"დადგა თუ არა დღე... მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თვისთა - იმდენს, რამდენ ტომადაც განიყოფა ისრაელი, რათა ახალი აღთქმისთვის გამორჩეულ ხალხსაც ჰყოლოდა თორმეტი სულიერი წინაპარი - და უწოდა სახელად მოციქულები ანუ წარგზავნილები სახარების საქადაგებლად. ყველა მათგანი ისრაელი იყო და არა წარმართი, ელინი თუ უცხოელი, რადგან სწორედ აბრაამის შთამომავალთაგან უნდა გავრცელებულიყო ღვთის კურთხევა მთელ კაცობრიობაზე. და მისცა მათ ხელმწიფება სულთა ზედა არაწმიდათა, რათა განასხმიდნენ მათ და განჰკურნებდნენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. მისცა სასწაულთა მოხდენის მადლი, რათა საკვირველი საქმეებით მათი ახალი სწავლებისადმი მიეპყროთ ყურადღება".
"როგორ განდევნიდნენ ისინი უკეთურ სულებს? - კითხულობს წმინდა იოანე ოქროპირი და თვითონვე უპასუხებს: - მისი ბრძანებითა და უფლებით. შეხე, რა დროულად წარგზავნა მან ისინი! თავიდანვე კი არა, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა უკვე კარგა ხნის შედგომილნი იყვნენ და ნანახი ჰქონდათ, როგორ აღადგინა მან მიცვალებული, დააცხრო ღელვა ზღვისა, განდევნა ეშმაკნი, განკურნა განრღვეული, შეუნდო შეცოდებანი, განწმინდა კეთროვანი. როცა სიტყვითა თუ საქმით საკმაოდ დარწმუნდნენ უფლის უძლეველობაში, მერეღა წარავლინა ისინი გმირობათა ჩასადენად, თუმცა არასახიფათო გმირობათა, რადგან იმხანად არავითარი საფრთხე არ იყო პალესტინაში, არამედ მხოლოდ ხალხის მიერ გაკიცხვა და ავად ხსენება იყო მოსალოდნელი.
მოკლედ, უფალმა მათ წინასწარ აუწყა განსაცდელთა შესახებ, რათა ადრევე მოემზადებინა ისინი".
ადრე წმინდა მათე საკუთარ გამორჩევას, პეტრესა და იოანეს ძმებთან ერთად მოწოდების ამბავს აღწერს, ახლა კი სახელით იხსენიებს თითოეულ მოციქულს, რათა გააფრთხილოს მორწმუნენი და ცრუმოციქულთგან დაიცვას. "ხოლო ათ-ორ-მეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად, გამორჩევის დროის მიხედვითა და მოციქულთა შორის თავისი მდგომარეობით - სვიმონ, რომელსა ეწოდა თვით უფლისგან პეტრე ანუ კლდე რწმენის სიმტკიცის აღსანიშნავად, და ანდრია, ძმა მისი; იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა მისი; ფილიპე და ბართლომე, იგივე ნათანაელი; თომა ანუ დიდიმი, რაც ტყუპისცალს ნიშნავს, და მათე მეზვერე, იგივე ლევი ალფესი, იაკობ ალფესის ძმა (აქ წმინდა ოქროპირი შენიშნავს: "წმინდა მათე საკუთარ თავზე მაღლა აყენებს თომას, რომელიც მასზე ბევრად დაბლა იდგა"); იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს. იგი იწოდებოდა კიდევ იუდა იაკობისად, იუდა ისკარიოტელისგან განსხვავებით; სვიმონ კანანელი - ალბათ ქალაქ კანას სახელის მიხედვით იხსენიებოდა იგი, ანდა იმიტომ, რომ კანონის მტკიცე დამცველი იყო (ამიტომაც სხვა მახარებლებთან იგი ბერძნულად ზილოტად იწოდება, რადგან სიტყვა "კანანიტი" ებრაულად იმავეს ნიშნავს, რასაც ბერძნულად ზილოტი - მოშურნეს; და იუდა ისკარიოტელი".
"მახარებელი მათე, - წერს წმინდა ოქროპირი, - ჩამოთვლის მოციქულებს არა ღირსების მიხედვით, არამედ როგორც მოხვდება; ამასთან, როცა გამცემამდე მიდის, მას მტერსა და მოწინააღმდეგეს კი არ უწოდებს, არამედ ქალაქის მიხედვით ისკარიოტელად მოიხსენიებს, თუმცა არ ერიდება ამის თქმასაც: "რომელმანცა განსცა იგი". ასეა, მახარებლები არასოდეს არაფერს მალავენ, საძრახისსა და გასაკიცხსაც კი".
თორმეტი გამორჩეული მოციქულის სახელების ჩამოთვლის შემდეგ წმიდა მახარებელი განაგრძობს: "ესე ათორმეტნი, რომელთაგან ოთხი იყო უბრალო მეთევზე, ორი - მეზვერე: მათე და იაკობი, - და ერთიც გამცემი, - წარავლინნა იესომ თავისი სახარების საქადაგებლად. ამისთვის მან გამოარჩია არა მდიდარნი და წარჩინებულნი, არა სწავლულნი, არამედ სრულიად უბრალო ხალხი, სუფთა სულითა და გულით, რომელთაც შესწევდათ უნარი, მიეღოთ მისი მადლიანი სწავლების მარცვლები. უფალმა იცოდა, რომ სწავლულმა მწიგნობრებმა და სჯულისმეცნიერებმა, მღვდლებმა და ფარისევლებმა დაამახინჯეს სულიერებაზე თავიანთი წარმოდგენა და ამიტომ აღარ შესწევდათ უნარი, მისი ღვთაებრივი გამოცხადების კეთილმაუწყებლებად ქცეულიყვნენ. შემდგომში უფალმა სწავლულთაგანაც მოუწოდა ერთს - დიდ მოციქულ პავლეს. ამიერიდან იგი თავის მიერ უწყებულის ჭეშმარიტებაში არწმუნებს არა ბრძენთ, არამედ ჩვილთ - თავიანთი უბრალო, მორწმუნე გულების გამო. ისინიც მცირედ-მცირედ მაღლდებიან სულით, იძენენ სისრულეს, პიროვნულს ივიწყებენ. მაცხოვარმა შეავსო მთელი მათი არსება, მათი გონება და გული და ეს თანდათან გარდაქმნის მათ, ხელახლა ბადებს მათ სულიერ ბუნებას, ვიდრე ბოლოს, უფლის ამაღლების შემდგომ, არ გარდამოვიდა მათზე წმინდა სული, რათა ახალ ადამიანებად ექცია ისინი.
მხოლოდ იუდა ისკარიოტელი აბნელებს ქრისტეს მოციქულთა ნათელ კრებულს თავისი სახელით. იგი მხოლოდ იმისთვის შეუდგა ქრისტეს, რომ მის მიწიერ სამეფოში გამორჩეულ ადგილზე ოცნებობდა. უფალმა გამოარჩია იგი, რათა მიეცა შესაძლებლობა გამოსწორებისა და განახლებისა. მოწაფემ არ ისურვა, ესარგებლა ყოველი სიკეთის სათავესთან სიახლოვეს ყოფნით და გვაჩვენა, რომ ღმერთი არ გადაარჩენს ცოდვილს იძულებით, თუ ცოდვილი მთელი გულით თავად არ ისურვებს გადარჩენას.
მივუბრუნდეთ სახარებას.
დადგა დრო, მაცხოვარს გამოცდით გაეცნო მოციქულებისთვის მათი მოვალეობანი და მსახურების სიძნელენი. მათი ქადაგება ჯერ მცირედით უნდა შემოზღუდულიყო - მხოლოდ ცათა სასუფევლის უწყებით. სწორედ ამით დაიწყეს ქადაგება იოანე წინამორბედმაც და თვით იესომაც. და როცა საქადაგებლად გზავნიდა, მათი სახით ამზადებდა არა მარტო სახარების მქადაგებლებს მთელი ქვეყნიერებისთვის, არამედ დიდ მოღვაწეებს. უფალმა მათ მისცა საჭირო დარიგებანი: "და მი-რა-ხვიდეთ, ჰქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა".
"ხედავ მათი მსახურების სიდიადეს? - წერს იოანე ოქროპირი, - ხედავ მოციქულთა ღირსებას? მათთვის არ უბრძანებიათ თხრობა რაიმე გრძნობიერზე, რაზეც მოსე და სხვა წინასწარმეტყველნი ლაპარაკობდნენ; მათ დაევალათ ლაპარაკი ახალ და უჩვეულო საგნებზე. ადრე ისინი ქვეყნიურ სიკეთეზე ქადაგებდნენ, ახლა კი ზეციურ სასუფეველზე. მაგრამ მხოლოდ ამით როდი გარდაემატებიან მოციქულები წინასწარმეტყველებს, არამედ მორჩილებითაც. ისინი არ ეურჩებიან უფალს, არ გაურბიან ბრძანებას, არამედ სრული მორჩილებით იღებენ ღვთის ბრძანებას. ესმოდათ საპყრობილეების, სასიკვდილო განაჩენების, თანამემამულეთაგან დევნის, საყოველთაო სიძულვილის შესახებ, იცოდნენ, რომ ყოველივე ამას მალე თვითონვე გამოსცდიდნენ... მაცხოვარი მათ მქადაგებლებად და სხვათათვის მადლის მიმცემებად განაწესებდა, თავად მათ დაუთმენელ უბედურებებს უწინასწარმეტყველებდა. "უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხმიდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მისცემდით", - ასწავლის იგი. ხედავთ, როგორ ზრუნავს მაცხოვარი მათ ზნეობაზე, როცა აჩვენებს, რომ სასწაულები კეთილი ზნეობის გარეშე არაფერს ნიშნავს?! იგი ამდაბლებს მათში მაღალ წარმოდგენას და ვერცხლისმოყვარეობისაგან იცავს, რათა არ იფიქრონ, რომ მათ მიერ მოხდენილი სასწაულები მათივე სათნოებათა ნაყოფია და არ გაამაყდნენ. ამიტომაც ამბობს: "უსასყიდლოდ მიგიღებიეს". თქვენ თქვენსას არაფერს აძლევთ მათ, ვინც თქვენგან მიღებას ელის; თქვენ ეს სიკეთენი მიიღეთ არა როგორც ჯილდო ან შრომის გასამრჯელო; ეს ჩემი მადლია. ასევე მიეცით მათაც, რადგან ამ სიკეთეს ფასს ვერავინ დაადებს. მე არაფერს ვითხოვ ჩემი კეთილი საქმეებისთვის; ასევე მოიქეცით თქვენც. როგორც ღმერთი არაფერს ითხოვს ხალხისგან, თქვენც ასევე მიუძღვენით ღმერთს თქვენი მსახურება".
უძველესი გადმოცემა გვაუწყებს, რომ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდგომ რამდენიმე წლის განმავლობაში მოციქულები იერუსალიმში ცხოვრობდნენ და საქადაგებლად მხოლოდ ახლომახლო ადგილებში მიმოდიოდნენ. სხვა ქვეყნებში ისინი მაშინ წავიდნენ, როცა სახარება მთელ იუდეაში გაისმა. წასვლის წინ მაცხოვრის მოწაფენი ერთად შეიკრიბნენ, ჯერ ილოცეს და შემდეგ წილი ყარეს, ვის სად ექადაგა. ზოგიერთი ძველი ავტორი იმასაც გვამცნობს, რომ ერთმანეთთან განშორების წინ მათ ღმრთაებრივი ზეშთაგონებით მრწამსის მოკლე სიმბოლო შეადგინეს, რომელიც რამდენიმე სიტყვით გადმოსცემდა საქადაგებელი მოძღვრების ძირითად არსს. ეს სიმბოლო, რომელიც ეკლესიის ისტორიაში მოციქულთა სიმბოლოს სახელწოდებითაა ცნობილი, 12 წევრისაგან შედგება: 1. მრწამს მამა ღმერთი ყოვლადძლიერი; 2. შემოქმედი ცისა და ქვეყანისა; 3. მრწამს იესო ქრისტე, მხოლოდშობილი ძე მისი, უფალი ჩვენი; 4. რომელიც სულიწმიდისაგან ჩაისახა და ქალწული მარიამისაგან იშვა; 5. პილატე პონტოელის დროს ევნო და ჯვარს ეცვა, მოკვდა და დაიფლა; 6. ჯოჯოხეთში ჩავიდა და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა; 7. ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით ყოვლისშემძლე მამა ღმერთისა; 8. მრწამს სული წმიდა; 9. საყოველთაო წმინდა ეკლესია; 10. კავშირი წმინდანთა; 11. აღდგომა ხორცისა; 12. მარადიული ცხოვრება.
როცა უფალმა მოციქულებს სახარების ქადაგება უბრძანა, არ დაუმალავს, რომ მისი სახელისათვის დევნა და სიძულვილი ელოდათ, მაგრამ ამავე დროს თავის ეკლესიასთან მუდმივად ყოფნა და ნუგეშისმცემელი სულიწმინდის გარდამოვლენაც აღუთქვა, რომელიც მორწმუნეებს სიმტკიცესა და მხნეობას მიანიჭებდა.
ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით შთაგონებულმა მოციქულებმა თავიანთი ვალი აღასრულეს და მიუხედავად მრავალი დამცირებისა, შეურაცხყოფისა და დევნისა, სახარება მთელ ქვეყანას მოჰფინეს. იერუსალიმში ისინი მხოლოდ დროდადრო ბრუნდებოდნენ, რათა ერთმანეთი ენახათ და ერთმანეთისთვის თავიანთი მოღვაწეობის შედეგები ეცნობებინათ, რის შემდეგაც კვლავ თავ-თავიანთ საქმეს უბრუნდებოდნენ.
წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ქრისტეს მოძღვრება იქადაგა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მცირე აზიაში, შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებში საქართველოსა და სკვითიაში (დღევანდელ რუსეთში), რომელსაც, იმის გამო, რომ მისი მცხოვრებნი უხეშობითა და სისასტიკით გამოირჩეოდნენ, თვით ყველაზე გაბედული მოგზაურებიც კი ერიდებოდნენ. ძველი მატიანენი გვაუწყებენ, რომ ანდრია პირველწოდებულმა ჭეშმარიტი სარწმუნოება ტავრიის ხერსონესში (დღევანდელი ყირიმის ნახევარკუნძული) იქადაგა, აქედან დნეპრს აუყვა და იმ ადგილამდე მიაღწია, სადაც დღეს კიევია. გადმოცემის მიხედვით, იქ მას მთაზე ჯვარი აღუმართავს და თავისი თანამგზავრებისთვის უთქვამს, რომ ამ ადგილას გაბრწყინდებოდა მადლი ღმრთისა, აღიმართებოდა წმინდა ტაძრები და ნათელი ჭეშმარიტი მთელ ქვეყანას მოეფინებოდა. მოციქულს ნოვგოროდამდეც მიუღწევია. როგორც ჩანს, სკვითები მას არ დევნიდნენ, მაგრამ არც ის ვიცით, ახალი სარწმუნოება მათგან ბევრმა ირწმუნა თუ ცოტამ.
სამაგიეროდ, წმინდა ანდრიას დიდი ტანჯვა მიაყენეს ქალაქ სინოპის მცხოვრებლებმა. აქედან მოციქული ბიზანტიონში გადავიდა, სადაც ეკლესია დააარსა და ეპისკოპოსად სტაქე დააყენა, რომელსაც პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში იხსენიებს. ამის შემდეგ იგი საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჩავიდა, სადაც მოწამებრივი აღსასრულის ღირსი გახდა. წმინდა ანდრიამ პატრაში მრავალი მოაქცია, მათ შორის - ამ მხარის მმართველის ძმა და მისი ცოლი. ეს რომ შეიტყო, განრისხებულმა მმართველმა მისი საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა, მაგრამ ღმრთაებრივი სიტყვის მოსმენას მოწყურებული ადამიანები მოციქულს საპყრობილეშიც აკითხავდნენ. ისე რომ, ქრისტიანთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა. მაშინ შეფიქრიანებულმა მმართველმა წმინდა ანდრია თავისთან იხმო და ყოველი ღონე იხმარა, რათა მას ქრისტე უარეყო. "როგორ შეიძლება რწმენა ადამიანისა, რომელიც, ვითარცა ბოროტმოქმედი, ჯვარს აცვეს?" - გაოცებით კითხულობდა იგი. მოციქული უხსნიდა, რომ უფალი ჯვარზე არა უძლურების გამო, არამედ თავისი ნებით, ადამის მოდგმის სიყვარულისა და ეშმაკის ტყვეობიდან მისი დახსნისთვის ეწამა, მაგრამ მმართველისათვის სიყვარულის გამო გაღებული მსხვერპლი გაუგებარი აღმოჩნდა და წმინდა ანდრიას ჯვარზე გაკვრა მიუსაჯა. იგი ვერ მიხვდა, რომ წამების ეს სამარცხვინო იარაღი, მას შემდეგ, რაც მასზე ქრისტე აღესრულა, უკვე კურთხეული იყო.
განაჩენი რომ მოისმინა, მოციქულმა ჯვრის სადიდებელი წარმოთქვა: "ო, ჯვარო, უკვე კარგა ხანია საყვარელო! ადამიანთაგან წამიყვანე და ჩემი თავი ჩემს მასწავლებელს გადაეცი. დაე, მან ვინც შენით მიხსნა, შენითვე მიმიღოს".
წამება რომ გაეხანგრძლივებინა, მმართველმა წმინდა ანდრიას ჯვარზე არა მილურსმვა, არამედ მიკვრა ბრძანა. ხალხი ღელავდა, რადგან მოციქულის შეყვარება უკვე მოესწრო. მრავალი მათგანი ყვიროდა: "რისთვის იტანჯება ეს წმინდა კაცი, მეგობარი უფლისა?" ჯვარზე გაკრული წმინდა ანდრია კი ისევ ხალხს მოძღვრავდა და ერთმანეთის სიყვარულს, პატიებასა და შენდობას უქადაგებდა. "სიკვდილის არ ეშინია მას, ვინც სიმართლისთვის კვდება, რადგან მისი მეშვეობით სასუფევლის ნეტარებას დაიმკვიდრებს. სიკვდილი მხოლოდ მათთვისაა საშიში, ვინც ამ ცხოვრებაში ცოდვის ტყვეობაში იმყოფება, რადგან მარადიული სასჯელი ელის. ძმებო, არ დაივიწყოთ, რასაც გასწავლიდით, გიყვარდეთ ჭეშმარიტი რწმენა და უფალი იესო ქრისტეს მცნებანი დაიცავით!" - მიმართავდა იგი ჯვრიდან მორწმუნეებს.
წმინდა ანდრია ორი დღე-ღამის განმავლობაში ეკიდა ჯვარზე და თავისი მასწავლებლის მსგავსად მხოლოდ სიყვარულისა და შენდობის სიტყვებს წარმოთქვამდა. მესამე დღეს აღშფოთებულმა ხალხმა მისი ჩამოხსნა მოითხოვა. ხალხის მღელვარებით შეშინებული მმართველი თვითონ მივიდა ჯვართან და ჯარისკაცებს მოციქულის ჩამოხსნა უბრძანა, მაგრამ წმინდა ანდრია ცოცხალი აღარ იყო. მან ლოცვით მიაბარა სული უფალს.
ანდრია პირველწოდებული დაახლოებით 70 წელს აღესრულა. წმინდა მოციქულს, რომლის წმინდა ნაწილებიც იტალიაში, ქალაქ ამალთეაში ბრძანდება, ეკლესია 30 ნოემბერს (ძვ. სტილით) იხსენიებს.
წმინდა მოციქულმა ფილიპემ (იგი არ უნდა გავაიგივოთ დიაკვან ფილიპესთან, რომელმაც იესოს მოძღვრება ეთიოპიელებს გააცნო) სახარება ჯერ გალილეაში, ხოლო შემდეგ საბერძნეთში იქადაგა, სადაც მრავალი სასწაული ჩაიდინა და მრავალი წარმართიც მოაქცია. საბერძნეთში მცხოვრები ებრაელები მოსაკლავად დაედევნენ, მაგრამ უფალი შეეწია: მის წინააღმდეგ ამხედრებული ებრაელები უეცრად დაბრმავდნენ და მხედველობა მხოლოდ მოციქულის ლოცვის მეოხებით დაუბრუნდათ.
საბერძნეთის დატოვების შემდეგ ფილიპემ ქადაგებით შორეული ქვეყნები - არაბეთი, ეთიოპია და პართია მოიარა. ბოლოს იგი დასთან, ქალწულ მარიამნასთან ერთად მცირე აზიას ეწვია, სადაც მოციქულებს - იოანე ღმრთისმეტყველსა და ბართლომეს შეხვდა. წმინდა მოციქულები ფილიპე და ბართლომე ფრიგიის ქალაქ იერაპოლისში ჩავიდნენ, სადაც მათ მრავალი წარმართი მოაქციეს და კერპთმსახურ ქურუმთა რისხვა დაიმსახურეს. ქურუმები იმან გააცოფა, რომ ახალი რელიგიური მოძღვრების გავრცელებამ მოსახლეობაზე მათი გავლენა საგრძნობლად შეასუსტა და, შესაბამისად, შემოსავლის წყაროც შეუმცირა. მათ ფილიპეს, ბართლომესა და მარიამნას ქალაქის მმართველთან უჩივლეს...
შესმენილი მოციქულები კერპის ბომონის მახლობლად ჯვარზე გააკრეს, ამასთან, ფილიპე - თავდაყირა. უცებ მოხდა საშინელი მიწისძვრა, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შეშინებულმა მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ ეს სტიქიური უბედურება მართალთა დასჯით განრისხებულმა ღმერთებმა დაატეხეს თავს და წამებულთა ჯვრებიდან ჩამოხსნა მოითხოვეს. ფილიპე, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უფალს თავის მტანჯველებს ავედრებდა, უკვე მკვდარი იყო. ბართლომემ წმინდა მოციქულის ნეშტი მიწას მიაბარა და თვითონ მოგზაურობა განაგრძო. მან ინდოეთამდე მიაღწია, სადაც კარგა ხნის შემდეგ მის მიერ დატოვებული სახარება აღმოაჩინეს. წმინდა ბართლომემ სომხეთში მეფის ასული განკურნა, რის საფასურადაც ხელმწიფემ დიდძალი ძღვენი გაუგზავნა, მაგრამ მოციქულმა არ მიიღო და შეუთვალა, რომ მას საჩუქრები კი არა, ადამიანთა სულები სჭირდებოდა, რათა ისინი ქრისტესათვის შეეძინა.
წმინდა მოციქულმა თომამ სახარება ინდოეთში, სპარსეთში, მიდიასა და პართიაში იქადაგა. მან მრავალი დევნა, შეურაცხყოფა და ტანჯვა გადაიტანა და ბოლოს ინდოეთში მოწამებრივად აღესრულა. წმინდა მოციქულის თავის ქალა, ეს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე ეკლესიისა, თბილისის სიონის ტაძარშია დაცული და მას მორწმუნენი თაყვანს სცემენ. მოციქულ თომას ეკლესია 6 ოქტომბერს იხსენიებს.
წმინდა მოციქულმა მათემ პირველმა დაწერა სახარება ებრაულ ენაზე. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს ქრისტეს ამაღლებიდან მერვე წელს, ხოლო სხვათა შეხედულებით შედარებით გვიან უნდა მომხდარიყო. მათეს სახარება მაშინვე ითარგმნა ბერძულ ენაზე, ფიქრობენ, რომ იგი ან თვითონ მათეს, ან იოანე ღვთისმეტყველს, ან იერუსალიმის ეპისკოპოს იაკობს უნდა ეთარგმნა.
წმინდა იაკობ ალფესი, მას შემდეგ, რაც სახარება იუდეაში, სირიასა და მესოპოტამიაში იქადაგა, ეგვიპტეში გადავიდა, სადაც მოწამებრივად აღესრულა ჯვარზე.
წმინდა იუდა იაკობისა ჭეშმარიტების სიტყვას იუდეაში, სამარიასა და იდუმეაში ქადაგებდა. მოციქულებთან პავლესა და შილასთან ერთად მან რამდენიმე ხანი ანტიოქიაში დაყო, ხოლო შემდეგ სპარსეთსა და არმენიას მიაშურა, სადაც, როგორც ეკლესიის ისტორიკოსები ფიქრობენ, 80 წლის მახლობელ ხანებში ჯვარზე გააკრეს და ისრებით დაცხრილეს. მოციქულმა იუდამ მოკლე საყოველთაო ეპისტოლე დაგვიტოვა, რომელიც დაახლოებით 67 წელს უნდა დაეწერა. წმინდა ეკლესია მას 19 ივნისს იხსენიებს.
წმინდა სიმონ მოშურნემ ქრისტეს მოძღვრება მესოპოტამიაში, ეგვიპტესა და მავრიტანიაში იქადაგა. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ მან არისტობულესთან ერთად, რომელიც მაცხოვრის ერთი სამოცდაათ მოწაფეთაგანი იყო, ბრიტანეთშიც იმოგზაურა, სადაც 10 მაისს მოწამებრივად აღესრულა.
იესო ქრისტეს საყვარელმა მოწაფემ, იოანე ღმრთისმეტყველმა, თორმეტ მოციქულს შორის ყველაზე დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მომავალში მასზე ცალკე გვექნება საუბარი, ამიტომ აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.
ლევან დავითაშვილმა
..................................................................................................................................................................
პირველი ისტორიული წყარო, პირველ ქრისტიანთა ცხოვრება
"მოციქულთა მოღვაწეობა დღესაც ნათლად ჩანს და მომავალშიც გაგრძელდება"
მტკიცეზე მტკიცეა მოციქულთა ბადენი!
როდის მოინათლნენ მოციქულები და ვის მიერ?
ქრისტეს პირველი მისიონერები ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში
მოციქულთა გზა
წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კე (25), წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა
სულხან-საბა ორბელიანი - სწავლა წმიდათა მოციქულთა დღესასწაულისა.