აქვე გვსურს გაგაცნოთ მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) წერილი: "იმერეთის საეკლესიო კრება (1759)". და ამავე კრების მის მიერვე დადგენილი განჩინება.
მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), იმერეთის საეკლესიო კრება (1759)
იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში სოლომონ I, "დიდის" სახელით მოიხსენიება შთამომავალთა მიერ, მან განამტკიცა სამეფო ხელისუფლება, თითქმის გააერთიანა დასავლეთი საქართველო, მოსპო ტყვეებით ვაჭრობა. 1760- 63 წლებში სამჯერ დაამარცხა ოსმალები, 1779 წელს რუხის ომში სძლია ოსმალებს, მაგრამ 1784 წელს ქვემო გურიაში დამარცხდა, რამაც ეს მხარე გაამაჰმადიანა, ასი წლის შემდეგ რუსეთის იმპერიასთან შემოერთებულ ამ კუთხეში აჭარელი ბეგები მმართველობდნენ.
ქართული ეკლესია განსაკუთრებით უჭერდა მხარს ქვეყნისა და ერისათვის თავდადებული მეფის მოღვაწეობას, მეფეც გრძნობდა ეკლესიის ძალას, ამიტომაც ხელსაყრელი დროის დადგომისთანავე სოლომონ I-მა, 1759 წელს, მოიწვია დიდი და განსაკუთრებული საეკლესიო კრება. კრებამ საეკლესიო და ზნეობრივ რეფორმებს დაუდო საფუძველი დასავლეთ საქართველოში. ქრისტიანობასა და ქვეყანას განსაკუთრებით ასუსტებდა ტყვეთა სყიდვა და საეპისკოპოსო კათედრათა გაუქმება. თურქებს ქუთაისში 120-წლიანი ბატონობის დროს დაუნგრევიათ საეპისკოპოსო (ბაგრატის) ტაძარი და გაუუქმებიათ ქუთათელის საეპისკოპოსო კათედრა. ამიტომაც, 1759 წლის საეკლესიო კრების 4 დეკემბრის სხდომაზე სოლომონ მეფეს აღუნიშნავს, რომ ქუთაისის ეკლესია "ხელთ ეგდო მძვინვარეს აგარიანს და მიზეზითა ამით საქუთათლო მამული და სამრევლო მიმობნეულიყო, და რომელიმე დაშთომილიყო, საეროდ გამხდარიყო და ქუთათელი აღარ იჯდა". მეფის ამ მოხსენების შესაბამისად, კრებამ ინება, აღდგენილიყო საქუთათელო კათედრა, ანუ ქუთაისის ეპარქია და აღდგენილ კათედრაზე გ ა ნ ა ჩ ი ნ ე ს ქუთათელი ეპისკოპოსი. ქუთაისის ეპარქიას გადაეცა მისი ყოფილი ძველი მამული, რომელსაც იგი ადრე ფლობდა და ერისკაცებს ჰქონდათ მიტაცებული. ცხადია, საეპისკოპოსოს აღდგენა ეკონომიკური საფუძვლების გარეშე - ფორმალობა იქნებოდა. მეფეს და ქვეყანას ესაჭიროებოდა მოქმედი და ძლიერი ეკლესია. როგორც შ. ბურჯანაძე აღნიშნავს, ეკლესია, ტრადიციულად, მეფის ხელისუფლების განმტკიცებას უწყობდა ხელს, სახელმწიფოს აძლევდა მებრძოლებს. კრებამ საქმეების მოწესრიგებისათვის ინება და:
1. ერისკაცთაგან მიტაცებული ყმა-მამულები დაუმტკიცა ეკლესიას;
2. საეკლესიო ყმები გაათავისუფლა ზედმეტი გადასახა¬დებისაგან და დააკანონა საეკლესიო გადასახადები;
3. ერისკაცებს აუკრძალა ეკლესიის სამეურნეო საქმიანობაში ჩარევა;
4. საეკლესიო თანამდებობებზე მიიწვია ღირსეული პირები, უღირსნი კი გადააყენა;
5. შეამკო და ააგო ეკლესია-მონასტრები. აღსანიშნავია, რომ მალევე ამის შემდეგ მეფე სოლომონს უნებებია, საერთოდ გაეთავისუფლებინა ეკლესია სახელმწიფო გადასახადებისაგან, კერძოდ, მეფეს 1761 წელს მოუწვევია მორიგი საეკლესიო კრება, რომელსაც დაუდგენია საეკლესიო ყმების ყოველგვარი სამეფო გადასახადებისაგან გათავისუფლება, აგრეთვე სახელმწიფო სამსახურისაგან გათავისუფლება, გარდა ლაშქრობა-ნადირობისა.
როგორც აღინიშნა, 1759 წლის კრება განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო, მას ქუთათელის გარდა, ხონის საეპისკოპოსო კათედრაც აღუდგენია, მაგრამ კრებამ სახელი გაითქვა ტყვეთა სყიდვის გადაჭრითი აკრძალვით.
სოლომონ მეფეს მოუხერხებია და საეკლესიო კრებაზე შემოუკრებია სამეგრელოსა და გურიის მთავრები (დადიანი და გურიელი), თავიანთი ბატონიშვილებითა და თავადაზნაურობით, აქ იყვნენ იმერეთის ბატონიშვილები და თავადაზნაურობა და, ცხადია, მეფე, კათალიკოსი, მთელი დასავლეთ საქართველოს მაღალი სამღვდელოება. კრება მთელ თვეს (დეკემბერში) გაგრძელებულა. საეკლესიო კრების მეორე სხდომა 5 დეკემბერს ჩატარებულა საერო ხელისუფლების მონაწილეობით. ქ. ჩხატარაიშვილს ეს საეკლესიო კრება იმავდროულად ჩატარებულ სახელმწიფო დარბაზის სხდომად მიაჩნია. ამ სხდომაზე იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის საერო და სასულიერო გამგებლებმა იმერეთის მეფის მორჩილებისა და "ტყვეთა სყიდვის" აკრძალვის პირობა დადეს. საეკლესიო კრებამ ტყვეების გამყიდველნი შეაჩვე-ნა, საერო ხელისუფლება კი მათ სიკვდილით დასჯით დაემუქრა. კრების დადგენილებაში ნათქვამი იყო: "ახალციხის ფაშამ ასეთი საშინელი და საზარელი სიტყვა შემოგვითვალა... ტყვეს თუ არ გაყიდით, არ იქნებაო... ღვთის შუამდგომლობით, რომ სანამდის სული გვედგას, ეს საქმე ჩვენგან არ იქნეს... ამ საქმეზე ჩვენი თავი არ დავიშუროთ".
"1759 წლის კრების დადგენილებებმა დასაბამი მისცა ახალ პერიოდს დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურსა და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. ეკლესიას კრების შემდეგ აღუდგენია სახელმწიფოზე მძლავრი ზემოქმედების ფუნქცია. კრებამ საგანგებო დადგენილებით დაადასტურა "აფხაზ-იმერთა" კათალიკოსის უფლებები მის კუთვნილ 42 მამულზე.
ნ. ბერძენიშვილი ამ კრებასთან დაკავშირებით წერს: "XVIII ს-ის მეორე ნახევარში ახალციხის ფაშამ არაერთგზის შემოუთვალა იმერეთის მეფე სოლომონს, რათა ტყვის სყიდვა იმერეთში ძველებურად ნებადართული ყოფილიყო. სოლომონმა ეს მოთხოვნა არ შეასრულა და ტყვის სყიდვა საერო და საეკლესიო სასჯელით სასტიკად აკრძალა... 1759 წლის დეკემბერში სოლომონმა შემოკრიბა "სამღვდელონი დასნი და მართლმადიდებელნი ერნი" და ლიხთ-იმერეთის საეკლესიო და საერო ფეოდალების საგანგებო კრება მოიწვია. მასში მონაწილეობდა მეფე, კათალიკოსი და მთე-ლი ლიხთ-იმერეთის მაღალი სამღვდელოება, იმერეთის, ოდიშის, გურიის თავადაზნაურობა. კრებამ განიხილა საეკლესიო საქმეთა მოწესრიგების საკითხი, აკრძალა ტყვის სყიდვა, კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საკათალიკოსო ეკლესიისათვის მიტაცებული ყმა-მამულების დაბრუნებისა, გაუქმებული საეპისკოპოსო კათედრების და მონასტრების აღდგენა-განახლების, მათი ყმა-მამულების უკან დაბრუნებისა, გადასახადებისაგან საეკლესიო ყმებისგან თავისუფლებისა და საეკლესიო მფლობელობაში საერო ხელისუფლების ჩაურევლობისა".
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი