კახეთის სამეფო კარს თავს დამტყდარი უბედურება შაჰ-აბას I იწყებს თავისი გეგმის - აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობის განხორციელებას. შაჰმა კარგად იცოდა, თუ რა ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა საქართველოში ალექსანდრე, ისიც კარგად უწყოდა, რომ კახეთის მეფე არ აპირებდა ირანის წინაშე ქედის მოხრას, მაგრამ შაჰი ალექსანდრესთან ჯიქურ შებმას ერიდებოდა - კახელების ლაშქარი დიდი ძალა იყო ოსმალებთან ბრძოლაში; ამიტომ ვერაგმა შაჰმა გადაწყვიტა, ეს ურჩი ქვეყანა იარაღის გამოუყენებლად, სამეფო ოჯახში გადატრიალების მეშვეობით დაემორჩილებინა. ამისთვის მან შვიდი წლიდან თავისი აღზრდილი, გამაჰმადიანებული კონსტანტინე ალექსანდრეს ძე გამოიყენა, რომელიც იყო "ფრიად შემყვარე სჯულთა მათთა". შაჰ-აბასმა კონსტანტინე-მირზას შირვანი უწყალობა, მამისა და ძმის მოსაკლავად და კახეთის დასაპყრობად საქართველოში წარმოგზავნა და საუკეთესო ლაშქარიც გამოატანა. კახეთის საზღვრებს მოახლოებულმა კონსტანტინემ თავისი მოსვლის შესახებ მამას აცნობა. გახარებული ალექსანდრე, გიორგისთან ერთად, წინ მიეგება მონატრებულ შვილს. ორივე ღმერთს მადლობდა, რომ დაკარგული შვილი და ძმა კიდევ ნახეს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებული. კონსტანტინემ შაჰის გამოგზავნილი ხალათი მამას გადასცა და მიეცნენ შვებასა და განცხრომას. უფლისწულმა გიორგიმ გაიგო ძმის სტუმრობის მიზეზი, მამა გაიხმო და ყოველი გაუზიარა. გიორგის მსჯელობა სრულიად საფუძვლიანი იყო: მას არ მოსწონდა შაჰის მიერ კონსტანტინეს ასეთი დიდი უფლებებით აღჭურვა. იგი ამტკიცებდა, რომ თუ გამაჰმადიანებული კონსტანტინე შირვანს დაიპყრობდა, საქართველოშიც შეიჭრებოდა. მამა-შვილი გამოსავლის ძებნას შეუდგა. ერთადერთი საშუალება იყო ის, რომ დრო გაეჭიანურებინათ და არ დახმარებოდნენ კონსტანტინეს შირვანზე განზრახულ ლაშქრობაში, რის გამოც იგი იძულებული გახდებოდა, უარი ეთქვა ამ ლაშქრობაზე და შაჰთან დაბრუნებულიყო. კონსტანტინე-მირზა (კუსტენდალ-მირზა, როგორც სპარსელები ეძახდნენ) მაშინვე მიხვდა, თუ რატომ ცდილობდა მამა-შვილი ამ ლაშქრობის გადადებას და გადაწყვიტა თავისი ბოროტი განზრახვა დროზე აესრულებინა.
ერთ დღეს კონსტანტინემ თავის კარავში მიიწვია მამა და ძმა და შირვანზე გალაშქრების შესახებ უხეშად დაუწყო ლაპარაკი. ალექსანდრემ თანმხლებ კახელებს გასვლა უბრძანა, ისინიც თავ-თავიანთ კარვებში წავიდნენ. დარჩა მათთან რუსთაველი ეპისკოპოსი და მისი ძმა, ყორჩიბაში აბელ ანდრონიკაშვილი. ამ დროს კარავში შემოცვივდნენ ყიზილბაშები და უკლებლივ ყველა ამოხოცეს (1605 წ.). ამ გადაგვარებულმა ქართველმა მამისა და ძმის მოკვეთილი თავები ირანის მბრძანებელს გაუგზავნა, რითაც კიდევ ერთხელ "დაუმტკიცა" გამზრდელს ერთგულება, ხოლო გვამები ალავერდს გაგზავნა, სადაც ქეთევან დედოფალმა დაკრძალა მეფური პატივით.
შეძრწუნებული კახელები განეშორნენ მამისა და ძმის მკვლელს, მაგრამ კონსტანტინემ ზოგი დაპირებითა და ზოგიც ყაენის შიშით შემოირიგა და "იწყო დაპყრობა კახეთისა": იგი სათავეში ჩაუდგა სპარსულ ჯარს, რომელიც კახეთის გარეთ იყო დაბანაკებული, შეიჭრა კახეთის სამეფოში... ხელთ იგდო ხაზინა და დაიმორჩილა მთელი სამეფო.
ურჯულო კონსტანტინეს გაბატონებამ კახეთი გათათრების საფრთხის წინაშე დააყენა, მან კი უკეთურებას უკეთურება დაამატა და ქეთევანს, თავის ძმის ცოლს, შეუთვალა: "შეგირთავ ცოლად და შენცა მორჩილ მექმენ, რამეთუ შერთვა რძლისა არს წესი და ჩუეულება მაჰმადის სჯულისა... შემირთევ და იყავ კუალადცა დედოფალი და, უკეთუ ესე არა ინებო, მე ძალით ვყო ესე". ქეთევანი ძლიერ შეშფოთდა და შეუთვალა: "ღმრთის მგმობარო, მამის მკვლელო და ძმისაო, ავის მქნელო, ავის მთქმელო, შენ, უღირსო სულდგმისაო, ყოვლის კაცის საძაგელო, სულ მოქმედო ავისაო, ღვთით, ადრე ვეჭვ შეგანანო, თხოვა ჩემის თავისაო" ("არჩილიანი"). ამავე დროს, კახელ თავადებს უთხრა: თუ სარწმუნოებისა და ქვეყნის ღირსებას ვერ დაიცავთ, ქართლში დავბრუნდებიო. მათაც შეჰფიცეს ქეთევანს, რომ ამ უსჯულოებას არ დაუშვებდნენ და ფარულად აჯანყებისათვის დაიწყეს მზადება.
კონსტანტინემ კახეთის სამეფოში რვა ათასი მებრძოლი შეაგროვა, ექვსიათასიან სპარსულ ჯართან ერთად შირვანის წინააღმდეგ ილაშქრა და შაქის პროვინცია ოსმალებისგან გაათავისუფლა. სწორედ აქ დააპირეს აჯანყებულმა ქართველებმა მოღალატის მოკვლა, მაგრამ გაასწრო და მომხდარი ამბავი შაჰს შეატყობინა. მანაც რვაათასიანი ლაშქარი გამოუგზავნა. კონსტანტინე კახეთში შეიჭრა. ამ გასაჭირის ჟამს კახეთის ქართველობას ქართლელები მიეშველნენ პაპუნა ამილახვრის სარდლობით. ბელაქნის წყალთან ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს და რჯულისა და ადათის შემაგინებელი კონსტანტინე მოკლეს, ხოლო ყიზილბაშთა ლაშქარი გააქციეს (ქართველებმა უარი განაცხადეს ბრძოლის გაგრძელებაზე, რადგან მრისხანე შაჰ-აბასთან ურთიერთობა აღარ გაამწვავეს). ქეთევანმა უკეთური კონსტანტინეს გვამის მაჰმადიანური წესით დამარხვა უბრძანა და კახეთის სამეფოს ჩაუდგა სათავეში. ამდენად, კახეთის "გაყიზილბაშების" გეგმა შაჰმა რამდენიმე წლით გადადო. იმ დროს შაჰ-აბასი ოსმალეთის მორჯულებაზე ფიქრობდა და კახეთი აღარ დასაჯა...
თეიმურაზის კახეთის მეფედ კურთხევა ქეთევან დედოფალი მყუდროდ და მშვიდად განაგებდა კახეთს. ამ პერიოდისთვის თეიმურაზი შაჰის კარზე იყო. დედოფალმა დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა: ელჩების ხელით ძღვენი გაუგზავნა შაჰ-აბასს და მისწერა: მეფეო, გამოგზავნე ჩემი ძე, თეიმურაზი, რადგან შენთვისაც უკეთესია შენთან გაზრდილის გამეფება, თუ არა, ეს სამეფო განუდგება შენს მფარველობას და სულთანს დაემორჩილებაო. შაჰი მიხვდა, რომ კახეთი უბრძოლველად თავისუფლებას არ დათმობდა, მისი ძალით გატეხა კი ოსმალეთთან ომისას ადვილი საქმე როდი იყო და დროებით უკან დაიხია, თეიმურაზი დაიბარა და უთხრა: ბოროტ კონსტანტინეს, რომელიც მე სამშვიდობოდ გავუშვი, მოუკლავს მამა და ძმა, მაგრამ კახელებს პასუხი მოუთხოვიათ მისთვის და იგიც მოუკლავთ. ახლა სასწრაფოდ წადი, რომ რამე შფოთი არ ჩამოვარდესო. დაასაჩუქრა თეიმურაზი და თანმხლებ კახელებთან ერთად სასწრაფოდ სამშობლოში გამოისტუმრა. შაჰმა თეიმურაზი უკან იმ მიზეზითაც გამოუშვა, რომ ეშინოდა, ქართლის სამეფოს უმემკვიდროდ დარჩენილი კახეთის სამეფო არ შეეერთებინა, ქართლ-კახეთის გაერთიანება ხომ შაჰს განსაკუთრებით აფრთხობდა. უნდოდა, ეს ორი ქართული სამეფო ერთმანეთის მტრებად დარჩენილიყო.
მოულოდნელად მოვიდა ჭაბუკი თეიმურაზი ქიზიყს და იქიდან აცნობა დედას სამშობლოში დაბრუნება. შემდეგ გრემშიც მივიდა და "იყო სიხარული დიდი დედა-შვილისაგან და ყოველთა კახთა, მერმე მოვიდა და ეკურთხა ბოდბეს". შაჰ-აბასი დათანხმდა, რომ თეიმურაზის მეფედ კურთხევა ქრისტიანული წესით ჩატარებულიყო (მემატიანის ცნობით, შაჰი ამ კურთხევას თვითონაც დასწრებია). ვახუშტი წერს: "დაჯდა მეფედ 16 წლის მეფე თეიმურაზი და განაგებდა კახეთსა". ქეთევან დედოფალმა თეიმურაზს მიანდო სამეფო და თვით სულიერ ღუაწლს შეუდგა.
იმავე წელს (1606 წ.) ქართლის მეფის გიორგი X-ის უეცარი გარდაცვალების შემდეგ (მაჰმადიანობის მიუღებლობისთვის მოაწამვლინა ვერაგმა შაჰ-აბასმა), ქართლის ტახტზეც ქრისტიანი მეფე, 14 წლის ლუარსაბ გიორგის ძე დაამტკიცა შაჰმა.
შაჰი ერთგვარ კომპრომისზე წავიდა, როდესაც ქრისტიანი მეფეები დანიშნა: კახეთში - თეიმურაზ I და ქართლში - ლუარსაბ II, ვასალობის პირობით, რაც ნიშნავდა შაჰის დაძახებაზე მათ მიერ ჯარის გამოყვანის აუცილებლობას.
ევროპელი მისიონერები ხშირად აქებენ თეიმურაზ მეფეს და მიუთითებენ მის განათლებაზე: "თეიმურაზი, - წერს ერთ-ერთი მათგანი, - მშვენიერი შეხედულებისაა, სახის კანის ფერი თეთრი, არწივისებური ცხვირი, დიდი და მრგვალი თვალები, სიმაღლით - საშუალოზე მაღალი, ტანში გამართული, თავაზიანი, მეტად ზრდილობიანი, ბევრი ენის - ქართულის, თურქულის, სპარსულის ცოდნით დამშვენებული, რომელზედაც ენაწყლიანად მეტყველებს; მოლაპარაკების დროს ნიჭიერი, ბრძოლებში მამაცი, შესანიშნავი პოეტი..." ჭაბუკმა მეფემ ცოლად მამია გურიელის ასული ანა მოიყვანა, რომელთანაც ეყოლა ლევანი და ალექსანდრე. 1610 წელს ანა გარდაიცვალა.
ამასობაში ოსმალთა ლაშქარს ზედიზედ ამარცხებდნენ ირანელები. შაჰ-აბასმა 1606 წელს დაიკავა განჯა და ირანელთა ლაშქარმა გეზი თბილისისკენ აიღო. თბილისში მყოფი თურქები უბრძოლველად დანებდნენ ირანელებს. ამ გამარჯვების შემდეგ თვით შაჰ-აბასი მოსულა თბილისში.
ქართლიდან წასული შაჰ-აბასი შემახას ციხეს შემოეწყო და თეიმურაზიც იხმო ჯარით. თეიმურაზმა თავი აარიდა ლაშქრობას და დედა გაუგზავნა ათასკაციანი ლაშქრით. შაჰი განაწყენდა, მაგრამ არ შეიმჩნია ბოღმა და დედოფალი კარგად მიიღო, მისი ჯარი არ დაასაქმა და სამშობლოში დააბრუნა. ამდენად, ქეთევანი შაჰს უკვე ორჯერ ეწვია:
1604 წელს - შვილების მძევლებად დასატოვებლად და მეორედ - 1607 წელს, თეიმურაზის მაგივრად. მას შემდეგ, რაც 1609 წელს ქართველებმა ქართლში შემოჭრილი ოსმალები დაამარცხეს, ქართლისა და კახეთის მეფეები, ლუარსაბი და თეიმურაზი, დიდი ძღვნით ეახლნენ შაჰს. ამ ნაბიჯის შედეგად ქართლ-კახეთში დროებითი მშვიდობა დამყარდა.
1612 წელს, ოსმალეთთან დაზავების შემდეგ, შაჰ-აბასმა ქართლ-კახეთისათვის მოიცალა. მას განზრახული ჰქონდა ქართლ-კახეთის აყრა, აქ მაჰმადიანური ტომების ჩასახლება და ირანს დაქვემდებარებული სახანოების შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად მას, უპირველესად, მეფეები და მმართველი დინასტიის სხვა წარმომადგენლები უნდა მოეშორებინა თავიდან. საამისოდ სხვადასხვა ხერხს მიმართავდა. მან ლუარსაბ ქართლის მეფეს წერილი მისწერა: თეიმურაზი მოჰკალ და კახეთიც შენ დაიჭირეო. ასეთივე წერილი გაუგზავნა კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს, მაგრამ საქართველოში მიმხვდარან შაჰის მზაკვრობას. შაჰი ცდილობდა არა მარტო ქართლისა და კახეთის წაკიდებას, არამედ ყოველ ღონეს ხმარობდა თვით სამეფოების შიგნით განხეთქილების ჩამოსაგდებად. იგი მფარველობდა ქართველი მეფეების მოწინააღმდეგე ფეოდალურ დაჯგუფებებს, რის გამოც ირანის სამეფო კარზე მრავლად იყვნენ თეიმურაზისა და ლუარსაბის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები. ამავე დროს, შაჰ-აბასი, როგორც გამოცდილი და ჭკვიანი პოლიტიკოსი, ცდილობდა, სხვადასხვა გზით საქართველოდან გაეყვანა გამოჩენილი სახელმწიფო, საზოგადო და სამხედრო პირები და ირანში დაეტოვებინა. დიდი გამარჯვება იყო ირანის მბრძანებელისათვის გამოჩენილი ქართველი მხედართმთავრის გიორგი სააკაძის ირანში გადახვეწა. მან დიდი პატივით მიიღო სააკაძე.
შაჰის გეგმებს საქართველოშიც კარგად ხვდებოდნენ. თეიმურაზსა და ლუარსაბს ერთმანეთისათვის ფიცი მიუციათ, რომ "ერთსულოვანნი და ერთაზროვანნი" იქნებოდნენ. 1612 წელს თეიმურაზმა ცოლად შეირთო ლუარსაბის და - ხორეშანი, რამაც ქართლ-კახეთის მეფეების კავშირი განამტკიცა. ეს არ მოეწონა შაჰ-აბასს და იმავე წელს ორივე მეფე მაზანდარანში დაიბარა ნადირობის საბაბით. თეიმურაზი და ლუარსაბი მიუხვდნენ შაჰს ჩანაფიქრს და არ წავიდნენ, რაც აშკარა ამბოხს ნიშნავდა.
ირანის შაჰის შურისძიება
ირანის შაჰი შურის საძიებლად მოემზადა. 1613 წელს დაიძრა ქართლ-კახეთისკენ. შაჰ-აბასი გზადაგზა ნადირობდა, მისი დიდი ლაშქარი ნელ-ნელა მოდიოდა.
შაჰი ხმებს ავრცელებდა, ოსმალეთთან საომრად ვემზადებიო. ამავე დროს, სულთანს აცნობა, რომ დარხეული ხმები არ დაეჯერებინა და ეს ამბავი ზავის დარღვევად არ მიეჩნია. მალე ირანელთა ლაშქარი ყარაბაღში შევიდა, იქიდან განჯაში გადავიდა და ზამთარი იქ გალია.
შაჰ-აბას I-მა თეიმურაზს შიკრიკის პირით შეუთვალა, - ოსმალეთში ლაშქრობას ვაპირებ და გული რომ იმედიანად მქონდეს, მძევლად შენი შვილი გამომიგზავნეო. თეიმურაზს არ უნდოდა შვილის მძევლად მიცემა, რადგან იცოდა, შაჰი დაუნდობელი და ცბიერი იყო, მაგრამ დიდებულებმა მხარი არ დაუჭირეს, რადგან საქართველოს ძალა არ შესწევდა, უკუექცია მტერი და იძულებული გახდა, უმცროსი ვაჟი ალექსანდრე, რომელიც სამი-ოთხი წლისა იქნებოდა, შაჰთან გაეგზავნა და დედაც თან გაეყოლებინა - უფრო პატივს დამდებს და "არა აწყენს შვილსა ჩემსაო და შეეხვეწა გაუწყრომლობასა". ხალხიც სთხოვდა ქეთევანს: "წარვედ, ჰოი, დედოფალო, წარვედ და გვიხსენ ჩუენ". წმინდა ქეთევანიც უყოყმანოდ დათანხმდა "ერთგულებისათვის მამულისა და მშვიდობით დაცვისათვის ერთა თვისთა". გამგზავრების წინ დედოფალს გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარში მხურვალედ ულოცია.
განჯაში მყოფი შაჰ-აბასი, როდესაც ქეთევან დედოფლისა და ყრმა ალექსანდრეს მისვლა შეატყობინეს, ძლიერ განრისხებულა და თეიმურაზისთვის შეუთვლია: ძიძა ხომ არა ვარ... რომ ასეთი პატარა ყმაწვილი გამომიგზავნე, თუ ჩემთან მშვიდობის დამყარება გსურს, უფროსი შვილი წარმომივლინე და მე პატივს ვსცემ დედაშენს და უკან გამოგიგზავნიო. არც ლევანის გაგზავნა უნდოდა თეიმურაზს, დედამაც საიდუმლოდ შემოუთვალა, ლევანი არ გამოგზავნოო, მაგრამ ვინაიდან კახეთის სამეფოს განადგურება ემუქრებოდა სპარსთაგან, ორ ცეცხლშუა მოქცეულმა მეფემ, საშიშროების თავიდან ასაცილებლად, უფროსი შვილი, 5-6 წლის ლევანიც გაგზავნა და თან დავით ასლანიშვილი აახლა. როცა შაჰმა თეიმურაზიც ისპაანს დაიბარა, ნათელი გახდა, რომ იგი ბაგრატიონთა კახური შტოს ამოწყვეტასა და კახეთის აოხრებას ლამობდა და თეიმურაზი აღარ ეახლა. აი, მაშინ კი დატრიალდნენ კახელები და სასწრაფოდ შეუდგნენ ჯებირების მშენებლობას, მაგრამ უკვე გვიან იყო.
...შაჰ-აბასმა კახეთის დედოფალი შესაფერისი პატივით მიიღო. ქეთევანი, როგორც დიდ მბრძანებელს, ღირსეულად მიესალმა მას, მაშინდელი წესის თანახმად შეაქო, გულმხურვალედ შეავედრა თავისი პატარა სამეფო და დიდად ტანჯული ერი. მაგრამ ვაი, რომ ქეთევან დედოფლის წინაშე სასტიკი და შეუბრალებელი ტირანი იჯდა, რომელსაც ქართველი ხალხის სისხლი სწყუროდა. შაჰმა ჰკითხა ქეთევანს, რატომ არ მეახლა თვითონ თეიმურაზიო. ბრძენმა დედოფალმა მიუგო, რომ ერთგულების ნიშნად თეიმურაზმა შაჰს ანდო ყველაზე ძვირფასი, რაც კი გააჩნდა - საკუთარი დედისა და შვილების სიცოცხლე და წარუდგინა შაჰს ყრმა შვილიშვილები. შეავედრა მათი სიცოცხლე და წარმოთქვა: დიდებულო ხელმწიფევ! ჩემი ძე თეიმურაზი უმორჩილესად გთხოვთ, დაიცხროთ მრისხანება და მოგვცეთ საშუალება, მშვიდობიანად ვიცხოვროთ. ვიმედოვნებ, არ ისურვებთ, ჩემი ელჩობა უშედეგოდ დამთავრდეს და ნებას დამრთავთ, დავბრუნდე ჩემს შვილთან და ჩემს ხალხთან სასურველი ზავით, რისთვისაც ისინი ქებას შეასხამენ თქვენს სიკეთეს, სამართლიანობასა და კეთილშობილებასო. შაჰი ჩაფიქრდა. უფრო განრისხდა, მაგრამ მძვინვარება დამალა, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, რამდენიმე თვალთმაქცური სიტყვა უთხრა და შვილიშვილებთან ერთად განჯიდან აშრაფს წარავლინა.
ვერაგი შაჰი სწრაფად დაიძრა განჯიდან, გადმოლახა მტკვარი და 1614 წლის გაზაფხულზე კახეთში შეიჭრა. კახეთი მტერს მოუმზადებელი შეხვდა. ნაწილი კახთა დიდებულებისა შაჰ-აბასს ეახლა და მისგან საჩუქრებით ხელდამშვენებული განზე გადგა. თეიმურაზი მრავალრიცხოვან მტერთან რამდენიმე შეტაკების შემდეგ იძულებული გახდა, ქართლში გადასულიყო. მუხრანში მას ამალითა და მცირე ჯარით ელოდებოდა ქართლის მეფე ლუარსაბი. გამოირკვა, რომ არც ქართლს შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა. განრისხებულმა შაჰ-აბასმა ხელი მიჰყო კახეთის აოხრებას. 50 დღეში მიწასთან გაასწორა აყვავებული ქვეყანა. თეიმურაზი ბრძოლით იხევდა ქართლისაკენ. არც ლუარსაბს ჰყავდა საკმარისი ძალები და ორივენი იმერეთში გადაიხვეწნენ. კახეთის მმართველად შაჰმა ირანში აღზრდილი და გამაჰმადიანებული კახი ბატონიშვილი ისა-ხან-მირზა დანიშნა (თეიმურაზის ბიძაშვილი, გიორგის შვილი).
შაჰ-აბასი კახეთიდან ქართლში გადმოვიდა, გორში გაჩერდა. მან დესპანის პირით იმერეთის მეფეს თეიმურაზისა და ლუარსაბის გადაცემა მოსთხოვა. იმერეთის მეფე გიორგი III-მ თავის ძვირფას სტუმრებს არ უღალატა, შაჰს თავაზიანი უარი შეუთვალა: ქრისტიანული წესით, სტუმრების გაცემის უფლება არა მაქვსო. შაჰი იძულებული იყო, ეს უარიც მოეთმინა, რადგან ოსმალებთან დადებული ზავი ხელ-ფეხს უკრავდა იმერეთში გადასასვლელად. ცბიერი შაჰი მიხვდა, რომ გამოცდილსა და ჭკვიან თეიმურაზს ვერ შეაცდენდა, მთელი ყურადღება მეფე ლუარსაბის ხელში ჩაგდებაზე გადაიტანა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე