წმინდა ბარბარე უდიდესი მეოხია უფლის წინაშე. წმინდა ბარბარეს ბავშვების მფარველად მიიჩნევენ და ევედრებიან პატარების უეცარი სიკვდილისაგან დახსნას.
ამასთან, ყველა ქალი და, განსაკუთრებით, ფეხმძიმენი, თვლიან წმინდა ბარბარეს თავიანთ ქომაგად - გამოსთხოვენ სულიერ და ფიზიკურ სიჯანსაღეს თავისთვის და შვილებისათვის.
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ბარბარეს (ახ. სტილით) 17 დეკემბერს მოიხსენიებს. ბარბარობას საქართველოში ლობიანებს აცხობენ და ასე აღნიშნავენ დიდი წმინდანის ხსენებას.
წარმართულ რომის იმპერიაში ქრისტიანობა სასტიკად იდევნებოდა. მას მონათა რელიგიას უწოდებდნენ, რადგან ქრისტეს მიმდევრების უმეტესობა დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ მოციქულების დროს ქრისტიანები თვით ნერონის სასახლეშიც კი იყვნენ (ქრისტიანი გახლდათ ნერონის მეუღლე პოპეა).
მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ნაკლებად იღებდნენ ქრისტიანობას, მაგრამ თუკი მიიღებდნენ, ძნელად თუ განეშორებოდნენ მას. მათ შორის იყო წმინდა დიდმოწამე ბარბარე, რომელიც ქრისტესთვის იმპერატორ მაქსიმიანეს დროს (305-311) ეწამა.
მამამისი, მდიდარი და დიდებული წარმართი დიოსკორე, ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იგი ადრე დაქვრივდა და მეუღლისაგან ერთადერთი შვილი - ბარბარე დარჩა.
დიოსკორეს ძალიან უყვარდა ასული და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარე უმშვენიერესი იყო, ამიტომ მამამ გადაწყვიტა, გარეშე თვალთაგან ფარულად აღეზარდა: ასული მაღალ კოშკში გამოკეტა და, წარმართი აღმზრდელების გარდა, მასთან არავის უშვებდა.
წმინდანი შვებას ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში პოვებდა: დღისით ტყიან მთებს, მშფოთვარე ნაკადულებს, ყვავილებით ნაირფერად მოჩითულ მინდვრებს გასცქეროდა, ღამით - ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.
მალე გოგონამ ამ უზარმაზარი და ჰარმონიულად შექმნილი სამყაროს პირველმიზეზსა და შემოქმედს დაუწყო ძიება. ერთხელაც თავის აღმზრდელებს ჰკითხა: ვისმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე?
და ისმინა პასუხი:
- ეს ყველაფერი ღმერთებმა შექმნეს.
ქალწულმა იკითხა:
- რომელმა ღმერთებმა?
- იმ ოქროსა და ვერცხლის ღმერთებმა, რომლებსაც მამაშენი ეთაყვანება; ყველაფერი, რასაც ხედავ, მათი შექმნილია, - უპასუხეს მონებმა. ამ სიტყვებმა გოგონა დააეჭვა და თავისთვის ამბობდა:
- ღმერთები, რომლებსაც მამაჩემი თაყვანს სცემს, ადამიანის ხელითაა შექმნილი. როგორ შეეძლოთ ამ ღმერთებს, უსულო კერპებს ასეთი ნათელი ცა და მიწიერი სილამაზე შეექმნათ?
ერთხელ, როცა ბარბარე ცას შეჰყურებდა და სურდა გაეგო, ვინ იყო ამ ზეციური სილამაზის შემქმნელი, უეცრად მის გულში ღვთაებრივი მადლის ნათელი აკიაფდა. და მან გულში თქვა:
- უნდა იყოს ისეთი ერთი ღმერთი, რომელიც ადამიანის ხელით არ შექმნილა, არამედ თავისთავად არსებობს და ყოველივე თავისი ხელით შექმნა; ერთი უნდა იყოს ის, ვინც განავრცო ზეცა, დააფუძნა დედამიწა და მაღლიდან მთელ ქვეყანას მზის სხივებით ანათებს, მთვარით და ვარსკვლავებით აბრწყინებს, მიწას კი ხეებით, სხვადასხვა ყვავილით რთავს და წყაროებით რწყავს. უნდა იყოს ისეთი ერთი ღმერთი, რომელიც ყოველივეს ფლობს, ყოველივეს განაგებს, აცოცხლებს და ყველაზე ზრუნავს.
ასე სწავლობდა ყრმა ბარბარე ქმნილების მეშვეობით შემოქმედის შეცნობას. კოშკში დამწყვდეულს სულით და გულით ეწადა, გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი, რომელიც "შორს როდია თვითოეული ჩვენგანისაგან" (საქმე 17,27) გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი.
ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული - ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.
ამასობაში ქალაქში გავრცელდა ხმა ბარბარეს მშვენიერების შესახებ და მრავალმა ჭაბუკმა იწყო მისი ხელის ძიება. დიოსკორემ ასულს შესთავაზა, მთხოვნელთა შორის თავად აერჩია გულისსწორი.
წმინდანმა მკაცრად მიუგო: "არა გიცნობიესა, მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე?" ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას.
მამამ ბარბარეს კოშკიდან გამოსვლის ნება დართო და მეგობრებისა და ახლობლების არჩევანის თავისუფლება მისცა. დიოსკორეს ბარბარესათვის განკუთვნილი ციხე-კოშკის მშენებლობა დასრულებული არ ჰქონდა. მან მუშებს ბაღში აბანოს აშენება და სამხრეთის კედელში ორი სარკმლის დატანება უბრძანა, თვითონ კი საქმეების გამო შორს გაემგზავრა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა დიდმოწამე ბარბარესთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი