პირველმოწამე რაჟდენ სპარსი, სოფელ წრომს წამებული (+457) - 03 (16) აგვისტო
პირველმოწამე რაჟდენ სპარსი, სოფელ წრომს წამებული (+457) - 03 (16) აგვისტო
არ გაგვაჩნია ცნობები, რომ V საუკუნემდე საქართველოში ვინმე ქრისტესთვის ეწამებინოთ. 457 წელს სოფელ წრომში დაიქცა პირველი სისხლი წმინდა რაჟდენისა და შემდეგ წამოვიდა სისხლის მდინარეები ქრისტესთვის მოკლულ იბერიელთა.

ძველად ქართველნი ხშირად არქმევდნენ შვილებს სახელად რაჟდენს, ამით მათ თითქოს წმინდა პირველმოწამეს სწირავდნენ, მიანდობდნენ და წმინდა რაჟდენიც თავგანწირვის, მოწამეობის სულს შთაბერავდა თავის სეხნიებს. ჩვენც, ბოლო ჟამის ქართველებმა, თუ გვინდა, რომ გავუძლოთ მომავალ განსაცდელებს, კიდევ ერთხელ უნდა გავიმხნევოთ სული წმინდა რაჟდენის ცხოვრების გახსენებით.

ქვემოთ მოყვანილი ტექსტი გადმოახალქართულებულ ვარიანტს წარმოადგენს კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილის მიერ შედგენილი წმინდა რაჟდენის მარტვილობაზე და აღებულია საიტიდან ნიკოზი.ნეტ:

წამება და ღვაწლი წმინდა დიდმოწამის რაჟდენისა, რომელიც იწამა დიდი ვახტანგ მეფის დროს სპარსთა მიერ ქართლში, სოფელ წრომს

ღვთისმოყვარე და მარტვილთმოყვარე ადამიანებს მუდამ სწყურიათ მოწამეთა ხსენება, მოწამეები კი მუდამ ანთებულნი არიან გამჩენისადმი გაუნელებელი სიყვარულით. ღვთის სიყვარული აძლევს მათ ძალას გაუმკლავდნენ სასტიკ სატანჯველს და უმძიმეს სიკვდილს.

მათი ღვთისადმი სწრაფვის აღკვეთა ქვეყნად არაფერს არ შეუძლია, არც ცეცხლს და მახვილს, არც სხეულის ნაკვთთა მოკვეთას, არც ხორცთა ფხეკას, არც ბორბალთა სისასტიკეს, არც მხეცთა მძვინვარებას, არც ნაკვერცხალთა მგზნებარებას, არც ტაფების მხურვალებას, არც მძლავრთა გულისწყრომას.

მოწამეთა მისწრაფება აღსავსეა სიხარულით, მოთმინებით, გულმოდგინებით, წამებისაკენ ლტოლვით. სატანჯველი მათთვის ცით მოვლენილი საუნჯეა მუდამ. ცეცხლში ჩაგდება და გავარვარებულ რკინის ტახტზე გართხმა რბილ სარეცელზე მოსვენებაა, ხოლო მახვილით დაჭრა და გახურებულ შამფურზე გაცმა სურნელოვან ყვავილებზე ფერხით სვლა არის მათთვის.

მაცხოვრის ცხოველმყოფელ ვნებათა გახსენების წყალობით, მოწამენი მხნედ ითმენდნენ სასტიკ ტანჯვას: იესო ქრისტემ ხომ ჩვენთვის, ცოდვილი ადამიანებისთვის მოითმინა ჯვარცმა და სიკვდილი.

მოწამეთა ტანჯვისა და მხურვალე სიყვარულის მხილველი ჩვენი სახიერი ღმერთი უხილავად მუდამ მათ გვერდით იმყოფება და აძლიერებს, სიმხნესა და მტერთან ბრძოლის უნარს ანიჭებს მათ.

წმინდანნი როცა მიენდობიან ღვთის სიყვარულს, თავს გასწირავენ მისთვის და მისი მცნებების გულმოდგინე აღმსრულებლები გახდებიან, სწორედ მაშინ ღმერთი მყისვე მკვიდრდება მათში.

როგორც სტეფანე ბრწყინავს პირველმოწამედ წმინდანთა შორის, როგორც თეკლა იხსენიება პირველმოწამედ დედათა შორის, ასევე ქართლში პირველმა წმინდა რაჟდენმა დაანთხია მოწამებრივი სისხლი და სხვებისთვის სიმხნისა და სიქველის მისაბაძი მაგალითი გახდა.

ვით ბნელ ღამეში აღმობრწყინდება რა მთიები და მის მომდევნოდ სხვა ვარსკვლავებიც გამოჩნდებიან და გაბრწყინდებიან, ასევე იქცა ქართლში მოწამეთა წინამძღვრად წმინდა რაჟდენი.

მან მოიღვაწა ქრისტესთვის ღვაწლი უკვდავებისა. ამის შემდგომ კი უძლეველმა მეფე ვახტანგმა შეიმოსა მოწამეობის წმინდა გვირგვინი ქრისტეს სჯულისთვის ურჯულო სპარსთა ხელით, გამოხდა ჟამი ოდენ მცირედი და მურვან ყრუს შემოსევის ჟამს ორმა ძმამ, არგვეთის მთავრებმა, დავით და კონსტანტინემ სრული სიმხნე გამოიჩინეს და მოწამეობით გვირგვინოსანნი გახდნენ.

გავიდა ხანი და მოწამე გახდა მეფე არჩილი. იმატა შემდგომ მოწამე მეფეთა და მთავართა რიცხვმა. მხნე მამაკაცთა რიცხვს შეემატნენ სუსტი დედანიც, რომელთაც შეძლეს მორეოდნენ ნაზ ქალურ ბუნებას, მხნენი გახდნენ და მკაცრ სატანჯველს უშიშრად შეეგებნენ. მათ შორის იყვნენ უნდონი და მდაბიონი, დედოფალნიც და წარჩინებულნიც.

ძველი მატიანენი გვაუწყებენ, რომ სამგზის სანატრელი რაჟდენი წარმოშობით იყო სპარსი, დიდებული მთავართაგანი, წარჩინებული სპარსთა მეფის დაახლოებულ პირთა შორის. სჯულით იგი ცეცხლთაყვანისმცემელი, მზისა და მთვარის მსახური იყო. მას მიაბარეს აღსაზრდელად მეფის ასული.

დიდმა ვახტანგ მეფემ სპარსთა მეფის დამძახლება ინება და ცოლად მოსთხოვა მეფის ასული, რომლის გამზრდელიც იყო სანატრელი რაჟდენ. გადაიხადეს დიდი ქორწილი და დაბრუნდნენ ქართლში.

მათ თან ახლდათ ნეტარი რაჟდენი. ვახტანგ მეფემ დიდი პატივით მიიღო იგი, სოფლები და აგარაკები უბოძა და საკუთარ მრჩევლად დაიყენა - არა მხოლოდ მისი დიდებული წარმოშობისა და მდგომარეობის გამო, არამედ სიკეთისა და სათნოებისათვის.

ნეტარი რაჟდენი ნათელღებულებზე არანაკლებ ღირსეული იყო და სრული სათნოებით იყო შემკული: სიმართლით, ჭეშმარიტებით, მოწყალებით, სიმდაბლით, სიმშვიდითა და სხვა ღვთის მოსაწონი სათნოებით. ამის წყალობით ყველას სიყვარული დაიმსახურა, განსაკუთრებით მეფესთან იყო დაახლოებული, ფრთხილი იყო და მახვილგონიერი.

წმინდა რაჟდენმა გაიცნო ქრისტიანობის წესი და ქართველთა სჯული და მისი გული ქრისტეს სიყვარულით აივსო. მან ნათლისღება მოისურვა.

ნეტარი რაჟდენი ხშირად დადიოდა ეკლესიაში, ისმენდა საღვთო წერილს და ქადაგებებს. ნათლისღების შემდეგ იგი კიდევ უფრო ამაღლდა სათნოებით და თავის სულში აღანთო მასზე მოფენილი სულის მადლი. იგი შენატროდა მოწამეთა ცხოვრებას, მათ აღსასრულს და ლოცულობდა, რათა თვითონაც ღვთის ნებით წამების ღვაწლითა და უკვდავების სასმლის შესმის ღირსი გამხდარიყო.

ღვთისმსახურებით შემკულმა ნეტარმა რაჟდენმა სიყრმიდან ღვთისმსახურებაში აღზრდილთ გაუსწრო.

მალე სპარსნი ქრისტიანებს აღუდგნენ, განსაკუთრებით ბერძნებსა და ქართველებს. სპარსთა მეფემ ურიცხვი მხედრობით ქართლზე ლაშქრობა მოაწყო.

ბერძნებს მოუცლელობის გამო იმჟამად ქართველთათვის შემწეობის აღმოჩენა არ შეეძლოთ. ვახტანგ მეფემ გაამაგრა ციხეები და ქალაქები, თვითონ კი სატახტო ქალაქ მცხეთას დადგა.

სპარსთა ლაშქარმა აავსო ქართლი. სპარსნი გარს შემოადგნენ მცხეთას. ნაწილი მათი ავჭალას დადგა, ნაწილი ნაქულაბაქევს, დიღმის მხარეს, მხედრობის უდიდესი ნაწილი განლაგდა მუხრანის მხარეს და შიდა ქართლს, მტკვრის ამიერ და იმიერ. გაჩაღდა ურთიერთ შებმა-კვეთება. მცხეთიდან გამოდიოდნენ რჩეული მხედრები და უტევდნენ მტერს. ბრძოლამ ოთხ თვეს გასტანა.

ერთ დღეს ბრძოლის ველზე წმინდა რაჟდენიც გავიდა. იგი ქართველებზე უმხურვალესად იბრძოდა, ქრისტეს სიყვარულით შთაგონებული.

იგი მხნე, გამოცდილი და რჩეული მეომარი იყო. ხშირად ბრძოლაში ძლეული ქრისტეს ძალით ძლევამოსილი უკან უვნებლად ბრუნდებოდა. სპარსნი დღენიადაგ უთვალთვალებდნენ ნეტარ რაჟდენს და მისი ცოცხლად შეპყრობა ეწადათ, რადგანაც განრისხებულნი იყვნენ მის მიერ შჯულის მიტოვებისა და ქრისტიანობის მიღების გამო.

ერთხელაც ვიწრო გზაზე შეხვედრის დროს, იგი ვეღარ გაუმკლავდა მტერს, სპარსელებმა შეიპყრეს იგი და შეკრული მიჰგვარეს სპარსთა მეფეს. მეფემ მას ჰკითხა, თუ რატომ მიატოვა მან მამული, შჯული და შეუდგა უცხო სჯულს.

- ბრწყინვალე მზის, ცეცხლისა და სხვა მნათობთა ნაცვლად ემსახურები ჯვარცმულ კაცს, რომელიც ურიებმა მოკლეს, შენ კი ის ღმერთად შეგირაცხავს, განა ეს ასე არ არის?" - ჰკითხა სპარსთა მეფემ ნეტარ რაჟდენს.

წმინდა რაჟდენმა ასე მოახსენა უშჯულო მეფეს: "მე ქრისტიანი გავხდი, მივატოვე მამული, უღმერთოება, თაყვანს აღარ ვცემ ცეცხლს, მზეს და მთვარეს, არამედ ვეთაყვანები ცოცხალ ღმერთს, რომელმან შექმნა ცანი და ქვეყანა და ყოველივე ხილული და უხილავი.

იგი დამკვიდრებულია თვალშეუდგამ ნათელში. იგია ჩვენი ღმერთი სამგვამოვნებით დიდებული და ერთღმრთეებით აღსარებული. იგი მოვიდა ამქვეყნად კაცთა მოდგმის გადასარჩენად, ერთ-ერთი წმინდა სამებისაგანი ხორციელ იქმნა, დაემკვიდრა ჩვენ შორის, გახდა კაცთა მსგავსი ცოდვის გარეშე, ჯვარს ეცვა, მოვიდა როგორც ადამიანი და ამით უკვდავება მოგვანიჭა, დაეფლა და აღდგა მესამე დღეს და ამაღლდა ზეცად და აწ მჯდომარეა მამის გვერდით. ჩვენ კვლავ მოველით მას მორწმუნეთა მაცხოვრად და იმათ დასასჯელად, ვისაც არა სწამს მისი ღმრთეება."

ურჯულო მეფე გულისწყრომით აღივსო, თუმც გარეგნული სიმშვიდე შეინარჩუნა და კვლავ მოუწოდა რაჟდენს, მიეტოვებინა ქრისტიანობა და დაბრუნებოდა მშობლიურ რჯულს. სამაგიეროდ აღუთქვა დიდძალი საჩუქრები და პატივი. საწინააღმდეგო შემთხვევაში იგი ემუქრებოდა სატანჯველითა და სიკვდილით.

მოწამემ მიუგო:

- განა საწუთრონი, სიზმრის მსგავსად განქარვებადნი და აჩრდილივით წარმავალნი არ არიან შენი საჩუქრები? სული კი უკვდავია მარად. თუ შენს ბრძანებას დავემორჩილები, საუკუნოდ უშრეტ ცეცხლში დავიტანჯები, შენს ნაჩუქარ სიმდიდრეს კი აქვე დავტოვებ. თუ ქრისტესთვის მოვკვდები, საუკუნოდ უკვდავი ვიქნები. ეს არის ჩემი შეუცვლელი განზრახვა. თქვენ კი, რაც გნებავთ, ის ქმენით.

მეფის ბრძანებით ნეტარი რაჟდენი უმოწყალოდ სცემეს, - კბილები ჩაუმსხვრიეს, პირისახე დაუჩეჩქვეს. პირი სისხლით აევსო. ნეტარი ღმერთს მადლობას უხდიდა, რომ მისი სახელის ღირსი გახდა ამგვარი გვემის წყალობით.

შემოაძარცვეს სამოსელი, შიშველი ათრიეს წვეტიან ქვებზე, ჯოხებით სცემეს დაუნდობლად, მერე ხელ-ფეხი შეუკრეს და ბორკილდადებული ბნელ საპყრობილეში შეაგდეს. აქაც მადლობას სწირავდა ღმერთს, რომ მისი სახელისათვის ტანჯვა-წამების ღირსი გახდა.

ხორცით შეკრული ნეტარი რაჟდენი სულით გახსნილი და თავისუფალი იყო. ლოცულობდა და ევედრებოდა უფალს, გაეძლიერებინა და არ მიეტოვებინა შეწევნის გარეშე მომავალი წამების დროს.

დიდხანს იმყოფებოდა იგი საპყრობილეში, მაგრამ მისი მოდრეკა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ქართველი მთავრების თხოვნით მეფემ ნება დართო წმინდა რაჟდენს, წასულიყო და მოენახულებინა ახლობლები. თუმცა წმინდა რაჟდენს ყოველივე ეს ეშმაკის ხრიკად მიაჩნდა, რითაც მას უნდა ასცდენოდა მომავალი ღვაწლი, იგი მაინც წავიდა და თავდაპირველად მოინახულა ვახტანგ მეფე და დედოფალი.

ისინი მიეგებნენ მას, ეამბორებოდნენ ქრისტესთვის შემუსვრილ მის პირისახეს და თვალებს, შენატროდნენ მის დაჭრილ ნაკვთებს და ეუბნებოდნენ: "ნეტარ ხარ შენ, მხნეო რაჟდენ, და სამგზის სანატრელია შენი ღვაწლი, ღვთის სახელისათვის რომ იტვირთე ტანჯვით და ვნებით."

შემდეგ წმინდანმა მოინახულა სახლეულები, რომელთაც მისი ნახვის სურვილი გადაწურული ჰქონდათ. მათ შეიტკბეს იგი, ეფერებოდნენ მის ხელ-ფეხს და ემუდარებოდნენ, დამორჩილებოდა მძლავრთა ბრძანებას, გადაერჩინა თავისი სიცოცხლე, ოჯახი კი მწუხარებისაგან ეხსნა.

სამწუხაროდ, წმინდა რაჟდენის მეუღლე არ ჰგავდა არც მაკაბელთა დედას, არც წმინდა ანდრიას მეუღლეს - წმინდა ნატალიას და არც ორმოცი მოწამიდან ერთ-ერთის მეუღლეს. წმინდა რაჟდენმა უსაყვედურა მას: - "რად ჩამაგონებ ბოროტ აზრებს, ჰოი, დედაკაცო, ევას და იობის ცოლის მსგავსად? რად გინდა, რომ ადამის მსგავსად უკვდავის ნაცვლად მოკვდავი გავხდე და უხრწნელის ნაცვლად გახრწნილი. განა არის რამე ქრისტესთვის სიკვდილზე უტკბესი, განა დიდი საქმეა, რომ ჩვენ, მიწანი და მტვერნი, მოვკვდეთ მისთვის, ვინც სიკვდილის გემო იხილა ჩვენთვის და ჩვენ უკვდავება მოგვანიჭა".

იგი გაშორდა იქაურობას და წავიდა იქ, სადაც ადრე ეღვაწა ღვაწლი უკვდავებისა. მობრუნებულს გზად მძლავრის მიერ მის შესაპყრობად გაგზავნილი მხედრების რაზმი შემოეყარა.

წმინდა რაჟდენმა გულახდილად აღიარა მათთან, რომ იგი იყო, ვისაც ეძებდნენ. უღვთო კაცებმა შეიპყრეს, ისევ უწყალოდ სცემეს თავში ჯოხებით, შეკრეს, გაიგდეს წინ და მიჰგვარეს მეფეს, რომელმაც კვლავ სცადა შეგონება, აღუთქვამდა დიდძალ საჩუქრებს, თუ უარყოფდა ქრისტეს რჯულსა და დაუბრუნდებოდა მამულ უღმერთობას.

წმინდა რაჟდენის პასუხი ურყევი იყო: "რისთვის მაიძულებთ, უსჯულონო, ცოცხალი ღმერთის მიტოვებას, რომელმან შექმნა ცა და ქვეყანა, ყოველივე, რაც კი შექმნილა; რად მაიძულებთ ცეცხლისა და მნათობების მსახურებას? მე თქვენი პატივი და საჩუქრები გინებად შემირაცხავს. ისინი დღეს არიან, ხვალ კი უკვალოდ გაქრებიან. თქვენ, ყველას, დაუშრეტელი ცეცხლი და საუკუნო სატანჯველი მოგელით".

განრისხებულმა მთავარმა სასტიკად აცემინა წმინდა რაჟდენი. თავ-პირში ურტყეს, კბილები ჩაუმსხვრიეს, ღაწვნი დაუმტვრიეს. ნეტარი კი ისევ მადლობას სწირავდა ღმერთს და სულით ხარობდა, რომ ქრისტეს მსგავსად იტანჯებოდა.

ხელფეხშეკრული წმინდა რაჟდენი კვლავ შეაგდეს საპყრობილეში. მაცხოვარი არ შორდებოდა მას, ანუგეშებდა და აძლიერებდა. წმინდა რაჟდენს სიმხნე უფრო და უფრო ემატებოდა მომავალი ღვაწლის მიმართ.

მრავალჯერ აწამეს, მრავალგზის შესთავაზეს საჩუქრები და პატივი. ვერა და ვერ დაიყოლიეს იგი. უღვთო მძლავრთ საბოლოოდ გაუცრუვდათ მისი გადაბირების იმედი, ბრძანეს ძელების მოტანა, რათა ძელზე აღსრულებულიყო, ვინაიდან ძელზე მოკლული მაცხოვრის მიმართ ჰქონდა უსასრულო სასოება.

მის გვერდით ძელებზე ჩამოჰკიდეს ხუთი ავაზაკი, როგორც იესო ორ ავაზაკს შორის. ამიერ და იმიერ მწყობრში ჩამდგარმა მოისრეებმა დაუწყეს სროლა. ნატყორცნ ისრებს, ჩარჭობილთ წმინდა რაჟდენის სხეულში, ამოაცლიდნენ და ისევ ურჭობდნენ.

მთელი სხეული ჭრილობებით დაუსერეს. დაჩხვლეტილი და დაწრეტილი ეკიდა ძელზე. მისი სიცოცხლის წუთები დათვლილი იყო. მაშინღა აიმაღლა ხმა წმინდა რაჟდენმა: "ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა", და განუტევა სული.

დიდებულია წმინდა რაჟდენის სიკვდილი, ანუ უკვდავად გარდაცვალება მისი! წამებით ემსგავსება იგი მაცხოვარს და მის მსგავსად ჯვარზე და ძვირისმოქმედთა შორის აღესრულა.

წმინდა რაჟდენის წამების ჟამს, ისევე, როგორც მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, შუადღისას წყვდიადი ჩამოწვა, ამოვარდა სასტიკი ქარი, გაფანტა ყველა იქ შეკრებილი, მათ შორის მცველნიც, ურჯულო მთავარმა რომ დაადგინა, რათა ქრისტიანებს არ წაეღოთ მისი ცხედარი და არ დაეფლად მიწაში, ფრინველებს და მხეცებს რომ შეეჭამათ იგი.

შემდგომ მოვიდნენ იმ დაბის მკვიდრი მორწმუნენი და მღვდელი. შიშით და მოწიწებით დაკრძალეს ნეტარი რაჟდენის მრავალმოღვაწე გვამი ფარულ ადგილას.

მომდევნო ხანებში სპარსთა და ქართველთა შორის მშვიდობა ჩამოვარდა. სპარსთა მეფემ მოციქულები მიუვლინა ვახტანგ მეფეს დაზავებისა და ერთობის მიზნით. დაიდო ზავი, მეფეები შეხვდნენ ერთმანეთს, დიდი პურობა გადაიხადეს და სამეფო ძღვენი მიართვეს ერთურთს. ამას გვაუწყებს ქართველთ ცხოვრება. სპარსთა მეფე გაბრუნდა თავის სამეფოში.

ყოველივე ეს ქრისტეს მადლმა მოიმოქმედა წმინდა და სამგზის სანატრელი რაჟდენის მეოხებით. როგორც ქრისტეს სისხლმა დაამყარა მშვიდობა ცასა და ქვეყანას, ანგელოზთა და კაცთა შორის, იგივე ქმნა ქართველთა შორის ქრისტესთვის დათხეულმა რაჟდენის სისხლმა, დაიცვა ჩვენი ეკლესიები და მშვიდობის ზღუდე მოავლო მათ.

რამდენიმე ხნის შემდეგ ვახტანგ მეფემ წმინდანის ნაწილთა მოძიება იწყო. არავინ უწყოდა დაკრძალვის ადგილი მღვდლის გარდა.

წმინდა რაჟდენს არ ეწადა თავისი მრავალმოღვაწე გვამის დაფარვა, პირიქით, მისი გამოჩენა სურდა მეფისათვის.

ერთ ღამეს წმინდა რაჟდენი დიდებითა და ბრწყინვალებით მოსილი ეჩვენა მღვდელს და უთხრა:

- ხუცეს, აღდეგ, ნუღარ აყოვნებ, მეფეს სურს იხილნოს ჩემი ნაწილნი და შემეგებოს, წადი, აუწყე, სად ასვენია და სადაც თვით ენებოს, იქ დაასვენოს ისინი.

შიშითა და სიხარულით აღსავსე ხუცესი მყის წავიდა მეფესთან და აუწყა როგორ, როდის და სად იყო დაკრძალული წმინდა რაჟდენი, როგორ ეჩვენა მას და რა ამცნო.

ამის გამგონე მეფე გამოუთქმელი სიხარულით აღივსო, მადლი შესწირა ღმერთს და სანატრელ მოწამეს. მან მყის მოუხმო თავის სამეფოს ეპისკოპოსებს და სხვა სამღვდელო პირებს. მიავლინა ისინი უამრავი საჩუქრებით სოფელ წრომს, სადაც დაკრძალული იყო ღვაწლმოსილი მოწამის მრავალმოღვაწე გვამი.

მიაღწიეს წრომს, ამოასვენეს შიშით და კრძალვით მოწამის ცხედარი. ენით უთქმელი სურნელება მოეფინა მთელ იმ მიდამოს.

წმინდანის ნეშტი წაასვენეს გალობით, სანთლებით, კერეონებით და საკმევლის სურნელებით ნიქოზს, ვახტანგ მეფის მიერ აშენებულ საეპისკოპოსო ეკლესიაში.

მეფე და დედოფალი შორს მიეგებნენ დიდი სურვილით და სარწმუნოებით, ცრემლით ეამბორნენ მთავართა და დიდებულთა თანხლებით. ისინი ქვეითად მიჰყვებოდნენ წმინდანის ცხედარს.

მიაღწიეს ნიქოზს, დაკრძალეს სამგზის სანატრელი რაჟდენის ნეშტი და მშვენიერი დღესასწაული მოუმზადეს აგვისტოს თვის სამს, მისი წამების დღეს.

ამის შემდგომ მოწამის სურვილითა და მოწოდებით მეფემ წმინდა რაჟდენის სახელზე მშვენიერი ტაძარი ააგო უჯარმის ციხეში და ერთი სხვა ეკლესია უჯარმის ველზე, რომელსაც სამგორობას უწოდებენ, სადიდებლად ყოვლადძლიერი ღმრთისა, სამების ერთღმრთეებისა, განუყოფლისა და შეურევნელისა, მამისა და ძისა და ყოვლად წმიდისა სულისა, რომელსაც შვენის დიდება, პატივი დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.
.................................

წმინდა რაჟდენის მარტვილობის ავტორი გახლავთ კათალიკოსი ბესარიონ ბარათაშვილი-ორბელიშვილი.

ყველაზე ადრეული საისტორიო წყარო, რომელშიც დაცულია ცნობები წმინდა რაჟდენის შესახებ, არის ჯუანშერის ვახტანგ გორგასლის ცხოვრება. გარდა ამისა, მოღწეულია რაჟდენის მარტვილობის ამსახველი ორი გვიანდელი (XVIII ს.) ჰაგიოგრაფიული თხზულება - ბესარიონ ორბელიშვილისა და ანტონ კათალიკოსისა.

ანტონ კათალიკოსის "რაჟდენის მარტვილობა", რომელიც შეტანილია მის მარტირიკაში, შექმნილი უნდა იყოს 1768-1769 წლებში. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ეს თხზულება არ შეიცავს ახალ ფაქტობრივ მასალას და მის ძირითად წყაროს ბესარიონ ორბელიშვილის ნაწარმოები წარმოადგენს, თუმცა იგი იცნობს ქართლის ცხოვრების მონაცემებსაც. გარდა ამისა, თავის სადღე-სასწაულოში ანტონმა წმ. რაჟდენს მთელი ციკლი მიუძღვნა.

...................................................

ტროპარი

ხენეშისა სარწმუნოებისა დამტევებელმან, და ჭეშმარიტებისა გზათა მავალსა, ქრისტესთვის მრავალთა ჭირთა მიმთვალველსა, მოწამეთა შორის საჩინოსა, საქართველოს მნათობსა, დიდსა მოწამესა რაჟდენს შევასხმიდეთ მორწმუნენო ძნობითა საღმრთოთა, რათა მეოხებითა მისითა ვიხსნნეთ განსაცდელთაგან.

კონდაკი

მწყემსისა ჭეშმარიტისა შედგომილო, და სუფევისა მისისა საღმრთოსა ზიარო, მონაო სარწმუნოო, და მსგავსად მთიებისა საჩინოო მნათობო, სასურველისა შენისა ქრისტესა შეწირულო, დიდო მოწამეო რაჟდენ, გვიოხენ ჩუენ მაქებელთა შენთა.
...........................
აქვე წაიკითხეთ:

კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე) - სიტყვა წმინდა მთავარ მოწამის რაჟდენის დღეს

პირველმოწამე რაჟდენი - სოფელ წრომს წამებული

რაც გინდათ, ისა ჰქენით, მე მზად ვარ, ქრისტესთვის ყოველგვარი სატანჯველი დავითმინო

ამ ტაძარშია პირველმოწამე რაჟდენის წამების ადგილი

წმინდაა წრომის ადგილები, რადგან წმინდა რაჟდენის სისხლით არის მორწყული

წმინდა რაჟდენ პირველმოწამე: ვერაფერი განმაშორებს ქრისტეს სიყვარულს - ვერც ტანჯვა და ვერც სიკვდილი!

წრომის ამაღლების სახელობის ტაძარი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat