დიდმოწამის წმინდა ნაწილები
ქალაქში, სადაც წმინდა ბარბარე აწამეს, ერთი კეთილმსახური კაცი ცხოვრობდა, სახელად გელენტიონი.
მან აიღო წმინდა ბარბარეს პატიოსანი ნაწილები, ილიოპოლში წაასვენა და შესაფერი პატივით დაკრძალა. შემდგომში ამ საფლავზე ეკლესია აშენდა, სადაც მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
VI ს-ში წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსის (1081-1118) ქალიშვილმა, ბარბარემ, კიევის დიდ მთავართან, სვიატოპოლკ II იზიასლავის ძესთან (წმინდა ნათლისღებით - მიხეილი-მიქაელ სვიატოპოლი) ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა.
1108 წელს სვიატოსლავმა ყოფილი დიმიტრის მონასტრის ადგილას წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი დააფუძნა, ხოლო 1108-13 წლებში აშენდა ოქროს გუმბათიანი ტაძარი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კიევის, როგორც მთავარანგელოზი მიქაელის სამფარველო ქალაქისთვის და დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილებიც მთავარანგელოზის ეკლესიაში დაუბრძანებიათ.
ბათო ყაენის შემოსევების დროს წმინდა ნაწილები გადამალეს და მშვიდობიანობის დროს ისევ უკან დააბრუნეს.
1644 წელს კიევის მიტროპოლიტმა პეტრე მოგილამ დიდმოწამის თითის ნაწილი მიართვა პოლონეთის სამეფოს კანცლერს გიორგი ოსოლინსკის, ამავე დროს წმინდანის მარცხენა ხელი, დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა რა საბერძნეთში, გადაიტანეს პოლონეთის ქალაქ ლუცკში და დააბრძანეს მონასტრის ჯვართამაღლების ტაძარში.
1650 წელს კიევი აიღო ლიტველმა გეტმანმა იანუშ რაძივილმა და წმინდა ბარბარეს თითისა და ნეკნის ნაწილი მიიტაცა. აქედან ერთ-ერთი, წილად ხვდა მის ცოლს და მერე კიევის მიტროპოლიტს იოსებ ტუკალკს, მისი სიკვდილის შემდეგ წმინდა ნაწილი მოხვდა ქალაქ ბატურინის წმინდა ნიკოლოზის მონასტერში, სადაც მრავალ სასწაულსა და კურნებას აღასრულებდა.
1656 წელს კიევის მიტროპოლიტმა სილიბისტრომ წმინდა ბარბარეს ნაწილი გადასცა ანტიოქიის პატრიარქს მაკარის.
XVIII ს-ის დასაწყისში კიევის მიტროპოლიტმა იოასაფმა (კროკოვსკი) წმინდა დიდმოწამე ბარბარეს შეუდგინა დაუჯდომელი საგალობელი, რომელიც დღემდე იგალობება მის წმინდა ნაწილებთან.
1934-36 წლებში წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი განადგურდა და წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ნაწილები მუზეუმში გადაიტანეს.
1960 წლიდან კი დაბრძანებულია ქ. კიევის წმინდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. ქალწულმოწამის წმინდა ნაწილებთან მრავალი კურნება და სასწაულია დაკავშირებული.
1983 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თხოვნით, უკრაინაში ჩასულ ქართველი სამღვდელოების დელეგაციას კიევის მაშინდელმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა საჩუქრად გადასცა წმინდა ბარბარეს ნეკა თითის ნაწილი.
ეს სიწმინდე ამჟამად დასვენებულია თბილისის ქვემო ბარბარეს სახელობის ეკლესიაში. თუმცა, როგორც წყაროებით დასტურდება, ქართული ეკლესია უძველესი დროიდან ფლობდა ამ წმინდანის ნაწილს, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძრის კანკელის მარცხენა მხარეზე არსებულ სანაწილეში ყოფილა დასვენებული.
რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოაბრძანეს დიდმოწამე ბარბარეს ხატი, რომელშიც წმინდა ნაწილი იყო ჩაბრძანებული. ეს ხატი საპატრიარქოს შეწირეს და იქ არის დაცული.
ტროპარი:
ქალწულებითა გამშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.
სხვა ტროპარი:
ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.
კონდაკი:
სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.
წმინდა დიდმოწამე ბარბარესთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი