფილესთანაც, რომელიც ფრთაშესხმული გამოემართა.
ეპიფანე კი, რომელიც ნიტრიელ მეუდაბნოეთა განსაკვეთად და ოქროპირისთვის ჭკუის სასწავლებლად ჩამოვიდა, გაესაუბრა რა ამ პატიოსან და გონიერ ბერებს, საბოლოოდ დარწმუნდა ოქროპირის სიწმინდეში, რის შესახებაც ადრეც ბევრი რამ სმენოდა, მოწყინება და სინანული დაეუფლა და გვიან მიხვდა რა, რომ სხვისი მიზნებისთვის გაისარჯა, გულდაწყვეტილმა დატოვა კონსტანტინოპოლი... მაგრამ სანამ სამშობლოს მიაშურებდა, ოქროპირისაგან წინასწარმეტყველური სიტყვები მიიღო: - ეპიფანე, გავიგე, ჩემი განდევნა გწადდა. იცოდე, შენს ტახტს ვეღარ იხილავო! და მართლაც, ბოლოდროინდელმა ამბებმა, ხანდაზმულობამ და ზღვაოსნობისას შეყრილმა ციებამ ამ 80 წლის სათნო მოხუცს ხელი დარია და მგზავრობისას სული წაართვა...
მატიანემ შეინახა თავად ეპიფანეს პასუხიც, რომელიც ასევე წინასწარმეტყველური აღმოჩნდა:
- მრავალვნებულო იოანე! მტკიცედ სდექ და იცოდე, გადასახლების ადგილამდე ვერ ჩააღწევო!..
ამ დროს კი დედოფლის მხარდაჭერით ფრთაშესხმული და თანამოაზრე ეპისკოპოსებით გამხნევებული თეოფილე კონსტანტინოპოლს ჩავიდა, დედოფალმა მეფისაგან მალულად მოიწვია ისინი და თხოვნა გაუმეორა: - ოქროპირი დაამხეთო! შემდეგ მეფეს ტირილით სთხოვა, - იოანე გაასამართლეო, ამ უკანასკნელმა კი, რომელიც მდგომარეობიდან გამოჰყავდა მეუღლის ცრემლებს, მთელი რისხვა, რომელიც თეოფილეს მიმართ გააჩნდა, ოქროპირზე გადმოანთხია და კრების მოწვევა ბრძანა.
თეოფილე, რომელიც ძალზე გაახარა ამ ამბავმა, ოქროპირისგან დიდი ცოდვების ბრალდებით განყენებულ ორ დიაკვანს გაეპისკოპოსებას იმ პირობით შეჰპირდა, თუ სასამართლოზე ოქროპირის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებით გამოვიდოდნენ...
საბრალდებო დასკვნა, რომელიც წარმოუდგენელი სიბინძურით და დიდი სიძულვილით შეთხზეს, 29 პუნქტს შეიცავდა, რომელნიც რამდენიმე ძირითად ბრალდებამდე შეგვიძლია, დავიყვანოთ: 1) პიროვნებებისადმი ძალადობა და სასტიკი მოპყრობა; 2) მძიმე შეურაცხყოფები; 3) ტაცება; 4) საეკლესიო ადგილთა დაპყრობა; 5) ზნეობის დარღვევა; 6) დისციპლინისა და საეკლესიო ჩვეულებათა დარღვევა; 7) ამბოხის გაღვივება და ღალატი.
აი, ასე გამოიყურებოდა ბრალდებათა "ბრწყინვალე" ნაკრები, აშკარად ცრუ, უსამართლო, ჭორებით ნასაზრდოები და საეჭვოდ გაზვიადებული, რომელთაც ორი წლის განმავლობაში ავრცელებდნენ ოქროპირის მტრები.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი