დიდმოწამე ანასტასია მკურნალი და ბორკილთდამხსნელი (დაახლ. 304 წ.); მოწამეები: ქრისოგონე, თეოდოტია, ებოდი, ევტიქიანე და სხვები (დაახლ. 304 წ.). - 22 (04.01) დეკემბერი
დიდმოწამე ანასტასია მკურნალი და ბორკილთდამხსნელი (დაახლ. 304 წ.); მოწამეები: ქრისოგონე, თეოდოტია, ებოდი, ევტიქიანე და სხვები (დაახლ. 304 წ.). - 22 (04.01) დეკემბერი
ძველი სტილით 22 დეკემბერს (ახ. სტ. 4 იანვარს) მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს დიდმოწამე ანასტასია მკურნალს და ბორკილთდამხსნელს და მოწამეების ქრისოგონეს, თეოდოტიას, ებოდის, ევტიქიანეს და სხვებს.

წმინდა ანასტასია დაიბადა სახელგანთქმულ ქალაქ რომში. ის გამოირჩეოდა კეთილშობილებით, სულიერი და ხორციელი სილამაზით, კეთილი ზნით და სიმშვიდით. მამამისი პრეტექსტატე სენატორი გახლდათ და ელინურ წარმართულ რწმენას აღიარებდა. დედამისი ფავსტა კი ქრისტეს აღმსარებელი იყო. სიყმაწვილეში დედამ ანასტასია სასწავლებლად მიაბარა ერთ ღირსეულ, განსწავლულობით, უფრო კი ღვთისმოშიშებით ცნობილ კაცს. მას ქრისოგონე ერქვა. იგი ქრისტიანი იყო, კარგად იცოდა ქრისტეს ღვთაებრივი მოძღვრება და შემდგომში ეწამა მისთვის. ამ წმინდა კაცისგან ანასტასიამ ანბანასთან ერთად ისწავლა შემეცნება იმისა, ვინც არის საწყისი ყოველივე ხილულისა და უხილავისა, მიზანი ყველა გულითადი ღვთისმოშიში სურვილისა, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, შემოქმედი და აღმასრულებელი ყოველივესი. ანასტასიამ გულმოდგინედ იწყო ქრისტიანული წიგნების კითხვა, დღედაღამ შეისწავლიდა საღმრთო სჯულს და განამტკიცებდა თავის გულს ღვთის სიყვარულში.

როცა ქრისოგონესთან სწავლას მორჩა, იგი ერთხმად აღიარეს, როგორც ბრძენი და მშვენიერი ქალწული. ამასობაში გარდაიცვალა ანასტასიას ნეტარი დედა ფავსტა. მამამ კი, მისი სურვილის წინააღმდეგ, ქალიშვილი ვინმე პომპლიუსს მიათხოვა, რომელიც ასევე სენატორთა შთამომავალი იყო და ელინთა რწმენას აღიარებდა. მოკლედ, მორწმუნე ანასტასია მიჰგვარეს ურწმუნო ქმარს, როგორც ქრისტეს ცხვარი მგელს. მაგრამ ღმერთმა, რომელსაც ანასტასია დღედაღამ შეჰღაღადებდა და შესტიროდა, დაიცვა იგი. წმინდანმა არ დაჰკარგა ქალწულება და უწმინდურმა ქმარმა ვერ შებილწა მისი წმინდა სხეული. ანასტასია თავს აჩვენებდა, რომ მას მუდმივი და განუკურნებელი ქალური ავადმყოფობა სჭირდა და ამბობდა, არ შემიძლია ცოლობა გავუწიო ქმარსო. ზოგჯერ ქმარი მოისურვებდა მასზე ძალადობით ვნებების დაკმაყოფილებას, მაგრამ მფარველი ანგელოზის უხილავი დახმარებით ანასტასია თავს დააღწევდა ხოლმე მას. ასე შეინარჩუნა ქალწულება.

წმინდა ანასტასია ხშირად იხდიდა ძვირფას სამოსელსა და სამკაულებს, ღარიბის სამოსში გამოეწყობოდა და მუდამ ერთი მონა-ქალის თანხლებით, ყველასგან მალულად, სახლიდან გამოდიოდა. შემოივლიდა საპყრობილეებს, მათ მცველებს ოქროთი მოისყიდდა, ნახულობდა ქრისტესთვის წამებულებს და როგორც შეეძლო, კრძალვითა და გულმოდგინებით ემსახურებოდა მათ. ის ამ ტუსაღებს ხელ-ფეხს ჰბანდა, მტვრით სავსე აჩეჩილ თმას უსუფთავებდა და უვარცხნიდა, სისხლს სწმენდდა და ჭრილობებს ახალთახალი ქსოვილის ნაჭერით უხვევდა, თითოეულს საჭმელსა და სასმელს სთავაზობდა. რომ მოემსახურებოდა, მერე შინ ბრუნდებოდა.

ამ საქმიანობის გამო მას ხშირად უხდებოდა სახლიდან გასვლა, რაც ქმარს არ დაემალა. მან შეიტყო, რომ ანასტასია ტუსაღებს ნახულობდა. ჯერ ისედაც გაბრაზებული იყო წმინდანზე, რადგან მასთან ცოლქმრულ ურთიერთობაზე უარს ამბობდა და ახლა უფრო მეტად განრისხდა. წმინდანის საქმიანობაზე მან მონისგან შეტყო - ამ მზაკვარმა ქალმა მას ყველაფერი მოუყვა.

უსჯულო ქმარმა სასტიკად სცემა ანასტასია, ცალკე ოთახში ჩაამწყვდია და დარაჯი მიუჩინა, რათა გარეთ გამოსვლა არ შესძლებოდა. სწუხდა წმინდანის სული ქრისტეს აღმსარებელი ტუსაღებისთვის, რადგან ვეღარ ნახულობდა მათ, ვერ ემსახურებოდა. ანასტასიას განსაკუთრებით საკუთარი მოძღვრის, ქრისოგონეს გამო სტკიოდა გული.

უკვე ორი წელი იყო, რაც წმინდა ქრისოგონე საპყრობილეში იყო და ათასნაირ სატანჯველს დაითმენდა. წმინდა ანასტასია როცა თავისუფალი იყო, ხშირად ნახულობდა მას. მაგრამ ახლა ოთახში ჩამწყვდეულს აღარ შეეძლო მისი მონახულება. ქმარმა ანასტასიას უფრო მეტად შევიწროება დაიწყო ამ ღვთისმოშიში ქალის მამის, პრეტექსტატეს სიკვდილის შემდეგ. პრეტექსტატეს მთელი ქონება მემკვიდროებით ანასტასიაზე გადავიდა, რადგან მის მშობლებს სხვა შვილი არ ჰყავდათ.

ხორციელი ვნებების დაკმაყოფილებაზე უარით გამძვინვარებულმა ქმარმა ანასტასიას შიმშილით მოკვლა განიზრახა, რათა მერე ცოლის მთელ ქონებას დაუფლებოდა და ახალ ცოლთან ფუფუნებით ეცხოვრა. იგი წმინდანს ისე ექცეოდა, როგორც ტყვესა და მონას, ყოველდღურად სტანჯავდა და აწამებდა. ეს ცნობილი გახდა წმინდა ანასტასიას მიერ ქრისოგონესადმი ჩუმად მიწერილი წერილიდან, რომელიც მან ვინმე დედაკაცის ხელით შეუგზავნა. აი, რას სწერს იგი:

"ქრისტეს წმინდა აღმსარებელ ქრისოგონეს, ანასტასიასაგან.

მამაჩემი კერპთთაყვანისმცემელი იყო, დედაჩემი ფავსტო კი მუდამ წმინდა და ღვთისმოსავი ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობდა. მთლად ჩვილი ვიყავი, როცა მან ქრისტიანი გამხადა. მისი გარდაცვალების შემდეგ წარმართის ცოლობის მძიმე უღელი ვიტვირთე. მაგრამ, ღვთის გულმოწყალებით, წარმატებით ავარიდე თავი მის საწოლს, ვამბობდი, რომ ავადმყოფი ვიყავი და ახლა დღედაღამ ჩემი უფლის, იესო ქრისტეს ნაფეხურებს ვეამბორები. ჩემი ქმარი კი ბილწ და კერპთთაყვანისმცემლებთან ერთად ჩემს ქონებას ფლანგავს, თითქოს საკუთარი ყოფილიყოს და თავს ამით იქებს, ხოლო მე, როგორც ჯადოქარსა და მისი წარმარმართული რწმენის მოწინააღმდეგეს, ამ საშინელ საპყრობილეში ისე მტანჯავს, რომ სხვა არაფერი დამრჩენია - მოვკვდე და ჩემი სული უფალს ჩავაბარო. რა თქმა უნდა, უნდა მიხაროდეს, რომ უფლისთვის ვეწამები და მისი აღმსარებელი მოვკვდები. მაგრამ ძალიან ვწუხვარ იმაზე, როცა ვხედავ, რომ ჩემს მიერ ღვთისთვის დაპირებული ქონებას ღვთის მოწინააღმდეგე და უწმინდურ კაცთა ხელით იფლანგება. ამიტომაც გთხოვ შენ კაცო ღმრთისაო, გულმოდგინედ ევედრე ქრისტე მეუფეს, რათა მან ჩემი ქმარი ან ცოცხალი დატოვოს, თუკი უწყის, რომ ის როდესმე მოექცევა ჭეშმარიტ რწმენაში, ხოლო თუ იგი კვლავ ურწმუნოებაში ყოფნას განაგრძობს, მაშინ უბრძანოს მას გამოეყოს ცოცხალთა რიგს და ადგილი მათ დაუთმოს ვინც ღმერთს პატივს მიაგებს. მისთვის სჯობია მოკვდეს, ვიდრე არ აღიაროს ძე ღმრთისა და შეეწინააღმდეგოს მათ, ვინც იესოს აღმსარებელია. მოწმედ მოვიყვან იესო ქრისტეს, რომ თუკი თავისუფალი ვიქნები, ჩემს ცხოვრებას წმინდათა მსახურებაში გავატარებ და გულმოდგინედ ვიზრუნებ მათზე, როგორც მანამდე ვაკეთებდი... ცხონდი, კაცო ღმრთისაო და შემიწყალე მე".

ამ წერილზე წმინდა ანასტასიამ ასეთი პასუხი მიიღო:

"ქრისოგონე - ანასტასიას. ამა სოფლის ქარიშხლითა და ღელვით შეშფოთებულო, მალე მოვა შენთან ქრისტე, რომელიც წყალზე მოაბიჯებს და ერთი სიტყვით დააცხრობს შენსკენ მქროლავ მტრის ცილისწამებათა ქარებს. აღელვებულ ზღვაში ჩავარდნილი მოთმინებით დაელოდე შენსკენ მომავალ ქრისტეს და დაუდუმებლად ხმობდე წინასწარმეტყველის სიტყვებს: "რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა"(ფს. 41:6). მოელოდე ღვთისაგან ორმაგ საზღაურს. რამეთუ დაგიბრუნდება ამქვეყნიური მემკვიდროება და ზეციურიც მოგეცემა: უფალი დროდადრო დაუშვებს ბოროტებას და აყოვნებს თავის წყალობას, რათა არ ჩაგვეძინოს უსაფრთხოდ ყოფნისას. ნუ შეცბუნდები, როცა ღვთისმოშიშად მცხოვრებ ადამიანებზე მოწეულ განსაცდელებს ხედავ. უფალი კი არ უარგყოფს, არამედ გამოგცდის. იცოდე ისიც, რომ ადამიანების ხელით ბოძებული დაცვა მტკიცე არ არის: "ესრეთ იტყჳს უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ,..და კურთხეულ არს კაცი, რომელი ესვიდა უფლისა მიმართ. და იყოს უფალი სასო მისსა"(იერემია 17:5,7). მტკიცედ და მხნედ დაიცავი თავი ყველანაირი ცოდვისაგან, დაიცავი ღვთის მცნებები და ნუგეში მხოლოდ მისგან ეძიე. მალე დაგიბრუნდება მშვიდობიანი დრო. როგორც ღამის სიბნელის შემდეგ აღმოცისკრდება დღე და როგორც სასტიკი ზამთრის შემდეგ მოდის თბილი გაზაფხული, ასევე შენც დაგიდგება ნათელი და ოქროსფერი დღეები, და მაშინ ქრისტესთვის ყველა წამებულს ამქვეყნიურ ნუგეშინისცემას უბოძებ, და შენც უდავოდ ღირსი შეიქმნები საუკუნო ნეტარებისა... ცხონდი უფლისა მიერ და ილოცე ჩემთვის".

მალე ანასტასიამ თავის უმოწყლო, უწმინდური ქმრისაგან ახალი სასიკვდინე წყენა იგემა და მან კვლავ წერილი მისწერა წმინდა ქრისოგონს:

"ქრისტეს აღმსარებელ ქრისოგონს, ანასტასიასგან. მომიხსენე და ილოცე ჩემთვის, რათა მიიღოს ჩემი სული უფალმა, რომლის სიყვარულითაც დავითმენ წამებას და რომლის შესახებაც მოგიყვება შენი გამოგზავნილი დედაკაცი".

წმინდანმა მას უპასუხა:

"ქრისოგონე - ანასტასიას. ნათელს ყოველთვის წინაუსწრებს ბნელი და ავადმყოფობის შემდეგ ხშირად გამოჯანმრთელდებიან ხოლმე და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე მოგველის. ერთნაირი ბოლო გვექნება ყველას, როგორც ბედნიერს, ისე გატანჯულს, რათა მწუხარეებს სასოწარკვეთა არ დაეუფლოთ, ხოლო მხიარული ადამიანები თავდაჯერებულობას არ მიეცნენ. ერთია ზღვა, რომელშიც სამგზავროდ შეცურდება ჩვენი ცხოვრების ნავები, და ერთია ჩვენი სულების მესაჭე, რომელიც გაუძღვება ამ ნაოსნობას. უფრო მტკიცე ნავები უვნებლად გაუძლებენ ღელვას, ხოლო ძველი, დახვრეტილი ნავები მშვიდ ამინდშიც, ლამისაა ჩაიძირონ. ახლოა მათი დაღუპვის ჟამი, რომლებიც ფიქრობენ, რომ გადამრჩენელ ნავმისადგომში შეცურდებიან. შენ კი ქრისტეს უბიწო მსახურო, მთელი ფიქრებით ქრისტეს ჯვარს მიეკარი და თავი უფლის საქმისთვის მოამზადე და როცა ქრისტეს საკუთარი სურვილით მოემსახურები, მაშინ მოწამეობით გადახვალ უფალთან ნათელ ცხოვრებაში".

ამ წერილით წმინდა ქრისოგონემ უწინასწარმეტყველა, რომ მისი ქმარი, პომპლიუსი, მალე მოკვდებოდა. მართლაც, მალე ეს უკანასკნელი სპარსეთში ელჩად გააგზავნეს. გზად ჯერ ზღვა უნდა გადაეცურა. მისი გემი უეცარ ღელვაში მოჰყვა და ზღვის ფსკერიკენ წავიდა. ასე დაიღუპა ეს გულღრძო კაცი. წმინდა ანასტასიამ კი ქალწულება დაიმარხა და ჩიტივით განერიდა მებადურის ბადეს. მან თავისუფლებასთან ერთად მშობლების დანატოვარი ქონებაც დაიბრუნა. აწ უკვე დაუბრკოლებლად დაიწყო საპყრობილეებში ტუსაღების მონახულება. ის ქრისტესთვის ტანჯვათა დამთმენებს არა მარტო საკუთარი ქონებით ემსახურებოდა, თავისი კეთილგონიერი საუბრებით ანუგეშებდა, აღძრავდა მოთმინებისა და ქრისტესთვის უშიშრად სიკვდილისთვის.

ამ დროს დიოკლეტიანე ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ აკილეში იმყოფებოდა, და მთელ ძალისხმევას ქრისტიანების შეპყრობას ახმარდა. მას რომიდან შეატყობინეს, რომ საპყრობილეები სავსე იყო დიდი რაოდენობის ქრისტიანებით, რომლებიც, მიუხედავად სხვადასხვაგვარი სატანჯველებისა, არ უარყობდნენ თავიანთ ქრისტეს. მათ ყველას ამაში აძლიერებდა ქრისტიანი მოძღვარი ქრისოგონე, რომელსაც ისინი ემორჩილებიან და მის დარიგებებს ასრულებენ. მეფემ ბრძანა, ყველა ქრისტიანი სატანჯველსა და სიკვდილს მიეცითო, ხოლო ქრისოგონე გამომიგზავნეთო. იგი ფიქრობდა, რომ თუ დასძლევდა მის სიჯიუტეს, მაშინ ადვილად დაიმორჩილებდა სხვა ქრისტიანებსაც.

როცა ქრისოგონე მეფესთან გამოსაცდელად წაიყვანეს, მას შორიახლოს თავისი მოწაფე ანასტასია მისდევდა.

მეფემ წმინდა კაცი, რომ დაინახა თავიდან საუბარი გაუბა, მშვიდად "ურჩია"ქრისტეზე უარი ეთქვა.

- ქრისოგონე, მიიღე ჩემი კეთილი რჩევა, - ეუბნებოდა ურჯულო მმართველი, - შეუერთდი ჩვენს რწმენას, სათნო ეყავი ღმერთებს და სასიამოვნო არჩიე სამწუხაროს, ხოლო ფუჭს - სასარგებლო. იცოდე, რომ ამით არამხოლოდ სატანჯველს განერები და ასე ნანატრ თავისუფლებას მიიღებ, არამედ, მეტიც, დიდებული ქალაქის, რომის მმართველი გახდები.

რაზეც წმინდანმა უპასუხა:

- მე შევიცანი ერთი ღმერთი და იგი ჩემთვის ძვირფასია ყოველგვარ სინათლესა და ყოველგვარ თავისუფლებაზე. იგი ჩემთვის ძვირფასია ყველანაირ სიცოცხლესა და სამკაულზე. ის მწამს მთელი გულით და აღვიარებ ბაგეებით, პატივს მივაგებ სულით და ყველას თვალწინ მუხლს მოვიდრეკ მის წინაშე. მე არ ვაპირებ თაყვანი ვცე მრავალ ღმერთებს, რომლებშიც ეშმაკები ცხოვრობენ. მე თანამოაზრე ვარ სოკრატესი (ბერძენი ფილოსოფოსი, რომელი ქრისტეს შობამდე V-IV საუკუნეებში ცხოვრობდა. გამოირჩეოდა ამაღლებული მსოფლმხედველობით, რომლითაც მნიშვნელოვნად გაუსწრო თანამედროვეებს. სხვათა შორის, მას მრავალი ღმერთი არ სწამდა, მონოთეისტი იყო. რისთისაც უღმერთობაში დასდეს ბრალი და მოაკვდინეს. პლატონი გახლდათ მისი მოწაფე, რომელიც მასწავლებელის დარად მონოთეისტი იყო, - კ.კ.) რომელიც ამბობდა მათზე: "ყველანაირად უნდა განვეშოროთ მათ, რადგან ისინი აცთუნებენ ხალხს და არსით ცნობილი სულთა დამღუპველები არიან". საჩუქრები და პატივი, რომელთაც შენ მთავაზობ, მათ სიზმარსა და ბნელზე ნაკლებად არ ვთვლი.

მეფემ მეტად ვეღარ დაითმინა ქრისოგონეს თავისუფლად ნათქვამი სიტყვები. მან მეომრებს უბრძანა, წმინდანი უდაბურ ადგილას გაეყვანათ და თავი მოეკვეთათ, წმინდანის სხეული ადრიატიკის ზღვის ნაპირზე დააგდეს. იქვე ახლოს ცხოვრობდა ხუცესი ზოილე, წმინდა კაცი და სამი ქალწული: აღაპია, ქიონია და ირინე (ამ სამი წმინდა დის ხსენება 16 აპრილსაა). ამ ხუცესმა საღმრთო გამოცხადებით შეიტყო წმინდა ქრისოგონეს სხეულის შესახებ, აიღო, მოკვეთილ თავთან ერთად ლუსკუმაში ჩაასვენა და თავის სახლში დამალა (შემდგომში, წმინდა ქრისოგონეს პატიოსანი თავი რომში გადაასვენეს, სადაც ის უკვე პაპი სიმაქეს დროს (498-514 წლებში) წმინდანისვე სახელობის ტაძარში ინახებოდა. წმინდანის სხეული ვენეციაშია დასვენებული, - კ.კ.). ოცდაათი დღის გასვლის შემდე მას ხილვაში წმინდა ქრისოგონე გამოეცხადა და უთხრა:

- იცოდე, რომ ცხრა დღეში შენს მეზობლად მცხოვრებ ქრისტეს ქალწულებს შეიპყრობენ და აწამებენ. უთხარი უფლის მხევალ ანასტასიას, რათა მან იზრუნოს მათზე, მოწამეობის ღვაწლისთვის განამხნეოს მანამდე, ვიდრე ისინი მოწამეთა გვირგვინით არ შეიმოსებიან. და მასაც ჰქონდეს კეთილი სასოება იმისა, რომ თავისი ღვაწლის ტკბილ ნაყოფს იგემებს. მალე ისიც განთავისუფლდება ამქვეყნიური ცხოვრებიდან და წაიყვანენ ქრისტესთან, რომლისათვისაც ეწამება.

ამგვარივე გამოცხადება ჰქონდა წმინდა ანასტასიასაც. და, აი, იგი ღვთის სულით აღფრთოვანებული მივიდა სახლში ხუცესთან, რომელსაც მანამდე არ იცნობდა და ჰკითხა მას:

- სად არიან ის ქალწულები, რომელთა მოწამებრივ აღსასრულზე ხილვით გეუწყათ?

წმინდა ანასტასიამ შეიტყო მათი ადგილსამყოფელი, წავიდა ქალწულებთან, მთელი ღამე ესაუბრებოდა მათ ღვთის სიყვარულზე და სულის ცხონებაზე. გაამხნევებდა მათ, შთააგონებდა: სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უერთგულეთ თქვენი სულების სასიძოს იესო ქრისტესო. ხუცეს ზოილესთან კი მან თავისი უსაყვარლესი მოძღვრის ქრისტეს წმინდა მოწამის ღირსი ქრისოგონეს წმინდა ნაწილები იხილა. ბევრი ცრემლი დააფრქვია მის წინაშე და საკუთარი თავი მას ჩააბარა. შემდეგ კი აკვილეაში დაბრუნდა.

მალევე აუსრულდა ხუცეს ზოილეს წმინდა ქრისოგონეს წინასწარმეტყველება. ეს ხუცესი ცხრა დღის მერე წარვიდა უფლისა მიმართ, ხოლო წმინდა ქალწულები აღაპია, ქიონია და ირინე შეიპყრეს და დასაკითხად მიუყვანეს მეფე დიოკლიტიანეს. მტარვალი დიდხანს ურჩევდა მათ კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, ხან მოფერებით, ხან მუქარით, ბოლოს, ვერაფერს რომ ვერ გახდა, ისინი საპყრობილეში ჩაყარა.

წმინდა ანასტასიამ ჩვეულებისამებრ ინახულა ტუსაღები, მივიდა წმინდა ქალწულებთანაც და ანუგეშა ისინი, აღძრა მათში სასოება ღმრთისადმი, რომ იგი აუცილებლად შეეწიოდა მათ და მტრებზე სახელოვნად გაიმარჯვებდნენ.

ამასობაში მეფეს მოუწია სახელმწიფო საქმეების გამო მაკედონიაში გამგზავრებულიყო, ამიტომაც მან წმინდა ქალწულები ჯალათ დულკიციანეს ჩააბარა, რომელიც ტანჯავდა და აწამებდა მათ, მერე კი კომიტ სისინიანეს გადააბარა. ამ უკანასკნელმა წმინდა აღაპია და ქიონია ცეცხლში ჩაყარა. ცეცხლი ვერ შეეხო მათ წმინდა სხეულებს, ისინი მთელი და უვნებელნი დარჩნენ, ხოლო მათი უკვდავი სულები ღვთის წინაშე წარსდგნენ. წმინდა ირინეს კი კომიტის ერთ-ერთმა მეომარმა ისარი ესროლა და იგი ამ ჭრილობით გარდაიცვალა. მათი წმინდა სხეულები წმინდა ანასტასიამ თეთრი სუდარებით შემოსა, ნელსაცხებელი სცხო, შემდეგ დაკრძალა არჩეულ ადგილას და ქება შეასხა მათ მოწამეობას.

ამის შემდეგ ანასტასია ქალაქიდან ქალაქში და ქვეყნიდან ქვეყანაში გადადიოდა და ყველგან ემსახურებოდა ბორკილდადებულ ქრისტიანებს, ამარაგებდა ტუსაღებს საჭმელ-სასმელით, ტანსაცმელით და აუცილებელი საგნებით, ხოლო სნეულებს საექიმო დახმარებას უწევდა. იგი ნუგეშად იქცა ყველა წამებული და სხეულით ძალზე დაუძლურებული ადამიანებისთვის. ის მათთვის მოისყიდა მცველებს და ბორკილებიდან (საკვრელთაგან) ათავისუფლებდა. სწორედ ამიტომ დაერქვა მას საკვრელთაგან დამხსნელი. ზოგისთვის სამოსი მიჰქონდა, ზოგსაც თავად მკურნალობდა და მოურჩენელ წყლულებისაგან კურნავდა. ბევრი ცოცხალ-მკვდარი ფეხზე დააყენა თავისი მზრუნველობით და ახალი წამებისათვის მოამზადა.

იმისთვის, რომ ავადმყოფებს და გაჭირვებულებს დახმარებოდა, საექიმო ხელოვნება შეისწავლა და თვითონვე კურნავდა დაჭრილებს. არ ეზიზღებოდა მათი საკუთარი ხელებით ტვირთვა, როცა ისინი ქრისტესთვის დამსხვრეულ და დაწყლულებულ ხელ-ფეხს ვეღარ ამოძრავებდნენ, თვითონვე უდებდა მათ ბაგეებზე საჭმელს, აჭმევდა, ჩირქს სწმენდდა და წყლულებს უხვევდა. ამას ის სიხარულით და მხიარულებით აკეთებდა, რამეთუ ქრისტეს უწმინდესი სახელის აღსარებისთვის წამებულთა მომსახურებით, იგი ამ სახით ემსახურებოდა ქრისტეს. ამისთვის იგი მთელი ძალით და ყველანაირი ხერხით იღვწოდა და საქმეში მთელ სულს სდებდა, სძლევდა თავის ბუნებით დედაკაცურ უძლურებას, გამოირჩეოდა დიდსულოვნებით და სიმამაცით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, წმინდა მოწამეებზე ზრუნვით, რომლებიც ყოველთვის ახლოს არიან ღმერთთან და რომლებზეც დავითთან ერთად შეჰღაღადებდა: "ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო"(ფს. 138:17).

მაკედონიაში, ჩვეული საქმიანობისას წმინდა ანასტასიამ ერთი ძალზე ახალგაზრდა ქვრივი დედაკაცი გაიცნო, სახელად თეოდოტია, რომელიც წარმოშობით ბითინიის მხარიდან, ქალაქ ნიკეადან იყო. ქმრის სიკვდილის შემდეგ ის თავის სამ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად მარტო დარჩა და მაკედონიაში ცხოვრობდა, ქვრივობის დღეებს ქრისტიანობის გულმოდგინე აღსარებასა და ღვთისმოსავ ღვაწლში ატარებდა. ნეტარი ანასტასია ხშირად რჩებოდა ამ ქვრივთან, უყვარდა იგი, როგორც ქრისტეს ერთგული მხევალი და ანუგეშებდა საუბრებით ქრისტეს უტკბილეს სიყვარულზე, რომლის გამოც ამდენმა წმინდანმა საკუთარი სული დადო. შემდეგ წარმართებმა თეოდოტიას ქრისტიანობის ამბავი შეიტყვეს, რის გამოც ეს პატიოსანი ქვრივი შეიპყრეს და დასაკითხად მეფესთან მიიყვანეს.

როცა თეოდოტია ამ ბილწ სამსჯავროში იდგა, მეფის გარემოცვიდან ერთ-ერთი - ლავკადიოსი მოიხიბლა მისი სილამაზით, რადგან იგი ძალზე მშვენიერი და მოკრძალებული იყო. მან მეფეს სთხოვა, თეოდოტია არ მოეკლა და მისთვის ცოლად მიეცა. მეფეც დათანხმდა, იმ იმედით, რომ ახალშეძენილი ქმარი თეოდოტიას კერპთთაყვანისმცემლობაზე მოაქცევდა.

ლავკადიოსმა თეოდოტია ბავშვებთან ერთად თავის სახლში წაიყვანა. რაღა არ გააკეთა, რაღა არ უთხრა მის მოსაქცევად, ხან ალერსით, ხან მუქარით, სთხოვდა, ეხვეწებოდა, რათა მას ქრისტეზე უარი ეთქვა და მისი ცოლი გამხდარიყო. თეოდოტიამ მას უპასუხა:

- თუ ამას იმიტომ ცდილობ, რომ თუ შენი ცოლი გავხდები ჩემს სიმდიდრესა და ქონებას დაეუფლები, მაშინ გეტყვი, რომ მე ნებაყოფლობით გაძლევ ყველაფერს, რათა დამტოვო და ქრისტეს ვემსახურო და რომ მე ყველა სიმდიდრის სანაცვლოდ მემკვიდროებით მხოლოდ ქრისტე შევიძინო. თუ შენ თავბრუ დაგახვია ჩემმა სილამაზემ და ფიქრობ, რომ ჩემს ქრისტეს ჩამომაცილებ, მაშინ იცოდე, რომ შეუძლებლისკენ ისწრაფვი, რამეთუ უფრო ადვილია ეს ჩემი სილამაზე უსახურებად გადააქციო, ხოლო სიცოცხლე სიკვდილად, ვიდრე ჩემი გონება ქრისტეს განაშორო და და შენთან ქორწილი მაიძულო.
ამ დროს ლავკადიოსი მეფეს უნდა გაჰყოლოდა, რომელიც სადღაც გაემგზავრა. იგი წავიდა, ხოლო თეოდოტია თავის სახლში დატოვა და კაი ხანს არ დაბრუნდა. მაშინ თეოდოტია წმინდა ანასტასიასთან ერთად უფრო ადვილად ემსახურებოდა ტყვეებს, განკურნებდა სნეულებს, მკვდრებსა ჰმარხავდა, უფრო მეტი ღვაწლისთვის განამხნევებდა ცოცხლებს. და აი, დიოკლეტიანეს შეატყობინეს საპატიმროები ქრისტიანებით არის სავსე და სხვა ტუსაღებს ვერსად ვათავსებთო, მაშინ უწმინდური მმართველმა ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც ტუსაღები სხვადასხვანაირი სიკვდილით უნდა მოეკვდინათ, რათა ციხეებში სხვა ქრისტიანებისთვის ადგილი უნდა გაეთავისუფლებინათ. ერთი ღამე დათქვეს და ბრძანება აასრულეს. მრავალი ქრისტიანი მოწამე შეუერთდა დაუღამებელ ნათელს-ქრისტე ღმერთს. ზოგი მახვილით დაიღუპა, ზოგიც წყალში ჩაახრჩვეს, ზოგიერთები ცეცხლის ღუმელებში დაწვეს, სხვები კი ცოცხლად მიწაში დამარხეს: ღრმა ხევები და ორმოები ადამიანებით აავსეს და ზედ ქვა-ღორღი დააყარეს.

დილით ქრისტესმოყვარე ნეტარი ანასტასია ჩვეულებისამებრ ერთ-ერთ საპყრობილეში მივიდა, მაგრამ იქ, რომ ვეღარ ნახა ქრისტეს აღმსარებელნი, ხმამმაღლა აქვითინდა. როცა იქ მყოფმა ჯარისკაცებმა ჰკითხეს, ასე მწარედ რატომ სტირიო, მან უპასუხა:

- ჩემი ღმერთის მონებს ვეძებ, ისინი წუხელ ამ საპყრობილეში იყვნენ, ახლა კი არ ვიცი სად არიანო.

ჯარისკაცებმა დაინახეს, რომ ისიც ქრისტიანი იყო, მაშინათვე შეიპყრეს და ილირიის ოლქის მმართველს ფლორუსს წარუდგინეს. მმართველმა მას ჰკითხა:

- შენ ქრისტიანი ხარ?

წმინდა ანასტასიამ უპასუხა:

- ჭეშმარიტად ქრისტიანი ვარ. ის რაც შენ სიმყრალედ გეჩვენება, ჩემთვის ძვირფასია. ხოლო ქრისტიანის სახელი, რომელსაც თქვენ სამარცხვინოდ თვლით, ჩემთვის წმინდაა და დიდებულია.

მაშინ მმართველმა ანასტასიას წარმომავლობა გამოკითხა და როცა შეიტყო, რომ იგი ცნობილი რომაული გვარის წარმომადგენელი იყო, გაოცებულმა ჰკითხა:

- რამ გაიძულა, რომ დასტოვე დიდებული ქალაქი რომი, შენი სამშობლო და აქ ჩამოხვედი?

წმინდანმა უპასუხა:

- მაიძულა მე მარტოოდენ ჩემი უფლის ხმამ, რომელმაც თავისთან მომიწოდა. ყური ვუგდე ამ ხმას, დავუტევე სამშობლო, მეგობრები, ავიღე ჯვარი ჩემი ქრისტესი, და მხნედ, სიხარულით გავყვი ქრისტეს.

მმართველმა ამაზე თქვა:

- სად არის ის ქრისტე, რომელსაც შენ აღიარებ?

ანასტასიამ უპასუხა:

- არ არის ადგილი, სადაც შეიძლება ქრისტე არ იყვეს. ის ზეცაშია, ზღვაზე, ხმელეთზე, ის იმყოფება ყველასთან ვინც მას მოუხმობს და კრძალვა აქვს მისი, იგი განანათლებს მათ გონებას და ყოველთვის მათთან არის.

მმართველმა ჰკითხა:

- აბა, მითხარი, სად იმყოფება შენი ქრისტეს მოშიში ხალხი, რომელთაც ახსენებ? გვითხარი, რომ ჩვენც ვიცოდეთ ამის შესახებ.
წმინდანმა უპასუხა:

- ისინი აქამდე ჩვენს გვერდით, მიწაზე, ხორცში ცხოვრობდნენ, ახლა კი დაუტევეს ეს სამყარო, ზეცაში არიან და ზემოდან გვიცქერენ. ეს ნეტარება მათ ქრისტესთვის სიკვდილმა მოუტანა. მე ვისურვებდი, რომ იმავე გზით წავიდე, როგორც ისინი და მათ რიცხვს შევუერთდე.

მმართველს ცნობილ რომაელ ქალბატონს ვერაფერს უზამდა, ვიდრე ჯერ ამის შესახებ მეფეს არ მოახსენებდა. ამიტომაც, მან ყველაფერი აღწერა რაც ანასტასიას შეეხებოდა და განსაკუთრებული მოხსენება დიოკლეტიანეს გაუგზავნა. დიოკლეტიანე იცნობდა როგორც წმინდა ანასტასიას მშობლებსა და ქმარს, ასევე თვითონ მასაც. მიხვდა, რომ იგი მშობლების დატოვებულ ქონებას ღარიბ ქრისტიანებზე ხარჯავდა, და ბრძანა წმინდანი მასთან მიეყვანათ. როგორც თვალი მოჰკრა ანასტასიას, მაშინათვე ქონებაზე ჰკითხა, რადგან მას თავის ღმერთებზე მეტად სიმდიდრე უყვარდა.

- სად არის შენი სიმდიდრე რომელიც მამაშენისგან დაგრჩა?

წმინდანმა მხნედ უპასუხა:

- მე რომ რამე დამრჩენოდა საგანძურიდან და მამულებიდან, რომლითაც ჩემი ქრისტეეს მონებს მოვემსახურებდი, მაშინ თავს ხელში არ ჩავუგდებდი იმ ხალხს, რომელთაც ქრისტიანების სისხლი სწყურიათ. მაგრამ, ახლა გამომელია მთელი ჩემი ქონება, რომელიც მსხვერპლად შევწირე ქრისტეს და დამრჩა მხოლოდ ჩემი სხეული, ამიტომაც ვისწრაფვი ისიც ძღვნად მივუძღვნა ჩემს ღმერთს.

მეფე ხედავდა, რომ წმინდანი ასე თავისუფლად ესაუბრებოდა, დაინახა მისი მხნეობაც, ამიტომ ყველანაირი იმედი დაკარგა, რომ მას სიტყვით სძლევდა და რაიმეს მიიღებდა იმ სიმდიდრიდან, რომლის ამოწურვის შესახებაც სულ ახლახან შეიტყო. მეფეს მასთან საუბრის გაგრძელების შეეშინდა, რადგან მას იგი არ შეერცხვინა თავისი ბრძნული სიტყვებით, ამიტომაც ოლქის მმართველს ანასტასიას წაყვანა უბრძანა, ამასთან თქვა:

- მეფის დიდებულებას არ შეჰფერის უგუნურ დედაკაცს ესაუბროსო.

ოლქის მმართველმა წმინდა ანასტასიას ალერსიანად ჰკითხა:

- რატომ არ გინდა, რომ მამაშენივით მსხვერპლი შესწირო ღმერთებს, რატომ დაუტევე ისინი და და პატივს მიაგებ ქრისტეს? შენ ხომ მას არ იცნობ: ის დაიბადა იუდეველთა შორის და მათვე მოკლეს როგორც ბოროტმოქმედი.

ანასტასიამ უპასუხა:

- ჩემს სახლში იყო ღმერთები და ქალღმერთები, ოქროსი, ვერცხლის, სპილენძის. ვხედავდი, რომ ისინი უქმად იდგნენ და მხოლოდ ჩიტების ქანდარად გამოდგებოდნენ, და ობობების და ბუზების სამკვიდრებელნი იყვნენ. ამიტომაც ღმერთები და ქალღმერთები ცეცხლში ჩავყარე, გავათავისუფლე იმ უწმინდურებისგან, რაც ჩიტებმა, ობობებმა და ბუზებმა დაატყვეს. ცეცხლიდან ისინი ოქროს, ვერცხლის, სპილენძის მონეტებად გამომივიდნენ. ამ ფულით მრავალი მშიერი გამოვკვებე, შევმოსე შიშვლები, დავეხმარე უძლურებს, და შეჭირვებულებს. ამგვარად, იმ ღმერთებით უქმად და უსარგებლოდ რომ იდგნენ, სიკეთე მოვუტანე ბევრ ადამიანს.

ეს რომ მოისმინა ოლქის მმართველმა, განრისხებულმა წამოიძახა.

- შენს უღმერთო საქციელზე გაგონებაც კი არ მინდაო.

მაშინ წმინდანმა დაცინვით უპასუხა:

- გაოცებული ვარ შენი გონიერებით მსაჯულო. როგორ შეგიძლია ჩემს მოქმედებას უღმერთო საქციელი დაუძახო. ამ უსულო კერპებში ერთი გრძნობა მაინც რომ იყოს, ანდა რაიმე ძალა, განა რა შეუშლიდათ, რომ დამანგრეველის ხელიდან თავი დაეღწიათ, ანდა შური ეძიათ ჩემზე, ანდა ბოლოს და ბოლოს, ეყვირათ და საშველად თქვენთვის მოეხმოთ? მათ არც კი იციან, რომ არსებობენ, არ იციან რას უშვრებიან.

მსაჯულმა წმინდანს სიტყვა შეაწყვეტინა და თქვა:

- ღვთებრივმა მეფემ შენზე გვიბრძანა, რომ ყველანაირი ზედმეტი საუბარი გადაგვედო, და ორიდან ერთი აგერჩია: ან დათანხმდები ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვას, ანდა ბოროტი სიკვდილით მოკვდები.

წმინდანმა უპასუხა:

- ქრისტესთვის სიკვდილი დაღუპვას კი არ ნიშნავს, არამედ საუკუნო სიცოცხლეში შესვლას.

ოლქის მთავარმა დაინახა, რომ დიდი ხნის საუბრების შემდეგ წმინდანი არა დრკებოდა, ამის შესახებ მეფეს მოახსენა. ძალზე განრისხებუულმა დიოკლიტიანემ იმაზე დაიწყო ფიქრი, რა ექნა ანასტასიასთვის. გარემოცვიდან ერთ-ერთმა მეფეს ურჩია, რომ წმინდანი კაპიტოლიუმის ქურუმისთვის (კაპიტოლიუმი რომის ცენტრალური სიმაგრე იყო, სადაც თავმოყრილი გახლდათ იმპერიის სახელმწიფო დაწესებულებები, აქვე მდებარეობდა კაპიტოლიუმის იუპიტერის ტაძარი, რომლის უმაღლესი ქურუმიც დიდი გავლენით და პატივით სარგებლობდა სახელმწიფოში. თვითონ სენატის სხდომები ხშირად კაპიტოლიუმში იმართებოდა) ულპიანესთვის გადაეცა, რათა მას დაეყოლიებინა ქრისტეზე უარი ეთქვა, თუ იგი არ დათანხმდებოდა, სიკვდილით დაესაჯა და მისი დარჩენილი ქონება კაპიტოლიუმის ტაძრისთვის დაეტოვებინა. მეფეს ეს რჩევა მოეწონა და წმინდა ანასტასია ყველა ღმერთის უმაღლეს ქურუმს ულპინიანეს გადასცა. ულპინიანემ წმინდა ანასტასია თავის სახლში პატივით მიიყვანა, ცდილობდა, მოფერებით უფრო მოენადირებინა, ვიდრე მუქარით. დიდი ხნის ალერსიანი საუბრის შემდეგ იგი არჩევანის წინაშე დააყენა, წინ დაუწყო ურთიერთსაპირისპირო ნივთები, ამსოფლური საგანძური და წამების იარაღები: ერთ მხარეს იდო ძვირფასი ქვები, მეორე მხარეს ორლესული დანა, აქეთ ოქროს საწოლი, ძვირფასი ბროლის ნაკეთობებით მორთული, და იქით ნაკვერჩხლებით ავსებული რკინის გავარვარებული ცხედარი, აქეთ მონისტები, თოკზე ასხმული მონეტები, რომელსაც როგორც სამკაულს ყელზე იკეთებდნენ რომაელი ქალბატონები, ოქროსი და მარგალიტის საყურეები და საპირისპირო მხარეს, ბორკილები, რკინის ხუნდები, იქით ბრწყინვალე სარკეები და ქალის კოსმეტიკის საშუალებები და მეორე მხარეს რკინის რქები და სავარცხლები, რომლითაც ჩვეულებისამებრ სხეულსა გლეჯდნენ, ერთ მხარეს ძვირფასი სამოსი და მეორე მხარეს ნამსხვრევები და ხის ნახერხი, რომლითაც ჯალათები ჩვეულებისამებრ მოწამეებს ჭრილობებს უმიზეზებდნენ.

ასე რატომ მოიქცა ეს მზაკვარი და ბოროტი ადამიანი? რატომ დადო ფუფუნების საგნების საპირისპიროდ ტანჯვა-წამების იარაღები, სასიხარულოს საპირისპიროდ სასოწარკვეთის შიშის მომგვრელი შემაძრწუნებელი საგნები? იმისთვის, რომ ეცთუნებინა ანდა შეეშინებინა ქრისტეს სარძლო. მაგრამ წმინდა ანასტასია ამას ყურადღება არ მიაქცია, მას არ სურდა სიმდიდრე, სამკაულები, არ ეშინოდა და არ გაურბოდა ძრწოლისა და სასოწარკვეთის მომტან საგნებს, ის უფრო დიდი ხალისით უცქერდა წამების იარაღებს, ვიდრე ქალის სამკაულებს. Aმგვარად, გულქვა ჯალათს შეემთხვა ის რაზეც გვეუბნება წინასწარმეტყველი: "უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი"(ფსალმ. 36:12), და მზაკვარმა ქურუმმა ვერ გულისხმაჰყო, რომ ყველაფერი თავისდა შესარცხვენად გააკეთა: რამეთუ წმინდა ანასტასიამ მაშინ უფრო მეტი მხნეობა და ქრისტეს სიყვარული აჩვენა, რამეთუ გამოჩნდა მთელი ამაოება წარმართი ქურუმის მზაკვრული ჩანაფიქრისა და მცდელობისა. მაშინ მან უთხრა წმინდანს:

- ამ ორივე მხარიდან აირჩიე, რომელიც გინდა.

წმინდანმა შეხედა წინ დაწყობილ ფუფუნების საგნებსა და საგანძურს და თქვა:

- სატანავ, ეს ყველაფერი შენია და შენი მსახურების, რომელთან ერთადაც საუკუნო სატანჯველი მოგელის.

ხოლო, მერე შეხედა ბორკილებს და ტანჯვის იარაღებს და წარმოთქვა:

- ამგვარი საგნების გარემოცვაში, უფრო მშვენიერი და სასურველი გავხდები, ჩემი სასიძო ქრისტესთვის. ამას ავირჩევ და იმას კი უარვყობ, ეს მიყვარს ჩემი საყვარელი უფლის გამო, ის კი მძულს.

მაშინ ქურუმმა დაინდო იგი და იმ იმედით, რომ იგი გადაწყვეტილებას შეიცვლიდა, სამი დღე მისცა მოსაფიქრებლად. მაგრამ, მოწამემ დამწუხრებულმა უთხრა:

- რატომ გადავდოთ? რატომ არ გინდა ეხლა მაწამო? ჩემგან სხვას ვერაფერს გაიგონებ, მხოლოდ იმას რასაც ეხლა გეტყვი: მე მსხვერპლს არ შევწირავ შენს ღმერთებს, არ ავასრულებ შენს და შენი მეფის ნებას; მე ქების მსხვერპლს შევწირავ საუკუნეთა მეუფეს, ჩემს ერთადერთ უკვდავ ღმერთს, რომლისათვისაც საკუთარ სულს დავდებ. ტანჯვა კი რომლითაც მემუქრები, არაფრად არ მიმაჩნია, და სხვა არაფრის შეძენა არ მსურს, მხოლოდ ერთი ქრისტესი, რომელშიცაა საუკუნო ცხოვრება.

ქურუმმა ჰკითხა:

- ნუთუ შენ ქრისტეს მსგავს სიკვდილს აირჩევ?

მოწამემ "ქრისტეს მსგავსი სიკვდილი", რომ მოესმა, სიხარულით ავსებულმა თქვა:

- ამენ, ამენ! დაე ასე იყოს ჩემზედა, ქრისტე, მეუფეო ჩემო!

ქურუმმა ჰკითხა:

- სიტყვა "ამენ"რას ნიშნავს?

წმინდანმა უპასუხა:

- შენ ღირსი არა ხარ წარმოთქვა სიტყვა "ამენ"ანდა მისი მნიშვნელობა შეიტყო ("ამენ"- ებრაული სიტყვაა და ნიშნავს "ჭეშმარიტად~). გონიერ კაცთაგან არავინ ჩაასხამს ძვირფას მირონს თიხის ჭურჭელში.

მაშინ ულპინიანემ ბრძანა, წმინდა ანასტასია სამი დღით მის ნაცნობ ქალებთან წაეყვანათ, რომლებიც ადრე მისი მეზობლები იყვნენ და მეგობრობდნენ მასთან. ულპინიანეს იმედი ჰქონდა, რომ ისინი წმინდა ანასტასიას მამა-პაპათა "ღმერთებს"დაუბრუნებდნენ. რაღა არ ქნეს ამ უწმინდურმა და მზაკვარმა ქალებმა! რამდენი ეფერნენ, რა არ ურჩიეს წმინდანს, მოაგონებდნენ ამა სოფლის სიტკბოებას და მშვენიერებას! მაგრამ წმინდანი თითქოს ყრუ იყო და არაფერი ესმოდა და მუნჯივით სიტყვა არ დასცდნენია ბაგეთაგან. სამი დღე პირში არაფერი ჩაუშვია, არც საჭმელი, არც სასმელი, მხოლოდ გულში მოუხმობდა სასურველ სასიძოს, ქრისტეს. სამი დღის მერე, უმაღლესმა ქურუმმა ულპინიანემ როცა დაინახა, რომ წმინდა ანასტასია მტკიცედ აღიარებდა ქრისტეს სარწმუნოებას და შეურყევლად იდგა ვითარცა სვეტი და შეუძვრელად ვითარცა მთა, მისი წამების ბრძანება გასცა. მაგრამ, თავიდან წმინდა ანასტასიას სილამაზით მოხიბლულმა, ამ გულქვა კაცმა ქრისტეს უბიწო მტრედის შებილწვა მოისურვა ძალადობით. თუმცა, როგორც ამ უწმინდურმა ანასტასიასთვის ხელის შეხება დააპირა, უეცრად დაბრმავდა, საშინელი თავის ტკივილისგან გიჟივით დაიყვირა და თავის ღმერთებს დახმარება სთხოვა. მან მსახურებს უბრძანა, წარმართულ ტაძარში წაეყვანათ იმ იმედით, რომ დაეხმარებოდნენ ისინი, რომელთაც ის ემსახურებოდა. თუმცა დახმარების ნაცვლად უფრო დიდი ვნება მიიღო, სიცოცხლის მაგივრად სიკვდილის გემო იხილა და თავის ღმერთებთან ჯოჯოხეთში გადასახლდა. ამ სასწაულის შესახებ ამბავი ბევრმა შეიტყო, ხოლო წმინდა ანასტასია განთავისუფლდა. ულპინიანეს სახლიდან გამოსული წმინდა ანასტასია თავის სულიერ დასთან, თეოდოტიასთან წავიდა, რომელიც ჯერ კიდევ ოლქის მმართველის ლავკადიოსის სახლში იმყოფებოდა და მას ყველაფერი მოუყვა რაც დაითმინა. იმ სასწაულზეც მოუთხრო, ღმერთმა მის მიერ რომ აღასრულა და თავისი მოწყალება აჩვენა. ამ ამბის შემდეგ, მალევე, ლავკადიოსი ბითინიიდან დაბრუნდა. მან კვლავ, ძველებურად, ხან ალერსით და ხანაც მუქარით სცადა თეოდოტიას დაყოლიება - უწმინდური ღმერთებისთვის თაყვანი ეცა და ცოლად გაჰყოლოდა.ბოლოს, როცა მისმა ყველა ძალისხმევამ ამაოდ ჩაიარა და ხედავდა, რომ წარმატებას ვერ მიაღწევდა ანასტასიას იქ ყოფნის გამო, უფრო გაუსასტიკდა გული და განრისხებულმა წმინდა ანასტასია დაბორკილი სამსჯავროს გადასცა, ხოლო თეოდოტია, თავის ბავშვებთან ერთად გაკოჭილი ბითინიაში ანთიპატ ნიკიტას გაუგზავნა და წერილით ყველაფერი მოუთხრო თეოდოტიას შესახებ.

როცა ნეტარი თეოდოტია ამ პროკონსულს მიუყვანეს, ის დაკითხვისას წამებით დაემუქრა. რაზეც პატარა ბიჭმა, თეოდოტიას უფროსმა ვაჟმა, ევოდმა, პროკონსულს უთხრა:

- მსაჯულო, ჩვენ არ გვეშინია ტანჯვისა, რომელიც სხეულს უხრწნელებას აძლევს, ხოლო სულს უკვდავებას. ჩვენ მხოლოდ ღმერთის გვეშინია, რომელსაც ძალუძს სულისა და ხორცის გეენიაში ჩააგდოს.

მსაჯულმა მისი ნათქვამი, რომ მოისმინა, ბრძანა ბიჭი დედის თვალწინ სასტიკად, უმოწყალოდ გაეროზგათ. დედა უცქერდა ამას, ხარობდა და შვილს ღვთაებრივი სიტყვებით გააძლიერებდა, არწმუნებდა, ყოველგვარი ტანჯვა მხნედ დაეთმინა. ამის შემდეგ გაკოჭილი თეოდოტია შესაბილწად ვინმე ურცხვ კაცს, გირკანს, გადასცეს. მაგრამ, როგორც კი გირკანი ღვთის კეთილგონიერ მხევალს მიუახლოვდა და მის შესახებად ხელი გაიწვდინა, უცბად ქალის გვერდით ნათლით მოსილი ჭაბუკი იხილა, რომელმაც მკაცრად შეხედა მას, სახეში ისე ძლიერ გაარტყა, რომ დაუსისხლიანა. ამ სასწაულის თვითმხილველი ათიპატიც იყო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მას ღმერთი შეეცნო, რომელიც უმანკოებას იცავს, უფრო მეტად გადაირია, და ეს ჯადოქრობას დააბრალა. მან ბრძანა, ღუმელი რაც შეიძლება ძლიერ გაეცხელებინათ და თეოდოტია თავის სამ შვილთან ერთად შიგ შეეგდოთ. წმინდა თეოდოტია თავის მუცლის ნაყოფებთან ერთად კეთილსასურველ მსხვერპლად შეეწირა ღმერთს. წმინდა თეოდოტიას და მისი ვაჟების მოწამეობის ადგილი გახლდათ ბითინიის ქალაქი ნიკეა.

ამ დროს წმინდა ანასტასია ილირიის მმართველს ჰყავდა დაბორკილი.

ამ ვერცხლისმოყვარე კაცმა შეიტყო, რომ წმინდა ანასტასია ძალაინ მდიდარი იყო, ბრძანა, იგი ჩუმად მოეყვანათ მასთან და უთხრა:

- მე ვიცი, რომ მდიდარი ხარ, ბევრი ფული და ადგილ-მამული გაქვს. ამასთან ქრისტეს სარწმუნოებას აღიარებ, რაც შენ თვითონვე თქვი. აასრულე ქრისტეს მცნება, რომელიც გიბრძანებს, შეიძულო ყველა სიმდიდრე და დაგლახაკდე. დამითმე ქონება და გამხადე შენი მამულების მემკვიდრე. გააკეთე ეს, რათა ორმაგი სიკეთე მიიღო: აასრულებ ქრისტეს მცნებას და ჩემს ხელთაგან განთავისუფლდები. წახვალ და უშიშრად მოემსახურები შენს უფალს.
ბრძენმა ანასტასიამ კეთილგონივრულად უპასუხა:

- სახარებაში წერია ჩემი უფლის ნათქვამი: "უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე"(მათე 19:21). იმდენად უგუნური ვინ იქნება, რომ შენ მდიდარ ადამიანს მოგცეს ის რაც გლახაკებს ეკუთვნის? ვინ იქნება ისეთი განუსჯელი, რომ შენ ფუფუნებაში ჩაძირულს, ამა სოფლის სიტკბოებით დამტკბარს, გლახაკთა საჭმელი მოგცეს? თუ მე შენ გიხილავ მშიერს, მწყურვალს, შიშველს, ავადმყოფს, ანდა საპყრობილეში ჩაგდებულს, მაშინ ისე მოგექცევი, როგორც მიბრძანა ჩემმა ქრისტემ: გამოგკვებავ, დაგარწყულებ, ჩაგაცმევ, მოგემსახურები, დაგეხმარები ყველაფრით რაც დაგჭირდება (შდრ. მათე. 26:34-35).

მმართველი განრისხდა ამ სიტყვებზე და გამძვინვარებულმა ბრძანა წმინდანი საშინელ საპყრობილეში ჩაეგდოთ და მისთვის ერთი თვე საჭმელი არ მიეტანათ. მაგრამ, წმინდანი თავისი იმედით - ქრისტე უფალით იკვებებოდა: ის იყო მისთვის უტკბილესი საკვები და ნუგეში მწუხარებისას. ყოველ ღამე მას წმინდა თეოდოტია ეცხადებოდა, რომელიც სიხარულით აუვსებდა გულს და გააძლიერებდა. ანასტასია ბევრს ესაუბრებოდა წმინდანს და მრავალ რამეზე ეკითხებოდა. ერთხელაც ჰკითხა:

- სიკვდილის შემდეგ როგორ მოდიხარ ჩემთან?

თეოდოტიამ მას აუხსნა:

- მოწამეთა სულებს ღვთისაგან მინიჭებული აქვთ განსაკუთრებული მადლი, რათა ამ წუთისოფელის დატოვების შემდეგ, შეეძლოთ, მივიდნენ მათთან, ვისთანაც მისვლას მოისურვებენ და ესაუბრონ და ანუგეშონ მათ.

ოცდაათი დღის გასვლის შემდეგ მმართველმა როცა იხილა, რომ ანასტასია შიმშილმა ვერ დააუძლურა, ჯანმრთელი და ნათელი სახით გამოიყურებოდა, დარაჯებზე განრისხდა, იფიქრა, რომ ისინი საჭმელს აწვდიდნენ. ბოლოს, მისი ბრძანებით, წმინდანი უფრო მტკიცე საპყრობილეში ჩააგდეს. მმართველმა საპყრობილის შესასვლელი თავისი ბეჭდით დაბეჭდა, ყველაზე ერთგული დარაჯები დაუყენა და წმინდა ანასტასია ოცდაათი დღის მანძილზე კვლავ შიმშილით აწამა. წმინდა ანასტასია ამ ხნის მანძილზე მხოლოდ საკუთარი ცრემლებით იკვებებოდა და გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს. ოცდაათი დღის შემდეგ მმართველმა ანასტასია საპყრობილიდან გამოიყვანა და დაინახა, რომ მას სახე ისევ არ შეცვლოდა, მაშინ მას სხვებთან ერთად ტანჯვა-წამება და სიკვდილი მიუსაჯა. ყველანი ზღვაში უნდა ჩაეხრჩოთ.

მისჯილებს შორის იყო ერთი ღვთისმოსავი კაცი, სახელად ევტიქიანე, მას ქრისტეს გამო მთელი ქონება ჩამოართვეს და ახლა სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. და აი, ჯალათებმა ყველანი გემზე დასვეს და მათთან ერთად ზღვაში შეცურეს. როცა კარგად შევიდნენ ჯარისკაცებმა გემს ნახვრეტები გაუკეთეს, თვითონ კი ნავში ჩასხდნენ და ნაპირისკენ გასცურეს. და როცა ხომალდი უკვე უნდა ჩაძირულიყო, უეცრად იქ მყოფებმა იხილეს წმინდა თეოდოტია, რომელიც იალქნებს მართავდა და გემი ნაპირისკენ მიჰყავდა. მართლაც, მალე გემი მიადგა ნაპირს. სასჯელმისჯილებმა როცა ნახეს, რომ დახრჩობას გადაურჩნენ, გაოცებულები ფეხებში ჩაუვარდნენ ორ ქრისტიანს, ევტიქიანეს და ანასტასიას და ქრისტეს რწმენასთან ზიარება სთხოვეს. მათ ისინი მონათლეს. ყველა ვინც გადაურჩა ზღვაში დახრჩობას და ქრისტე ირწმუნა ასოცი კაცი იყო. მმართველმა როცა ამის შესახებ შეიტყო, განრისხებულმა ბრძანა ყველა შეეპყროთ და ყველანაირი სატანჯველით ეწამებინათ. წმინდა ანასტასია ოთხ ძელზე გაჭიმეს და დაწვეს. წმინდა საკვრელთ დამხსნელმა ამგვარად დაასრულა, თავისი მოწამეობრივი ღვაწლი, განვიდა ხორცთაგან და ეღირსა სანატრელ ზეციურ თავისუფლებას. ეს მოხდა დაახლოებით 304 წლის 22 დეკემბერს. წმინდანის სხეული, რომელსაც ცეცხლმა ვერაფერი დააკლო, მმართველის ცოლს გამოსთხოვა ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, სახელად აპოლინარიამ და თავის ვენახში პატივით დაკრძალა. ხოლო შემდგომში, როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, მან წმინდანის საფლავზე ეკლესია ააშენა.
გავიდა კიდევ ბევრი წელი და წმინდა ანასტასიას პატიოსანი სხეული სასწაულებით განდიდდა. მაშინ ის დიდი პატივით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, რომ სატახტო ქალაქის მცველი და მფარველი ყოფილიყო.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat