ქართველი ერის გადარჩენაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. საქმე ისაა, რომ ეროვნებას მხოლოდ ის ინარჩუნებდა, ვინც თავს მშობლიური მართლმადიდებელი ეკლესიის შვილად თვლიდა. ქართველი ერის საშინელი განსაცდელის ჟამს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა მაგალითის ძალას. იმდროინდელ საზოგადოებაში მაღალი ფენები, მეფე-დედოფლები, მთავრები, თავადაზნაურობა და მათი ოჯახის წევრები სამაგალითონი იყვნენ მოსახლეობის დაბალი ფენებისათვის, ხალხისთვის: თუ მაღალი ფენები ქრისტიანობას იცავდნენ, გლეხობაც ასე იქცეოდა; მაღალი ფენების გამაჰმადიანებას, ჩვეულებრივ, დაბალი ფენების გამაჰმადიანებაც მოჰყვებოდა ხოლმე შედეგად. ვახუშტი ბაგრატიონი თავის "ისტორიაში" წერს: "თუმცა წარჩინებულნი (იგულისხმება მესხეთის მაღალი ფენა XVII ს-ის 50-იან წლებში) მაჰმადიანნი იყვნენ, არამედ ცოლნი მათნი და მხევალნი იყვნენ ყოველნი ქრისტიანენი. ხოლო ჟამსა როსტომ ფაშისასა მიუვლინა ხონთქარმან ბრძანება, რათა იყვნენ ცოლნიცა მათნი, რომელნი მაჰმადიან არიან, მაჰმადიანად. ესე უთხრეს ცოლსა როსტომ ფაშისასა... აიძულებდნენ ყოფად მაჰმადიანად... ამის მიზეზისათვის იტყოდა: "უკეთუ დაატევებინოთ ყოველთა წარჩინებულთა ცოლთა უწინა ჩემსა ქრისტე, მერმე დაუტეო მეცა, უკეთუ არა, არცა მე". მაშინ შეუთქვეს რა წარჩინებულთა ცოლთა მას ყოველთა, შიშისათვის ტანჯვისა დაუტევეს ქრისტე და გამაჰმადიანდნენ ყოველნი სრულიად და უღონო ქმნილი გამაჰმადიანდა იგიცა. არამედ იქმნა რისხვა ღვთისა ცოდვათა ჩვენთათვის, რამეთუ აწ უმეტეს მოოხრდებოდნენ ეკლესიანი დიდშვენიერნი და იქმნებოდნენ პირუტყვთა სადგურნი... მოისპობოდნენ ეპისკოპოზნი, თუ სადმე იყო, და მონაზონნი და მწყემსნი... და შეიქმნა სრულიად მაჰმადიანობა წესითა და რჯულითა მათითა".
აი ასე, მაგალითის ძალით, წარჩინებულთა გამაჰმადიანების შემდეგ მესხეთი თითქმის სრულიად გამაჰმადიანდა. მალე სარწმუნოებადაკარგულმა მოსახლეობამ ეროვნება - ქართველობაც დაკარგა. ასეთი ვითარების დროს განსაკუთრებითაა დასაფასებელი კახეთის დედოფლის, ქეთევანის, თავდადება სარწმუნოებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ წმინდა ქეთევანის, წმინდა მეფის ლუარსაბ II-ისა და სხვა წარჩინებულთა, საეკლესიო მოღვაწეთა თუ ერისკაცთა ქრისტესადმი თავდადებამ გადაარჩინა მამული და ქართველი ერი სულიან-ხორციანად მოსპობას და სხვა ხალხებთან ასიმილაციას. XVII საუკუნე სწორედ ქრისტეს მოწამეთა სიმრავლითაა გამორჩეული. მრავალრიცხოვან წამებულთაგან ქართულმა ეკლესიამ წმინდანთა რიცხვში მხოლოდ ზოგიერთი მათგანის შეყვანა შეძლო, იმდენად დიდი იყო მათი რიცხვი. კანონიზებულნი არიან: 1616 წელს დავითგარეჯის უდაბნოში ამოწყვეტილი 6 000 წმინდა მოწამე, საქართველოს დიდებული მეფე ლუარსაბი, ქრისტესათვის წამებული 1622 წელს, დიდმოწამე, საქართველოს მნათობი, კახეთის დედოფალი ქეთევანი, ნაწამები 1624 წელს, ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით და მათთან ერთად მარაბდის ბრძოლის ველზე 1625 წელს ამოწყვეტილი 9000 ქართველი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მეთაური, წმინდა მამა ევდემოზ კათალიკოსი, ბიძინა, ელიზბარი და შალვა, წამებით აღსრულებულნი 1661 წელს, 1696-1700 წლებში გარეჯის მონასტერში ლეკთაგან ამოწყვეტილი ღირსი მამები: შიო ახალი, დავითი და გაბრიელი, ამათ გარდა კიდევ რამდენმა დადო თავი ქრისტესა და სამშობლოსათვის, მათ შორისაა ჩვენი წმინდა მამა - მღვდელი თევდორე, წამებული 1609 წელს, წმინდა ქეთევანის თანმხლები მღვდელი, რომელიც "ღირს იქმნა მოწამისა ღვაწლთასა, რამეთუ მანცა ქრისტესთვის მიიღო აღსასრული ცეცხლისა მიერ. ხოლო სახელი წმიდისა მის მღვდლისა და ქრისტეს მოწამისა იყო ვასილი", - წერს ანტონ კათალიკოსი წმინდა ქეთევანის სვინაქსარში.…
წმინდა მოწამეთა ღვაწლმა ქართული ეკლესია განაბრწყინა. ნათქვამია, ხალხი უბედურებისას გამოიცნობაო. ქართველმა ერმა და ქართულმა ეკლესიამ უბედურებისას დიდი სიმტკიცე გამოამჟღავნეს.
ყველა ქართველისთვის განსაკუთრებული თარიღია 1624 წლის 13 (ახალი სტილით - 26) სექტემბერი. ამ დღეს ქალაქ შირაზში, შაჰ-აბასის ბრძანებით, აღესრულა წმინდა ქეთევან დედოფალი, რომელმაც სასტიკი წამებით სიკვდილი არჩია "გათათრებას" - მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სამშობლოს ღალატს. ქართველი ხალხის მეხსიერებაში ქეთევან დედოფალი დიდი ხანია გადაქცეულია ყველა ტანჯულისა და წამებულის, მაგრამ სულით უძლეველი და დაუმარცხებელი ადამიანის სიმბოლოდ. სწორედ ამიტომ იკავებს იგი საპატიო ადგილს საქართველოს იმედის ხატზე.
ისტორიული მიმოხილვა
XV საუკუნის მიწურულს საქართველო ოფიციალურად დაიშალა: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ. ამის შემდეგ ჩვენს სამშობლოს ერ¬თიანი მეფე აღარ ჰყოლია. მთელი XVI საუკუნის განმავლობაში საქართველო ებრძოდა ჯერ სპარსეთს, შემდეგ კი ოსმალეთს, რომელიც სპარსეთის ძლიერ და დაუცხრომელ მეტოქედ იქცა. XVII საუკუნის დასაწყისისათვის საქართველოში, ისევე როგორც მთელ ამიერკავკასიაში, ოსმალეთი ბატონობდა, მიუხედავად ამისა, ოსმალეთის დამოკიდებულება საქართველოს სამეფო-სამთავროებისადმი არ იყო ერთგვარი. დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები საშინაო პოლიტიკაში დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ, ქართლის მთავარ ციხეებში ოსმალთა გარნიზონები იდგნენ, მაგრამ ქართლი ქედს არ იდრეკდა, მედგრად ებრძოდა ოსმალო დამპყრობთ. კახეთის სამეფო მტერთაგან თავისუფალი იყო, თუმცა კი ერთდროულად სამი დიდი სახელმწიფოს - ირანის, სპარსეთისა და რუსეთის ვასალი გახდა. სამი ქვეყნის ვასალობა და ამის ხარჯზე შედარებით მყუდროებაში ცხოვრება კახეთის მეფეებმა მოქნილი პოლიტიკით შეძლეს. მამის, ლევან II-ის პოლიტიკას წარმატებით განაგრძობდა კახთა მეფე ალექსანდრე II (1574-1605). 1578 წელს, თბილისის აღების შემდეგ, ოსმალო მუსტაფა ლალა ფაშა კახეთისკენ დაიძრა. კახეთის მეფე მუსტაფას სართიჭალასთან დახვდა, სადაც გაიმართა მოლაპარაკება. ალექსანდრემ დიდი დიპლომატიური ნიჭის წყალობით დაითანხმა ოსმალთა სარდალი, იგი ქრისტიან მეფედ დაეტოვებინათ და მხოლოდ მცირე ყოველწლიურ ხარკს დააჯერა - 30 საპალნე აბრეშუმს. ალექსანდრეს დაევალა, ოსმალებთან ერთად ირანთან ებრძოლა. 1578 წელს შაჰმა ალექსანდრეს გამაჰმადიანებული ძმა ისა-ხანი (იესე) დასვა შაქის გამგებლად. აშკარა იყო, რომ შაჰი ალექსანდრეს მისსავე ძმას უპირისპირებდა. ალექსანდრემ სწორად შეაფასა შექმნილი ვითარება. შაქში ილაშქრა და ძმა დაამარცხა. შაქის მმართველად კი თავისი შვილი, ერეკლე, დანიშნა.
ამასობაში კავკასიით კვლავ დაინტერესდა რუსეთი. რუსეთისთვის სახიფათო იყო კავკასიაში ოსმალეთის გაბატონება, ამიტომ რუსეთის მეფემ კახეთის მეფეს გამოუგზავნა აგენტი და რუსეთის მფარველობაში შესვლა შესთავაზა. ალექსანდრე II ხვდებოდა, რომ ოსმალეთი მხოლოდ ხარკს არ დასჯერდებოდა და კახეთის თავის პროვინციად გადაქცევას შეეცდებოდა. ამიტომ ალექსანდრე რუსეთის ამ წინადადებას კმაყოფილებით შეხვდა და მოსკოვს თავისი ელჩიონი გაგზავნა. 1587 წელს საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის ოფიციალური ელჩობა. მოლაპარაკების შემდეგ, 28 სექტემბერს, გაფორმდა რუსეთ-საქართველოს პირველი ხელშეკრულება "ფიცის წიგნი", რომლითაც კახეთი რუსეთის მფარველობის ქვეშ შევიდა. კახეთის მეფემ ჯვარზე მთხვევით დაადასტურა, რომ რუსეთის მტერი მისი მტერიც იქნებოდა, ამასთანავე, რუსეთი დაიცავდა კახეთს მტერთაგან. რუსეთს უნდა ჩაედგა ციხეები თერგზე და კახეთისკენ გზა გაეხსნა, რომ საბოლოოდ ალაგმულიყო დაღესტნელთა შემოსევები, საჭიროების შემთხვევაში კი რუსეთი კახეთს ჯარითაც უნდა დახმარებოდა. 1589 წელს რუსეთის მეფემ კახეთის მეფეს გამოუგზავნა "წყალობის სიგელი". ამით ეს ხელშეკრულება ორივე მხარიდან იქნა დამტკიცებული. რუსეთმა, პირობისამებრ, იმიერკავკასიაში ციხეები ჩადგა.
ალექსანდრე II ცდილობდა, კავკასიის დასაუფლებლად მებრძოლ სამივე სახელმწიფოსთან - რუსეთთან, ირანსა და ოსმალეთთან მშვიდობიანი ურთიერთობები ჰქონოდა. კახეთი ფაქტობრივად სამივე ქვეყნის ვასალობას აღიარებდა. XVI საუკუნის ბოლომდე ამ პოლიტიკამ გაამართლა. სხვა ქართული სამეფოებისგან განსხვავებით, კახეთი აღმავლობას განიცდიდა. განსაკუთრებით ფართოდ მისდევდნენ მეაბრეშუმეობას და ხელოსნობა-ხელსაქმობას. ღვინოც უხვად გაჰქონდათ ახლობელ თუ შორეულ ქვეყნებში. ალექსანდრე მეფეს განზრახული ჰქონდა, მთლიანად აღედგინა კახეთის ძველი ძლიერების ნაშთები: ციხე-ქალაქები და ეკლესია-მონასტრები. მეფე ცდილობდა, უცხოეთიდან მოეყვანა ოსტატ-ხელოსნები, ხუროთმოძღვრები, მხატვრები და სწავლული მწიგნობრები.
ალექსანდრე მდიდარი და ძლიერი მეფე იყო, მისი სოვდაგრები კახური საქონლით აზიასა და ევროპაში ვაჭრობდნენ. მეფეს შეძლება ჰქონდა, შესწეოდა ქრისტიანულ სალოცავებს იერუსალიმში, ათონსა და სხვა წმინდა ადგილებში. ათონის ივერთა მონასტერში "სასნეულო და მისა კერძო გოდოლნი და სენაკნი განუახლებია მეფესა ალექსანდრეს".
კახეთი დაყოფილი იყო ოთხ სამხედრო ტერიტორიულ ერთეულად - სადროშოდ, მაგრამ სადროშოების სარდლობა კახეთის მეფემ თავადთა გვარებს კი არ ჩააბარა, როგორც ეს ქართლში მოხდა, არამედ ეპისკოპოსებს. ეპისკოპოსობა კი სამემკვიდრო თანამდებობა არ ყოფილა. ეპისკოპოსებს მეფე ნიშნავდა, ამიტომ ისინი საეკლესიო ყმებისა და მიწების გამოყენების საქმეში მეფის მფარველობას დიდად საჭიროებდნენ და უფრო ერთგულნი იყვნენ მეფისა, ვიდრე საერო დიდბატონები.
ალექსანდრეს ჰყავდა ხუთი ვაჟი: დავითი, გიორგი, ერეკლე, როსტომი, კონსტანტინე და ერთი ასული, ნესტან-დარეჯანი (სამეგრელოს მთავრის მანუჩარ დადიანის მეუღლე და ლევან დადიანის დედა. იგი მშობიარობას გადაჰყვა). ერეკლე ბატონიშვილი დავითთან კონფლიქტის გამო თურქეთის სულთანთან, სტამბოლში გაიქცა. შაჰ-თამაზს ეგონა, მეფე ალექსანდრე განმიდგაო და "განრისხებული წარმოემართა კახეთსა ზედა". ალექსანდრემ თავისი უმცროსი ვაჟი, 7 წლის კონსტანტინე წარუვლინა დიდი ძღვნით და აუწყა: "რამეთუ ძე ჩემი წარვიდა ურჩებითა ჩემითა და მე ვარ წინაშე შენსა უცოდველი". მაშინ დაცხრა მრისხანებისაგან შაჰ-თამაზი, ყრმა კონსტანტინე თან წაიყვანა და სპარსეთს გაბრუნდა.
მეფე ალექსანდრეს მცდელობით, 1595 წლის დასაწყისში შაჰ-აბასს ეწვია მოსკოვის ელჩი ზვენიგოროდსკი, რომელმაც მას გადასცა მეფის სურვილი - ყრმა კონსტანტინე მოსკოვში გაეგზავნა. შაჰმა უპასუხა: თვითონ კონსტანტინე-მირზას ჰკითხეთ და როგორც მას უნდა, ისე მოიქცესო. მაგრამ კონსტანტინე იმ ელჩთან არც კი მისულა - არაფერი მაქვს სათქმელიო.
კახეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო დავით ბატონიშვილი, რომელსაც ცოლად ჰყავდა საოცარი სილამაზითა და სიკეთით შემკული აშოთან მუხრან-ბატონის ასული ქეთევანი.
წმინდა ქეთევან დედოფალი ქართლის ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელი გახლდათ. ბაგრატიონთა მუხრანული შტო მომდინარეობდა ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის უმცროსი ძის - ბაგრატისაგან, რომელმაც თავისი ძმის, დავით X-ისაგან საუფლისწულოდ მუხრანი მოითხოვა. ბაგრატს ჰყავდა ოთხი ვაჟი: ვახტანგი, აშოთანი, არჩილი, ერეკლე და ერთიც ასული - დედისიმედი, მეუღლე ქაიხოსრო II ათაბაგისა. აშოთანის ქალიშვილი იყო ქეთევანი. იგი მუხრანში დაიბადა 1575-1577 წწ. ქეთევანის მამას, ღვთისმოყვარე აშოთან ბაგრატიონს, ათონის წმინდა მთაზე, ივერთა (ივერონის) მონასტერში, კარიბჭის ახლოს მცირე ტაძარი აუგია, შეუმკია და მოუხატვინებია (თავის ძესთან ერთად შიგ ხატია). პორტაიტისა (ივერიის კარის ღვთისმშობლის ხატი) აქ გადმოასვენეს და დღემდე ამ პატარა ტაძარშია დაბრძანებული. მასვე აუგია "საზოგადცხოვრებო ტრაპეზი თავისის ხომლითა და მოწყობილობითა". აშოთან მუხრან-ბატონი ქართლის მეფის სვიმონ I-ის თანამებრძოლი იყო. სვიმონის კარზე აღზრდილმა თავადის ასულმა მიიღო შესაფერისი განათლება. აღსანიშნავია, რომ XVII საუკუნის დასაწყისის აღმოსავლეთ საქართველოს განათლების ცენტრებს შორის დასახელებულია ტანძია, მძოვრეთი და მუხრანი, სადაც 1103 წლის დავით აღმაშენებლის მიერ რუის-ურბნისის კრების დადგენილების თანახმად, ბავშვებს 5-6 წლიდან აწყებინებდნენ სწავლას, ბავშვი იღებდა როგორც სასულიერო, ისე საერო განათლებას. მათ შორის დიდი ყურადღება ექცეოდა უცხო ენების ცოდნას: ეს იყო უმთავრესად ბერძნული, სპარსული და ლათინური ენები. ამდენად, ქართლის მეფის კარზე აღზრდილ ბაგრატიონის ასულს შესაძლებლობა ჰქონდა საფუძვლიანი განათლების მიღებისა. წმინდა ქეთევანის განსწავლულობის შესახებ არსებობს მათი ჩანაწერები, ვინც ახლოს იცნობდა დედოფალს: კრისტოფორო დე კასტელი და ამბროზიო დუშ ანჟუში ხაზგასმით აღნიშნავენ ქეთევანის განათლებულობას. გარდა ამისა, სვიმონ I-ის კარზე აღზრდილ ქეთევანს ბავშვობიდანვე ექნებოდა შესისხლხორცებული სამშობლოსათვის თავდადების იდეა. ცნობილია, რომ სვიმონი, თავდაუზოგავი ბრძოლისთვის, თურქებმა "დელი სიმონად" ანუ "გიჟ სიმონად" მონათლეს. სწორედ სვიმონ I-ის კარზე მომზადდა ქრისტიანული ქვეყნების ე. წ. "ანტიოსმალური კოალიციის" დამოუკიდებელი საერთაშორისო მოქმედების სტრატეგიული გეგმა.
ქეთევან დედოფლის ცხოვრება პოლიტიკური მიზნებით იყო განსაზღვრული. ქართლისა და კახეთის სამეფოთა ურთიერთობის განსამტკიცებლად 13 წლისა მიათხოვეს კახეთის ტახტის მემკვიდრეს, დავითს. ქეთევანს სამი შვილი შეეძინა: თეიმურაზი - მომავალი კახეთის მეფე, ბაგრატი, რომელსაც სპარსი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში თავის "ისტორიაში" იხსენიებს როგორც "ქეშიშს" ანუ ქრისტიან მღვდელს და ქალიშვილი ელენე, შემდგომში შაჰის ერთ-ერთი ცოლი, რომელმაც არაერთი სხვა დიდგვაროვნის ბედი გაიზიარა. ქეთევანი მომსწრეა კახეთის სამეფო კარზე დატრიალებული უთანხმოებისა და ტრაგედიისა. ქეთევან დედოფლის მეუღლის, დავითის, შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერს, იგი იყო "მრისხანე და ამაყი და ამისთვის სძულობდენ კახნიო". დავითის ძმას, გიორგის კი ასე ახასიათებს: "გიორგი იყო შუენიერ-ჰაეროვანი, უხვი, მშვიდი და ტკბილი ყმათათვის, და იყვნენ კახნი ამის კერძო და ერთგულნი დიდად"... როცა ბატონიშვილმა გიორგიმ დავითის მოკვლა და ტახტის ხელში ჩაგდება განიზრახა, დავითმა შეიტყო შეთქმულების ამბავი, შეიპყრო ძმა და თორღვას ციხეში გამოკეტა, ხოლო თორმეტი შეთქმული ჭოეთის ციხიდან გადმოყარა და დახოცა. დავითმა სამეფო ტახტი წაართვა მამას და აიძულა, ბერად შემდგარიყო. დავითმა მხოლოდ ექვსი თვე იმეფა - მძიმე დაავადებით ტანჯვით გარდაიცვალა. ამ დროისათვის ქეთევანი დაახლოებით 27 წლის იყო. 1602 წელს მონაზვნად აღკვეცილი ალექსანდრე ქვეყნის მართვას დაუბრუნდა. მან თავისი საყვარელი შვილი, გიორგი, ციხიდან გამოიყვანა და გვერდით ამოიყენა. 1604 წლის გაზაფხულზე უფლისწული გიორგი, რომელიც უკვე ტახტის მემკვიდრედ ითვლებოდა, მოლაპარაკებას მართავდა ტატიშჩევისა და ივანოვის მეთაურობით ჩამოსულ რუსეთის ელჩობასთან. როგორც ვარაუდობენ, სწორედ გიორგის გაუგზავნია დავითისა და ქეთევანის შვილები: თეიმურაზი და ელენე ირანში. ქართლის ცხოვრების მიხედვით კი ქმრის სიკვდილის შემდეგ თვითონ ქეთევანმა განარიდა აღზევებულ გიორგის ყრმა შვილები და შერმაზან ჩოლოყაშვილის თანხლებით, ყაენთან გაგზავნა მძევლებად. შაჰ-აბასმა კარგად მიიღო თეიმურაზი და მასწავლებლები მიუჩინა სპარსული ენისა და მწიგნობრობის შესასწავლად, ხოლო ელენე, როგორც კი წამოიზარდა, ცოლად შეირთო.
ამასობაში ამიერკავკასიაში ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. 1603 წელს შაჰ-აბასმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს... ირანის სახელმწიფოს ცენტრალიზაციისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შაჰ-აბასის მიერ ჩატარებულ სამხედრო რეფორმას. შექმნა თოფებითა და ზარბაზნებით შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი მუდმივი ჯარი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ღულამთა ათიათასიანი ცხენოსანი კორპუსი - შაჰის გვარდია. იგი ირანში აღზრდილი და ძალით გამაჰმადიანებული ქართველი და სომეხი ახალგაზრდებისაგან იყო შედგენილი. 1604 წელს, ერევნის ალყის დროს, შაჰმა საშველად ალექსანდრე კახთა და გიორგი ქართლის მეფეები იხმო. მათი დახმარებით ერევანი აიღო და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენა. შაჰმა ქართველები უხვად დააჯილდოვა, ყოველწლიური ჯამაგირი დაუნიშნა და ირანში სოფლები აჩუქა, რადგან მათი დახმარების დიდი იმედი ჰქონდა ოსმალეთთან ომში. მაგრამ ირანის განმგებელი ტყუილ-უბრალოდ არაფერს გასცემდა. სამაგიეროდ კახეთის მეფე ალექსანდრეს - კაკ-ენისელის მხარე (დღევანდელი საინგილო), ხოლო გიორგი მეფეს ლორე-დებერდის ხეობა გამოსთხოვა. ლორეს მხარისა¬გან შაჰ-აბასმა მუსლიმანური სასულთნო შექმნა, დებერდის ხეობაში კი თურქმანული ბორჩალუს ტომი ჩამოასახლა და აღჯაყალასი ირანელ ციხისთავს დაუმორჩილა. ამით შაჰმა ორი საქმე გააკეთა: ქართლში შემოსასვლელი ბუნებრივი სიმაგრის კარი შემოარღვია და ყიზილბაშური ტომების აქ დასახლებით პლაცდარმი შექმნა საქართველოსთან სამომავლო ბრძოლისათვის. ამავე ხასიათის იყო კახეთის მიმართაც შაჰ-აბასის განზრახვანი. კახეთი საკმაოდ მტკიცე და გამაგრებული სამეფო იყო და მტრებს ყელზე ადგათ.
ამ დროისათვის ჩრდილო კავკასიის სამთავროს (საშამხალო) მიერთებული ჰქონდა პირაქეთა დაღესტანი, რომელიც მანამდე თითქმის ყოველთვის ან ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს შიგნით, ან კახეთის სამეფოს საზღვრებში იყო მოქცეული. პირაქეთა დაღესტნისა და კაკ-ენისელის დაკარგვის შემდგომ კახეთის სამეფო დაუცველი, აღმოსავლეთის საზღვრებმოშლილი აღმოჩნდა. ჩრდილოელ (დაღესტნელ) და თურქმანულ ტომებს მდიდარი ქვეყნისკენ გზა გაეხსნათ. ნ. ბერძენიშვილის თქმით, შაჰ-აბასმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ერთი დაკვრით დამბლა დასცა. კახეთის მეფის კავშირი რუსეთთან არ გამოჰპარვია ცბიერ შაჰს. ამიტომ ალექსანდრე თავისთან დაიტოვა და მხოლოდ 1605 წელს გამოისტუმრა საქართველოში.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა დიდმოწამე ქეთევანთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
კახეთის სამეფო კარს თავს დამტყდარი უბედურება
შაჰ-აბას I იწყებს თავისი გეგმის - აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობის განხორციელებას. შაჰმა კარგად იცოდა, თუ რა ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა საქართველოში ალექსანდრე, ისიც კარგად უწყოდა, რომ კახეთის მეფე არ აპირებდა ირანის წინაშე ქედის მოხრას, მაგრამ შაჰი ალექსანდრესთან ჯიქურ შებმას ერიდებოდა - კახელების ლაშქარი დიდი ძალა იყო ოსმალებთან ბრძოლაში; ამიტომ ვერაგმა შაჰმა გადაწყვიტა, ეს ურჩი ქვეყანა იარაღის გამოუყენებლად, სამეფო ოჯახში გადატრიალების მეშვეობით დაემორჩილებინა. ამისთვის მან შვიდი წლიდან თავისი აღზრდილი, გამაჰმადიანებული კონსტანტინე ალექსანდრეს ძე გამოიყენა, რომელიც იყო "ფრიად შემყვარე სჯულთა მათთა". შაჰ-აბასმა კონსტანტინე-მირზას შირვანი უწყალობა, მამისა და ძმის მოსაკლავად და კახეთის დასაპყრობად საქართველოში წარმოგზავნა და საუკეთესო ლაშქარიც გამოატანა. კახეთის საზღვრებს მოახლოებულმა კონსტანტინემ თავისი მოსვლის შესახებ მამას აცნობა. გახარებული ალექსანდრე, გიორგისთან ერთად, წინ მიეგება მონატრებულ შვილს. ორივე ღმერთს მადლობდა, რომ დაკარგული შვილი და ძმა კიდევ ნახეს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებული. კონსტანტინემ შაჰის გამოგზავნილი ხალათი მამას გადასცა და მიეცნენ შვებასა და განცხრომას. უფლისწულმა გიორგიმ გაიგო ძმის სტუმრობის მიზეზი, მამა გაიხმო და ყოველი გაუზიარა. გიორგის მსჯელობა სრულიად საფუძვლიანი იყო: მას არ მოსწონდა შაჰის მიერ კონსტანტინეს ასეთი დიდი უფლებებით აღჭურვა. იგი ამტკიცებდა, რომ თუ გამაჰმადიანებული კონსტანტინე შირვანს დაიპყრობდა, საქართველოშიც შეიჭრებოდა. მამა-შვილი გამოსავლის ძებნას შეუდგა. ერთადერთი საშუალება იყო ის, რომ დრო გაეჭიანურებინათ და არ დახმარებოდნენ კონსტანტინეს შირვანზე განზრახულ ლაშქრობაში, რის გამოც იგი იძულებული გახდებოდა, უარი ეთქვა ამ ლაშქრობაზე და შაჰთან დაბრუნებულიყო. კონსტანტინე-მირზა (კუსტენდალ-მირზა, როგორც სპარსელები ეძახდნენ) მაშინვე მიხვდა, თუ რატომ ცდილობდა მამა-შვილი ამ ლაშქრობის გადადებას და გადაწყვიტა თავისი ბოროტი განზრახვა დროზე აესრულებინა.
ერთ დღეს კონსტანტინემ თავის კარავში მიიწვია მამა და ძმა და შირვანზე გალაშქრების შესახებ უხეშად დაუწყო ლაპარაკი. ალექსანდრემ თანმხლებ კახელებს გასვლა უბრძანა, ისინიც თავ-თავიანთ კარვებში წავიდნენ. დარჩა მათთან რუსთაველი ეპისკოპოსი და მისი ძმა, ყორჩიბაში აბელ ანდრონიკაშვილი. ამ დროს კარავში შემოცვივდნენ ყიზილბაშები და უკლებლივ ყველა ამოხოცეს (1605 წ.). ამ გადაგვარებულმა ქართველმა მამისა და ძმის მოკვეთილი თავები ირანის მბრძანებელს გაუგზავნა, რითაც კიდევ ერთხელ "დაუმტკიცა" გამზრდელს ერთგულება, ხოლო გვამები ალავერდს გაგზავნა, სადაც ქეთევან დედოფალმა დაკრძალა მეფური პატივით.
შეძრწუნებული კახელები განეშორნენ მამისა და ძმის მკვლელს, მაგრამ კონსტანტინემ ზოგი დაპირებითა და ზოგიც ყაენის შიშით შემოირიგა და "იწყო დაპყრობა კახეთისა": იგი სათავეში ჩაუდგა სპარსულ ჯარს, რომელიც კახეთის გარეთ იყო დაბანაკებული, შეიჭრა კახეთის სამეფოში... ხელთ იგდო ხაზინა და დაიმორჩილა მთელი სამეფო.
ურჯულო კონსტანტინეს გაბატონებამ კახეთი გათათრების საფრთხის წინაშე დააყენა, მან კი უკეთურებას უკეთურება დაამატა და ქეთევანს, თავის ძმის ცოლს, შეუთვალა: "შეგირთავ ცოლად და შენცა მორჩილ მექმენ, რამეთუ შერთვა რძლისა არს წესი და ჩუეულება მაჰმადის სჯულისა... შემირთევ და იყავ კუალადცა დედოფალი და, უკეთუ ესე არა ინებო, მე ძალით ვყო ესე". ქეთევანი ძლიერ შეშფოთდა და შეუთვალა: "ღმრთის მგმობარო, მამის მკვლელო და ძმისაო, ავის მქნელო, ავის მთქმელო, შენ, უღირსო სულდგმისაო, ყოვლის კაცის საძაგელო, სულ მოქმედო ავისაო, ღვთით, ადრე ვეჭვ შეგანანო, თხოვა ჩემის თავისაო" ("არჩილიანი"). ამავე დროს, კახელ თავადებს უთხრა: თუ სარწმუნოებისა და ქვეყნის ღირსებას ვერ დაიცავთ, ქართლში დავბრუნდებიო. მათაც შეჰფიცეს ქეთევანს, რომ ამ უსჯულოებას არ დაუშვებდნენ და ფარულად აჯანყებისათვის დაიწყეს მზადება.
კონსტანტინემ კახეთის სამეფოში რვა ათასი მებრძოლი შეაგროვა, ექვსიათასიან სპარსულ ჯართან ერთად შირვანის წინააღმდეგ ილაშქრა და შაქის პროვინცია ოსმალებისგან გაათავისუფლა. სწორედ აქ დააპირეს აჯანყებულმა ქართველებმა მოღალატის მოკვლა, მაგრამ გაასწრო და მომხდარი ამბავი შაჰს შეატყობინა. მანაც რვაათასიანი ლაშქარი გამოუგზავნა. კონსტანტინე კახეთში შეიჭრა. ამ გასაჭირის ჟამს კახეთის ქართველობას ქართლელები მიეშველნენ პაპუნა ამილახვრის სარდლობით. ბელაქნის წყალთან ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს და რჯულისა და ადათის შემაგინებელი კონსტანტინე მოკლეს, ხოლო ყიზილბაშთა ლაშქარი გააქციეს (ქართველებმა უარი განაცხადეს ბრძოლის გაგრძელებაზე, რადგან მრისხანე შაჰ-აბასთან ურთიერთობა აღარ გაამწვავეს). ქეთევანმა უკეთური კონსტანტინეს გვამის მაჰმადიანური წესით დამარხვა უბრძანა და კახეთის სამეფოს ჩაუდგა სათავეში. ამდენად, კახეთის "გაყიზილბაშების" გეგმა შაჰმა რამდენიმე წლით გადადო. იმ დროს შაჰ-აბასი ოსმალეთის მორჯულებაზე ფიქრობდა და კახეთი აღარ დასაჯა...
თეიმურაზის კახეთის მეფედ კურთხევა
ქეთევან დედოფალი მყუდროდ და მშვიდად განაგებდა კახეთს. ამ პერიოდისთვის თეიმურაზი შაჰის კარზე იყო. დედოფალმა დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა: ელჩების ხელით ძღვენი გაუგზავნა შაჰ-აბასს და მისწერა: მეფეო, გამოგზავნე ჩემი ძე, თეიმურაზი, რადგან შენთვისაც უკეთესია შენთან გაზრდილის გამეფება, თუ არა, ეს სამეფო განუდგება შენს მფარველობას და სულთანს დაემორჩილებაო. შაჰი მიხვდა, რომ კახეთი უბრძოლველად თავისუფლებას არ დათმობდა, მისი ძალით გატეხა კი ოსმალეთთან ომისას ადვილი საქმე როდი იყო და დროებით უკან დაიხია, თეიმურაზი დაიბარა და უთხრა: ბოროტ კონსტანტინეს, რომელიც მე სამშვიდობოდ გავუშვი, მოუკლავს მამა და ძმა, მაგრამ კახელებს პასუხი მოუთხოვიათ მისთვის და იგიც მოუკლავთ. ახლა სასწრაფოდ წადი, რომ რამე შფოთი არ ჩამოვარდესო. დაასაჩუქრა თეიმურაზი და თანმხლებ კახელებთან ერთად სასწრაფოდ სამშობლოში გამოისტუმრა. შაჰმა თეიმურაზი უკან იმ მიზეზითაც გამოუშვა, რომ ეშინოდა, ქართლის სამეფოს უმემკვიდროდ დარჩენილი კახეთის სამეფო არ შეეერთებინა, ქართლ-კახეთის გაერთიანება ხომ შაჰს განსაკუთრებით აფრთხობდა. უნდოდა, ეს ორი ქართული სამეფო ერთმანეთის მტრებად დარჩენილიყო.
მოულოდნელად მოვიდა ჭაბუკი თეიმურაზი ქიზიყს და იქიდან აცნობა დედას სამშობლოში დაბრუნება. შემდეგ გრემშიც მივიდა და "იყო სიხარული დიდი დედა-შვილისაგან და ყოველთა კახთა, მერმე მოვიდა და ეკურთხა ბოდბეს". შაჰ-აბასი დათანხმდა, რომ თეიმურაზის მეფედ კურთხევა ქრისტიანული წესით ჩატარებულიყო (მემატიანის ცნობით, შაჰი ამ კურთხევას თვითონაც დასწრებია). ვახუშტი წერს: "დაჯდა მეფედ 16 წლის მეფე თეიმურაზი და განაგებდა კახეთსა". ქეთევან დედოფალმა თეიმურაზს მიანდო სამეფო და თვით სულიერ ღუაწლს შეუდგა.
იმავე წელს (1606 წ.) ქართლის მეფის გიორგი X-ის უეცარი გარდაცვალების შემდეგ (მაჰმადიანობის მიუღებლობისთვის მოაწამვლინა ვერაგმა შაჰ-აბასმა), ქართლის ტახტზეც ქრისტიანი მეფე, 14 წლის ლუარსაბ გიორგის ძე დაამტკიცა შაჰმა.
შაჰი ერთგვარ კომპრომისზე წავიდა, როდესაც ქრისტიანი მეფეები დანიშნა: კახეთში - თეიმურაზ I და ქართლში - ლუარსაბ II, ვასალობის პირობით, რაც ნიშნავდა შაჰის დაძახებაზე მათ მიერ ჯარის გამოყვანის აუცილებლობას.
ევროპელი მისიონერები ხშირად აქებენ თეიმურაზ მეფეს და მიუთითებენ მის განათლებაზე: "თეიმურაზი, - წერს ერთ-ერთი მათგანი, - მშვენიერი შეხედულებისაა, სახის კანის ფერი თეთრი, არწივისებური ცხვირი, დიდი და მრგვალი თვალები, სიმაღლით - საშუალოზე მაღალი, ტანში გამართული, თავაზიანი, მეტად ზრდილობიანი, ბევრი ენის - ქართულის, თურქულის, სპარსულის ცოდნით დამშვენებული, რომელზედაც ენაწყლიანად მეტყველებს; მოლაპარაკების დროს ნიჭიერი, ბრძოლებში მამაცი, შესანიშნავი პოეტი..." ჭაბუკმა მეფემ ცოლად მამია გურიელის ასული ანა მოიყვანა, რომელთანაც ეყოლა ლევანი და ალექსანდრე. 1610 წელს ანა გარდაიცვალა.
ამასობაში ოსმალთა ლაშქარს ზედიზედ ამარცხებდნენ ირანელები. შაჰ-აბასმა 1606 წელს დაიკავა განჯა და ირანელთა ლაშქარმა გეზი თბილისისკენ აიღო. თბილისში მყოფი თურქები უბრძოლველად დანებდნენ ირანელებს. ამ გამარჯვების შემდეგ თვით შაჰ-აბასი მოსულა თბილისში.
ქართლიდან წასული შაჰ-აბასი შემახას ციხეს შემოეწყო და თეიმურაზიც იხმო ჯარით. თეიმურაზმა თავი აარიდა ლაშქრობას და დედა გაუგზავნა ათასკაციანი ლაშქრით. შაჰი განაწყენდა, მაგრამ არ შეიმჩნია ბოღმა და დედოფალი კარგად მიიღო, მისი ჯარი არ დაასაქმა და სამშობლოში დააბრუნა. ამდენად, ქეთევანი შაჰს უკვე ორჯერ ეწვია:
1604 წელს - შვილების მძევლებად დასატოვებლად და მეორედ - 1607 წელს, თეიმურაზის მაგივრად. მას შემდეგ, რაც 1609 წელს ქართველებმა ქართლში შემოჭრილი ოსმალები დაამარცხეს, ქართლისა და კახეთის მეფეები, ლუარსაბი და თეიმურაზი, დიდი ძღვნით ეახლნენ შაჰს. ამ ნაბიჯის შედეგად ქართლ-კახეთში დროებითი მშვიდობა დამყარდა.
1612 წელს, ოსმალეთთან დაზავების შემდეგ, შაჰ-აბასმა ქართლ-კახეთისათვის მოიცალა. მას განზრახული ჰქონდა ქართლ-კახეთის აყრა, აქ მაჰმადიანური ტომების ჩასახლება და ირანს დაქვემდებარებული სახანოების შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად მას, უპირველესად, მეფეები და მმართველი დინასტიის სხვა წარმომადგენლები უნდა მოეშორებინა თავიდან. საამისოდ სხვადასხვა ხერხს მიმართავდა. მან ლუარსაბ ქართლის მეფეს წერილი მისწერა: თეიმურაზი მოჰკალ და კახეთიც შენ დაიჭირეო. ასეთივე წერილი გაუგზავნა კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს, მაგრამ საქართველოში მიმხვდარან შაჰის მზაკვრობას. შაჰი ცდილობდა არა მარტო ქართლისა და კახეთის წაკიდებას, არამედ ყოველ ღონეს ხმარობდა თვით სამეფოების შიგნით განხეთქილების ჩამოსაგდებად. იგი მფარველობდა ქართველი მეფეების მოწინააღმდეგე ფეოდალურ დაჯგუფებებს, რის გამოც ირანის სამეფო კარზე მრავლად იყვნენ თეიმურაზისა და ლუარსაბის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები. ამავე დროს, შაჰ-აბასი, როგორც გამოცდილი და ჭკვიანი პოლიტიკოსი, ცდილობდა, სხვადასხვა გზით საქართველოდან გაეყვანა გამოჩენილი სახელმწიფო, საზოგადო და სამხედრო პირები და ირანში დაეტოვებინა. დიდი გამარჯვება იყო ირანის მბრძანებელისათვის გამოჩენილი ქართველი მხედართმთავრის გიორგი სააკაძის ირანში გადახვეწა. მან დიდი პატივით მიიღო სააკაძე.
შაჰის გეგმებს საქართველოშიც კარგად ხვდებოდნენ. თეიმურაზსა და ლუარსაბს ერთმანეთისათვის ფიცი მიუციათ, რომ "ერთსულოვანნი და ერთაზროვანნი" იქნებოდნენ. 1612 წელს თეიმურაზმა ცოლად შეირთო ლუარსაბის და - ხორეშანი, რამაც ქართლ-კახეთის მეფეების კავშირი განამტკიცა. ეს არ მოეწონა შაჰ-აბასს და იმავე წელს ორივე მეფე მაზანდარანში დაიბარა ნადირობის საბაბით. თეიმურაზი და ლუარსაბი მიუხვდნენ შაჰს ჩანაფიქრს და არ წავიდნენ, რაც აშკარა ამბოხს ნიშნავდა.
ირანის შაჰის შურისძიება
ირანის შაჰი შურის საძიებლად მოემზადა. 1613 წელს დაიძრა ქართლ-კახეთისკენ. შაჰ-აბასი გზადაგზა ნადირობდა, მისი დიდი ლაშქარი ნელ-ნელა მოდიოდა.
შაჰი ხმებს ავრცელებდა, ოსმალეთთან საომრად ვემზადებიო. ამავე დროს, სულთანს აცნობა, რომ დარხეული ხმები არ დაეჯერებინა და ეს ამბავი ზავის დარღვევად არ მიეჩნია. მალე ირანელთა ლაშქარი ყარაბაღში შევიდა, იქიდან განჯაში გადავიდა და ზამთარი იქ გალია.
შაჰ-აბას I-მა თეიმურაზს შიკრიკის პირით შეუთვალა, - ოსმალეთში ლაშქრობას ვაპირებ და გული რომ იმედიანად მქონდეს, მძევლად შენი შვილი გამომიგზავნეო. თეიმურაზს არ უნდოდა შვილის მძევლად მიცემა, რადგან იცოდა, შაჰი დაუნდობელი და ცბიერი იყო, მაგრამ დიდებულებმა მხარი არ დაუჭირეს, რადგან საქართველოს ძალა არ შესწევდა, უკუექცია მტერი და იძულებული გახდა, უმცროსი ვაჟი ალექსანდრე, რომელიც სამი-ოთხი წლისა იქნებოდა, შაჰთან გაეგზავნა და დედაც თან გაეყოლებინა - უფრო პატივს დამდებს და "არა აწყენს შვილსა ჩემსაო და შეეხვეწა გაუწყრომლობასა". ხალხიც სთხოვდა ქეთევანს: "წარვედ, ჰოი, დედოფალო, წარვედ და გვიხსენ ჩუენ". წმინდა ქეთევანიც უყოყმანოდ დათანხმდა "ერთგულებისათვის მამულისა და მშვიდობით დაცვისათვის ერთა თვისთა". გამგზავრების წინ დედოფალს გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარში მხურვალედ ულოცია.
განჯაში მყოფი შაჰ-აბასი, როდესაც ქეთევან დედოფლისა და ყრმა ალექსანდრეს მისვლა შეატყობინეს, ძლიერ განრისხებულა და თეიმურაზისთვის შეუთვლია: ძიძა ხომ არა ვარ... რომ ასეთი პატარა ყმაწვილი გამომიგზავნე, თუ ჩემთან მშვიდობის დამყარება გსურს, უფროსი შვილი წარმომივლინე და მე პატივს ვსცემ დედაშენს და უკან გამოგიგზავნიო. არც ლევანის გაგზავნა უნდოდა თეიმურაზს, დედამაც საიდუმლოდ შემოუთვალა, ლევანი არ გამოგზავნოო, მაგრამ ვინაიდან კახეთის სამეფოს განადგურება ემუქრებოდა სპარსთაგან, ორ ცეცხლშუა მოქცეულმა მეფემ, საშიშროების თავიდან ასაცილებლად, უფროსი შვილი, 5-6 წლის ლევანიც გაგზავნა და თან დავით ასლანიშვილი აახლა. როცა შაჰმა თეიმურაზიც ისპაანს დაიბარა, ნათელი გახდა, რომ იგი ბაგრატიონთა კახური შტოს ამოწყვეტასა და კახეთის აოხრებას ლამობდა და თეიმურაზი აღარ ეახლა. აი, მაშინ კი დატრიალდნენ კახელები და სასწრაფოდ შეუდგნენ ჯებირების მშენებლობას, მაგრამ უკვე გვიან იყო.
...შაჰ-აბასმა კახეთის დედოფალი შესაფერისი პატივით მიიღო. ქეთევანი, როგორც დიდ მბრძანებელს, ღირსეულად მიესალმა მას, მაშინდელი წესის თანახმად შეაქო, გულმხურვალედ შეავედრა თავისი პატარა სამეფო და დიდად ტანჯული ერი. მაგრამ ვაი, რომ ქეთევან დედოფლის წინაშე სასტიკი და შეუბრალებელი ტირანი იჯდა, რომელსაც ქართველი ხალხის სისხლი სწყუროდა. შაჰმა ჰკითხა ქეთევანს, რატომ არ მეახლა თვითონ თეიმურაზიო. ბრძენმა დედოფალმა მიუგო, რომ ერთგულების ნიშნად თეიმურაზმა შაჰს ანდო ყველაზე ძვირფასი, რაც კი გააჩნდა - საკუთარი დედისა და შვილების სიცოცხლე და წარუდგინა შაჰს ყრმა შვილიშვილები. შეავედრა მათი სიცოცხლე და წარმოთქვა: დიდებულო ხელმწიფევ! ჩემი ძე თეიმურაზი უმორჩილესად გთხოვთ, დაიცხროთ მრისხანება და მოგვცეთ საშუალება, მშვიდობიანად ვიცხოვროთ. ვიმედოვნებ, არ ისურვებთ, ჩემი ელჩობა უშედეგოდ დამთავრდეს და ნებას დამრთავთ, დავბრუნდე ჩემს შვილთან და ჩემს ხალხთან სასურველი ზავით, რისთვისაც ისინი ქებას შეასხამენ თქვენს სიკეთეს, სამართლიანობასა და კეთილშობილებასო. შაჰი ჩაფიქრდა. უფრო განრისხდა, მაგრამ მძვინვარება დამალა, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, რამდენიმე თვალთმაქცური სიტყვა უთხრა და შვილიშვილებთან ერთად განჯიდან აშრაფს წარავლინა.
ვერაგი შაჰი სწრაფად დაიძრა განჯიდან, გადმოლახა მტკვარი და 1614 წლის გაზაფხულზე კახეთში შეიჭრა. კახეთი მტერს მოუმზადებელი შეხვდა. ნაწილი კახთა დიდებულებისა შაჰ-აბასს ეახლა და მისგან საჩუქრებით ხელდამშვენებული განზე გადგა. თეიმურაზი მრავალრიცხოვან მტერთან რამდენიმე შეტაკების შემდეგ იძულებული გახდა, ქართლში გადასულიყო. მუხრანში მას ამალითა და მცირე ჯარით ელოდებოდა ქართლის მეფე ლუარსაბი. გამოირკვა, რომ არც ქართლს შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა. განრისხებულმა შაჰ-აბასმა ხელი მიჰყო კახეთის აოხრებას. 50 დღეში მიწასთან გაასწორა აყვავებული ქვეყანა. თეიმურაზი ბრძოლით იხევდა ქართლისაკენ. არც ლუარსაბს ჰყავდა საკმარისი ძალები და ორივენი იმერეთში გადაიხვეწნენ. კახეთის მმართველად შაჰმა ირანში აღზრდილი და გამაჰმადიანებული კახი ბატონიშვილი ისა-ხან-მირზა დანიშნა (თეიმურაზის ბიძაშვილი, გიორგის შვილი).
შაჰ-აბასი კახეთიდან ქართლში გადმოვიდა, გორში გაჩერდა. მან დესპანის პირით იმერეთის მეფეს თეიმურაზისა და ლუარსაბის გადაცემა მოსთხოვა. იმერეთის მეფე გიორგი III-მ თავის ძვირფას სტუმრებს არ უღალატა, შაჰს თავაზიანი უარი შეუთვალა: ქრისტიანული წესით, სტუმრების გაცემის უფლება არა მაქვსო. შაჰი იძულებული იყო, ეს უარიც მოეთმინა, რადგან ოსმალებთან დადებული ზავი ხელ-ფეხს უკრავდა იმერეთში გადასასვლელად. ცბიერი შაჰი მიხვდა, რომ გამოცდილსა და ჭკვიან თეიმურაზს ვერ შეაცდენდა, მთელი ყურადღება მეფე ლუარსაბის ხელში ჩაგდებაზე გადაიტანა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ლუარსაბ მეფის სიკვდილით დასჯა
უმეფოდ დარჩენილი ქართლის თავადების დიდი ნაწილი შაჰს ეახლა და ერთგულება გამოუცხადა.
შადიმან ბარათაშვილმა თავს იდო ლუარსაბის იმერეთიდან გადმოყვანა და შაჰთან შერიგება - დაარწმუნა ლუარსაბი, რომ შაჰთან გამოცხადება ქვეყნისათვის სასარგებლო იქნებოდა. მართლაც, ლუარსაბი, ქვეყნის გადასარჩენად, გორში ჩავიდა. შაჰ-აბასმა ლიქნითა და პატივით მიიღო ცოლისძმა (მას ცოლად ესვა განსვენებული გიორგი მეფის ასული მშვენიერი თინათინი), მეგობრულად მოექცა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქართლში ახალი მმართველი დანიშნა და ჯარებიც ჩააყენა. ლუარსაბი კი ჯერ ყარაიასა და ყარაბაღში წაიყვანა, ვითომცდა სანადიროდ, იქიდან კი სპარსეთში გაიტყუა. ყარაიაში ლუარსაბმა ყველა განაცვიფრა ახოვანებითა და ვაჟკაცობით. მისი ნანადირევის ხილვამ კი შურით აღავსო ბოროტი შაჰი. თინათინმა სთხოვა თავის ლამაზ და ჩინებულ ძმას, უბადრუკად მოეჩვენებინა თავი შურიანი აბასისთვის, მაგრამ ლუარსაბმა სევდიანად გაუღიმა: "უწყი, რამეთუ არღარა განმიტევებს, ამისთვის უმჯობეს არს სიკეთისა ჩუენება, ვიდრე სიავისაო". დიდმარხვაში, ნადიმზე, ლუარსაბმა შაჰის შეთავაზებული თევზი არ ჭამა: - დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ კი ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო, - რითაც გაამჟღავნა შაჰის დაფარული განზრახვა. ბრაზით გაცოფებულმა შაჰმა ქრისტეს უარყოფა და ალაჰის აღიარება უბრძანა კეთილმსახურ მეფეს. "აღუთქმიდა მრავალსა ნიჭსა და სიტყვითა ლიქნისაითა ზაკვით ჰგონებდა ცთუნებად... არამედ ვერ მძლე ექმნა". ღვთისმოყვარე მეფე იხსენებდა წმინდა მოწამეთა მხნეობასა და ღვაწლს, მათ მიერ მოპოვებულ დაუჭკნობელ გვირგვინსა და მოსაგებელს, "რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა" და მტკიცედ იტყოდა: "უკეთუ მოვკვდე ქრისტესთვის, მრწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდე და, უკეთუ მან სახიერმან სიკუდილითა თვისითა გვიხსნა ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა, ჩუენცა თანა გუაც, რაითამცა დავსთხივნეთ სისხლი მისთვის და არა ვრიდოთ თავთა ჩუენთა მისთვის" და ევედრებოდა უფალს "გულითა მხურვალითა და ცრემლთა ნაკადულითა და ზედასაზედა მიწევნითა გარდაიხდიდა დღეთა მარხვითა". და ვინაიდან კარგად იცოდა შაჰ-აბასის ულმობლობის ამბავი, მასთან მყოფ ქართველებს შემოუწოდა და თავისი ანდერ¬ძი გააცნო, ხოლო ეპისკოპოსს, მღვდლებსა და დიაკვნებს "უბრძანა მოღება წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა ხორცსა და სისხლსა ცხოველსმყოფელსა", და ზეცისკენ ხელაღპყრობილმა ცრემლით ილოცა, ხოლო როდესაც შიშითა და კრძალულებით ეზიარა, მადლობა შესწირა უფალს და თქვა: "შენ უწყი, უფალო ჩემო იესო ქრისტე, ვითარ არცა ანგარებითა, არცა სიმდიდრის მოყუარებითა დაუტევე მამული და საყოფელი ჩემი და ვერცავინ შემძლებელ იყო შეპყრობად ჩემდა და ვერცა გამოყუანებად სიმაგრეთა მათგან, რომელსა მე ვიყოფოდი... და უკეთუმცა ხოლო მე განვერე ხელთაგან მათთა, მაშინღა განრყვნილ იყო ხელთაგან მათთა და მოოხრებულ ყოველი ქუეყანა... და ბრძანებისა შენისა მსმენელმან ვჰყავ წინააღრჩევით საქმე ესე, რომელმან ბრძანე წმიდასა შინა სახარებასა, ვითარმედ - მწყემსმან კეთილმან დადვას სული თვისი ცხოვართა თვისთათვისო - და არა ვიქმენ სასყიდელით დადგინებულ, რაითამცა დაუტევე ცხოვარი ჩემი და ვივლტოდი... არამედ დავდევ თავი ჩემი ქვეყანისათვის და განერა ერი ჩემი მოოხრებისაგან... ამისთვისცა გევედრები, მეუფეო, რაითა სული, გული და გონებაჲ ჩემი შენდა მომართ აღამაღლო", ვინაიდან არ მებრალება არც ჩემი მეფობა, ტახტი და სიმდიდრე, არც მშვენიერება და სი-ჭაბუკე, არც ბრძოლაში მხნეობა და მკლავის სიმაგრე, არც ასპარეზობასა და ცხენთა ჭენებაში პირველობა და ნადირობაში სიმარჯვე, ქვეყნიური შვება და ლხინი, მრავალფერი სანოვაგე და სიმღერა-გართობანი, "ქუესკნელად შთამხდელნი და ამაონი" - ეს ყველაფერი დავთმე შენი სიყვარულისათვის, "რამეთუ შენდა შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ". დაასრულა თუ არა სიტყვა, ღმრთისმოყვარე მეფე შაჰის ბრძანებით შირაზს, გულაბყალის ციხეში გააგზავნეს და დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან მოლები. "ჰოჲ, მეფეო! შეიწყალე სიჭაბუკე შენი და ნუ ეურჩები ბრძანებასა შაჰისასა, დაუტევე სარწმუნოებაჲ შენი და იწამე მაჰმადი, თორემ მწარე ტანჯვა და სიკვდილი მიგელის" - უქადაგებდნენ ისინი ლუარსაბს. "რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანებაჲ ყაენისა" - პასუხობდა ლუარსაბი. შაჰმა უკანასკნელად შეუთვალა ქართველთა მეფეს: "ანუ უარჰყავ ქრისტე, ანუ თანა-გაძს სიკუდილი მძვინვარეჲ". ლუარსაბმა კი "ბოროტთაგან შეურყეველმან და მომლოდინემან ნეტარისა მის სასოებისა და გამოჩინებისა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა", პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა შაჰის მოციქულები.
შაჰი დარწმუნდა, რომ ლუარსაბი თავის სარწმუნოებას არ უღალატებდა და შირაზის ხანს მეფის წამებით მოკვლა უბრძანა. როდესაც ხანს შაჰის დანაბარები აუწყეს, ძალიან შეწუხდა, "რამეთუ ეწყალოდა სიჭაბუკე და ახოვნებაჲ მისი", მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. როცა მეფე ლუარსაბს შეატყობინეს შაჰის ნაბრძანები, იგი მიხვდა, რომ დამდგარიყო ჟამი მისი განსვლისა ამიერ სოფლიდან და ჯალათებს უთხრა: "მაცალეთ, რაჲთა ვილოცო უფლისა მიმართ და მერე აღასრულეთ ბრძანებული მის უსჯულოჲს". შემდეგ კი ღმრთისმშობლის ხატის წინაშე დაიჩოქა და მხურვალედ შეჰღაღადა: "ჰოჲ, დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო, შენდამი დამიძს ყოველი სასოებაჲ ცხორებისა ჩემისაჲ, შენ ხარ მფარველი ჩემი, შენ ხარ ნუგეშინისმცემელი ჩემი. შენ მომეც მე შეწევნაი ღუაწლისა ამის ჩემისა, შენ მიოხე წინაშე ძისა შენისა და შემრთე წმიდათა მოწამეთა თანა, რაითა მეცა ვადიდებდე მამასა და ძესა და წმიდასა სულსა". ლოცვის დასრულებისთანავე ჯალათები დილეგში შევიდნენ და მშვილდის საბლით შეუბრალებლად მოაშთვეს ღმრთისმოსავი მეფე.
ღამით წმინდა მოწამის დაუფლველ გვამს საკვირველი ნათელი დაადგა და მრავალი მნახველი განაცვიფრა.
მეორე დღეს წმინდა დიდებული მოწამის სხეული ციხის ეზოში დაფლეს. ქართველთა სავალალოდ, წმინდა ლუარსაბის ძვლები დღესაც სპარსეთში განისვენებს. როგორც მოსე ჯანაშვილი გვამცნობს თავის "საქართველოს საეკლესიო ისტორიაში", "წმინდა გვამი მეფისა ჰმარხია შირაზს. საფლავისა მისისაგან ეხლაც სნეულნი მიიღებენ კურნებასა".
ლუარსაბ მეფის ტრაგიკული აღსასრული ქართველი ხალხისათვის ზნეობრივი გმირობის დიდ მაგალითად იქცა. ქართულმა ეკლესიამ ლუარსაბ მეფე წმინდანად შერაცხა.
შაჰმა ქართლსა და კახეთში ვერავინ დასვა მეფედ, რადგან ლუარსაბს არც შვილი ჰყავდა და არც ძმა, ამიტომაც ქართლი დარჩა უბატონოდ. კახეთი კი ნოდარ ჯორჯაძესა და დავით ასლანიშვილს ჩააბარა, თუმცა მათ გამოიჩინეს ერთგულება მეფისა და მამულისა, სამ თვეში იმერეთიდან მეფე თეიმურაზი ჩამოიყვანეს და კახეთში გააბატონეს.
ქეთევან დედოფლის ტყვეობა
"ქართლის ცხოვრების" ცნობით, შაჰ-აბასმა "მისრულმან აშრაფს, წარავლინა დედა და ძენი თეიმურაზისანი შირაზს პატიმრად", თუმცა ევროპელი მისიონერების ცნობით, ქეთევან დედოფალი, შვილიშვილებითურთ, ქ. აშრაფში 6 თვე იმყოფებოდა, შემდეგი 3 თუ 4 წელი კი სპარსეთის სხვადასხვა ქალაქში ჰყავდათ დაპატიმრებული. მხოლოდ ამის შემდეგ, დაახლოებით 1617 წლის სექტემბერში, წაუყვანიათ შირაზში.
შაჰმა ქეთევანისთვის თვალყურის დევნება დაავალა ქალაქ შირაზის სახელგანთქმულ ბეგლარბეგს, წარმოშობით ქართველს, იმამ-ყული ხან უნდილაძეს, რათა კიდევ მეტად დამამცირებელი გაეხადა დედოფლის ტყვეობა.
ტყვე დედოფლის ქართველი მასპინძელი შირაზში
იმამ-ყული ხანი იყო შვილი ირანის ჯარის მთავარსარდლის - ალავერდი-ხან უნდილაძისა. უნდილაძეების საგვარეულოს ტრაგედია იმ გადახვეწილი ქართველების ისტორიაა, რომლებიც ბედის უკუღმართობამ მოახვედრა ირანში და თავიანთი ნიჭიერებით შაჰის კარზე მაღალ თანამდებობებს მიაღწიეს.
ცნობილია, რომ სპარსეთის შაჰებს თვალი ყოველთვის ქართველ სარდლებზე ეჭირათ. შაჰ-აბასის დროს, ჯერ იყო და, გიორგი სააკაძე უძღოდა სპარსეთის მხედრობას. ინდოეთი და ავღანეთი აიღო, ერაყშიც შეიჭრა, თურქ-ოსმალოც დაიფრინა და გვარიანად გასწია ირანის საზღვრები. სააკაძის მზე ჩაესვენა და ალავერდი-ხან უნდილაძე გამოჩნდა. მერე ის იყო შაჰის მარჯვენა ხელი და პირველი კაცი. რისი გაკეთებაც სააკაძემ ვერ მოასწრო, უნდილაძემ დაამთავრა - გახდა შაჰ-აბას I-ის სამხედრო რეფორმების თაოსანი, ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, ფარსის ბეგლარბეგი.
ალავერდი-ხან უნდილაძე ჭკვიანი, გამოცდილი და განათლებული კაცი იყო. მისი დამსახურებაა ისპაანში - მაშინდელ დედაქალაში, მდინარე ზაიანდე-რუდზე, რომელიც ქართულად დედა მდინარეს ნიშნავს, ოცდაცამეტთაღიანი ხიდის აშენება. იგი ამჟამადაც ფუნქციონირებს და მის სახელს ატარებს. ხიდი ორსართულიანია, კედლები თხელი ქართული აგურით არის ნაშენი. ზედა სართულს ამშვენებს რამდენიმე ძალიან ლამაზი გუმბათი, იგი დაახლოებით 100 მეტრის სიგრძისაა. ქვედა სართულზე გაკეთებულია შეჭრი-ლი ოთახები, რომლებშიც ჩაიხანებია გახსნილი. ეს გრილი და სასიამოვნო ადგილი ყოველთვის სავსეა ტურისტებითა თუ ადგილობრივი მცხოვრებლებით.
...უაღრესად დიდი იყო ალავერდი-ხანის გავლენა შაჰ-აბასის დროინდელ ირანში. პორტუგალიელი ანტონიო გოვეას (XVII ს-ის დამდეგი) გადმოცემით, ერთხელ შაჰს უთ-ქვამს: "მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი ალავერ¬დი-ხანს ვემორჩილებიო".
ალავერდი-ხანი 1614 წელს გარდაიცვალა. არსებობს ცნობები, 1614 წელს ალავერდი-ხანს შაჰი უხმობდა საქართველოსთან ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გიორგი სააკაძის მსგავსად, მაგრამ ალავერდი-ხანმა როგორღაც მოახერხა თავის არიდება. ჩვეულებრივ, ასეთ დროს ავადმყოფობას იმიზეზებდნენ ხოლმე. შემდეგ მისი შვილი, იმამ-ყული ხანიც ასევე მოიქცა. ამის შემდეგ ალავერდი-ხანი ძალიან მალე მოულოდნელად გარდაიცვალა. არის ეჭვი, რომ ეს მკვლელობა შაჰმა ალავერდი-ხანს სწორედ ამ უარის გამო მოუწყო.
სხვა ვერსიით, ალავერდი-ხან უნდილაძე შაჰის ბრძანებით მოკლეს, რადგან ფაქტობრივად იგი შაჰზე გავლენიანი იყო. ისქანდერ მუნში აღნიშნავს, რომ შაჰის კარზე იზრდებოდა უკმაყოფილება ალავერდი-ხანის განწყობის, საქციელისა თუ სხვა მიზეზების გამო. ჩანს, გარკვეულ ეტაპზე შაჰ-აბასი გიორგი სააკაძეს უფრო ენდობოდა, ვიდრე ფარსის ბეგლარბეგს. XVII ს-ის სომეხი ისტორიკოსის, ზაქარია სარკავაგის ცნობით, ალავერდი-ხანის ერთ-ერთი ვაჟიშვილი დაკავშირებული იყო სპარსეთის საწინააღმდეგო აჯანყებასთან, რაც, შესაძლოა, შაჰის უკმაყოფილების მიზეზი გამხდარიყო.
შაჰ-აბას I-ის ბრძანებით, ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში.
ირანში ალავერდი-ხანის შვილებიც დაწინაურდნენ. უფროსმა, იმამ-ყული-ხანმა, მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა, დაუდ-ხანმა - ყარაბაღისა. დაუდ-ხანის სარდლობით სეფიანთა ჯარმა პორტუგალიელები დაამარცხა და სპარსეთის ყურეში ახალი მიწები შეიერთა. ოთხი წლის შემდეგ არდებილთან ოსმალოს აყარა შავი დღე.
უფროსი ძმა, იმამ-ყული-ხან უნდილაძე, ფარსის ბეგლარბეგი, შაჰის შემდეგ, ფაქტობრივად, მეორე კაცი იყო სახელმწიფოში. პორტუგალიელები კუნძულ ჰორმუზიდან რომ გადადენა, მისი სახელი მთელ ირანში ამზიანდა.
ცნობილია, რომ უნდილაძეს, მიუხედავად შაჰის კარზე ძალიან მაღალი თანამდებობებისა, არ მიუღია მონაწილეობა საქართველოსთან ომში. იმამ-ყული-ხანი, მამის მსგავსად, შაჰ-აბასის ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ავადმყოფობის მომიზეზებით თავრიზში დარჩა.
იმამ-ყული-ხანმა დიდი პატივით მიიღო კახეთის დედოფალი. თავის სასახლეშივე მოუმზადა საცხოვრისი და დააბინავა ამალითურთ. აქვე შეარჩიეს ერთი ოთახი ეკლესიი-სათვის. ქეთევან ჩვენი დიდად საპატიო სტუმარი არის, ის კი არ არის ტყვე, ჩვენ ვართ მისი ტყვეებიო, - ამბობდა ნაქართველარი თათარი. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული ქეთევან დედოფალი არა მარტო დღისით, ღამითაც დგებოდა და თანმხლებ მანდილოსნებთან ერთად ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ტანჯულ ქვეყანას, ყვავ-ყორნებივით რომ შესეოდნენ და კორტნიდნენ უსჯულო მტრები. როგორც ცნობილია, მას თან ჰქონდა წაღებული მაცხოვრის ჯვარცმა და ღვთისმშობლის ხატი.
დედოფლის ამალაში იყო "ქართველი მღვდელი, - წერს რომის პაპის ელჩი პიეტრო დელა ვალე, - ის ჩინებული ადამიანი იყო, სულიერად ამხნევებდა მას და მის თანმხლებთ. აქვე იყო მეორე მღვდელიც". დედოფლის ერთ მღვდელს ერქვა გიორგი, რომელიც ამავე დროს იყო მისი მსახურთუხუცესი და თვალყურს ადევნებდა ამალას. მეორე მღვდელს ერქვა მოსე, რომელიც დედოფლის მოძღვრად ითვლებოდა. ქეთევან დედოფლის მღვდელს ასე ახასიათებს პორტუგალიელი ელჩი დონ გარსია დე სილვა ი ფიგეროა, რომელიც მაშინ შირაზში იმყოფებოდა: "ქეთევან დედოფლის მსახურთა შორის იყო ერთი მღვდელი, მისი მოძღვარი წმინდა ბასილის წესისა, სახელად მოსე, რომელიც თავშეკავებულობითა და სიტყვიერი ზომიერებით ჰქმნიდა ნამდვილი მღვდელმსახურის სასოებას, რაღაც იმის მსგავსს, რასაც ძველად ეკლესიის ბერებს მიაწერდნენ. ვინაიდან, გარდა იმისა, რაც გარეგნულად ჩანდა, მასში ამოიკითხავდით ცხოვრების წმინდა წესს და წეს-ჩვეულებათა სიმარტივეს, ხოლო ეს ხდიდა მას იმის ღირსად, რომ ჩვენს ევროპელ მღვდლებს მისთვის მიებაძათ"...
მამა მოსე და მამა გიორგი ამ ოთახ-ეკლესიაში ხშირად აყენებდნენ წირვას. ამასთანავე, დედოფალს უკითხავდნენ სახარებას, მოციქულთა ეპისტოლეებს, ლოცვებს, ქადაგე¬ბებსა და წმინდანთა ცხოვრების ამბებს... ქეთევან დედოფალს თან უამრავი საეკლესიო წიგნი ჰქონია. დონ გარსია დე სილვა ფიგეროა წერს, რომ მას ქეთევან დედოფლის მღვდელმა მოსემ მოუტანა ორი ქართული ხელნაწერი მშვენიერი, მოოქრულ ყდაში ჩასმული წიგნი, რომელთაგან ერთი იყო ძველი აღთქმა თავისი ფსალმუნით, ხოლო მეორე - სახარება, სამოციქულო აქტები და წმინდა წერილები, ორივე ქართულ ენაზე. ეს წიგნი პიეტრო დელა ვალესაც უნახავს ქეთევან დედოფალთან ყოფნისას.
ცნობილია, რომ ტყვეობისას ქეთევან დედოფალი რომის პაპის ელჩ პიეტრო დელა ვალესთან ერთად გაიცნო პორტუგალიელმა მისიონერმა ბერმა ამბროზიო დუშ ანჟუშმა, რომელიც ბევრ ცნობას გვაწვდის წმინდა დედოფლის შესახებ. მისი თქმით, "ეს ღვთისმოსავი ქალბატონი ტანდაბალი გახლდათ. დაახლოებით ორმოცი წლისა უნდა ყოფილიყო, ხელთ მლოცველის ჯოხი ეპყრა. ქვრივივით შავად მოსილს, თავ-კისერიც მოშავო საბურველით დაეფარა. მეტად პირმშვენიერი და უაღრესად დარბაისელი, არა მარტო სამეფოს, არამედ მთელი სუვერენული იმპერიის დედოფლობის ღირსი იყო. არაჩვეულებრივად წმინდა და სასიამოვნო, განსაკუთრებულ სიხარულს ჰგვრიდა ყველას, ვინც ერთხელ მაინც იხილავდა. მისი ლამაზი, დიდი, შავი თვალები ირეკლავდნენ იმას, რაც მის სულში ხდებოდა... დედოფალი იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, თუ მიიწვევდნენ ხანის სასახლეში ანდა თვითონ წავიდოდა ხანის ჰარამხანაში, სადაც მიდიოდა იმისთვის, რომ ენახა ქართველი ქალები, რომლებიც ასევე ტყვეობაში იყვნენ, რათა დიდის გულმოწყალებით დაემშვიდებინა ისინი, მოუწოდებდა რა მათ შეენარჩუნებინათ ქრისტიანული სარწმუნოება, რომელშიც ისინი აღიზარდნენ".
მადრიდის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემონახულ საბუთში ვკითხულობთ: "სასიამოვნო იყო ქეთევან დედოფალთან საუბარი, მისი საუბარი იყო წმინდა, ადამიანებისადმი ერთგულების სულისკვეთებით განმსჭვალული... დედოფალი ნატიფ სულს მარხვითა და ლოცვით იმტკიცებდა და სხეულს მომავალი წამებისათვის ამზადებდა. ტყვე ქრისტიანებს, რომლებიც სპარსეთში მრავლად იყვნენ, დედოფალი იესო ქრისტეს რწმენისა და ერთგულებისაკენ მოუწოდებდა. თუ გაიგებდა, რომ ვინმემ რწმენას უღალატა, ამ ამბავს დიდად განიცდიდა.
დედოფალს რაც კი გააჩნდა და რასაც უწყალობებდნენ თავის სარჩენად, ქრისტიანებს შორის ანაწილებდა და თვითონ დიდი თანაგრძნობით იზიარებდა მათ ჭირსა და განცდას".
აღსანიშნავია, რომ ირანში არ არსებობდა არც ერთი ქართული (მართლმადიდებლური) ეკლესია, მაშინ, როცა მრავლად იყო სომხური და კათოლიკური ეკლესიები (ამ დროს სპარსეთში წმ. ავგუსტეს ორდენის სამი მონასტერი არსებობდა - ისპაანში, შირაზსა და ბოსორაში). ქეთევან დედოფალი განუწყვეტლივ ლოცულობდა. განსაკუთრებით მოწიწებით ევედრებოდა ღვთისმშობელს თავისი წილხვედრი საქართველოს მტერთაგან გათავისუფლებასა და გადარჩენას.
ალავერდობას აჯანყებული კახეთი
როგორც ყოველთვის, მარად შეუდრეკელმა ქართველებმა კვლავ დაიწყეს მზადება მტრის უღლისაგან გათავისუფლებისათვის. ახლა მათ თურქეთთან კავშირით სურდათ ყიზილბაშების განდევნა საქართველოდან. ოსმალეთი უკმაყოფილო იყო ზავის პირობებით და ომის განახლებაზე ფიქრობდა. ამიტომ ოსმალეთის მესვეურებმა შეუთვალეს კახელებს, აჯანყებულიყვნენ. საქართველოში უკვე მომზადებული იყო ნიადაგი ამისთვის და 1615 წლის 15 სექტემბერს, ალავერდის სადღესასწაულო წირვის შემდეგ კახელები აჯანყდნენ. ალავერდის წმინდა ეკლესია და მისი გალავანი ირანელებს ციხესიმაგრედ ჰქონდათ გადაკეთებული და იქ ყიზილბაშები იდგნენ. 15 სექტემბერს, ამ ეკლესიის დღესასწაულის დღეს, ყიზილბაშებმა კახეთის მმართველის მოადგილის დავით ჯანდიერის ხათრით ქართველები ეკლესიაში სალოცავად შეუშვეს. წირვის დამთავრების შემდეგ დათქმულ ნიშანზე ქართველებმა ტანსაცმელში დამალული იარაღი გამოაჩინეს და ყიზილბაშებს მუსრი გაავლეს. თეიმურაზი აჯანყებას სათავეში ჩაუდგა და კახეთის სპარსთაგან გაწმენდას შეუდგა. აჯანყდა შირვანიც, რომლის მეთაურმაც თეიმურაზს ერთგულება გამოუცხადა. აჯანყებულებმა კახეთი და შირვანი ყიზილბაშებისაგან გაათავისუფლეს.
შაჰ-აბასმა შეიტყო საქართველოში დაწყებული აჯანყების ამბავი და ისიც, რომ ოსმალეთის ლაშქარი საზღვარზე იზამთრებდა და ირანზე თავდასხმას არ აპირებდა, 15000- იანი ჯარი გაგზავნა საქართველოში. თეიმურაზმა თვითონ უსარდლა ქართველთა 6000-იან ლაშქარს, წიწამურთან შეება მტერს და ცხარე ბრძოლაში სძლია. ყიზილბაშები გარბოდნენ, ქართველები კი ფეხდაფეხ მისდევდნენ და ხოცავდნენ. ქართველებმა დიდი ნადავლი იგდეს ხელთ, საშოვარი ისე გაიაფდა, რომ სანახევროდ წამღები არ იშოვებოდა. "აქლემი ერთ აბაზად გაისყიდაო", - წერს ქართველი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე.
გამძვინვარებულმა შაჰ-აბასმა ქართველთა ამოგდება განიზრახა და საგანგებოდ მოემზადა სალაშქროდ. მან ძირითადი სამხედრო ძალების საქართველოში გადასროლა გადაწყვიტა, რადგან აჯანყება საშიშ ხასიათს იღებდა. სპარ¬სელებს ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ ოსმალეთის ლაშქარი პასიურობდა და საქართველო, რომელსაც თურქეთი აქეზებდა და დახმარებას ჰპირდებოდა, ფაქტობრივად მარტო აღმოჩნდა ირანის პირისპირ.
1616 წლის გაზაფხულზე შაჰი დიდძალი ლაშქრით საქართველოსკენ წამოვიდა. ყიზილბაშებმა კახეთს ორი მხრიდან შეუტიეს: დასავლეთიდან, ქართლის მხრიდან - შაჰ-აბასი და იუსუფ-ხანი, ხოლო აღმოსავლეთიდან შირვანის ბეგლარ-ბეგი უნდა შეჭრილიყო კახეთში. შაჰი ქართლში შემოიჭრა და თბილისს მოვიდა. ქართლის მმართველად სვიმონ მეფის ძმისშვილი, ბაგრატ-ხანი (დაუდ-ხანის შვილი) დაადგინა, დაღესტნელებს შეუთვალა: კახეთის ამოწყვეტა მსურს და ვინც თქვენს მხარეში გადმოვა, დაატყვევეთო. ლეკებმაც სიხარულით აღუთქვეს დახმარება. შაჰ-აბასმა ხერკსა და ერწო-თიანეთს თბილისიდან დიდი ლაშქარი გაგზავნა, თვითონ კი კახეთში გადავიდა და იქ დაბანაკდა.
თეიმურაზი ვარაუდობდა, რომ ოსმალეთის ლაშქარი, რომელიც ალეპოს მიდამოებში იყო განლაგებული, შეტევას დაიწყებდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა, კახელმა თავადებმაც აღარ მოისურვეს შაჰ-აბასის უზარმაზარ არმიასთან შებმა. თეიმურაზი იძულებული გახდა, თავისი ამალით იმერეთს გადასულიყო. ქვეყანა უდიდესი განსაცდელის წინაშე დადგა. ირანელ მოლაშქრეებს ნაბრძანები ჰქონდათ, ქართველთაგან არც ერთი ცოცხალი არ გაეშვათ, ქალები და ბავშვები ტყვედ წამოეყვანათ, ხოლო ქონება, რაც ხელში ჩაუვარდებოდათ, მუსლიმანთა დავლა იქნებოდა. ქართველები თავგანწირულად იბრძოდნენ, მაგრამ მრავალრიცხოვან მტერთან ვერას გახდნენ. ქალაქი ძაგემი (ზაგემი), რომელიც ჰერეთში, ახლანდელ საინგილოში, ზაქათალის მახლობლად მდებარეობდა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო, სპარსელებმა სრულიად აღგავეს პირისაგან მიწისა.
აღნიშნული ოთხი შემოსევის დროს (1614-1617) კახეთმა უდიდესი ზარალი ნახა: მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა, დარჩენილმა ნაწილმა "ტყეებსა და ჯაგებს" შეაფარა თავი. ასი ათასამდე მტერს შეაკვდა, "რომელნიმე ლეკთა ამოსწყვიტეს და დაატყვევეს და რომელნიმე მორჩეს თუშეთს, ფშავს და ხევსურეთს". ხუთასი ათასი შეიპყრეს, ცოლშვილიანად აჰყარეს, წაასხეს.... და ირანის შიდა პროვინციებში: საზანდარას, ხვარასანსა და ფერიას (ფერეიდანს) მიმოფანტეს.
შაჰ-აბას I - საქართველოს ყველაზე დიდი მტერი
"დიდი სახელმწიფო მოღვაწის უტყუარ ნიჭთან ერთად მას (შაჰ-აბას I სეფიანი (1587-1629 წ.წ.)) თანდაყოლილი ჰქონდა პირადი ხასიათის ისეთი თვისებები, რომლებიც მას ხშირად ადამიანურ სახეს უკარგავდა და კაცურ ქცევას ავიწყებდ ან, შაჰ-აბასი მცირე რამის გამოც ისეთ თავშეუკავებელ მრისხანებას იჩენდა ხოლმე, ისეთი სრულებით უაზრო სისხლისღვრა, შემაძრწუნებელი ვერაგობა და შემზარავი შურისძიება იცოდა თავის მახლობელთა წრეშიაც, რომ უნებლიეთ მისი გონებრივი ნორმალურობის შესახებ ეჭვი იბადება.
მისი მთელი პოლიტიკა ვერაგობითა და სისხლის გაუმაძღრობით იყო აღსავსე, ჭორებისა და ჯაშუშობის ქსელის მოტრფიალე ის თავის გარშემო ისეთი ჯოჯოხეთური მუხანათობისა, ინტრიგებისა და იჭვიანობის ბუდეს ქმნიდა, რომ მას ხშირად თითონაც საშუალება აღარ ჰქონდა სიმართლე შეეტყო და გაბმული მახიდან თავი დაეღწია".
ივანე ჯავახიშვილი
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
* * *
შაჰ-აბასის სახელი სხვა დამპყრობლებზე უფრო მტკივნეულად შემორჩა ისტორიას, ცნობილია, რომ მან 130 ათასი ქართველი გადაასახლა ირანში, მაგრამ ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი თავის კვლევებში სულ სხვა ინფორმაციას გვაწვდის, მისი მონაცემებით, გადასახლებულთა რიცხვი 400 ათასი იყო.
XVII საუკუნის იტალიელი მოგზაური პიეტრო დელა ვალე ქართველთა ირანში გადასახლების ამბებს აგვიწერს: "რა მდგომარეობა მოჰყვა ამ საზარელს გადასახლებას, რამდენი სიკვდილი საშინელი გაჭირვებისგან, რამდენი წყვეტა-ჟლეტა, რა გლეჯა, რა გახრწნა, რა ძალდატანება, რამდენი ჩვილი, ყმაწვილი დააღრჩვეს მამებმა თავისივე ხელით ან წყალში ჩაყარეს, რათა მათი საცოდაობა და სატანჯველი არ ენახათ, რაკი ყოველს ღონეს იყვნენ მოკლებულნი მათს საპატრონოდ! რამდენსა ჟლეტდა გზა-გზა დაცვივნულებს, ან მათ, რომელთაც აღარ შეეძლოთ სიარული, სპარსთა მხედრობა. რამდენი ბავშვი მოჰგლიჯეს ამათ დედის ძუძუს და დაჰყარეს გზებზედ მხეცების შესაჭმელად, ცხენებისა, აქლემებისა და ჯორების ფეხქვეშ სასრესად. რამდენი დააშორეს მამა შვილს, ცოლი ქმარს, და ძმას და გაჰფანტეს ერთი ერთმანეთისაგან შორი-შორს ქვეყნებში, ისე, რომ ეს საწყლები საუკუნოდ იყვნენ იმედგაწყვეტილნი, ენახათ კიდევ როდისმე ერთმანეთი! რამდენი ქალი და კაცი იყიდებოდა პირუტყვზედ უფრო იაფად. რამდენი სხვა ამისთანები ხდებოდა ღირსი სიბრალულისა, მაგრამ ყველას ვინ მოსთვლის".
გადასახლებულთა ბედი სხვადასხვანაირად გრძელდებოდა, ნაწილი გზაშივე იყიდებოდა ან იხოცებოდა, ნაწილი ირანის სხვადასხვა რაიონში ჯგუფ-ჯგუფად სახლდებოდა და მალევე ერეოდა ადგილობრივ ეთნოსს.
ქართველების მასობრივი გადასახლებით შაჰ-აბასი რამ¬დენიმე სტრატეგიულ მიზანს ისახავდა:
ყოველმხრივ ასუსტებდა ურჩ ქართლ-კახეთს;
ახალი ქართული დასახლებებით იცავდა საკუთარ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებს, მათ შორის ისპაანს, მომთაბარე ტომების - ბაჰთიარების, ლურების, ქურთების გამუდმებული თავდასხმებისგან;
ქართველების მეშვეობით ირანში ნერგავდა ინტენსიურ მეურნეობას;
მამაცი ქართველი მეომრებით საკუთარ ლაშქარს აძლიერებდა.
ირანში ქართველი მოსახლეობის გადანაწილების შესახებ ცნობები ძალიან ცოტაა, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ მიახლოებით გავარკვიოთ, სად ჩაასახლეს ისინი. პა¬ტარ-პატარა ჯგუფები ჩასახლებული ყოფილა სხვადასხვა პროვინციაში. ძირითადი ნაწილი ისპაანისა და ირანის ჯულფის მიდამოებში ჩაუსახლებიათ. დღესდღეობით ჯულფის შემოგარენში ნაპოვნია საფლავის ქვები ქართული წარწერებით. გამოდის, რომ ქართველები ძირითადად ჩაასახლეს კასპიის ზღვისპირა რაიონებში და თავრიზიდან დაწყებული, შირაზით დამთავრებული. ნაწილი - ჩრდილო აღმოსავლეთით, ხორასნის "ოსტანის" ერთ-ერთ უკაცრიელ ადგილას, კერძოდ, აბას-აბადში, რომელიც შაჰრუდსა და საბზივარს შორის მდებარეობს. ქართველთა დიდი ნაწილი კი ბახთიარიის მთებში, ფერეიდანში.
ამ ჩამოთვლილი მხარეებიდან დღესდღეობით ქართველები მხოლოდ ფერეიდანში ცხოვრობენ. სხვაგან ან მომთაბარე ტომებთან განუწყვეტელ ბრძოლაში დაიხოცნენ, ან ადგილობრივ მოსახლეობას შეერივნენ, დაავიწყდათ ენა და კულტურა და სპარსელები გახდნენ.
ფერეიდნელებს საუკენეების მანძილზე უხდებოდათ თავის დაცვა ლურების, ქურთების, ბახთიარების თუ სხვა ტომებისგან. გადმოცემით იციან, რომ ადრე ფერეიდანის მიწაზე მხოლოდ ლეღვის ხეები ხარობდა და იმის მოსავალსაც ქურთები ართმევდნენ. საშოვარისთვის ქალაქში წასული მამაკაცები გზაში იღუპებოდნენ. მომთაბარეებს ტყვედ მიჰყავდათ ქართველები და ბევრ მათგანს კლავდნენ, სხვებს კი დიდი გამოსასყიდის საფასურად ათავისუფლებდნენ.
ასევე გადმოცემით იციან ციხემთის ბრძოლაზე. იციან, რომ ამ ბრძოლაში ქართველთა დიდი ნაწილი დაიღუპა. დედები, იმის შიშით, რომ მტრის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ, შვილებს გულში იხუტებდნენ და ზურგით ხტებოდნენ კლდიდან. ასე გადარჩა ბევრი პატარა ქართველი.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფერეიდნელებმა მოიტანეს დღემდე ენა და ტრადიციები. მართალია, ოდნავ სახეშეცვლილი, ოდნავ სპარსულნარევი, მაგრამ მაინც ქართული.
ფერეიდნული ქართული უნიკალური მოვლენაა. ეს არის ოთხი საუკუნის წინანდელი ქართული მეტყველება. ფერეიდანში თქვენ მოისმენთ ძველებურ ქართულს და მოგეცემათ საშუალება იმოგზაუროთ მშობლიური ენის წარსულში. ქართული ყველა ფერეიდნელმა იცის, რადგან ისინი ქართულად იდგამენ ენას.
ისქანდერ მუნშის ცნობით, ქართველებს ფერეიდანში ჩასახლებისთანავე აუგიათ ეკლესიები თუ ქრისტიანული ტაძრები და მტკიცედ დაუცავთ თავიანთი სარწმუნოებისათვის დამახასიათებელი ადათ-წესები, მაგრამ სპარსელებმა ქართველებს ტაძარი "მიზგითით" შეაცვლევინეს. შაჰი ფერეიდანში დასახლებული ქართველების გამაჰმადიანებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. ფერეიდნელებს მოუხდათ დაეთმოთ სარწმუნოება ქართველობის გადასარჩენად. დღეს ფერეიდნელებმა გადმოცემით იციან, რა სისხლისღვრის ფასად დაათმობინეს სპარსელებმა მათ წინაპრებს მართლმადიდებლობა. ამას ადასტურებს მოგზაური დენ-გარსიაც: "მე შევხვდი ისპაანში შაჰის მოედანზე ასეთ სურათს - რამდენიმე ქართველ გოგონას წამებით აიძულებდნენ, მაჰმადიანობა მიეღოთ, მაგრამ ისინი სიკვდილამდე ქრისტიანები დარჩნენ". ეს იყო ერთი შემთხვევა, რომელსაც შეესწრო ეს მოგზაური. ვინ იცის, რამდენი ქართველი აწამეს ამ მოედანზე სჯულისათვის.
გადმოცემით, თურმე ფერეიდნელ დედებს ღვთისმშობლის ხატები ჰქონიათ დამალული. გაჭირვების ჟამს შესთხოვდნენ ხოლმე: "ნუ დაგვაგდებ აქ, დედა მერიემ... გაგვიყვანე შენი შვილები ფერეითიდან შენს მიწაზე, საქართველოჩი... საქართველოჩი..."
არსებობს თქმულება, რომ ფერეიდანში, "მთა მზიანის" გორაზე, ავღანელებთან ბრძოლისას ძალაგამოლეულ ქართველებს წმინდა გიორგი გამოეცხადათ და მისცა მათ ძალა ბრძოლის გასაგრძელებლად. ავღანელები გაიქცნენ და აღარც დაბრუნებულან. იმ ადგილას, სადაც ქართველებს წმინდა გიორგი დაუნახავთ, დიდი ქვა ყოფილა, რომელიც რაღაც ძალამ შუაზე გახეთქა. აქ ყოველი წლის ივნისს სალოცავად ადიოდნენ და ახლაც ადიან ქართველები. ქვის ხელის ხლებას ვერავინ ბედავს. ეს ლოდი უცნაური ფორმისაა, თითქოს მაკრატლით გაჭრესო. ამ ადგილთან მიკარებას სპარსელები ვერ ბედავენ, რადგან მათაც წმინდა ადგილად მიაჩნიათ.
* * *
შაჰ-აბასმა კახეთი ორად გაყო - ივრის აღმოსავლეთი მხარე განჯის მმართველს, ფეიქარ-ხანს ჩააბარა, ხოლო დასავლეთი ქართლის განმგებელს - ბაგრატ-ხანს. დაცარიელებულ კახეთში თურქმანების ჩამოსახლება დაიწყეს. კახეთის გაუკაცრიელების შემდეგ შაჰ-აბასი ქართლში გადავიდა, თეიმურაზის მომხრე თავადთა მამულები დაარბია და ქართლის თავად-აზნაურთა შვილების დიდი უმრავლესობა თავის ჯარში გაიწვია, ტყვეებიც დიდი რაოდენობით იგდო ხელთ და გამარჯვებული ირანში დაბრუნდა.
თეიმურაზი კი არათუ შედრკა, არამედ ყიზილბაშთა წინააღმდეგ დიდ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა და შეეცადა, ოსმალთა ჯარის დახმარებით მიეღწია მიზნისათვის. მან დახმარებისთვის რუსეთსაც არაერთხელ მიმართა (1615, 1618, 1624 წწ.). რუსეთი შეეცადა, დიპლომატიური გზებით ზეგავლენა მოეხდინა შაჰ-აბასზე, რათა მას თეიმურაზი და ლუარსაბი თავიანთ სამეფოებში დაებრუნებინა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია, დრო კი არ ითმენდა. იმერეთის სამეფო კარზე მყოფმა შეჭირვებულმა თეიმურაზმა (იმერეთში დაწყებული შიმშილობის გამო) დახმარება სთხოვა ხონთქარს და მანაც გონიო და ახალციხის რამდენიმე სოფელი უბოძა. თეიმურაზი ახალციხეში გადავიდა და თავის ნათესავს (დედის მამიდაშვილს), მანუჩარ ათაბაგს ეწვია. შემდეგ "განიზრახა სტამბოლში წასვლა, ვინაიდგან აღეთქვა ხონთქარს შეწევნა" და აუწყა ათაბაგს, ხოლო ათაბაგმა მისცა მას ოლ¬თისი. თეიმურაზმა დედოფალი ხორეშანი და "დედაწულნი კახთა" ოლთისში დააბინავა, მათ ნოდარ სახლთუხუცესი დაუტოვა და შვიდასი კაცით სტამბოლს გაემგზავრა.
როდესაც შაჰმა თეიმურაზის თურქეთში წასვლა შეიტყო, ძლიერ განრისხდა და 1618 წელს თეიმურაზის ვაჟები - ლევანი და ალექსანდრე, რომელთაც ტყვეობაში ქეთევან დედოფალი ზრდიდა, ისპაანს ჩააყვანინა და დაასაჭურისებინა. უმცროსმა ვაჟმა ვერ გაუძლო ტანჯვას და გარდაიცვალა, ხოლო უფროსი ჭკუიდან შეიშალა. შაჰის მხრიდან თეიმურაზის შვილების მიმართ ჩადენილი მხეცობის შესახებ ქეთევან დედოფალმა არაფერი იცოდა, რადგან იმამ-ყული-ხან უნდილაძე დიდი პატივით ეპყრობოდა და არ სურდა, დაემძიმებინა მისთვის ისედაც მწუხარე გული. დედოფალთან შეხვედრის წინ პიეტრო დელა ვალე გაუფრთხილებიათ, რომ შვილიშვილების შესახებ არაფერი ეთქვა.
ამასაც არ დასჯერდა ცბიერი შაჰი და ერევნის ხანს, ამირ-გუნახანს უბრძანა ოლთისში მყოფი თეიმურაზის ოჯახი (თეიმურაზს ხორეშანთან შეეძინა ოთხი შვილი: დარეჯანი (ცოლი ზურაბ ერისთავისა, შემდეგ იმერთა მეფის, გიორგის ძის, ალექსანდრესი); დავითი იგივე დათუნა (1648 წელს ყიზილბაშებმა მოკლეს ს. მაღაროსთან); თინათინი (შაჰ-სეფის ცოლი) და ქეთევანი (ჯერ ადილ-შაჰის, შემდეგ იბრაჰიმ-შაჰის ცოლი)) ტყვედ აეყვანა და მისთვის გაეგზავნა. მაგრამ, საბედნიეროდ, დედოფალმა ხორეშანმა სიზმრისეული ხილვით შეიტყო განსაცდელის მოახლოება და ციხეში გამაგრდა, "ხოლო განთიადს დაესხა ამირ გუნახანი სპითა და, ვითარ ვერღარა რაჲ პოვა, უკუნ-იქცა და წარვიდა". შეიტყო ეს ამბავი ნოდარმა, რომელიც იმ დროს სხვაგან იმყოფებოდა, ერევნის ხანს დაეწია და სასტიკად დაამარცხა, ალაფი აიღო და გამარჯვებული დაბრუნდა დედოფალთან. ამ ბრძოლაში თავი გამოიჩინეს ქართველმა ებრაელებმაც.
სულთანმა მუსტაფამ დიდი პატივით მიიღო თეიმურაზი, ჯარით ვერ დაეხმარა, მაგრამ მოსცა სარჩოდ სანჯახები (ადმინისტრაციული ერთეულია) და მრავალი წყალობა უყო". თეიმურაზი ცოლ-შვილთან დაბრუნდა, ხოლო ცოტა ხანში გონიოს გაემგზავრა. 1623 წელს შაჰ-აბასმა კვლავ განაახლა ომი თურქეთთან. მან დაიკავა ბაღდადი და მთელი არაბული ერაყი, მალე ირანის მფლობელობაში მოექცა ქალაქები: მოსული და ბასრა, შიიტების წმინდა ადგილები - ნეჯეფი და ქერბალა. მან აღმოსავლეთშიც გაილაშქრა და თავის ქვეყანას შემოუერთა ყანდაარი, რომელიც ინდოეთის "დიდი მოგოლების" მფლობელობაში იყო მოქცეული.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ქეთევან დედოფლის გამოცდა
ჯერ კიდევ 1618 წელს თეიმურაზ პირველმა რუსეთში გაგზავნა ელჩი ხარიტონი. კახეთის დევნილი მეფის 121 ერთ-ერთი სათხოვარი რუსეთის მეფის - მიხეილ თევდორეს ძისადმი შემდეგი შინაარსის იყო: უბრძანე, შაჰს მისწერონ, რომ დედაჩემი და შვილები დამიბრუნოს, თუ არადა, შენთან, რუსეთში გამოგზავნოსო. თუმცა ამ თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია. 1623 წელს თეიმურაზმა რუსეთის მეფისაგან კვლავ ითხოვა დედის გამოხსნაში დახმარება. მანაც შაჰს ელჩობა აახლა და ქეთევან დედოფლის გათავისუფლება და ელჩებთან ერთად მოსკოვში გაგზავნა სთხოვა. შაჰი ელჩის საპასუხოდ ასე მოიქცა: ირანული კანონის თანახმად, გამაჰმადიანებულ ქრისტიანს ნება არ ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებისა; ამ რელიგიურ კანონს მკაცრად იცავდნენ. ქეთევანი თუ გამაჰმადიანდებოდა, მას, ირანის კანონების თანახმად, ირანიდან წასვლის ნება არ ექნებოდა, ხოლო ქრისტეს აღიარებისთვის სიკვდილით დასჯიდნენ, შაჰი ელჩებს ეტყოდა, რომ იგი გარდაიცვალა. რომის პაპის ელჩის, პიეტრო დელა ვალეს აზრით, შაჰმა საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვის ელჩების მასთან ჩამოსვლის შემდეგ მიიღო: ქეთევან დედოფალი ან უნდა გაემაჰმადიანებინა, ან მოეკლა. მან ელჩები, პასუხის მოლოდინში, თავისთან დაიტოვა, და ამავე დროს, საიდუმლოდ და სასწრაფოდ, სამი კაცი შირაზში ქეთევანთან გაგზავნა - მათ დედოფლისთვის უნდა ერჩიათ, უარეყო სარწმუნოება და მიეღო მაჰმადიანობა, მაგრამ თუ უარს იტყოდა, წამებით მოეკლათ. შაჰის ემისრები ისე სწრაფად გაემართნენ შირაზისკენ, რომ რვა დღის სავალი ექვს დღეში გაიარეს.
ქეთევან დედოფალი ათი წელი იტანჯებოდა "საპატიო" ტყვეობაში. მარხვით, ლოცვითა და ხმელზე წოლით გაილია მისი სხეული, მაგრამ მაინც მხნედ იყო და დიდად ზრუნავდა მასთან მყოფ ქართველებზე. დედოფლის წამებამდე ხუთი წლით ადრე სპარსელებმა მის მოძღვარს - მამა მოსეს ცილი დასწამეს და სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანეს. დასჯის წინ შესთავაზეს, განდგომოდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და მაჰმადიანობა მიეღო.
გამორჩეული თვისებებით მოსე მღვდელს საგანგებო ადგილი სჭერია დედოფლის გვერდით - დედოფალს იგი უკითხავდა სახარებას, მოციქულთა ეპისტოლეებს, ლოცვებს, ქადაგებებსა და წმინდანთა ცხოვრების ამბებს, რითაც რწმენაში განაძლიერებდა და სულიერ ძალებს მატებდა მას.
ეს ვითარება, ცხადია, შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ ირანის სამეფო კარზე ურჩი დედოფლისთვის რწმენის დათმობის შემგონებლებს, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის ამ მტკიცე დასაყრდენის გამოცლას.
მღვდელს დაბრალდა შირაზის ხანის მდივნის მეუღლესთან სამიჯნურო ურთიერთობა. ცრუ ბრალდებებით წაქეზებული ქმარი დაშნით ხელში შეიჭრა მღვდლის ოთახში და შეუტია. მღვდელმა მას დაშნა გამოსტაცა და ნაცვლად იმისა, რომ თავის დასაცავად გამოეყენებინა, ფანჯრიდან გადააგდო და თვითონ მდივნის მხლებელ ჯარისკაცებს დანებდა - საშუალება მისცა, მისთვის ხელები შეეკრათ და დაეპატიმრებინათ.
შირაზის ხანმა მაშინვე მოაყვანინა მოსე მღვდელი დიდ მოედანზე, მისი სასახლის წინ, უბრძანა, თუ სარწმუნოებას შეიცვლი, დანაშაულს გაპატიებო... თან ძალზე დიდი თანხაც შესთავაზა. მოსემ ამ წინადადებაზე საჯაროდ უარი განაცხადა და მტკიცედ დარჩა ქრისტიანულ სარწმუნოებაში. მოძღვარი ქვებითა და დაშნების ცემით ნაფლეთებად აქციეს.
იტალიელი მისიონერი ამბროსიო დუშ ანჟუში მიიჩნევს - მოსე მღვდლისადმი წაყენებული ბრალდება გამოწვეული იყო იმით, რომ მუსლიმები საზოგადოდ ქრისტიანთა მტრები არიან და ყოველთვის ცდილობენ მათ ბრალი დასდონ რაიმეში. ალბათ ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოსაა წიგნის ავტორის, პროფესორ ილია ტაბაღუას მოსაზრება ხსენებულ საკითხზე: "ქეთევან დედოფლის მღვდლის - მოსეს მოკვლის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სპარსელების აზრით, იგი დედოფალს განუმტკიცებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და თუ მას მოაშორებდნენ, ეგონათ, დედოფალი რწმენას დათმობდა და გამაჰმადიანდებოდა. ამიტომაც იყო, რომ თავიანთ უკეთურ განზრახვას ამსხვერპლეს მოსე მღვდელი დედოფლის სიკვდილით დასჯამდე ხუთი წლით ადრე. მაგრამ ვერ აისრულეს მიზანი. დედოფალი არათუ ვერ გაამაჰმადიანეს, პირიქით, ჯალათების მარწუხებისა და მუგუზლების ქვეშ იშვა ქრისტესთვის თავდადებული ახალმოწამე, რომელმაც უდრტვინველად აიტანა ტანჯვა-წამება და პირზე ღიმილით შეეგება სიკვდილს. და ალბათ, როდესაც წმინდა ქეთევანი სიცოცხლეს თმობდა რწმენისათვის, მას წინ ედგა ცოცხალი მაგალითი ნაკუწ-ნაკუწ აჩეხილი თავისი მოძღვრისა!
მამა მოსეს სიკვდილის შემდეგ ქეთევანთან დარჩა მეორე მღვდელი, მამა გიორგი, რომელიც ასევე თავდადებულად ემსახურებოდა დედოფალს და სულიერად ამხნევებდა მის ამალას.
იმამ-ყული ხანმა, როგორც კი მიიღო შაჰის ბრძანება ქეთევანის წამებით მოკვლის შესახებ, მოციქულის პირით შაჰს შეუთვალა: წლოვანი დედაკაცი არის და ახლა ეს აღარ გათათრდება, რად გჭირდება ამის გათათრება, თავი დაანებე, შენთვის სირცხვილიც არის ამისი სიკვდილიო. იგი თავის საპატიო სტუმარს სამი თვე არ უმხელდა შაჰის ვერაგულ ჩანაფიქრს. შაჰ-აბასს ეწყინა და კვლავ შეუთვალა: რაც გიბრძანე, ის აღასრულეო. მაშინ იმამ-ყული ხან უნდილაძემ აუწყა დედოფალს შაჰის სურვილი: კახეთის სამეფოს კანონიერ დედოფალს ქრისტიანული სარწმუნოება უნდა უარეყო, მაჰმადიანობა მიეღო და შაჰ-აბასის ერთ-ერთი ცოლი გამხდარიყო, სამაგიეროდ, მის შვილს - თეიმურაზს კვლავ კახეთის მეფედ სცნობდა. შაჰის ამ მოულოდნელი წინადადებით, - წერს ამბროსიო დუშ ანჟუში, - დედოფალი ერთხანს გაოგნებული დარჩა... მაგრამ მან გონება მოიკრიბა და იმამ-ყული ხანს მოკლედ და გაბედულად უპასუხა: "რადგან დაბადებული ვარ ქრისტიანი დედ-მამისაგან და ქრისტეს სარწმუნოებით ვარ აღზრდილი, ამიტომ მზად ვარ მოვკვდე ამ რწმენით"... ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როდესაც წმინდა ქეთევანმა თავისი შვილიშვილების ამბავი შეიტყო.
სომეხი მემატიანე არაქელ თავრიზელი, იკვლევდა რა შაჰ-აბასის ამ გადაწყვეტილების მოტივებს, აღნიშნავდა, რომ შაჰს ჰქონია საუბარი გამაჰმადიანებულ ქართველებთან, რომლებიც ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. იმავდროულად მათი დედები ქრისტიანობას ინარჩუნებდნენ. შაჰისთვის ეს ფენომენი მიუღებელი და თანაც აუხსნელი რჩებოდა. ამაზე მათ უპასუხიათ შაჰისთვის, რომ მათი დედები სწორედ ქეთევან დედოფლის მაგალითით ინარჩუნებდნენ ქრისტიანობას და ახალ რჯულზე არ გადადიოდნენ. შაჰს ამის შემდეგ გულში ჩაუდია შურისძიება. შურისძიებას რაც შეეხება, მას საამისოდ სხვა საფუძვლებიც ჰქონდა: 1) ქეთევანის როლი კახეთში პროირანულად განწყობილი უზურპატორის, კონსტანტინე მეფის დამარცხებაში. 2) 1615 წლის კახეთის აჯანყება. 3) 1618 წელს მეფე თეიმურაზის და ქართველთა ჯარის მონაწილეობა ოსმალებთან ერთად ერთ ანტიირანულ სამხედრო კოალიციაში, როდესაც მათ შემოუტიეს სეფიანთა ირანს და ლამის აიღეს არდებილი, სეფიანთა დინასტიის აკვანი. 4) 1622 წელს თეიმურაზის ჩასვლა სტამბოლში, სადაც ასევე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ანტიირანული კოალიციის შესაქმნელად. 5) შაჰს ასევე აღიზიანებდა თეიმურაზის კავშირი რუსეთთან. როგორც ცნობილია, თეიმურაზი რუსეთის სამეფო კართან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რათა მოსკოვს აემოქმედებინა ყველა დიპლომატიური საშუალება ირანში მძევლად მყოფი თეიმურაზის დედისა და შვილების გასათავისუფლებლად.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია იმისა, თუ რატომ აწამა შაჰმა ქეთევან დედოფალი. ეს ვერსია XVII საუკუნის ცნობილ ფრანგ მოგზაურს, ჟან შარდენსა და ამავე საუკუნეში საქართველოში მოღვაწე იტალიელ კათოლიკე მისიონერს, დონ კრისტოფორო დე კასტელს ეკუთვნით. მათი თქმით, შაჰ-აბას პირველს შეუყვარდა ქართველი დედოფალი და ცოლობაზე უარის თქმის შემდეგ იგი მის მიმართ შურისძიების გრძნობამ შეიპყრო.
ჟან შარდენის თქმით, დედოფალი ხანდაზმული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ საკმაოდ ლამაზი უნდა ყოფილიყო. პირველი დანახვისთანავე აბასს შეუყვარდა დედოფალი, ან, შესაძლებელია, თავი მოაჩვენა მიჯნურად და მაჰმადიანობის მიღება და ცოლობა შესთავაზა. ქართველი ქალისთვის დამახასიათებელი ურყევი სიმტკიცითა და გამბედაობით დედოფალმა უარი განუცხადა ხელმწიფეს, უფრო თავის ღვთისმოსაობისა და უბიწოების, ვიდრე იმის გამო, რომ სპარსეთის დედოფლების კარჩაკეტილი ცხოვრება ეზიზღებოდა. უარით გაწბილებულმა აბასმა, ან კიდევ, შესაძლოა, ეს მხოლოდ საბაბი იყო, დედოფალი დაატყვევა.
რაც შეეხება კასტელს, იგი აღნიშნავს: "შაჰ-აბასი, როდესაც პირისპირ ნახა დედოფალი, ძლიერმა ცეცხლოვანმა სურვილმა და ვნებიანმა წვამ შეიპყრო. სიყვარულით დამთვრალმა მოსინჯა დედოფლის კდემამოსილება. მლიქვნელობით, დაპირებითა და მოტყუებით გააგებინეს ქეთევანს, რომ, თუ უარყოფდა ქრისტიანულ სარწმუნოებას, სპარსეთის დედოფლის გვირგვინს მიიღებდა. ეს დაპირება არაფრად უღირდა მას და არაერთგზის მისცა გადაწყვეტილი პასუხი: თუკი შესაძლებელი იქნება, ვისურვებდი ათასჯერ სიკვდილს, ვიდრე უარვყო ქრისტიანული სარწმუნოება და დავთმო სათნოებაო. ამის გამო ხელმწიფე ძლიერ განრისხდა და ბრძანა, შეუბრალებლად გაეშოლტათ დედოფალი, სანამ მათრახით სული არ ამოხდებოდა, რაც ასევე აღსრულდა კიდეც".
ასე იყო თუ ისე, შაჰისთვის ქეთევანი საშიში იყო როგორც უაღრესად გავლენიანი სახელმწიფო ფიგურა საქართველოში, რომლის უბრალო ყიზილბაშურ სახანოდ გადაქცევა ჰქონდა მას მტკიცედ გადაწყვეტილი. აბას პირველის ვარაუდით, დედოფლის გამაჰმადიანება ქართველების სულიერ მდგომარეობაზე ძალიან იმოქმედებდა და ისინი მორალურად დაეცემოდნენ.
ამის შემდეგ არაერთხელ მივიდა იმამ-ყული ხანი ქეთევან დედოფალთან და შეახსენა შაჰის დაპირება, მაგრამ ყველაფერმა ამაოდ ჩაიარა. მან ჩვეულებრივზე მეტად თავი მისცა ლოცვას და ზიარებასაც ხშირად ღებულობდა. რამდენადაც უფრო ატანდნენ ძალას, იმდენად უფრო მტკიცე ხდებოდა დედოფლის გადაწყვეტილება. ამიტომ შაჰის ბრძანებით იგი ჩაამწყვდიეს ბნელ საკანში, შეუწყვიტეს მომსახურება, აუკრძალეს თანმხლებ პირებთან შეხვედრები და საუბარი... ხოლო როდესაც გაიგეს, რომ ქეთევანმა გადაწყვეტილება არ შეცვალა, ბოძზე მიაკრეს და წელამდე გაშიშვლებულს ისე სასტიკად სცემეს, რომ სისხლი ღვარად სდიოდა. მიუხედავად ამისა, ერთხელაც არ დაუკვნესია. არქანჯელო ლამბერტი წერს: "მას თვალწინ ედგა გამათრახებული ქრისტე და უფრო მეტი სურვილი აღეძრა, რომ მონაწილე გამხდარიყო მისი ტანჯვისა, ვიდრე სპარსელების სიმდიდრისა. იგი ჯალათს დამშვიდებით ეუბნებოდა, რომ ამაოდ ირჯებოდა, ცემის საშუალებით სარწმუნოების საკითხში მისგან ვერავითარ დათმობას ვერ მიიღებდნენ. ასეთი წამების მიუხედავად დედოფალი მზად იყო არა მხოლოდ ერთი, არამედ ათასი სიცოცხლეც რომ ჰქონოდა, ქრისტესთვის დაეთმო".
კახეთის დედოფლის სასტიკი წამება
და აი, დადგა უკანასკნელი დღეც. დედოფალს მოახსენეს შაჰის ბრძანება: ან მიიღებს მაჰმადიანობას, ან მოემზადოს სასტიკი წამებისათვის, რაც უკვე ნაბრძანებიაო. სპარსელები გააოცა ქეთევან დედოფლის მშვიდმა გამომეტყველებამ და პასუხმა, რომ შეასრულონ მათი მბრძანებლის დავალება, რამდენადაც იგი მზადაა, უფლის წყალობით, აიტანოს ყოველგვარი მკაცრი წამება, მაგრამ შეინარჩუნოს სარწმუნოება, რომელსაც იგი ბუნებრივად თვლის და არ სცნობს მაჰმადიანობას. შემდეგ დასძინა: შაჰს შეუძლია დაჭრას მისი სხეული, მაგრამ ვერ შეძლებს ზიანი მიაყენოს მის სულს, რასაც გვასწავლის სახარება, და წარმოთქვა წმინდა მათე მოციქულის სიტყვები: "და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკლვად, არამედ გეშინოდეს მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა". დედოფალმა ითხოვა სამლოცველოში განმარტოების ნება. ისინი დათანხმდნენ. თავის სამლოცველოში ქეთევან დედოფალი დაეცა მუხლებზე, რათა მხურვალედ და მოკრძალებით, ცრემლებით ელოცა ღვთის წინაშე, რათა უფალს მიეცა მისთვის ძალა და გამბედაობა მოწამებრივისა სიკვდილისა... დაამთავრა ლოცვა, წამოდგა, შეხედა თავის სამლოცველოს კედლებზე განლაგებულ წმიდათა ხატებს, შესთხოვა მათ ყოფილიყვნენ მისი დამცველნი უფლის წინაშე... ამის შემდეგ პირში ჩაიდო ნაკურთხი პურის ნატეხი, სწრაფად გამოვიდა სამლოცველოდან და წავიდა ხალხით გაჭედილ მოედანზე შაჰის ემისრებისაკენ, რომლებიც მას უკვე ელოდებოდნენ.
დედოფლის თვალწინ აწამეს მისი მოძღვარი მღვდელი გიორგი, რომელმაც "სატანჯველთაგან მძრწოლარემან უარყო ქრისტე". დედოფალი ამხნევებდა შეშინებულ მღვდელს და ურჩევდა, მტკიცედ დაეცვა ქრისტეს სარწმუნოება - რისი გეშინია, მამაო, მრავალმა დაითმინა ასეთი სატანჯველნი, დრო ხომ ისე სწრაფად გარბის, რომ ვერავინ ამ ქვეყანაზე საუკუნოდ ვერ დარჩება, ამიტომ უმჯობესია, ჩვენ თვითონ მივისწრაფოთ ყოველთა განსასუენებელისაკენ. არ გახსოვს, "რაი უყვეს ძესა ღმრთისასა, ვითარ იგი წმიდანი ხელნი და ფერხნი მისნი ძელსა ზედა დამსჭვალნეს"? ჩვენც მოვითმინოთ ტანჯვანი, რათა ჩვენც ვეზიაროთ ქრისტეს ვნებებს. "მაშინ ყოველნი იძლინეს (ქრისტე უარყვეს) თანა მსახურნი და მხევალნი წმიდისანი და თვით საწყალობელიცა იგი ხუცესი", - ასე მოგვითხრობს მეფე თეიმურაზიო, - წერს ანტონ კათალიკოსი და მისი მოთხრობილისა უფრო მჯერაო.
ყველაზე სრული და სანდო წყარო ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულის შესახებ ლისაბონის ტორო და ტომბოს ბიბლიოთეკაშია დაცული. ხელნაწერი თანამედროვე პორტუგალიელი ბერის ამბროზიო დუშ ანჟუშის მიერაა შექმნილი და მას შემოკლებით "ნამდვილ ცნობებს" უწოდებენ. წყაროში სრულადაა აღწერილი დედოფლის როგორც სპარსეთში ცხოვრების პერიოდი, ისე მისი წამება. პორტუგალიელი ბერის მიერ აღწერილი ამბავი იმდენად საზარელია, რომ 400 წლის შემდეგ მისი მოსმენა და წაკითხვაც კი ჩვეულებრივ მოკვდავს შიშსა და შფოთს ჰგვრის:
1624 წლის 13 სექტემბერი. შირაზის მთავარი მეიდანი. მიუხედავად იმისა, რომ ზღვა ხალხს მოუყრია თავი, მაინც სამარისებური სიჩუმე სუფევს, მუსლიმანურ კრებულში აქა-იქ ჩანან ქართველნი. სწორედ მათ თვალწინ უნდა აწამონ კახეთის დედოფალი ქეთევანი...
გიზგიზებს ცეცხლი, ჯალათები შემზარავი ფუსფუსით ამზადებენ იარაღებს... მოიტანეს ორი მაყალი სავსე გავარვარებული ნახშირით, რომლებშიც ჩაყრილი იყო რკინის მარწუხები.
შემაღლებულზე შაჰის რჩეული მეჰმანდარნი და ვაზირნი სხედან. "მზეზე უმაღლესს" თავად არ უნებებია მოსვლა. შხამიანი გული თუ უგრძნობდა ქეთევანის სიმტკიცეს.
ჯალათებმა დედოფლის წამება დაიწყეს. ჯერ გავარვარებული სპილენძის ჭურჭელი დაადგეს თავზე, შემდეგ ლამაზ სახეზე ჩამოუცურეს და გახურებული მარწუხებით სახიდან ხორცი მოჰგლიჯეს. დედოფალი წელს ზემოთ გააშიშვლეს, გავარვარებული მარწუხები ჩასჭიდეს და მის მკერდს წვალება დაუწყეს, დაუწვეს და მოაგლიჯეს ძუძუები. ჯალათები გახურებული მარწუხებით აწამებდნენ დედოფლის სხეულს. ასეთი წამებით ძალაგამოლეული ქეთევანი მიწაზე დაეცა. დაცემულს თოვლივით თეთრ სხეულზე ორივე მაყალი ზედ დააყარეს. ერთხანს ასე იწვა, გასაოცარი ტკივილით ითმენდა ამ წვასაც. ჯალათებს დამარცხებისა შეეშინდათ. მათ ხომ ვერც გავარვარებული მარწუხებით და ვერც ნაღვერდლით ვერ წაართვეს სიცოცხლე დედოფალს. ისინიც ეცნენ და ხელებით დაახრჩვეს. წმინდა დედოფალმა მხოლოდ ერთხელ, როცა გააშიშვლეს, მაშინ დაიკვნესა...
ქეთევან დედოფლის წამების შესახებ ბერი ეგნატაშვილი წერს: "გაუბეს ხელ-ფეხი და გააშიშვლეს წმიდა ქეთევან დედოფალი და განხურებული გაზებით დააგლიჯეს ძუძუები და გახურებული საჯები (ტაფები) ნაგლეჯს ხორცზედან შემოაწყვეს და დაგლიჯეს. გაახურვეს ლურსმნები და დაუყარეს ქუეშე და ზედ გაატარეს, დააწვინეს და შიშველზედ ზედ შემოაყარეს ლურსმანი გახურვებული. მაშინ იპობოდა ხორცი ლურსმანთაგან, რადგან ისეთი ბასრი თავები ჰქონდათ, ხორცში ესობოდა და ხორცი სცვიოდა. კუალად განხურვებული შამფურები გაავლეს მუცელსა და ძუძუ-მკერდშიგან (მკერდიდან ზურგამდე), განხურვებული ქვაბი დაარქვეს თავსა ზედან. კუალად განხურვებულს ქუაბსა შიგან ჩასვეს და თავსაც დაახურეს და შემოაწყვეს გახურებული ბარები შუბლსა ზედა და ახეთქა თავის კეფა. და უყვეს მრავალი სატანჯველი, და ესრეთ შევედრა წმიდა სული თვისი უფალსა და შეირაცხა წმიდათა ქალწულთა მოწამეთა კრებულთა თანა".
ქეთევან დედოფლის სასტიკი წამების შემდეგ თითქმის 400-მა წელმა განვლო. 4 საუკუნე აფორიაქებდა კაცობრიობის გონებას შირაზში დატრიალებული ტრაგედიის არსი. რა მოხდა, რატომ გაუძლო უმწეო ქალმა ამ განსაცდელს? ნუთუ ჩვენამდე სრულმა სურათმა მოაღწია? რა შეიმოსა ლეგენდებით და რა არის უტყუარი ჭეშმარიტება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თანამედროვე გადმოსახედიდან თითქოს ძალიან ძნელია, თუმცა მისტერიად ქცეული საიდუმლოებების ამოხსნა მეცნიერებთან ერთად გიორგი კალანდიამ სცადა და თავის დოკუმენტურ-პუბლიცისტურ ფილმში "საქართველოს მნათობი" გადმოსცა. გიორგი კალანდიამ ქეთევან დედოფლის წამების შესახებ არსებული ისტორიული წყაროები და დოკუმენტები საუკეთესო ქართველ მეცნიერებს, მათ შორის ისტორიკოსებს, ფსიქოლოგებს, ექიმებს, სასამართლო ექსპერტებს გააცნო.
აი, როგორ ხსნიან დედოფლის მიერ არაადამიანური ტკივილის ატანას მედიკოსები გიორგი კალანდიას ფილმში:
"ერთ-ერთი სტრუქტურა ტვინში მოტივაციებს განაგებს და მისმა რწმენამ, მისმა მოტივაციამ, რომ ის არის საქართველოს დედოფალი და თავი უნდა ეჭიროს ისე, როგორც შეეფერება დედოფალს, განაპირობა ის, რომ გაუძლო ასეთ დიდ სტრესს" (ნოდარ ჭიჭინაძე, ენდოკრინოლოგი).
"ჩართულია თავის ტვინის ქერქი და პიროვნული გადაწყვეტილება, რომ ამას უნდა გაუძლოს და არაფრით დათანხმდეს, არ გატყდეს, ამ მოტივაციის გარეშე წარმოუდგენელია გაძლება, საამისოდ ძალიან ძლიერი მოტივაცია უნდა გქონდეს" (მანანა თოდუა, ექიმი).
"ნამდვილ ცნობებში" ცხადადაა მითითებული, რომ დედოფალს გონება წამითაც არ დაუკარგავს, მეტიც, გამუდმებით ლოცულობდა და დაიკვნესა მხოლოდ ერთხელ, ისიც მაშინ, როცა გააშიშვლეს. ჩნდება კითხვა: რამდენად შეეძლო ეს ქალს?
ამ დროს ადამიანი, დიდი ტკივილის გამო, მძიმე ტრავმული შოკით კვდება - სწრაფად კარგავს გონებას, რის გამოც არ შეუძლია დამოუკიდებელი მიზანდასახული მოძრაობების შესრულება... განსაკუთრებით გაოცდნენ წამების მაყურებელნი, ესე იგი, რაღაცით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი წამებისაგან. ალბათ ღვთის დიდი სიყვარულის, ღრმა რწმე-ნის გამო, ქეთევან დედოფალმა შეძლო დაეთრგუნა შთაგონებით ტკივილი, მოახდინა ანესთეზია, ანალგეზია - ტკივილის დათრგუნვა, რის გამოც, როგორც ცნობილია, ლოცულობდა, რითაც აღაფრთოვანა წამების მოწმენი, სწორედ ის მისიონერები" (ბესო კილასონია, სასამართლო ექსპერტი).
"ეს იქნებოდა აუტანელი, საშინელი ტკივილი... შეიძლება მამაკაცს ვერ გაეძლო ამ ტკივილისათვის, მაგრამ ქალი უკეთ იტანს ამ ტკივილს, ვინაიდან მისი დედობა მოითხოვს, გაუძლოს ამ ტკივილს" (ნოდარ ჭიჭინაძე, ენდოკრინოლოგი).
"თუ მართალი ხარ და შენს სიმართლეს ტყუილით ებრძვიან, მაშინ შენი სიმართლე უფრო ძლიერდება, და აი, ეს არის კიდევ უდიდესი ძალა იმისა, რაც ყველა ტკივილზე მაღლა დგება. ეს ადამიანური განცდა შთანთქავს ყოველ რეცეპტორში აღძრულ ფიზიოლოგიურ პროცესს, რომელსაც ცნობიერი ტკივილად განიცდის, რაღაა ტკივილი უკვე აქ?" (ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი).
თუ ქეთევანის წამებას მკაცრი მეცნიერული ლოგიკით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ამავე ლოგიკით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, როგორც ჩანს, 11-წლიანმა ტყვეობამ, შვილიშვილების დახოცვამ, თვალწინ მღვდლის წამებამ და სამშობლოს ბედზე ფიქრმა დედოფალი განსაცდელისათვის მოამზადა, ცხადია, რომ ქეთევანი ფსიქოლოგიურად უკვე ყველაფერს აიტანდა, ამისთვის მისი სხეულიც მზად იყო. სწორედ ამიტომ ჯალათებმა მთავარს ვერ მიაღწიეს, დედოფალი მორალურად ვერ გატეხეს, დაუმარცხებელი ჩანდა თითქოსდა სუსტი სხეული, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბოლოს ქეთევანი ჯალათებმა დაახრჩვეს!
"ესე იგი, ის შოკში ვერ ჩააგდეს, ტკივილს გაუძლო ბოლომდე. ეს უძლიერესი ადამიანის შესაძლებლობაა, მისი წარმოდგენაც კი ძალიან ძნელია ჩვეულებრივი მოკვდავისათვის" (მანანა თოდუა, ექიმი).
"მე ვთვლი, რომ ის მაინც იყო განსაკუთრებული ადამიანი, ვინაიდან მაღალი მორალური თვისებები, რომლითაც იყო დაჯილდოებული, აგრეთვე რწმენა იმისა, რომ ის ასრულებს ძალიან დიდ მისიას თავისი სახელმწიფოს, თავისი ქვეყნის წინაშე, განაპირობებდა მის განსაკუთრებულობას. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი ასეთ თვისებებს ვერ იჩენს სათანადო პირობებში" (ნოდარ ჭიჭინაძე, ენდოკრინოლოგი).
"ვინც ჭეშმარიტებას ებრძვის - ჭეშმარიტებას აძლიერებს, ვინც სიკეთეს ებრძვის - სიკეთეს აძლიერებს, ვინც სიყვარულს ებრძვის - სიყვარულს აძლიერებს, აი, ეს არის ქრისტეს ჯვარცმის შინაარსი, მისტერია, რომელიც მარადიულია, აქ იყო ქეთევან დედოფალი" (ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი).
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები
როგორც კი დასრულდა წმინდა ქეთევან დედოფლის წამება, უფალმა განადიდა წმინდანის გვამი. ურიცხვი ხალხის თვალწინ, რომელიც შეკრებილი იყო მოედანზე, სამი ბრწყინვალე სვეტი ჩამოეშვა ციდან და წამებულის გვამს დაადგა. იმამ-ყული ხანის ბრძანებით, წმინდა ქეთევანის გვამი ტომრით ქალაქგარეთ გაიტანეს და სადღაც, ერთ უწმინდურ ადგილზე ამოთხრილ ღრმა ორმოში დაფლეს.
პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერები დიდხანს ეძებდნენ ქეთევან დედოფლის საფლავს, მაგრამ ამაოდ. ერთხანს მისი პოვნის ყოველგვარი იმედი დაკარგეს. მისიონერები ამბობდნენ, ნეტავ ვინ იქნება ისეთი ბედნიერი, რომელიც მიაგნებს ქეთევან დედოფლის საფლავს, ამოიღებს მას საფლავიდან და ასეთი ძვირფასი საგანძურით გაამდიდრებს თავის მონასტერსო.
ასეთი ბედნიერება წილად ხვდა ზემოხსენებულ მამა ამბროსიო დუშ ანჟუშს, 3 თვისა და 13 დღის შემდეგ მიაგნო ქეთევან დედოფლის საფლავს, სპარსეთის ტყვეობაში მყოფ ორ პორტუგალიელთან ერთად დაიწყო ორმოს ამოთხრა, მაგრამ დედოფლის ნეშტი ისე ღრმად იყო ჩამარხული, რომ იმ ღამეს ორმო ბოლომდე ვერ ამოთხარეს. გათენებისას იძულებული გახდნენ, შეეწყვიტათ თხრა, რომ ვინმეს არ შეენიშნა. ღამით კვლავ განაგრძეს მუშაობა, მიაღწიეს ქეთევან დედოფლის ნეშტამდე და ამოიღეს იგი. აქ ძვლებიღა იყო შემონახული, ხორცი კი თითქმის მთლიანად დამწვარა. "ხორცის მთელი ნაწილი შერჩენილი იყო მხოლოდ მარჯვენა მკლავზე და მარცხენა ფეხზე", - შენიშნავს ამბროსიო დუშ ანჟუში, რომელსაც ეხმარებოდა მეორე პორტუგალიელი მორჩილი ძმა პედრო დუშ სანტოში. მათ გაწმინდეს ძვლები და ერთ ყუთში ჩააწყვეს. ყუთი წაიღეს და დაასვენეს ავგუსტინელ მისიონერთა მონასტერში შირაზში. "უქმნეს ლუსკუმაჲ და მრავალთა სულნელთა უკმევდნენ". დედოფლის წმინდა ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მრავალ სნეულს კურნავდა. მაგრამ იმის გამო, რომ შირაზში, სადაც მოხდა ქეთევან დედოფლის წამება, საშიში იყო მისი ნეშტის შენახვა, ამბროსიო დუშ ანჟუშმა ორი მისიონერის ხელით ეს ყუთი ისპაანში, ავგუსტინელ მისიონერთა მონასტერში, გაგზავნა. აქ იგი უფრო დიდ პატივში და უფრო საიმედოდ იქნებოდა შენახული. ეს ყუთი ისპაანში ინახებოდა 1626 წლის მარტამდე. ამ დროს, შაჰის განკარგულებით, ავგუსტინელ მისიონერებს მოღვაწეობა აეკრძალათ ისპაანში. ყველა ავგუსტინელი მისიონერი დააპატიმრეს და ქუდმოხდილნი და ხელებშეკრულნი შირაზის გზას ისე გაუყენეს, რომ თან არაფრის წაღების უფლება არ მისცეს. მხოლოდ მათ წინამძღვარს, მანოელ და მადრე დე დეუსმას დართეს ნება, ერთი რაიმე ბარგი წაეღო. მან კი აირჩია ის ყუთი, რომელშიც ქეთევან დედოფლის ნეშტი იყო და თან წაიღო შირაზში (რა თქმა უნდა, სპარსელებმა არ იცოდნენ, რომ ყუთში წმინდა ქეთევანის ნეშტი ინახებოდა). ბერები ათი თვის განმავლობაში შირაზის ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი. 1627 წლის თებერვალში ავგუსტინელი ბერები, შაჰის ნებართვით, კვლავ ისპაანში დაბრუნდნენ, წმინდა ქეთევანის ნეშტი თან წაიღეს და ისევ ავგუსტინელთა მონასტერში შეინახეს.
საინტერესოა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების შემდგომი ბედი. 1626 წელს, როცა თეიმურაზ I იძულებით "შეურიგდა" შაჰს, მან უპირველესად წამებული დედის ნეშტის სამშობლოში გადასვენება ითხოვა. აბას I-მა ნება დართო. მაგრამ სეფიანთა კარზე არ იცოდნენ, სად ინახებოდა დედოფლის ნეშტი. შაჰი ქართლ-კახეთის მეფეს ატყობინებდა, ცხედარი კათოლიკე მისიონერებმა მოიპარეს, მაგრამ არ ვიცით, ავგუსტინელებმა ჩაიდინეს ეს, თუ ფეხშიშველა კარმელიტებმაო.
როდესაც ავგუსტინელმა მისიონერებმა თეიმურაზ I-ის სათხოვრის შესახებ შეიტყვეს, გოას ავგუსტინელების მონასტერში (გოა - ქალაქი-ნავსადგური ინდოეთში; 1510 წელს დაიპყრეს პორტუგალიელებმა; აღმოსავლეთში ავგუსტინელ მისიონერთა მოღვაწეობის ძირითადი ადგილი) მყოფი, აღმოსავლეთში ავგუსტინელ ბერთა მეთაურის ბრძანებით, 1627 წლის 3 აგვისტოს საქართველოში თეიმურაზ I-თან გამოემგზავრნენ ამბროზიო დუშ ანჟუში და სებასტიანო დე იეზუსი. "თან წავიღეთ წმინდანის თავი, რათა მისი საშუალებით დაგვეყოლიებინა დედოფლის ძე, თეიმურაზი, ნება დაერთო მისიონი დაგვეარსებინა მის ქვეყანაში", - წერს ამბროზიო დუშ ანჟუში. მაგრამ გზაში ორივე ავად გახდა და ისპაანში დაბრუნდნენ.
1628 წლის 13 თებერვალს ამბროზიო დუშ ანჟუში კიდევ ერთხელ გამოემგზავრა საქართველოსკენ. იმავე წლის 11 მაისს ავგუსტინელი მისიონერები გორში მეფეს წარუდგნენ. თეიმურაზ I-მა მათ ჰკითხა, რა იცოდნენ დედოფლის ცხედრის შესახებ. როდესაც ამბროზიო დუშ ანჟუშმა თეიმურაზს შეატყობინა, რომ დედოფლის წმინდა ნაწილები - თავის ქალას ნაწილი, აგრეთვე "წამებულის ფეხი, რომელსაც ისევ ეტყობოდა მარწუხების კვალი", ჩამოიტანა, მეფემ დიდად დაუმადლა - მთელი მსოფლიოს განძიც რომ ჩამოგეტანათ, ჩემთვის დედაჩემის ცხედრის ჩამოსვენებას ვერ შეედრებოდაო. მეორე დღეს, თეიმურაზ I-ის ბრძანებით, დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძრის საკურთხეველში დაასვენეს. ავგუსტინელმა ბერებმა თეიმურაზს დედის წმინდა ნაწილებთან ერთად გადასცეს ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც დედოფალი ლოცულობდა. მოგვიანებით ეს ხატი რუსეთში ერთ-ერთ ლავრაში გამოჩნდა და იქაც იდუმალებით მოცულ ვითარებაში დაიკარგა. შემდეგ ირლანდიის სამეფო კარამდე მიაღწია, იქიდან კი სამხრეთ საფრანგეთში, ქ. მონპელიეში, მანუელ და ბარბარა ლუსტალიების კუთვნილება გახდა. 2003 წელს, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ხატის საქართველოში დაბრუნება მოახერხა ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარმა გიორგი რაზმაძემ და ტაძარში დააბრძანა.
კათოლიკე მისიონერები თავდაპირველად თეიმურაზ I-ის სასახლეში ცხოვრობდნენ. შემდგომ მეფემ მათ შესთავაზა, აერჩიათ საცხოვრებელი ადგილი. პატრებმა გორი აირჩიეს. ასე შეიქმნა ავგუსტინელთა მისიონი აღმოსავლეთ საქართველოში ამბროზიო დუშ ანჟუშის მეთაურობით, რომელმაც 1640 წლამდე იარსება.
საყურადღებოა თეიმურაზ I-ის მიერ რომის პაპის - ურბან VIII-ისადმი 1629 წლის 6 იანვარს გაგზავნილი წერილი, რომელშიც მეფე მიუთითებდა: "აგერ უკვე ერთი წელია, რაც ჩვენი დედის სხეულის ნაწილები, გამშრალი ძვლები, პართიის სამეფოს კარიდან, ისპაანიდან, ჩვენს ქვეყანაში ჩამოგვიტანა ავგუსტინელთა ორდენის წარმომადგენელმა, ღირსეულმა მამა ამბროზიომ, რომელსაც ამ სამსახურისთვის ჯილდოდ გადავეცით ადგილი და მიწა საარსებოდ, საცხოვრებელი სახლისა და ეკლესიის ასაგებად". XVII საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს თეიმურაზ I-მა ირანში ზავის დასადებად მიავლინა მთავარეპისკოპოსი იოანე, რომელმაც წარმატებით შეასრულა დავალება. გარდა ამისა, მან ისპაანის ავგუსტინელთა მონასტრიდან წამოიღო ქეთევან დედოფლის სხვა წმინდა ნაწილებიც, რომლებიც ასევე ალავერდში დაასვენეს: "მოითხოვნეს ნეშტნი იგი ნაწილნი წმინდაი, და პატივითა დიდითა მიიღეს ადგილსა მას, სადა ისხნეს სხუანი იგი ნაწილნი" (გრიგოლ ხუცესმონაზონი-დოდორქელი). ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძარში, საღვთო ტრაპეზის ქვეშ, 1723 წლამდე ინახებოდა. როგორც რუსეთის ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, თეიმურაზ I-ს ალავერდში არსებული ნეშტის ნაწილიდან მცირედი რელიკვია რუსეთის მეფისთვის ალექსეი I-ისთვის გაუგზავნია 1656 წლის 18 აპრილს და მიუწერია კიდეც: "Да послал я к тебе часть мощей матери моей от ноги великого перста". ჩვენთვის უცნობია რუსეთში გაგზავნილი ამ წმინდა ნაწილების შემდგომი ბედი.
ალავერდში დარჩენილი წმინდა ნაწილები კი 1723 წელს დაიკარგა, როდესაც კახეთის სამეფოს ოსმალები და ლეკები დაესხნენ თავს. მეფე კონსტანტინე II მაჰმად-ყული-ხანმა თავი ქიზიყს შეაფარა. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერს, "თეიმურაზ და უმეტესნი კახნი დედაწულით და ეპისკოპოსებით მივიდნენ ანანურს (არამედ რომელსა ეტვირთა ნაწილი წმიდათა, უბრკმა ცხენსა მისსა არაგუსა შინა და წარიღო ნაწილნი იგი და დაიკარგა ქეთევან დედოფლის ნაწილითურთ)".
საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ევროპასა და აზიაშიც წაასვენეს. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, დანამდვილებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ისინი მოხვდა გოასა და რომში, სავარაუდოდ, ნამიურსა (ბელგია) და საფრანგეთში.
როგორც აღვნიშნეთ, 1627 წლისთვის წმინდა მოწამის ნეშტი მთლიანად ინახებოდა ისპაანის ავგუსტინელ ბერთა მონასტერში, საიდანაც მისი ნაწილი კათოლიკე მისიონე-რებმა 1628 წელს თეიმურაზ I-ს გაუგზავნეს. ამავე დროს, გოაში გაემგზავრა ისპაანის მონასტრის წინამძღვარი მანოელ და მადრე დე დეუსი, რომელმაც თან "წმინდა დედოფლის მარჯვენა ხელი ხორცითურთ და მკლავის ძვალი გოას მონასტრის ბერებისა და მთხოვნელთა სანუგეშოდ წაიღო" (რობერტ გულბენკიანი). მალე გოას მონასტერში ისპაანიდან გაიგზავნა კიდევ ერთი სიწმინდე - დედოფლის ქვედა ყბა კბილების გარეშე.
გოაში ჩატანილი წმინდა ნაწილები დაცული იყო შავი ქვის კუბოში, საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.
XX საუკუნის დასაწყისში და გრასას მონასტრის კოშკი ჩამოიქცა და მთელი შენობა ნანგრევებად აქცია.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ სამეცნიერო ექსპედიციები რევაზ თაბუკაშვილისა და ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, თუმცა მათ წმინდა ნაწილების მოძიება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, დიდი აღმოჩენა მაინც მოხდა - 2006 წლის ზაფხულში ინდოელმა არქეოლოგმა ნეზამუდინ ტაჰირმა გოას და გრასას მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიაკვლია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს, რითაც ქართველთა არაერთი თაობის სანუკვარი ოცნება ასრულდა. მოეწყო ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე და კიდევ ექვსი ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ ამ ტაძრის მრევლის წევრები და ტელეჟურნალისტი გიორგი კალანდია. ამ მნიშვნელოვან ისტორიულ აღმოჩენასთან დაკავშირებით გთავაზობთ მამა გიორგი რაზმაძის ინტერვიუდან ნაწყვეტს:
მამა გიორგი რაზმაძე:
"2006 წლის ზაფხულში ქალაქ გოას არქეოლოგიური ცენტრიდან მივიღეთ წერილი, რომელშიც გვატყობინებდნენ, რომ გათხრების შემდეგ პორტუგალიელმა და ინდოელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ის შავი ქვის კუბო, რომელშიც წმინდა ქეთევან დედოფლის მარჯვენა ხელის ძვალი იყო ჩასვენებული. ჩვენ დავიწყეთ სამზადისი ექსპედიციისათვის. გავემგზავრეთ ინდოეთში, სადაც უნდა გავცნობოდით იმ ისტორიულ ფაქტს, თუ როგორ იქნა მოპოვებული შავი ქვის კუბო. ისტორიული წყაროების თანახმად, ეს კუბო ჩასვენებული იყო ერთ-ერთი პორტუგალიელი მისიონერის შვილის საფლავში, და გრასას მონასტერში, საკურთხევლის მარჯვენა მხარეს, ფანჯრის თაღში. ამ ძვალს ჩაუტარდა სპეციალური შემოწმება, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს მართლაც მარჯვენა ხელის ძვალი იყო და სტრუქტურული აღნაგობით ეკუთვნოდა ქალს. არქეოლოგიური გათხრების მასალები შემდეგ უკვე მეცნიერულ დონეზე იქნა წარმოჩენილი აზიის სამასი მეცნიერის თვალწინ. გადაღებულ იქნა ასევე 15-წუთიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი გათხრების ფაქტები. ამ ფილმის სახელწოდებაა: "ქეთევან დედოფლის მისტერიები". ჩვენ გადმოგვეცა საჩუქრად ამ ფილმის ორიგინალი, საარქივო და ფოტომასალები, რომლებიც დღეს ჩვენთან ინახება. ეს არის უნიკალური დოკუმენტური მასალა წმ. ქეთევან დედოფლის შესახებ. მოხდა ისიც, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება საქართველოს სახელით გამოვსულიყავით ამ მეცნიერთა წინაშე და მადლობა გადაგვეხადა ინდოელი და პორტუგალიელი არქეოლოგებისთვის, რომელთაც ეს უდიდესი სიწმინდე აღმოაჩინეს.
ამ მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოში ჩამოსული იყო ერთ-ერთი ცნობილი ინდოელი კინოდოკუმენტალისტი, რომელმაც წმინდა ქეთევან დედოფლის შესახებ ფილმი გადაიღო. ინდოეთის ტელევიზიაში არის სპეციალური არხი "სტარი", სადაც აჩვენეს საათნახევრიანი ფილმი წმინდა ქეთევან დედოფლისა და ჩვენი ეკლესიის შესახებ. ფაქტობრივად, მთელი ინდური საზოგადოება ინფორმირებული იყო ამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ.
...ეს სიწმინდე, შავი ქვის კუბოში ჩასვენებული, გადავიტანეთ ინდოეთის არქეოლოგიურ მუზეუმში, სადაც ამჟამად არის დაცული. მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები ამ სიწმინდის საქართველოსთვის დაბრუნებისათვის. ჩვენ შეთანხმებულები ვართ ამგვარად - წმინდა ქეთევან დედოფლის ქანდაკება უნდა ვაჩუქოთ ქ. გოას მუნიციპალიტეტს, კერძოდ, და გრასას მონასტერს, სადაც ეს ქანდაკება დაიდგმება წარწერით, რომ აქ განისვენებდა საქართველოს დედოფალი ქეთევან წამებული, რომელიც ეწამა მართლმადიდებლობისათვის სპარსეთში შაჰ-აბასის მიერ. ისინი კი ივალდებულებენ, მოგვცენ ეს შავი ქვის კუბო. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც კუბოდან ამოიღეს მარჯვენა ხელის ძვალი, იგი შუაზე გაიყო. როგორც შევთანხმდით, ალბათ ერთ-ერთ ნაწილს მოგვცემენ. წერილიც გავგზავნეთ ინდოეთის კულტურის სამინისტროში, რომ ამას ოფიციალური სახე მიეცეს.
...ჩვენს ტაძარში არის დავანებული წმ. ქეთევან დედოფლის ნეკნის ნაწილი. ამასთანავე, ინდოეთიდან წამოვიღეთ მარჯვენა მკლავის მცირე ზომის წმინდა ნაწილიც. მნიშვნე-ლოვანია, რომ ეს უდიდესი სიწმინდე უბრუნდება საქართველოს. წმ. ქეთევან დედოფალმა თავი დადო საქართველოსთვის. მან მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, თუ რა ძალა აქვს მართლმადიდებლობას. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ინდოელი ჟურნალისტები სულ გვეკითხებოდნენ, თუ რატომ იყო მაინცდამაინც მე-17 საუკუნის წმინდანი დღეს ასეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის. მათთვის, ეტყობა, უცხო იყო ეს ყველაფერი. არადა, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მით უმეტეს, რომ ჩვენი ეკლესია ამ დიდებული წმინდანის სახელზეა ნაკურთხი".
* * *
როგორც აღვნიშნეთ, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ევროპაშიც აღმოჩნდა: XVII საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს ავგუსტინელ მისიონერებს წმინდანის ნეშტის რო-მელიმე ნაწილის გაგზავნა, როგორც რელიკვიისა, სთხოვა ცნობილმა იტალიელმა მოგზაურმა, პიეტრო დელა ვალემ. ბერებმა მას თხოვნა შეუსრულეს: გოას მონასტრიდან წამოღებული, ჩვენ მიერ ზემოთ უკვე მოხსენიებული სიწმინდე, დედოფლის ქვედა ყბა, კბილების გარეშე, თეატინელმა ბერმა დონ პიეტრო ავიტაბილემ და მამა ანტონიო დე სანტო ვისენტემ 1631 წლის 5 ივნისს რომში პიეტრო დელა ვალეს გადასცეს, რაც ამ უკანასკნელმა საგანგებო ხელწერილით დაადასტურა.
ამჟამად უცნობია, რა ბედი ეწია პიეტრო დელა ვალეს ოჯახში დაცულ წმინდა ნაწილებს. 1894 წელს ჟურნალ "მწყემსში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ისტორიულ წყაროზე დაყრდნობის გარეშე აღნიშნულია, რომ "ქეთევან დედოფლის ნეშტის ნახევარი გორში თეიმურაზ მეფესთან გაგზავნეს, მეორე ნახევარი კი ევროპაში წაიღეს და რომში წმინდა პეტრეს ტაძარში მოათავსეს". ხომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ რომში, პიეტრო დელა ვალეს ოჯახში დაცული სიწმინდე შემდგომში ასევე რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში აღმოჩნდა?
1914 წელს გაზეთში "სახალხო ფურცელი - სურათებიანი დამატება" დაიბეჭდა ბელგიის ქალაქ ნამიურის ხედი ციხესიმაგრით, რომელსაც შემდეგი წარწერა ჰქონდა: "ბელგიელების ციხე ნამიური: შენობების წინა რიგში მოსჩანს ტაძარი, სადაც ქეთევან წამებული ასაფლავია". არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც 1845 წელს დედოფლის წმინდა ნაწილები ნამიურში ინახებოდა. ზემოხსენებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ნინო სალიამ გადაწყვიტა, ბელგიაში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებისთვის მიეგნო, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნავს 1973 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, "ნამიურში ამ რელიკვიების ძებნა უშედეგოდ დამთავრდა".
საფრანგეთში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გაგზავნის ვერსია სომეხ ისტორიკოს არაქელ დავრიჟეცის ეკუთვნის: "ფრანგმა პატრებმა, რომლებიც ქალაქში იყვნენ, მოი¬პარეს დედოფლის პატიოსანი ცხედარი, ერთი ნახევარი გაახვიეს სუფთა ქსოვილში საკმეველთან და მურთან ერთად და საფრანგეთში გაგზავნეს, სადაც პატივცემულია დიდის დიდე¬ბით". სამწუხაროდ, არც ამ ცნობის დადასტურება ხერხდება.
საქართველოში წმ. ქეთევანის წმ. ნაწილი დავანებულია სამთავროს წმ. ნინოს წმინდანთა ნაწილებიან ხატში, აგრეთვე ქ. თბილისის სიონსა და ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის სახ. ტაძარში დაბრძანებულ წმ. ქეთევანის ხატებში.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
* * *
გოჩა საითიძე, "რა ბედი ეწია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს...
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი"
წმინდა ქეთევანი ქართულმა ეკლესიამ იმთავითვე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 13 სექტემბერი (ახალი სტილით 26 სექტემბერი) დადგინდა. XVII ს-ის 30- იან წლებში თეიმურაზ I-ს ქ. თელავში დედამისის - წმინდა ქეთევან დედოფლის სახელზე აუგია პატარა ბაზილიკა. გადმოცემის მიხედვით, ამ ტაძრის აშენება დაკავშირებულია სასწაულთან - წამების წინ წმინდა ქეთევანს ღვთისმშობლის ხატთან ულოცია. დედოფალს ხატი ხელიდან გასხლტომია, ცაში აფრენილა და ოქროს ძაფებით ციდან ჩამოშვებულა თელავში, იმ ადგილას, სადაც დღეს წმ. ქეთევანის სახელობის ტაძარი დგას და აქ დავანებულა. ამის შემდეგ ცხრა დღეში აუგიათ ხსენებული ტაძარი. მაშინ თელავში ჯერ კიდევ არ იყო აშენებული კახთ მეფეთა სასახლე.
მეფე გიორგი XII-მ იოანე აფხაზს "თელავსა ორჯერ გაატანა სანთლები კელაპტრები, რათა დღესა ქეთევან დედოფლისასა დაესწროს წირვის ჟამს მცირესა ეკლესიასა შინა, აღშენებულსა მუნ თეიმურაზ მეფისაგან პირველისა. ესე ეკლესია არის პირველი ნაკურთხი ქეთევან დედოფლისა წამებულის სახელზედ".
XIX ს-ის ცნობილი ისტორიკოსის, პლატონ იოსელიანის წიგნზე "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა" დართული ცნობა გვამცნობს, რომ ანჩისხატის დეკანოზს, მწერალ-მწიგნობარ სოლომონს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ამ პატარა ტაძარში გაუხიზნავს ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი: "1795 წელს ზურგით გადაიტანა ხატი პირიღმრთისას და ქალაქიდამ დაუდგა ურემსა მცხეთაში და აქედან გამოსულა არაგვსა, წავიდა თელავს და დახიზნვა მუნ იგი ქეთევან დედოფლის ეკლესია".
წმინდა ქეთევან დედოფალმა თავისი მაგალითით იხსნა სრულიად საქართველო გამაჰმადიანებისაგან და თავისი მოწამებრივი სიკვდილით გაამხნევა სასოწარკვეთილი ქართველობა. შეიძლება ითქვას, რომ მამული და ერი სულიერ-ხორციელად მოსპობისაგან და სხვა ხალხებში ასიმილაციისაგან წმ. ქეთევანის, წმინდა ლუარსაბ II-ის, სხვა წარჩინებულთა და საეკლესიო მოღვაწეთა თუ ერისკაცთა ქრისტესადმი თვითშეწირვამ გადაარჩინა, მათი შუამდგომლობით არ აღიგავა პირისაგან მიწისა მრავალწამე¬ბული ქართველი ერის სახსენებელი. მათ სისხლზე, მათ წმინდა ნაწილებზე არის დამყარებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის სიდიადესა და სიქველეს განცვიფრებაში მოჰყავს ქრისტიანობის ისტორიის ყოველი მკვლევარი.
ქართველი ერისათვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში მეფე თეიმურაზიც, მსგავსად თავისი წმინდა დედის ქეთევანისა, ფარად და დარაჯად ედგა ეროვნულ სარწმუნოებასა და ქართველობას. იგი ღირსებითა და შეიძლება ითქვას, წარმატებითაც ებრძოდა ქრისტიანობის უსასტიკეს მტრებს, უზარმაზარი იმპერიის მმართველებს: შაჰ-აბას I-ს, შაჰ-სეფის და შაჰ-აბას II-ს. 1606 წლიდან 1663 წლამდე, თითქმის 60 წელი, მისგან მოსვენება არ ჰქონდათ საქართველოს მტრებს. თეიმურაზი ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და კარგად ესმოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მნიშვნელობა და ღირსება. იგი არა მარტო სპარსეთ-ოსმალეთის მმართველებს ებრძოდა, არამედ მათი პოლიტიკის გამტარებელ გადარჯულებულ ქართველებსაც, რომელნიც არანაკლები უბედურების მომტანნი იყვნენ საქართველოსათვის. იგი იყო ფრიად ტრაგიკული პიროვნება.
მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზს ქართლ-კახეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ემხრობოდა, საბოლოოდ მაინც დამარცხდა, რაც "ქართველობის" დამარცხებას ნიშნავდა, რადგან ქართულმა სახელმწიფოებრიობამ თვისობრივად სულ სხვა სახე მიიღო. ძველქართული სახელმწიფოებრიობის ადგილას როსტომ-ხანის (დაუდ-ხანის უკანონო შვილი) მიერ დამყარებული არაეროვნული ქართულ-ყიზილბაშური სახე ქართლ-კახეთის მმართველობისა მთელი 112 წლის მანძილზე არსებობდა - 1632-1744 წლებში.
სქემოსან ბერად აღკვეცილი და ქრისტიანობის დაცვისათვის შაჰის მიერ დაპატიმრებული 74 წლის თეიმურაზი 1663 წელს ასტრაბადის ციხეში გარდაიცვალა. კახელებმა საყვარელი მეფის ნეშტი საქართველოში ჩამოაბრძანეს და ალავერდს დიდი პატივით დაკრძალეს. საქართველოს დაუძინებელი მტერი - შაჰ-აბასი კი, გრიგოლ ხუცესმონაზვნის სიტყვით, "რისხვითა ღმრთისაჲთა დასნეულდა და ჭირითა სასტიკითა განვიდა ცხოვრებისაგან და განსივნა და განსკდა საუნჯე იგი არაწმიდათაჲ, მუცელი მისი და დაეფლა ჯოჯოხეთს".
ქართველმა დედოფალმა არც მაჰმადიანობა მიიღო და არც კათოლიკობას ეზიარა.
ტყვეობაში მყოფი დედოფალი როგორც მუსლიმთა, ასევე სხვადასხვა აღმსარებლობის ქრისტიანთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, მათ შორის - განსაკუთრებით კათოლიკური რომისა და მართლმადიდებელი რუსეთისა. ირანის შაჰს, აბას I-ის მსოფლიო ბატონობის მოსაპოვებლად სჭირდებოდა გამჭრიახი პოლიტიკა ქრისტიანული სამყაროს მიმართ, რომლის დროს იგი ლოიალურად ეპყრობოდა კათოლიკეებს და გრიგორიანელ სომხებს. ამ ფაქტის უტყუარი საბუთია ირანში კათოლიკური და სომხური ეკლესიების არსებობა, ამავე დროს, იგი დიდი უნდობლობით ეკიდებოდა მართლმადიდებლებს. შაჰი აძლევდა კათოლიკეებს უფლებას, ხლებოდნენ ქეთევან დედოფალს. ეს იყო ერთგვარი მცდელობა ქართველი დედოფლის კათოლიკურ აღმსარებლობაში მოქცევისა. ეს კი უთუოდ მორალურად გატეხდა ქართველებს. ამდენად, ქეთევან დედოფლის მიმართ კათოლიკური რომისაგან გამოვლენილი განსაკუთრებული ყურადღება იყო გამოხატულება რომის პოლიტიკური მიზნებისა, საქართველო კათოლიკური ოჯახისთვის შემოეერთებინა. სამეცნიერო ლიტერატურაში, საარქივო დოკუმენტების სახით, შემორჩენილია ლათინურ ენაზე შესრულებული ფაქტობრივი მასალა რომის პაპის წერილებისა ქეთევან დედოფლის შვილის, თეიმურაზ პირველისა და კათალიკოს ზაქარიასადმი, სადაც აღინიშნება ქეთევან დედოფლის ღვაწლი და დიდი იმედი თეიმურაზის მიერ კათოლიკობის მიღებასთან დაკა-ვშირებით, რომლის გამო რომის პაპი თეიმურაზს შემდეგს მიუთითებს: "საჭიროა მთელი ძალით იზრუნო, რათა ეკლესიის მეთაურები და მღვდელმსახურები, იბერიის სულის მწყემსები, რომლებიც უფლის სახლში ცხოვრობენ, შენთან ერთად ერთსულოვნად აღიარებდნენ პეტრეს სახელმწიფოს - ეკლესიის ხილულ მეთაურს - რომის ტახტის სახით. ხომ შეუძლებელია მოიფიქრო იბერიის მშვიდობისათვის რაიმე უფრო ხელსაყრელი და ციური მფარველობის მისაღებად უფრო მართებული". კათალიკოსი ზაქარია ასე პასუხობდა რომის პაპ ურბან VIII-ს: "ქრისტეს კანონს ჩვენში, მთელს საქართველოში, ყველა ქართველი მტკიცედ იცავს და მომავალშიც დაიცავს ყოველგვარი სისუსტისა და დათმობის გარეშე", ასეთივე სულისკვეთება ჩანს თეიმურაზის წერილშიც, როდესაც იგი აღნიშნავს "თურქის ტირანისაგან ძარცვას, ნგრევას და უსამართლობას. მაგრამ მიუხედავად ამისა რწმენა და ქრისტეს კანონი შევინარჩუნეთ მტკიცედ და უცვლელად. ეს ჩვენი მაგალითი უფრო მეტად, ვიდრე სხვა რამ ცხადყოფს, რომ რჯულგადადგომის გზას ჩვენ არ დავადექით და რწმენისგან არავითარის გადადგომა ჩვენ არ დავუშვით... ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარულმა და ერთგულებამ აიძულა დედაჩვენი, სპარსეთის ხელმწიფის კარზე წასულიყო, ეზრუნა თითოეული ქრისტიანისათვის, ქართველისათვის, რომლებიც სპარსეთის სამეფოში იმყოფებოდნენ, დაებრუნებინა ისინი საკუთარ სამშობლოში, თავისი რწმენისა და რელიგიის წიაღში". რომის პაპის განსაკუთრებულმა ყურადღებამ ტყვე დედოფლის მიმართ, პორტუგალიელი ბერის, ამბროზიო დუშ ანჟუშისა, რომელმაც უჭირისუფლა დედოფლის წმინდა ნაწილებს, აგრეთვე კათოლიკე ბერების მცდელობამ, აეყვანათ ქეთევან დედოფალი მსოფლიო წმინდანთა რანგში, წარმოშვა მოსაზრება ქართველი დედოფლის მიერ სიკვდილის წინ კათოლიკური აღმსარებლობის მიღების შესახებ. ქართულმა მართმადიდებელმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წამებისთანავე წმინდანად შერაცხა. ქრისტიანულ სამყაროში ცნობილია, რომ ის ეკლესია, რომელიც პირველად აღიარებს წმინდანს - იტოვებს ამ უფლებას. გრიგოლ დოდორქელის ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში (ვრცელ რედაქციაში) მითითებულია, რომ კათოლიკე ბერების მიერ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებას საქართველოში ხალხი დიდი ზეიმით შეხვდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ დროისათვის, ესე იგი, 1628 წლისათვის, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში უკვე აღინიშნებოდა ქეთევანის ხსენების დღე და შესაბამისად სრულდებოდა დედოფლისადმი მიძღვნილი გალობა და მთელი მღვდელმსახურება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ XX საუკუნეში გამოქვეყნებულ ენციკლოპედიურ გამოცემაში - "ქრისტიანობა" მართლმადიდებელ მოწამეთა სიაში ქეთევან დედოფალი წარმოდგენილია როგორც დიდმოწამე, რასაც წინ უძღვის XVII საუკუნეში რუსი ელჩების მიერ შესრულებული საარქივო მასალა, სადაც ჩანს რუსეთის დაინტერესება მართლმადიდებელი წმინდანის მიმართ. XVII, XVIII და XIX საუკუნეების დასაწყისის ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილ ძველი ქართული მწერლობის სხვადასხვა ჟანრის: სასულიერო, საისტორიო, საერო თხზულებებში არ დამდგარა საკითხი ქეთევან დედოფლის აღმსარებლობასთან დაკავშირებით, რადგან არსებობდა ერთადერთი ჭეშმარიტება - ქეთევან დედოფალი მართლმადიდებლად აღესრულა. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, კულტუროლოგი მარინე ცინცაბაძე მონოგრაფიაში "ქართველთა დიდმოწამე წმინდა ქეთევან დედოფალი" წერს: "თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პორტუგალიელი ბერი სიცოცხლის ბოლო წუთამდე გვერდში ედგა დედო¬ფალს, მოვლენების მიმართ მის როგორც თვითმხილვე¬ლის წერილობით აღიარებას ყველაზე უტყუარი საფუძვე¬ლი უნდა ჰქონოდა. არსებობს ამბროზიოს მიერ შედგე¬ნილი ორი დოკუმენტი: ერთი დაწერილია 1625 წელს, სადაც დუშ ანჟუში ბუნდოვნად გადმოსცემს დედოფლის აღმსარებლობითი ფაქტის ამბავს, მაგრამ 1640 წლით დათარიღებულ წერილში იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქეთევან დედოფალი აღასრულებდა "ბერძნულ წესს ღვ-თისმსახურებისა". საინტერესოა, რატომღა არსებობდა კითხვა წმინდა ქეთევან დედოფლის აღმსარებლობასთან დაკავშირებით. ევროპული საქრისტიანო თვლის, რომ ქართველმა დედოფალმა უკანასკნელი ზიარება პორტუგალიელ ბერ ამბროზიო დუშ ანჟუშისაგან მიიღო. 1640 წელს ამბროზიო დუშ ანჟუშის მიერ რომის პაპისადმი გაგზავნილი წერილი, რომლის სახელწოდებაა "ნამდვილი ცნობები ქეთევან დედოფლის მოწამებრივი სიკვდილის შესახებ", მთლიანად აბათილებს მოსაზრებას ქეთევანის კათოლიკური წესით ზიარების შესახებ. დოკუმენტში თანმიმდევრულად აღწერილია დედოფლის მიერ სიკვდილის წინ შესრულებული მთელი პროცესი: "დაამთავრა ლოცვა, იგი წამოდგა, შეხედა თავის სამლოცველოს კედლებზე განლაგებულ ყველა წმინდანის გამომეტყველებას. ჩაიდო ნაკურთხი პურის ნატეხი, სწრაფად გამოვიდა სამლოცველოდან და წავიდა შაჰის ემისრებისაკენ". ამ ეპიზოდში არსად ჩანს არც ერთი ადამიანი, რომლის დახმარებითაც დედოფალი ვინმესგან, თუნდაც ამბროზიოსგან, მიიღებდა ზიარებას. მაშ, ვისგან მიიღო ქართველმა დედოფალმა სიკვდილის წინ ზიარება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მარინე ცინცაბაძე იშველიებს XVII-XVIII საუკუნეების მიჯნის მოღვაწეების: გრიგოლ დოდორქელის, დომენტი კათალიკოსისა და ბესარიონ ორბელაშვილის ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს, შესრულებულებს საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით. ესაა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ქეთევან დედოფლის ღვაწლთან დაკავშირებული დამოკიდებულების ამსახველი ერთგვარი ფაქტობრივი მასალა, რომელსაც დღეს დოკუმენტური წყაროს მნიშვნელობა ენიჭება. მათ შორის დავითგარეჯის დოდოს მონასტრის მეწესის გრიგოლ დოდორქელის ჰაგიოგრაფიული თხზულების სათაურია: "წამებაჲ ყოვლად დიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისა, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოსა მიერ ქალაქსა შირაზსა". გრიგოლ დოდორქელი დედოფლის სიკვდილის წინ წარმოთქმული ლოცვის შემდგომ ეპიზოდს ასე გადმოგვცემს: "დაასრულნა რაჲ ყოველნი ესე სიტყუანი, მაშინ გამოიღო წმინდაი იგი საიდუმლოი შენახატი მის მიერ ჭურჭელსა რაჲსმე წმიდასა, აღიღო ხელითა თვისითა და თქუა: უფალო იესო ქრისტე, რომელმან მოგვიყიდენ პატიოსნითა სისხლითა შენითა, აწცა მიითულე სისხლი ცოდვილისა მხევლისა შენისა... აღასრულა ყოველი და გამოვიდა განძლიერებული ძალითა საღმრთოითა და დაჯდა წინაშე მტარვალთა მათ თანა. ამდენად, გრიგოლის მიერ აღწერილ ზიარების სცენაში ქეთევანი ლოცულობს, შემდეგ გამოიღებს მის მიერ შენახული ჭურჭლიდან სიწმინდეს და თავისი ხელით მიიღებს წმინდა საიდუმლოს ანუ ნაკურთხ პურს, როგორც სიმბოლოს ქრისტეს ხორცისა. კათალიკოსი დომენტი წერს: "ხოლო დედოფალმან ილოცა და ეზიარა უხრწნელსა ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა და მერმე წარმოთქვა მრწამსი სრულიად ღმრთისბრწყინვალედ". ამრიგად, ორივე ავტორი უთითებს დედოფლის მიერ "თვითზიარების ჩატარების ფაქტზე. თვითზიარების შესრულების ტრადიცია უკავშირდება უძველესს პერიოდს ადრეული ქრისტიანობისა. "თვითზიარება" განსაკუთრებით სრულდებოდა ქრისტიანობის დევნულობის პერიოდში, როდესაც მორწმუნეები საიდუმლო წესს ასრულებდნენ კატაკომბებში და სხვაგან. მათ მიჰქონდათ წმინდა პური შინ და იქ ეზიარებოდნენ რწმენის გასაძლიერებლად ან წამების წინ. XVII საუკუნის მუსლიმურ გარემოში მყოფი ქრისტიანი მორწმუნე მზად იყო რა თავის გასაწირად, თან ჰქონდა შენახული სიწმინდეები და სიკვდილის წინ - მღვდლის არყოფნის გამო, თავისი ხელით აღასრულებდა ზიარებას.
რა მიზეზის გამო არ აღიარა რომის ეკლესიამ ქეთევანი წმიდანად, მაშინ როდესაც არა ერთი და ორი მისიონერი ოფიციალურ რომის ხელისუფლებას უმტკიცებდა, ქეთევანმა "კათოლიკური" აღმსარებლობა მიიღო, ამიტომ შეიძლება მისი წმინდანად შერაცხვაო? ქეთევანის მოწამეობის ამბავი, სარწმუნოებისათვის თავის დადება, იმდროინდელ საქრის-ტიანო სამყაროში სწრაფად გავრცელდა. ამიტომაც რომს დიდი სურვილიც ჰქონდა მისი წმინდანად აღიარებისა, მაგრამ როგორც თანამედროვეთა ნაამბობიდან ჩანს, ქეთევანი მტკიცე მართლმადიდებელი იყო და ასევე გარდაიცვალა. ეს თვით შაჰისთვისაც ცნობილი იყო. როცა შაჰ-აბასს ქეთევანის წამებით სიკვდილის ამბავი მოახსენეს, მასთან იმ დროს ყოფილა გამაჰმადიანებული გიორგი სააკაძე. შაჰმა მოისმინა ქეთევან დედოფლის სულიერი სიმტკიცის, სარწმუნოების შესანარჩუნებლად ტანჯვის შესახებ და ის, რომ მან გამაჰმადიანებას წამებით სიკვდილი ამჯობინა, აღშფოთდა, მიუბრუნდა მის ახლო მდგომ მოურავ-ბეგს და შეჰყვირა: დიახ, ის ქალბატონი დაიღუპა თავისი სარწმუნოებისათვის და არა ისე, როგორც შენ, - და სილა გააწნა მოურავს. ქეთევანს რწმენა რომ შეეცვალა და კათოლიკობა მიეღო, მაშინ შაჰს მოურავთან სათქმელი აღარაფერი ექნებოდა, აღარც რუსი ელჩები იქნებოდნენ ქეთევანის ბედით დაინტერესებულნი, რომელთაც სურდათ კახეთის დედოფალი მოსკოვში წაეყვანათ. შაჰი მათ ქეთევანის მიერ მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფის შესახებ აცნობებდა და, რაც მთავარია, ევროპელთა გავლენით კათოლიკე ქეთევანს აღარც აწამებდა (ევროპა მისი პოლიტიკური მოკავშირე იყო ოსმალეთთან ომში). ირანის შაჰის ყოველგვარი მცდელობა ქეთევან დედოფლის გატეხისა უშედეგო აღმოჩნდა: ქართველმა დედოფალმა არც მაჰმადიანობა მიიღო და არც კათოლიკობას ეზიარა, იგი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული დარჩა.
მომზადდა მარინე ცინცაბაძის მონოგრაფიის, "ქართველთა დიდმოწამე წმინდა ქეთევან დედოფლის" მიხედვით
* * *
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე
ქეთევან დედოფლის უძველესი ხატები და მინიატიურები
რუსეთში, ზაგორსკის ლავრაში, დღემდე ინახება ქეთევან დედოფლის ყველაზე ადრინდელი ხატი, შექმნილი XVII ს-ის ბოლოსა და XVIII ს-ის დასაწყისში. წმინდა დედოფლის ხატი შესრულებულია ქართველი ოსტატის მიერ, ვახტანგ VI-ის დაკვეთით, რომელმაც ის თან წაიღო რუსეთში. ხატი რვასეგმენტიანია, შემკული წითელი და მწვანე ფერის ქვებით, რაც ხატს მეტ ელვარებასა და გამომსახველობას ანიჭებს. დედოფალი მთელი სიმაღლითაა გამოსახული ქართულ კაბაში, გვირგვინით, ხელში უჭირავს ჯვარი და ღვთისმშობლის ხატი-სანაწილე, რომელშიც მისი წმინდა ნაწილებია ჩასვენებული.
აბსოლუტურად მოულოდნელი იყო აღმოჩენა, რომელიც სულ ახლახან ლონდონში მოხდა. ბრიტანეთის მუზეუმში, მე-6 სართულზე, იქ, სადაც მართლმადიდებლური სიწმინდეებია გამოფენილი, მამა გიორგი რაზმაძემ ქეთევან დედოფლის სიწმინდეებს მიაკვლია. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: "ეს სანაწილე პატარა ხატი შეუძენია ბრიტანეთის მუზეუმს ერთი ანტიქვარისაგან. სანაწილეს წინა პირი წარმოადგენს ლამაზ მედალიონს, რომელზეც გამოსახულია ბიზანტიური მინანქრით წმინდა გიორგი. უკანა პირზე მხედრული ასოებით აწერია "წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილი".
ბრიტანეთის მუზეუმის დირექციამ, კერძოდ, მართლმადიდებლური სიძველეების განყოფილების უფროსმა კრის ვუდმა ხატის ვიტრინიდან გამოღებისა და გადაღების უფლება პირველად გასცა. ამ უნიკალურ კადრებში მედალიონზე დატანილი მხედრული განმარტებითი წარწერა კარგად მოსჩანს. აქვეა დიმიტრი თესალონიკელის მინანქრით შესრულებული გამოსახულებაც, თუმცა ყველაზე ძვირფასი მედალიონის შიგნითაა მოთავსებული. პატარა უჯრებში ჩალაგებული სიწმინდეებიდან ერთ-ერთი თავად ქეთევან დე¬დოფალს უნდა ეკუთვნოდეს.
ქართული ხელოვნების ისტორიაში ცნობილია მხატვარ გაგარინის მიერ შექმნილი წმ. ქეთევანის ხატი, რომელიც საბინინმა ჩართო მის მიერ გამოცემულ წმინდანთა ცხოვრების კრებულში "საქართველოს სამოთხეში".
ლისაბონის და გრასას მონასტრის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ამჟამად ბავშვთა საგამოფენო დარბაზია, შემორჩენილია წმინდა ქეთევან დედოფლის სპარსეთში ცხოვრებისა და წამების ამსახველი პანო. 9 მ სიგრძისა და 2 მ სიმაღლის პანო შესრულებულია მოჭიქული მინანქრით და საკმაოდ დაზიანებულია (გადაწყვეტილია პანოს ზუსტი ასლის საქართველოში ჩამოტანა).
ისტორიული წყაროების საფუძველზე ცნობილია, რომ XVII საუკუნეში არსებობდა ქეთევან დედოფლის რამდენიმე პორტრეტის ნიმუში, კერძოდ, იტალიელი მხატვრის კრისტოფორო დე კასტელის პორტრეტი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით. იგი ალბომთან ერთად ზღვაში ჩაიკარგა კასტელის გემით მოგზაურობის დროს. არსებობდა ასევე გერმანელი ოსტატის ვერცხლის ჭედურობა (დაკარგულია). გარდა ამისა, იტალიელი დიპლომატის, პიეტრო დელა ვალეს მოგონებით, ქეთევან დედოფლის პორტრეტი ეკიდა შაჰ-აბას I-ის ერთ-ერთ სასახლეში, "შილვეტშანეში" - საქალებოში, რომელზეც ასახული იყო ქართველი დედოფლის ირანის შაჰთან დიპლომატიური ვიზიტი.
ხელოვნების მუზეუმში დაცულია ქეთევან დედოფლის რამდენიმე უცნობი ხატი. ერთ-ერთი მათგანი შესრულებულია XVIII საუკუნეში ზეთით, მხატვარი უცნობია. ხატზე გამოსახული არიან წმინდა ქეთევანი და წმინდა ნინო. ავტორს მათი ღვაწლი გააზრებული აქვს საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებასთან დაკავშირებით. ხატზე წმინდანებს შორის, მუქ ინტენსიურ ფონზე, ასახულია სადაფისფერი უფლის კვართი, რომელიც ზევიდან ჩამოსული მანათობელი შუქითაა გასხივოსნებული. უფლის კვართი ხატის თეოლოგიურ შინაარსობრივ საფუძვლად არის გააზრებული. წმინდა ქეთევანი სადედოფლო სამოსითაა წარმოდგენილი - გვირგვინითა და თავზე წმინდანობის აღმნიშვნელი შარავანდედით, ყელზე დაფენილი მანდილით. დედოფალს აცვია მუქი მწვანე, წითლით გაწყობილი, ტანზე მომდგარი სამოსი, ლურჯი მოსასხამით. როგორც ცნობილია, ხატის ფერთა გამაში შეიძლება ამოიკითხოს ღრმა თეოლოგიური შინაარსი - ამ შემთხვევაში დიდი საიდუმლოებისა და წმინდანობის ნიშანი. კერძოდ, მწვანე ფერში - სიმბოლო განახლებისა, აღდგომისა, მარადიულობისა, სიწითლეში - სისხლის როგორც განწმენდის ნიშანი, ლურჯით იწერება საიდუმლოების სიმბოლო. აღსანიშნავია, რომ ღვთისმშობლის სიმბოლიკაში ლურჯისა და წითლის თანაარსებობა მიუთითებს განღმრთობაზე და მიგვანიშნებს დედობის დიდ საიდუმლოებაზე. გარდა ამისა, ხატის წაკითხვისას აღსანიშნავია ქეთევან დედოფლის სახის გამომეტყველება - მისი მოღიმარი სახე გვამცნობს წმინდანის განღმრთობის ფაქტსა და უდიდესი მიზნის აღსრულებას. კომპოზიციაში ამ უკანასკნელზე მიგვანიშნებს დედოფლის ხელში არსებული ჯვარი, როგორც ჯვარცმის სიმბოლო, ასევე, დედოფლის კვართისაკენ აპყრობილი მარცხენა ხელი - საბოლოო დასკვნას იძლევა წმინდანის ქმედებაზე.
ხელოვნების მუზეუმში დაცულ მეორე ხატზე გამოსახული არიან წმინდანები: ქეთევან დედოფალი, შუშანიკი, დავით გარეჯელი და წმინდა გიორგი. ხატში ჭარბობს საზეიმო ფერთა გამა. წმინდა ქეთევანი შარავანდისა და სადედოფლო გვირგვინის გარეშეა. ახურავს ჩიხტი-კოპი, გამჭვირვალე თეთრი მანდილი, ხავერდოვანი წითელი სამოსი და სიასამურის ბეწვის სადედოფლო მოსასხამი. ეს ხატი, გამომსახველობითი ფორმებით და ფერთა გამით, უფრო ხელოვნების ტილოს მოგვაგონებს, ვიდრე მორწმუნეებისათვის განსაზღვრულ ხატწერის ნიმუშს. ხატს ქვემოთ აქვს წარწერა: "სექტემბერი 13, 1624, შაჰაბაზისაგან შირაზს..."
საქართველოს სახელმწიფო არქივში დაცული აღმოჩნდა ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილი თხზულება, რომელსაც წინ დართული აქვს ქეთევან დედოფლის მინიატიურა. თხზულება ეკუთვნის დავითგარეჯის დოდოს მონასტრის მოწესეს - გრიგოლ დოდორქელს. მინიატიურა საინტერესოა სტილისტური ნიშნებით: შეიძლება ითქვას, რომ იგი ტიპური ევროპელი მადონაა. მინიატიურის ავტორს ქეთევან დედოფალი გამოსახული ჰყავს წითელ სამოსში, რომელსაც შემოხვეული აქვს მოშავო-მონაცრისფრო ხავერდოვანი ბეწვის მოსასხამი. მინიატიურაში აღწერილი პორტრეტის წმინდანობაზე მიგვანიშნებს თავზე შემოვლებული შარავანდი და ხელში წითლით ნაწერი გადაშლილი წიგნი, რომელსაც ღვთისმეტყველებაში სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება - წმინდა წერილის აღმნიშვნელია.
XVIII-XIX საუკუნეების ქართულ სინამდვილეში დაიწყეს ერთგვარი ალბომების მსგავსი კრებულების შედგენა, სადაც მოთავსებული იქნებოდა სხვადასხვა პიროვნების სახელზე შექმნილი მინიატიურები. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ქეთევან დედოფლის სახელზე შექმნილი სამი მინიატიურა, რომლებიც შემონახულია ხელნაწერებში. ერთი ხელნაწერი გახლავთ "წმინდანთა ცხოვრების" კრებული, რომელსაც დართული აქვს შედგენის თარიღი - 1736 წელი. კრებულში ჩართულია 26 მინიატიურა, სადაც საერთაშორისო წმინდანებთან ერთად მოთავსებულია ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული წმ. ქეთევან დედოფლისა და წმინდა შუშანიკის მინიატიურები. ქართველი მხატვარი ცდილობს თითოეული წმინდანი წარმოგვიდგინოს თავისი ნიშანდობლივი შტრიხებით. განსაკუთრებით ეს ტენდენცია მჟღავნდება ორი წმინდანი ქალის - წმ. ქეთევან დედოფლისა და წმ. შუშანიკის გამოსახულებებში. მათ შორის წმინდა შუშანიკის მინიატიურაში თვალში საცემია მისი აღმოსავლური იერსახე, გამოვლენილი სამოსის სტილისტურ ნიშნებსა და თავსაბურავის მოყვანილობაში, ასევე თმის ვარცხნილობაში, კერძოდ, აღმოსავლელი ქალებისათვის დამახასიათებელი თავსაბურავიდან გადმოტანილი და საფეთქლებთან რკალისებურად ავარცხნილი თმით, რითაც მხატვარი ხაზს უსვამს მის სომხურ წარმომავლობას. განსხვავებით მისგან ქეთევან დედოფალი ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი - თავზე ცეცხლოვანი ფერის შარავანდითა და სადედოფლო გვირგვინით. წმინდა ქეთევანის ხანდაზმულობის ხაზგასასმელად დედოფალს მანდილიდან თეთრი თმა მოუჩანს.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მეორე მინიატიურა დათარიღებულია 1856 წლით, მხატვარი - დიაკვანი ალექსი ბაქრაძე, შესრულებულია რაჭაში, სოფელ სევაში. მინიატიურაში ქეთევან დედოფალთან ერთად წარმოდგენილნი არიან წმინდა იოაკიმე და წმინდა ანა. ხატმწერი ქეთევან დედოფლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებთან ერთად ჩვენებით ხაზს უსვამს ქეთევან დედოფლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
წმინდა დედოფლის მესამე მინიატიურა საინტერესოა კომპოზიციური აგებულებით, სადაც მხატვარი მიმართავს ორიგინალურ ხერხს - ქეთევანი თითქოსდა გადაშლილი ყვავილიდან არის ამოზრდილი. ქრისტიანულ სიმბოლიკაში ყვავილი მიჩნეულია უბიწოების, ღვთიური მადლის სიმბოლოდ. ამ შემთხვევაში წმინდანობის სიმბოლოდ წარმოდეგენილია თეთრი შროშანი. დედოფლის სიკვდილის ფაქტს ხაზს უსვამს მინიაიტურის ერთ მხარეს მიხატული საწამებელი იარაღი - მარწუხი, რომლის ცისფერი ფერი მიგვანიშნებს მისი, როგორც განწმენდის, სიმბოლოსა და ქეთევანის მოწამებრივი ღვაწლის მნიშვნელობაზე. მინიატიურაში წმ. ქეთევანი შავი თავსაბურავით არის შემოსილი. მას თავზე ოქროსფერი გვირგვინი და გასხივოსნებული შარავანდი აქვს შემოვლებული.
ამრიგად, საუკუნის სიღრმეებიდან მოსულმა ქეთევან დედოფლის პორტრეტებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ქართველთა დიდმოწამის - ქეთევან დედოფლის ღვაწლისა და მადლმოსილების შესახებ.
წმინდა ქეთევან დედოფლის ანბანთქება
შირაზის ტყვეობაში ყოფნისას წმინდა დედოფალმა დაწერა ლექსი, რომელშიც აისახა მისი შინაგანი ტკივილი. XVII საუკუნის ქართულ საერო მწერლობაში გავრცელებული იყო სალექსო ფორმა - იწერებოდა ანბანური რიგით - აკროსტიქით ანუ კიდურთწერილობით გაწყობილი ლექსები და პოემები. ქეთევან დედოფალმა თავისი "ანბანთქების" შექმნით ერთგვარი მონაწილეობა მიიღო ქართულ პოეზიაში ლექსის ამ სახეობის დამკვიდრებაში.
ქეთევან დედოფლის წამებას მიეძღვნა გრიგოლ დოდორქელის (ვახვახიშვილის) ჰაგიოგრაფიული თხზულება "წამებაი ყოვლად დიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისი". ამ თხზულებისა და სხვა წყაროების საფუძველზე ანტონ კათალიკოსმა შექმნა ქეთევანის წამების მეტაფრასული რედაქცია, რომელიც შეტანილია მის "მარტირიკაში"; სვინაქსარული "წამება" სამი რედაქციითაა ცნობილი.
წმინდა ქეთევან დედოფლის თემა განსაკუთრებული მრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი XVII-XVIII და XIX საუკუნის დასაწყისის ქართულ საერო მწერლობაშიც. კერძოდ, XVII საუკუნის დასაწყისში თეიმურაზ პირველმა შექმნა პოემა "წამება ქეთევან დედოფლისა", ასევე XVII საუკუნეს მიეკუთვნება ანონიმი ავტორის შვიდსტროფიანი ლექსი დედოფალზე (თეიმურაზის პოემის გამგრძელებელი), XVIII საუკუნეში სულხან-საბა ორბელიანი ქეთევან დედოფალს უძღვნის სამსტროფიან ლექსს. ქეთევან დედოფალს უკავშირდება ქართული ემიგრანტული მწერლობის ნიმუშები: მოსკოვის სათვისტომოს დამაარსებლის, მეფე-პოეტის, არჩილის (XVII საუკუნის ბოლო) პოემა "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა", სადაც ქეთევან დედოფალს მთელი თავი ეძღვნება; პეტერბურგელ ქართველთა წრეში იქმნება დიმიტრი ბაგრატიონის პოემა "წამება ქეთევან დედოფლისა" და პეტერბურგში მცხოვრები ბატონიშვილების შემოქმედებაში: იოანე ბატონიშვილის "კალმასობაში", ასევე პირველი ქართველი აკადემიკოსი, საფრანგეთის "სააზიო საზოგადოების" წევრი - თეიმურაზ ბატონიშვილი წერს ისტორიულ თხზულებას "წამებაი წმიდათა შორის ქეთევანისა, კახთ დედოფლისა".
საგულისხმოა გერმანელი მწერლის, ანდრეას გრიფიუსის თხზულება "ქეთევან დედოფალი, ანუ გაუტეხელი სიმტკიცე"...
რამდენიმე წლის წინ გიორგი კალანდიამ წმინდა დედოფალს მიუძღვნა დოკუმენტურ-პუბლიცისტური ფილმი "საქართველოს მნათობი". სამნაწილიან ფილმში ასახულია ქართველი წმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა. უპრეცედენტო მოგზაურობამ, რომელმაც მსოფლიოს 8 სახელმწიფო მოიცვა (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, პორტუგალია, ირანი, ინდოეთი, თურქეთი, საფრანგეთი), შემოქმედებით კოლექტივს საშუალება მისცა, სრულად აესახა ქეთევან დედოფლის მოწამებრივი ღვაწლი. ფილმში გამოყენებულია ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ბევრი ისტორიული ფაქტი თუ დოკუმენტი, ჩართულია დადგმითი სცენები.
ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილ საერო ნაწარმოებთა შორის განსაკუთრებით გამორჩეულია თეიმურაზ I-ის "წამება ქეთევან დედოფლისა".
წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარი დედაქალაქში
წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი მდებარეობს ავჭალაში. იგი აგებულია XIX საუკუნეში ავჭალის მოსახლეობის ინიციატივით. გადმოცემის მიხედვით, ტაძრის მშენებლობა ილია ჭავჭავაძეს დაუსრულებია საკუთარი ხარჯით. იგი თურმე ერთხელ საგურამოში მიბრძანდებოდა ავჭალის გავლით, მშენებარე ტაძარი რომ დაინახა, დაინტერესებულა ტაძრის მდგომარეობით და საკუთარი წვლილიც შეუტანია მის დამთავრებაში.
ტაძარში ღვთისმსახურება კომუნისტური რეჟიმის დამყარებამდე ტარდებოდა. ავჭალის მოსახლეობაში დღესაც შეხვდებით მოხუცებს, რომლებსაც ახსოვთ აქ შესრულებული წირვა-ლოცვა. ტაძრის ერთ-ერთ წინამძღვარს, დეკანოზ ნიკიფორე კანდელაკს, ტაძრის ტერიტორიაზე საკვირაო სკოლაც ჰქონია გახსნილი. მას თურმე მხარში ედგა დიაკონი გიორგი.
საბჭოთა ხელისუფლების დროს, როგორც ეკლესია-მონასტრების უმეტესობას, ამ ტაძარსაც შეუწყვეტია ფუნქციონირება. იგი ჯერ საწყობად, შემდეგ კინოთეატრად, ბოლოს კი ბიბლიოთეკად გადაუკეთებიათ. XX საუკუნის ბოლოს, როცა ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვალა, ტაძრის შენობა საპატრიარქოს გადაეცა. 1997 წელს ახალნაკურთხი მღვდელი გიორგი რაზმაძე მორწმუნე მრევლთან ერთად შეუდგა ტაძრის აღმშენებლობას. მამა გიორგის მონათხრობით ვიგებთ, რომ ტაძრის გუმბათი ჩამონგრეული იყო, კედლებიღა გახლდათ დარჩენილი. ეკლესიის აღმშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის მამა გიორგი რაზმაძეს. იდეა, რომ ტაძარი ყოფილიყო ქეთევან დედოფლის სახელობის, სწორედ მას ეკუთვნის.
1998 წელს, ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულის წინა დღეს, შაბათს, 21 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით, ტაძარი რუის-ურბნისის მთავარეპისკოპოსმა იობმა აკურთხა. მართლმადიდებელი ეკლესია სწორედ ამ დღეს იხსენიებს დიდმოწამე ქეთევანს.
ტაძარი თავისი არქიტექტურით ჯვარ-გუმბათოვანია. მისმა არქიტექტურამ შემდგომში გარკვეული ცვლილებები განიცადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტაძრის ტერიტორიაზე ხეების გაკაფვის დროს შვიდი მათგანის მერქანში აღმოჩნდა ჯვრის გამოსახულება. ჯვრის გამოსახულებები ტაძარშია დაბრძანებული და მრევლი მას მოწიწებით ემთხვევა. ტაძარში დაბრძანებულია აგრეთვე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელსაც დღესაც სდის მირონი. ეს სასწაული 1991 წლის 31 დეკემბერს ღამისთევის მსახურებაზე დაიწყო.
ტაძრის ეზოში აშენდა სამი მღვდელმთავრის: წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. ბასილი დიდის სახელობის მცირე ტაძარი სამრეკლოთი, შემდეგ წმ. სერაფიმე საროველის სახელობის მცირე ტაძარი სატრაპეზოთი და წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის მცირე ტაძარი მოაშენეს მარცხენა მხარეს. ღვთის შეწევნითა და მორწმუნე მრევლის დახმარებით, ეკლესიას წინ მიაშენეს მცირე ზომის ნაგებობა (სტოა). 2008 წლის ზაფხულში კი ეკლესიას ორივე გვერდიდან მიაშენეს ორი შენობა: ჩრდილოეთით - სპირიდონ ტრიმიფუნტელის ეკლესია,ხოლო სამხრეთით - სტოა. ეს განაპირობა მრევლის სიმრავლემ.
ტაძარში ინახება უდიდესი სიწმინდეები: ანალოღიაზე დაბრძანებულია ხატი წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილით, ქვის ყუთის ნაწილი, სადაც ინახებოდა წმინდანის ნაწილები ინდოეთის ქალაქ გოაში, ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართის მცირე ნაწილი, წმ. იოანე ნათლისმცემლის ხერხემლისა და წმ. გიორგის კისრის ნაწილები და კიდევ ბევრი სხვა სიწმინდე.
ტროპარი:
მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი:
ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა ზეცათა დედოფალი ქვეყნიერსა დედოფალსა ასული დავითისი ყოვლად უხრწნელი მარიამ, სანატრელსა ქეთევანს, დავითის ტომით აღმოსრულსა, რომელმან საქმით აჩვენა თვისება მისი და აწ გვირგვინითა შემკული, წინაშე მისსა იღწვის ჩუენ ყოველთათვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
ჟურნალ "კარიბჭის" არქივი, მარინე ცინცაბაძის მონოგრაფია "ქართველთა დიდმოწამე წმინდა ქეთევან დედოფალი", თინათინ მჭედლიშვილის "წამება და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისა" და მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის "წმინდა დიდმოწამე ქეთევანი - მნათობი საქართველოსი"
ხატის ავტორი ქალბატონი ქეთევან ხაჟომია.
...................................
წმინდა დიდმოწამე ქეთევანთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე
აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
როდესაც დასრულდა წმინდა ქეთევანის წამება, უფალმა ღმერთმა განადიდა წმინდანის გვამი...
ქეთევან წამებულის წამების სცენა პორტუგალიის დეგრასას საკათედრო ტაძარში
მერაბ კოსტავა - ივერიის მნათობის ქეთევან წამებულისადმი
ტროპარ-კონდაკი დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა
ანა კალანდაძე - ქეთევან დედოფალი
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში მრავალი სიწმინდეა დაბრძანებული
იხილეთ დასაწყისი