ქეთევან დედოფლის გამოცდა ჯერ კიდევ 1618 წელს თეიმურაზ პირველმა რუსეთში გაგზავნა ელჩი ხარიტონი. კახეთის დევნილი მეფის 121 ერთ-ერთი სათხოვარი რუსეთის მეფის - მიხეილ თევდორეს ძისადმი შემდეგი შინაარსის იყო: უბრძანე, შაჰს მისწერონ, რომ დედაჩემი და შვილები დამიბრუნოს, თუ არადა, შენთან, რუსეთში გამოგზავნოსო. თუმცა ამ თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია. 1623 წელს თეიმურაზმა რუსეთის მეფისაგან კვლავ ითხოვა დედის გამოხსნაში დახმარება. მანაც შაჰს ელჩობა აახლა და ქეთევან დედოფლის გათავისუფლება და ელჩებთან ერთად მოსკოვში გაგზავნა სთხოვა. შაჰი ელჩის საპასუხოდ ასე მოიქცა: ირანული კანონის თანახმად, გამაჰმადიანებულ ქრისტიანს ნება არ ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებისა; ამ რელიგიურ კანონს მკაცრად იცავდნენ. ქეთევანი თუ გამაჰმადიანდებოდა, მას, ირანის კანონების თანახმად, ირანიდან წასვლის ნება არ ექნებოდა, ხოლო ქრისტეს აღიარებისთვის სიკვდილით დასჯიდნენ, შაჰი ელჩებს ეტყოდა, რომ იგი გარდაიცვალა. რომის პაპის ელჩის, პიეტრო დელა ვალეს აზრით, შაჰმა საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვის ელჩების მასთან ჩამოსვლის შემდეგ მიიღო: ქეთევან დედოფალი ან უნდა გაემაჰმადიანებინა, ან მოეკლა. მან ელჩები, პასუხის მოლოდინში, თავისთან დაიტოვა, და ამავე დროს, საიდუმლოდ და სასწრაფოდ, სამი კაცი შირაზში ქეთევანთან გაგზავნა - მათ დედოფლისთვის უნდა ერჩიათ, უარეყო სარწმუნოება და მიეღო მაჰმადიანობა, მაგრამ თუ უარს იტყოდა, წამებით მოეკლათ. შაჰის ემისრები ისე სწრაფად გაემართნენ შირაზისკენ, რომ რვა დღის სავალი ექვს დღეში გაიარეს.
ქეთევან დედოფალი ათი წელი იტანჯებოდა "საპატიო" ტყვეობაში. მარხვით, ლოცვითა და ხმელზე წოლით გაილია მისი სხეული, მაგრამ მაინც მხნედ იყო და დიდად ზრუნავდა მასთან მყოფ ქართველებზე. დედოფლის წამებამდე ხუთი წლით ადრე სპარსელებმა მის მოძღვარს - მამა მოსეს ცილი დასწამეს და სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანეს. დასჯის წინ შესთავაზეს, განდგომოდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და მაჰმადიანობა მიეღო.
გამორჩეული თვისებებით მოსე მღვდელს საგანგებო ადგილი სჭერია დედოფლის გვერდით - დედოფალს იგი უკითხავდა სახარებას, მოციქულთა ეპისტოლეებს, ლოცვებს, ქადაგებებსა და წმინდანთა ცხოვრების ამბებს, რითაც რწმენაში განაძლიერებდა და სულიერ ძალებს მატებდა მას.
ეს ვითარება, ცხადია, შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ ირანის სამეფო კარზე ურჩი დედოფლისთვის რწმენის დათმობის შემგონებლებს, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის ამ მტკიცე დასაყრდენის გამოცლას.
მღვდელს დაბრალდა შირაზის ხანის მდივნის მეუღლესთან სამიჯნურო ურთიერთობა. ცრუ ბრალდებებით წაქეზებული ქმარი დაშნით ხელში შეიჭრა მღვდლის ოთახში და შეუტია. მღვდელმა მას დაშნა გამოსტაცა და ნაცვლად იმისა, რომ თავის დასაცავად გამოეყენებინა, ფანჯრიდან გადააგდო და თვითონ მდივნის მხლებელ ჯარისკაცებს დანებდა - საშუალება მისცა, მისთვის ხელები შეეკრათ და დაეპატიმრებინათ.
შირაზის ხანმა მაშინვე მოაყვანინა მოსე მღვდელი დიდ მოედანზე, მისი სასახლის წინ, უბრძანა, თუ სარწმუნოებას შეიცვლი, დანაშაულს გაპატიებო... თან ძალზე დიდი თანხაც შესთავაზა. მოსემ ამ წინადადებაზე საჯაროდ უარი განაცხადა და მტკიცედ დარჩა ქრისტიანულ სარწმუნოებაში. მოძღვარი ქვებითა და დაშნების ცემით ნაფლეთებად აქციეს.
იტალიელი მისიონერი ამბროსიო დუშ ანჟუში მიიჩნევს - მოსე მღვდლისადმი წაყენებული ბრალდება გამოწვეული იყო იმით, რომ მუსლიმები საზოგადოდ ქრისტიანთა მტრები არიან და ყოველთვის ცდილობენ მათ ბრალი დასდონ რაიმეში. ალბათ ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოსაა წიგნის ავტორის, პროფესორ ილია ტაბაღუას მოსაზრება ხსენებულ საკითხზე: "ქეთევან დედოფლის მღვდლის - მოსეს მოკვლის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სპარსელების აზრით, იგი დედოფალს განუმტკიცებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და თუ მას მოაშორებდნენ, ეგონათ, დედოფალი რწმენას დათმობდა და გამაჰმადიანდებოდა. ამიტომაც იყო, რომ თავიანთ უკეთურ განზრახვას ამსხვერპლეს მოსე მღვდელი დედოფლის სიკვდილით დასჯამდე ხუთი წლით ადრე. მაგრამ ვერ აისრულეს მიზანი. დედოფალი არათუ ვერ გაამაჰმადიანეს, პირიქით, ჯალათების მარწუხებისა და მუგუზლების ქვეშ იშვა ქრისტესთვის თავდადებული ახალმოწამე, რომელმაც უდრტვინველად აიტანა ტანჯვა-წამება და პირზე ღიმილით შეეგება სიკვდილს. და ალბათ, როდესაც წმინდა ქეთევანი სიცოცხლეს თმობდა რწმენისათვის, მას წინ ედგა ცოცხალი მაგალითი ნაკუწ-ნაკუწ აჩეხილი თავისი მოძღვრისა!
მამა მოსეს სიკვდილის შემდეგ ქეთევანთან დარჩა მეორე მღვდელი, მამა გიორგი, რომელიც ასევე თავდადებულად ემსახურებოდა დედოფალს და სულიერად ამხნევებდა მის ამალას.
იმამ-ყული ხანმა, როგორც კი მიიღო შაჰის ბრძანება ქეთევანის წამებით მოკვლის შესახებ, მოციქულის პირით შაჰს შეუთვალა: წლოვანი დედაკაცი არის და ახლა ეს აღარ გათათრდება, რად გჭირდება ამის გათათრება, თავი დაანებე, შენთვის სირცხვილიც არის ამისი სიკვდილიო. იგი თავის საპატიო სტუმარს სამი თვე არ უმხელდა შაჰის ვერაგულ ჩანაფიქრს. შაჰ-აბასს ეწყინა და კვლავ შეუთვალა: რაც გიბრძანე, ის აღასრულეო. მაშინ იმამ-ყული ხან უნდილაძემ აუწყა დედოფალს შაჰის სურვილი: კახეთის სამეფოს კანონიერ დედოფალს ქრისტიანული სარწმუნოება უნდა უარეყო, მაჰმადიანობა მიეღო და შაჰ-აბასის ერთ-ერთი ცოლი გამხდარიყო, სამაგიეროდ, მის შვილს - თეიმურაზს კვლავ კახეთის მეფედ სცნობდა. შაჰის ამ მოულოდნელი წინადადებით, - წერს ამბროსიო დუშ ანჟუში, - დედოფალი ერთხანს გაოგნებული დარჩა... მაგრამ მან გონება მოიკრიბა და იმამ-ყული ხანს მოკლედ და გაბედულად უპასუხა: "რადგან დაბადებული ვარ ქრისტიანი დედ-მამისაგან და ქრისტეს სარწმუნოებით ვარ აღზრდილი, ამიტომ მზად ვარ მოვკვდე ამ რწმენით"... ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როდესაც წმინდა ქეთევანმა თავისი შვილიშვილების ამბავი შეიტყო.
სომეხი მემატიანე არაქელ თავრიზელი, იკვლევდა რა შაჰ-აბასის ამ გადაწყვეტილების მოტივებს, აღნიშნავდა, რომ შაჰს ჰქონია საუბარი გამაჰმადიანებულ ქართველებთან, რომლებიც ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. იმავდროულად მათი დედები ქრისტიანობას ინარჩუნებდნენ. შაჰისთვის ეს ფენომენი მიუღებელი და თანაც აუხსნელი რჩებოდა. ამაზე მათ უპასუხიათ შაჰისთვის, რომ მათი დედები სწორედ ქეთევან დედოფლის მაგალითით ინარჩუნებდნენ ქრისტიანობას და ახალ რჯულზე არ გადადიოდნენ. შაჰს ამის შემდეგ გულში ჩაუდია შურისძიება. შურისძიებას რაც შეეხება, მას საამისოდ სხვა საფუძვლებიც ჰქონდა: 1) ქეთევანის როლი კახეთში პროირანულად განწყობილი უზურპატორის, კონსტანტინე მეფის დამარცხებაში. 2) 1615 წლის კახეთის აჯანყება. 3) 1618 წელს მეფე თეიმურაზის და ქართველთა ჯარის მონაწილეობა ოსმალებთან ერთად ერთ ანტიირანულ სამხედრო კოალიციაში, როდესაც მათ შემოუტიეს სეფიანთა ირანს და ლამის აიღეს არდებილი, სეფიანთა დინასტიის აკვანი. 4) 1622 წელს თეიმურაზის ჩასვლა სტამბოლში, სადაც ასევე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ანტიირანული კოალიციის შესაქმნელად. 5) შაჰს ასევე აღიზიანებდა თეიმურაზის კავშირი რუსეთთან. როგორც ცნობილია, თეიმურაზი რუსეთის სამეფო კართან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რათა მოსკოვს აემოქმედებინა ყველა დიპლომატიური საშუალება ირანში მძევლად მყოფი თეიმურაზის დედისა და შვილების გასათავისუფლებლად.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია იმისა, თუ რატომ აწამა შაჰმა ქეთევან დედოფალი. ეს ვერსია XVII საუკუნის ცნობილ ფრანგ მოგზაურს, ჟან შარდენსა და ამავე საუკუნეში საქართველოში მოღვაწე იტალიელ კათოლიკე მისიონერს, დონ კრისტოფორო დე კასტელს ეკუთვნით. მათი თქმით, შაჰ-აბას პირველს შეუყვარდა ქართველი დედოფალი და ცოლობაზე უარის თქმის შემდეგ იგი მის მიმართ შურისძიების გრძნობამ შეიპყრო.
ჟან შარდენის თქმით, დედოფალი ხანდაზმული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ საკმაოდ ლამაზი უნდა ყოფილიყო. პირველი დანახვისთანავე აბასს შეუყვარდა დედოფალი, ან, შესაძლებელია, თავი მოაჩვენა მიჯნურად და მაჰმადიანობის მიღება და ცოლობა შესთავაზა. ქართველი ქალისთვის დამახასიათებელი ურყევი სიმტკიცითა და გამბედაობით დედოფალმა უარი განუცხადა ხელმწიფეს, უფრო თავის ღვთისმოსაობისა და უბიწოების, ვიდრე იმის გამო, რომ სპარსეთის დედოფლების კარჩაკეტილი ცხოვრება ეზიზღებოდა. უარით გაწბილებულმა აბასმა, ან კიდევ, შესაძლოა, ეს მხოლოდ საბაბი იყო, დედოფალი დაატყვევა.
რაც შეეხება კასტელს, იგი აღნიშნავს: "შაჰ-აბასი, როდესაც პირისპირ ნახა დედოფალი, ძლიერმა ცეცხლოვანმა სურვილმა და ვნებიანმა წვამ შეიპყრო. სიყვარულით დამთვრალმა მოსინჯა დედოფლის კდემამოსილება. მლიქვნელობით, დაპირებითა და მოტყუებით გააგებინეს ქეთევანს, რომ, თუ უარყოფდა ქრისტიანულ სარწმუნოებას, სპარსეთის დედოფლის გვირგვინს მიიღებდა. ეს დაპირება არაფრად უღირდა მას და არაერთგზის მისცა გადაწყვეტილი პასუხი: თუკი შესაძლებელი იქნება, ვისურვებდი ათასჯერ სიკვდილს, ვიდრე უარვყო ქრისტიანული სარწმუნოება და დავთმო სათნოებაო. ამის გამო ხელმწიფე ძლიერ განრისხდა და ბრძანა, შეუბრალებლად გაეშოლტათ დედოფალი, სანამ მათრახით სული არ ამოხდებოდა, რაც ასევე აღსრულდა კიდეც".
ასე იყო თუ ისე, შაჰისთვის ქეთევანი საშიში იყო როგორც უაღრესად გავლენიანი სახელმწიფო ფიგურა საქართველოში, რომლის უბრალო ყიზილბაშურ სახანოდ გადაქცევა ჰქონდა მას მტკიცედ გადაწყვეტილი. აბას პირველის ვარაუდით, დედოფლის გამაჰმადიანება ქართველების სულიერ მდგომარეობაზე ძალიან იმოქმედებდა და ისინი მორალურად დაეცემოდნენ.
ამის შემდეგ არაერთხელ მივიდა იმამ-ყული ხანი ქეთევან დედოფალთან და შეახსენა შაჰის დაპირება, მაგრამ ყველაფერმა ამაოდ ჩაიარა. მან ჩვეულებრივზე მეტად თავი მისცა ლოცვას და ზიარებასაც ხშირად ღებულობდა. რამდენადაც უფრო ატანდნენ ძალას, იმდენად უფრო მტკიცე ხდებოდა დედოფლის გადაწყვეტილება. ამიტომ შაჰის ბრძანებით იგი ჩაამწყვდიეს ბნელ საკანში, შეუწყვიტეს მომსახურება, აუკრძალეს თანმხლებ პირებთან შეხვედრები და საუბარი... ხოლო როდესაც გაიგეს, რომ ქეთევანმა გადაწყვეტილება არ შეცვალა, ბოძზე მიაკრეს და წელამდე გაშიშვლებულს ისე სასტიკად სცემეს, რომ სისხლი ღვარად სდიოდა. მიუხედავად ამისა, ერთხელაც არ დაუკვნესია. არქანჯელო ლამბერტი წერს: "მას თვალწინ ედგა გამათრახებული ქრისტე და უფრო მეტი სურვილი აღეძრა, რომ მონაწილე გამხდარიყო მისი ტანჯვისა, ვიდრე სპარსელების სიმდიდრისა. იგი ჯალათს დამშვიდებით ეუბნებოდა, რომ ამაოდ ირჯებოდა, ცემის საშუალებით სარწმუნოების საკითხში მისგან ვერავითარ დათმობას ვერ მიიღებდნენ. ასეთი წამების მიუხედავად დედოფალი მზად იყო არა მხოლოდ ერთი, არამედ ათასი სიცოცხლეც რომ ჰქონოდა, ქრისტესთვის დაეთმო".
კახეთის დედოფლის სასტიკი წამება
და აი, დადგა უკანასკნელი დღეც. დედოფალს მოახსენეს შაჰის ბრძანება: ან მიიღებს მაჰმადიანობას, ან მოემზადოს სასტიკი წამებისათვის, რაც უკვე ნაბრძანებიაო. სპარსელები გააოცა ქეთევან დედოფლის მშვიდმა გამომეტყველებამ და პასუხმა, რომ შეასრულონ მათი მბრძანებლის დავალება, რამდენადაც იგი მზადაა, უფლის წყალობით, აიტანოს ყოველგვარი მკაცრი წამება, მაგრამ შეინარჩუნოს სარწმუნოება, რომელსაც იგი ბუნებრივად თვლის და არ სცნობს მაჰმადიანობას. შემდეგ დასძინა: შაჰს შეუძლია დაჭრას მისი სხეული, მაგრამ ვერ შეძლებს ზიანი მიაყენოს მის სულს, რასაც გვასწავლის სახარება, და წარმოთქვა წმინდა მათე მოციქულის სიტყვები: "და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელეწიფების მოკლვად, არამედ გეშინოდეს მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა". დედოფალმა ითხოვა სამლოცველოში განმარტოების ნება. ისინი დათანხმდნენ. თავის სამლოცველოში ქეთევან დედოფალი დაეცა მუხლებზე, რათა მხურვალედ და მოკრძალებით, ცრემლებით ელოცა ღვთის წინაშე, რათა უფალს მიეცა მისთვის ძალა და გამბედაობა მოწამებრივისა სიკვდილისა... დაამთავრა ლოცვა, წამოდგა, შეხედა თავის სამლოცველოს კედლებზე განლაგებულ წმიდათა ხატებს, შესთხოვა მათ ყოფილიყვნენ მისი დამცველნი უფლის წინაშე... ამის შემდეგ პირში ჩაიდო ნაკურთხი პურის ნატეხი, სწრაფად გამოვიდა სამლოცველოდან და წავიდა ხალხით გაჭედილ მოედანზე შაჰის ემისრებისაკენ, რომლებიც მას უკვე ელოდებოდნენ.
დედოფლის თვალწინ აწამეს მისი მოძღვარი მღვდელი გიორგი, რომელმაც "სატანჯველთაგან მძრწოლარემან უარყო ქრისტე". დედოფალი ამხნევებდა შეშინებულ მღვდელს და ურჩევდა, მტკიცედ დაეცვა ქრისტეს სარწმუნოება - რისი გეშინია, მამაო, მრავალმა დაითმინა ასეთი სატანჯველნი, დრო ხომ ისე სწრაფად გარბის, რომ ვერავინ ამ ქვეყანაზე საუკუნოდ ვერ დარჩება, ამიტომ უმჯობესია, ჩვენ თვითონ მივისწრაფოთ ყოველთა განსასუენებელისაკენ. არ გახსოვს, "რაი უყვეს ძესა ღმრთისასა, ვითარ იგი წმიდანი ხელნი და ფერხნი მისნი ძელსა ზედა დამსჭვალნეს"? ჩვენც მოვითმინოთ ტანჯვანი, რათა ჩვენც ვეზიაროთ ქრისტეს ვნებებს. "მაშინ ყოველნი იძლინეს (ქრისტე უარყვეს) თანა მსახურნი და მხევალნი წმიდისანი და თვით საწყალობელიცა იგი ხუცესი", - ასე მოგვითხრობს მეფე თეიმურაზიო, - წერს ანტონ კათალიკოსი და მისი მოთხრობილისა უფრო მჯერაო.
ყველაზე სრული და სანდო წყარო ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულის შესახებ ლისაბონის ტორო და ტომბოს ბიბლიოთეკაშია დაცული. ხელნაწერი თანამედროვე პორტუგალიელი ბერის ამბროზიო დუშ ანჟუშის მიერაა შექმნილი და მას შემოკლებით "ნამდვილ ცნობებს" უწოდებენ. წყაროში სრულადაა აღწერილი დედოფლის როგორც სპარსეთში ცხოვრების პერიოდი, ისე მისი წამება. პორტუგალიელი ბერის მიერ აღწერილი ამბავი იმდენად საზარელია, რომ 400 წლის შემდეგ მისი მოსმენა და წაკითხვაც კი ჩვეულებრივ მოკვდავს შიშსა და შფოთს ჰგვრის:
1624 წლის 13 სექტემბერი. შირაზის მთავარი მეიდანი. მიუხედავად იმისა, რომ ზღვა ხალხს მოუყრია თავი, მაინც სამარისებური სიჩუმე სუფევს, მუსლიმანურ კრებულში აქა-იქ ჩანან ქართველნი. სწორედ მათ თვალწინ უნდა აწამონ კახეთის დედოფალი ქეთევანი...
გიზგიზებს ცეცხლი, ჯალათები შემზარავი ფუსფუსით ამზადებენ იარაღებს... მოიტანეს ორი მაყალი სავსე გავარვარებული ნახშირით, რომლებშიც ჩაყრილი იყო რკინის მარწუხები.
შემაღლებულზე შაჰის რჩეული მეჰმანდარნი და ვაზირნი სხედან. "მზეზე უმაღლესს" თავად არ უნებებია მოსვლა. შხამიანი გული თუ უგრძნობდა ქეთევანის სიმტკიცეს.
ჯალათებმა დედოფლის წამება დაიწყეს. ჯერ გავარვარებული სპილენძის ჭურჭელი დაადგეს თავზე, შემდეგ ლამაზ სახეზე ჩამოუცურეს და გახურებული მარწუხებით სახიდან ხორცი მოჰგლიჯეს. დედოფალი წელს ზემოთ გააშიშვლეს, გავარვარებული მარწუხები ჩასჭიდეს და მის მკერდს წვალება დაუწყეს, დაუწვეს და მოაგლიჯეს ძუძუები. ჯალათები გახურებული მარწუხებით აწამებდნენ დედოფლის სხეულს. ასეთი წამებით ძალაგამოლეული ქეთევანი მიწაზე დაეცა. დაცემულს თოვლივით თეთრ სხეულზე ორივე მაყალი ზედ დააყარეს. ერთხანს ასე იწვა, გასაოცარი ტკივილით ითმენდა ამ წვასაც. ჯალათებს დამარცხებისა შეეშინდათ. მათ ხომ ვერც გავარვარებული მარწუხებით და ვერც ნაღვერდლით ვერ წაართვეს სიცოცხლე დედოფალს. ისინიც ეცნენ და ხელებით დაახრჩვეს. წმინდა დედოფალმა მხოლოდ ერთხელ, როცა გააშიშვლეს, მაშინ დაიკვნესა...
ქეთევან დედოფლის წამების შესახებ ბერი ეგნატაშვილი წერს: "გაუბეს ხელ-ფეხი და გააშიშვლეს წმიდა ქეთევან დედოფალი და განხურებული გაზებით დააგლიჯეს ძუძუები და გახურებული საჯები (ტაფები) ნაგლეჯს ხორცზედან შემოაწყვეს და დაგლიჯეს. გაახურვეს ლურსმნები და დაუყარეს ქუეშე და ზედ გაატარეს, დააწვინეს და შიშველზედ ზედ შემოაყარეს ლურსმანი გახურვებული. მაშინ იპობოდა ხორცი ლურსმანთაგან, რადგან ისეთი ბასრი თავები ჰქონდათ, ხორცში ესობოდა და ხორცი სცვიოდა. კუალად განხურვებული შამფურები გაავლეს მუცელსა და ძუძუ-მკერდშიგან (მკერდიდან ზურგამდე), განხურვებული ქვაბი დაარქვეს თავსა ზედან. კუალად განხურვებულს ქუაბსა შიგან ჩასვეს და თავსაც დაახურეს და შემოაწყვეს გახურებული ბარები შუბლსა ზედა და ახეთქა თავის კეფა. და უყვეს მრავალი სატანჯველი, და ესრეთ შევედრა წმიდა სული თვისი უფალსა და შეირაცხა წმიდათა ქალწულთა მოწამეთა კრებულთა თანა".
ქეთევან დედოფლის სასტიკი წამების შემდეგ თითქმის 400-მა წელმა განვლო. 4 საუკუნე აფორიაქებდა კაცობრიობის გონებას შირაზში დატრიალებული ტრაგედიის არსი. რა მოხდა, რატომ გაუძლო უმწეო ქალმა ამ განსაცდელს? ნუთუ ჩვენამდე სრულმა სურათმა მოაღწია? რა შეიმოსა ლეგენდებით და რა არის უტყუარი ჭეშმარიტება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თანამედროვე გადმოსახედიდან თითქოს ძალიან ძნელია, თუმცა მისტერიად ქცეული საიდუმლოებების ამოხსნა მეცნიერებთან ერთად გიორგი კალანდიამ სცადა და თავის დოკუმენტურ-პუბლიცისტურ ფილმში "საქართველოს მნათობი" გადმოსცა. გიორგი კალანდიამ ქეთევან დედოფლის წამების შესახებ არსებული ისტორიული წყაროები და დოკუმენტები საუკეთესო ქართველ მეცნიერებს, მათ შორის ისტორიკოსებს, ფსიქოლოგებს, ექიმებს, სასამართლო ექსპერტებს გააცნო.
აი, როგორ ხსნიან დედოფლის მიერ არაადამიანური ტკივილის ატანას მედიკოსები გიორგი კალანდიას ფილმში:
"ერთ-ერთი სტრუქტურა ტვინში მოტივაციებს განაგებს და მისმა რწმენამ, მისმა მოტივაციამ, რომ ის არის საქართველოს დედოფალი და თავი უნდა ეჭიროს ისე, როგორც შეეფერება დედოფალს, განაპირობა ის, რომ გაუძლო ასეთ დიდ სტრესს" (ნოდარ ჭიჭინაძე, ენდოკრინოლოგი).
"ჩართულია თავის ტვინის ქერქი და პიროვნული გადაწყვეტილება, რომ ამას უნდა გაუძლოს და არაფრით დათანხმდეს, არ გატყდეს, ამ მოტივაციის გარეშე წარმოუდგენელია გაძლება, საამისოდ ძალიან ძლიერი მოტივაცია უნდა გქონდეს" (მანანა თოდუა, ექიმი).
"ნამდვილ ცნობებში" ცხადადაა მითითებული, რომ დედოფალს გონება წამითაც არ დაუკარგავს, მეტიც, გამუდმებით ლოცულობდა და დაიკვნესა მხოლოდ ერთხელ, ისიც მაშინ, როცა გააშიშვლეს. ჩნდება კითხვა: რამდენად შეეძლო ეს ქალს?
ამ დროს ადამიანი, დიდი ტკივილის გამო, მძიმე ტრავმული შოკით კვდება - სწრაფად კარგავს გონებას, რის გამოც არ შეუძლია დამოუკიდებელი მიზანდასახული მოძრაობების შესრულება... განსაკუთრებით გაოცდნენ წამების მაყურებელნი, ესე იგი, რაღაცით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი წამებისაგან. ალბათ ღვთის დიდი სიყვარულის, ღრმა რწმე-ნის გამო, ქეთევან დედოფალმა შეძლო დაეთრგუნა შთაგონებით ტკივილი, მოახდინა ანესთეზია, ანალგეზია - ტკივილის დათრგუნვა, რის გამოც, როგორც ცნობილია, ლოცულობდა, რითაც აღაფრთოვანა წამების მოწმენი, სწორედ ის მისიონერები" (ბესო კილასონია, სასამართლო ექსპერტი).
"ეს იქნებოდა აუტანელი, საშინელი ტკივილი... შეიძლება მამაკაცს ვერ გაეძლო ამ ტკივილისათვის, მაგრამ ქალი უკეთ იტანს ამ ტკივილს, ვინაიდან მისი დედობა მოითხოვს, გაუძლოს ამ ტკივილს" (ნოდარ ჭიჭინაძე, ენდოკრინოლოგი).
"თუ მართალი ხარ და შენს სიმართლეს ტყუილით ებრძვიან, მაშინ შენი სიმართლე უფრო ძლიერდება, და აი, ეს არის კიდევ უდიდესი ძალა იმისა, რაც ყველა ტკივილზე მაღლა დგება. ეს ადამიანური განცდა შთანთქავს ყოველ რეცეპტორში აღძრულ ფიზიოლოგიურ პროცესს, რომელსაც ცნობიერი ტკივილად განიცდის, რაღაა ტკივილი უკვე აქ?" (ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი).
თუ ქეთევანის წამებას მკაცრი მეცნიერული ლოგიკით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ამავე ლოგიკით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, როგორც ჩანს, 11-წლიანმა ტყვეობამ, შვილიშვილების დახოცვამ, თვალწინ მღვდლის წამებამ და სამშობლოს ბედზე ფიქრმა დედოფალი განსაცდელისათვის მოამზადა, ცხადია, რომ ქეთევანი ფსიქოლოგიურად უკვე ყველაფერს აიტანდა, ამისთვის მისი სხეულიც მზად იყო. სწორედ ამიტომ ჯალათებმა მთავარს ვერ მიაღწიეს, დედოფალი მორალურად ვერ გატეხეს, დაუმარცხებელი ჩანდა თითქოსდა სუსტი სხეული, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბოლოს ქეთევანი ჯალათებმა დაახრჩვეს!
"ესე იგი, ის შოკში ვერ ჩააგდეს, ტკივილს გაუძლო ბოლომდე. ეს უძლიერესი ადამიანის შესაძლებლობაა, მისი წარმოდგენაც კი ძალიან ძნელია ჩვეულებრივი მოკვდავისათვის" (მანანა თოდუა, ექიმი).
"მე ვთვლი, რომ ის მაინც იყო განსაკუთრებული ადამიანი, ვინაიდან მაღალი მორალური თვისებები, რომლითაც იყო დაჯილდოებული, აგრეთვე რწმენა იმისა, რომ ის ასრულებს ძალიან დიდ მისიას თავისი სახელმწიფოს, თავისი ქვეყნის წინაშე, განაპირობებდა მის განსაკუთრებულობას. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი ასეთ თვისებებს ვერ იჩენს სათანადო პირობებში" (ნოდარ ჭიჭინაძე, ენდოკრინოლოგი).
"ვინც ჭეშმარიტებას ებრძვის - ჭეშმარიტებას აძლიერებს, ვინც სიკეთეს ებრძვის - სიკეთეს აძლიერებს, ვინც სიყვარულს ებრძვის - სიყვარულს აძლიერებს, აი, ეს არის ქრისტეს ჯვარცმის შინაარსი, მისტერია, რომელიც მარადიულია, აქ იყო ქეთევან დედოფალი" (ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი).
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე