წმინდა ანთიმოზ ივერიელის საეკლესიო ღვაწლი და ცხოვრებისეული მაგალითი ადამიანის მიერ ღვთისა და საზოგადო ვალის აღსრულების გამორჩეული ნიმუშია.
მისი მოწამებრივი სიცოცხლე სამშობლოწართმეული ადამიანის მიერ სამშობლოს ძიების, სამშობლოში ფიზიკურად ვერდაბრუნების მიუხედავად, ნამდვილი პატრიოტიზმის, სხვა ქვეყნების, სხვა ერთათვის სიკეთის მოტანის, მოყვასის სიყვარულის ნათელი მაგალითია. სწორედ ამიტომ შერაცხა იგი წმინდანად რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ და გასაკვირი არაა, რომ ამიტომ იკავებს იგი "საქართველოს იმედის" ხატზე საპატიო ადგილს.
ანთიმოზ ივერიელის დაბადების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. თუმცა ბევრი მკვლევარი ამ თარიღს გარკვეულ წელსაც კი უკავშირებს.
მაგალითად, გიორგი ლეონიძე წერდა: "ანთიმოზ ივერიელი დაბადებულა 1650 წლის ახლო ხანებში". ლეონიძის მიერ 1950 წელს გამოთქმული ეს ვარაუდი შემდგომში საფუძვლად დაედო ყველა ქართველი მკვლევრის თვალსაზრისს, ვინც კი ანთიმოზ ივერიელის ცხოვრე¬ბასა და მოღვაწეობას შეხებია და ისინი სავსებით იზიარებენ მას. რუმინელი მეცნიერების უმეტესობა, რომლებმაც გამოაქვეყნეს გამოკვლევები ანთიმოზ ივერიელის შესახებ, სათანადო საბუთების უქონლობის გამო ჩვეულებისამებრ გვერდს უვლიან ანთიმოზ ივერიელის დაბადების საკითხს. მაინც როდის უნდა დაბადებულიყო ანთიმოზ ივერიელი? ერთადერთი წყარო, რომელიც საშუალებას გვაძლევს დაახლოებით მაინც ვიმსჯელოთ ანთიმოზ ივერიელის დაბადების წელზე, ეს არის ანთიმოზ ივერიელის ფრესკული პორტრეტი, შემონახული გოვორის მონასტრის ერთ-ერთ კედელზე და დათარიღებული 1706 წლით, და თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ანთიმოზი ამ პორტრეტზე უკვე ხანში შესულ ადამიანად გამოიყურება, მისი დაბადების დროდ შეიძლება მართლაც მივიჩნიოთ 1650-იანი წლები.
ბავშვობა და სიჭაბუკე ანთიმოზ ივერიელისა ნაკლებადაა ცნობილი. ვიცით მხოლოდ, რომ მის დედასა და მამას ერქვათ მარიამი და ივანე, რომ ის წარმოშობით ქართველი იყო. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ანთიმოზ ივერიელს არაქართველად თვლიდა. ლეონიძე წერდა: "როგორც ბუქარესტში გადმომცეს, სულ დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც რუმინელი ნაციონალისტები ანთიმს რუმინელად თვლიდნენ, ბუქარესტის სომხები - სომხად, ბერძნები - ბერძნად. რაც შეეხება "ივერიელს", ამ სახელს აწარმოებდნენ ათონის ივერთა მონასტრისაგან, რადგან ივერიის მონასტრის ბერს შეეძლო სახელი "ივერიელი" ეტარებინა". მაგრამ არაბულ წიგნში ანთიმოზი თავს "გურჯს", ქართველს უწოდებს, ამაზე კი თვალებს ხუჭავდნენ".
აი, რას წერდა თვით ანთიმოზ ივერიელი თავისი ვინაობის შესახებ: "სხვათა შორის, ასეც ლაპარაკობენ, რომ მე უცხოელი ვარ და ამიტომაც არ უნდა ვყოფილიყავი მიტროპოლიტად, მაგრამ ქრისტეს წინაშე ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. ამასთან, არა მარტო მე ვიყავი უცხოელთაგან ვლახეთის მიწაზე მიტროპოლიტად და ეპისკოპოსად, არამედ იყვნენ სხვებიც, როგორც ეს შეიძლება შეიტყოს კაცმა ძველი ჩანაწერებიდან... ასევე, როგორც აქ ყოფილან მთავრებად უცხოელნიც... ღმერთმა ხომ ქვეყანა თავისუფალი შექმნა ყველასთვის". თვითონ ანთიმოზიც ადასტურებს, რომ იგი "უცხოელია" და არა რუმინელი, და უეჭველია, ეს ყველაზე სარწმუნო წყაროა.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომელმაც საფუძველი მისცა მკვლევრების ერთ ნაწილს დაეჭვებულიყო ანთიმოზის ქართველობაში და იგი ბერძნად ან სომხად მოენათლა, იმით იყო გამოწვეული, რომ ზოგიერთი მკვლევარი ანთიმოზის მიერ ბერძნულ და რუმინულ ენებზე დაბეჭდილ წიგნებზე არსებულ ხელმოწერას "ივერიელს" უკავშირებდა ათონის ივერიის მონასტერს. აკაკი შანიძე ამ მოსაზრებას უარყოფს. "ზოგიერთი რუმინელი ავტორის აზრით, - წერს ა. შანიძე, - ანთიმოზის მეტსახელი წარმოსდგება ივერიის მონასტრიდან (ათონის მთაზე), მაგრამ ეს ჰიპოთეზა მიუღებელია: "ივერია" საქართველოს ბერძნული სახელია; გარდა ამისა, არაბული გამოცემების სათაურებში ანთიმოზს პირდაპირ ეწოდება ქართველი".
ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს გიორგი ლეონიძე. იგი ამტკიცებს, რომ ანთიმოზის ზედწოდება ივერიელი ნაწარმოებია არა ათონის ივერიის მონასტრისგან, არამედ იდენტურია ეროვნების გამომხატველი სიტყვის "გურჯის" ანუ "ქართველის". ამ მტკიცების დასასაბუთებლად გ. ლეონიძე მიუთითებს "არაბულ წიგნზე", რომელშიც ანთიმოზი თავის თავს "გურჯს" უწოდებს.
ანთიმოზ ივერიელი რომ ეროვნებით ქართველი იყო, ამის შესახებ საუბრობენ როგორც მისი თანამედროვეები, ასევე ბევრი მკვლევარი. მაგალითად, დელ კარო - ვლახეთის მთავრის, კონსტანტინე ბრინკოვიანუს მრჩეველი, წერდა: "ჩემს დროს სტამბის ხელმძღვანელად იყო ანთიმი, ვლახეთის მიტროპოლიტი, ეროვნებით ქართველი". მ. გასტერი აღნიშნავდა, "მე-17 საუკუნის მიწურულში ვლახეთში ცხოვრობდა ვინმე ანთიმი, წარმოშობით ქართველი... იგი ცნობილია სახელით ანთიმ ივერიელი". "ის (ანთიმ ივერიელი), - განაგრძობს მ. გასტერი, - არასდროს უშვებ¬და ხელიდან შემთხვევას, თავისი ქართველობა აღენიშნა". ემილ პიკო წერდა: "ამან (ანთიმ ივერიელმა) უცხოელმა, საქართველოს წიაღიდან მოსულმა, გვიჩვენა იშვიათი მაგალითები რუმინული პატრიოტიზმისა". "ანთიმ ივერიელი, - დასძენს ემილ პიკო, - დიდი ხნის წამოსული უნდა ყოფილიყო თავის სამშობლო საქართველოდან". ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს ეპისკოპოსი მელქისედეკი: "ანთიმ ივერიელი წარმოშობით ქართველი იყო. იგი დაბადებულა კავკასიის ერთ-ერთ მხარეში, რომელსაც ბერძნები ივერიის სახელით იხსენიებენ. ამიტომაც იგი თავის თავს "ივერიელს" უწოდებდა".
ანთიმოზს ერისკაცობაში სახელად ანდრია რქმევია. ზოგიერთი რუმინელი მკვლევრის აზრით, ის დიდგვაროვან ოჯახში იყო დაბადებული. ამ მოსაზრებას არ იზიარებდა გიორგი ლეონიძე. იგი წერდა: "სახელ ანდრიას მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანთიმი არ უნდა ყოფილიყო დიდგვაროვანი ოჯახიდან, რადგან ასეთ სახელებს ქართულ ფეოდალურ ოჯახებში თითქმის არ არქმევდნენ".
რომელ ოჯახს ეკუთვნოდა ანთიმოზ ივერიელი, ქართველი ფეოდალისას თუ გლეხისას, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ანთიმოზი ან დაიბადა ქართულ დიდგვაროვან ოჯახში, სადაც მას ბავშვობიდანვე ჰქონდა შექმნილი სათანადო პირობები ცოდნისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის დასაუფლებლად, ანდა თუ ანთიმი მართლაც ქართველი გლეხის ოჯახიდან იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო იგი აღმოჩენილა ისეთ გარემოში, სადაც ხელი შეუწყვიათ მისი ინტერესების გაღვიძებისათვის ცოდნისა და ხელოვნების მიმართ.
სად და როდის მოიტაცეს ანთიმოზ ივერიელი? გიორგი ლეონიძე წერს: "მისი მოტაცების ხანა ემთხვევა შაჰნავაზის (ვახტანგ V) და არჩილის მეფობის პირველ წელს. მაშინ აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით მშვიდობიანობა იყო, არავითარი ომები და თავდასხმები იმხანად არ ყოფილა. სულ სხვა იყო სამცხე-საათაბაგო, რომელიც უსაშინლეს აწიოკებას განიცდიდა ოსმალოთაგან. ამიტომ შესაძლოა, ანთიმი უფრო მესხეთიდან იყო წარმოშობით და იქიდანვე მოტაცებული.
ამრიგად, გიორგი ლეონიძის ვარაუდით, რომელიც შემდგომში გაიზიარა ყველა ქართველმა მკვლევარმა, ანთიმოზ ივერიელი თურქებმა მოიტაცეს საქართველოს ერთ-ერთი კუთხიდან, კერძოდ, სამცხე-საათაბაგოდან და გაყიდეს კონსტანტინოპოლის ბაზარზე. რაც შეეხება რუმინელ მკვლევრებს, ისინიც აღიარებენ თურქების მიერ ანთიმოზ ივერიელის მოტაცების ფაქტს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი არ ასახელებენ ამ შემთხვევის კონკრეტულ ადგილს. რამდენი წლისა მოიტაცეს ანთიმოზი? ანთიმოზ ივერიელის ადრინდელი ცხოვრების შესახებ არსებობს მხოლოდ დელ კაროს ცნობა, რომლის მიხედვითაც ანთიმოზი ახალგაზრდობაში მონად ყოფილა ნამყოფი. სწორედ ამ ცნობამ მისცა საფუძველი გ. ლეონიძეს, წამოეყენებინა თავისი ვერსია: ანთიმოზ ივერიელი მოიტაცეს 16 წლის ასაკში. ლეონიძის ამ ვერსიას იზიარებს თითქმის ყველა ქართველი მკვლევარი, გარდა ოთარ გვინჩიძისა. 16 წლის მოტაცებული ანთიმოზი მონად გაუყიდიათ კონსტანტინოპოლის ბაზარზე. მკვლევართა ერთი ნაწილი თვლის, რომ ანთიმოზი მონობიდან გამოუსყიდია კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ნაწილი ქართველი ახალგაზრდის მონობიდან გამომხსნელად იერუსალიმის პატრიარქს ასახელებს. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, იერუსალიმის საპატრიარქო კარზევე მიუღია ანთიმოზ ივერიელს სწავლა-განათლება და აღზრდა, ბერძნული ეკლესიის სულიერ მამათა ზედამხედველობასა და გარემოცვაში გაუტარებია თითქმის მეოთხედი საუკუნე (1666 წლიდან 1690 წლამდე).
ამ ვერსიებს არ ეთანხმება ოთარ გვინჩიძე. იგი მიიჩნევს, რომ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ჭაბუკი ანთიმოზი არჩილ მეფეს ახლდა რუსეთში და დიდად ეხმარებოდა ქართული სტამბის ჩამოყალიბებაში. საქართველოში დაბრუნებული ანთიმოზი კავკასიელმა მთიელებმა შეიპყრეს და მონად გაყიდეს. ტყვეობიდან ის გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა არა 16 წლისა, არამედ იმ ასაკში, როდესაც იგი უკვე სრულიად ჩამოყალიბებული პიროვნება იყო "გარკვეული ინტელექტუალური ვინაობით". თუკი დავუშვებთ, რომ ანთიმოზი მართლაც 16 წლისა მოხვდა ბერ¬ენი პატრიარქის კარზე, იგი აქ დაეუფლებოდა მხატვრობას, მოჩუქურთმებას, მოქანდაკეობას და ხელოვნების სხვადასხვა დარგს. ასეთ ვითარებაში ყრმა ანთიმოზი, ბუნებრივია, უნდა აღზრდილიყო ბიზანტიური ხელოვნების ტრადიციებზე. მაშინ როგორღა მოხდა, რომ ბიზანტიური ხელოვნების ტრადიციებზე აღზრდილმა ოსტატმა მოგვიანებით ვლახეთში მოღვაწეობისას რუმინულ ხელოვნებაში შეიტანა არა ბიზანტიური ხელოვნების, არამედ ქართული ხელოვნების მოტივები?! 1708 წლიდან დაწყებული, როდესაც ანთიმოზ ივერიელი უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტად აირჩიეს, 1716 წლამდე, მისი უშუალო მონაწილეობით ან მითითებებით აიგო და აღდგა ოცი ეკლესია და მონასტერი. სწორედ ამ ეკლესია-მონასტრების ხუროთმოძღვრებაში შეიტანა ივერიელმა ქართული ელემენტები. 1706 წელს ანთიმოზ ივერიელმა რესტავრაცია გაუკეთა "კოზიას" მონასტერს, "რის გამოც, - აღნიშნავს რუმინელი მკვლევარი ი. ნანუ, - ტაძრის პირვანდელი სახე საგრძნობლად შეიცვალა და ახალი, გარკვევით ქართული იერი მიეცა. ნავის სარკმლების საპირეები ყურადღებას იქცევენ... სარკმლის საპირეებს ზემოთ ჩვენ ვხედავთ ნახევრად მრგვალი ფორმის დამატებით ორნამენტს, როგორიც საქართველოშია ნიკორწმინდისა და იშხნის ტაძრებში". ანთიმოზ ივერიელის მიერ კოზიას მონასტრის რესტავრაციის შემდეგ, - განაგრძობს ი. ნანუ, - "მისი ფასადი ახალ ორნამენტს იძენს. მათ შორისაა ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ელემენტი - ასევე გადმოღებული ნიკორწმინდისა და იშხნის ორნამენტებიდან, კერძოდ, ქვის სკულპტურული ხაზი, რომელიც როზეტის თავზეა განლაგებული გვირგვინის სახით და ძალზე მოხდენილ, ამავე დროს, დიდებულ იერს აძლევს მას. ამ ქართულ დეკორაციულ დეტალს ანთიმ ივერიელი იყენებს ბუქარესტის 1715 წელს აგებულ მონასტერზეც". ანთიმოზ ივერიელის დროს ქართული პორტალების სახასიათო შერწყმით ვლახეთში იქმნებოდა ულამაზესი ნიმუშები რუმინული ხუროთმოძღვრების ისტორიაში. რუმინელი მკვლევრები ანთიმოზ ივერიელის მიტროპოლიტობის პერიოდში ვლახეთში აშენებულ მონასტრებსა და ეკლესიებში ხედავენ ქართული ხელოვნების გავლენას შენობის გეგმაში, ფანჯრის საპირეებში და სხვა. ოთარ გვინჩიძე წერს, რომ ანთიმოზ ივერიელმა თავისსავე სამშობლოში შეისისხლხორცა ქართული ხელოვნების ტრადიციები და იგი საქართველოში აღიზარდა და ჩამოყალიბდა როგორც შესანიშნავი მხატვარი, ხუროთმოძღვარი, მოჩუქურთმე და სხვა.
არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის გათვალისწინების შემდეგ ზოგიერთი მკვლევრის მიერ წამოყენებული ვერსია იმის შესახებ, რომ ანთიმოზ ივერიელი 16 წლის ასაკიდან დაწყებული ვლახეთში ჩასვლამდე იზრდებოდა და ყალიბდებოდა როგორც პიროვნება ბერძენი პატრიარქის კარზე, საკამათო ხდება. დავუშვათ, ანთიმოზ ივერიელი მართლაც 16 წლის ასაკიდანვე დამკვიდრებულა იერუსალიმის პატრიარქის კარზე. აქედან გამომდინარე, ანთიმოზი თავიდანვე უნდა მოხვედრილიყო ისეთ გარემოში, სადაც სუფევდა არა მარტო ბერძნული ენა, არამედ საფუძველი ეყრებოდა ბერძნული ეკლესიის ექსპანსიურ გეგმებს, დაემორჩილებინა "ყოველივე და ყველაფერი" ბერძნული ზეგავლენისათვის. ერთი სიტყვით, ანთიმოზ ივერიელი უნდა აღმოჩენილიყო "ბერძნული სულისკვეთებით" გაჟღენთილ ატმოსფეროში ჯერ კიდევ იმ ასაკში, როდესაც იგი დგამდა პირველ ნაბიჯებს თავისი შეგნებული ცხოვრების გზაზე და როდესაც იწყებოდა მისი სულიერი მრწამსის ფორმირება. ყოველივეს გათვალისწინებით ყრმა ანთიმოზისაგან უნდა ჩამოყალიბებულიყო "ჭეშმარიტი ბერძენი", რომელიც მთელი არსებით, შეგნებით, მიზნებითა და ინტერესებით იქნებოდა ბერძნული ეკლესიის ერთგული მსახური. თუმცა მოგვიანებით სულ სხვა რამეს ვხედავთ: ანთიმოზ ივერიელის ვლახეთში ჩასვლის შემდეგ არ გასულა ორი წელიც კი, რომ იგი ბუქარესტში ბერძნულ-რუმინულ ენაზე ბეჭდავს წიგნს "ღვთაებრივი და წმინდა სახარება". ამ წიგნის გამოცემით ანთიმოზ ივერიელმა ერთ-ერთმა პირველმა გადადგა ნაბიჯი, რათა ვლახეთის ეკლესიებში ბერძნული ენის გვერდით დაემკვიდრებინა რუმინული ენა და ეს მაშინ, როდესაც, შეიძლება ითქვას, ბერძნულ ენას სრულიად შეუზღუდავი მონოპოლია ჰქონდა მოპოვებული ვლახეთის ეკლესიებში. ერთი წლის შემდეგ ანთიმოზი რუმინულ ენაზე ბეჭდავს "დავითნს". ივერიელმა საფუძველი ჩაუყარა "ეკლესიებში ღვთისმსახურების რუმინიზაციას". ანთიმოზი ამბობდა: "მე მირჩევნია, ეკლესიებში ითქვას მხოლოდ ხუთიოდე სიტყვა იმ ენაზე, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება, ვიდრე წარმოითქვას ოცი ათასი სიტყვა მსმენელისათვის გაუგებარ ენაზე".
ასევე აღსანიშნავია ვლახეთში მოღვაწე ანთიმოზ ივერიელსა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის მომხდარი კონფლიქტი. დაახლოებით 1710 წელს, როდესაც ანთიმოზ ივერიელი უკვე უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტი იყო, იერუსალიმის პატრიარქმა ქრიზანთემ კატეგორიულად მოითხოვა, რათა ვლახეთის მონასტრები და ეკლესიები დამორჩილებოდა იერუსალიმის საპატრიარქოს და მათ ეღიარებიანათ ქრიზანთე თავიანთ სრულუფლებიან პატრონად, როგორც ადმინისტრაციულ საქმეებში, ასევე რელიგიურში. ქრიზანთეს ასეთმა მისწრაფებამ ანთიმოზ ივერიელის სასტიკი პროტესტი გამოიწვია. იგი წერდა: "პირდაპირ სასაცილოა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ვლახეთში არსებული ეკლესიები თუ მონასტრები უნდა ემორჩილებოდნენ იერუსალიმის პატრიარქს ანდა სხვა საპატრიარქოს... არასოდეს ყოფილა და არც იქნება ვლახეთის მონასტრები და ეკლესიები დამორჩილებული რომელიმე პატრიარქს უცხო მიწა-წყლების ეპარქიიდან... ყველა ეს მონასტერი და ეკლესია იმყოფება ჩვენი გამგებლობის ქვეშ... და მათში მხოლოდ ჩვენ გვიპყრია ტახტი და არა იერუსალიმის პატრიარქს".
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე»»
წმინდა ანთიმოზ ივერიელთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე»»»
1713-1715 წლებში ანთიმოზ ივერიელმა ბუქარესტში ააშენა "ყოველთა წმიდათა" მონასტერი. ამ მონასტრისათვის ანთიმოზ ივერიელს დაუწერია წესდება. წესდების შედგენის დროს იგი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა მონასტრის დამოუკიდებლობის საკითხს. მოთხოვნა "ყოველთა წმიდათა" მონასტრის დამოუკიდებლობის უფლების მოპოვების შესახებ ანთიმოზ ივერიელს წარუდგენია იერუსალიმის პატრიარქ ქრიზანთესათვის, რომელიც ამ დროს ბუქარესტში იმყოფებოდა და მოუთხოვია, რათა პატრიარქს "განემტკიცებინა" ის "საპატრიარქო სიგელით". ქრიზანთე დათანხმებულა. ანთიმოზ ივერიელის, როგორც უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტის მხრივ "ყოველთა წმიდათა" მონასტრის დამოუკიდებლად გამოცხადება, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ეტაპი იყო იმ დიდი და ძნელი ბრძოლისა, რომელიც მიზნად ისახავდა რუმინული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მოპოვებას ბერძნული ეკლესიისგან.
რანაირად შეეძლო ანთიმოზ ივერიელს, ადამიანს, რომელიც თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში იმყოფებოდა ბერძნულ გარემოში, ვლახეთში - ამ უცხო ქვეყანაში ჩასვლისთანავე გამხდარიყო მისი პატრიოტი და ბერძნული ეკლესიის ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი?! ვფიქრობ, ნათელია ო. გვინჩიძის ვერსია იმის თაობაზე, რომ ანთიმოზი იერუსალიმის საპატრიარქო კარზე მოხვდა არა 16 წლისა, არამედ იმ ასაკში, როდესაც იგი უკვე წარმოადგენდა სრულიად ჩამოყალიბებულ პიროვნებას "გარკვეული ინტელექტუალური ვინაობით". ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ბერძენი პატრიარქის კარი უკვე ვეღარ მოახდენდა გადამწყვეტ და ძირეულ გავლენას ანთიმოზ ივერიელზე, ვეღარ წარმართავდა მის სულიერ ცხოვრებას თავის ნება-სურვილზე, ვეღარ აქცევდა ქართველ ადამიანს "სულითა და გულით ბერძენ მოქალაქედ", რაც ხშირად ხდება, როდესაც ესა თუ ის პიროვნება ერთი ეროვნებისა მცირეწლოვანი ხვდება სხვა ეროვნების წარმომადგენელთა გარემოში და იქ ხდება მისი აღზრდა და მისი პიროვნების ჩამოყალიბება რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში.
შეიძლება ითქვას, რომ იერუსალიმის საპატრიარქო კარი იყო მხოლოდ დროებითი შეჩერების პუნქტი იმ დიდ გზაზე, რომელიც განვლო ანთიმოზ ივერიელმა თავისი სამშობლოდან ვლახეთამდე - თავის მეორე სამშობლომდე.
ამრიგად, ანთიმოზ ივერიელი მოიტაცეს იმ ასაკში, როცა იგი სრულიად ჩამოყალიბებული "ინტელექტუალური ვინაობის" მქონე ქართული ხელოვნების ტრადიციებზე აღზრდილი შემოქმედი იყო, ანთიმოზ ივერიელი ტყვედ ჩაიგდეს ჩრდილოკავკასიელმა მთიელებმა, მაშინ, როდესაც იგი არჩილ მეფესთან ერთად რუსეთში ყოფნის შემდეგ ადგა საქართველოსკენ მომავალ გზას. ანთიმოზი კონსტანტინოპოლში მონობიდან გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა იმ მიზნით, რომ გამოეყენებინა მისი მხატვრის, გრავიორის და კალიგრაფის ნიჭი სასტამბო საქმიანობაში. გადმოცემით, თურმე ანთიმოზ ივერიელი მონად ყოფნის დროს კონსტანტინოპოლის ბაზრის მოედანზე ხისგან ჭრიდა ულამაზეს ფიგურებს, რომლებიც მნახველების საერთო აღტაცებას იწვევდა. ანთიმოზის ნახელავს იძენდნენ ხელოვნების მოყვარულები და ქართველი მონა ამით შოულობდა ლუკ¬მაპურს. ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს კონსტანტინოპოლის მონათა ბაზარზე შემთხვევით მყოფმა პატრიარქმა დოსითეოსმან მიაქცია ყურადღება ახალგაზრდა ქართველი ტყვის ნახელავს, პატრიარქმა დოსითეოსმა მონობიდან დაიხსნა ახალგაზრდა ნიჭიერი შემოქმედი. ანთიმოზ ივერიელმა იქ ბრწყინვალე განათლება, კერძოდ, კლასიკური ლიტერატურის შესანიშნავი ცოდნა მოიპოვა უკვე ვლახეთში ჩასვლის შემდეგ. ანთიმოზ ივერიელს მესტამბეობა არ შეუსწავლია კონსტანტინოპოლში, რადგან ამ ქალაქში აღნიშნულ პერიოდში არ არსებობდა ბერძნული სტამბები. ანთიმოზ ივერიელი მესტამბეობას დაეუფლა ან რუსეთში, ან პატრიარქ დოსითეოსის მიერ ქ. იასში დაარსებულ სტამბაში. სწორედ ამ ქალაქიდან მიიწვია კონსტანტინე ბრინკოვიანუმ ანთიმოზი ვლახეთში.
სასტამბო და სასულიერო მოღვაწეობა ვლახეთში
XVII საუკუნის 80-იანი წლების დამლევს ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ (1688-1714 წწ.) ქვეყნის კულტურის განვითარებისათვის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ბეჭდვითი საქმის განვითარება დასახა. ამის განხორციელება, რასაკვირველია, შეუძლებელი იყო იმ ერთადერთი სტამბის მეშვეობით, რომელიც ჯერ კიდევ კონსტანტინე ბრინკოვიანუს სამეფო ტახტზე ასვლამდე ათი წლით ადრე 1678 წელს დააარსა ვლახეთში მიტროპოლიტმა ვარლამმა.
გარდა ამისა, მიტროფანეს, რომელიც შემდგომში, 1687 წლიდან, სათავეში ედგა ამ სტამბას, კონსტანტინე ბრინკოვიანუ უპირებდა ბუზეუს ეპისკოპოსად გადაყვანას, რის გამოც აუცილებელი ხდებოდა შესაფერისი ცვლის მონახვა. იმ დროს, როდესაც ბრინკოვიანუ ასეთი ხელოვანის ძიებაში იყო, მის კარზე მყოფმა ერთ-ერთმა განათლებულმა, კულტურულმა პიროვნებამ, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იყო ჩამოსული, მიუთითა მას მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ანთიმოზ ივერიელზე. ბინკოვიანუს ბევრი არ უფიქრია და მიიწვია იგი ვლახეთში.
პირველი წყარო, რომლის მიხედვითაც ვგებულობთ ბრინკოვიანუს მიერ ანთიმოზ ივერიელის ვლახეთში მიწვევის შესახებ, ეს არის 1706 წელს რიმნიკში გამოცემული "ლოცვანის" წინასიტყვაობა. ის ეკუთვნის მიხაი იშტვანოვიჩს და ეძღვნება ანთიმოზ ივერიელს. მასში ნათქვამია: "აქ, ჩვენს ქვეყანაში, არა ვინმე ეგვიპტის ფარაონის მსგავსმა, არამედ კეთილმა, დავითის დარმა ჩვენმა ბრწყინვალე ბატონმა და ხელმწიფემ კონსტანტინე ბრინკოვიანუ ბესარაბმა, შეიტყო რა შენ შესახებ და მისთვის ცნობილი გახდა შენი სიყვარული ღვთისადმი, ასევე შენი შორსმჭვრეტელი და ბრწყინვალე ნიჭი, შენი სახით ნახა ღირსეული და დახელოვნებული ადამიანი. მან განაცხადა, ნეტავ თუ კიდევ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ასეთი სრულყოფით ფლობდეს ხელოვნების ნებისმიერ დარგს. თუ მე ვიტყვი, რომ ყოველივე ამაში ერთი სიტყვაც არ არის გადამეტებული, მე მაშინ მართალი ვიქნები".
ანთიმოზ ივერიელის, როგორც მბეჭდავის, პირველი ნაბიჯები ვლახეთში დაკავშირებულია ბუქარესტში 1678 წელს დაარსებულ სტამბასთან. 1691 წელს ბუქარესტის სტამბაში გამოცემული წიგნით "66 თავი ბერძენთა თვითმპყრობელის ბასილი მაკედონელის შეგონებათა", რომელსაც ხელს აწერს "ანთიმოზ მღვდელ-მონაზონი", ვლახეთში იწყება ახალი ხანა ბეჭდვითი საქმის განვითარებაში და ამ ხანას შეიძლება ეწოდოს კიდეც ანთიმოზ ივერიელის ხანა. რუმინელი ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ანთიმოზ ივერიელმა მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ვლახეთში ბეჭდვითი საქმის ხელოვნებას, რომ კონსტანტინე ბრინკოვიანუს მეფობის პერიოდში იგი იყო წიგნების ბეჭდვის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი. "კონსტანტინე ბრინკოვიანუს მხარდაჭერით ანთიმ ივერიელმა შეძლო გადაექცია ვლახეთი მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით კვებავდა" (როლერი).
თუ როგორ უყურებდა ანთიმოზ ივერიელი მესტამბის მოვალეობას და ბეჭდვით საქმიანობას და, საერთოდ, რა დანიშნულებას ანიჭებდა მათ, ეს კარგად ჩანს მისი სიტყვებიდან. "ვბრძანებ, - წერდა ანთიმოზ ივერიელი, - რომ მესტამბე ვალდებულია, შეასწავლოს თავისი ხელობა სხვას, რათა არ მოიშალოს და გაქრეს ეს ხელოვნება, და რომ არ შეწყდეს მუშაობა წიგნების ბეჭდვაზე ამა ქვეყნის საკეთილდღეოდ". ეს სიტყვები მას ცხოვრების დევიზად ჰქონდა. ანთიმოზმა როგორც ბუქარესტში, ისე შემდეგ სნაგოვოში, რიმნიკში, ტირგოვიშტეში აღზარდა და დააოსტატა საუკეთესო მესტამბედ მრავალი ვლახელი მოწაფე.
მეოთხედ საუკუნეზე მეტი ივერიელი დაუღალავად და გატაცებით ემსახურებოდა "ამ კეთილშობილ ხელოვნებას". მას არ დაუზოგავს ნიჭი და ძალისხმევა, რათა განსაკუთრებული წვლილი შეეტანა ძველი რუმინული ლიტერატურის განვითარებაში და გაემდიდრებინა ის სხვადასხვა მოცულობისა და შინაარსის რამდენიმე ათეული წიგნით.
1691 წელს წიგნის "66 თავი ბერძენთა თვითმპყრობელის ბასილი მაკედონელის შეგონებათა" გამოცემიდან ერთი წლის შემდეგ ანთიმოზ ივერიელი ბუქარესტის სტამბაში ბეჭდავს წიგნს "ღვთისმსახურება ახალი მონასტრის წმიდისა დედისა ჩვენისა პარასკევასი და წმინდისა მამისა ჩვენისა გრიგოლ დეკაპოლიტისა". ეს წიგნი, რომელიც ბერძნულ ენაზეა დაბეჭდილი, მოიცავს 128 გვერდს, იმით არის აღსანიშნავი, რომ მასში პირველად ვხვდებით ანთიმოზის სახელის გვერდით მისი სამშობლოს საქართველოს - "ივერიის" სახელწოდებას. აქედან მოყოლებული, ანთიმოზი იკვე აღარასოდეს აშორებს თავის სახელს "ივერიელს" და ყველა წიგნს, იქნება ის რუმინულ, ბერძნულ, ძველ სლავურ თუ არაბულ ენებზე დაბეჭდილი, აწერს ხელს "ანთიმოზ ივერიელი".
1693 წელს ბუქარესტში გამოდის ანთიმოზ ივერიელის მიერ ორ ენაზე, ბერძნულსა და რუმინულზე დაბეჭდილი "ღვთაებრივი და წმინდა სახარება", რომელიც შედგება 382 გვერდისაგან. ანთიმოზმა მთელი სახარება ორნამენტებით შეამკო.
1694 წელს ბეჭდავს თავის პირველ წიგნს რუმინულ ენაზე. ეს არის 279-გვერდიანი "დავითნი". ამ წიგნის გამოცემა უკვე წარმოადგენს შემდგომ ეტაპს ვლახეთის კულტურული ცხოვრების იმ დიდ მოძრაობაში, რომელსაც ამ დროს სათავეში ჩაუდგა ანთიმოზ ივერიელი და რომელიც მიზნად ისახავდა ბრძოლას ბერძნული ენის ჰეგემონიის წინააღმდეგ ეკლესიებსა და მონასტრებში. ამ მოძრაობის ლოგიკური შედეგი კი იყო ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენა: რუმინული ენა იქცა ოფიციალურ ენად, როგორც ეკლესიებში, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებში. ბერძნული ენა, რომელიც ბატონობდა ვლახეთის ეკლესიებში, არ ესმოდა ვლახელ უბრალო ადამიანს. იგი მექანიკურად ამბობდა წირვა-ლოცვას იმ ენაზე, რომელიც მისთვის უცხო და გაუგებარი იყო. მეტიც, ბერძნული ენა უცხო და გაუგებარი იყო არა მარტო მოსახლეობის ფართო მასებისათვის, არამედ იმ რუმინელი სასულიერო პირებისათვის, რომლებიც ბერძენ მღვდლებთან ერთად წირავდნენ ეკლესიებში.
1694 წელს დამთავრდა ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობა ბუქარესტის სტამბაში. ამავე წელს იგი ტოვებს ბუქარესტს და გადადის სნაგოვოს მონასტერში, რომელიც აშენებულია სნაგოვოს ტბაში მდებარე უმშვენიერეს კუნძულზე, ბუქარესტიდან 34 კმ-ზე. ანთიმოზი დანიშნეს სნაგოვოს მონასტრის წინამძღვრად. მან აქ საფუძველი ჩაუყარა ახალ სტამბას. 1696 წელს სნაგოვოს სტამბაში დაიბეჭდა "ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმიდანთა განდიდებისა". მას ხელს აწერს იპოდიაკონი მიხაილი, შემდგომში ცნობილი პირველი ქართული სტამბის გამმართავი მიხაი იშტვანოვიჩი.
ანთიმოზს ადგილობრივთა შორის მოშურნე ადამიანი გამოუჩნდა, რომლის ბოროტი ენის გამო ივერიელი ბრინკოვიანუმ შერისხა. ანთიმოზმა ვლახეთის მთავარს წერილი გაუგზავნა, თავისი უდანაშაულობა აუხსნა და სნაგოვო დატოვა. ბრინკოვიანუ მალე გაერკვა სიმართლეში და შემოირიგა ნიჭიერი ქართველი.
1705 წელს ანთიმოზს, "რჩეულს ვლახეთის რჩეულ წინამძღვართა შორის", ხელი დაასხეს რიმნიკის ეპისკოპოსად. მან, უწინარესად, აქაც სტამბა გახსნა. 1708 წელს გარდაიცვალა უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტი, ანუ რუმინეთის უმაღლესი სასულიერო პირი - თეოდოსი, რომელიც 40 წლის განმავლობაში ედგა სათავეში ვლახეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. სიკვდილის წინ თეოდოსიმ დატოვა ანდერძი, რომელშიც მიტროპოლიტის ტახტის დასაკავებლად რეკომენდაციას უწევდა რიმნიკის ეპისკოპოსს ანთიმ ივერიელს. თეოდოსის რეკომენდაციას მხარი დაუჭირეს დაკრძალვაზე ჩასულმა ალექსანდრიისა და იერუსალიმის პატრიარქებმა. ივერიელის კანდიდატურა ერთხმად მოიწონეს ვლახეთის საერო და სასულიერო პირებმა, მათ შორის, ვლახეთის მთავარმა ბრინკოვიანუმ. ამ უკანასკნელმა თხოვნით მიმართა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს და მისგან ნებართვის მიღების შემდეგ 1708 წლის 22 თებერვალს საზოგადოებას წარუდგინა ყველა საეკლესიო წესის დაცვით აღსაყდრებული ვლახეთის ახალი მიტროპოლიტი ანთიმ ივერიელი. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქტში ამ ფაქტთან დაკავშირებით ნათქვამია: "იყო არჩეული სხვათაგან განსხვავებით, როგორც ყველაზე შესაბამისი ღვთისმოყვარე ეპისკოპოსი რიმნიკიდან ანთიმი, რათა მიეღო სამღვდელმთავრო და სამწყსო გამგეობა ამ სამიტროპოლიტოსი, როგორც კაცს პატიოსანს და ღვთისმოსავს, რაც ზედმიწევნით საჭიროა სამღვდელმთავრო ხარისხისთვის".
ანთიმოზის მიტროპოლიტად კურთხევასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი წერდა: "მოვიდა დიდი ადამიანი ვლახეთის მიწაზე, მოიტანა სინათლე ღვთაებრივმა ანთიმმა, უნგრეთ-ვლახეთის იერარქმა, შვილმან ბრძენ ივერთა მოდგმისა. ღმერთმა იგი დააჯილდოვა სიბრძნის უშრეტი წყაროთი, რათა მას მოემოქმედებინა კეთილი საქმენი და თავისი სტამბით მოეტანა სარგებლობა ხალხისთვის ამქვეყნად". წმინდა ანთიმოზმა მიტროპოლიტად დადგენის დღეს სიტყვა წარმოთქვა: "განა არ არის სასწაული, ძვირფასო მსმენელებო და პატიოსანო და კეთი-ლშობილო ბოიარებო, რომ მე, მცირე და მდაბალი ადამიანი, ამირჩია ღმერთმა და დამადგინა პატარა მწყემსად პატარა ფარისა?" შემდეგ უფლის მცირე სამწყსოს მიმართა და განამხნევა თურქთაგან დამონებული ერი: "თქვენ შეინარჩუნეთ მართლმადიდებლობა წმინდად და შეუბღალავად, მიუხედავად იმისა, რომ გარშემორტყმულნი, შებოჭილნი ხართ უცხო ხალხთა ძალმომრეობით და განიცდით დიდ გასაჭირს მათგან, ვინც თვითნებურად ბატონობს ამ მიწა-წყალზე... დაე, თქვენთან ერთად მეც თავს გადამხდეს ყოველგვარი გასაჭირი, რასაც გვარგუნებს დრო და ჟამი". დიდი გამბედაობა უნდოდა მაშინ ამ სიტყვების წარმოთქმას. "მან, უცხოელმა, საქართველოს წიაღიდან მოსულმა, გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული პატრიოტიზმისა", - წერს რუმინელი მკვლევარი ვ. პიკო.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე »»
მიტროპოლიტმა ანთიმოზმა თავის რეზიდენციაში, ტირგოვიშტეში დააარსა სტამბა, სადაც გამოიცა: "ყოველწლიური წიგნი საეკლესიო ღვთისმსახურების შესახებ", "მეფე ალექსი კომნენოსის სამხედრო დოგმატიკა". 26 წლის მანძილზე ანთიმოზ ივერიელმა ვლახეთში გამოსცა სხვადასხვა ხასიათისა და მოცულობის 64 წიგნი, მათგან 39 უშუალოდ ანთიმოზის დაბეჭდილია. ანთიმოზის ორიგინალური თხზულებაა მისი "ქადაგებები". სასულიერო შინაარსის წიგნების გამოცემა რუმინულ ენაზე ლიტერატურული ენის დახვეწას, ლიტურგიკულ პრაქტიკაში ორიგინალური ენის დამკვიდრებას ემსახურებოდა. ეს პატრიოტული საქმე იყო; "ყველა მღვდელმთავარს შორის, რომელთაც ვლახეთის სამიტროპოლიტო ტახტი სჭერიათ, არავინ არის ისეთი, რომელსაც შთამომავლობის თვალში ესოდენ დიდი ღვაწლი მიუძღოდეს, როგორც ანთიმ ივერიელს", - წერს ვ. პიკო.
როდესაც იერუსალიმის პატრიარქმა მოითხოვა რუმინეთის ეკლესია დამორჩილებოდა იერუსალიმს, ანთიმოზმა პროტესტი განაცხადა და 1710 წელს პროტესტის წერილი მისწერა პატრიარქს და პირველად მოაწერა ხელი - "უნგრელვლახელი ანთიმოზი". სხვა შემთხვევაში ყველგან იგი ხელს აწერდა ანთიმოზ ივერიელად…
წმინდა ანთიმოზის უშუალო ხელმძღვანელობით ვლახეთში ოცზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია "ყოველთა წმიდათა" მონასტერი ქ. ბუქარესტის ცენტრში. ტაძრის მთავარი შესასვლელის მუხის კარი და ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები თვით ანთიმოზ ივერიელმა შეასრულა. როგორც უკვე მოგითხრეთ, მან ტიპიკონიც შეუდგინა მონასტერს და ბერძნული ეკლესიისაგან დამოუკიდებლად გამოაცხადა.
ანთიმოზ ივერიელი, მიხაილ იშტვანოვიჩი და პირველი ქართული სტამბა საქართველოში
ცნობილია, რომ პირველი ქართული წიგნი დაიბეჭდა რომში 1629 წელს. ეს იყო სტეფანე პაოლინის მიერ თეიმურაზ I-ის ელჩის ნიკიფორე ირბახის (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი დახმარებით შედგენილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი. წიგნი დაიბეჭდა სარწმუნოების გამავრცელებელი სასულიერო საზოგადოების სტამბაში და განკუთვნილი იყო საქართველოში კათოლოკობის საქადაგებლად წამოსული მისიონერი ბერებისთვის. პროფ. გრ. წერეთელი წერს, რომ ეს ლექსიკონი არაერთხელ ყოფილა გადაბეჭდილი და რომ ერთი ამათგანი დაცულია ვატიკანში.
მეორე ქართული წიგნი, რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა ამავე სტამბაში, იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ.
1643 და 1670 წლებში მისიონერმა მარიო მაჯიომ ორჯერ გამოსცა "ქართული ენის გრამატიკა", რომელიც აწყობილი იყო როგორც ნუსხური, ასევე მხედრული შრიფტით.
მეოთხე ქართული წიგნი რომში 1681 წელს დაიბეჭდა. მას ასე იხსენიებს მიხეილ თამარაშვილი: "საქრისტიანო მოძღვრება სიმბოლოებით დარიგებული კარდინალ ბელარმინოსაგან და გადმოთარგმნილი პატრი ბერნარდო მარიამისაგან ნეაპოლელისა, კაპუცინი, მქადაგებელი და მღვთისმეტყველი, იტალიანურის ენისაგან მხედრული ქართულითა ენითა". აქ მოხსენიებული მთარგმნელი ბერნარდო მარიამი ნეაპოლელი ერთი იმ მისიონერთაგანი ყოფილა, რომლებიც საკმაოდ კარგად ფლობდნენ ქართულს და წიგნებსაც თარგმნიდნენ ქართულად. ჰუგო შუხარტს ტორე-დელ-გრეკოში (იტალიაში), კაპუცინთა ძველ ეკლესიაში უნახავს 14 ქართული ხელნაწერი, ბერნარდო ნეაპოლელის ხელით გადაწერილი.
ევროპაში ქართულად წიგნის ბეჭდვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ევროპელი მისიონერები დაინტერესდნენ ქართული კულტურით. ამასთან, მზადდებოდა ნიადაგი ქართული წიგნის საქართველოში ბეჭდვისათვის.
XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან ქართული წიგნის ბეჭდვის საქმე გრძელდება რუსეთში, ქართველი ემიგრანტების მიერ. ამ საქმეს საფუძველი ჩაუყარა სამშობლოდან გადახვეწილმა იმერეთის მეფე არჩილ II-მ. მისი ვაჟი, ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც პეტრე დიდის კარზე დაახლოებული პირი იყო, იმჟამად ამსტერდამში იმყოფებოდა. მან შეადგინა ქართულ ასოთა დამწერლობის ნიმუშები და გაუგზავნა ამსტერდამში სახელგანთქმულ ასოთმქანდაკებელსა და წიგნების ამწყობს მილოშ ტოტფალუშ კიშს, რომელმაც 1687 წელს თავისი შრიფტისათვის გამოიყენა ეს ნიმუშები და მიიღო ქართული ასომთავრულის, ნუსხურისა და მხედრული შრიფტების პირველი ანაბეჭდები. არჩილ მეფემ მოსკოვში სინოდის სტამბასთან დააარსა ქართული წიგნსაბეჭდი, სადაც 1705 წელს გამოსცა "დავითნი". არჩილს სურვილი ჰქონდა, გამოეცა სახარება და ხელნაწერებსაც აგროვებდა, მაგრამ არ დასცალდა. 1713 წელს გარდაიცვალა. არჩილის ხელნაწერები, შრიფტი და სტამბა დარჩა მის ასულს დარეჯანს...
საქართველოში პირველი ქართული სტამბა დააარსა მეფე ვახტანგ VI-მ (1675-1737) თბილისში, მტკვრის სანაპიროზე საგანგებოდ ამისთვის აგებულ შენობაში 1708-1709 წლებში.
რუმინეთში ყოფნის დროს გიორგი ლეონიძემ გამოავლინა ქართული "სახარება", რომელშიც ცალკე ფურცლის სახით ჩაკრულია ხუცური შრიფტით ნაბეჭდი ცამეტტაეპოვანი რუსთველური შაირით დაწერილი პოემა. პოემა გარკვეულ ცნობებს გვაწვდის თბილისში პირველი სტამბის დაარსებასთან დაკავშირებით.
ამ პოემის მიხედვით ვახტანგ VI-ს, რომელსაც განუზრახავს საქართველოში სტამბის დაარსება, უთხოვია იერუსალიმის პატრიარქ ქრიზანთესათვის ამ საქმის მოსაგვარებლად "სტამბის ხელოვანი კაცი". ქრიზანთეს თავის მხრივ დახმარებისათვის მიუმართავს ვლახეთის მთავარ კონსტანტინე ბრინკოვიანუსათვის. ამ უკანასკნელს უბრძანებია ოსტატ მიხაილისთვის, რომელიც იყო "კარგად სტამბის გამომღები, ჭკვიანი და გამოცდილი", ხლებოდა პატრიარქს. ამის შემდეგ მიხაილი ჩასულა საქართველოში, სადაც იგი ვახტანგ VI-ს მიუღია, "ვითა შვილი". მიხაილს აღუთქვამს ვახტანგისათვის, რომ არ დაზოგავდა ძალ-ღონეს და გაამრავლებდა "საღმრთო წიგნსა". მიხაილს პირნათლად შეუსრულებია თავისი სიტყვა. პოემის ბოლოში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ თბილისში "სტამბა გასრულდა, გათავდა, რაც იყო მისი წესები".
ოთარ გვინჩიძე ანთიმოზ ივერიელისადმი მიძღვნილ ნაშრომში წერს: "ვახტანგ VI-ს იმიტომ კი არ მიუმართავს იერუსალიმის პატრიარქისათვის, რომ იმედოვნებდა ქრიზანთეს მხრივ საპატრიარქო სტამბიდან ოსტატის გაგზავნას საქართველოში, არამედ, ალბათ, სთხოვდა მას დახმარებას ვლახეთში მცხოვრებ "ხელოვან კაცთან" კონტაქტის დასამყარებლად... ვინაიდან ქართველები იმ პერიოდში მოკლებული იყვნენ საშუალებას უშუალო კონტაქტი დაემყარებინათ ვლახეთის სამთავროსთან, ამ მისიის შესრულება სთხოვეს იერუსალიმის პატრიარქს... იცოდნენ რა ქართველებმა, რომ იერუსალიმის საპატრიარქოს არ შეეძლო რეალური დახმარების გაწევა სტამბის დაარსების საქმეში, ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, ქართველებს იმედი ჰქონდათ ასეთი დახმარების მიღებისა ვლახეთიდან, მათ ქრიზანთე მოიშველიეს როგორც თხოვნის გადამცემი ადრესატისათვის ვლახეთში". ამ პერიოდში იერუსალიმის საპატრიარქოს თავადაც არ ჰქონდა სტამბა და წიგნებს ისინი მოლდავეთსა და ვლახეთში ბეჭდავდნენ.
ამრიგად, როდესაც ვახტანგ VI-ს განუზრახავს საქართველოში სტამბის დაარსება, მეფეს იერუსალიმის პატრიარქ ქრიზანთესათვის უთხოვია დახმარება ვლახეთში მცხოვრებ "ხელოვან კაცთან" კონტაქტის დასამყარებლად. პირდაპირი საბუთი ვახტანგ VI-სა და ანთიმოზ ივერიელს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს. მაგრამ ანთიმოზ ივერიელს რომ უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოში პირველი ეროვნული სტამბის დაარსების საქმეში, ამაზე ნათლად მეტყველებს შემდეგი ფაქტი: ქართველებმა 1709 წელს თბილისში დაბეჭდილი პირველი წიგნი "სახარება" ანთიმოზ ივერიელს გაუგზავნეს ვლახეთში. ანთიმოზმა იგი ოქროს ყდაში ჩასვა და ვლახეთის მმართველ კონსტანტინე ბრინკოვიანუს მიართვა წარწერით: "ღვთაებრივი სახარების ეს წმინდა წიგნი პატივისცემით ეძღვნება შენს ბრწყინვალებას, უგანათლებულეს ბატონს. ეს არის ახალი ნაყოფი, რომელიც წარმოშვა ივერიის მიწამ განოყიერებულმა შენი მეფური საჩუქრების მდინარისაგან და შენი შეწევნით. გაბედნიერდა ეს ქვეყანაც, გამდიდრდა თავის ენაზე ბეჭდური სიტყვით, ისევე როგორც გამდიდრდა არაბულ ენაზე წიგნების ბეჭდვით არაბეთი, ბერძნულზე - ელადა, რუმინულზე - უნგრეთ-ვლახეთი. და ახლა მადლიერი გიძღვნის ამ წიგნს, ისევე როგორც დანარჩენი სამი ეპარქია. ჭეშმარიტი ქრისტიანობის უდიდესი აღმაფრენა იქცა იმ ოქროს მდინარედ, რომელმაც წარმოშვა ოთხი ნაკადი - ბეჭდური სიტყვა რუმინელებისა, ბერძნებისა, არაბებისა და ივერიელებისა. ისევე როგორც პირველყოფილი ნეტარების წალკოტიდან წარმოედინება ოთხი მდინარე: ფისონი, გეონი, ტიგროსი და ევფრატი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ მდინარეთა წყალმა ახარა ქვეყნად ბილწნი და წარმავალნი ნაყოფნი, შენი ძლიერი ნების წყალობით კი გაიფურჩქნა წიგნთმბეჭდაობა, რომელიც იძლევა მარადიულ და ნაყოფიერ მოსავალს. ამიტომაც შენს ბრწ-ყინვალებას დარჩება საუკუნო დიდება და უკვდავება, ვინაიდან შენ ხარ წყარო და მყარი ნიადაგი ამ სიკეთისა.
ამ წარწერიდან ჩანს, რომ ანთიმოზ ივერიელი სხვადასხვა ქვეყანაში პოლიგრაფიული მუშაობის გაშლას მთლიანად კონსტანტინე ბრინკოვიანუს დამსახურებას მიაწერს. მაგრამ ეს მხოლოდ თავმდაბლობის ნიშანია, ვინაიდან, როგორც რუმინელი ისტორიკოსები წერენ, იმ პერიოდში მთელი ბეჭდვითი საქმიანობა ვლახეთში, საიდანაც წიგნების ბეჭდვა გადაინერგა მრავალ ქვეყანაში, დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ ანთიმოზ ივერიელის სახელთან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვლახეთის მთავარს ყველანაირად შეუწყვია ხელი ანთიმოზ ივერიელისთვის, რომ ვახტანგ VI-ის წამოწყება საქართველოში პირველი ქართული სტამბის დაარსებისა კეთილად დაგვირგვინებულიყო.
საქართველოში პირველი ეროვნული სტამბის გასამართად ანთიმოზ ივერიელმა შეარჩია მესტამბე მიხაი იშტვანოვიჩი. ეს არჩევანი შემდეგ გარემოებას უნდა განეპირობებინა. ჯერ ერთი, მიხაი იშტვანოვიჩი ითვლებოდა ანთიმოზის ყველაზე ერთგულ და დახელოვნებულ მოწაფედ. გარდა ამისა, როცა საჭიროება მოითხოვდა ვლახეთის ფარგლებს გარეთ სტამბების გამართვას, ამ მისიის შესრულებას დროდადრო მესტამბე მიხაი იშტვანოვიჩს ავალებდნენ.
რუმინეთში ცნობილი მესტამბე მიხაი იშტვანოვიჩი ტრანსილვანიიდან, არდიალიდან, ყოფილა წარმოშობით. ტრანსილვანიიდან იგი ვლახეთში ჩამოსულა, სადაც იპოდიაკვნად უკურთხებიათ. ვარაუდობენ, რომ იშტვანოვიჩი სტამბის ხელოვნებას ბუქარესტში, იმ სტამბაში დაეუფლა, სადაც ანთიმოზ ივერიელმა 1691 წელს თავისი პირველი წიგნი დაბეჭდა. აქედან მოყოლებული, მისი საქმიანობა ანთიმოზ ივერიელს დაუკავშირდა. ამ ურთიერთობის სიტყვიერი გამოხატულებაა მე-18 საუკუნის დასაწყისში რუმინეთში იშტვანოვიჩის მიერ დასტამბული "ლოცვანის" წინასიტყვაობა, რომელიც დამბეჭდავმა ანთიმოზ ივერიელს მიუძღვნა და რომელშიც დიდი სიყვარულითა და მოწიწებითაა მოთხრობილი წარსული ცხოვრება ანთიმოზისა, რომელსაც მონად გაყიდულ ბიბლიურ იოსებს ადარებს ავტორი.
ანთიმოზმა 1694 წელს, როდესაც ბუქარესტიდან სნაგოვში გადავიდა სტამბის დასაარსებლად, თან წაიყვანა მიხაი იშტვანოვიჩი. ამ სტამბაში პირველი წიგნი სწორედ იშტვანოვიჩმა დაბეჭდა. 1698 წელს იშტვანოვიჩი, კონსტანტინე ბრინკოვიანუს საგანგებო დავალებით, ტრანსილვანიაში წავიდა. მას იქ საგანმანათლებლო მისიასთან ერთად მართლმადიდებლურ-მისიონერული მიზანიც ჰქონდა - ტრანსილვანია მუდამ იყო რელიგიური დაპირისპირების მხარე. იქ მან 1699 წელს რუმინულ ენაზე გამოსცა "ანბანის წიგნი" და "სახარება".
1706 წელს მიხაი იშტვანოვიჩმა ანთიმოზ ივერიელთან ერთად რიმნიკის სტამბაში დაბეჭდა ხუთი წიგნი. ამ გამოცემებში მითითებულია, რომ ისინი დაბეჭდილია იპოდიაკონ მიხაი იშტვანოვიჩის მიერ. ვარაუდობენ, რომ მიხაი იშტვანოვიჩმა 1707 წელსაც დაბეჭდა წიგნი რიმნიკის სტამბაში. 1708 წლიდან კი, როდესაც ანთიმოზმა, უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტად კურთხევის გამო, დატოვა რიმნიკი, ტირგოვეშტეს რეზიდენციაში გადავიდა და იქაც დააარსა სტამბა. მიხაი იშტვანოვიჩის სახელი აღარ შემოინახა რუმინეთში გამოცემულმა წიგნებმა თუ სხვა ისტორიულმა წყაროებმა. ამიერიდან მიხაი თავისი მასწავლებლის სამშობლოში, საქართველოში, ჩაუდგა სტამბის დაარსებისა და წიგნის ბეჭდვის საქმეს. ანთიმოზმა ვახტანგ VI-ს სტამბის გამართვისათვის საჭირო ყველანაირი ტექნიკა და მასალა გაუგზავნა. შეიქმნა და ჩამოისხა პირველი ქართული შრიფტი. პირველი ქართული წიგნები, რომლებიც 1709 წელს ვახტანგისეულ სტამბაში დაიბეჭდა, იყო სახარება - ოთხთავი და "დავითნი". ისინი მხოლოდ შავი საღებავით, ნუსხური შრიფტით იყო დაბეჭდილი. ვახტანგმა ნუსხური შრიფტის მაგივრად შემოიღო უფრო მარტივი მხედრული შრიფტი. შემდეგ წიგნებში შრიფტთა სხვადასხვაობა შეინიშნება. სტამბაში შემოვიდა წითელი საღებავიც. აქ დასტამბული წიგნები ტოლს არ უდებდა ევროპაში დაბეჭდილს, უმაღლესი დონის იყო ტექნიკური თუ მხატვრული შესრულების ყოველი მხარე: კარგი ხარისხის ქაღალდი, მტკიცე და ფაქიზი აკინძვა, მაღალმხატვრული შემკობა-დასურათხატება (გრავიურით).
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე »»
1709 წელს თბილისში დაიბეჭდა "სახარება", "სამოციქულო" და "დავითნი", 1712 წელს კი "ვეფხისტყაოსანი", რომლის რედაქტორი იყო ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილი მიქაელი, რომელმაც მის ბოლოს დაბეჭდა ლექსი:
"აწ დაიბეჭდა სტამბაში პირველ ნაწერი ხელისა,
უგბილთა ფრიად სასწავლო, გონიერთ გულთა თმენისა,
მეფის ვახტანგის ბრძანებით და სიბრძნით
კეთილმქმნელისა და ნაღვაწი მისი მლოცვლისა მესტამბე
მიქაელისა".
სავარაუდოდ, სწორედ ეს მიქაელი უნდა იყოს იმ ქების ლექსის ავტორიც, რომელიც რუმინეთში გაგზავნილ სახარების ცალზე იყო დაბეჭდილი. თბილისში დაბეჭდილ ქართულ წიგნებს ბოლოს დართული აქვთ ანდერძები ვახტანგ მეექვსისა, მიხაი იშტვანოვიჩისა (მიხაი ბოლოს ხელს აწერდა - სტეფანისშვილი, სტეფანეს ძე) და რედაქტორის - ნიკოლოზ ორბელიანისა. თბილისში დაბეჭდილი წიგნების მიხედვით, მიქაელის გარდა სტამბის მომუშავედ მოჩანან ვინმე გიორგი მხატვარი, გარსევან - ყოფილი მღვდელი გაბრიელი, რომელიც რედაქტორადაც მუშაობდა, აბრამა სალუყაზანაშვილი (დიაკვანი სტამბაში ვებარეო). ვახტანგის სტამბამ იარსება 1709-1712 წწ. და 1719-1722 წწ., 1712-1719 წლამდე ვახტანგი სპარსეთში იყო გაწვეული. 1722 წელს კი სტამბა თურქებმა დაარბიეს. 1750 წელს ერეკლე მეფემ განაახლა სტამბა კონსტანტინოპოლიდან მოწვეული ოსტატის დახმარებით, რაზედაც 20.000 მან. დახარჯა. ერეკლეს სტამბამ იარსება 1800 წლამდე და მასში 29 სახელწოდების წიგნი დაიბეჭდა. 1803 წლის წიგნების ბეჭდვა ქუთაისში დაიწყეს.
ანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის მესტამბეთა 4-სტრიქონიანი ლექსი, რომელიც 1697 წელს სნაგოვში დაბეჭდილ "სახარებას" დაურთო.
"ნავსაყუდელსა მენავე, რა მოვლენ, განისვენებენ
მენავე ღელვა-გვემული განეროს ზღვასა წყრომასა,
კალატოზნი და ხურონი რა მორჩეს თავის შრომასა,
მათ სიხარულსა ვინ დათვლის, ანუ შვებისა ზომასა?
და მესტამბე მათგან უაღრეს იქს სიხარულის ნდომასა".
მიხაი უნგრელ-ვლახელმა ამ ლექსის ვარიანტი 1710 წელს გამოცემული ქართული "კონდაკის" ბოლოს დაბეჭდა ასეთი ვარიანტით:
"ნავსაყუდელსა მენავე რა მივლენ განისვენებენ;
მოყვასთა, თვისთა სამყოფთა ნახვა სწადს, მით ისვენებენ,
ირთ მყოფი, ლხინსა შესულნი, მას აღარ მოიხსენებენ
და რა ბეჭდვა მბეჭდავს უსრულდეს, თავს აღარ შეიჩვენებენ".
ეს ლექსი შეტანილია ვახტანგ VI-ის ნაწერებში (1947 წლის გამოცემა ალ. ბარამიძის რედაქციითა და შენიშვნებით). ლექსი ავტორისათვის მიუწოდებია ლუბა მეფარიშვილს. ფაქტობრივად, ეს ლექსი ეკუთვნის ანთიმოზ ივერიელს. პირველად იგი სნაგოვში (რუმინეთში) დაიბეჭდა, "სახარების" ბოლოს. ჩვენთვის საინტერესო მაინც ის არის, რომ საქართველოში პირველი სტამბა ქართველების, ვახტანგ VI-ისა და ანთიმოზ ივერიელის მიერ არის შექმნილი, რის გამოც შთამომავლობა დიდად დავალებული ვართ მათგან.
1712 წელს ვახტანგი სპარსეთში გაიწვიეს, რის შემდეგაც სტამბამ მუშაობა ბევრად შეანელა. 1713-20 წლებში მხოლოდ 5 წიგნი დაიბეჭდა. 1721-22 წლებში სტამბას ერთ¬გვარი აღორძინება ჰქონდა, ვახტანგის ვაჟმა ბაქარმა და ვახუშტი ბაგრატიონმა გამოსცეს ვახტანგის თარგმნილი "ქმნულების ცოდნის წიგნი" ანუ "აიათი" - სასკოლო სახელმძღვანელო და სამეცნიერო წიგნი. ბოლო წიგნი, რომელიც 1722 წელს აქ დაიბეჭდა, იყო "ჟამნი". 1723 წელს ოსმალთა შემოჭრის გამო სტამბა დაიხურა. 1709-1722 წლებში სტამბაში სულ 19 წიგნი დაიბეჭდა.
* * *
საქართველოში ანთიმოზ ივერიელსა და მის მოსწავლესთან, სასტამბო საქმის განვითარებასთან ერთად, დაკავშირებულია ჰერალდიკის განვითარებაც. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირველი ქართული გერბები საქართველოში იშტვანოვიჩის მიერ დასტამბულ წიგნზე გვხვდება, არამედ ამ გერბების ფორმის, არქიტექტონიკისა და ორნამენტული მორთულობის ტიპოლოგიური პარალელების არსებობაც რუმინულ, კერძოდ, ანთიმოზის მიერ დაბეჭდილ წიგნებზე არსებულ შესაბამის ნიმუშებთან. პირველად ბაგრატიონთა გერბი 1709 წელს დასტამბულ "სამოციქულოში", თავფურცლის მეორე გვერდზე დაიბეჭდა (უფრო ადრე საქართველოს სამეფო გერბების არსებობა მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან დასტურდება, მაგრამ ეს ნიმუშები რუსულ ისტორიულ წყაროებშია დაცული).
აკაკი შანიძემ ვახტანგის სტამბის წიგნებში გერბის მოთავსების წესი რუმინული გამოცემების გავლენით ახსნა. "სამოციქულოდან" მოყოლებული ყოველი გამოცემის თავფურცლის მეორე გვერდზე ვხვდებით ბაგრატიონთა სამეფო გერბის ამა თუ იმ ვარიანტს.
* * *
დიდი წვლილი მიუძღვის ანთიმოზ ივერიელს ვლახეთის ფარგლებს გარეთ სტამბების დაარსებაში, სახელდობრ, სირიაში, ქალაქ ჰალაბში. ვიდრე ანტიოქიის პატრიარქი ათანასე ეწვეოდა ვლახეთს, არაბეთში არ არსებობდა ეროვნული სტამბა. ანთიმოზ ივერიელმა ათანასეს მოთხოვნით პირველმა დაბეჭდა ვლახეთში ბერძნულ-არაბულ ენაზე სალიტურგიო წიგნები. ათანასეს ვლახეთიდან სირიაში დაბრუნების შემდეგ საფუძველი ეყრება პირველ ეროვნულ არაბულ სტამბას, სადაც 1706 წელს დაიბეჭდა "დავითნი", რომლის სატიტულო ფურცლის მეორე გვერდზე გამოსახულია ვლახეთის სამთავრო ღერბი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არაბეთში წიგნების ბეჭდვა გადმოინერგა ვლახეთიდან. გასაკვირი არაა მეცნიერების ვარაუდი იმის შესახებ, რომ პირველი არაბული სტამბა და არაბული შრიფტი დაამზადა ანთიმოზ ივერიელმა.
ბრძოლა ვლახი ხალხის გათავისუფლებისათვის
მიტროპოლიტად დადგინების დღიდან ანთიმოზმა ბრძოლა დაიწყო ვლახი ხალხის გათავისუფლებისათვის უცხოელ დამპყრობთა ჩაგვრისაგან. პირველსავე დღეს მრევლის წინაშე წარმდგარმა ანთიმოზმა შემდეგი სიტყვა წარმოთქვა: "მართლმადიდებლობა თქვენ შეინარჩუნეთ წმიდად და შეუბღალავად, მიუხედავად იმისა, რომ გარშემორტყმულნი, შებოჭილნი ხართ უცხო ხალხთა ძალმომრეობით და განიცდით აურაცხელ გასაჭირსა და უბედურებას, რაც ყოველთვის გამომდინარეობს იმათგან, ვინც თვითნებურად ბატონობს ამ მიწა-წყალზე. თუმცა მე ვიყავი უღირსი და უმცროსი სხვათა შორის, ვითარცა დავითი იყო უმცროსი თავის ძმებს შორის, ღმერთმა არ შეხედა ჩემს სიღარიბეს და უცხოელობას. დაე, თქვენთან ერთად მე თავს გადამხდეს ყოველგვარი გასაჭირი, რასაც გვარგუნებს ჩვენ დრო და ჟამი". ანთიმოზის სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. 1711 წელს რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო. ივერიელმა ორივე სამშობლოს (საქართველოსა და რუმინეთის) დამმონებელი და იავარმქმნელი თურქების მხარეზე დგომას რუსული ორიენტაციის არჩევა ამჯობინა და რუმინელთა მეთაურებს ერთმორწმუნე რუსეთის მეფე პეტრე I-თან კავშირისაკენ მოუწოდა. ეს მის პოლიტიკაში ჩართვას ნიშნავდა. პრუტზე გამართული ბრძოლის დროს ანთიმოზ ივერიელმა რუმინელი სარდალი თომა კუზინო აიძულა თავისი ჯარით რუსების მხარეზე გადასულიყო.
ბრინკოვიანუს ამ ომში თურქების მხარე ეჭირა, ამიტომ ის წმინდანის ქმედებამ კვლავ განარისხა. მთავარს ავის მოსურნენიც შეუჩნდნენ, დიდი გავლენის მქონე მიტროპოლიტი მოეშორებინა. ომის დამთავრების შემდეგ გაბრაზებულმა კონსტანტინემ უსაყვედურა წმინდა ანთიმოზს "პოლიტიკაში ჩარევა" და მოსთხოვა, უარი ეთქვა მიტროპოლიტობაზე. წმინდა ანთიმოზმა განუცხადა, რომ ნებით ტოვებდა მიტროპოლიტობას და დაუტევა მოხსენებითი ბარათი, რათა მის სიმართლეში დარწმუნებულიყო. ამ ბარათიდან ვგებულობთ, რას აბრალებდნენ მას მტრები: თურმე "ანთიმოზ ივერიელმა უღალატა ვლახეთის მთავარს, იგი იყო უცხოელი და ვალებში ჩააგდო სამიტროპოლიტო". წმინდა ანთიმოზი არწმუნებს კონსტანტინეს თავის ერთგულებაში, ხოლო რაც შეეხება ფარულ კრებას, მის უნებართვოდ რომ მოაწყო, ამაზე ამბობს: "ეს გავაკეთე მხოლოდ ჩემი, როგორც ერის სულიერი მწყემსის, მოვალეობისა და ვალდებულების გამო" (მკითხველს ალბათ გაახსენდება წმინდა ამბროსი ხელაიას სიტყვები კომუნისტებისადმი: "მე შევასრულე ჩემი მოვალეობა"). წმინდა ანთიმოზმა კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა ვლახეთის მთავარს და გული მოულბო კონსტანტინეს, რომელიც დარწმუნდა, რომ არ შეეძლო დარჩენილიყო ბრძენი ანთიმოზის რჩევის გარეშე და დატოვა თავის ადგილზე.
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე »»
ვლახეთის მთავრის სიკვდილით დასჯა
თურქებმა, როგორც ჩანს, არ დაუფასეს ერთგულება ბრინკოვიანუს და მალე სიკვდილით დასაჯეს. ეს კი ასე მოხდა: თურქეთის სულთანმა აჰმედ II-მ, რომელიც ამ დროს ავსტრიის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდა, სახიფათოდ ჩათვალა კონსტანტინე ბრინკოვიანუს შემდგომი დატოვება ვლახეთის სამთავროს ტახტზე. მან უბრძანა მუსტაფა-აღას და ერთ-ერთ ვეზირს, ხელთ ეგდოთ ბრინკოვიანუ.
1714 წლის 4 აპრილს მუსტაფა-აღა ბუქარესტში ჩავიდა, ხოლო ვეზირი ჯიურჯევოში შეჩერდა, რათა ჯარი შეეყარა იმ შემთხვევისათვის, თუ რუმინელები შეეცდებოდნენ თავიანთი მთავრის დაცვას. მუსტაფა-აღა კონსტანტინე ბრინკოვიანუსთან კარგ დამოკიდებულებაში იყო. ამიტომაც საგანგებოდ შეარჩიეს იგი ამ მისიისათვის, მთავარს რომ ეჭვი არ აეღო და არ გაქცეულიყო. ბრინკოვიანუმ დიდი სიხარულით მიიღო მუსტაფა-აღა. თურქს თორმეტი პირი ახლდა, რომლებსაც წამოსასხამის ქვეშ ხანჯლები და დამბაჩები ჰქონდათ დამალული. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათ ადგილზე უნდა მოეკლათ ბრინკოვიანუ.
ჩვეულებრივი ცერემონიალისა და ურთიერთმისალმების შემდეგ მუსტაფა-აღას სავარძელი მიართვეს. მან უარი განაცხადა, დროის უქონლობა მოიმიზეზა, თან დასძინა, რომ ბრინკოვიანუსათვის, თავისი ძველი მეგობრისათვის, მეტად სამწუხარო ამბავი ჩამოიტანა. ამის თქმისას მუსტაფა-აღამ უბიდან ამოიღო შავი მოსასხამი, კონსტანტინე ბრინკოვიანუს თავზე გადააფარა და ხმამაღლა წარმოთქვა "მაზილ" (რაც ნიშნავდა კონსტანტინე ბრინკოვიანუს ვლახეთის მთავრის ტახტიდან გადაყენებას). მოულოდნელი ამბის შეტყობისას მთავარი შეტორტმანდა, ტახტის სახელურს დაეყრდნო. მუსტაფა-აღამ მას უბრალო სკამი შესთავაზა და უთხრა, რომ ტახტი მას უკვე აღარ ეკუთვნოდა... როდესაც ბრინკოვიანუმ ეს მოისმინა, გაბრაზებულმა გალანძღა სულთანი, თურქეთის ხელისუფალნი და მათ უმადურები უწოდა.
კონსტანტინე ბრინკოვიანუ დააპატიმრეს და მცველებად თურქი ჯარისკაცები მიუჩინეს. ამის შემდეგ მუსტაფა-აღამ სასახლის სათათბირო დარბაზში შეკრიბა ბოიარები და წაუკითხა ფირმანი, რომლის მიხედვით ბრინკოვიანუ მოღალატედ გამოცხადდა. მუსტაფა-აღა ჩქარობდა და შიშობდა კიდეც. მართალია, მას ოთხასი თურქი ჯარისკაცი ჰყავდა, რომლებიც ჯიურჯევოდან ბუქარესტში მოიყვანა ვეზირმა, მაგრამ რას გახდებოდა ოთხასი კაცით, თუ დედაქალაქის 60-ათასიანი მოსახლეობა იარაღს მოჰკიდებდა ხელს. ამიტომაც მუსტაფა-აღამ კონსტანტინე ბრინკოვიანუ ვლახ ბოიარებს ჩააბარა და აიძულა ისინი თავდებად დამდგარიყვნენ სიცოცხლის ფასად, რათა მთავარი არ გაქცეულიყო. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში იგი ჯარის შემოსევით და ვლახეთის აოხრებით იმუქრებოდა.
ვლახეთიდან ბრინკოვიანუს გამგზავრების შემდეგ ვეზირი ბუქარესტში დარჩა, რომ მთავრის მთელი უძრავი ქონება გაეყიდა, ხოლო მოძრავი - ფული, ძვირფასეულობა, ბეწვის ქურქები აღეწერა და კონსტანტინოპოლში გაეგზავნა.
1714 წლის 16 აგვისტოს კონსტანტინე ბრინკოვიანუ ოთხი ვაჟიშვილით სულთან სერალის სასახლის წინ მოედანზე მიიყვანეს. ბრალდებულებს - კონსტანტინე ბრინკოვიანუს, მის ვაჟიშვილებს: კონსტანტინეს, სტეფანეს, რადუს და მათეს ხელები შეუკრეს და ერთმანეთის გვერდით მუხლებზე დააჩოქეს. სულთნის ერთ-ერთმა მსახურმა მათ ბრალდებები წაუკითხა, რომელთა საფუძველზე სიკვდილით უნდა დასჯილიყვნენ. განსაკუთრებული ბრალი ედებოდა კონსტანტინე ბრინკოვიანუს რუსეთთან ომის დროს თურქეთის ღალატისათვის და "სულთნის მიმართ წარმოთქმული შეურაცხმყოფელი გამოთქმებისათვის". ამაოდ ცდილობდნენ თურქები, ეიძულებინათ კონსტანტინე, მუსლიმობა მიეღო. რჯულის ღალატისთვის ისინი მთავარს სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდებოდნენ. "გულმხურვალე ლოცვით, - წერს ერთი რუმინელი ისტორიკოსი, - აღაგზნებდა ბრინკოვიანუ თავის შვილებს წინაპართა რწმენის ერთგულებით: "ჩემო შვილებო, - ეუბნებოდა იგი მათ, - იყავით ყოჩაღად, ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ, რაც კი გაგვაჩნდა ამქვეყნად; ისღა დაგვრჩენია, სული მაინც გადავირჩინოთ და ჩვენივე სისხლით განვიწმინდოთ ცოდვებისაგან".
სულთანმა ჯალათს ნიშანი მისცა. ჯერ ბრინკოვიანუს უფროს ვაჟიშვილს კონსტანტინეს მოჰკვეთეს თავი. როდესაც ჯერი მთავრის უმცროს ვაჟზე, რადუზე მიდგა, მან შეჰყვირა, რომ მიიღებდა მუსლიმობას, ოღონდ სულთანს სიცოცხლე შეენარჩუნებინა.
რადუს იმ დროისათვის შეუსრულდა 16 წელი. ამის გამგონე კონსტანტინე ბრინკოვიანუმ შვილს საყვედურით მიმართა: "უმჯობესია ათასჯერ მოკვდე, ვიდრე უღალატო ქრისტეს რწმენას და უღალატო მხოლოდ იმიტომ, რომ ამქვეყნად სიცოცხლე გაიხანგრძლივო რაღაც ორიოდე წლით". ამ სიტყვების შემდეგ რადუმ ამაყად წარმოთქვა: "მე მინდა მოვკვდე ქრისტიანად! მომჭერი თავი, ჯალათო!"
მას შემდეგ, რაც მამის ფეხებთან დაგორდა შვილის თავი, ვლახეთის მთავარი, კონსტანტინე ბრინკოვიანუ, მიუბრუნდა სულთანს და ხმამაღლა წარმოთქვა: "ასეთი იქნება ყველას ხვედრი, ვისაც ღმერთი არგუნებს უბედურ ბედს - ემსახუროს ტირანს".
დასჯილთა თავები თურქებმა შუბებზე წამოაგეს და ყვირილით: "ასეთია მოღალატეთა აღსასრული", - დაატარებდნენ კონსტანტინოპოლის ქუჩებში, გვამები კი ზღვაში გადაყარეს. მაგრამ ქრისტიანმა მენავეებმა ისინი ზღვიდან გამოიტანეს და პატარა კუნძულ ჰალკის, მონასტრის მიწას მიაბარეს.
წმინდა ანთიმოზის მოწამებრივი აღსასრული
1715 წელს თურქებმა თავი მოჰკვეთეს ვლახეთის შემდგომ მთავარს სტეფანე კანტაკუზენს და მის მოხუც მამას. ამის შემდეგ ვლახეთს დაეპატრონა უთვისტომო, გადამთიელი ბერძენი, რომელსაც არ ცნობდა საბერძნეთი და აბუჩად იგდებდა თურქი. დადგა ვლახეთში ფანარიოტთა ბატონობის ეპოქა. მათ ეს სახელი კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი უბნის - ფანარის მიხედვით მიიღეს.
ვლახეთში სულთნისგან მთავრად მოგზავნილმა ფანარიოტმა ნიკოლო მავროკორდატმა, პირველ რიგში, რუსული ორიენტაციის ბოიარების დევნა დაიწყო. მათთან ანგარიშის გასწორების შემდეგ გააუქმა ეროვნული კრება და ყველა ბოიარი გაყარა სამეფო კარიდან, მათი ადგილი კი კონსტანტინოპოლის ფანარის რაიონში მცხოვრებმა ვაჭრებმა, მევახშეებმა და გადამყიდველებმა დაიჭირეს, რომლებიც ნიკოლოს ჩამოჰყოლოდნენ. ნიკოლომ უბრალო ხალხსაც ძალზე გაუზარდა გადასახადი და ღალა, ამან ვლახეთის სრული გაჩანაგება გამოიწვია. საცოდავი ხალხი იყრებოდა ოჯახებით და ტყეს აფარებდა თავს. რამდენიმე წელიწადში ვლახეთის მოსახლეობა განახევრდა. ცალკე უკიდურესი სიღარიბე ანადგურებდა ვლახებს - არც ტანსაცმელი გააჩნდათ, არც საწოლი, არც რაიმე საოჯახო ნივთი. ამ დროს კი ფანარიოტები სიმდიდრეში ცურავდნენ. მათ მიბაძეს ვლახმა მთავრებმაც, ისინი უკვე უკადრისობდნენ თავიანთ "რუმინელობას" და ეს წმინდა სიტყვა ზიზღის გამომხატველ ტერმინად აქციეს, იცვამდნენ ბერძნულად და დაჟინებით ებრძოდნენ "რუმინულ ნაციონალიზმს", ცდილობდნენ, მისგან არავითარი კვალი არ დარჩენილიყო არც ეკლესიაში და არც სკოლაში. ამაში მათ ფანარიოტი მთავარიც ეხმარებოდა. ასეთი გეგმა ჰქონდათ: უნდა დაიხუროს რუმინული სკოლები, რუმინული ენა უნდა განიდევნოს სასახლის კარიდან, ეროვნული ჯარის ნაწილები შეიცვალოს თურქთა რაზმებით, დახმარება გაეწიოს მხოლოდ იმ ეკლესია-მონასტრებს, სადაც ღვთისმსახურნი ბერძნები იქნებიან. ნიკოლო მავროკორდატი, "ევროპული განათლების" შემოღების სახელით, რეფორმების გატარებას აპირებდა, სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა არა რუმინული, არამედ ბერძნული ენა უნდა ყოფილიყო. ვლახი ხალხი ორმაგი უღლის ქვეშ აღმოჩნდა - თურქთა და გადაგვარებულ ბერძენთა.
წმინდა ანთიმოზს სხვა არა დარჩენოდა რა, უნდა "აღეს¬რულებინა თავისი მოვალეობა". შემოიკრიბა ის ვლახი ბოია¬რები, რომელთაც ოქროზე არ გაეყიდათ სული და დაელო¬და ხელსაყრელ მომენტს. თურქეთსა და ავსტრიას შორის ატეხილი ომიც თითქოს რაღაც იმედს უსახავდათ, მაგრამ ეს გეგმაც ჩაიფუშა და წმინდა ანთიმოზი, თავის მომხრეებთან ერთად, თურქი და ფანარიოტი დამპყრობლების პირისპირ აღმოჩნდა. ბოიართა ნაწილი ამოხოცეს, ნაწილი ციხეში ჩა¬ყარეს და ტანჯვა-წამებით ამოხადეს სული. ზოგიც, შიშველნი და განძარცულნი, სამშობლოდან გააძევეს. ფანარიოტ მთა¬ვარს თურქთა გაძლიერებული რაზმები დარაჯობდნენ. რა ბედი ეწია წმინდა ანთიმოზს, ვლახთა უკანასკნელი გაბრძო¬ლების მოთავეს? მაშინ, როცა ქვეყანაში საშინელი ტერორი მძვინვარებდა, მღვდელმთავარს არც გაქცევით და არც და¬მალვით არ უცდია თავის გადარჩენა. უთანასწორო ბრძოლა¬ში დამარცხებული ამაყად გაემართა სიკვდილისკენ.
ნიკოლო მავროკორდატმა ანთიმოზ ივერიელი სასახლეში დაიბარა, მიტროპოლიტმა კარგად იცოდა, თუ რა ელოდა მას ფანარიოტისაგან, მთელ ქვეყანაში ხომ საშინელი ტერორი მძვინვარებდა, მაგრამ მღვდელმთავარს არც გაქცევით და არც დამალვით არ უცდია თავის გადარჩენა. აი, რას წერს მემატიანე: "როდესაც ეტლი, რომელშიც მიტროპოლიტი იჯდა, გაჩერდა სასახლის წინ, მას თურქი ჯარისკაცები მისცვივდნენ, გადმოაგდეს, შემოახიეს სამოსელი, დააგლიჯეს წვერ-ულვაში, შემდეგ წაათრიეს და სარდაფში ჩააგდეს. ანთიმოზმა რამდენიმე დღე გაატარა საპყრობილეში. ნიკოლო მავროკორდატმა წმინდა მღვდელმთავარს უბრძანა, უარი ეთქვა ვლახეთის მიტროპოლიტობაზე. ივერიელმა უარი შეუთვალა. ნიკოლომ კონსტანტინოპოლის პატრიარ¬ქს, იერემიას, სთხოვა დახმარება. მანაც დიდი სიამოვნებით შეკრიბა ბერძენი ეპისკოპოსნი და წმინდა ანთიმოზი "ამხილა" მისნობასა და საეშმაკო საქმიანობაში. ის განკვეთეს ეკლესიიდან, აჰყარეს სამღვდელო ღირსება, დაუბრუნეს საერო სახელი ანდრია, თავზე წითელი თურქული ფესი დაახურეს. მაგრამ ეს მავროკორდატისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. გადაწყვიტა, წმინდანი ვლახეთიდან მოეშორებინა და მიზანს მიაღწია კიდეც. ანთიმოზი საბოლოოდ სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში გააძევეს. ფანარიოტებმა იცოდნენ, როგორ უყვარდათ რუმინელებს თავიანთი მღვდელმთავარი, ამიტომაც წმინდა ანთიმოზი შუაღამისას გაიყვანეს ბუქარესტიდან. ბორკილები დაადეს, საბარგულ¬ზე ნივთივით დააგდეს და მცველებით გარშემორტყმული სამხრეთში გაგზავნეს. თუმცა ანთიმოზს სინას მთამდე არც მიუღწევია. გალიპოლიის მახლობლად, ადრიანოპოლზე გამავალი მდინარის, დულჩიას ნაპირზე თურქმა იანიჩარებმა ხმლებით დაჩეხეს, ასო-ასო აკუწეს და მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს. ეს მოხდა 1716 წლის 14 სექტემბერს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემიამ სინოდის სხდომაზე გააუქმა წმინდა ანთიმოზის საყვარელი მონასტრის, ყოველთა წმინდათას, დამოუკიდებლობა.
წმინდა ანთიმოზის სიკვდილმა შეაძრწუნა ვლახი ხალხი, დიდი იყო მათი გლოვა. წმინდა ანთიმოზის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი მკვლელთა მიმართ ზიზღმა შეცვალა. საშინელი წყევლით დაწყევლა ხალხმა ისინი, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სისხლით დაღდასმული მათი სახელები.
ანთიმოზ ივერიელის ტაძარი
ბუქარესტში, ანთიმოზ ივერიელის ქუჩაზე (№29) დგას ლამაზი, არქიტექტურულად გაფორმებული ტაძარი, რომელიც ანთიმოზ ივერიელის სახელს ატარებს. იგი აშენებულია 1715 წელს ანთიმოზ ივერიელის ხარჯით და ბევრი რამ ამ შენობისა, როგორც მაგალითად, კარები, კედლის მოზაიკა, ხეზე კვეთილობა თაღებზე გაკეთებულია ანთიმოზის ხელით. მასვე ეკუთვნის ნაწილობრივ კედლის მხატვრობაც. დღეს ამ ტაძარში ჩვეულებრივ მიმდინარეობს ღვთისმსახურება, წირვა-ლოცვა. ტაძრის გვერდით შენობაში კი გახსნილია ანთიმოზ ივერიელის მუზეუმი, რომელშიც თავმოყრილია ფოტოდოკუმენტები, ხელნაწერები, წიგნები, ილუსტრაციები - ამსახველი ანთიმოზის ბობოქარი ცხოვრებისა და შემოქმედებისა.
რუმინელ ხალხს უყვარს ანთიმოზი. პატივისცემით იხსენიებს მას და მის სახელზე არა მარტო ქუჩა, ტაძარი და მუზეუმია, სახელმწიფო მუზეუმშიც აქვს ცალკე კუთხე, ანთიმოზის სურათი გამოაქვთ დემონსტრაციებზე თავიანთი ბელადების სურათებთან ერთად. ანთიმოზ ივერიელი ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი იყო მართლმადიდებელ სამყაროში და გამორჩეულად ტრაგიკული ბედის ქართველი, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა ტყვეობის სიმძიმე და სიცოცხლე მოწამებრივად დაამთავრა. ერთ-ერთი რუმინელი ისტორიკოსი წერს: "რამდენჯერაც დახედავს მზე რუმინეთის მიწას, იმდენჯერ გაიხსენებს რუმინელი ხალხი სიყვარულითა და პატივისცემით ანთიმოზ ივერიელს, რომელმაც ჩადო საძირკვლის ქვა რუმინეთის ეროვნული კულტურის ბალავარში და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდა მისი თავისუფლებისთვის".
წმინდა ანთიმოზის ხსენების დღე რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჯვართამაღლებას, 14 სექტემბერს, დაადგინა, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ - 13 ივნისს.
...................................
წმინდა ანთიმოზ ივერიელთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე»»
აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
მოვიდა დიდი ადამიანი ვლახეთის მიწაზე, მოიტანა სინათლე ღვთაებრივმა ანთიმოზმა.
"რა გქვია და სადაური ხარ?"
წმინდა ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივი აღსასრულის 300 წლისთავთან დაკავშირებით რუმინეთში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები სტუმრობენ
იხილეთ დასაწყისი»»
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი