ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები როგორც კი დასრულდა წმინდა ქეთევან დედოფლის წამება, უფალმა განადიდა წმინდანის გვამი. ურიცხვი ხალხის თვალწინ, რომელიც შეკრებილი იყო მოედანზე, სამი ბრწყინვალე სვეტი ჩამოეშვა ციდან და წამებულის გვამს დაადგა. იმამ-ყული ხანის ბრძანებით, წმინდა ქეთევანის გვამი ტომრით ქალაქგარეთ გაიტანეს და სადღაც, ერთ უწმინდურ ადგილზე ამოთხრილ ღრმა ორმოში დაფლეს.
პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერები დიდხანს ეძებდნენ ქეთევან დედოფლის საფლავს, მაგრამ ამაოდ. ერთხანს მისი პოვნის ყოველგვარი იმედი დაკარგეს. მისიონერები ამბობდნენ, ნეტავ ვინ იქნება ისეთი ბედნიერი, რომელიც მიაგნებს ქეთევან დედოფლის საფლავს, ამოიღებს მას საფლავიდან და ასეთი ძვირფასი საგანძურით გაამდიდრებს თავის მონასტერსო.
ასეთი ბედნიერება წილად ხვდა ზემოხსენებულ მამა ამბროსიო დუშ ანჟუშს, 3 თვისა და 13 დღის შემდეგ მიაგნო ქეთევან დედოფლის საფლავს, სპარსეთის ტყვეობაში მყოფ ორ პორტუგალიელთან ერთად დაიწყო ორმოს ამოთხრა, მაგრამ დედოფლის ნეშტი ისე ღრმად იყო ჩამარხული, რომ იმ ღამეს ორმო ბოლომდე ვერ ამოთხარეს. გათენებისას იძულებული გახდნენ, შეეწყვიტათ თხრა, რომ ვინმეს არ შეენიშნა. ღამით კვლავ განაგრძეს მუშაობა, მიაღწიეს ქეთევან დედოფლის ნეშტამდე და ამოიღეს იგი. აქ ძვლებიღა იყო შემონახული, ხორცი კი თითქმის მთლიანად დამწვარა. "ხორცის მთელი ნაწილი შერჩენილი იყო მხოლოდ მარჯვენა მკლავზე და მარცხენა ფეხზე", - შენიშნავს ამბროსიო დუშ ანჟუში, რომელსაც ეხმარებოდა მეორე პორტუგალიელი მორჩილი ძმა პედრო დუშ სანტოში. მათ გაწმინდეს ძვლები და ერთ ყუთში ჩააწყვეს. ყუთი წაიღეს და დაასვენეს ავგუსტინელ მისიონერთა მონასტერში შირაზში. "უქმნეს ლუსკუმაჲ და მრავალთა სულნელთა უკმევდნენ". დედოფლის წმინდა ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მრავალ სნეულს კურნავდა. მაგრამ იმის გამო, რომ შირაზში, სადაც მოხდა ქეთევან დედოფლის წამება, საშიში იყო მისი ნეშტის შენახვა, ამბროსიო დუშ ანჟუშმა ორი მისიონერის ხელით ეს ყუთი ისპაანში, ავგუსტინელ მისიონერთა მონასტერში, გაგზავნა. აქ იგი უფრო დიდ პატივში და უფრო საიმედოდ იქნებოდა შენახული. ეს ყუთი ისპაანში ინახებოდა 1626 წლის მარტამდე. ამ დროს, შაჰის განკარგულებით, ავგუსტინელ მისიონერებს მოღვაწეობა აეკრძალათ ისპაანში. ყველა ავგუსტინელი მისიონერი დააპატიმრეს და ქუდმოხდილნი და ხელებშეკრულნი შირაზის გზას ისე გაუყენეს, რომ თან არაფრის წაღების უფლება არ მისცეს. მხოლოდ მათ წინამძღვარს, მანოელ და მადრე დე დეუსმას დართეს ნება, ერთი რაიმე ბარგი წაეღო. მან კი აირჩია ის ყუთი, რომელშიც ქეთევან დედოფლის ნეშტი იყო და თან წაიღო შირაზში (რა თქმა უნდა, სპარსელებმა არ იცოდნენ, რომ ყუთში წმინდა ქეთევანის ნეშტი ინახებოდა). ბერები ათი თვის განმავლობაში შირაზის ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი. 1627 წლის თებერვალში ავგუსტინელი ბერები, შაჰის ნებართვით, კვლავ ისპაანში დაბრუნდნენ, წმინდა ქეთევანის ნეშტი თან წაიღეს და ისევ ავგუსტინელთა მონასტერში შეინახეს.
საინტერესოა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების შემდგომი ბედი. 1626 წელს, როცა თეიმურაზ I იძულებით "შეურიგდა" შაჰს, მან უპირველესად წამებული დედის ნეშტის სამშობლოში გადასვენება ითხოვა. აბას I-მა ნება დართო. მაგრამ სეფიანთა კარზე არ იცოდნენ, სად ინახებოდა დედოფლის ნეშტი. შაჰი ქართლ-კახეთის მეფეს ატყობინებდა, ცხედარი კათოლიკე მისიონერებმა მოიპარეს, მაგრამ არ ვიცით, ავგუსტინელებმა ჩაიდინეს ეს, თუ ფეხშიშველა კარმელიტებმაო.
როდესაც ავგუსტინელმა მისიონერებმა თეიმურაზ I-ის სათხოვრის შესახებ შეიტყვეს, გოას ავგუსტინელების მონასტერში (გოა - ქალაქი-ნავსადგური ინდოეთში; 1510 წელს დაიპყრეს პორტუგალიელებმა; აღმოსავლეთში ავგუსტინელ მისიონერთა მოღვაწეობის ძირითადი ადგილი) მყოფი, აღმოსავლეთში ავგუსტინელ ბერთა მეთაურის ბრძანებით, 1627 წლის 3 აგვისტოს საქართველოში თეიმურაზ I-თან გამოემგზავრნენ ამბროზიო დუშ ანჟუში და სებასტიანო დე იეზუსი. "თან წავიღეთ წმინდანის თავი, რათა მისი საშუალებით დაგვეყოლიებინა დედოფლის ძე, თეიმურაზი, ნება დაერთო მისიონი დაგვეარსებინა მის ქვეყანაში", - წერს ამბროზიო დუშ ანჟუში. მაგრამ გზაში ორივე ავად გახდა და ისპაანში დაბრუნდნენ.
1628 წლის 13 თებერვალს ამბროზიო დუშ ანჟუში კიდევ ერთხელ გამოემგზავრა საქართველოსკენ. იმავე წლის 11 მაისს ავგუსტინელი მისიონერები გორში მეფეს წარუდგნენ. თეიმურაზ I-მა მათ ჰკითხა, რა იცოდნენ დედოფლის ცხედრის შესახებ. როდესაც ამბროზიო დუშ ანჟუშმა თეიმურაზს შეატყობინა, რომ დედოფლის წმინდა ნაწილები - თავის ქალას ნაწილი, აგრეთვე "წამებულის ფეხი, რომელსაც ისევ ეტყობოდა მარწუხების კვალი", ჩამოიტანა, მეფემ დიდად დაუმადლა - მთელი მსოფლიოს განძიც რომ ჩამოგეტანათ, ჩემთვის დედაჩემის ცხედრის ჩამოსვენებას ვერ შეედრებოდაო. მეორე დღეს, თეიმურაზ I-ის ბრძანებით, დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძრის საკურთხეველში დაასვენეს. ავგუსტინელმა ბერებმა თეიმურაზს დედის წმინდა ნაწილებთან ერთად გადასცეს ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც დედოფალი ლოცულობდა. მოგვიანებით ეს ხატი რუსეთში ერთ-ერთ ლავრაში გამოჩნდა და იქაც იდუმალებით მოცულ ვითარებაში დაიკარგა. შემდეგ ირლანდიის სამეფო კარამდე მიაღწია, იქიდან კი სამხრეთ საფრანგეთში, ქ. მონპელიეში, მანუელ და ბარბარა ლუსტალიების კუთვნილება გახდა. 2003 წელს, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ხატის საქართველოში დაბრუნება მოახერხა ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარმა გიორგი რაზმაძემ და ტაძარში დააბრძანა.
კათოლიკე მისიონერები თავდაპირველად თეიმურაზ I-ის სასახლეში ცხოვრობდნენ. შემდგომ მეფემ მათ შესთავაზა, აერჩიათ საცხოვრებელი ადგილი. პატრებმა გორი აირჩიეს. ასე შეიქმნა ავგუსტინელთა მისიონი აღმოსავლეთ საქართველოში ამბროზიო დუშ ანჟუშის მეთაურობით, რომელმაც 1640 წლამდე იარსება.
საყურადღებოა თეიმურაზ I-ის მიერ რომის პაპის - ურბან VIII-ისადმი 1629 წლის 6 იანვარს გაგზავნილი წერილი, რომელშიც მეფე მიუთითებდა: "აგერ უკვე ერთი წელია, რაც ჩვენი დედის სხეულის ნაწილები, გამშრალი ძვლები, პართიის სამეფოს კარიდან, ისპაანიდან, ჩვენს ქვეყანაში ჩამოგვიტანა ავგუსტინელთა ორდენის წარმომადგენელმა, ღირსეულმა მამა ამბროზიომ, რომელსაც ამ სამსახურისთვის ჯილდოდ გადავეცით ადგილი და მიწა საარსებოდ, საცხოვრებელი სახლისა და ეკლესიის ასაგებად". XVII საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს თეიმურაზ I-მა ირანში ზავის დასადებად მიავლინა მთავარეპისკოპოსი იოანე, რომელმაც წარმატებით შეასრულა დავალება. გარდა ამისა, მან ისპაანის ავგუსტინელთა მონასტრიდან წამოიღო ქეთევან დედოფლის სხვა წმინდა ნაწილებიც, რომლებიც ასევე ალავერდში დაასვენეს: "მოითხოვნეს ნეშტნი იგი ნაწილნი წმინდაი, და პატივითა დიდითა მიიღეს ადგილსა მას, სადა ისხნეს სხუანი იგი ნაწილნი" (გრიგოლ ხუცესმონაზონი-დოდორქელი). ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძარში, საღვთო ტრაპეზის ქვეშ, 1723 წლამდე ინახებოდა. როგორც რუსეთის ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, თეიმურაზ I-ს ალავერდში არსებული ნეშტის ნაწილიდან მცირედი რელიკვია რუსეთის მეფისთვის ალექსეი I-ისთვის გაუგზავნია 1656 წლის 18 აპრილს და მიუწერია კიდეც: "Да послал я к тебе часть мощей матери моей от ноги великого перста". ჩვენთვის უცნობია რუსეთში გაგზავნილი ამ წმინდა ნაწილების შემდგომი ბედი.
ალავერდში დარჩენილი წმინდა ნაწილები კი 1723 წელს დაიკარგა, როდესაც კახეთის სამეფოს ოსმალები და ლეკები დაესხნენ თავს. მეფე კონსტანტინე II მაჰმად-ყული-ხანმა თავი ქიზიყს შეაფარა. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერს, "თეიმურაზ და უმეტესნი კახნი დედაწულით და ეპისკოპოსებით მივიდნენ ანანურს (არამედ რომელსა ეტვირთა ნაწილი წმიდათა, უბრკმა ცხენსა მისსა არაგუსა შინა და წარიღო ნაწილნი იგი და დაიკარგა ქეთევან დედოფლის ნაწილითურთ)".
საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ევროპასა და აზიაშიც წაასვენეს. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, დანამდვილებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ისინი მოხვდა გოასა და რომში, სავარაუდოდ, ნამიურსა (ბელგია) და საფრანგეთში.
როგორც აღვნიშნეთ, 1627 წლისთვის წმინდა მოწამის ნეშტი მთლიანად ინახებოდა ისპაანის ავგუსტინელ ბერთა მონასტერში, საიდანაც მისი ნაწილი კათოლიკე მისიონე-რებმა 1628 წელს თეიმურაზ I-ს გაუგზავნეს. ამავე დროს, გოაში გაემგზავრა ისპაანის მონასტრის წინამძღვარი მანოელ და მადრე დე დეუსი, რომელმაც თან "წმინდა დედოფლის მარჯვენა ხელი ხორცითურთ და მკლავის ძვალი გოას მონასტრის ბერებისა და მთხოვნელთა სანუგეშოდ წაიღო" (რობერტ გულბენკიანი). მალე გოას მონასტერში ისპაანიდან გაიგზავნა კიდევ ერთი სიწმინდე - დედოფლის ქვედა ყბა კბილების გარეშე.
გოაში ჩატანილი წმინდა ნაწილები დაცული იყო შავი ქვის კუბოში, საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.
XX საუკუნის დასაწყისში და გრასას მონასტრის კოშკი ჩამოიქცა და მთელი შენობა ნანგრევებად აქცია.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ სამეცნიერო ექსპედიციები რევაზ თაბუკაშვილისა და ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, თუმცა მათ წმინდა ნაწილების მოძიება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, დიდი აღმოჩენა მაინც მოხდა - 2006 წლის ზაფხულში ინდოელმა არქეოლოგმა ნეზამუდინ ტაჰირმა გოას და გრასას მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიაკვლია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს, რითაც ქართველთა არაერთი თაობის სანუკვარი ოცნება ასრულდა. მოეწყო ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე და კიდევ ექვსი ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ ამ ტაძრის მრევლის წევრები და ტელეჟურნალისტი გიორგი კალანდია. ამ მნიშვნელოვან ისტორიულ აღმოჩენასთან დაკავშირებით გთავაზობთ მამა გიორგი რაზმაძის ინტერვიუდან ნაწყვეტს:
მამა გიორგი რაზმაძე: "2006 წლის ზაფხულში ქალაქ გოას არქეოლოგიური ცენტრიდან მივიღეთ წერილი, რომელშიც გვატყობინებდნენ, რომ გათხრების შემდეგ პორტუგალიელმა და ინდოელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ის შავი ქვის კუბო, რომელშიც წმინდა ქეთევან დედოფლის მარჯვენა ხელის ძვალი იყო ჩასვენებული. ჩვენ დავიწყეთ სამზადისი ექსპედიციისათვის. გავემგზავრეთ ინდოეთში, სადაც უნდა გავცნობოდით იმ ისტორიულ ფაქტს, თუ როგორ იქნა მოპოვებული შავი ქვის კუბო. ისტორიული წყაროების თანახმად, ეს კუბო ჩასვენებული იყო ერთ-ერთი პორტუგალიელი მისიონერის შვილის საფლავში, და გრასას მონასტერში, საკურთხევლის მარჯვენა მხარეს, ფანჯრის თაღში. ამ ძვალს ჩაუტარდა სპეციალური შემოწმება, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს მართლაც მარჯვენა ხელის ძვალი იყო და სტრუქტურული აღნაგობით ეკუთვნოდა ქალს. არქეოლოგიური გათხრების მასალები შემდეგ უკვე მეცნიერულ დონეზე იქნა წარმოჩენილი აზიის სამასი მეცნიერის თვალწინ. გადაღებულ იქნა ასევე 15-წუთიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი გათხრების ფაქტები. ამ ფილმის სახელწოდებაა: "ქეთევან დედოფლის მისტერიები". ჩვენ გადმოგვეცა საჩუქრად ამ ფილმის ორიგინალი, საარქივო და ფოტომასალები, რომლებიც დღეს ჩვენთან ინახება. ეს არის უნიკალური დოკუმენტური მასალა წმ. ქეთევან დედოფლის შესახებ. მოხდა ისიც, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება საქართველოს სახელით გამოვსულიყავით ამ მეცნიერთა წინაშე და მადლობა გადაგვეხადა ინდოელი და პორტუგალიელი არქეოლოგებისთვის, რომელთაც ეს უდიდესი სიწმინდე აღმოაჩინეს.
ამ მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოში ჩამოსული იყო ერთ-ერთი ცნობილი ინდოელი კინოდოკუმენტალისტი, რომელმაც წმინდა ქეთევან დედოფლის შესახებ ფილმი გადაიღო. ინდოეთის ტელევიზიაში არის სპეციალური არხი "სტარი", სადაც აჩვენეს საათნახევრიანი ფილმი წმინდა ქეთევან დედოფლისა და ჩვენი ეკლესიის შესახებ. ფაქტობრივად, მთელი ინდური საზოგადოება ინფორმირებული იყო ამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ.
...ეს სიწმინდე, შავი ქვის კუბოში ჩასვენებული, გადავიტანეთ ინდოეთის არქეოლოგიურ მუზეუმში, სადაც ამჟამად არის დაცული. მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები ამ სიწმინდის საქართველოსთვის დაბრუნებისათვის. ჩვენ შეთანხმებულები ვართ ამგვარად - წმინდა ქეთევან დედოფლის ქანდაკება უნდა ვაჩუქოთ ქ. გოას მუნიციპალიტეტს, კერძოდ, და გრასას მონასტერს, სადაც ეს ქანდაკება დაიდგმება წარწერით, რომ აქ განისვენებდა საქართველოს დედოფალი ქეთევან წამებული, რომელიც ეწამა მართლმადიდებლობისათვის სპარსეთში შაჰ-აბასის მიერ. ისინი კი ივალდებულებენ, მოგვცენ ეს შავი ქვის კუბო. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც კუბოდან ამოიღეს მარჯვენა ხელის ძვალი, იგი შუაზე გაიყო. როგორც შევთანხმდით, ალბათ ერთ-ერთ ნაწილს მოგვცემენ. წერილიც გავგზავნეთ ინდოეთის კულტურის სამინისტროში, რომ ამას ოფიციალური სახე მიეცეს.
...ჩვენს ტაძარში არის დავანებული წმ. ქეთევან დედოფლის ნეკნის ნაწილი. ამასთანავე, ინდოეთიდან წამოვიღეთ მარჯვენა მკლავის მცირე ზომის წმინდა ნაწილიც. მნიშვნე-ლოვანია, რომ ეს უდიდესი სიწმინდე უბრუნდება საქართველოს. წმ. ქეთევან დედოფალმა თავი დადო საქართველოსთვის. მან მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, თუ რა ძალა აქვს მართლმადიდებლობას. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ინდოელი ჟურნალისტები სულ გვეკითხებოდნენ, თუ რატომ იყო მაინცდამაინც მე-17 საუკუნის წმინდანი დღეს ასეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის. მათთვის, ეტყობა, უცხო იყო ეს ყველაფერი. არადა, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მით უმეტეს, რომ ჩვენი ეკლესია ამ დიდებული წმინდანის სახელზეა ნაკურთხი".
* * *
როგორც აღვნიშნეთ, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ევროპაშიც აღმოჩნდა: XVII საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს ავგუსტინელ მისიონერებს წმინდანის ნეშტის რო-მელიმე ნაწილის გაგზავნა, როგორც რელიკვიისა, სთხოვა ცნობილმა იტალიელმა მოგზაურმა, პიეტრო დელა ვალემ. ბერებმა მას თხოვნა შეუსრულეს: გოას მონასტრიდან წამოღებული, ჩვენ მიერ ზემოთ უკვე მოხსენიებული სიწმინდე, დედოფლის ქვედა ყბა, კბილების გარეშე, თეატინელმა ბერმა დონ პიეტრო ავიტაბილემ და მამა ანტონიო დე სანტო ვისენტემ 1631 წლის 5 ივნისს რომში პიეტრო დელა ვალეს გადასცეს, რაც ამ უკანასკნელმა საგანგებო ხელწერილით დაადასტურა.
ამჟამად უცნობია, რა ბედი ეწია პიეტრო დელა ვალეს ოჯახში დაცულ წმინდა ნაწილებს. 1894 წელს ჟურნალ "მწყემსში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ისტორიულ წყაროზე დაყრდნობის გარეშე აღნიშნულია, რომ "ქეთევან დედოფლის ნეშტის ნახევარი გორში თეიმურაზ მეფესთან გაგზავნეს, მეორე ნახევარი კი ევროპაში წაიღეს და რომში წმინდა პეტრეს ტაძარში მოათავსეს". ხომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ რომში, პიეტრო დელა ვალეს ოჯახში დაცული სიწმინდე შემდგომში ასევე რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში აღმოჩნდა?
1914 წელს გაზეთში "სახალხო ფურცელი - სურათებიანი დამატება" დაიბეჭდა ბელგიის ქალაქ ნამიურის ხედი ციხესიმაგრით, რომელსაც შემდეგი წარწერა ჰქონდა: "ბელგიელების ციხე ნამიური: შენობების წინა რიგში მოსჩანს ტაძარი, სადაც ქეთევან წამებული ასაფლავია". არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც 1845 წელს დედოფლის წმინდა ნაწილები ნამიურში ინახებოდა. ზემოხსენებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ნინო სალიამ გადაწყვიტა, ბელგიაში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებისთვის მიეგნო, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნავს 1973 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, "ნამიურში ამ რელიკვიების ძებნა უშედეგოდ დამთავრდა".
საფრანგეთში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გაგზავნის ვერსია სომეხ ისტორიკოს არაქელ დავრიჟეცის ეკუთვნის: "ფრანგმა პატრებმა, რომლებიც ქალაქში იყვნენ, მოი¬პარეს დედოფლის პატიოსანი ცხედარი, ერთი ნახევარი გაახვიეს სუფთა ქსოვილში საკმეველთან და მურთან ერთად და საფრანგეთში გაგზავნეს, სადაც პატივცემულია დიდის დიდე¬ბით". სამწუხაროდ, არც ამ ცნობის დადასტურება ხერხდება.
საქართველოში წმ. ქეთევანის წმ. ნაწილი დავანებულია სამთავროს წმ. ნინოს წმინდანთა ნაწილებიან ხატში, აგრეთვე ქ. თბილისის სიონსა და ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის სახ. ტაძარში დაბრძანებულ წმ. ქეთევანის ხატებში.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე