პავლე და ბარნაბა მოციქულები სახარების ქადაგებისას ერთხელ ქალაქ იკონიონში შევიდნენ და ვინმე ონისიფორეს სახლში დაივანეს (იკონიონი ლიკაონიის ოლქის მთავარი ქალაქი იყო და კაპადოკიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა).
მოციქულებს თან ახლდნენ დიმა და ერმოგენე, რომლებიც პავლეს დაემოწაფნენ, მაგრამ ორგულებითა და ზაკვით იყვნენ აღსავსენი.
ონისიფორე, როგორც კი ესმა ქალაქში ქრისტეს მოციქულთა შემობრძანება, მთელი ოჯახით გაეგება მათ. განსაკუთრებით პავლეს ნახვა სწყუროდა - მანამდე მისთვის ტიტე მოციქულს აღეწერა მისი სახე. დაინახა თუ არა ძალზე ტანმორჩილი, მელოტი, წვივმოდრეკილი მამაკაცი გრძელი, არწივისებრი ცხვირითა და გადაბმული წარბებით, მიხვდა, რომ ის იყო და მიესალმა: "გიხაროდენ, მსახურო კურთხეულისაო!" პავლესაც ღვთაებრივი ზეშთაგონებით წინასწარ შეეტყო ონისიფორეს ვინაობა. მიუგო: "მადლი ღმრთისა იყავნ შენ თანა და სახლისა შენისა!"
დიმამ და ერმოგენმა, რომლებიც პავლეს მიმართ შურით იყვნენ მოწყლულნი, ვერც ახლა დაითმინეს და ონისიფორეს უსაყვედურეს: განა ჩვენ არა ვართო კურთხეულის მსახურნი? "მე თქვენს შორის სიმართლის ნაყოფს ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც შემოდით ჩემს სახლში და განისვენეთო", - მიუგო მათ ონისიფორემ.
მცირე ტრაპეზის შემდეგ პავლე მოციქულმა ქადაგება დაიწყო. მის ირგვლივ უამრავი ხალხი შეიკრიბა. სამარისებურ სიჩუმეში გაისმოდა სახარება მაცხოვრისა.
იქვე, სარკმელთან, ონისიფორეს მეზობლის თეოკლიას ქალიშვილი, თვრამეტი წლის თეკლა მიმჯდარიყო. ქალწული გულისყურით უსმენდა მოციქულს. თესლი კეთილი კეთილსავე ნიადაგზე მოხვდა და ღრმად ჩაინერგა თეკლას სულში. ასული სამი დღე-ღამე არ მოშორებია ონისიფორეს სახლს, ცნობამიღებულივით იჯდა და პავლეს სიტყვების გარდა აღარაფერი ესმოდა. მას უკვე მტკიცედ სწამდა ძე ღვთისა, იესო ქრისტე.
პავლე მოციქულმა ქრისტიანის ცხოვრების წესზეც ისაუბრა, თქვა, რომ ქრისტიანი მოვალეა, წმინდად ცხოვრობდეს, განმარტა, რაოდენ ამაღლებული იყო ქალწულობა და ბრძანა: კაცი, რომელიც ქრისტეს სიყვარულისთვის სიყრმიდანვე შეინახავს უმანკოებას, ანგელოზს მიემსგავსება და ზეციური სიძე მას თავის სავანეში დაამკვიდრებსო.
თეკლა უკვე დანიშნული იყო, მაგრამ პავლეს სიტყვებმა გადააწყვეტინა, მიეტოვებინა საქმრო და ზეციური სიძისთვის მიეძღვნა თავი.
თეკლა შინ რომ არ დაბრუნდა, დედამ მიაკითხა. ჯერ დაყვავებით სცადა მისი წაყვანა, შემდეგ ხმა გაიმკაცრა - გრცხვენოდეს მეგობრებისა და თანატოლების, აზნაური ხარ, როგორ დამონებიხარ ამ გრძნეულის სიტყვებსო, მაგრამ თეკლას აღარაფერი ესმოდა.
მაშინ თეოკლიამ სასიძო დაიბარა და თავისი ასულის ამბავს მოუყვა. ახლა საქმრომ სცადა თეკლას წამოყვანა. ალერსიანად ეუბნებოდა: "ხომ არაფერი გაწყენინე, ასე რომ იქცევი? თუ გინდა, ახლავე დავქორწინდეთო. კარგი, თუ ქორწინება არ გინდა, ადექი, ორიოდე ლუკმა შეჭამეო". ცალკე მსახურნი ევედრებოდნენ, მაგრამ ამაოდ.
მიხვდა თავმირი, რომ საცოლეს კარგავდა და განრისხებული გავარდა გარეთ. ქუჩაში დიმასა და ერმოგენეს შეხვდა, რომლებიც პავლეზე განრისხებულნი იყვნენ. გაიგეს თავმირის გასაჭირი და ცეცხლზე ნავთი დაუსხეს: ეგ კაცი ცოლებს ქმრებისგან განაშორებს, უქორწინებლობას უქადაგებს და გულუბრყვილო ხალხს ასე აცდუნებსო. ქალაქის მთავართან დაასმინე, უთხარი, რომ ქრისტიანია და ის, კეისრის ბრძანებისამებრ, სიკვდილით დასჯისო.
რისხვით აღსავსე თავმირი მართლაც ეახლა მთავარს და აუწყა: "ჩვენს ქალაქში ერთი უცხოტომელი ჩამოვიდა, რომელიც ჯვარცმული ქრისტეს ქადაგებით აცდუნებს ხალხს. ჩემი საცოლეც მოხიბლა და ახლა სიახლოვესაც აღარ მეკარება, არ ვიცი, რა ვქნაო".
მთავარმა პავლე მოაყვანინა, გამოჰკითხა, საიდან იყო და რას აკეთებდა ამ ქალაქში. წმინდა მოციქულმა ქალაქის განმგებელს ქრისტეს მოძღვრება უქადაგა. მთავარმა პავლეს შეკვრა და საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა, ხოლო სასამართლო სხვა დროისთვის გადადო.
თეკლამ შეიტყო, რომ მოციქული მის გამო საპყრობილეში ჩასვეს. მაშინვე მოიხსნა სარტყელი და პავლესთან შევიდა. სიხარულის ცრემლით დაემხო მის წინაშე და მის ბორკილებს ეამბორა. წმინდა პავლე ჯერ შეკრთა, მაგრამ როცა შეიტყო, რამდენი დაეთმინა უმანკოების მოსურნე ქალწულს, თავზე ეამბორა, აკურთხა, შეუქო რწმენა, უწოდა ქრისტეს სასძლო და თავისი პირველი ასული, რომელიც სახარების მიერ შვა. თეკლაც ფეხთით დაუჯდა პავლეს, ისმენდა მის ღვთივსულიერ საუბარს და უფრო და უფრო ივსებოდა ქალწულების დაცვის სურვილით. "მხოლოდ უფალს უნდა ვუძღვნა სულიცა და სხეულიცო", - გადაეწყვიტა მტკიცედ.
ამ დროს კი ნათესავები მთელ ქალაქში ეძებდნენ თეკლას. ბოლოს საპყრობილეში მიაგნეს. რისხვით აღივსნენ თეოკლია და თავმირი და აბორგებულ ხალხთან ერთად ისევ მთავარს მიადგნენ. მან ორივე მოაყვანინა - წმინდა პავლეც და თეკლაც. ბევრს ევედრებოდა თავმირი, პავლე სიკვდილით დასაჯეო, მაგრამ მთავარმა მას ბრალი ვერ უპოვა, ამიტომ მხოლოდ ცემა და ქალაქიდან განდევნა აკმარა. ქალიშვილისთვის რაღა უნდა ექნა? იხმო და ჰკითხა, რატომ არ მიჰყვებიო ასეთ ღირსეულ კაცს? ქალწულმა ხმა არ გასცა, პავლესთვის მიეპყრო მზერა. განრისხდა თეოკლია და შეჰკივლა: "ეგ ჩემი შვილი აღარ არის, რადგან აღარაფერს მიჯერებს. დაწვი, ვითარცა ავის მოქმედი მონა. დაე, სხვებმაც ნახონ და შეძრწუნდნენ, რათა აღარ ეურჩონ მშობლებს!"
მთავარმა კიდევ ერთხელ სცადა ქალიშვილის მოქცევა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, დაჰყვა დედის სურვილს და ბრძანება გასცა, თეკლა დაეწვათ. უმალვე მოაგროვეს თივა და შეშა, ქალწული ბოძზე მიაბეს და ძლიერი ცეცხლი გააჩაღეს, მაგრამ მოხდა სასწაული - ატყდა საშინელი ჭექა-ქუხილი, წამოვიდა წვიმა და ცეცხლი ჩააქრო. დამსწრენი შეშინებულნი მიმოიფანტნენ, თეკლა კი უვნებელი ჩამოვიდა კოცონიდან. ალი მის კაბის კალთასაც არ შეხებოდა.
ამის შემდეგ ქალწული დიდხანს აღარ დარჩენილა იკონიონში, დაუტევა მშობლიური ქალაქი და თავისი სულიერი მოძღვრის საძებნელად გაეშურა. გზაში პავლე მოციქულის მოწაფე, ონისიფორეს სახლეულთაგანი დაინახა (პავლე მოციქულის მასპინძელიც მასთან ერთად გაეძევებინათ ქალაქიდან), გახარებულმა მისკენ გასწია და პავლეს ადგილსამყოფელი ჰკითხა. მან თეკლა იმ მღვიმესთან მიიყვანა, სადაც მოციქული და მისი მოწაფეები აფარებდნენ თავს.
მღვიმეში შესულ ქალიშვილს მოძღვრის ხმა მოესმა - მისთვის ლოცულობდა და ღმერთს მის ცეცხლისგან განრინებას ევედრებოდა.
გაიხარა სულიერმა მამა-შვილმა ერთურთის ხილვით. ტრაპეზიც გაიშალა: პური, წყალი და მწვანილი. საზრდელით რომ მოძლიერდნენ, თეკლამ უთხრა მოძღვარს, თმას შევიჭრი, ვაჟურად ჩავიცვამ და ყველგან თან გამოგყვებიო. ცუდი დროა, - მიუგო მოციქულმა, - შენ კი მშვენიერი ხარ; ვაითუ ადრინდელზე უარესი განსაცდელი შეგემთხვეს და ვეღარ გიშველოო. შენ მხოლოდ ქრისტეს ბეჭედი მომეცი, - სთხოვა თეკლამ, - და ვერავითარი განსაცდელი ვერ მომერევაო. "სულგრძელებაი და ნიჭი ღმრთისაი მოვიდეს შენდა!" - დალოცა წმინდა მოციქულმა მხევალი ქრისტესი. ამის შემდეგ ონისიფორე ცოლ-შვილითა და მსახურებით შინ გაისტუმრა, თვითონ კი ბარნაბასა და თეკლასთან ერთად ასურეთის ანტიოქიისკენ გასწია.
ქალაქის კარიბჭესთან შემთხვევით ანტიოქიელთა შორის უპირატესს, ვინმე ალექსანდრეს შეხვდნენ. ახალგაზრდა კაცი თეკლას დანახვისთანავე ვნებით აენთო. ჯერ პავლეს ცოლი ეგონა და მრავალი ოქროც შეაძლია, ქალი მისთვის რომ "დაეთმო", მერე კი, როცა შეიტყო, რომ თეკლა ქალწული იყო, ვნებამ უარესად გააკადნიერა. ერთხელ, ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილს, მოეხვია და ვედრება დაუწყო, ცოლად გამომყევიო. ქალწული ტირილით ემუდარებოდა: "ნუ მაიძულებ ამის ჩადენას ღვთის მხევალს; იკონიონიც იმიტომ დავტოვე, რომ გათხოვება არ მსურდაო". ალექსანდრეს უფრო მეტად მოუკიდა ცეცხლი მისმა სიტყვებმა... ამ ძიძგილაობაში ჭაბუკს ქლამიდი შემოეხა, გვირგვინი მოსძვრა და კაცთა წინაშე შერცხვა.
განრისხდა ალექსანდრე, შეიპყრო ქალწული და მსაჯულთან მიიყვანა. "რატომ გაურბიხარ ქორწინებას?" - ჰკითხა მან. თეკლამ თამამად მიუგო: "ჩემი სიძე ქრისტეა, ძე ღმრთისა, და მასთან შეერთებულ ვარ სულიერი ქორწინებით". მსაჯულმა სცადა, თეკლა ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და საშინელი სასჯელი განუჩინა - ბრძანა, ცხოველებისთვის მიეგდოთ შესაჭმელად. ბრალად ორი რამ დასდეს: ქრისტიანობა და ქალწულების დამარხვის სურვილი.
ქალიშვილის დასჯა მეორე დღისათვის გადადეს. თეკლა მთავარს შეევედრა, დასჯამდე დაეცვათ მისი ქალწულება. ის ღამე სიკვდილმისჯილს ტვრიფენასთან, ანტიოქიელ წარჩინებულ ქალთან, გაათევინეს. შემდგომში ტვრიფენამ თავადაც იწამა ქრისტე. მას ახსენებს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: "კითხვაი არქუთ ტვრიფენას და ტვრიფოსას..."
ქალებმა მთელი ღამე საუბარში გაატარეს. დილით კი წმინდა თეკლას მიაკიხეს და თეატრონში წაიყვანეს. მალე გალიიდან ლომიც გამოუშვეს. ატყდა ღრიანცელი, მაგრამ, ყველას გასაკვირად, მხეცი კრძალვით მიეახლა ქალწულს და ფეხები აულოკა. ამის მხილველი მრავალი ანტიოქიელი მიხვდა სასჯელის უსამართლობას და ქალიშვილის გათავისუფლება მოითხოვა, უკეთურნი კი გაიძახოდნენ: ლომი მოაჯადოვა, ჩანს, ტანსაცმელზე აქვს ჯადო, გახადეთ სამოსი და მხეცი ისე მიუშვითო.
დასჯა ამჯერადაც გადაიდო. თეკლამ ის ღამეც ტვრიფენასთან გაათია. ბევრს ევედრა მისი მასპინძელი მსაჯულს თეკლას შეწყალებას, მაგრამ ვერაფერს გახდა. ქალიშვილი ისევ გაიყვანეს სტადიონზე, მთლად გააშიშვლეს და მასზე საგანგებოდ დამშეული მხეცები მიუშვეს. ცხოველებმა, თითქოს შიშველი ქალწულის შეხედვისა რცხვენიათო, მიწამდე დაღუნეს თავები, ერთი ლომი კი ფეხებთან წამოუწვა და ლოკვა დაუწყო. სტადიონზე სამარისებრი სიჩუმე ჩამოვარდა. "დიდია ქრისტიანთა ღმერთი!" - წამოიძახეს აქა-იქ.
რაკი ამჯერადაც არაფერი გამოუვიდათ, ალექსანდრემ მთავარს შესთავაზა, თეკლა მოუთვინიერებელი ხარებისთვის დაეგლეჯინებინათ. გაუძნელდა მსაჯულს, მაგრამ ბოლოს მაინც დაყაბულდა. მოაყვანინეს ხარები, თეკლა გამოაბეს და მათრახი გადაუჭირეს. გაიწიეს თუ არა ხარებმა, ქალწულის ტანზე შემოხვეული თოკები ძაფებივით დაწყდა.
შიშმა აიტანა ქალაქი. თვით ალექსანდრესაც ძალზე შეეშინდა. მსაჯულმა თეკლა იხმო და ჰკითხა: ვინ ხარ, რა ძალა გაქვს ასეთი, რომ ვერაფერი გვნებსო. "მე ვარ მხევალი ღვთისა ცხოველისა და მან, სახიერმა, ასე ინება", - მიუგო ქალწულმა. მსაჯულს ეს რომ ესმა, ბრძანა, თეკლა გაეთავისუფლებინათ და საკადრისად შეემოსათ.
ქალიშვილმა რამდენიმე ხანი ტვრიფენას სახლში დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში უამრავ ქალს უქადაგა სახარება. პავლეს ნახვის სურვილი მაინც არ აძლევდა მოსვენებას. წავიდა, მოძებნა თავისი მამა და მოძღვარი და სთხოვა, გაყოლის ნება მიეცა, მაგრამ წმინდა პავლემ აკურთხა და სელევკიაში გაგზავნა.
წმინდა თეკლა სელევკიის მახლობლად, ერთ მღვიმეში დასახლდა. უამრავი შეჭირვებული და სნეული მიდიოდა მასთან და მისი ლოცვით ორკერძოვე - სულიერად და ხორციელად - კურნებას პოვებდა.
ერთხელ თეკლას სავანეს წარმართმა ქურუმმა ჩაუარა. მოხიბლა ქალწულის მშვენიერებამ და მისი დაუფლება განიზრახა, მაგრამ წმინდანი გაუძალიანდა და ისეთი დაჰკრა, ქურუმი მთელი სამი დღე უგონოდ ეგდო. გონს რომ მოვიდა, ძლივძლივობით ჩააღწია ქალაქამდე და ხალხს უთხრა: "ვიღაც ქალღმერთმა დამმართა ეს ამბავიო". მერე მხატვარს მისი სახე აღუწერა და ფიცარზე დაახატვინა. ღვთის განგებით, სურათი ზედმიწევნით იყო შესრულებული და ძალიან ჰგავდა წმინდა თეკლას. ქურუმმა დიდი სასოებით მიირქვა ხატი, ეამბორა და წამსვე განიკურნა. შემდგომში მოძებნა კიდეც წმინდა ქალწული და სულიერადაც განმრთელდა - ქრისტეს რჯულზე მოექცა.
ასე ღვთისა და კაცთა სამსახურში გალია დღენი წმინდა ქალწულმა და ღრმა მოხუცებულობას მიაღწია. უამრავი სნეული მიდიოდა მასთან კურნების სათხოვნელად, სხვა მკურნალებს კი ავადმყოფები აკლდებოდათ. შურითა და ბოღმით აღვსილებმა, მოისყიდეს ურცხვი ყმაწვილები და ქალწულისთვის ნამუსის ახდა დაავალეს, დაათვრეს და ამ ცოდვილი საქმის აღსასრულებლად გაუშვეს.
წმინდანმა შორიდანვე მოჰკრა თვალი მისკენ მიმავალთ, მიხვდა, რაც მოელოდა და ილტვოდა მათგან, მაგრამ სად გაექცეოდა ვნებამორეულ ახალგაზრდებს! მაშინ აღაპყრო ხელნი და უფალს შეჰღაღადა: "მიხსენ ამ ურჯულოთა ხელთაგან, ნუ მისცემ შესაგინებლად ჩემს უმანკოებას, რამეთუ შენდა მსურის, სიძეო უბიწოო!" უეცრად ზეციდან ხმა ჩამოესმა: "ნუ გეშინია, თეკლა, მე შენთან ვარ, ჭეშმარიტო მხევალო ჩემო! აგერ, იხილე კლდე შენთვის განღებული, შედი მასში. დაე, ის იქცეს შენს საუკუნო განსასვენებლად".
შევიდა წმინდანი კლდის ნაპრალში და კლდე მყისვე დაიხურა.
ეს ყოველივე ისე სწრაფად მოხდა, ჭაბუკებს ხელში წმინდა თეკლას სამხრეღა შერჩათ, ესეც მხოლოდ იმიტომ დაუშვა უფალმა, რომ მომხდარი ჩვენება არ ჰგონებოდათ.
წმინდანის სამხრე ქრისტიანებმა ევლოგიად გაინაწილეს.
დედაეკლესიამ წმინდა თეკლას პირველმოწამე და მოციქულთა სწორი უწოდა, რადგან მან მრავალი განსაცდელი დაითმინა ქრისტეს გულისთვის და ქალწულების დამარხვისათვის, რასაც წმინდა იოანე ოქროპირი მოწამეობას ადარებს. ინებოს ღმერთმა, მისებრ ღვთისმოშიში, ღვთის მოსიყვარულე სული გადმოსულიყოს დღევანდელ ქრისტიანებზეც, რათა წმინდა პირველმოწამის ლოცვითა და შემწეობით ჩვენც გვეპოვოს ზეციური სიძე - უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი