წმინდა ბარბარეს წამება
ბარბარეს უჩვეულო სილამაზით აღტაცებულმა მმართველმა ქალწულს თავიდან მშვიდად და ალერსიანად დაუწყო ლაპარაკი, თან მის სილამაზესა და წარჩინებულობას აქებდა.
- მშვენიერო ქალწულო, - ეუბნებოდა, - მოწყალე იყავ საკუთარი თავის მიმართ და ღმერთებისადმი ჩვენთან ერთად გულითადი მსხვერპლის შეწირვა იჩქარე, რადგან მინდა შენდამი მოწყალე ვიყო, დაგინდო და ასეთი მშვენიერება ტანჯვისათვის არ გავწირო, მაგრამ თუკი ყურს არ დამიგდებ და მამას არ დაემორჩილები, ჩემს სისასტიკეს შეიტყობ.
წმინდა ბარბარემ უპასუხა:
- მე მხოლოდ ჩემს ღმერთს ვეთაყვანები, მხოლოდ მას ვწირავ მსხვერპლს - ლოცვებს და მინდა თავადაც მისი მსხვერპლი ვიყო, რადგან ის - ცისა და მიწის შემქმნელი ჭეშმარიტი ღმერთია, თქვენი ღმერთები კი არარაობანი არიან და თქვენი მათზე დამყარებული იმედიც ამაოა.
წმინდანის ნათქვამმა მმართველი განარისხა და ბარბარეს გაშიშვლება ბრძანა, რაც სუფთა, უმწიკვლო და წმინდა ქალწულისათვის მძიმე ჭრილობებზე არანაკლები ტანჯვა იყო.
შემდეგ მტარვალმა მისი მიწაზე დაწვენა და ხარის ძარღვების მათრახით ცემა ბრძანა. მიწა მისი სისხლით ირწყვებოდა, ჭრილობებზე კი ბალანს და თიხის ნატეხებს უსვამდნენ, რათა ტკივილი გაძლიერებოდა.
ყველა ამ ტანჯვამ ვერ შეარყია მოწამის ძლიერი რწმენა, რომელიც როგორც კლდეზე, უფალ იესო ქრისტეზე იყო დამყარებული, რომლის გამოც ის ასეთ ტანჯვას ითმენდა.
ამის შემდეგ მმართველმა მისი საპყრობილეში წაყვანა ბრძანა და ახალი სატანჯველის მოფიქრებას შეუდგა.
წმინდა ბარბარეს ჭრილობებისაგან სული ძლივს ედგა. საპყრობილეში უფალ იესო ქრისტეს ევედრებოდა და დავით წინასწარმეტყველის მსგავსად ხმობდა: "ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა" (ფსალმ. 37, 21-22).
ლოცვის ჟამს უეცრად ნათელი გამობრწყინდა და წმინდანმა გულში გამოუთქმელი სიხარული იგრძნო, მას იესო ქრისტე გამოეცხადა, რომელმაც უთხრა:
- "ბარბარე, იღვაწე და ნუ შეშინდები! მე შენთან ვარ და გიფარავ, შენს ღვაწლს ვუმზერ და ტანჯვას გიმსუბუქებ. შენ საუკუნო სიხარული გელის ჩემს ზეციურ სასუფეველში".
ასე ანუგეშა უფალმა თავისი საყვარელი მოწამე ბარბარე და მისი ჭრილობები ისე განკურნა, რომ მათგან კვალიც არ დარჩენილა.
დილით, როცა წმინდა ბარბარე კვლავ მმართველის წინაშე წარდგა, ყველამ დაინახა, რომ ქალწული ჯანმრთელი იყო, სახე ნათელი ჰქონდა და უწინდელზე უფრო მშვენივრად გამოიყურებოდა. მმართველმა მას უთხრა:
- ხედავ, ასულო, როგორ ზრუნავენ შენზე ჩვენი ღმერთები! ჯერ კიდევ გუშინ სასტიკად ნაგვემი იყავი, დღეს კი უწინდელზე უკეთესი ჯანმრთელობა მოგცეს. ემადლიერე, თაყვანი ეცი და მსხვერპლი შესწირე!
წმინდანმა უპასუხა:
- რას ამბობ, მმართველო! შენს ბრმა, უტყვ და უგრძნობ ღმერთებს ავადმყოფთა კურნება და მკვდართა აღდგინება სად შეუძლიათ! მათ არც ჩემი გამოჯანმრთელება შეეძლოთ და რისთვის ვემადლიერო? მე ჩემმა ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ გამამრთელა. ის არის ყოველგვარ სნეულებათა მკურნალი და მკვდართათვის სიცოცხლის მიმცემი. მას მადლიერებით ვეთაყვანები და მსხვერპლად საკუთარ თავს ვწირავ.
წმინდანის ამ სიტყვებმა მმართველი საშინლად განარისხა. მან მისი ხეზე დაკიდება და რკინის კაუჭებით სხეულის დასერვა ბრძანა. წმინდა ბარბარე ყოველივეს უდრეკი სიმამაცით ითმენდა. შემდეგ თავში ჩაქუჩი ჩასცხეს. ამას არათუ ყმაწვილი ქალი, ღონიერი მამაკაციც ვერ გადაურჩებოდა ცოცხალი, მაგრამ მოწამეს ქრისტეს ძალა განამტკიცებდა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი