"წმინდა გიორგის რაზმმა" ბევრი კეთილი საქმე გააკეთა. თათრის ერთგულნი და ქვეყნის ორგულნი მათი შიშით ძველებურად პარპაშს ვეღარ ბედავდნენ. ამ პატარა რაზმმა "ისე დასცარა თურქების ძალა და ისე გაუმთელა გული ქრისტიანობას, ალექსანდრე მეფის სიკვდილის შემდეგ სოლომონი ტახტზე რომ ავიდა, ბევრი აღარა დასჭირვებია რა თათრების მოსაგერიებლად".
სოლომონ მეფის ძლიერება შემდგომში მის სახელმწიფო ბეჭედზეც აისახა: ადრინდელი დამამცირებელი წარწერა - "მონა ღვთისა, ყმა ხონთქრისა" მან ახალი წარწერით შეცვალა - "ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლმჩქეფე იმერთ მეფე".
ჩვიდმეტი წლის ყმაწვილმა მეფემ ურჩი და ძლიერი თავადების დამორჩილება, დასავლეთ საქართველოს გაერთიანება და ოსმალეთის ბატონობის მოსპობა განიზრახა. ამას ისიც დაურთო, რომ მამის სიკვდილისთანავე ყველა ქვეშევრდომს მკაცრი სასჯელისა და თვით სიკვდილის შიშით ტყვეების თურქებისთვის მიყიდვა აუკრძალა. ათასობით ქართველი იყიდებოდა სპარსეთის თუ ოსმალეთის ბაზრებზე. შარდენის ცნობით, მარტო სამეგრელოდან ყოველწლიურად 12 ათასი კაცი გაჰყავდათ გასაყიდად. არც გურიასა და იმერეთში იყო ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა.
"როგორ თუ ტყვეების გაყიდვა აგვიკრძალაო!" - ამ უკანასკნელმა წვეთმა ზოგიერთს მრისხანების ფიალა აუვსო და ახალნაკურთხ მეფეს იმავე წელს აუჯანყდნენ. შეთქმულნი არა თუ უცხონი, ახლო ნათესავები გახლდნენ მეფისა: ლევან აბაშიძე (სოლომონის პაპა დედის მხრიდან), მეფე ალექსანდრეს ორი უმცროსი ძმა - მამუკა და გიორგი ბატონიშვილები, როსტომ რაჭის ერისთავი და თვით სოლომონის დედა - თამარი. მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს და მან თავს ახალციხეში გაქცევით უშველა. "დაატყვევეს ქვეყანა და გაყიდესო", - ბრძანებს მოღალატეებზე წმინდა სოლომონ II. აფერუმ თამარის დედობას!
სოლომონმა დახმარებისთვის ახალციხის ფაშას მიმართა. მანაც დიდი სიამოვნებით იკისრა იმერეთის საქმეების მოწესრიგება და სოლომონის კვლავ გამეფება. იფიქრა, ახალგაზრდაა და ჩემს ჭკუაზე ვატარებო. ტახტზე დაბრუნებულმა სოლომონმა აჯანყების მოთავეები დასაჯა: დედა და ბიძები იმერეთიდან გააძევა, ლევან აბაშიძეს კი სამკვიდრო სოფელი კაცხი ციხესიმაგრითა და მონასტრითურთ ჩამოართვა და იმერეთის მეფის საკუთრებად გამოაცხადა. როსტომ ერისთ¬ვი და მისი ძმა, კათალიკოსი ბესარიონი, დასჯას გადაურჩნენ.
მეფე ძლიერ მოკავშირეს ეძებდა. ამ მიზნით გაეყარა აფხაზეთის მთავრის, შარვაშიძის ასულს და დადიანის ქალი მარიამი შეირთო. ამის შემდეგ მამია გურიელი იძულებული გახდა, მეფის ერთგული გამხდარიყო.
მძიმე და უნუგეშო იყო იმდროინდელი ეკლესიის მდგომარეობაც. მისი ყმა-მამულის დიდი ნაწილი საერო ფეოდალებს მიეტაცებინათ, მრავალი მონასტერი და საეპისკოპოსო კათედრა გაუქმებულიყო. თურქები არამცთუ ახალი მონასტრის აშენებას, ძველის შეკეთებასაც კი კრძალავდნენ. ამიტომ სოლომონმა უპირველესად ეკლესიის გაძლიერებისთვის იზრუნა: წინამორბედი მეფეების მიერ საერისკაცოდ გაცემული ყმა-მამული ეკლესიას დაუბრუნა, საეკლესიო გლეხები კი, გარდა ლაშქრობა-ნადირობისა, ყოველგვარი გადასახადისგან გაათავისუფლა.
ნელ-ნელა სოლომონის გარშემო ერთგული ხალხი შემოიკრიბა. მეფემ "ფიცის კაცთა" ინსტიტუტი შექმნა - როცა დასჭირდებოდა, 1000 ერთგული შეფიცული გამოჰყავდა ბრძოლის ველზე. ყოველ 15 მაისს ამორჩეულ ადგილას, ლეკერწაზე, იკრიბებოდნენ სამღვდელოებასთან ერთად და წმინდა ხატების წინაშე მეფის ერთგულების ფიცს დებდნენ. მერე მინდორზე სუფრას გაშლიდნენ და ყველანი შემოუსხდებოდნენ. პირველ სადღეგრძელოს დიდი სასმისით იტყოდნენ: "დიდება ღმერთსა! ღმერთო, გაუმარჯვე ჩვენს მეფესა და მის ერთგულს ერთობით ფიცის კაცსა!" თუ კარგი დარი იდგა, ლხინი ორ კვირას გრძელდებოდა. ფიცის კაცებს ურთიერთშორის დიდი ერთობა ჰქონდათ, ომშიც ერთად შედიოდნენ - ან ერთად გავწყდებით, ან ერთად გამოვალთო. ბრძოლის ველზე არც დაჭრილს ტოვებდნენ და არც დაღუპულს, მაგრამ თუ ვინმე შეშინებული ან ხელგამოუღებელი მოკვდებოდა, იქვე დატოვებდნენ, არ დამარხავდნენ. პრივილეგიებიც დიდი ჰქონდათ - თუ მეფისგან შერისხული მდევარს ფიცის კაცის მამულში შეასწრებდა, ხელს ვეღარ ახლებდნენ.
თავდაპირველად სოლომონი ოსმალთა წინააღმდეგ გამოსვლას ერიდებოდა, მაგრამ როდესაც ქვეყანა შედარებით დაწყნარდა, მან ბრძოლა გამოუცხადა ტყვეებით ვაჭრობას. ოსმალებმა ეს სერიოზულ გამოწვევად მიიღეს. ისინი დი¬დად უწყობდნენ ხელს ტყვეებით ვაჭრობას. შექმნილი იყო მთელი ქსელი ტყვეებით მოვაჭრეებისა, რომელშიც ერთნაირად მონაწილეობდნენ იმერელი და თურქი მეციხოვნეები. იმერეთის ვაჭრობის დიდი წილი სწორედ აქედან მოდიოდა. ამიტომ იყო, რომ ტყვეებით ვაჭრობით აკრძალვას ოსმალებთან ერთად იმერლებიც შეეწინააღმდეგებოდნენ. სოლომონმა შესანიშნავად იცოდა, რომ შინაურ წინააღმდეგობას ვერ დაძლევდა ოსმალების განდევნის გარეშე. ამიტომ იგი შეუდგა საომარ მზადებას.
ამ დროს შავი ზღვის მიმდებარე თითქმის ყველა ციხეში თურქების ჯარი იდგა. გონიო, ბათუმი, ანაკლია, ფოთი თუ სოხუმი, თურქებს ეპყრათ. იმერეთშიც - ცუცხვათის, ბაღდათის, შორაპნის და ქუთაისის ციხეებიც მტრის ხელში იყო. ოკრიბაში, ხრესილის მინდროზე თურქების საკმაოდ დიდი ძალა იყო თავმოყრილი.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი