იმ დროს, როცა მოციქულთა ქადაგებით ქრისტეს ნათელი წარმართთა შორის განბრწყინდა, ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთით, თრაკიაში, ქალაქ მიგდონიაში ცხოვრობდა თავადი ლიცინიოსი.
ზემოთხსენებული თავადი არ აგვერიოს რომის იმპერატორ ლიცინიოსში, რომელიც 311-324 წლებში მეფობდა რომის იმპერის აღმოსავლეთ ნაწილში.
მას ცოლად ჰყავდა კონსტანტინე დიდის და კონსტანცია, ცხოვრობდა ნიკომიდიაში IV საუკუნის დასაწყისში და ისე მოკვდა, ქრისტე არ იწამა. ეს ლიცინიოსი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, I საუკუნეში ცხოვრობდა, თითქმის მოციქულთა დროს. მის ცოლს კი ლიცინია ერქვა.
მათ ქალიშვილი შეეძინათ. პენელოპე დაარქვეს. როცა გოგონა მოიზარდა და ექვსი წლის გახდა, ისე დამშვენდა, რომ გარეგნობით ყველა თანატოლი დაჩრდილა. მამამისმა ქალაქგარეთ, შორს, ერთ თვალწარმტაც ადგილას ქალიშვილისთვის სვეტი (კოშკი) ააშენა, სადაც ბევრი ოთახი იყო, თვალისმომჭრელი სიმდიდრით და ყველაზე დახვეწილი გემოვნებით გამშვენებული. სავარძელი, სვეტები, სასანთლეები, საწოლი და ყველანაირი ჭურჭელი აქ ბაჯაღლო ოქროთი იყო მოჭედილი.
მამამ თავისი პენელოპე ამ სვეტზე აიყვანა ცამეტ ულამაზეს ქალიშვილთან ერთად და იქვე თავისი ოქროს კერპებიც დადგა, რათა მათ მისი ქალიშვილი "დაეცვათ".
მამამ პენელოპეს საცხოვრებლად ეს სვეტი განუჩინა, ვიდრე ის საქორწინო ასაკს არ მიაღწევდა. ლიცინიუსმა თავის ქალიშვილს აღმზრდელად ერთი პატიოსანი დედაბერი მიუჩინა, სახელად კარეა, რომელსაც უბრძანა, რომ მუდმივად მისი ქალიშვილის გვერდით ყოფილიყო და მასთან ერთად ეტრაპეზა, მასვე დაავალა, დანარჩენი ქალიშვილების ხელმძღვანელობაც. ამის გარდა ლიცინიუსმა ერთ პატოსან და კეთილგონიერ ბერიკაცს, სახელად აპელიანეს, დაავალა, ყოველდღე მისულიყო პენელოპესთან და მისთვის წიგნიერი სიბრძნე ესწავლებინა. ასე იცხოვრა გოგონამ ექვსი წელი და სამი თვე და როცა თორმეტი წლის შესრულდა, მამამისმა გადაწყვიტა, რომელიმე ცნობილი თავადური გვარის ყმაწვილისთვის გაეტანებინა ცოლად.
ერთხელ, როცა ქალიშვილი თავის ოთახში იჯდა, ღია სარკმლიდან, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყო მიქცეული, მტრედი შეფრინდა, ნისკარტით ზეთისხილის პატარა ტოტი ეჭირა, ტოტი მაგიდაზე დადო და მაშინვე გაფრინდა. ერთი საათის შემდეგ არწივი შემოფრინდა და მაგიდაზე სხვადასხვა ყვავილით მოწნული გვირგვინი დადო და გაფრინდა.
სხვა ფანჯრიდან ყვავმა ნისკარტით პატარა გველი შემოიყვანა, მაგიდაზე დასვა და ისიც გაფრინდა.
ყველაფერ ამას გაოცებული გოგონა აღმზრდელთან ერთად უცქეროდა და ვერ ხვდებოდა, რას ნიშნავდა ფრინველთა შემოფრენა. როცა მასთან მასწავლებელი აპელიანე მივიდა, ]მომხდარზე მოუყვა. აპელიანე ფარული ქრისტიანი იყო და წინასწარმეტყველების მადლს ფლობდა. მონათხრობმა ჩააფიქრა, განსაჯა, მერე პენელოპეს უთხრა:
- იცოდე, შვილო, რომ მტრედი შენს კეთილ ზნეს ნიშნავს, შენს სიმშვიდეს, თავმდაბლობას, და ქალწულის უმანკოებას. ზეთისხილის ტოტი საღმრთო მადლზე გვაუწყებს, რომელიც შენ წმინდა ნათლისღების მიერ მოგეცემა. მაღლა მოლივლივე არწივი - მეფესა და გამარჯვებულს გამოხატავს და მიანიშნებს, რომ შენ გამეფდები საკუთარ ვნებებზე და როგორც არწივი ერევა ჩიტებს, ღვთისმეტყველებით ამაღლებული სძლევ უხილავ მტრებს.
ყვავილების გვირგვინი მოასწავებს იმ საზღაურს, რომელსაც ქრისტე მეუფისგან მიიღებ მის ზეციურ სასუფეველში, სადაც შენთვის საუკუნო დიდების უხრწნელი გვირგვინი იწვნება. ყვავი და მისი მოტანილი გველი ნიშანია მტრისა - ეშმაკისა, რომელიც აპირებს, მწუხარება, განსაცდელები და დევნა მოგაწიოს.
იცოდე, ქალიშვილო, რომ დიდებულ მეუფეს, რომელსაც თავისი ხელმწიფებით ცა და მიწა უპყრია, სურს თავის სარძლოდ დაგნიშნოს და მისი სახელის გამო მრავალ ტანჯვის დათმენა მოგიწევს.
გოგონა მასწავლებელს უსმენდა და მისი სიტყვები გულში ღრმად ებეჭდებოდა, მასში ნელ-ნელა ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლმაც შეაღწია.
მეორე დღეს სვეტზე პენელოპესთან მამამისი ლიცინიუსი ავიდა, ცოლთან და კარისკაცებთან ერთად. მამას სურდა, ქალიშვილს გათხოვებაზე გასაუბრებოდა. მამამ დაინახა, რომ ქალიშვილს მზის სხივივით უბრწყინავდა სახე, უზომოდ გაიხარა და უთხრა:
- ჩემო საყვარელო შვილო, აი, შენ უკვე საქორწინო ასაკს მიაღწიე. მითხარი: რომელი თავადის ვაჟი მოგწონს სხვებზე მეტად? მითხარი და სწორედ იმ ყმაწვილს მიგათხოვებ.
მან ქალიშვილს გარშემო მცხოვრები თავადების ვაჟების სახელები ჩამოუთვალა.
ქალწულმა მამას უპასუხა:
- მამაო ჩემო! მხოლოდ შვიდი დღე მომეცი მოფიქრებისთვის და პასუხს მერე გეტყვი.
- როგორც შენ გსურს, - უთხრა მამამ და სახლში დაბრუნდა. როდესაც ლიცინიუსი წავიდა, პენელოპა კერპებთან მივიდა და მათ უთხრა:
- თუ ღმერთები ხართ, ჩემი ისმინეთ: - მამაჩემს ჩემი გათხოვება უნდა, მე კი მსურს ქალწულად დავრჩე, რადგან ცხოვრებისეული საზრუნავი ღვთისადმი მთელი გულით მსახურებაში წინ ამეღობება. მითხარით, გავთხოვდე, თუ არა?
მაგრამ მუნჯი კერპები დუმდნენ, რადგან უსულონი იყვნენ. პენელოპამ მათ შეანერწყვა, მერე კი აღმოსავლეთისკენ მიბრუნდა, მზერა ზეცას მიაპყრო და თქვა:
- თუ შენ ჭეშმარიტი ღმერთი ხარ, რომელსაც ქრისტიანები ქადაგებენ, გევედრები, მითხარი: გავთხოვდე თუ ქალწულად დავრჩე?
რადგანაც უკვე საღამო იყო, პენელოპემ ჩათვლიმა. ძილში უფლის ანგელოზი იხილა, რომელმაც უთხრა:
- პენელოპე! ამიერიდან შენ პენელოპე კი არ გერქმევა, არამედ ირინე, რამეთუ ბევრისთვის მშვიდ ნავსაყუდელად იქცევი (სახელი ირინე ბერძნული სიტყვიდან წარმოდგება, რაც "მშვიდობას" ნიშნავს), და შენს მიერ მრავალი ათასი ადამიანი მოიქცევა ღვთისკენ და ცხონდება.
შენი სახელი კი განდიდდება მთელს სამყაროში. ის, რაც მასწავლებელმა აპელიანემ შენს მიერ ხილვისას ნანახ ფრინველებზე გითხრა, ყველაფერი ჭეშმარიტია, რამეთუ ღვთის სული იტყოდა მისი ბაგეებით.
ამ ღამეს მოვა შენთან ღვთის კაცი ტიმოთე, რომელიც წმინდა პავლემ დამოძღვრა ქრისტიანულ სწავლებაში და მღვდლად აკურთხა. ეს კაცი ეკლესიებს წმინდა პავლეს ეპისტოლეს გააცნობს. იგი წმინდა ნათლისღების საიდუმლოს ღირსგყოფს და გეტყვის როგორ უნდა მოიქცე".
ამ სიტყვების შემდგომ ანგელოსი უჩინო იქმნა. პენელოპე გონს მოვიდა, გულში სიხარული დაუტრიალდა და მოუთმენლად ელოდა ხუცესის მოსვლას.
მართლაც, მალევე სვეტთან მოვიდა კაცი ღვთისა ტიმოთე, რომელიც უფლის ანგელოზმა სვეტზე აიყვანა.
ქალწულმა სიხარულით მიიღო იგი. მოციქული დაჯდა და ქრისტეს რწმენაზე უქადაგა, პენელოპეს, მის მეგობარ ქალწულებსა და აღმზრდელს, ყველას ესიამოვნა მისი ნათქვამი.
საკმაოდ დიდხანს უქადაგა მათ და ასწავლა ყველაფერი, რაც უნდა სცოდნოდათ ჭეშმარიტ ღმერთზე, იესო ქრისტეზე, მისადმი წმინდა რწმენაზე, და წმინდა საიდუმლოებებზე.
მან პენელოპა მონათლა სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა. ნათლისღებისას ტიმოთემ მას ირინე დაარქვა, ამგვარად დაიწინდა ის ქრისტეზე და აღთქმა დადო, რომ სიცოცხლის ბოლომდე ქალწულებას უბიწოდ დაიმარხავდა.
ტიმოთემ მონათლა ირინეს აღმზრდელი კარია და ყველა მისი მეგობარი; შემდეგ ირინე დამოძღვრა, რომ მხნედ შეხვედროდა მოწამეობის ღვაწლს, რომელიც მას ჩვენი უფლის, ჭეშმარიტი ღმერთის და პენელოპეს უკვდავი სასიძოსთვის, იესო ქრისტეს სახელისთვის უნდა ეტვირთა. მერე ტიმოთემ აკურთხა ირინე და მისი თანატოლები, გადასცა მათ მადლი ღვთისა და დაემშვიდობა.
ნეტარი ირინე მსახურებთან ერთად დღე და ღამ ადიდებდა და მადლობდა ღმერთს და გულმოდგინედ შეისწავლიდა მოციქულ პავლეს ეპისტოლეებს რომელიც მათ წმინდა ტიმოთემ დაუტოვა. შემდეგ, მან მამის დატოვებული ოქროს კერპები ფანჯრიდან სათითაოდ ძირს გადაყარა და უთხრა: "თუ თქვენ ღმერთები ხართ, თავი გადაირჩინეთ".
დიდი სიმაღლიდან ძირს დანარცხებული კერპები ერთიანად დაიმსხვრნენ, წმინდანი კი მათ უძლურებას დასცინოდა და ხარობდა ჭეშმარიტ ღმერთ უფალ იესო ქრისტეში.
როცა შვიდი დღე გავიდა, ირინეს მშობლები კარისკაცებთან ერთად სვეტზე ავიდნენ და ქორწილზე საუბარი გაუბეს. მან კი მათ უპასუხა:
- იცოდეთ, მე ვარ მხევალი ქრისტესი, მწამს მისი და მიყვარს იგი, ზეციური საუკუნო მეუფე. მე სარძლოდ თავი განვუკუთნე ამ სასიძოს, წმინდას, ზეციურს და უკვდავს.
სხვა სასიძო მე არ მინდა, და მის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს და მხოლოდ მას ვცემ თაყვანს. განა ვერ დაინახეთ, ჩვენი ღმერთების დაღუპვა, სარკმლიდან გადმოყრილნი მიწაზე, რომ დაეცნენ? მათ საკუთარი თავის დახმარება ვერ შესძლეს. როგორ შესძლებენ თქვენს დახმარებას. ფუჭია მათდამი თქვენი იმედი, და ამაოა მთელი შრომა და კერპებისათვის გაწეული ხარჯი. ოქრო და ვერცხლი გლახაკებს, მათხოვრებს, ქვრივ-ობლებს უნდა დაურიგოთ.
თქვენ კი ხელოსნებს დაუძახეთ, უსულო კერპები გამოაჭედინეთ და ამიტომაც გლახაკებს მოწყალება მოაკლდათ; ამის წყალობით ცოცხალი ღმერთის მტრები და ეშმაკის მსახურები გახდით. გაუხედნავი ცხენივით როდემდე გაჯიუტდებით? როდის შეიცნობთ ცოცხალ ღმერთს, როდის შეიცნობთ იმას, რომელსაც ძალუძს მოაკვდინოს და გააცოცხლოს?
როცა ღვთის ნათელი გაბრწყინდება თქვენს გულებში, მაშინ გაიქცევა თქვენგან ეშმაკი, რომელიც წარიტაცებს ადამიანებს ნათლიდან ბნელისკენ და დაღუპვის გზაზე დააყენებს. მაგრამ, სცადეთ პირველად თქვენ გაიქცეთ ეშმაკისაგან, რადგან ის ბოროტია და მზაკვარი.
ის მაცთურია, რადგან გულის თვალებს გიხურავთ, რათა არ არ შეიცნოთ ჭეშმარიტება. გთხოვ ჩემო მამავ, გევედრები: შეიცანი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც თავისი სიტყვით ყოველივე შექმნა. როცა შენ ჩემთვის ამ სვეტის აგება განიზრახე, ამისთვის მრავალი ადამიანი შეკრიბე: მარტო მუშა 35000 კაცი იყო, 350 ზედამხედველი; მიუხედავად ამისა, მათ ათი თვის მანძილზე ძლივს მოასწრეს შენობის აშენება.
საუკუნო ღმერთმა კი თავისი ერთი სიტყვით შექმნა მზე და ზეცა, თვეები და ვარსკვლავები, ბნელი და ნათელი და უწოდა ნათელს დღე და ბნელს ღამე; მას უპყრია მიწა და ჰაერი, უბრძანებს წყლებს და იწყებენ ჩვენ სასარგებლოდ დენას, აღმოაცენა სხვადასხვა სახის ხეები, განაგო დრო, წლები და თვეები, შექმნა მიწაზე ცხოველები, ცაში - ფრინველები და წყალში - თევზები.
საბოლოოდ თავისი უწმინდესი ხელებით, პეშვი მიწისგან შექმნა ადამიანი, მთელი სამყაროს ბატონად დაადგინა და ყველაფერი მას დაამორჩილა. ეს ყოველივე ღმერთმა ექვს დღეში აღასრულა მხოლოდ თავისი სიტყვით, რომელიც მისი მხოლოდშობილი ძეა, იესო ქრისტე, რომელიც მისგან უდედოდ იშვა და თანაარსი და თანამოსაყდრეა მისი.
სულიწმიდის მოქმედებით იგი უმამოდ იშვა და ხორცი შეისხა, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამისგან, იცხოვრა კაცთა შორის და უამრავი სასწაული მოიმოქმედა: - ბრმებს მხედველობა მიანიჭა, კეთროვანნი განწმიდა, განრღვეულნი წამოაყენა და მკვდარნი აღადგინა.
ებრაელებმა შურით ჯვარს აცვეს იგი, და საკუთარი ნებით ევნო ჩვენი ცხონებისათვის. მაგრამ, ის სიკვდილის შემდეგ დაფლული აღსდგა მესამე დღეს თავის ღვთაებრივი ძალით, ამაღლდა ზეცად, დასჯდა მარჯვენით მამისა, სულიწმიდა მოავლინა თავის მოწაფებზე და გააგზავნა ისინი მთელს მსოფლიოში დაბნელებული სულების განსანათლებლად, გზააბნეულთა მოსაქცევად და წარწმედილთა გადასარჩენად, რამეთუ მას ყველას გადარჩენა უნდა და წყალობა მისი არ მოაკლდება კაცობრიობას უკუნისამდე.
ასე ამბობდა წმინდანი და მისი ნათქვამი ყველას ეამა. მშობლებმა თავისი საყვარელი ქალიშვილი თან გაიყოლეს. მის შესახვედრად ქალაქის ყველა ქალწული გამოვიდა, თავზე ყვავილების გვირგვინით შემოსილნი, თაყვანისცემდნენ მას, მთელი ქალაქი ამაღლებულ ადგილას შეიკრიბა, გალავნის კედლებზე და სახლების სახურავებზე ასულნი მხიარული შეძახილებით მიესალმებოდნენ და ხოტბას შეასხმდნენ მშვენიერ ქალწულს. როცა თავადის სახლს მიუახლოვდნენ, წმინდა ირინემ დემონი დაინახა, რომელმაც უყვირა:
- ყრმაო, არაფერი საერთო არ მაქვს შენთან ამ ქალაქში, რამეთუ აქ ქრისტიანთაგან არავინ ცხოვრობს.
წმინდანმა მას უთხრა:
- გიბრძანებ უფალ იესო ქრისტეს სახელით, მითხარი, ვინ ხარ.
მან უპასუხა:
- მე კერპებში მცხოვრები დემონი ვარ, მსიძავთა და მემრუშეთა მასწავლებელი, მოგვთა შემწე, მტრების ბელადი, მეგობარი მემთვრალეთა, ვხარობ სისხლისღვრით, მამა ვარ ყოველგვარი სიცრუისა, უსამართლობისა და ყოველგვარი ბოროტებისა. და კვლავ გეუბნები: წადი, გაიქეცი ამ ქალაქიდან, თორემ შენს წინააღმდეგ აღვადგენ მამაშენს, აღვძრავ მასში შენზე მრისხანებას და მოგკლავს იგი.
ბევრმა გაიგონა დემონის ნათქვამი, მაგრამ თვითონ ის ვერ დაინახეს.
ნეტარი ირინე მიუბრუნდა მას და უბრძანა:
- იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე ამ ქალაქიდან.
დემონმა მაშინვე იყვირა და გაქრა. შემდეგ კი ეშმაკი თავადის გულში შევიდა და მასში ქალიშვილის მიმართ მრისხანება აღძრა. ლიცინიუსმა ცოლს მოუხმო და უთხრა:
- რა ვქნათ? ჩვენი ქალიშვილი ქრისტიანების ბადეში გაეხვია. ეჰ, რატომ ავაგე ეს სვეტი! შვილის დაცვა მინდოდა, ამის მაგივრად კი დავღუპე. ახლა ყველა იმედი გამიცრუვდა.
მეუღლემ უპასუხა:
- რა უცნაურ სიტყვებს ამბობ! რითი აცდუნეს ჩვენი გოგონა და ცუდი რა გააკეთა?
თავადმა უპასუხა:
- მას ქრისტესი სწამს და უარყოფს ჩვენს ღმერთებს.
- დაე, დაიღუპონ ღმერთები, რომელთაც არ შეუქმნიათ ცა და მიწა, - შეეწინააღმდეგა ცოლი, - ჩვენი გოგონა კი დაე, ღირსი შეიქმნეს ქრისტე მეუფის საუკუნო დიდებისა, რომელმაც მას საუკუნო ცხოვრებისკენ მოუწოდა!
განრისხებულმა თავადმა ცოლის სასახლიდან გაძევება ბრძანა.
ერთმა მოახლემ ირინეს ახალი ამბავი აუწა, ისიც მამასთან მივიდა. როცა მამამ საყვარელი ქალიშვილი დაინახა, თავი ჩაღუნა. მაგრამ, სულში ეშმაკის ჩაგონებით მრისხანება მძვინვარებდა. წმინდა ირინემ მამას ჰკითხა:
- რატომ ხარ ასე დამწუხრებული, მამა? შენს სამეფოში მშვიდობაა, ომი არ გემუქრება; აი, მე, შენი ქალიშვილი, შენთან მოვედი; სახე დამწუხრებული რატომ გაქვს?
ლიცინიუსმა უპასუხა:
- სჯობდა, არ გამჩენოდი. როგორ ვზრუნავდი შენზე, მშვენიერი სვეტიც აგიგე, დავადგინე იქ შენი მფარველი ოქროს კერპები, სვეტები და საწოლი ოქროთი მოგიჭედე, შენ კი სიკეთე ბოროტებით გადამიხადე.
- მამა, რა ბოროტება გაგიკეთე? - განცვიფრდა წმინდა ირინე.
- განა არ უნდა ვიდარდო, რომ ჩემი ქალიშვილი ქრისტეს ღმერთად აღიარებს და უარყოფს ჩემს ღმერთებს?
- მამა, მე ცუდი არაფერი გამიკეთებია, ვირწმუნე ჭეშმარიტი ღმერთი და შენი კერპების ნაცვლად, ჩემი სასოება მასზე დავაყრდნე.
- კერპებს მსხვერპლი შესწირე, პენელოპე! - გაისმა მამის მრისხანე შეძახილი.
- სახელს ნუ შემიცვლი, მამა: მე პენელოპე კი არა, ირინე მქვია. ეს სახელი დამარქვა ანგელოზმა ხილვისას და მღვდელმა - მონათვლის დროს, - მშვიდად უპასუხა ლიცინიუსს წმინდა ირინემ.
- მსხვერპლი შესწირე ღმერთებს, არა ჩემო, არამედ სხვისო შვილო! - კვლავ იყვირა ლიცინიუსმა.
- არ ვუზორავ კერპებს. ამ მრისხანებას შენში ისინი აღძრავენ; მათი წყალობით შენც წარმართებთან ერთად ცეცხლში დაიტანჯები.
მრისხანებისგან გონმიღებულმა თავადმა ბრძანა, ქალწული შეეპყროთ და გავეშებული ცხენებისთვის მიეგდოთ.
როცა ლიცინიუსის ბრძანების აღსრულება დაიწყეს, ის საკუთარი ქალიშვილის სიკვდილის სანახავად მივიდა. მაგრამ ერთმა გამძვინვარებულმა ცხენმა თოკი გაწყვიტა, ეცა ლიცინიუსს, მარჯვენა ხელი მოაგლიჯა, მერე ფლოქვებით ისე გათელა, სიკვდილის პირას მიიყვანა და თავის ადგილს მშვიდად დაუბრუნდა. სხვა ცხენებიც ბატკნებივით, მშვიდად იდგნენ და წმინდა ირინეს არც კი შეეხნენ.
ლიცინიუსის მკვლელმა ცხენმა კი, ღვთის ბრძანებით, ადამიანის ხმით ხოტბა შეასხა წმინდა მოწამეს.
- ნეტარ ხარ შენ, გველის თავის (ანუ ეშმაკის) დამთრგუნველო, ქრისტეს მტრედო. დიდებული იქნები მიწაზე, სიყვარულით მიგიღებენ ზეცაში და მართალთა დასში გაიხარებ. შენ გელოდება საუკუნო ნათელი და უკვდავი სასიძოს სასახლე, როგორც ბრძენსა და მხნე ქალწულს, რომელიც ბუნებით დედაკაცი, მეომრის სიმამაცეს აჩვენებ.
როცა წმინდა ირინეს ბორკილები შემოხსნეს, მან თავისი ლოცვით საკუთარი მამა მკვდრეთით აღადგინა და ხელი განუკურნა. ასეთი სასწაულის ხილვის შემდეგ ქრისტე იწამეს თავადმა და მისმა ცოლმა, მთელმა მათმა სახლმა, და უამრავმა ადამიანმა - დაახლოებით სამი ათასმა კაცმა.
მალე ლიცინიუსმა მმართველობა დაუტევა, რათა უფრო თავისუფლად ემსახურა ქრისტესთვის და მეუღლესთან ერთად სწორედ იმ სვეტზე დასახლდა, რომელიც ადრე თავისი ქალიშვილისთვის ააგო, წმინდა ირინე კი ქალაქში დარჩა, ხალხს ქრისტე ღმერთის სარწმუნოებას ასწავლიდა და მრავალი ადამიანი მიიყვანა ქრისტესთან, ხოლო ცხოვრებით თავისი მასწავლებელის სახლში ცხოვრობდა.
ლიცინიუსის შემდეგ სახელმწიფოს სათავეში სხვა მეფე მოვიდა, სახელად სედეკია. მან ირინეს შესახებ შეიტყო, თავისთან მოუხმო აპელიანეს და ჰკითხა, იმყოფებოდა თუ არა მასთან მეფის ქალიშვილი, ქალწული ირინე. აპელიანემ დაუდასტურა. სედეკიამ ჰკითხა:
- არ იცი, როგორ ცხოვრობს?
ღირსმა მამამ უპასუხა:
- ცხოვრობს ისე, როგორც ჩვენ ყველა, ვისაც ჭეშმარიტი ღმერთი გვწამს. მისი ცხოვრება კი ასე მიედინება, რომ ის ყოველდღიურად საღამომდე მარხულობს, საღამოს კი მცირეოდენ პურის ნატეხს და ჭიქა წყალს იღებს, საწოლი არა აქვს და შიშველ მიწაზე იძინებს. დღე და ღამე ღვთისადმი ლოცვაში და საღმრთო წიგნების კითხვაში ატარებს.
შედეკია გააოცა მოსმენილმა და ირინეს მოსაყვანად ეპარქი (ქალაქის, ან ოლქის თავი) გააგზავნა. წმინდა ირინე მასპინძელს მიესალმა:
- გიხაროდენ, თავადო!
სედეკიამ უპასუხა:
- შენც გიხაროდენ, საკვირველო ყრმაო!
- რატომ მომიხმეთ? - ჰკითხა მას ირინემ.
- დავსხდეთ და ვისაუბროთ, მშვიდობითა და სიყვარულით, - უპასუხა მეფემ.
- მე წმინდა წერილის სიტყვებს აღვასრულებ: "არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე" (ფს.25:4).
- რატომ ვართ უსჯულონი? - ჰკითხა სედეკიამ
წმინდა ქალწულმა მას ამაზე უპასუხა:
- ყოველი წარმართი, რომელიც არ იცნობს ჭეშმარიტ ღმერთს და თაყვანსა სცემს კერპებს, დამნაშავეა.
- თავადის ასულო, მიუხედავად იმისა, რომ არ მსურს, მაიძულებ, არ დაგინდო და გაწამო, - გაბრაზდა სედეკია.
- ლაპარაკისთვის ტყუილუბრალოდ დროს რატომ კარგავ, - მხნედ მიმართა მას წმინდა ირინემ, - დაიწყე ჩემი წამება: მე მზად ვარ, ჩემი ქრისტესთვის ყველანაირი სატანჯველი დავითმინო.
- თავი ანებე ამ სიგიჟეს ქალწულო და მსხვერპლი შესწირე ღმერთებს.
რაზეც წმინდანმა უპასუხა:
- მეფეო, სატანისაგან აფორიაქებული, ტყუილად სწუხხარ ჩემ გამო: იცოდე, ეშმაკის მსახური არ გავხდები და ჩემი ქრისტეს გულისთვის არ დავინდობ საკუთარ სხეულს.
განრისხებული თავადი ეპარქს მოეთათბირა, თუ როგორი სატანჯველისთვის უნდა მიეცათ წმინდა ირინე.
ჯალათის ბრძანებით, ღრმა ორმო ამოთხარეს, შიგ შხამიანი გველები და ათასნაირი ქვეწარმავლები ჩაყარეს და წმინდა ირინეც მასში ჩააგდეს. ათი დღე იყო იქ წმინდანი და სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი გადაურჩა გველებს, რამეთუ უფლის ანგელოზი ჩავიდა მასთან და დაიცვა იგი. ყველა ქვეწარმავალი კი ერთიანად დაიხოცა.
სედეკიამ შეიტყო, რომ წმინდა მოწამე თხრილში ცოცხალი იყო, გაოცებულმა ჩათვალა, რომ წმინდა ქალწულმა გველები თავისი ჯადოქრობით ჯერ გააქვავა და მერე დახოცა. ბრძანა, ირინე ორმოდან ამოეყვანათ და მასთან დასაკითხად მიეყვანათ. დასჯდა სამსჯავროში, და უთხრა წმინდა ირინეს:
- მსხვერპლი შესწირე ღმერთებს, რომელთაც შენ დაგინდეს: გველები მოაკვდინეს, რათა ცოცხალი გადარჩენილიყავი, შეგეცნო მათი ძალა, გულმოწყალება და თაყვანიგეცა მათთვის.
წმინდანმა უპასუხა:
- ჩემთვის საძულველი სატანისაგან ცდუნებულო უგუნურო! ნუთუ ამ ხისა და ქვის კერპებს ოდესმე გველები მოუკლავთ? მალე შენ შენგან თაყვანისცემულ კერპებთან ერთად ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩავარდები, და ჩაეფლობი სატანის მიერ შენთვის გამზადებულ "ბნელსა მას გარესკნელსა", "მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ" (მათე. 25:30).
განრისხებულმა თავადმა მოუხმო რკინის ხერხიან დურგლებს და მათ წმინდა ქალწულის გადახერხვა უბრძანა. როცა წმინდანი ხეზე მიაბეს და და ხერხვა დაუწყეს, ხერხი ქალწულის სხეულს არ შეეხო და თითქოს ბასრ ქვას უსვამენო - სხლტებოდა, ბოლოს, შუაზე გადატყდა.
სხვა ხერხი მოიტანეს. ისიც გადატყდა, ხოლო მხერხავები აქეთ-იქით გადაცვივდნენ, ხერხის ნატეხებით დასაჩიხრდნენ და დაიხოცნენ. ბოლოს ყველაზე ბასრი და ძლიერი ხერხი მოიტანეს და სედეკიამ ბრძანა, ქალწული ასო-ასო დაეხერხათ. მარტვილი შეკრეს, მიწაზე დააწვინეს, მკერდზე დიდი ლოდი დაადეს და მისი სხეულის ხერხვას შეუდგნენ. ხერხი ამჯერად შეეხო მის ტანს და სისხლი წამოუვიდა.
მაშინ სედეკიამ სიცილით უთხრა მოწამეს:
- სად არის შენი ღმერთი? დაე, მოვიდეს ახლა და დაგეხმაროს, თუ რამის ძალა აქვს.
ამის თქმა იყო და იელვა, საშინლად დაიქუხა და გრიგალი ამოვარდა; მსახურები, რომლებიც წმინდა მარტვილს აწამებდნენ, მიწაზე გონდაკარგულნი დაცვივდნენ.
შეშინებული სედეკია სასახლეში გაიქცა, ხოლო ხალხი მოედნიდან სახლებს შეაფარა თავი; კოკისპირული წვიმა მდინარესავით წამოვიდა, მას თან ძლიერი სეტყვა მოჰყვა და მწამებელთაგან ბევრი მეხის დაცემითა და სეტყვით განიგმირა. ზეციდან ჩამოსულმა უფლის ანგელოზმა კი წმინდა მოწამეს მკერდიდან ლოდი ახსნა, წყლულები განუკურნა და სრულიად ჯანმრთელი ფეხზე წამოაყენა.
ამ სასწაულის მხილველმა რვა ათასმა კაცმა ირწმუნა ქრისტე, მაგრამ სედეკიამ ეშმაკის ჩაგონებით წმინდა ირინეს შეპყრობა ბრძანა და ეპარქს მოეთათბირა, როგორ მოეკლათ იგი.
ჯალათებმა ასეთი სატანჯველი მოიგონეს: წმინდა ირინე წისქვილის ქვაზე მიაბეს, რომ მას ბრუნვისას, გაეთელა იგი. მაგრამ როცა ქვას წყალი მიუშვეს, წყალი შეჩერდა, თითქოს გაქვავდაო; წვეთიც კი არ წამოსულა და წმინდანი უვნებელი დარჩა. თავადმა, თავის მრჩევლებთან ერთად გაოცებულმა წამოიძახა:
- ჰოი, როგორ დიდია მისი ჯადოქრობის ძალა, რომელმაც წყლის სტიქია სხვა ნივთიერებად გადააქცია.
ხალხმა როცა ამგვარი სასწაული დაინახა, უბედური თავადის წინააღმდეგ აღშფოთდნენ, ყვირილითა და ჩხუბით გაემართნენ მისკენ, ქვები დაუშინეს და ქალაქიდან განდევნეს. მან კი, სამშობლოში დაბრუნებულმა, შვიდი დღეღა იცოცხლა და დამწუხრებული, განრისხებული და შერცხვენილი მოკვდა.
სედეკიას შემდეგ მისმა ვაჟმა, სავახმა, მამის შერცხვენის გამო შურისძიება გადაწყვიტა. უამრავი მეომარი შეკრიბა, დაახლოებით 100 000 კაცი და არმიით ქალაქ მაგედონს მიადგა.
ამ ქალაქის მოსახლეობამ მეფე სავახის მოახლოება რომ შეიტყო, შეშინებული ქალაქში ჩაიკეტა და წმინდა ირინეს უთხრა:
- შენს გამო ვიღუპებით.
მაგრამ მან მათ უბრძანა მტრის არ შეშინებოდათ, და ღმერთს ამგვარი სიტყვებით შევედრებოდნენ:
- შენ, რომელმაც ისმინე წინასწარმეტყველ ელისესი (წმინდა ირინე იხსენებს ამგვარ შემთხვევას: ასურეთის მეფემ ალყა შემოარტყა ქალაქ დოთანს, სადაც ამ დროს წმინდა ელისე იმყოფებოდა; წმინდანის ლოცვით მტერი სიბრმავით დაისაჯა), ისმინე ჩემი ლოცვაც და უხილავად განგმირე ეს ხალხი, რომლებიც ქალაქის დასაღუპად მოდის. დააბრმავე ჩვენი მტრები, რათა გულისხმაჰყონ მათ, რომ შენ ხარ ერთადერთი და ჭეშმარიტი ღმერთი.
და მაშინვე ისმინა ღმერთმა მისი ლოცვა, უფალმა სიბრმავით განგმირა მეფე და მასთან მყოფი ყველა მეომარი.
სავახი მიხვდა, რომ სიბრმავე მას და მის არმიას ირინემ მოუვლინა და მასთან ელჩი გაგზავნა ამგვარი თხოვნით:
- მე ახლა ვიცი, თუ რაოდენ უძლეველია შენი ღმერთი; გთხოვ, შეევედრე მას ჩემი და ჩემი მხედრობისთვის, რათა თვალთ ამეხილოს.
წმინდანს შეებრალა მეფე და მისთვის და მისი მხედრობისთვის ღმერთს მხურვალედ შეევედრა. რომლის მერეც ყველას თვალთ აეხილა. შემდეგ სავახმა ქალაქის მკვიდრთ მშვიდობიანი წინადადება შესთავაზა:
- მიმიღეთ თქვენს მეფედ ისე, როგორც მიიღეთ მამაჩემი და გაპატიებთ იმ შეურაცხყოფას, რომელიც მამაჩემს მიაყენეთ.
Mოქალაქეებმა ოდეს იხილეს, რაოდენ დიდი იყო სავახის მხედრობა, მასთან ზავი დადეს და ქალაქის გალავნის კარები გახსნეს, თაყვანისცეს მას და თავიანთ მეფედ აღიარეს.
როცა სავახმა მეფობა მიიღო, ეშმაკის ჩაგონებით განრისხდა ირინეზე, მოუხმო წმინდანს და უთხრა:
- მე ვპატიობ ამ ქალაქს, მაგრამ შენზე განრისხებული ვარ. შენ აუჯანყე ისინი მამაჩემს და შენს გამო ჩაქოლეს იგი; თუ გინდა, გაპატიო, ჩემი სურვილი შეასრულე: მსხვერპლი შესწირე ღმერთებს და გაგათავისუფლებ.
წმინდანმა უსაყვედურა მეფეს ამ უგუნურობის გამო და ამით უფრო განარისხა.
სავახმა მისი შეპყრობა ბრძანა და დიდებულებს მოეთათბირა, თუ როგორ ეწამებინათ იგი. წმინდანი ერთი კვირა ჰყავდათ ჩამწყვდეული საპყრობილეში. აქ მას ქრისტე გამოეცხადა და უთხრა:
- ნუ გეშინია, ჩემო შვილო, რამეთუ მე შენთან ვარ, განმაძლიერებელი შენი.
სავახმა ბრძანა, მოწამე საპყრობილიდან გამოეყვანათ, მას ხუთი რკინის ლურსმანი ფეხებში ჩაურჭეს, შემდეგ მხრებზე ქვიშიანი მძიმე ტომარა წამოჰკიდეს და აიძულეს ხუთი სარბიელით დაშორებულ ადგილას წასულიყო.
მსახურებმა წმინდანს პირზე ლაგამი ამოსდეს და თითქოს ცხენი ყოფილიყოს, დანიშულ ადგილამდე ცემით გააქციეს. ამგვარად დამცირებულმა წმინდანმა, ღმერთს შეჰღაღადა:
- ჭეშმარიტად "ვითარცა პირუტყჳ შევირაცხე შენ წინაშე", უფალო, "და მე მარადის შენ თანა ვარ, მიპყარ ჴელი მარჯუენე ჩემი. და ზრახვითა შენითა მიძღოდე მე და დიდებითა შემიწყნარე მე" (ფს. 72:23-24).
წმინდანმა თავისგან მარჯვნივ მოიხედა და უფლის ანგელოზები იხილა, რომლებიც მას მიაცილებდნენ.
გაიხარა წმინდა ირინემ. როცა ჯალათებმა დანიშნულ ადგილას მიიყვანეს, უკან, ქალაქისკენ გამოაბრუნეს, ლაგამდადებული, შეურაცხყოფითა და მათრახის ცემით. უამრავი ხალხი მიჰყვებოდა მათ, წმინდანმა კი თავის წინ უფლის ანგელოზი იხილა, რომელიც მიწაზე კვერთხს ურტყამდა და თავისთვის გაიფიქრა: "დაიღუპებიან ღვთის მტრები".
როცა მათ იმ ადგილას მიაღწიეს, სადაც უფლის ანგელოზი იდგა, უეცრად მიწა გაიპო და შთანთქა ჯალათის მსახურნი, რომელთაც წმინდა მოწამე მიჰყავდათ.
წმინდანმა კი იგრძნო, რომ საკვრელთაგან განთავისუფლდა, რამეთუ უხილავმა ხელმა მხრებიდან მოხსნა ქვიშიანი ტომარა, ფეხებიდან ლურსმნები დასცვივდა და განკურნებული, თავისუფლად დადიოდა და ადიდებდა ღმერთს.
მეფემ ეს რომ შეიტყო, თქვა:
- ღმერთებმა გააპეს მიწა და მიწისქვეშ ჩაიყვანეს და მოარიდეს ამ ჯადოქარს ჩემი მსახურნი.
სხვებმა კი მიაძახეს:
- ღმერთებმა კი არა, წმინდა მოწამე ირინეს ცოცხალმა ღმერთმა მოიმოქმედა ეს!
სხვები კი ლანძღავდნენ წმინდა ირინეს. მაშინ მიწის გამპობელმა ანგელოზმა უეცარი სიკვდილით მოაკვდინა ბევრი ურწმუნო, დაახლოებით ათი ათასი კაცი; წარმართთაგან გადარჩენილნი კი იძახოდნენ:
- ირინეს ღმერთო, დაგვინდე, რამეთუ ჩვენ შენ გვწამხარ და შენდამი მოვილტვით.
ამ დროს დაახლოებით ოცდაათი ათასმა კაცმა ირწმუნა ქრისტე. თუმცა არ ირწმუნა ღმერთი სავახმა და უფლის ანგელოზმა ის სიკვდილით განგმირა.
ამ დროს წმინდა ირინე განაგრძობდა ქალაქში ქრისტეზე ქადაგებას და ქრისტეს ძალით მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
ის არა მხოლოდ ჰკურნავდა სნეულებს, განწმენდდა კეთროვანებს და განსდევნიდა კაცთაგან ეშმაკებს, მან მკვდრეთით აღუდგინა გარდაცვლილი ვაჟი, მწარედ მოტირალ მშობლებს და ამ სასწაულით ათი ათასამდე ადამიანი მოაქცია.
ქალაქში ამ დროს ღვთის ბრძანებით ხუცესი წმინდა ტიმოთე ჩამოვიდა, რომელმაც ადრე წმინდა ირინე მონათლა. წმინდა ირინე დიდი სიხარულით შეხვდა მას და სხვა ახალმოქცეულ ქრისტიანებთან ერთად მივიდნენ სვეტთან, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები და ჩუმად ემსახურებოდნენ ღმერთს, იქ ყველა ახალმოქცეული წმინდა ტიმოთემ მონათლა.
სამი წელი დაჰყო წმინდა ირინემ ქალაქ მაგედონში, ასწავლიდა ხალხს და განამტიცებდა მათ ქრისტეს რწმენაში. შემდეგ კი ქალაქ კალიპოლში წავიდა, რომელიც მაგედონივით თრაკიაში მდებარეობდა, ამ ქალაქს თავადი ნუმერიანი მართავდა, რომელიც ნათესავი იყო ირინეს მდევნელი მეფეების - სედეკიასი და სავახისა.
როცა ირინე ქალაქში შევიდა, მაშინ იქ წარმართები უწმინდური ქალღმერთის არტემიდას პატივსაცემად ზეიმს მართავდნენ და მეფე კერპის წინ მსხვერპლს შესწირავდა. წმინდა ირინე მის წინ დადგა, ამხილა მეფე უწმინდურობაში და ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად აღიარა.
მეფემ უთხრა დიდებულებს:
- ეს ქალწული სახითა და სიმაღლით ჰგავს თავის მამას, ლიცინიუსს, მაგამ, უგუნური შვილები უბედურებად ექცევიან თავიანთ მშობლებს. სწორედ ამის გამო მისმა კეთილმა მამამ დაკარგა მეფობა. როგორც შევიტყვე, იგია დამნაშავე ჩემი ძმის, სედეკიას სიკვდილში, მანვე ჯადოქრობით მოაკვდინა სედეკიას ვაჟი სავახი. ჭეშმარიტად, ეს ქალიშვილი მეფეთა დამღუპველია.
შემდეგ ნუმერიანემ ირინეს უთხრა:
- რას იტყვი, ჯადოქარო? მსხვერპლს შეწირავ ღმერთებს, თუ შენს დამღუპველ ცთომილ რწმენაში დარჩები?
წმინდანმა ჯვრის ნიში გამოისახა და უთხრა:
- მე ქების მსხვერპლს შევწირავ მაღალ ღმერთს, შენს ეშმაკებს და უსულო კერპებს არ ვუზორავ. შენი ნათესავი თავადები მე კი არ დავხოცე, არამედ ჩემმა ღმერთმა, რომელსაც თითოეულის სიცოცხლე და სიკვდილი უპყრია ხელთ, მან უბრძანა მათ მომკვდარიყვნენ.
გეშინოდეს შენც ჩემი ღმერთის, რადგან რამდენიმე დღის სიცოცხლეღა დაგრჩა - მალე შენც გეწვევა აღსასრული.
ეს რომ ნუმერიანემ გაიგო, გამძვინვარდა, სიმწრისგან კბილები გააკრაჭუნა, ლომივით იღრიალა და მსახურებს სამი სპილენძის კუროს გაცხელება უბრძანა, რომ თუ ერთ ხარში (ამ სპილენძის ხარს შიგნით სიცარიელე ჰქონდა) შეგდებული წმინდანი დასძლევდა ცეცხლის ძალას, მაშინ მეორეში შეეგდოთ; თუ იმ ხარსაც გააცივებდა, მაშინ უკვე მესამეში.
ასეც მოხდა, როცა სპილენძის ხარები გავარვარებულ ნაკვერჩხლებს დაემსგავსნენ, წმინდანი ერთ-ერთ მათგანში შეაგდეს. იქ ის ამგვარი სიტყვებით ხმამაღლა ლოცულობდა:
- უფალო, ისწრაფე შეწევნად ჩემდა, რომელიც შენი წმინდა სახელის აღიარებისთვის ვიტანჯები!
მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა. დაარიგა, რომ ტანჯვის არ შეშინებოდა, ცეცხლის ალი ჩააქრო. ხალხი კი ნუმერიანეზე დრტვინავდა და ამბობდა: - ტყუილად ღუპავს ამ ახალგაფურჩქვნილ ყვავილსო.
როცა სპილენძის ხარი გაცივდა, წმინდანი ჯანმრთელი და უვნებელი იპოვეს, მას ცეცხლი მცირედითაც კი არ შეეხო. თავადმა უთხრა გარემოცვას:
- არ გაფრთხილდებდით, რომ ეს გოგონა ჯადოქარია? ხედავთ, ცეცხლი ჩააქრო, ჩააგდეთ მეორე ხარში.
ოდეს ესეც სასწაულებრივად გაგრილდა, მაშინ მესამეში შეაგდეს. ეს მესამე ხარიც, ყოვლადძლიერი და ყოვლისშემძლე ღმერთის ბრძანებით, ადგილიდან ცოცხალივით დაიძრა, გაირა სარბიელის მეოთხედი, მერე უკან, თავის ადგილას დაბრუნდა, ნაწილებად გაიპო და იქიდან წმინდანი უვნებელი გამოვიდა.
ხალხმა ამგვარი სასწაული რომ იხილა, ხმამაღლა შესძახა:
- დიდი ხარ, ირინეს ღმერთო! შეგვიწყალე დიდითა წყალობითა შენითა! შენ ხარ ჩვენი ღმერთი ძლიერი და უკვდავი, საკვირველი და დიდებული სასწაულების მოქმედი!
მაშინ ღმერთი ასი ათასამდე კაცმა ირწმუნა. თავადი ნუმერიანე არ მხოლოდ დარჩა ურწმუნოებაში, არამედ მაღალ ღმერთსა ჰგმობდა, რისთვისაც ღვთის ანგელოზმა სასიკვდინე სნეულებით განგმირა.
სიკვდილის წინ მან თავის ეპარქს, ბაბადონს, უბრძანა, ირინე სხვადასხვანაირი სატანჯველით ეტანჯა და ბოლოს საშინელი სიკვდილით მოეკვდინებია. როცა უწმინდური თავადი ნუმერიანე მოკვდა, ქალაქში მყოფი წმინდა ირინე განაგრძობდა ქრისტეზე ქადაგებას და ყველნაირი სნეულებისგან განკუნებდა ხალხს.
ამ დროს იქ მყოფი ხუცესი ტიმოთე კი ნათლავდა ქრისტესკენ მოქცეულებს. ეპარქი ხედავდა, რომ მთელი ხალხი წმინდა ირინეს თანაუგრძნობდა და მისი ამ ქალაქში წამების ეშინოდა, რაც ხალხში დრტვინვას და ჯანყს გამოიწვევდა. ის თრაკიაში, კალიპოლისთან ახლოს მდებარე ქალაქ კონსტანტინეში, თავის ჯარისკაცებს კი უბრძანა, მოწამე თან წამოეყვანათ.
ქალაქში მისვლისთანავე ბაბადონი დაჯდა სამსჯავროში და წმინდანს უთხრა:
- იცი თუ არა, რომ შენზე ხელმწიფება მომეცა? შეუდექი ჩვენს ღმერთებს და შესწირე მათ მსხვერპლი, თორემ საშინელ სატანჯველს მიგცემ.
წმინდანმა უპასუხა:
- ისმინე, ეპარქო, ჩემი პასუხი: მიმეცი ყველა სატაჯველს, რის მოგონებაც შეგიძლია და ნახავ ღმერთის ძალას.
ეპარქმა რკინის ცხავის მოტანა ბრძანა. მასზე ჯაჭვებით მიაბეს წმინდა ირინე; შემდეგ ცხავს ქვეშ შეშა დაუწყეს და ცეცხლი შეუნთეს.
ცეცხლი აბრიალდა. მაშინ ეპარქის ბრძანებით წმინდა მოწამეს ზევიდან ზეთის, ფისის და ქონის დასხმა დაუწყეს. რამდენიმე საათი ასე აწამებდნენ. ცხავი და ჯაჭვები სიცხისაგან გავარვარდა. მაგრამ წმინდანი, თითქოს ცივი ნამი ეპკურებაო, უვნებელი დარჩა და აქებდა და ადიდებდა ღმერთს. მერე ჯაჭვებიც დასცვივდა და სრულიად საღი და უვნებელი წამოდგა.
ეპარქმა და მისმა მრჩევლებმა ეს რომ დაინახეს, ძალზე გაოცდნენ. წმინდანს ფეხებში ჩაუვარდნენ, ეპარქმა უთხრა:
- მონავ ჭეშმარიტი ღმერთისა! გევედრები, არ მომკლა, ისე როგორც მოჰკალი ჩვენი თავადები, რამეთუ მეც მწამს ღვთის ძისა და მსურს ქრისტიანი ვიყო.
ასე ირწმუნა ქრისტე ეპარქმა ბაბადონმა და მასთან ერთად უამრავმა ხალხმა. ღვთის ანგელოზმა ამ ქალაქში ხუცესი ტიმოთე მოიყვანეს და ყველამ, ვინც ქრისტე ირწმუნა, მისგან ნათელ იღო.
წმინდა ირინემ ამ ქალაქში ორმოცდაათი დღე დაჰყო, გამოვიდა იქიდან და თავად საბურის ჯარისკაცებმა შეიპყრეს, რომელიც თრაკიის ქალაქ მესემბრიაში ცხოვრობდა. საბურს წმინდა ირინეს შესახებ ბევრი რამ გაეგონა და მისი შეპყრობა ეწადა.
როცა ის მასთან მიიყვანეს, გამძვინვარდა და წმინდა ირინე მახვილით განგმირა. წმინდანი ქალაქგარეთ დაკრძალეს. ამის მერე საბურმა ყველას გასაგონად თქვა:
- საშინელი ამბები დადიოდა ამ ჯადოქარზე, ამბობენ, რომ მან თავისი გრძნეულებით თავადები დახოცა. რატომ ვერ შესძლო მან ჩემი მოკვლა და პირიქით - მე მოვკალი და სად არის მისი შემწე ქრისტე? ჩემგან რატომ არ დაიხსნა?
ურწმუნო მეფე ასე შეურაცხყოფდა ქრისტეს ძალას და ამაყობდა, რომ ირინეს სძლია.
მაგრამ განა რაა შეუძლებელი ღვთის ყოვლისშემძლე ძალისთვის? მან ვინც თავის ნებსით სიკვდილისას "მრავალნი გუამნი შესუენებულთანი წმიდათანი" მკვდრეთით აღადგინა, ისე, რომ ისინი "გამოვიდეს საფლავით მათით და, შემდგომად აღდგომისა მისისა, შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა" (მათე 27:52-53), განა ვერ აღადგენდა წმინდა ირინეს, რათა ის შესულიყო ქალაქ მესებრიაში და გამოცხადებოდა თავადს? ჭეშმარიტად ძალმოსილია ქრისტე ღმერთი როგორც ცაში, ისე მიწაზე და ყოველივეს მოიმოქმედებს, რასაც მოისურვებს. მან გააგზავნა თავისი ანგელოზი და წმინდა ირინე კუბოდან ცოცხალი წამოაყენა.
ამასთან, უფლის ანგელოზმა მას უთხრა:
- თუმც, შენ უკვე აღასრულე მოწამეობის ღვაწლი და უკვე გეკუთვნოდა გარდაცვლილიყავ, რამეთუ ზეცაში ნეტარების ღირსი ხარ, მაგრამ იმისთვის, რომ არ აღიმაღლოს თავი ურწმუნოებამ და უსჯულოებამ. არ იტრაბახოს, რომ სძლია ძალას ჩვენი ღმერთისა, წადი ქალაქში, რათა გიხილონ ცოცხალი და შერცხვენილ იქმნეს ყველა უწმინდური, მიხვდნენ, რომ ჩვენი ღმერთი ყოვლისშემძლეა; შენ უკვე მეტად აღარავისგან დაიტანჯები.
წმინდა ირინე ქალაქ მესაბრიაში შევიდა და ხელთ, ნიშნად გამარჯვებისა, ზეთისხილის რტო ეპყრა. როცა ქალაქელებმა წმინდა ირინე ცოცხალი იხილეს, გაოცებამ და ძრწოლამ შეიპყრო ისინი, შემოერტყნენ გარშემო წმინდანს და ხმამაღლა გაიძახოდნენ:
- საკვირველია ირინეს ღმერთი, და მის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს.
ქალაქის თავს შეატყობინეს, რომ ირინე მკვდრეთით აღსდგა, ეს რომ შეიტყო ძალზე შეეშინდა, ხოლო როცა წმინდანი იხილა, მუხლებში ჩაუვარდა და უთხრა:
- ახლა მივხვდი, რომ დიდია შენი ღმერთი. გევედრები, დარჩი ჩვენს ქალაქში და ყველა გაგვაქრისტიანე.
წმინდანი ქალაქში სამოცდაათი დღე დარჩა, ასწავლიდა ხალხს წმინდა სარწმუნოებას და ქალაქის მთელმა მოსახლეობამ ქრისტე იწამა; ნეტარი ხუცესი ტიმოთე ღვთის ბრძანებით აქაც მოვიდა და მონათლა თავადი და სხვა მესაბრიელები.
აქედან წმინდა ირინე თავის სამშობლოში, ქალაქ მაგდონში დაბრუნდა. მამა გარდაცვლილი დახვდა. მან დაიტირა მამა და ღმერთს მისთვის ევედრა ცოტახანს დედასთან დარჩა, მერე უცბად ღრუბელმა აღიტაცა და ქალაქ ეფესოში გადაიყვანა.
წმინდა ირინე დადიოდა ამ ქალაქში, და მოციქულივით ქადაგებდა ქრისტეს სახელს, მრავალ სასწაულს აღასრულებდა და ხალხს ათასნაირი სნეულებებისგან განკუნებდა.
წმინდა ირინემ თავისი ქადაგებით მრვალი წარმართი კერპთთაყვანისცემიდან ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია.
შემდეგ, ღვთის ბრძანებით, ეფესოში მოძღვარი აპელიანე მივიდა, რომელიც ერთ დროს მისი მასწავლებელი იყო. წმინდანმა მისი ხილვით დიდად გაიხარა. რამდენიმე დღის შემდეგ მან ხალხს უთხრა:
- გიხაროდენ, ძმანო ჩემნო! მშვიდობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს თქვენთანა. იხარეთ უფლისა მიერ და მტკიცედ იდექით რწმენაში. მე მივდივარ თქვენგან და გმადლობთ, რომ მიმიღეთ მე, მწირი.
იცოდეთ, რომ ყველა ვინც მწირს შეიფარებს, ისტუმრებს, ზეციური ღმერთის მეგობარია.
ქალაქელებმა მისი ნათქვამი, რომ გაიგეს ერთმანეთს ეკითხებოდნენ:
- სად მიდის ჩვენი მასწავლებელი?
სხვები ამბობდნენ:
- სიკვდილს ხომ არ აპირებს?
მესამენი კი გაიძახოდნენ:
- ის ღმერთთან ყოფნის ღირსია; იგი აღიყვანება ჩვენს თვალთაგან, ვინაიდან ჩვენ ცოდვილები ვართ.
მეორე დღეს წმინდა ირინემ აპელიანე და ექვსი განკრძალული მამაკაცი ქალაქგარეთ გაიყოლა. იქ კლდეში ნახა ლარნაკი (საძვალე), რომელშიც მიცვალებული არ იყო ჩასვენებული, შევიდა მასში და აპელიანეს და სხვა კაცებს უბრძანა, კუბოზე მჭიდროდ და მყარად დაედოთ ლოდი, რომ ოთხ დღეზე ადრე არავის გაეხსნა ლარნაკი.
მერე საბოლოოდ დაემშვიდობა აპელიანეს და დანარჩენ მამაკაცებს. ჯვრის ნიში გამოისახა და დაწვა. კაცებმა კუბოს მძიმე ქვა დაადეს და ქალაქში დაბრუნდნენ.
მეოთხე დღეს აპელიანე კაცებთან ერთად დაბრუნდა კუბოსთან, მაგრამ იქ წმინდა ირინე ვეღარ ნახეს და იფიქრეს, რომ იგი ქრისტემ სამოთხეში წაიყვანა. აპელიანე ქალქში დაბრუნდა და იქაურებს შეატყობინა. უამრავი ადამიანი შეიკრიბა წმინდა ირინეს კუბოსთან და როცა ის ცარიელი იხილეს, შეძრწუნებულებმა, ყველამ ერთად ადიდა ღმერთი.
ასე დასრულდა წმინდა ქალწულ ირინეს მარტვილობა. წმინდა ირინე ხუთ მაისს აღესრულა ქალაქ ეფესოში, I საუკუნის ბოლოს ან II საუკუნის დასაწყისში.
მის ღვაწლსა და მარტვილობაზე მოგვითხრო მისსავე მოძღვარმა აპელიანემ. წმინდა ირინეს ლოცვა-კურთხევა არ მოგაკლდეთ ძვირფასო მკითხველო!
კონდაკი:
ქრისტეს ტრფილებითა მოწყლული და შედგომილი კვალთა მისთა, ასული მეფისა, განშუენებულ ხარ, ყოვლადქებულო, სულითა, ქალწულმოწამეო, ღუაწლთა მიერ, ირინე გვირგვინოსანმან მიიღე ცხოვრებაი საუკუნო და საშუებელი.
.........................................
აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ
დღეს დიდმოწამე ირინეს ხსენების დღეა. ვულოცავთ ყველა ირინეს ანგელოზის დღეს!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი