სკოლამ, რომელმაც ოქროპირი გაზარდა, წმინდა წერილის იმგვარი მასწავლებლები შემოიკრიბა, როგორნიც უსათნოესი ფლავიანე და დიოდორე ტარსელები იყვნენ.
სწორედ ამ ზნემაღალ და ღირსეულ კაცთა მეოხებით განუმტკიცდა იოანეს საკუთარი გადაწყვეტილება, ღვთის გზას დასდგომოდა.
შესაძლოა, ამ სკოლის წყალობითვე, ან უფრო ადრეც, დაუახლოვდა ოქროპირი ზნემაღალ ეპისკოპოს მელეტის, რომელმაც, "იხილა რაი იოანესმიერი იგი შესაძინებელი ეკლესიისაი", დაიახლოვა, "ფრიადითა სიტყვითა და სწავლითა მიიზიდვიდა", ხოლო ოდეს ჭაბუკი ოცდახუთი წლისა შესრულდა, მონათლა კიდეც (სხვა წყაროთა ცნობით, წმინდანი მშობლებს ჩვილობაშივე მოუნათლავთ).
ნაგვიანევი ნათლობის მიზეზი იმ დროს გამეფებული ჩვეულება გახლდათ - ეს აქტი სიმწიფის ასაკამდე გადაედოთ, როცა ყველა ჭაბუკური გატაცება გადავლილია, თუმცა, არსებობდა დროის სულისკვეთებიდან მომდინარე სხვა მიზეზებიც.
ანტიოქიის ეკლესიას მაშინ არიანელთა ერესი აშფოთებდა. ამ უკანასკნელთ, იგდეს რა ხელთ ძალაუფლება, თავხედურად და ძალმომრეობით დევნიდნენ მართლმადიდებლებს, მათ შორის განხეთქილების თესლს ამრავლებდნენ და ისიც კი მოახერხეს, რომ ეპისკოპოსი მელეტი რამდენჯერმე განადევნინეს...
ნათლისღების უდიდესმა მადლმა იოანეს კიდევ უფრო განუმტკიცა გადაწყვეტილება. ეპისკოპოსმა მელეტიმ, ჭვრეტდა რა ჭაბუკის ღრმა სულიერებას, იგი მკითხველად დაადგინა.
საიმდროოდ ანტიოქია კვლავ მღელვარებამ მოიცვა: - იმპერატორ ვალენტისაგან (364-378 წწ.) წაქეზებულმა არიანელებმა ძველი შემართებით შეუტიეს მართლმადიდებლებს, ეპისკოპოსი მელეტი კი - კვლავ გაასახლეს... მძიმე დროება დაუდგა ქრისტეს სამწყსოს, მით უფრო - ეკლესიის მსახურთ... იოანეს კი ახალი და დიდი ტკივილი ეწია: - უტკბესი დედა გარდაეცვალა, რამაც საბოლოოდ გადააწყვეტინა უდაბნოს დამოქალაქება, პატივით დაკრძალა მშობელი, მთელი ქონება გლახაკთ დაურიგა, მონები გაათავისუფლა და ბასილითურთ ახალგაზრდული შემართებით შეუდგა ნანატრ მსახურებას (სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მისი თხზულებანი "გულის შემუსვრილებისათვის", "ეპისტოლე თეოდორეს მიმართ" და სხვანი)...
მათი უჩვეულო ღვაწლის შესახებ მალე ხმა დავარდა, ყოველი მხრიდან დაიძრნენ სულიერი თუ ხორციელი კურნებისათვის და უნუგეშოდ არავინ დარჩენილა.
ანტიოქიის მართლმადიდებელი მოსახლენი ფრიად განაკვირვა ამ ორი ახალგაზრდის დიდმა თავდადებამ და მალე თვით ეპისკოპოსთა კრებულიც კი მივიდა აზრამდე, რომ თავდადებულ მოძღვართა სიმცირის გამო კარგი იქნებოდა, ისინი ტაძართან ახლოს გადმოეყვანათ.
მალე ხმა გავრცელდა, - მეუდაბნოე ახალგაზრდებს ეპისკოპოსებად უპირებენ ხელდასხმასო - იმ დროისათვის ღირსეულ და ჭკვიან ახალგაზრდათა გამღვდელმთავრება იშვიათი არ გახლდათ, რამაც ძალზე შეძრა იოანე, - მან ხომ იმიტომ მიატოვა წუთისოფელი, რომ სულის სახსნელად უდაბნოს ნაყოფნი მოემკო...
თვით ოქროპირს მივუგდოთ ყური:
"უეცრად ხალხში ხმა დაირხა, თითქოს ჩვენი საეპისკოპოსო პატივში აღყვანა იყო განზრახული. ამ ამბავმა ორივე შეგვაშფოთა. შიშმა და გაურკვევლობამ შემიპყრო: - მეშინოდა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ არ მომხდარიყო ჩემი ხელდასხმა, გაურკვევლობა კი იმიტომ დამეუფლა, რომ ხშირად ვფიქრობდი და ვერ გამეგო, თუ საიდან გაუჩნდათ ადამიანებს ასეთი აზრი ჩემ შესახებ. კარგად ვუკვირდებოდი საკუთარ თავს და ვერაფერს ვპოულობდი ჩემში ესოდენი პატივის ღირსს.
ამ დროს მეწვია ჩემი დიდსულოვანი მეგობარი და საიდუმლოდ მამცნო ეს ამბავი. ეგონა, რომ არაფერი ვიცოდი, თანაც მთხოვა, უწინდელივით ერთად განგვესაჯა და ერთნაირად მოვქცეულიყავით. მარწმუნებდა, - რა გზაც უნდა აირჩიო, - ჩვენი ხელდასხმის მსურველთ დამორჩილდები თუ გაექცევი, - უეჭველად შენთან ერთად ვიქნებიო.
აშკარად ვხედავდი, რომ იგი მართლაც ყველაფრისთვის მზად იყო და ვიფიქრე, რომ მთელ ეკლესიას დიდ ვნებას მოვუტანდი, თუ საკუთარი უძლურების გამო ქრისტეს სამწყსოს ჩინებულ და წინამძღვრობის შემძლე ყმაწვილს მოვაკლებდი, ამიტომ ჩემი გულისთქმა არ გავუმხილე, თუმცა, იმ დრომდე მისთვის არც ერთი ჩემი აზრი არ დამიმალავს, ვუთხარი, - ამ საკითხზე ბჭობა სხვა დროისთვის გადავდოთ, საჩქარო არაფერია-მეთქი, ადვილად დავარწმუნე, რომ ამაზე არ ეზრუნა და მტკიცე იმედი ჰქონდა ჩემი თანადგომისა, თუკი ნამდვილად დაგვიპირებდნენ ხელდასხმას.
მცირე ხნის შემდეგ, როდესაც ის ადამიანი მოვიდა, რომელსაც ჩვენი ხელდასხმა უნდა აღესრულებინა, მე დავიმალე, ჩემი მეგობარი კი, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა, სხვა საბაბით გაიწვიეს და მან იტვირთა ეს უღელი, სრულიად დარწმუნებულმა, რომ პირობის თანახმად, მეც მას მივყვებოდი, ანუ, უფრო ზუსტად, ეგონა, რომ თავად მომყვებოდა.
ზოგიერთი იქ მყოფი, იხილეს რა, რომ ბასილი ჩიოდა, რატომ წამომიყვანეთო, გაკვირვებულები გაიძახოდნენ: - "საოცარი იქნება, თუ ის, ვინც უფრო თამამ კაცად იყო მიჩნეული (ანუ მე), დიდი სიმდაბლით მიიღებს მამათა განჩინებას, ეს კი, უფრო კეთილგონიერი და თავმდაბალი, წინ აღუდგება მამებს და ცუდმედიდობას, უარყოფასა და ცილობას დაიწყებსო."
ისიც დაემორჩილა ამ სიტყვებს, ხოლო როცა შეიტყო, რომ მე გავიქეცი, მწუხარებით სავსე მოვიდა, ახლოს დამიჯდა, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ სულიერი მღელვარებით შეძრულმა სიტყვაც ვერ დაძრა. როგორც კი ხმის ამოღებას დააპირებდა, მყის ჩერდებოდა, რადგან ურვა არ აცლიდა. ცრემლმორეული და შეძრწუნებული რომ ვიხილე (თანაც მიზეზი კარგად ვიცოდი), გავიცინე, დიდი სიხარული გამოვხატე, მის ხელს დავწვდი და ვეამბორე, მერე ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ჩემმა ხერხმა ის კეთილი ნაყოფი გამოიღო, რომელსაც მუდამ ვნატრობდი. ჩემი სიხარული და აღტაცება რომ იხილა და შეიტყო, რომ ადრევე მივმართე ამ ხერხს, უფრო შეშფოთდა და დამწუხრდა.
როდესაც სულიერი მღელვარება ოდნავ დაუცხრა, თქვა: - თუ მე უკვე უგულებელმყავ და აღარაფრად მაგდებ (არ ვიცი კი, რისთვის), საკუთარ პატივზე მაინც გეფიქრა. ახლა ყველას მიეცი ლაპარაკის საბაბი, ყველა იმას გაიძახის, - ცუდმედიდობის გამო აირიდა ეს მსახურებაო და ერთი კაციც კი არ გიცავს ამ ბრალდებისგან. მე კი გარეთ ვეღარ გავსულვარ, იმდენი ხალხი მოდის ყოველდღე და მსაყვედურობს. ნაცნობები, სადმე ქალაქში თვალი თუ მომკრეს, განზე გავყავარ და მეტწილად ყვედრებით მავსებენ: - ხომ იცოდი მისი ზრახვები (აკი არაფერს გიმალავდა), არ უნდა დაგეფარა, თუ რას ფიქრობდა და ჩვენთვის უნდა გეთქვა, ჩვენ კი ცხადია, ყოველ ღონეს ვიხმარდით მის მოსანადირებლადო.
მე კი ვწითლდები და მრცხვენია მათთვის იმის თქმა, რომ არ ვიცოდი შენი განაზრახის შესახებ. არ მინდა, ჩვენი მეგობრობა პირმოთნეობად მიიჩნიონ და თუნდაც ეს მეგობრობა მართლაც თვალთმაქცობა იყოს (და ასეცაა, ამას ხომ ვერ უარყოფ შენი ამჟამინდელი საქციელის შემდეგ), უცხოთაგან, ვინც ასე თუ ისე გვიცნობს, მაინც უნდა დავფაროთ ჩვენი ცუდი ურთიერთობა.
მე ვერ ვბედავ, მათ სიმართლე ვუთხრა, ის, რაც ჩვენ შორის იყო, ამიტომ იძულებული ვარ, გავჩუმდე, თვალები დავხარო და შემხვედრთ მოვერიდო. პირველ ბრალდებას რომც ავცდე (ჩვენი მეგობრობის არაგულწრფელობის შესახებ), სიცრუეს მაინც დამწამებენ, არასოდეს დამიჯერებენ, რომ შენ ბასილიც სხვებს გაუტოლე, იმათ, ვინც შენი საიდუმლო არ უნდა იცოდეს, თუმცაღა, მე ეს დიდად არ მადარდებს: - ასე გწადდა, მაგრამ როგორ გადავიტანთ სხვა ბრალდებათა სირცხვილს? ზოგი სიამაყეს მოგაწერს, ზოგი - პატივმოყვარეობას, უფრო ულმობელნი კი - ერთსაც და მეორესაც, თან იმასაც დასძენენ, რომ ჩვენ თავად ამომრჩეველი შეურაცხვყავით, მათზე კი ასე ამბობენ:
- "სამართლიანად მიიღეს, რაც დაემართათ, თუმცა, მეტ უპატიობას იმსახურებდნენ იმისათვის, რომ ესოდენ პატივცემული კაცები უგულებელყვეს და ჯერ კიდევ გუშინ ამსოფლიური ზრუნვით შეპყრობილი ყმაწვილები აირჩიეს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ნაცრისფერი კაბები გადაიცვეს, თავი დამდაბლებულებად მოგვაჩვენეს, რომ უეცრად ისეთ ღირსებაში აიყვანეს, სიზმრად რომ არ მოლანდებიათ.
ისინი, ვინც სიყრმიდან ღრმა სიბერემდე მოღვაწეობაში არიან, ხელქვეითთა ხარისხში რჩებიან და მათივე შვილები განაგებენ, რომელთაც არც კი სმენიათ მართვა-გამგებლობის კანონთა შესახებ".
მსგავსი და კიდევ უფრო მეტი ყვედრებით მაწყინებენ და აღარ ვიცი, რით ვიმართლო თავი მათ წინაშე. გვედრი, მასწავლე რამე.
ვფიქრობ, უბრალოდ და უმიზეზოდ არ გაიპარებოდი და აშკარა ბრძოლას არ გამოუცხადებდი ამ დიდებულ კაცებს. ეს ნაბიჯი, ალბათ, რაღაც მოფიქრებული და გარკვეული მიზნისთვის გადადგი. აქედან ვხვდები, რომ თავდასაცავი სიტყვაც მზად გექნება.
მაშ, მითხარი, რა სამართლიანი მიზეზი შეგვიძლია წარვუდგინოთ ჩვენს მაბრალობლებს, ხოლო იმას, მე რომ უსამართლოდ მომექეცი, არ გსაყვედურობ. არ გსაყვედურობ არც სიცრუეს, არც ღალატს, არც შენდამი ჩემი კეთილგანწყობის არად ჩაგდებას. მე ჩემი სული მოგიტანე და ჩაგაბარე, შენ კი ისე ცბიერად მომექეცი, თითქოს რაღაც უსიამოვნებებს ელოდი ჩემგან. თუ ეს განაზრახი სასარგებლოდ გიჩნდა, მაშინ ჩემთვისაც უნდა აგეცილებინა, რადგან, შენივე თქმით, ყოველთვის ყველას გერჩივნე, შენ კი ყოველივე იღონე, რომ ჩავვარდნილიყავი და არავითარ მზაკვრობასა და თვალთმაქცობას არ დაერიდე იმის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის უბრალოდ და უზაკველად გექცეოდა, თუმცაღა, აკი გითხარი, სრულიად არ გსაყვედურობ და არ გადანაშაულებ იმ მარტოობისათვის, რომლისთვისაც გამწირე. შეწყდა თათბირები, რომელთაგანაც ხშირად ვიღებდით სიამოვნებასაც და საკმაო სარგებელსაც, მაგრამ ყოველივე ამას თავს ვანებებ და უსიტყვოდ და მშვიდად ვითმენ არა იმიტომ, რომ შენთან მეგობრობის პირველივე დღიდან წესად დავიდე, არასოდეს გაიძულო თავის მართლება, რაც უნდა მაწყენინო. საკმაო ვნება რომ მომაყენე, შენც იცი, თუკი გახსოვს, რას ამბობდნენ ჩვენზე უცხონი და თავად ჩვენც. კერძოდ, იმას, რაოდენ სასარგებლოა ჩვენთვის ერთსულოვნების დაცვა ურთიერთსიყვარულით თავის შემოზღუდვა. სხვანი იმასაც კი ამბობენ, რომ ჩვენი ერთობა ბევრისათვის იქნებოდა სასარგებლო, თუმცა, არასოდეს მიფიქრია, რომ შემეძლო, სხვებს გამოვდგომოდი, ის კი ვიცოდი, რომ ერთსულოვნება გარეშე მტერთაგან დაგვიცავდა და ეს უმნიშვნელო სარგებელი არ იქნებოდა. ამას ყოველთვის დაუღალავად გახსენებდი. ახლა მძიმე დროა, ბევრია ავის მოსურნე, ჭეშმარიტი სიყვარული გაქრა და მისი ადგილი დამღუპველმა სიძულვილმა დაიკავა... მრავალნი არიან, ვისაც ახარებს ჩვენს თავს მოწეული უბედურებანი...
გაფრთხილდი, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს დავშორდებით, უფრო მეტი დაცინვა და ზიანი არ დავიტეხოთ თავს. "ძმაი ძმისა შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი და ძლიერ არს, ვითარცა სამეუფოი მოზღუდვილი" (იგავთა, 18, 19). ნუ დაარღვევ ამ ერთობას და ნუ დაამხობ ამ სიმაგრეს.
დაუცხრომლად გიმეორებდი ამას და ამაზე მეტსაც მაშინ, როცა არაფერი ვიცოდი და სრულიად ჯანსაღად გთვლიდი ჩემთან დამოკიდებულებაში, მხოლოდ გრძნობათა სიჭარბის გამო გთავაზობდი მკურნალობას საღ-სალამათს. თურმე, არ ვიცოდი, რომ წამალს სნეულს ვაძლევდი და ამნაირად, მე საბრალომ, ვერავითარი სარგებელი ვერ მივიღე ასეთი მზრუნველობისათვის. შენ მეყსეულად უარყავი ყოველივე და მსუბუქი ხომალდივით გამიშვი გაშლილ ზღვაში და არც კი ცდილხარ, წარმოგედგინა მრისხანე ტალღები, მე რომ უნდა შევებრძოლო. თუკი საიდანმე დამატყდება ცილისწამება, დაცინვა ან სხვა რაიმე შეურაცხყოფა და მტერობა (ეს კი, ალბათ, ხშირად მოხდება), ვის შევევედრო, ვის ვაუწყო ჩემი მწუხარება, ვინ შემეწევა, ვინ მოიგერიებს ჩემს შეურაცხმყოფელთ, ვინ აიძულებს მათ მტერობის შეწყვეტას, ვინ მანუგეშებს და შემეწევა. სხვათა უჯერო საქციელის გადატანაში? არავინ მივის, რადგან შენ შორს განუდექი ამ სასტიკ ბრძოლას და ჩემი ხმაც კი არ გწვდება.
იცი კი, რა ბოროტება ჩაიდინე? აღიარებ კი ამ მარცხის შემდეგ მაინც, თუ რა უკურნებელი წყლულება მომაყენე? მაგრამ მოდი, ამას თავი დავანებოთ: - რაც მოხდა, იმას უკვე ვეღარას ვუშველით, ვერც გამოუვალი ვითარებიდან ვიპოვით გამოსავალს, მაგრამ რა ვუთხრათ უცხოებს? რითი დავიცვათ თავი მათი ბრალდებებისგან?
- დამშვიდდი, - მივუგე მე, - მზად ვარ, არა მხოლოდ მაგაზე გიპასუხო, არამედ, შევეცდები, რამდენადაც შევძლებ, იმაშიც ვიმართლო თავი, რასაც შენ მპატიობ. თუ გინდა, სწორედ აქედან დავიწყებ თავდაცვას.
ფრიად უმადლო, განუსჯელი და ბოროტი კაცი ვიქნებოდი, უცხოთა აზრზე რომ მეფიქრა და მათი ყვედრების დასაცხრობად ყველა ღონე მეხმარა, იმას კი არ ვცდილიყავ, რომ ჩემს უდანაშაულობაში დამერწმუნებინე შენ, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და ვინც იმდენად მიბრალებს, რომ არ მადანაშაულებს იმაშიც კი, რაშიც, მისივე თქმით, დამნაშავე ვარ, ის, ვინც თავის თავს არად აგდებს და კიდევ ჩემზე ფიქრობს. მაშინ ხომ დიდად უყურადღებობას გამოვიჩენდი ჩემთვის ესოდენ მზრუნველი მეგობრის მიმართ.
ამგვარად, რითი შეურაცხგყავი? აი, აქედან დავიწყებ ჩემს თავდაცვას. - იმით, რომ ხერხი ვიხმარე და დაგიმალე ჩემი განზრახვა? მაგრამ ეს ბოლოს სასარგებლო გამოდგა შენთვისაც და იმათთვისაც, ვისაც შენი თავი ჩავაბარე ჩემი დამალვის წყალობით. თუკი დამალვა ყველა შემთხვევაში ბოროტებაა და არასოდეს შეიძლება მისი გამოყენება, თუნდაც კეთილი საქმისათვის, მაშინ მზადა ვარ, ის სასჯელი მივიღო, რასაც განმიჩინებ, თუმცა, რაკი არასდროს დათანხმდები ჩემს დასჯას, თავადვე დავისჯი თავს ისე, როგორც მოსამართლენი სჯიან ხოლმე ბრალმდებელთაგან მხილებულ დამნაშავეებს და თუ დამალვა მუდამ მავნე არ არის, არამედ კარგი ან ცუდი ხდება კაცის განზრახვის მიხედვით, მაშინ ნუღარ მაბრალებ, რომ მოტყუვდი და დაამტკიცე, რომ ხერხი ბოროტი საქმისათვის ვიხმარე. სანამ ეს არ დამტკიცებულა, მანამ ნუ მყვედრი და ნუ მაბრალებ, პირიქით, თუ ვინმე ხერხს კეთილი მიზნებისთვის იყენებს, ის ქების ღირსია და არა საყვედურის..."
"მე ამ საქმეს (მოძღვრობას) სიამაყისა და ამაო დიდებისმოყვარეობის კი არა, ერთადერთის, - მომავალი საქმის შიშით გავერიდე."
"მზის სხივზე წმინდა სული უნდა ჰქონდეს მოძღვარს, წამითაც რომ არ მიატოვოს სულიწმიდამ და იმის თქმა შეძლოს: - "ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალ. 2, 20)."
"უფალს წინასწარმეტყველებზე უადრეს სურდა ეჩვენებინა, რომ მღვდელთა ცოდვები უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებს, ვიდრე - ჩვეულებრივი ადამიანისა და მსხვერპლშეწირვის დადგენისას ბრძანა: - მთელი ხალხის ცოდვათა გამოსახსნელი მსხვერპლის ტოლი ზვარაკი შეეწირათ მღვდლის შეცოდებათა გამო (ლევ. 4), რითაც დაგვანახვა, რომ მღვდლის ნაჭრილობევს სწორედ იმგვარი შეწევნა სჭირდება, როგორიც წყლულებს მთელი ხალხისას ერთად აღებულს. ისინი რომ უმძიმესი არ ყოფილიყო, არც ასეთი შეწევნა გახდებოდა საჭირო. ამასთან, ეს ცოდვა კი არ არის თავისთავად მძიმე, არამედ იმიტომ, რომ მას მღვდელი, ასეთი დიდი პატივის მქონე კაცი იქმს".
"ახლა მაინც თუ გახდა შენთვის ნათელი, უმიზეზო რომ არ ყოფილა ჩემი შიში? ნათქვამს ამასაც დავამატებ: - სულიერმა ვნებებმა რომ ერთიანად არ დამრიონ ხელი, საამისოდ ახლაც დიდი ჯაფა მიწევს, მაგრამ ამ შრომას როგორღაც ვიტან, ამ ღვაწლს არ გავურბივარ. პატივმოყვარეობა ახლაც დამრევს ხოლმე ხელს, თუმცაღა, ვებრძვი და წინ აღვუდგები, მაგრამ ვაღიარებ: - მისი მონა ვარ მაინც. ზოგჯერ ამ დამონებული სულის მხილებასაც ვახერხებ. ახლაც მომეახლებიან ხოლმე მავნე წადილები, მაგრამ ძლიერ ცეცხლს ვერ მინთებენ, თვალი ვერ აწვდის გარედან იმ ცეცხლს საწვავს და იმიტომ. სხვამ რომ ვისიმე ავი ილაპარაკოს და ვუსმინო, მაგისგან თავისუფალი ვარ, მოსაუბრე არავინა მყავს. კედლებს, რასაკვირველია, ლაპარაკი არ შეუძლიათ. რისხვას კი, გარკვეულად, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის გარემოცვაში არ ვიმყოფები, მაინც ვერ გავექეცი.
ხშირად ძლიერად არა, მაგრამ მაინც ამიალებს ხოლმე გულს ურიგო ხალხის, მათი საქციელის მოგონება. ამ ალს იმით ვშრეტ, რომ ვაგონებ ხოლმე თავს, თუ რაოდენ უჯერო და ჭირის მომტანია საკუთარი უდებების დატევება და ახლობელთა ვნებების ჩხრეკა. მაგრამ ხალხში გარეული და მოუსვენრობით შეპყრობილი, გულისთქმების ასეთი შეგონებებით მართვას ვეღარ შევიძლებ, ძალა აღარ მეყოფა და ისე, როგორც კლდეებს შორის აქაფებული ნიაღვარი გაიტაცებს ხოლმე კაცს, რომელიც აშკარად წინდაწინვე ხედავს განსაცდელს, რომლისკენაც მიექანება და საშველი მაინც ვერა მოუფიქრებია რა, მეც, ვნებათა ტალღებში მოქცეულს, თუმცა კი შემრჩა გონი მომავალი სასჯელის განჭვრეტისა, რომელიც დღითი დღე გაიზრდება, მაგრამ ახლანდელივით საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და იმ გამძვინვარებულ მხეცთაგან გაქცევას რიგიანად ვეღარ შევძლებ.
მე სუსტი, დიდბუნებოვნებას მოკლებული სული მაქვს და მას იოლად სძლევენ არა მხოლოდ ეს ვნებები, არამედ მათ შორის უსაშინლესი, - შური, რომელსაც არ ძალუძს ქებისა და ძაგების უშფოთველად ატანა. პირველი უზომოდ ამედიდურებს, მეორე კი - ურვაში აგდებს. მძვინვარე მხეცები, თუ ისინი ჯანზე არიან, მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით კი - გამოუცდელებს, ადვილად სძლევენ. მაგრამ თუ ვინმემ შიმშილით მოაუძლურა ისინი, დააოკებენ კიდეც მათ მძვინვარებას და ძალის დიდ ნაწილსაც წაჰგვრიან, ასე რომ, მათთან ბრძოლაში არცთუ ისე მამაცი კაციც კი ივარგებს..."
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი