თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე, თამირზე დანიშნეს. მოციქულების ხელით აღსრულებული სასწაულები თეკლამაც იხილა და ონისიფორეს სახლში ისიც სარკმელთან მჯდარი უსმენდა მათ ქადაგებას. გულისყური მიაპყრო მათ სიტყვას ქალწულმა.
კეთილ მიწაზე დაეცა უფლის სიტყვის თესლი, სულიწმიდის მოქმედებით ღრმად გაიდგა ფესვები თეკლას გულში და აღორძინდა: ღვთის ძის რწმენა მიიღო, შეიყვარა უფალი და მთელი სულით მიემსჭვალა. სწორედ ამ დროს პავლე, ღვთაებრივი ჩაგონებით, ქალწულებასა და კრძალულებაზე ქადაგებდა. სხვათა შორის, ისიც ახსენა, რომ თუ ყმაწვილი ქალი ქრისტეს სიყვარულისათვის ქალწულად დარჩება, ანგელოზს დაედარებაო, ქრისტეს შეხვდება და უკვდავი სიძეც ზეციურ სასუფეველში შეაბრძანებსო მას. პავლემ იმდენი იქადაგა ამ თემაზე, რომ თეკლა ქალწულების დასამარხად აღძრა. წმინდა ქალწულმა მყისვე საქმროს დატევება არჩია ამაო სოფლის ყველა სიტკბოებას და აღთქმა დადო, სიცოცხლის აღსასრულამდე სიწმინდით ემსახურა ქრისტესთვის. ასე შეხვდა ზეციურ სიძეს ბრძენი ქალწული და ცეცხლოვანი სიყვარულით ანთებული შეუდგა მას. უხრწნელ სიძესთან მიახლების სურვილით ცვილივით უდნებოდა გული, თითქოს მასზე ახდაო დავითის ნაგალობები: "იქმნა გული ჩემი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა". თეკლა ისე გაიტაცა პავლეს ქადაგებამ, რომ სამი დღე-ღამე პირი არაფრისთვის დაუკარებია, აღარც ძილი ახსოვდა, არც სმა-ჭამა. როგორც ოდესღაც მარიამი, რომელიც "დაჯდა ფერხთა თანა იესუისთა და ისმენდა სიტყუათა მისთა" გონებით ოდენ ღმერთს მიმსჭვალული, ასევე თეკლაც ოდენ ღვთის სიტყვით საზრდოობდა, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი: "არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳათა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისაჲ". თეოკლიამ ეს ამბავი რომ შეიტყო, განრისხებული მაშინვე ონისიფორესთან მიიჭრა და შვილი ძალით განაშორა სულისსარგო საქმეს, წმინდა მოციქულებს კი კიცხვა-ლანძღვა დაატეხა თავს. ქრისტეს სამწყსოს გამოჰგლიჯა უკვე ქრისტესცხოვრადქმნილი ასული და სახლში წაიყვანა. იქ თეკლას საქმრო, თამირი დაიბარა და გაკიცხა: - ნუთუ აღარ განაღვლებს შენი საცოლე? ვერ ხედავ, რომ ჭკუაზე შეცდა? ნახე, როგორ მოხიბლეს თეკლა იმ მწირმა მატყუარებმა, მაღალფარდოვანი სიტყვებით უგუნურ ხალხს რომ ურევენ გონებას! აი, უკვე სამი დღეა მათ არ მოსცილებია, სახლში შემოსვლაც აღარ უნდა.
თამირი სათუთად და ტკბილად მოესიყვარულა თეკლას, მაგრამ ქალწულს არაფრის გაგონება აღარ სურდა, საქმროს ცქერასაც კი ერიდებოდა. გული ხომ უკვე სხვა სიძისათვის მიეძღვნა, რომლის სახე კაცთა მჯობია. მხოლოდ მას ჭვრეტდა სულიერი თვალებით, მას ესაუბრებოდა ფიქრით. ეს ხორციელი საქმრო კი მხოლოდ ზიზღსღა ჰგვრიდა. თამირი მიხვდა, აღარ ვუყვარვარ თეკლასო და ძალზე დაღონდა. ბრაზისაგან გონდაკარგულმა თეოკლიამ ფეხქვეშ დაიგდო ასული, ცემდა და თმას აგლეჯდა გამწარებული. ცემას რომ მორჩა, ოთახში ჩაკეტა შვილი და კარგა ხანს უსმელ-უჭმელი დატოვა. თვითონ კი ბუნებითი დედობრივი სიყვრულით გულავსებული ჩუმად იგლოვდა ქალიშვილის ბედს. გული რომ მოულბა, გამოიყვანა თეკლა, გულში ჩაიკრა, კოცნიდა და ტირილით ევედრებოდა, ნუ დატოვებ შენს ლამაზ, მდიდარ, კეთილშობილ და პატივცემულ საქმროსო. თამირი ისევ მოიყვანა და სუფრასთან გვერდით მიუსვა თეკლას. მდუმარედ იჯდა საქმროსკენ ზურგშექცეული ქალწული, თვალები დაეხარა, საჭმელს პირს არ აკარებდა და გულში სულ თავის ზეციურ სიძეზე ფიქრობდა. თამირმა ალერსიანად მოიზიდა და კოცნა მოუნდომა, თეკლამ იმწამსვე თვალებში შეანერწყვა და ჩიტი რომ მახეს თავს დააღწევს, ისე გამოუძვრა მკლავებიდან. შვილის საქციელმა თეოკლია ისე განარისხა, რომ ქალწულს ეცა და ცემით კინაღამ სული ამოჰხადა. მწარედ დანაღვლებული თამირი კი მოციქულ პავლეზე საჩივლელად მთავარს მიადგა.
- ჩვენს ქალაქში ერთი მწირი გამოჩნდა, - უთხრა თამირმა მთავარს, - თავისი გრძნეულებით ხალხი აცდუნა, ღმერთების თაყვანისცემისაგან მიაქცია და იუდეველებისგან ჯვარცმული ქრისტე არწმუნა. ჩემი საცოლე თეკლაც მან მოხიბლა. უწინდელი სიყვარული სიძულვილად უქცია ქალწულს. ჩემი დანახვაც კი აღარ სურს. კეთროვანივით ვეზიზღები და ისე მერიდება, თითქოს მხეცი ვიყო. აი, ამ ჯადოქარმა ჩაუქრო ჩემდამი სიყვარულის ცეცხლი.
მთავარმა პავლე დაიბარა და გამოჰკითხა, - ვინ ხარ, სადაური და ჩემს ქალაქში რა საქმე გაქვსო? აღაღო პავლემ მოციქულებრივი ბაგენი და ჩვეულებისამებრ ღვთის სიტყვის ქადაგებას მოჰყვა. მთავარმა რატომღაც აღარ მოისურვა ამ საქმის განხილვა და სამსჯავრო სხვა დროისათვის გადადო. ბორკილასხმული პავლე კი დილეგში ჩააგდებინა - იქ იყოს, სანამ მისი უფრო წვრილად დაკითხვის დრო არ მომეცემაო. თეკლამ რომ შეიტყო, პავლე ჩემი გულისათვის დაატყვევესო, ღამით ჩუმად გაიპარა სახლიდან და საპყრობილეში მივიდა. მცველს ოქროს სამკაულები შესთავაზა, ოღონდაც მოციქულთან შემიშვიო, საპყრობილის მცველმა სიხარულით აიღო ძვირფასეულობა და ქალწულს წმინდა პავლესთან შეუძღვა. მოციქულის დანახვაზე თეკლას სიხარულის ცრემლები წასკდა, ქრისტესთვის პყრობილის წინაშე მუხლი მოიყარა და ბორკილებზე ეამბორა. წმინდა პავლეს ჯერ ეჩოთირა ქალწულის დანახვა, მაგრამ როცა თეკლამ უამბო, თუ რა დაითმინა დედისა და საქმროსაგან ქალწულების დასამარხად აღძრულმა, დიდი სიხარულით განიხარა. სიმამაცე შეუქო ყმაწვილქალს, თავზე ეამბორა და აკურთხა, ქრისტეს სასძლო ხარო, - უთხრა, - და ჩემი პირველი ასული, რომელიც სახარების მიერ მეორედ გშობეო. დიდხანს დარჩა თეკლა საპყრობილეში. ქალი მამას რომ მიუჯდება ფერხთით და ყურს დაუგდებს, ისე მოკალათდა პავლეს გვერდით, მის მამობრივ დამოძღვრას უსმენდა და გულში ინახავდა, როგორც "მარგალიტსა მრავალსასყიდლისასა".
მოციქულიც დაუზარებლად განსწავლიდა ქრისტეს რწმენაში, ღვთის სიყვარულში წურთიდა, კეთილკრძალულების დაცვას შეაგონებდა. ასე განამტკიცა თეკლა ქრისტეს სწა-ვლებაში.
ამასობაში თეოკლიას სახლში თეკლას დაუწყეს ძებნა. ვერსად რომ ვერ იპოვეს, იწყეს ყვირილი და მოთქმა-გოდება. დედა შვილს ტიროდა, თამირი - საცოლეს, მონები - ქალბატონს. ხან აქეთ ეცნენ მსახურები, ხან იქით, ყველგან კითხულობდნენ თეკლას: ქუჩებში, სახლებში, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ მიაკვლიეს, რომ საპყრობილეში იმყოფებოდა. მაშინვე გაეშურნენ მის მოსაყვანად. საკანში რომ შევიდნენ, პავლეს ფეხებთან მჯდარი ნახეს თეკლა, თითქოს იმ ადგილს მიმსჭვალვოდა ქალწული და სულგანაბული უსმენდა მოციქულის დამოძღვრას. მაშინვე ხელი სტაცეს ასულს და სახლში წაიყვანეს, მომხდარი კი მყისვე მთავარს აცნობეს. მან უმალ სამსჯავრო გამართა და პავლეს მოყვანა ბრძანა. მოციქულის გამოჩენაზე ხალხმა იხუვლა:
- მთავარო, ეს კაცი მოგვია, სიკვდილით დასაჯე!
სასიკვდილო განაჩენს ყველაზე გააფთრებით თამირი ითხოვდა. ჩიოდა, პავლემ საცოლესთან დამაშორაო. მაშინ თეკლას უხმეს და ჰკითხეს:
- რად მოიძაგე ასე მშვენიერი და კეთილშობილი საქმრო? რად აღარ გსურს დაქორწინდე?
ქალწული უხმოდ უცქერდა პავლეს და პასუხს არ იძლეოდა. მაშინ კი დაკარგა თავი თეოკლიამ, ბუნებითი დედობრივი სიყვარულიც დაივიწყა, ძუ ლომივით გამძვინვარდა, გააფთრებულ დედა დათვს დაემსგავსა და გამხეცებულმა შეჰყვირა მთავარს:
- დაწვი ეს ბოროტი მხევალი, სიკვდილის ღირსი! ეს აღარაა ჩემი ასული, არაფერი ესმის ჩემი. სხვების სამაგალითოდ დააწვევინე! დაე, მთელი ქალაქის ასულებს შიში მოჰგვაროს ასეთი სასჯელის ხილვამ, ისე აღარ აღუდგნენ წინ დედების ნებას, როგორც ეს ბოროტი და ურჩი მოიქცა. არა, ეს ჩემი ნაშობი არაა, არაა ჩემი მუცლის ნაყოფი, წყეული შტო და ხმელი მორჩია. დაწვი იგი!
ასე დაჟინებით ითხოვდა დედა შვილის დაწვას, თამირი კი - პავლეს დასჯას. მთავარი დიდხანს იძიებდა წმინდა მოციქულის საქმეს, მაგრამ ბრალი ვერაფერი უპოვა ქრისტეს ქადაგების გარდა. სიკვდილით აღარ დასაჯა, მხოლოდ გააშოლტინა და ქალაქიდან გააძევა, რათა სხვა ქალწულებიც არ დაერწმუნებინა უქორწინებლობაში. პავლესთან ერთად ბარნაბაც გააგდეს და ონისიფორეც გააძევეს ვაჟიშვილებიანად. პავლე თავადაც ილტვოდა ამ ქალაქიდან, რადგან მთავრის, თეოკლიასა და თამირის გარდა მას ურწმუნო ხალხიც სდევნიდა ქრისტეს მოწმობისათვის.
დიდხანს ცდილობდა მთავარი, თეკლა საქმროსთან დაბრუნებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ თეოკლიას დაჟინებული მოთხოვნით ცეცხლში დაწვა მიუსაჯა ქალწულს. ხმელი შეშა, თივა და ფიჩხი მოზიდეს და დიდი კოცონი გააჩაღეს. მსახურებმა ხელი წაავლეს თეკლას და კოცონისაკენ წაყვანა დაუპირეს. მარტვილმა ხელი გააშვებინა, სწრაფი ნაბიჯით თავად გაემართა ცეცხლისაკენ, პირჯვარი გადაიწერა, ავიდა და კოცონის თავზე დადგა სასიკვდილოდ განმზადებული. ნივთიერი ცეცხლის შიში გაუქრა, რადგან თავად ღვთაებრივი სიყვარულის არანივთიერი ალი სწვავდა. ჯიქურ მომზირალს უფალი გამოეცხადა პავლეს სახით და უბრძანა, მტკიცედ იდექიო.
ამასობაში ცეცხლს შეუკეთეს და კოცონიც აბრიალდა. მაგრამ ყველას გასაკვირად ალი მაღლა აიჭრა და თეკლას გარს შემოერტყა. კიდევ მეტად გაოცდნენ, როცა უეცრად იჭექა და თავსხმა წვიმა წამოვიდა. კოცონი ჩაქრა. მთავარი მაცქერალ ხალხთან ერთად მსწრაფლ გაშორდა იქაურობას. ყველამ სახლებს შეაფარა თავი, ისე დაზაფრა ჭექა-ქუხილმა. თეკლა ძირს ჩამოვიდა. ცეცხლს ოდნავაც არაფერი ევნო მისთვის. დედამისის სახლში აღარც მიბრუნებულა, იკონიაშიც აღარ დაუხანებია, ქალაქს გასცილდა და თავისი სულიერი მამის - პავლეს საძებნელად გაეშურა. გზად პავლეს ერთი მოწაფე შემოხვდა, ონისიფორეს სახლში რომ ჰყავდა ნანახი, ქალაქისაკენ მიდიოდა პურის საშოვნელად. წმინდა ქალწულმა შეიცნო და ჰკითხა:
- სად იმყოფება იესო ქრისტეს მოციქული პავლე?
მოწაფემ თეკლა გამოქვაბულში მიიყვანა, სადაც პავლე და მასთან ერთად მყოფნი მარხვასა და ლოცვას ეძლეოდნენ წმინდა ქალწულისათვის. მთელი და უვნებელი თეკლა რომ დაინახეს, დიდი სიხარულით განიხარეს, თვალნი და ხელნი ზეცად აღაპყრეს და ღმერთს მადლი უძღვნეს თავისი მხევლის გადარჩენისათვის. თეკლას პური აჭამეს და თავადაც მცირედ წაიხემსეს. აქედან პავლემ და ბარნაბამ ლუსტრა და დერბე გაიარეს, სახარებას ქადაგებდნენ და სნეულებს განკურნებდნენ. თეკლა მათ ანტიოქიამდე გაჰყვა. ამ ქალაქს რომ მიადგნენ, გზად შემთხვევით ქალაქის თავი - ალექსანდრე შემოეყარათ. როგორც ჩვეულებრივ წარმართები, ისიც გულისთქმებს აყოლილი, უსჯულო საქმეებს მიცემული ჭაბუკი იყო. წმინდა ქალწულს თვალი რომ შეავლო, მოიხიბლა და უწმინდური გულისთქმით აღივსო. იფიქრა, თეკლა პავლეს ცოლიაო და მოციქულს ბევრი ოქრო შეაძლია, ამ საქმეში ხელს ნუ შემიშლიო. როცა შეიტყო, უქორწინებელი ქალწულიაო, ვნება უფრო მოემატა და თეკლას ცოლად შერთვა მოინდომა. ქალწულს არწმუნებდა, შემიყვარეო, მაგრამ თეკლა ისე ილტვოდა მისგან, "ვითარცა ლომისაგან მყვირალისა, რომელიც მიმოვალს და ეძიებს შთანთქმად". ალექსანდრე მცდელობას არ აკლებდა თეკლას გულის მოსანადირებლად. ერთხელ, გზად მიმავალ ხალხში თეკლა დაინახა, ვეღარ შეიკავა ცეცხლმოდებული გული, თავი დაკარგა, სირცხვილიც დაივიწყა, ქალწულს ხელი სტაცა და ყელზე მოეხვია. წმინდანი ცრემლებით შესთხოვდა გონდაკარგულ ჭაბუკს:
- ნუ მაიძულებ, მწირი ვარ, ნუ მაიძულებ, მხევალი ვარ ღვთისა. საქმრო მიმიტოვებია უფლისათვის. შემიძლია კი შენს სურვილს დავყვე?
ამის თქმა იყო და ხელიდან გამოეცალა ჭაბუკს, ტანსაცმელი შემოახია და ყველას თვალწინ სირცხვილი აჭამა. ქალაქის თავი რისხვამ აღავსო, თან მისი ქრისტიანობაც შეიტყო და მსწრაფლ მთავარს მიჰგვარა. როცა ქალწულს ჰკითხეს, ქორწინებას რატომ უარობო, უპასუხა:
- ჩემი სასიძო ქრისტეა - ძე ღვთისა. მასთან ვარ შეუღლებული სულიერი კავშირით.
მთავარი აიძულებდა, ქრისტეს განეშორე და გათხოვდიო. მტკიცე უარი რომ მიიღო, განაჩენი გამოუტანა - ქალწული მხეცებს დააჭმევინეთო. ორი ბრალი ედებოდა თეკლას: კეთილმსახურება და კეთილკრძალულება - ქრისტე რომ სწამდა და ქორწინებას რომ უარობდა ასე ყმაწვილი და ლამაზი ქალწული. სასჯელი დილამდე გადაიდო, მანამ კი თეკლა ერთმა ქალმა, ტრუფენამ წაიყვანა სახლში. ტრუფენა მეფის ჩამომავალი იყო და ქალაქში დიდი პატივით სარგებლობდა. შემდგომში მანაც ირწმუნა ქრისტე.
მთელი ღამე სულიერ საუბარში გაატარეს ტრუფენამ და თეკლამ. დილა გათენდა. სანახაობას უამრავი ხალხი მოაწყდა. მთავარიც მოვიდა ხელქვეითებთან ერთად. დასაკლავი ცხვარივით გამოიყვანეს წმინდა თეკლა და მხეცების დასაგლეჯად დააყენეს. მიუშვეს მხეცები, მაგრამ მათ ოდენ წრე შემოარტყეს მარტვილს, არც კი მიეკარნენ. როგორც ოდესღაც დანიელის თხრილში, ახლაც ღმერთმა აუკრა მათ პირი. ამ საკვირველებამ გააოცა იქ მყოფნი: სისხლისმსმელ ნადირებს სიშმაგე დაეტევებინათ და ცხვრებს მიმსგავსებოდნენ სიმშვიდით. ზოგი თეკლას ღმერთს ადიდებდა, სხვები კი გმობდნენ და ამბობდნენ:
- ჯადო აქვს სამოსში და მხეცებიც ამად არ ეკარებიანო.
მთავარსა და მის ხელქვეითებსაც იგივე დაეჟინებინათ: ჯადოქარია და მხეცები მოაჯადოვაო. გადაწყვიტეს, მეორე დღეს უფრო მრავალრიცხოვანი და შიმშილით გამძვინვარებული ნადირები მოესხათ. თეკლა კი ისევ ტრუფენასთან დააბრუნეს. სასჯელის ადგილიდან უვნებლად დაბრუნებული თეკლას დანახვამ ძალზე გაახარა ტრუფენა.
მთელი ღამე აშიმშილა მთავარმა მხეცები, რათა მოშიებულებს მალევე დაეგლიჯათ ქალწული. და აი, მეორე დღეს წმინდანი ისევ სასჯელის აღსრულების ადგილზე მიიყვანეს. მოტირალი ტრუფენა უკან მიჰყვებოდა, ასეთი წმინდა ქალწულის უდანაშაულოდ მოკვდინებას დარდობდა. თეკლა შემაღლებულზე დააყენეს. უსირცხვილო მთავარმა ქალწულის გაშიშვლება ბრძანა.
- სამოსში ჯადო აქვს, - თქვა მან, - ამიტომაც არ ეკარებიან მხეცები. გააშიშვლეთ და ვნახოთ, თუ გადარჩება.
თეკლას სამოსი შემოაძარცვეს და ხალხის თვალწინ დააყენეს. სირცხვილიღა ფარავდა კდემამოსილ ქალწულს, დავითის სიტყვებს იმეორებდა: "სირცხვილმან პირისა ჩემისამან დამფარა მე". გამოუშვეს შიმშილისაგან გააფთრებული ლომები და დათვები. გალიიდან გამოსულმა მხეცებმა შიშველი ქალწულის დანახვაზე თავები მიწამდე დაუშვეს, თვალები ძირს დახარეს, თითქოს ქალწულებრივი სიშიშვლის ცქერა რცხვენიათო და უკან დაიხიეს. საოცარი სანახაობა იყო! მხეცებს შერცხვათ - თვალს ვერ უსწორებდნენ ტიტველ ქალწულს, კაცნი კი უნამუსოდ შესცქეროდნენ. ამ სანახაობაზე უტყვი ცხოველები კაცთა მამხილებლად და განმსჯელებად იქცნენ. ბუნებით სისხლისმსმელნი კეთილგონიერ ადამიანებს ემსგავსნენ, გონიერი ადამიანები კი - ველურ მხეცებს. მიაღწიეს კი რაიმეს ამით? კდემამოსილი ქალწული ყველას თვალწინ გააშიშვლეს, რათა უპატიო-ექმნათ, მაგრამ ამით უფრო გაზარდეს მისი პატივი.
გაშიშვლებულ წმინდანს ერთი ძუ ლომი მიუახლოვდა, ფეხებთან გაუწვა და ალოკა, თითქოს პატივს მიაგებსო მის ქალწულებრივ კრძალულებას. ხალხმა იხილა, რომ მხეცებმა წმინდა ქალწულის შეხებაც ვერ გაბედეს და ყვირილი მორთო:
- დიდია ღმერთი, რომელსაც თეკლა აღიარებს!
მტარვალმა ღვთიური ძალა მაინც ვერ შეიცნო და ახლა სხვაგვარად განიზრახა თეკლას მოკვდინება. ღრმა ორმო ამოათხრევინა, სხვადასხვაგვარი ქვეწარმავლით: გველებითა და იქედნეებით აავსებინა და ბრძანა, წმინდანი შიგ ჩაეგდოთ. მაგრამ მან, ვინაც პირი აუკრა მანამდე ლომებს, აწ გველთა ორკაპი ენა მოაჩლუნგა, მძვინვარება შეუშთო და გესლი გაუნადგურა. ყველას გასაოცრად, ორმოდანაც საღსალამათი ამოვიდა მარტვილი. დიდხანს საგონებელში იყო ბოროტი მტარვალი, არ იცოდა, რაღა ეღონა, ბოლოს ორი ძლიერი ხარი მოაყვანინა, მათ შორის ფეხებით გააბმევინა თეკლა და ბრძანა, ხარები გავარვარებული რკინის ისრებით დაეჩხვლიტათ, რათა სხვადასხვა მხარეს გაქცეულიყვნენ და მარტვილი შუაზე გაეგლიჯათ. მაგრამ ამ სატანჯველითაც ვერაფერი ავნეს თეკლას, ის მაგარი თოკები, რომლებითაც ხარებზე მიაბეს, ობობას ქსელივით დაწყდა. ხარები აქეთ-იქით გაქანდნენ, წმინდანი კი იმავე ადგილას დარჩა მრთელი და უვნებელი. გაოგნებულმა მთავარმა მაშინ კი აღიარა, ქალწულში ღვთის ძალა მოქმედებსო. მოიხმო და ჰკითხა:
- ვინა ხარ? ასეთი რა ძალა გაქვს, ვერაფერმა რომ ვერ გავნო?
მან კი მიუგო:
- მხევალი ვარ ღვთისა ცხოველისა!
ამის მეტი არაფერი უთქვამს. მთავარს თეკლას მფარველი ღმერთის შეეშინდა, ბრძანა, პატივით შეემოსათ და გაეშვათ. თან დაადგინა: "თავისუფლებას ვანიჭებ ღვთის მხევალ თეკლას".
წმინდანი ტრუფენას სახლში მივიდა. დიდი სიხარული ეწვია მთელ სახლეულს, თეკლას მშვიდობით გამოშვება რომ შეიტყვეს. ქალწულმა მცირე ხანი დაჰყო აქ, ღვთის სიტყვას ქადაგებდა და ქრისტეს რწმენაში მოძღვრავდა იქაურებს. თავისი სულიერი მამისა და მოძღვრის, პავლეს ნახვას მოწყურებულმა ბოლოს მაინც მოძებნა იგი, სურდა თან გაჰყოლოდა, მაგრამ მოციქულმა არ დაანება:
- საბრძოლველად სასძლოსთან ერთად არ მიდიანო.
თეკლამ მოციქულისაგან სელევკიაში გადასვლის კურთხევა მიიღო. იქ სელევკიის მახლობელ უდაბნოში ერთ მთაზე დასახლდა. მარხვაში, ლოცვასა და ღვთისზრახვაში მოღვაწეობდა, უამრავ სასწაულს აღასრულებდა და ყოველგვარ სნეულებას კურნავდა. გარშემო მცხოვრებლებს სნეულები მოჰყავდათ მასთან. თეკლა უფლის რწმენას უნერგავდა და კურნავდა. ერთხელ თეკლას საცხოვრებლის შორიახლო წარმართმა ქურუმმა ჩაიარა ცხენით. თეკლა საზრდოდ ბალახს აგროვებდა. ქურუმი მისი მშვენებით მოიხიბლა და ბილწი გულისთქმით აღივსო. ცხენს დეზი ჰკრა და ქალწულისკენ გაექანა, თავისი ბოროტი გულისწადილი რომ აესრულებინა. ღვთის ძალით შეჭურვილმა წმინდანმა მსწრაფლ დაიჭირა მხედარი და ისე ძლიერად დასცა ქვე, რომ ქურუმი სამი დღე უგონოდ ეგდო.
გამვლელ-გამომვლელნი მიწაზე მკვდარივით გაშხლართულ ქურუმს გაოცებით უცქერდნენ, ვერაფერი გაეგოთ, რა დამართოდა. მესამე დღეს ამ ამბავმა ქალაქამდე მიაღწია. უამრავი ხალხი მოგროვდა. ქურუმი გონს მოეგო, ფეხზე დადგა და თქვა:
- ერთი ქალღმერთი ვიხილე და მან დამცა ძირსო.
ტკივილებით გათანგულმა სახლამდე ძლივს მიაღწია. მხატვარი მოიწვია და ყმაწვილი ქალი დაახატვინა. ღვთის განგებულებით მხატვარმა ნახატი წმინდა თეკლას მიამსგავსა, გამოსახულება ძალზე ცოცხალი გამოვიდა. დასრულებული ნახატი მხატვარმა დამკვეთს მიართვა. ქურუმმა ასეთი მსგავსება რომ იხილა, წამოიძახა:
- აი, სწორედ ასეთი ქალწული ვიხილე!
ხატი აიღო, ემთხვია და მყისვე სრულიად განიკურნა. ამის შემდეგ პატივით შეინახა სახლში წმინდანის გამოსახულება. წმინდა ქალწულის ქადაგებით შემდგომში მან ქრისტე ირწმუნა თავის სახლეულთან ერთად. დიდი ხანი დაჰყო იმ ადგილებში მოციქულთასწორმა, ბევრი დააყენა ცხონების გზაზე, ბევრს შეეწია ჭირსა და სნეულებაში. სელევკიის ექიმებსა და ჯადოქრებს ხელი მოეცარათ და შემოსავალი მოაკლდათ, რადგან ყველა სნეული თეკლასთან მიჰყავდათ. ბოლო მოეღო მათ ეშმაკურ ხრიკებს. შეწუხდნენ და განრისხდნენ უვერცხლოდ მკურნალ ქალწულზე. შურითა და ბოღმით აღვსილებმა თეკლას გასაუპატიურებლად ბილწი ჭაბუკების დაქირავება გადაწყვიტეს. მოძულენი ასე თათბირობდნენ:
- უბიწოა ქალწული თეკლა, ამიტომაც სთნდა დიდ ქალღმერთ არტემიდეს. მის თხოვნას ისმენს ქალღმერთი და სნეულთა საკურნებელ ძალას აძლევს. თუკი წავბილწავთ, არტემიდე განეშორება, კურნების ძალასაც დაკარგავს და მაშინ კი აყვავდება ჩვენი საექიმო ხელოვნება.
ბილწი ჩანაფიქრის აღსასრულებლად მართლაც მონახეს ნამუსდაკარგული ყმაწვილები. დაათვრეს და თეკლასთვის ნამუსის ახდა დაავალეს. ამ საზიზღარი საქმისათვის ბევრი ფული შეაძლიეს და უფრო მეტსაც დაჰპირდნენ, თუკი მათ დავალებას შეასრულებდნენ. უგუნურებმა და ურწმუნოებმა როდი უწყოდნენ, რომ თეკლას არტემიდე კი არ აძლევდა კურნების ძალას, არამედ ქრისტეს მადლი!
გახრწნილი და მთვრალი ყმაწვილები წმინდა თეკლასაკენ გაეშურნენ. თეკლამ დაინახა თუ არა, ჰკითხა:
- რა გინდათ, შვილებო?
პასუხად ბილწი სიტყვა მიიღო, მყისვე მიუხვდა ბოროტ განზრახვას და გაიქცა. ველური მხეცების რომ არ შეშინებია, ახლა ივლტოდა უსირცხვილო კაცთაგან. მგლები რომ ცხვარს გაედევნებიან, ისე გაენთნენ ქალწულის კვალს ბილწ გულისთქმას აყოლილნი. ის იყო, უნდა დასწეოდნენ, რომ თეკლამ უფალს შესთხოვა, უსჯულოთა ხელებიდან მიხსენიო. ღვთის ბრძანებით მყისვე გაიხსნა იქვე მდებარე ქვის მთა და წმინდა ქალწული შეიფარა. ეს მთა იქცა მისი პატიოსანი სხეულის შესასვენებლად. იქ მიაბარა სული უფალს წმინდა თეკლამ. 90 წლის იყო მაშინ.
წყარო: "დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ. გამომცემლობა - "ორთოდოქსი". მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.
............................
წმინდა თეკლას ტროპარ-კონდაკი
ტროპარი:
რომელი დაემოწაფე სიტყვასა პავლესსა უბიწოო, და დაემტკიცე სარწმუნოებასა ზედა პეტრესსა, ღმრთივ-წოდებულო, პირველ მოწამე იქმენ, და პირველ მოღვაწე შორის დედათა აღხედ ცეცხლსა ზედა, და არა შეგეხო ალი მისი, მხეცნი და კურონი შენგან შეძრწუნდეს, სასწაულითა ჯუარისათა. ქრისტესა ევედრე ყოვლად ქებულო, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.
კონდაკი:
ქალწულებისა სიკეთითა განბრწყინდი, და მარტვილობისა გვირგვინითა შეიმკე, და მოციქულება ვითარცა დიდებულსა პავლეს, და ცეცხლისა ალი ცვარად გარდააქციე, და კუროსა გულის წყრომა ლოცვითა შენითა დააცხრვე, ვითარცა პირველმოწამემან.
.........................
აქვე წაიკითხეთ:
უამრავი შეჭირვებული და სნეული მიდიოდა მასთან და მისი ლოცვით კურნებას პოვებდა
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანე - ამ ადგილს "კალამონი" უწოდეს
წმინდა თეკლას კვიპროსის სავანე
პირველმოწამე, მოციქულთა სწორი თეკლა
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანეში მართლაც რომ საოცრება ვიხილე…