მაალულია არამეული სიტყვაა. არამეულ ენაზე ის ამგვარად გამოითქმის: "მოულიულა", - რაც ნიშნავს შესასვლელს, რომელიც გაიარა წმინდა თეკლემ მთებში.
მონასტერი დამასკოდან 60კმ-ზეა. მის გვერდით მდებარეობს სოფელი კალამონიანი, რომელიც არწივის ბუდეს მოგაგონებთ. სახლები კლდეებზე, ორიგინალური არქიტექტურული სტილით, საფეხურებად არის გაშენებული. სოფლის მკვიდრნი არამეულ და არაბულ ენებზე ლაპარაკობენ.
წმინდა თეკლეს მონასტერი ერთ-ერთი უძველესი სავანეა სირიაში. ის მეოთხე საუკუნით თარიღდება. მონასტრის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ჯერ გააფართოვეს გამოქვაბული, რომელიც მთის აღმოსავლეთ ნაწილში, სავანის ზემოთ მდებარეობს. მის სამხრეთ ნაწილში აკლდამაა, სადაც მონასტრის მფარველის წმინდა ნაწილებია დაკრძალული. გამოქვაბულის გვერდით დგას ძველი დახურული ეკლესია ქვის ტრაპეზით, რომლის საკურთხეველიც კლდეშია ნაკვეთი. ტაძრის მახლობლად წყაროა, რომლის წყალსაც მორწმუნეები კურთხევასავით იღებენ, სვამენ, ჯვარის სახით ისვამენ შუბლზე.
გამოქვაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ჭერიდან მაკურნებელი წყალი წვეთავს. იქვე, გამოქვაბულშივე, დგას ხე, რომლის ასაკი საუკუნეებს აღწევს.
ამ სიწმინდეებთან მივყავართ კიბეს, რომელიც მონასტრის შიდა ეზოსკენ მიემართება.
მონასტერს XVIII საუკუნეში მისივე მკვიდრთა შემოწირულობით რამდენიმე სენაკი მიემატა. ეს შენობები კომპლექსის ჩრდილოეთ ნაწილში, კლდეებზეა განლაგებული. სამხრეთ ნაწილში ტაძარია, რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევარში აიგო.
მონასტერთან მოქმედებს სკოლა ობოლი გოგონებისთვის. ის მონასტრის ახლანდელმა წინამძღვარმა დედა ბილაგიე საიაფამ გახსნა. იღუმენიამ დააარსა სახელოსნოც, სადაც თავშესაფრის აღსაზრდელები და სკოლის მოსწავლეები ხელსაქმეს სწავლობენ.
იღუმენია მონასტრის სამფლობელოების ნაწილს აქირავებს, რათა შემოსული თანხები სავანის რესტავრაციას და სხვა საჭიროებას მოახმაროს.
მონასტერში მსახურობენ ქალაქის მღვდლები, რომლებიც უნეტარესი პატრიარქის ეგნატე IV-ის ხელმძღვანელობით ახალგაზრდებთანაც მუშაობენ.