ძველი სტილით 23 აპრილს, გიორგობის დღესასწაულზე გარდაიცვალა იმერეთის მეფე სოლომონ პირველი.
XVII-XVIII საუკუნეების იმერეთში ტრაგიკული მდგომარეობა იყო, 1660-1701 წლებში ჩვიდმეტი მეფე ჩამოაგდეს ტახტიდან - ამათგან ოთხი მოკლეს, ცამეტი კი გააძევეს. მარტო არჩილ მეფე ხუთჯერ დასვეს ტახტზე და ხუთჯერვე ჩამოაგდეს. რუსეთს გადახვეწილი მეფე-პოეტი გულმოკლული ამბობდა: "დავტოვე ქაჯთა ქვეყანა, ღვთისაგან დაწყევლილიო".
სამთავროებად დაფლეთილი ქვეყანა მტერმა იოლად იგდო ხელთ. თურქი ჩამოსახლდა იმერეთში და მთავარ ციხეებს დაეპატრონა.
ოსმალები განსაკუთრებით ალექსანდრე V-ის მეფობის ჟამს მომძლავრებულან. მეფის სალარო დაცარიელებული იყო და ალექსანდრეს სათურქო ხარკის გადახდა არ შეეძლო, ამიტომ ვალდებულებას ტყვის სყიდვით ასრულებდა. გამოსავალი არსაიდან ჩანდა. მეფეს შვილებიღა ეიმედებოდა: უფროს ვაჟს, იოსებს, სასულიერო გზა აერჩია; უმცროსს, სიფიცხის გამო "არჩილ გიჟს" ეძახდნენ. დიდი ვაჟკაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ხალხი ამბობდა, "მისმა მადლმა, წმინდა გიორგის სასწაულის გარდა, სიმარჯვით ვერავინ აჯობებსო". არჩილი ერთხელ სიმამრს - მეფე ერეკლეს ესტუმრა თბილისში. დაღლილი, ძილმოწყურებული და წინა დღით შეიძლება ნაქეიფარიც კი, გამთენიისას რაღაც ხმამ გააღვიძა. მოლას ყივილი შეიცნო, "ამ დილაადრიან შუა თბილისში ამას რა უნდაო", - იფიქრა. თავი ვერ მოთოკა და თბილისის შუაგულში მდგარი მეჩეთიდან მოლა თოფის ერთი გასროლით ჩამოაგდო ძირს.
...სამეფოდ კი მამამ შუათანა - სოლომონი შეარჩია. ალექსანდრეს ეშინოდა, თათრები წამართმევენ, მომიკლავენო და მამაწმინდაში აზნაურ მესხს გაუგზავნა გადასამალად.
სოლომონმა კარგად გაიცნო უბრალო ხალხის ცხოვრება. პატარა ბიჭის მეხსიერებაში მწარედ ჩარჩა თანატოლი გოგო-ბიჭების ტყვედ გაყიდვის ამბები, მათი მშობლების გოდება, დაცარიელებული და დაბეჩავებული იმერეთი... ძალზე გულჩვილი იყო სოლომონი და ვეღარ უძლებდა ამდენ ცრემლსა და ვაებას.
გავიდა დრო, წამოიზარდა, საშუალო ტანის, სასიამოვნო შესახედაობისა და ძლიერი აღნაგობის ვაჟკაცი დადგა. რუხი მაუდის ჩოხა ეცვა და რიგით მოლაშქრესავით მუდამ თოფს, დამბაჩას, ხმალსა და ხანჯალს ატარებდა. მეფურ სამოსს იშვიათად იცვამდა. ძალზე თავმდაბალი იყო, ზოგჯერ მშრომელ ხალხში ისე გაერეოდა, ვერც კი ამოიცნობდით. მეფის სუფრაც რომელიმე იმერელი ფეოდალის სუფრისგან დიდად არ გაირჩეოდა. ეს უბრალოება სოლომონს ბოლომდე გაჰყვა.
რუსი ისტორიკოსი ბუტკოვის ცნობით (რომელიც ერეკლე მეორეს გონიერ, პირადი სულიერი სიძლიერის და სიკეთის მქონე უშიშარ და მამაც პიროვნებად მიიჩნევდა), "იმერთა მეფე ერეკლეს არც სიჩაუქით, არც სიქველით და არც გონე¬ბით არ ჩამორჩებოდა".
ანტონ მურავიოვი წერდა, რომ "სოლომონი სანდომიანი სახისაა, ულვაშებიანია, წვერს იპარსავს, გამბედავი და უმამაცესი მეომრის იერი აქვს, უბრალო იმერლებს ურთიერთობისას არ განასხვავებს, ვინც მას პირადად არ იცნობს, ქვეშევრდომთაგან ვერ გაარჩევს".
პირდაპირიც იყო და განზრახულის ბოლომდე მიყვანა უყვარდა. საოცრად მტკიცე ხასიათი და გამჭოლი მზერა ჰქონია სოლომონს, ამბობდნენ, შეხედვით ქვასაც ხეთქავდაო, ამიტომ ქვახეთქიასაც ეძახდნენ; თვალიც უჭრიდა - ზაფხულში შუადღის მზეს მზერას უსწორებდა. ხალხი ამბობდა, ნამდვილად ოთხი თვალი აქვსო. ასეც იყო, ოღონდ მას ის სულიერი თვალნი ესხა, ბევრ მის თანამედროვეს, თუნდაც მამამისს, რომ აკლდა. ალექსანდრე ისე გაკადნიერებულა, გელათში დასვენებული ხახულის ღვთისმშობლის ხატი გაუძარცვავს. რამდენიმე დღეში "წამოსცვივდნენ ორივე თვალნი" მეფეს. ხორციელადაც დაბრმავებული ერთი თვის თავზე მომკვდარა. იმერეთის ტახტზე მისი შუათანა ძე, 17 წლის სოლომონი ავიდა.
სანამ თხრობას განვაგრძობთ, ერთ ლამაზ ლეგენდას - მის უფლისწულობის დროინდელ ამბავს გავიხსენებთ, რომლიდანაც კარგად ჩანს, რომ სოლომონი ჯერ კიდევ გამეფებამდე აღუდგა წინ ქართველ ტყვეთა გაყიდვის საზარელ ტრადიციას.
* * *
1898 წელს გამოცემულ "აკაკის კრებულში" დაბეჭდილია ეს მშვენიერი მოთხრობა - "წმინდა გიორგის რაზმი". ტექსტს წინ უძღვის შენიშვნა, სადაც აკაკი წერეთელი იხსენებს სოლომონის გამეფებამდელ ამბებს - "წინანასწარ დროებას", მამამისს ალექსანდრეს, მეტად შევიწროებულს თურქებისგან, რომელთაც აიძულეს მეფე, გადაეყენებინა ღირსეული მიტროპოლიტი, მოხუცებული ქუთათელი და მის ნაცვლად ქუთათელის ხარისხში ააყვანინა ზნედაცემული, ტყვეთა გამყიდველი ახალგაზრდა ჩხეიძე. აკაკი აღწერს მაშინდელი იმერეთის სავალალო მდგომარეობას და დასძენს: "ვინ იცის, რა ბედი მოუვიდოდა იმერეთს, რო ღვთის განგებით იმ ხანებში არ შემდგარიყო საზოგადოება, "წმინდა გიორგის გუნდათ" წოდებული". ეს მშვენიერი ამბავი შენიშვნებით ქალბატონ ქსენია სიხარულიძეს შეუტანია თავის წიგნში: "ქართული საისტორიო ზეპირსიტყვიერების" II ტომში.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა სოლომონთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი