ქეთევან დედოფლის უძველესი ხატები და მინიატიურები რუსეთში, ზაგორსკის ლავრაში, დღემდე ინახება ქეთევან დედოფლის ყველაზე ადრინდელი ხატი, შექმნილი XVII ს-ის ბოლოსა და XVIII ს-ის დასაწყისში. წმინდა დედოფლის ხატი შესრულებულია ქართველი ოსტატის მიერ, ვახტანგ VI-ის დაკვეთით, რომელმაც ის თან წაიღო რუსეთში. ხატი რვასეგმენტიანია, შემკული წითელი და მწვანე ფერის ქვებით, რაც ხატს მეტ ელვარებასა და გამომსახველობას ანიჭებს. დედოფალი მთელი სიმაღლითაა გამოსახული ქართულ კაბაში, გვირგვინით, ხელში უჭირავს ჯვარი და ღვთისმშობლის ხატი-სანაწილე, რომელშიც მისი წმინდა ნაწილებია ჩასვენებული.
აბსოლუტურად მოულოდნელი იყო აღმოჩენა, რომელიც სულ ახლახან ლონდონში მოხდა. ბრიტანეთის მუზეუმში, მე-6 სართულზე, იქ, სადაც მართლმადიდებლური სიწმინდეებია გამოფენილი, მამა გიორგი რაზმაძემ ქეთევან დედოფლის სიწმინდეებს მიაკვლია. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: "ეს სანაწილე პატარა ხატი შეუძენია ბრიტანეთის მუზეუმს ერთი ანტიქვარისაგან. სანაწილეს წინა პირი წარმოადგენს ლამაზ მედალიონს, რომელზეც გამოსახულია ბიზანტიური მინანქრით წმინდა გიორგი. უკანა პირზე მხედრული ასოებით აწერია "წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილი".
ბრიტანეთის მუზეუმის დირექციამ, კერძოდ, მართლმადიდებლური სიძველეების განყოფილების უფროსმა კრის ვუდმა ხატის ვიტრინიდან გამოღებისა და გადაღების უფლება პირველად გასცა. ამ უნიკალურ კადრებში მედალიონზე დატანილი მხედრული განმარტებითი წარწერა კარგად მოსჩანს. აქვეა დიმიტრი თესალონიკელის მინანქრით შესრულებული გამოსახულებაც, თუმცა ყველაზე ძვირფასი მედალიონის შიგნითაა მოთავსებული. პატარა უჯრებში ჩალაგებული სიწმინდეებიდან ერთ-ერთი თავად ქეთევან დე¬დოფალს უნდა ეკუთვნოდეს.
ქართული ხელოვნების ისტორიაში ცნობილია მხატვარ გაგარინის მიერ შექმნილი წმ. ქეთევანის ხატი, რომელიც საბინინმა ჩართო მის მიერ გამოცემულ წმინდანთა ცხოვრების კრებულში "საქართველოს სამოთხეში".
ლისაბონის და გრასას მონასტრის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ამჟამად ბავშვთა საგამოფენო დარბაზია, შემორჩენილია წმინდა ქეთევან დედოფლის სპარსეთში ცხოვრებისა და წამების ამსახველი პანო. 9 მ სიგრძისა და 2 მ სიმაღლის პანო შესრულებულია მოჭიქული მინანქრით და საკმაოდ დაზიანებულია (გადაწყვეტილია პანოს ზუსტი ასლის საქართველოში ჩამოტანა).
ისტორიული წყაროების საფუძველზე ცნობილია, რომ XVII საუკუნეში არსებობდა ქეთევან დედოფლის რამდენიმე პორტრეტის ნიმუში, კერძოდ, იტალიელი მხატვრის კრისტოფორო დე კასტელის პორტრეტი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით. იგი ალბომთან ერთად ზღვაში ჩაიკარგა კასტელის გემით მოგზაურობის დროს. არსებობდა ასევე გერმანელი ოსტატის ვერცხლის ჭედურობა (დაკარგულია). გარდა ამისა, იტალიელი დიპლომატის, პიეტრო დელა ვალეს მოგონებით, ქეთევან დედოფლის პორტრეტი ეკიდა შაჰ-აბას I-ის ერთ-ერთ სასახლეში, "შილვეტშანეში" - საქალებოში, რომელზეც ასახული იყო ქართველი დედოფლის ირანის შაჰთან დიპლომატიური ვიზიტი.
ხელოვნების მუზეუმში დაცულია ქეთევან დედოფლის რამდენიმე უცნობი ხატი. ერთ-ერთი მათგანი შესრულებულია XVIII საუკუნეში ზეთით, მხატვარი უცნობია. ხატზე გამოსახული არიან წმინდა ქეთევანი და წმინდა ნინო. ავტორს მათი ღვაწლი გააზრებული აქვს საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებასთან დაკავშირებით. ხატზე წმინდანებს შორის, მუქ ინტენსიურ ფონზე, ასახულია სადაფისფერი უფლის კვართი, რომელიც ზევიდან ჩამოსული მანათობელი შუქითაა გასხივოსნებული. უფლის კვართი ხატის თეოლოგიურ შინაარსობრივ საფუძვლად არის გააზრებული. წმინდა ქეთევანი სადედოფლო სამოსითაა წარმოდგენილი - გვირგვინითა და თავზე წმინდანობის აღმნიშვნელი შარავანდედით, ყელზე დაფენილი მანდილით. დედოფალს აცვია მუქი მწვანე, წითლით გაწყობილი, ტანზე მომდგარი სამოსი, ლურჯი მოსასხამით. როგორც ცნობილია, ხატის ფერთა გამაში შეიძლება ამოიკითხოს ღრმა თეოლოგიური შინაარსი - ამ შემთხვევაში დიდი საიდუმლოებისა და წმინდანობის ნიშანი. კერძოდ, მწვანე ფერში - სიმბოლო განახლებისა, აღდგომისა, მარადიულობისა, სიწითლეში - სისხლის როგორც განწმენდის ნიშანი, ლურჯით იწერება საიდუმლოების სიმბოლო. აღსანიშნავია, რომ ღვთისმშობლის სიმბოლიკაში ლურჯისა და წითლის თანაარსებობა მიუთითებს განღმრთობაზე და მიგვანიშნებს დედობის დიდ საიდუმლოებაზე. გარდა ამისა, ხატის წაკითხვისას აღსანიშნავია ქეთევან დედოფლის სახის გამომეტყველება - მისი მოღიმარი სახე გვამცნობს წმინდანის განღმრთობის ფაქტსა და უდიდესი მიზნის აღსრულებას. კომპოზიციაში ამ უკანასკნელზე მიგვანიშნებს დედოფლის ხელში არსებული ჯვარი, როგორც ჯვარცმის სიმბოლო, ასევე, დედოფლის კვართისაკენ აპყრობილი მარცხენა ხელი - საბოლოო დასკვნას იძლევა წმინდანის ქმედებაზე.
ხელოვნების მუზეუმში დაცულ მეორე ხატზე გამოსახული არიან წმინდანები: ქეთევან დედოფალი, შუშანიკი, დავით გარეჯელი და წმინდა გიორგი. ხატში ჭარბობს საზეიმო ფერთა გამა. წმინდა ქეთევანი შარავანდისა და სადედოფლო გვირგვინის გარეშეა. ახურავს ჩიხტი-კოპი, გამჭვირვალე თეთრი მანდილი, ხავერდოვანი წითელი სამოსი და სიასამურის ბეწვის სადედოფლო მოსასხამი. ეს ხატი, გამომსახველობითი ფორმებით და ფერთა გამით, უფრო ხელოვნების ტილოს მოგვაგონებს, ვიდრე მორწმუნეებისათვის განსაზღვრულ ხატწერის ნიმუშს. ხატს ქვემოთ აქვს წარწერა: "სექტემბერი 13, 1624, შაჰაბაზისაგან შირაზს..."
საქართველოს სახელმწიფო არქივში დაცული აღმოჩნდა ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილი თხზულება, რომელსაც წინ დართული აქვს ქეთევან დედოფლის მინიატიურა. თხზულება ეკუთვნის დავითგარეჯის დოდოს მონასტრის მოწესეს - გრიგოლ დოდორქელს. მინიატიურა საინტერესოა სტილისტური ნიშნებით: შეიძლება ითქვას, რომ იგი ტიპური ევროპელი მადონაა. მინიატიურის ავტორს ქეთევან დედოფალი გამოსახული ჰყავს წითელ სამოსში, რომელსაც შემოხვეული აქვს მოშავო-მონაცრისფრო ხავერდოვანი ბეწვის მოსასხამი. მინიატიურაში აღწერილი პორტრეტის წმინდანობაზე მიგვანიშნებს თავზე შემოვლებული შარავანდი და ხელში წითლით ნაწერი გადაშლილი წიგნი, რომელსაც ღვთისმეტყველებაში სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება - წმინდა წერილის აღმნიშვნელია.
XVIII-XIX საუკუნეების ქართულ სინამდვილეში დაიწყეს ერთგვარი ალბომების მსგავსი კრებულების შედგენა, სადაც მოთავსებული იქნებოდა სხვადასხვა პიროვნების სახელზე შექმნილი მინიატიურები. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ქეთევან დედოფლის სახელზე შექმნილი სამი მინიატიურა, რომლებიც შემონახულია ხელნაწერებში. ერთი ხელნაწერი გახლავთ "წმინდანთა ცხოვრების" კრებული, რომელსაც დართული აქვს შედგენის თარიღი - 1736 წელი. კრებულში ჩართულია 26 მინიატიურა, სადაც საერთაშორისო წმინდანებთან ერთად მოთავსებულია ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული წმ. ქეთევან დედოფლისა და წმინდა შუშანიკის მინიატიურები. ქართველი მხატვარი ცდილობს თითოეული წმინდანი წარმოგვიდგინოს თავისი ნიშანდობლივი შტრიხებით. განსაკუთრებით ეს ტენდენცია მჟღავნდება ორი წმინდანი ქალის - წმ. ქეთევან დედოფლისა და წმ. შუშანიკის გამოსახულებებში. მათ შორის წმინდა შუშანიკის მინიატიურაში თვალში საცემია მისი აღმოსავლური იერსახე, გამოვლენილი სამოსის სტილისტურ ნიშნებსა და თავსაბურავის მოყვანილობაში, ასევე თმის ვარცხნილობაში, კერძოდ, აღმოსავლელი ქალებისათვის დამახასიათებელი თავსაბურავიდან გადმოტანილი და საფეთქლებთან რკალისებურად ავარცხნილი თმით, რითაც მხატვარი ხაზს უსვამს მის სომხურ წარმომავლობას. განსხვავებით მისგან ქეთევან დედოფალი ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი - თავზე ცეცხლოვანი ფერის შარავანდითა და სადედოფლო გვირგვინით. წმინდა ქეთევანის ხანდაზმულობის ხაზგასასმელად დედოფალს მანდილიდან თეთრი თმა მოუჩანს.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მეორე მინიატიურა დათარიღებულია 1856 წლით, მხატვარი - დიაკვანი ალექსი ბაქრაძე, შესრულებულია რაჭაში, სოფელ სევაში. მინიატიურაში ქეთევან დედოფალთან ერთად წარმოდგენილნი არიან წმინდა იოაკიმე და წმინდა ანა. ხატმწერი ქეთევან დედოფლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებთან ერთად ჩვენებით ხაზს უსვამს ქეთევან დედოფლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
წმინდა დედოფლის მესამე მინიატიურა საინტერესოა კომპოზიციური აგებულებით, სადაც მხატვარი მიმართავს ორიგინალურ ხერხს - ქეთევანი თითქოსდა გადაშლილი ყვავილიდან არის ამოზრდილი. ქრისტიანულ სიმბოლიკაში ყვავილი მიჩნეულია უბიწოების, ღვთიური მადლის სიმბოლოდ. ამ შემთხვევაში წმინდანობის სიმბოლოდ წარმოდეგენილია თეთრი შროშანი. დედოფლის სიკვდილის ფაქტს ხაზს უსვამს მინიაიტურის ერთ მხარეს მიხატული საწამებელი იარაღი - მარწუხი, რომლის ცისფერი ფერი მიგვანიშნებს მისი, როგორც განწმენდის, სიმბოლოსა და ქეთევანის მოწამებრივი ღვაწლის მნიშვნელობაზე. მინიატიურაში წმ. ქეთევანი შავი თავსაბურავით არის შემოსილი. მას თავზე ოქროსფერი გვირგვინი და გასხივოსნებული შარავანდი აქვს შემოვლებული.
ამრიგად, საუკუნის სიღრმეებიდან მოსულმა ქეთევან დედოფლის პორტრეტებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ქართველთა დიდმოწამის - ქეთევან დედოფლის ღვაწლისა და მადლმოსილების შესახებ.
წმინდა ქეთევან დედოფლის ანბანთქება
შირაზის ტყვეობაში ყოფნისას წმინდა დედოფალმა დაწერა ლექსი, რომელშიც აისახა მისი შინაგანი ტკივილი. XVII საუკუნის ქართულ საერო მწერლობაში გავრცელებული იყო სალექსო ფორმა - იწერებოდა ანბანური რიგით - აკროსტიქით ანუ კიდურთწერილობით გაწყობილი ლექსები და პოემები. ქეთევან დედოფალმა თავისი "ანბანთქების" შექმნით ერთგვარი მონაწილეობა მიიღო ქართულ პოეზიაში ლექსის ამ სახეობის დამკვიდრებაში.
ქეთევან დედოფლის წამებას მიეძღვნა გრიგოლ დოდორქელის (ვახვახიშვილის) ჰაგიოგრაფიული თხზულება "წამებაი ყოვლად დიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისი". ამ თხზულებისა და სხვა წყაროების საფუძველზე ანტონ კათალიკოსმა შექმნა ქეთევანის წამების მეტაფრასული რედაქცია, რომელიც შეტანილია მის "მარტირიკაში"; სვინაქსარული "წამება" სამი რედაქციითაა ცნობილი.
წმინდა ქეთევან დედოფლის თემა განსაკუთრებული მრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი XVII-XVIII და XIX საუკუნის დასაწყისის ქართულ საერო მწერლობაშიც. კერძოდ, XVII საუკუნის დასაწყისში თეიმურაზ პირველმა შექმნა პოემა "წამება ქეთევან დედოფლისა", ასევე XVII საუკუნეს მიეკუთვნება ანონიმი ავტორის შვიდსტროფიანი ლექსი დედოფალზე (თეიმურაზის პოემის გამგრძელებელი), XVIII საუკუნეში სულხან-საბა ორბელიანი ქეთევან დედოფალს უძღვნის სამსტროფიან ლექსს. ქეთევან დედოფალს უკავშირდება ქართული ემიგრანტული მწერლობის ნიმუშები: მოსკოვის სათვისტომოს დამაარსებლის, მეფე-პოეტის, არჩილის (XVII საუკუნის ბოლო) პოემა "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა", სადაც ქეთევან დედოფალს მთელი თავი ეძღვნება; პეტერბურგელ ქართველთა წრეში იქმნება დიმიტრი ბაგრატიონის პოემა "წამება ქეთევან დედოფლისა" და პეტერბურგში მცხოვრები ბატონიშვილების შემოქმედებაში: იოანე ბატონიშვილის "კალმასობაში", ასევე პირველი ქართველი აკადემიკოსი, საფრანგეთის "სააზიო საზოგადოების" წევრი - თეიმურაზ ბატონიშვილი წერს ისტორიულ თხზულებას "წამებაი წმიდათა შორის ქეთევანისა, კახთ დედოფლისა".
საგულისხმოა გერმანელი მწერლის, ანდრეას გრიფიუსის თხზულება "ქეთევან დედოფალი, ანუ გაუტეხელი სიმტკიცე"...
რამდენიმე წლის წინ გიორგი კალანდიამ წმინდა დედოფალს მიუძღვნა დოკუმენტურ-პუბლიცისტური ფილმი "საქართველოს მნათობი". სამნაწილიან ფილმში ასახულია ქართველი წმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა. უპრეცედენტო მოგზაურობამ, რომელმაც მსოფლიოს 8 სახელმწიფო მოიცვა (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, პორტუგალია, ირანი, ინდოეთი, თურქეთი, საფრანგეთი), შემოქმედებით კოლექტივს საშუალება მისცა, სრულად აესახა ქეთევან დედოფლის მოწამებრივი ღვაწლი. ფილმში გამოყენებულია ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ბევრი ისტორიული ფაქტი თუ დოკუმენტი, ჩართულია დადგმითი სცენები.
ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილ საერო ნაწარმოებთა შორის განსაკუთრებით გამორჩეულია თეიმურაზ I-ის "წამება ქეთევან დედოფლისა".
წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარი დედაქალაქში
წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი მდებარეობს ავჭალაში. იგი აგებულია XIX საუკუნეში ავჭალის მოსახლეობის ინიციატივით. გადმოცემის მიხედვით, ტაძრის მშენებლობა ილია ჭავჭავაძეს დაუსრულებია საკუთარი ხარჯით. იგი თურმე ერთხელ საგურამოში მიბრძანდებოდა ავჭალის გავლით, მშენებარე ტაძარი რომ დაინახა, დაინტერესებულა ტაძრის მდგომარეობით და საკუთარი წვლილიც შეუტანია მის დამთავრებაში.
ტაძარში ღვთისმსახურება კომუნისტური რეჟიმის დამყარებამდე ტარდებოდა. ავჭალის მოსახლეობაში დღესაც შეხვდებით მოხუცებს, რომლებსაც ახსოვთ აქ შესრულებული წირვა-ლოცვა. ტაძრის ერთ-ერთ წინამძღვარს, დეკანოზ ნიკიფორე კანდელაკს, ტაძრის ტერიტორიაზე საკვირაო სკოლაც ჰქონია გახსნილი. მას თურმე მხარში ედგა დიაკონი გიორგი.
საბჭოთა ხელისუფლების დროს, როგორც ეკლესია-მონასტრების უმეტესობას, ამ ტაძარსაც შეუწყვეტია ფუნქციონირება. იგი ჯერ საწყობად, შემდეგ კინოთეატრად, ბოლოს კი ბიბლიოთეკად გადაუკეთებიათ. XX საუკუნის ბოლოს, როცა ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვალა, ტაძრის შენობა საპატრიარქოს გადაეცა. 1997 წელს ახალნაკურთხი მღვდელი გიორგი რაზმაძე მორწმუნე მრევლთან ერთად შეუდგა ტაძრის აღმშენებლობას. მამა გიორგის მონათხრობით ვიგებთ, რომ ტაძრის გუმბათი ჩამონგრეული იყო, კედლებიღა გახლდათ დარჩენილი. ეკლესიის აღმშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის მამა გიორგი რაზმაძეს. იდეა, რომ ტაძარი ყოფილიყო ქეთევან დედოფლის სახელობის, სწორედ მას ეკუთვნის.
1998 წელს, ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულის წინა დღეს, შაბათს, 21 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით, ტაძარი რუის-ურბნისის მთავარეპისკოპოსმა იობმა აკურთხა. მართლმადიდებელი ეკლესია სწორედ ამ დღეს იხსენიებს დიდმოწამე ქეთევანს.
ტაძარი თავისი არქიტექტურით ჯვარ-გუმბათოვანია. მისმა არქიტექტურამ შემდგომში გარკვეული ცვლილებები განიცადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტაძრის ტერიტორიაზე ხეების გაკაფვის დროს შვიდი მათგანის მერქანში აღმოჩნდა ჯვრის გამოსახულება. ჯვრის გამოსახულებები ტაძარშია დაბრძანებული და მრევლი მას მოწიწებით ემთხვევა. ტაძარში დაბრძანებულია აგრეთვე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელსაც დღესაც სდის მირონი. ეს სასწაული 1991 წლის 31 დეკემბერს ღამისთევის მსახურებაზე დაიწყო.
ტაძრის ეზოში აშენდა სამი მღვდელმთავრის: წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. ბასილი დიდის სახელობის მცირე ტაძარი სამრეკლოთი, შემდეგ წმ. სერაფიმე საროველის სახელობის მცირე ტაძარი სატრაპეზოთი და წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის მცირე ტაძარი მოაშენეს მარცხენა მხარეს. ღვთის შეწევნითა და მორწმუნე მრევლის დახმარებით, ეკლესიას წინ მიაშენეს მცირე ზომის ნაგებობა (სტოა). 2008 წლის ზაფხულში კი ეკლესიას ორივე გვერდიდან მიაშენეს ორი შენობა: ჩრდილოეთით - სპირიდონ ტრიმიფუნტელის ეკლესია,ხოლო სამხრეთით - სტოა. ეს განაპირობა მრევლის სიმრავლემ.
ტაძარში ინახება უდიდესი სიწმინდეები: ანალოღიაზე დაბრძანებულია ხატი წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილით, ქვის ყუთის ნაწილი, სადაც ინახებოდა წმინდანის ნაწილები ინდოეთის ქალაქ გოაში, ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართის მცირე ნაწილი, წმ. იოანე ნათლისმცემლის ხერხემლისა და წმ. გიორგის კისრის ნაწილები და კიდევ ბევრი სხვა სიწმინდე.
ტროპარი: მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა ზეცათა დედოფალი ქვეყნიერსა დედოფალსა ასული დავითისი ყოვლად უხრწნელი მარიამ, სანატრელსა ქეთევანს, დავითის ტომით აღმოსრულსა, რომელმან საქმით აჩვენა თვისება მისი და აწ გვირგვინითა შემკული, წინაშე მისსა იღწვის ჩუენ ყოველთათვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
ჟურნალ "კარიბჭის" არქივი, მარინე ცინცაბაძის მონოგრაფია "ქართველთა დიდმოწამე წმინდა ქეთევან დედოფალი", თინათინ მჭედლიშვილის "წამება და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისა" და მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის "წმინდა დიდმოწამე ქეთევანი - მნათობი საქართველოსი"
ხატის ავტორი ქალბატონი ქეთევან ხაჟომია....................................
წმინდა დიდმოწამე ქეთევანთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე