მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაშლილია საციციანოს ერთ-ერთი ისტორიული სოფელი წრომი.
წმინდა ვახტანგ გორგასლის ეპოქის სული ტრიალებს მის სანახებში. იმ უტყუარი ცნობებით, რომელიც დაგვიტოვა XII საუკუნის ანონიმმა ავტორმა თავის თხზულებაში "წამებაი და ღვაწლი წმინდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისა". წრომის აღმნიშვნელობის სამანები V საუკუნის კიდევ უფრო სიღრმეში უნდა ვეძიოთ, ერთ დროს დიდი ქალაქური დასახლებიდან დღეს პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე სოფელი დარჩენილა. საუკუნეები დაიმსხვრა, წრომის "ბებერ" მხრებზე.
საქართველოს ისტორიის ქარცეცხლი გაუვლია, აოხრებულა, გადამწვარა და დაცლილა, ისე რომ მამალიც აღარ ყიოდა, მაგრამ გვეამაყება ტაძრებით განებივრებულ ჩვენს ქვეყანაში ასეთი დიდი სალოცავის პატრონნი რომ ვართ. მაცხოვრის ფრთებქვეშ შეფარებულ სოფელს შეუსისხლხორცებია თავისი სალოცავი. სწამთ და სჯერათ რომ მისი წყალობით ღმერთი დააბიჯებს მათ მიწაზე, წმინდაა წრომის ადგილები, რამეთუ წმინდა რაჟდენის სისხლით არის მორწყული, ღმერთისაგან დალოცვილი და კურთხეულია. მრავალ ჭირს გაუძლო წრომის სალოცავმა. ერთი პერიოდი საქონლის სადგომად გაუხდიათ. მისი უზადო ფრესკები დაუთხრიათ, ხატები შეუბილწავთ და კედლები კირით გაუთეთრებიათ. წირვა აუკრძალავთ და ვინ მოთვლის კიდევ. არც სტიქიამ დააკლო. გუმბათი დაანგრია, კედლები ჩამოშავდა, მაგრამ ვერ აღგავა პირისა,გან მიწისა გადარჩენილა სოფელი და მისი სალოცავიც.
ადრეფეოდალური კულტურის ძეგლებიდან დღემდე ძალიან ცოტა შემოგვრჩა. ერთ-ერთი მათგანია წრომის ტაძარი.
ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "ჩრდილოეთით გორას იქით და სამწევრს ზევით არის მონასტერი ყოვლადწმინდისა წრომისა, გუმბათიანი, მშვენიერი". ტაძრის მთავარ სარკმელთან მოთავსებული წარწერით დგინდება მისი თარიღი 626-634წ.წ. ერისმთავრის სტეფანოზ იპატოსის დრო. სტეფანოზ იპატოსი ცნობილი სტეფანოზ II, რომელმაც ააშენა ტაძარი. ძველი წარწერებიდან დღეისათვის მხოლოდ ეს გადარჩენილა, დროთა სვლას აღუგვია მისი კედლებიდან ლამაზად გამოყვანილი ქართული ასომთავრული წარწერები.
ისტორიკოსმა თედო ჟორდანიამ შემოგვინახა აღნიშნული წარწერის ფრაგმენტები, საიდანაც ვგებულობთ, რომ "ესე ჯვარი ძლიერი მამაოს თაბორის ლოცვითა აღვმართეს სალოცავად". მისივე აზრით ეს იყო კათალიკოსი თაბორი, რომელიც ცხოვრობდა სტეფანოზის დროს და რომლის ლოცვა-კურთხევით აღუმარათავთ ჯვარი. თედო ჟორდანიას ერთ-ერთი სვეტის პირზე უნახავს კიდევ ერთი წარწერა-"სახელითა ღვთისათა წმინდისა რაჟდენისაი".
"წმინდა რაჟდენი იწამა ჟამთა დიდისა მეფისა ვახტანგისა სპარსთა მიერ, ქართლსა შინა სოფელსა შინა წრომს" - ვკითხულობთ წამებაში.
ტაძრის საკურთხეველი შემკული ყოფილა ფოთლოვანი ორნამენტის მოზაიკით ქრისტეს გამოსახულებით, მას მარცხენა ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, გრაგნილზე შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, მარჯვენით აკურთხებს ორივე მხარეს, გვერდით ანგელოზნი ედგნენ, საკურთხევლის სარკმლის თავში სამი მედალიონი ყოფილა. ტაძრის დანარჩენი კედლები და კამარა მოუხატავი იყო. მოზაიკაზე იყო წარწერაც. აქვე იყო ფრესკული მხატვრობა, ქრისტეს დიდების კომპოზიცია, რომელიც ამაღლების თემას უკავშირდება. მოზაიკამ დღემდე ფრაგმენტების სახით მოაღწია და გადარჩენის მიზნით 1932 წელს ჩამოხსნეს. ამჟამად იგი დაცულია ხელოვნების მუზეუმში.
ტაძარი დღემდე ინახავს თავის სიწმინდეებს, სოფიის რამდენიმე ბრწყინვალე ქვა კვლავ ამშვენებს ტაძრის საკურთხეველს. 1731 წელს ტაძარი დააზიანა ლეკთა თავდასხმამ. ბოლოს კი 1940 წელს მესამე მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა ძეგლი, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ტაძარს დაადგეს საცდელი ხის გუმბათი.
მტრის შემოსევის დროს ამ დიდებულ ტაძარს თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა, წრომის მოსახლეობა თავს აფარებდა მის მაღალ ძლიერ გალავანს. გალავანი დღესაც აქვს ტაძარს გარშემოვლებული. აქვეა წყაროს ცივი წყალიც.