მოციქულთა სწორნი: მეფე მირიანი და დედოფალი ნანა (IV) - 01 (14) ოქტომბერი
მოციქულთა სწორნი: მეფე მირიანი და დედოფალი ნანა (IV) - 01 (14) ოქტომბერი
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით, მირიანი სასანიდების დინასტიის (სპარსთა მეფის ძეა), როდესაც ქართლში, მცხეთას ჩამოიყვანა მამამ და ცოლად შერთო ასფაგურ ქართლის მეფის ასული აბეშურა.

ასფაგური იმჟამად ოვსეთს წასულიყო სპარსთა წინააღმდეგ საბრძოლველად ოვსთა გადმოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაცვლილიყო და უმეფოდ დარჩენილ ქართლის ერისთავებს, ომი რომ აეცილებინათ, ქასრესთვის მისი ძე მიჰრანი გამოუთხოვიათ მეფედ. გაუხარდა ქასრეს უომრად ქართლის დამორჩილება.

ქართლის მეფედ დასმულ, მხევლისაგან ნაშობ მიჰრანს მისცა ქართლი, სომხეთი, რანი, მოვაკანი და ჰერეთი, დაუტოვა მამამძუძედ და ქართლის განმგებლად ერთგული მირვანოზი და შვიდი ათასი რჩეული მხედარი, რომლებიც იცავდნენ მცხეთას, მეფე მიჰრანს.

გადიოდა წლები. მიჰრანმა შეიყვარა ქართველნი და ქართული ენა, დაივიწყა სპარსული. ქართველნი მას მირიანს ეძახდნენ. მეფე მამაპაპისეულ ცეცხლთაყვანისმცემლობასაც მისდევდა და ქართველთა სათაყვანო კერპებსაც ამკობდა. ქართველთა სათნოყოფისთვის განამშვენა მეფე ფარნავაზის საფლავიც. 15 წლის იყო, როცა ცოლი გარდაეცვალა. აბეშურას სიკვდილით დასრულდა ქართლში ფარნავაზიანთა მეფობა და დედოფლობა.

შეწუხდნენ ქართველნი... მათ უყვარდათ მეფე მირიანი, ამიტომაც დარჩნენ მისი ერთგულნი. მირიანმა კი "ჰმატა კეთილსა ქართველთასა" და მოიყვანა ცოლად პონტოდან ილიღოტოსის ასული ნანა.

ორმოცი წლის იყო მეფე მირიანი, როცა გარდაიცვალა მამამისი ქასრე და სპარსეთის ტახტზე მირიანის ძმა, ბარტამი, ავიდა, ნაშობი ინდოთა მეფის ასულისაგან. მირიანს გულისსადებად მისცეს ჯაზირეთი, შამის ნახევარი და ადარბადაგანი. რამდენიმე წლის შემდეგ სომხეთში გამეფდა მეფე თრდატი.

მირიანს და თრდატს ომი ჰქონდათ ხოლმე ერთმანეთში, ხან ერთი სძლევდა, ხან - მეორე, მირიანს სპარსნი შეეწეოდნენ, სომხებს - ბერძნები. როცა სპარსეთის ტახტზე მირიანის მეორე ძმა ავიდა ბარტამის მაგივრად, შეითქვნენ ქართველნი და სპარსნი და მეფე თრდატი დაამარცხეს. გამარჯვებულმა ძმებმა საბერძნეთს მიაშურეს, დაიწყეს რბევა.

საგონებელში ჩავარდა მეფე კონსტანტინე. ქრისტესმოსავებმა მეფეს ურჩიეს, გაეკეთებინა ჯვარი და ომში წინ წარემძღვარებინა. მართლაც, ჯვრის წინამძღოლობით გაერთიანებულმა ბერძნულ-სომხურმა ლაშქარმა დაამარცხა სპარსელები და ქართველები. მირიანმა მშვიდობა სთხოვა კონსტანტინეს და დაჰპირდა, სპარსებს განვუდგებიო.

კონსტანტინე დიდმა მირიანის ძე, ბაქარი, მძევლად წაიყვანა, დაუზავდა მირიანს და სომეხთა მეფეც დააზავა მასთან - თრდატის მშვენიერი ასული სალომე ცოლად შერთო მირიანის ვაჟს, რევის. განუჩინა ორივე მეფეს მათი სამეფოს საზღვარნი და თავის სამეფოში დაბრუნდა.

მირიანმა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი მისცა და დასვა იგი უჯარმას, ხოლო ასულსა და სიძეს, ფეროზ სპარსს, ჰქონდათ საგამგებლოდ ქვეყანა ხუნანიდან ბარდავამდე მტკვრის ორივე მხარეს. განაგრძო მშვიდობიანად მეფობა მირიანმა, მსახურებდა კერპებს და ამ დროს მის გარშემო სამყარო იცვლებოდა.

ქრისტიანთა რწმენა ძლიერდებოდა საბერძნეთში, სომხეთში კი ამბობდნენ, რომ ქრისტიანთა ღმერთმა თრდატ მეფე ღორად გადააქცია და ქრისტიანობის მიღების შემდეგ ადამიანის სახე დაუბრუნაო. მალე მისი გაქრისტიანების ჟამიც უნდა დამდგარიყო.

წმინდა მირიანის და წმინდა ნანას მოქცევა

სწორედ ამ დროს დასნეულდა ნანა დედოფალი ძლიერი და სასტიკი სენით. მისი განკურნება, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერავინ შეძლო. მაშინ აუწყეს დედოფალს, რომ რომაელი ტყვე ქალი ნინო ლოცვით კურნავდა მრავალი სენით დაავადებულებს.

დედოფალმა უბრძანა მსახურებს, რათა თავისთან მიეყვანათ ნინო. მივიდნენ დედოფლის მსახურები და იპოვეს წმინდა ნინო მაყვლის ბუჩქის ქვეშ, მეექვსე ჟამს ლოცულობდა. გადასცეს დედოფლის ბრძანება. წმინდა ნინომ უთხრა მათ:

- არა მაქვს ნება მოცემული, რომ ჩემი სამყოფლიდან გავიდე, არამედ დედოფალი თვითონ მოვიდეს ჩემთან და განიკურნება ქრისტეს ძალით.

მსახურებმა გადასცეს წმინდა ნინოს ნათქვამი დედოფალს. მაშინ დედოფალმა ბრძანა: "შემიმზადეთ საწოლი და მიმიყვანეთ მასთან".

მსახურებმა საკაცით წაიყვანეს დედოფალი, რომელსაც თან ახლდა უფლისწული რევი და უამრავი მხლებელი.

როცა მივიდნენ წმინდა ნინოს სამყოფელთან, დადეს დედოფალი საგებელ კილიკზე. დაიწყო წმინდა ნინომ ლოცვა და ვედრება ღვთის მიმართ. მოიღო ჯვარი, რომელიც ჰქონდა, შეახო თავზე, ფეხებსა და მხრებზე ჯვრის სახედ და მაშინვე განიკურნა და ადგა გამოჯანმრთელებული, ირწმუნა ქრისტე და თქვა: - არ არსებობს სხვა ღმერთი, ქრისტეს გარდა, რომელსაც ქადაგებს ეს ტყვე დედაკაცი!

იმ დროიდან გაიხადა ის მეგობრად და თავის შინაურად. მარად ჰკითხავდა და გამოწვლილვით გამოეძიებდა ქრისტეს რჯულს.

და ასწავლიდნენ მას წმინდა ნინო, აბიათარი - ახალი პავლე და მისი ასული სიდონია. და გახდა დედოფალი მორწმუნე და იცნო ჭეშმარიტი ღმერთი.

მეფემ ჰკითხა დედოფალს, - ასე უცებ როგორ განიკურნეო. და დედოფალმაც აუწყა, თუ როგორ განიკურნა უწამლოდ, ნინოს ლოცვითა და ჯვრის შეხებით.

სხვებმაც, რომელთაც იხილეს დედოფლის განკურნება, დაადასტურეს დედოფლის ნათქვამი.

მოსმენილით გაკვირვებულმა მეფემ დაიწყო ქრისტეს სჯულის გამოძიება. ბევრს ეკითხებოდა აბიათარ მღვდელს ძველი და ახალი აღთქმის წიგნებზე და იგიც ყველაფერს უყვებოდა.

ნებროთის წიგნშიც, რომელიც ჰქონდა მირიან მეფეს, იპოვა ერთი ადგილი: გოდოლის აშენების დროს ზეციდან გაისმა ხმა ნებროთის მიმართ: "მე ვარ მიქაელ, ღმერთის მიერ დადგენილი აღმოსავლეთის მთავრად. გადი ქალაქიდან, რამეთუ ღმერთი ფარავს მას. უკანასკნელ ჟამს მოვა მეუფე ცისა, რომლის ხილვაც შენ გნებავს.

მისი შიში განაქარვებს ამქვეყნიურ სიტკბოს. მეფენი მეფობას დატოვებენ და სიგლახაკეს დაუწყებენ ძებნას. ის გიხილავს ჭირში და გიხსნის შენ".

მაშინ მიხვდა მეფე მირიანი, რომ ძველი და ახალი წიგნები ერთმანეთს ეთანხმებოდა და იმავეს ამტკიცებდა ნებროთის წიგნიც და გაუჩნდა სურვილი ქრისტეს სჯულის მიღებისა, მაგრამ ებრძოდა უჩინო მტერი და აბრკოლებდა ქრისტეს აღიარებისგან, გულში უღვივებდა კერპებისა და ცეცხლის სასოებას; დედოფალი კი ყოველთვის ევედრებოდა ქრისტიანობის მიღებას.

მეფემ მერყეობასა და ორგულებაში გაატარა ერთი წელი. წმინდა ნინო დაუცხრომლად უქადაგებდა ერს ქრისტეს. იგი არ ამხელდა თავის ვინაობას, უბრალო ტყვე ქალს უწოდებდა საკუთარ თავს.

ნანა დედოფლის განკურნების შემდეგ წმინდა ნინოს ნანას დედის ძმა, სპარსი მთავარი ხუარა განუკურნავს. წყაროთა თანახმად, რომ იგი მოგვი ყოფილა, რაც შეიძლება ნიშნავდეს როგორც ზოროასტრული რელიგიის მღვდელმსახურს, ასევე ამ რელიგიის რიგით მიმდევარს, მაზდეანს. იგი ბოროტი ძალისაგან ავად შეიქნა, სასტიკად იტანჯებოდა და სიკვდილის პირამდე იყო მისული.

შეევედრნენ წმინდა ნინოს ნანა დედოფალი და მეფე. მეფე მის საქმეს ცოტა ეჭვით უყურებდა, ამიტომაც უთხრა წმინდა ნინოს:

- მითხარი სიმართლე, ნინო, რომელი ღმერთის ძალით ახდენ სასწაულებს და კურნავ სნეულებს? იქნება ხარ არმაზის ასული ან ზადენის შვილი, რომელთაც შეავედრე თავი, როგორც უცხომ, და იმათაც მოგანიჭეს კურნებათა ძალა, რათა ამით იცხოვრო უცხო ქვეყანაში, ამიტომ დიდებულნი არიან ისინი უკუნისამდე. იყავი ჩვენთან, როგორც ერთი ჩვენი შვილთაგანი, და დაფასებული იქნები ამ ქალაქში, მაგრამ რომაელთა შემცდარ სჯულს ნუღარ იქადაგებ, რადგან უცხოა იგი ჩვენთვის.

მე უკეთეს რჩევას მოგცემ და, თუ დამიჯერებ, დიდებას და პატივს დაიუნჯებ: აი, დიდი და საკვირველი ღმერთები, მზის მომფენნი და წვიმის უშურველად მომცემელნი, ქვეყნის ნაყოფით გამომზრდელნი - არმაზი და ზადენი, რომელთათვის არაფერია დაფარული, ასევე ჩვენი წინაპრების ღმერთები, გაცი და გაიმ - ისინი უნდა სწამდეთ ადამიანებს.

თუ ამ მთავარს განკურნავ, გაგამდიდრებ და მცხეთის მკვიდრ მოქალაქეობას მოგცემ, დაგაყენებ არმაზის მსახურად. მართალია, ქარითა და სეტყვით შეიმუსრა იგი, მაგრამ ის ადგილი უძლეველია.

არმაზი და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი ყოველმხრივ ემტერებიან ერთმანეთს, არმაზმა ზღვა მიაქცია მასზე, იმან კი ასეთი საშინელება მოსწია არმაზს, როგორც ეს ქვეყნის მპყრობელთ აქვთ ჩვევად. შენთვის საკმარისი იყოს ეს ბრძანება.

წმინდა ნინომ პასუხად მიუგო მეფეს:

- ქრისტეს სახელით და მისი დედის ვედრებით მოავლინოს შენზე ღმერთმა - ცისა და ქვეყნის შემოქმედმა, ყოველი დაბადებულის დამბადებელმა, თავისი მრავალმოწყალებისგან მადლის ერთი ნაპერწკალი, რათა შეიცნო სიმაღლე ცისა და ნათელი მზისა, ზღვის სიღრმე და სივრცე ქვეყნიერებისა.

ეს არის იესო ქრისტე, რომლის სჯულსაც მე ვქადაგებ, რომელიც უდედოდ იშვა მამის ღვთაებისაგან, რომელიც გარდამოხდა ქვეყნად და ხორცნი შეისხნა, რათა ჩვენც შევიმოსოთ ღვთაებრივი ნათლით, ვინაიდან დამონებულნი ვიყავით ეშმაკს.

იცოდე, მეფევ, ვინ მოსავს ცას ღრუბლით და ქუხს ჰაერში, იძვრის ქვეყანა მისი სიმძაფრით, არის მეხთა ტეხა და მის კვალზე ცეცხლი აღეგზნება მისი გულისწყრომით. იცოდე, რომ ღმერთი არის ცაში. თავად ის უხილავია ყოველივე დაბადებულისგან, გარდა მისი ძისა, რომელიც მისგან გამოვიდა და ქვეყნად მოვიდა, როგორც კაცი, რომელმაც აღასრულა ყოველივე, რისთვისაც იყო მოსული და აღვიდა ზეცაში მამასთან და იხილა დაუსაბამო, რომელიც მაღლაა და მდაბალთა ხედავს.

ჰოი, მეფეო, მალე მიეახლები შენ ჭეშმარიტ ღმერთს, რომ შემდეგ ამ სიტკბოების ხმამაღლა მქადაგებელი გახდე. რადგან ამ ქალაქში არის ერთი სასწაული, ღვთის ძის სამოსელი აქაა და ელიას ხალენიც აქვე ყოფილა, და მრავალი სასწაულია, რომელსაც ღმერთი გამოაჩენს.

ახლა შენს მთავარსაც განვკურნავ ქრისტეს სახელით და ჯვრით, რომელზეც ევნო იგი, ისე როგორც განიკურნა დედოფალი ნანა დიდი სენისაგან, რადგან რაც ვუთხარი, იმას აკეთებს იგი.

მიჰგვარეს ნინოს სპარსი მთავარი, მოვიდა დედოფალიც. ნინომ ის ნანა დედოფალთან და სიდონიასთან ერთად წაიყვანა სამეფო ბაღში, დააყენა სასწაულებრივი ნაძვის ქვეშ, ხელები აღმოსავლეთისკენ ააპყრობინა და სამგზის ათქმევინა: "ვიჯმნი შენგან, ეშმაკო, და შევუდგები ქრისტესა, ძესა ღმრთისასა". წმინდა ნინო ერთი დღის განმავლობაში ლოცულობდა და ღმერთს თვალცრემლიანი შესთხოვდა სპარსის გამოჯანმრთელებას. მასთან ერთად ლოცულობდნენ ნანა დედოფალი და სიდონიაც. მაშინ გავიდა ბოროტი სული სპარსი მთავრის სხეუ-ლიდან და დაემოწაფა ის და მთელი მისი სახლეულობა წმინდა ნინოს და ისიც ადიდებდა ღმერთს - მამას, ძესა და წმინდა სულს.

ზაფხულის ერთ დღეს, 323 წლის 20 ივლისს, შაბათს, მეფე გავიდა სანადიროდ მუხრანის მხარეს. ამ დროს უჩინო მტერმა - ეშმაკმა გულში ჩაუგდო კერპებისა და ცეცხლის სიყვარული. გაიხსენა მსახურება კერპებისა და ისურვა მახვილით ამოწყვეტა ყველა ქრისტიანისა.

მეფემ უთხრა თავის ოთხ თანაშემწეს: "ღირსნი ვართ, რომ ჩვენი ღმერთებისაგან ბოროტად დავისაჯოთ, რადგან მათ მონდომებით აღარ ვემსახურებით და მივუშვით ეშმაკეული ქრისტიანების სჯულის ქადაგება ჩვენს ქვეყანაში და ისინი ეშმაკის ძალით ახდენენ საკვირველებებს. ამიტომ განზრახული მაქვს, ამოვხოცოთ ჯვრის თაყვანისმცემლები და გავაძლიეროთ ჩვენი ღმერთების მსახურება ქართლში, ვამხილო ჩემი მეუღლე ნანა სჯულის შეცვლაში და მოვთხოვო სინანული და ჯვარცმულის სჯულის უარყოფა. თუ არ დამემორჩილება, დავივიწყებ მის სიყვარულს და სხვებთან ერთად მოვკლავ მასაც".

თანაშემწეებმა მოუწონეს მეფეს განზრახვა, რადგან ეს საქმე მათ ისედაც ჰქონდათ გულში, უნდოდათ ეთქვათ მეფისათვის, მაგრამ ერიდებოდათ გაცხადება ამისა. მეფემ მოიარა მუხრანის სანახები და ავიდა თხოთის მაღალ მთაზე, რომ დაენახა კასპი და უფლისციხე, გავიდა მთის თხემზე. შუა სამხრობისას დაბნელდა მზე, და იქმნა როგორც ღამე, ბნელი, უკუნი.

სიბნელემ მოიცვა არემარე... სიბნელის გამო მეფის მხლებლები მიმოიფანტნენ, რომ გასაჭირს გასცლოდნენ. დარჩა მეფე მარტო, ცდილობდა გზა გაეგნო, მაგრამ ამაოდ.

შეშინებული და შეძრწუნებული დადგა ერთ ადგილზე, რადგან გადარჩენის იმედი გადაეწურა. მძიმე გასაჭირში გონს მოეგო და გულში ფიქრობდა: - ჩემს ღმერთებს შველას ვთხოვ, მაგრამ მათგან სიკეთე ვერ მივიღე, იქნებ ჯვარმა და ჯვაცმულმა ღმერთმა, რომელსაც ქადაგებს ნინო და მისი სახელით ახდენს კურნებებს, შეძლოს ჩემი გასაჭირიდან ხსნა, რადგან ცოცხალი ჯოჯოხეთში ვიმყოფები.

არ ვიცი, მთელი ქვეყანა დაიქცა, თუ მხოლოდ ჩემთვის იქმნა ეს? თუ მხოლოდ ჩემთვისაა ეს გასაჭირი დაშვებული, ნინოს ღმერთო, განმინათლე ეს ბნელი და დამანახვე ჩემი ქვეყანა და ვაღიარებ შენს სახელს, აღვმართავ ჯვრის ძელს და მას თაყვანს ვცემ, ავაშენებ სამლოცველო სახლს, დავემორჩილები ნინოს და მივიღებ რომაელთა სჯულს (ქრისტიანობას).

წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები, მაშინვე ინათა და გამობრწყინდა მზე. მირიან მეფე გადმოვიდა ცხენიდან, აღაპყრო ხელები ზეცისაკენ და თქვა: "შენ ხარ ღმერთი ღმერთებისა და უფალი უფლებებისა, რომელსაც ქადაგებს ნინო, საქებელია შენი სახელი ყოველი დაბადებულისგან ცის ქვეშ და ქვეყანაზე, რამეთუ შენ მიხსენი ჭირისგან და განმინათლე ბნელი. აჰა, ვცნობ, რამეთუ გინდა ჩემი ხსნა, ლხენა და შენთან მიახლება.

კურთხეულო უფალო, ამ ადგილას აღვმართავ ძელის ჯვარს, რომლითაც იდიდება შენი სახელი და მოიხსენიება ეს სასწაულებრივი საქმე უკუნისამდე".

თხოთის მთა

აღაიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 2 კმ-ში მდებარეობს თხოთის მთა, რომელიც ყოფს მდ. მტკვრის ხეობასა და მუხრანის დაბლობს, მისი აღმოსავლეთ კალთები კი მდინარე ქსნისკენ ეშვება.

თხოთის მთასთან დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანისა და მზის დაბნელების ამბავი. ამ სასწაულის შემდეგ, ქრისტიანობის მიღების პირველსავე საუკუნეებში, თხოთის მთის წვერზე აღუმართავთ სამლოცველო წმინდა ნინოს სახელზე.

ამჟამად თხოთის მთის თავზე მდგარი ნინოწმინდის ეკლესია თარიღდება VII-VIII სს-ით. თავდაპირველი სახით იგი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი იყო, ხოლო IX-X საუკუნეთა მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად.

საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მხატვრობა თარიღდება X-XI სს-ით.

სამხრეთის ფასადზე X-XI სს-ის სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. ტაძარს შთამბეჭდავი ადგილი უკავია თხოთის მთის თავზე და აქედან ულამაზესი ხედი იშლება მტკვრის ხეობის, ქსნის ხეობისა და მუხრანის დაბლობისკენ.

მცხეთის სამეფო ბაღში პირველი ეკლესიის მშენებლობა

დაიმახსოვრა მირიანმა ის ადგილი და გამოემართა მცხეთისკენ. გზადაგზა გაფანტული მხედრობაც შემოიკრიბა და მათაც ურჩევდა, რომ თაყვანი ეცათ ნინოს ღმერთისთვის.

ნანა დედოფალი და ერი გავიდნენ მეფის შესახვედრად, რამეთუ პირველად მეფის დაღუპვა ესმათ, ხოლო შემდეგ შეიტყვეს, გადარჩენილაო. მიეგებნენ ქინძარასა და ღართაში.

ხოლო ნეტარი ნინო ლოცულობდა მწუხრს მაყვლოვანში ჩვეულებისამებრ, მასთან ერთად იყვნენ მისი მოწაფეებიც, ორმოცდაათი კაცი. ქალაქში შემოსვლისას მეფემ ხმამაღლა დაიძახა: - სად არის ის უცხო დედაკაცი, იგია ჩვენი დედა, რადგან მისმა ღმერთმა მიხსნა მე!

როცა გაიგო, მაყვლოვანშია და ლოცულობსო, მეფემ და მისმა მხედრობამ მიაშურეს იმ ადგილს. მეფე ჩამოქვეითდა და უთხრა ნინოს: "ახლა ღირსი ვარ შენი ღმერთის და ჩემი მხსნელის სახელის აღიარებისა".

წმინდა ნინომ ასწავლა, აღმოსავლეთით ეცა თაყვანი და ეღიარებინა ქრისტე, ძე ღვთისა.

როცა აცრემლებული მეფე-დედოფალი დაინახეს, დიდმა ოხვრამ და ტირილმა მოიცვა ხალხი.

მეორე დღეს მირიან მეფემ საბერძნეთში გაგზავნა მოციქულები კონსტანტინე მეფესთან და გაატანა წმინდა ნინოს წერილი ელენე დედოფალთან, რითაც აცნობეს მათ მცხეთაში მირიან მეფეზე მომხდარი სასწაულის ამბავი და სთხოვეს, სასწრაფოდ გამოეგზავნათ მღვდლები ხალხის მოსანათლად.

წმინდა ნინო და მისი მოწაფეები ხალხს დღე და ღამე ქრისტიანობას დაუცხრომლად უქადაგებდნენ და უჩვენებდნენ სასუფევლის ჭეშმარიტ გზას.

როცა ხალხმა ქრისტიანობა დიდი მონდომებით მიიღო, მღვდლების ჩამოსვლამდე მეფე მირიანმა მოინდომა ღვთის სახლის აშენება და ჰკითხა წმინდა ნინოს, სად ავაგოო. პასუხად მიიღო, რომ აეშენებინა იქ, სადაც ის მტკიცედ გადაწყვეტდა.

მეფემ უთხრა: - მიყვარს შენი მაყვლოვანი და ჩემი გონებით ეგ საქმე აქა მსურს, მაგრამ არ იქნება ასე, არ მოვერიდები სამეფო ბაღს, ნაძვების სიმაღლეს, ნაყოფიერ ბაბილოს და ყვავილების სურნელებას.

რადგან ჩვენებაში შენ იხილე, რომ ფრინველები ფრთებს იბანდნენ წყლით, განწმედილები და გაბრწყინვებულები სამოთხის ბაღის ხის ტოტებზე სხდებოდნენ და ტკბილი ხმით გალობდნენ; ჭეშმარიტად ეს წარმავალი, ხილული ბაღი-სამოთხე გვექცევა ჩვენ საუკუნო სიცოცხლედ, ამიტომ საბერძნეთიდან მღვდლების მოსვლამდე აქ ავაშენებთ ღვთის სახლს, სადაც ვილოცებთო.

მაშინვე აუხსნა ხუროებს, რაც უნდა აეშენებინათ. მალევე დაიწყეს ტაძრის მშენებლობა. მოჭრეს ის ნაძვი და მისგან დაამზადეს შვიდი სვეტი ეკლესიისათვის.

ააგეს ხის კედელი, სვეტები აღმართეს თავ-თავის ადგილზე, მაგრამ ეკლესიის შუა საყრდენად გათვალისწინებული ყველაზე დიდი სვეტი, რომელიც შესახედავად იყო საკვირველი, ვერაფრით აღმართეს და მეფეს აცნობეს ეს საოცარი ამბავი.

საღამოს ამ ამბით გულდამძიმებული მეფე და ხალხი წავიდ-წამოვიდნენ, ხოლო ნინო და მასთან თორმეტი სხვა ქალი, მათ შორის სიდონიაც, იქვე დარჩნენ. წმინდა ქალწული ცრემლებს ადენდა სვეტს და გოდებდა.

შუაღამისას თითქოს არმაზისა და ზადენის მთები ჩამოიქცნენ და მდინარეს გადაეღობნენ, დაგუბებულმა წყალმა გადმოხეთქა და ქალაქი წალეკა. არაგვიც თითქოს ციხეზე გადმოსულიყო, საშინელი გრგვინვა, მწუხარება და გოდება ისმოდა ირგვლივ.

შეშინებულმა დედებმა ის იყო, გაქცევა დააპირეს, რომ ნეტარმა ნინომ უთხრა მათ: "ნუ გეშინიათ, დებო, ის მთები იქავე დგანან და ის წყლები იქავე მიედინებიან, ხალხსაც სძინავს. მთების ჩამოქცევა ნიშანია იმისა, რომ ურწმუნოების მთები დაირღვევა ქართლში, წყლის შეჩერება - ეშმაკთა მიმართ შეწირულ ყრმათა სისხლის შეწყვეტაა, ვაების ხმები - ეშმაკთა გოდებაა, რომელნიც ჯვრის ძალით აქედან განდევნილნი, თავის თავს იგლოვენ. დაბრუნდით და ილოცეთ".

ნინოს სიტყვებით დამშვიდებული ქალები მობრუნდნენ და გააგრძელეს ღვთის მიმართ ლოცვა. მაშინვე დაცხრა ის ხმები და სიჩუმე ჩამოვარდა. ძეცისკენ ხელაპყრობილი წმინდა ნინოც ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, რომ არ დაებრკოლებინა სარწმუნოების საქმე.

მამლის ყივილამდე კიდევ მეორე ჩვენება იხილეს: მცხეთას ძლიერი ლაშქარი დასხმოდა თავს და ქალაქის სამივე კარი დაელეწა. აივსო ქალაქი სპარსთა ლაშქრით და დაიწყეს ხალხის ხოცვა, ქალაქში სისხლის ნაკადულები მოედინებოდა.

გაისმა საშინელი ძახილი: "ამას ბრძანებს სპარსთა მეფე ხუარა და მეფეთ-მეფე ხუარან-ხუარა: - ყოველი ურია განარიდეთ მახვილს".

შეშინებულ დედებს შეიარაღებულნი მიუახლოვდნენ. ამ დროს ვიღაცამ ძლიერად დაიძახა, - მირიან მეფე შეიპყრესო!

წმინდა ნინომ ირგვლივ მიმოიხედა და თქვა:

- ვიცი, ეს ხმა ვისაც ეკუთვნის, რადგან მას დიდად უჭირს. მადლობდეთ ღმერთს, რადგან ეს არის ნიშანი მათი დაღუპვისა, ქართლის გადარჩენისა და ამ ადგილის დიდებისა! ნუგეშისცა დედებს და გაამხნევა.

შემდეგ მიუბრუნდა მხედრებად გარდასახულ ეშმაკებს:

- სად არიან სპარსთა მეფენი - ხუარა და ხუარან-ხუარა? საბასტანით გუშინ წამოხვედით? მალე მოსულხართ. დიდი ლაშქარი ხართ და ძლიერად დალეწეთ ქალაქი, მახვილი დაეცით ქართა და ნიავთ. წადით ჩრდილოეთის წყვდიადში, აჰა, მოვიდა, ვისაც თქვენ გაურბიხართ!

ჯვარი გადასახა იქაურობას, და მაშინვე გაუჩინარდა ის ურიცხვი ხალხი და სიმყუდროვემ დაისადგურა. ამის შემხედვარე ქალები ადიდებდნენ ღმერთს და წმინდა ნინოს შენატროდნენ.

იცისკრა. დაღლილებს მიეძინათ. მხოლოდ აბიათარ მღვდლის ასული სიდონია ფხიზლობდა. წმინდა ნინო ხელგანპყრობილი ლოცულობდა.

ამ დროს, როგორც ელვა, ისე გამობრწყინდა ნათელშემოსილი ჭაბუკი, რომელმაც სამი სიტყვა უთხრა წმინდა ნინოს.

მისი სახის საკვირველი დიდებულებისგან შეძრული წმინდა ნინო დაეცა მიწაზე. ჭაბუკმა ხელი მოჰკიდა დიდ სვეტს და აღამაღლა ჰაერში.

სიდონია გაკვირვებული მიეახლა წმინდა ნინოს და შიშით ჰკითხა:

- ჩემო დედოფალო, რა არის ეს?

- თავი დახარე და ჩუმად იყავი, - მიუგო პასუხად ნინომ და ტირილი იწყო.

მცირე ხნის შემდეგ წმინდა ნინო წამოდგა და სიდონიაც ააყენა, გაშორდნენ იმ ადგილს და შორიდან იხილეს, რომ ის სვეტი ცეცხლის სახედ ჩამოვიდა ზეციდან, მიუახლოვდა თავის კვარცხლბეკს, გაჩერდა თორმეტი წყრთის სიმაღლეზე და ნელ-ნელა თავისსავე გადანაჭერზე დაეშვა. სწორედ ამ სასწაულის გამო ეწოდა ამ სვეტს "სუეტი-ცხოველი".

როდესაც ირიჟრაჟა, ადგა მწუხარებისაგან გულდამძიმებული მეფე, გახედა ბაღს და დაწყებულ ეკლესიას. იხილა ნათელი, როგორც ელვა აღწეული ცაში მისი ბაღიდან. მაშინვე ბაღში გაიქცა თავის ხალხთან ერთად.

იქ მისულებმა იხილეს საკვირველება - ბრწყინვალე სვეტი ჩამოვიდა და კაცის ხელის შეუხებლად, თავისით დაემყარა კვარცხლბეკს. ამ სასწაულმა შიშითა და სიხარულით აავსო მცხეთა, სიხარულის ცრემლები სდიოდა მეფეს, მთავრებსა და მთელ ერს; ადიდებდნენ ღმერთს და შენატროდნენ ნეტარ ნინოს.

იმ დღეს მრავალი სასწაული მოხდა.

წმინდა მირიანის და ნანას გარდაცვალება და შემდგომი პერიოდი

როცა აღესრულა ეს ყოველივე, ღვთით განბრძნობილმა მირიან მეფემ განამტკიცა წმინდა სამების და ყოველივეს დამბადებელი ღვთის სარწმუნოებაზე ყოველი ქართლი და ჰერეთი. მაშინ კონსტანტინე მეფემ გამოგზავნა მძევალი - მირიანის ძე ბაქარი დიდი განძით და მოსწერა ასე:

- მე, თვითმპყრობელი მეფე კონსტანტინე, ზეციური მეუფის ახალი მონა, პირველად ეშმაკის მონობაში მყოფი, შემდეგ კი გამჩენი ღმერთისაგან გამოხსნილი, მოგწერ ღვთისაგან განბრძნობილსა და ჩემსავით ახალნერგ მორწმუნე მეფე მირიანს, იყოს შენთან მშვიდობა და სიხარული, რადგან იწამე ერთარსი სამება, დაუსაბამო და ყოველივეს დამბადებელი ღმერთი, აღარაა საჭირო ჩემთვის შენგან მძევალი, არამედ ჩვენ შორის შუამდომელად კმარა ღვთის ძე - ქრისტე ღმერთი, რომელიც საუკუნეებზე ადრეა შობილი, და რომელიც განკაცდა ჩვენი ხსნისათვის, და კიდევ მისი პატიოსანი ჯვარი, რომელიც მისი გულით მაღიარებლებს მოგვცა წინამძღოლად.

გამჩენი ღმერთის შუამდგომლობით ვიყოთ ძმური სიყვარულით, ამიტომ შენს შვილს შენვე გიბრუნებ, გაიხარე და ღვთისაგან მოვლენილი მშვიდობის ანგელოზი იყოს შენთან და გამჩენმა ღმერთმა განდევნოს შენი ქვეყნის საზღვრებიდან მაცდური ეშმაკი".

მოვიდნენ მირიან მეფის ძე ბაქარი და მეფე კონსტანტინეს მოციქული მცხეთაში. აღივსნენ სიხარულით მირიან მეფე და დედოფალი ნანა და ადიდებდნენ ღმერთს.

მაშინ მირიან მეფემ განასრულა საეპისკოპოსო ეკლესიაც, აღასრულა მისი წლისთავის დღესასწაული მრავალი დიდებით. მირიან მეფის მოქცევიდან ოცდამეხუთე წელს მოკვდა მისი ძე, რევი, სიძე თრდატ სომეხთა მეფისა, რომელსაც მამის სიცოცხლეშივე მიეცა მეფობა.

დაფლეს თავის მიერ აშენებულ აკლდამაში. იმავე წელს დასნეულდა მირიან მეფე და აღესრულა. მოიყვანა თავისი ძე ბაქარი და ცოლი ნანა და უთხრა ნანას: - აჰა, მე წავალ, საიდანაც მოვედი, ვმადლობ მრავალმოწყალე ღმერთს, ცისა და ქვეყნის დამბადებელს, რომელმაც ეშმაკისგან დატყვევებული მიხსნა ჯოჯოხეთის პირისგან და ღირსმყო მარჯვენით მისსა. შენ, ნანა, თუ შეძლებ, ჩემი სიკვდილის შემდეგ გაყავი ჩვენი სამეფო განძი ორად და წარიღე ნინოს, ჩვენი განმანათლებლის სამარხს, დროთა ცვალებადობით რომ არ შეიცვალოს ის ადგილი უკუნისამდე, რადგან თუმცა მეფეთა საჯდომია, მაგრამ - მწირია.

ხოლო შვილს უთხრა: შვილო, ჩემი სიბნელე შეიცვალა სინათლედ და სიკვდილი - სიცოცხლედ; შენ გაძლევ ჩემი მეფობის გვირგვინს, ცისა და ქვეყნის გამჩენმა ღმერთმა განგიმტკიცოს სრული სარწმუნოება.

ყოველნაირად გამოიწვრთნე ღვთის ძის მცნებებში და მთლიანად გაყევი მათ, და ქრისტეს სახელისათვის სიკვდილი მიიჩნიე სიცოცხლედ და გადარჩენად, რადგან იმით შეიძენ მუდმივ ცხოვრებას და სადაც კი იპოვი ცეცხლის მსახურებას და კერპებს, ცეცხლით დაწვი და ნაცარი იმათ შეასვი, რომელნიც მათ ესასოებოდნენ, და ეს შენს შვილებსაც აცნობე, რადგან მე ვიცი, რომ ისინი კავკასიელებში უხვად არიან.

ღვთის გზას შეუდექი გულით და შენი თავი შეავედრე ღვთის ძეს, რომელიც დროზე უწინ იშვა და განკაცდა და ჩვენი გადარჩენისათვის იტანჯა, და პატიოსანი ჯვრის წინამძღოლობით მოერევი მტერს, როგორც ჩვეულებრივ ექცევა ხოლმე თავის მადიდებლებს. პატივი ეცი ღვთისაგან ამართულ სვეტს და მთელი შენი სასოება გქონდეს მასზე და წმინდა სამების რწმენით გადადი საუკუნო ცხოვრებაში.

ამის შემდეგ მოატანინა წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც თავიდანვე მას ჰქონდა, სამეფო გვირგვინი ჩამოკიდა ჯვარზე, თავისთან ახლოს დაიყენა შვილი ბაქარი, რომელსაც თავზე გადასახა ჯვარი, შემდეგ ვაზის ჯვრიდან აიღო გვირგვინი და დაადგა თავზე თავის ძეს და გარდაიცვალა მირიან მეფე. და დაეფლა ზემო ეკლესიაში (სამთავროს მონასტერში, ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში) საშუალო სვეტის სამხრეთით, ჩრდილოეთის მხრისაკენ.

ამ სვეტშია ნაწილი ღვთივაღმართული სვეტისა. მეორე წელს მოკვდა ნანა დედოფალი და დაეფლა იმავე სვეტის დასავლეთით, სადაც მირიან მეფე იყო დამარხული.

და გამეფდა ბაქარი, რომელიც მამას მიემსგავსა რწმენაში. მან მოაქცია ქრისტიანობაზე უმრავლესობა კავკასიელებისა, რომლებიც ვერ მოექცია მამამისს.

ბაქარსა და სომხებს შორის მტრობა ჩამოვარდა, რადგან სომხებს სურდათ ქართლში გაემეფებინათ ბაქარის ძმისწულის, რევის ძის, თრდატის, სომეხთა მეფის ასულის შვილი.

ბაქარი დაუახლოვდა სპარსთა მეფეს, რომელიც იყო მისი ბიძის შვილი, დაემოყვრა მას და გაუცვალა სამფლობელო და მის სიძე ფეროზს, რომელსაც მირიან მეფისაგან მიცემული ჰქონდა ჰრანი ბარდავამდე, იმის ნაცვლად მისცა ადგილები სამშვილდიდან მოყოლებული აბოცამდე.

მაშინ მოინათლა ფეროზი და მისი ხალხი, რომელნიც გაძლიერდნენ ხუასრო მეფის დახმარებით, შეუტიეს ჯავახეთში სომხებს, დაამარცხეს და იქიდან ისინი განდევნეს.
მაშინ მეფე ბაქარმა ბერძენთა და სპარსთა მეფეების შუამდგომლობით შეუდგინა ხელწერილი თავის ძმისწულებსა და იმათაც, რომელნიც მათი დედის, სალომესაგან იყვნენ, რომ ვიდრე იქნებოდა ბაქარის ჩამომავალი, ვისაც კი შეეძლებოდა მეფობა, ისინი იმეფებდნენ და რევის ჩამომავლობიდან მეფობას არასოდეს დაუშვებდნენ.

მაშინ მოიყვანა ბაქარმა თავისი ძმისშვილები, მისცა მათ კახეთი და რუსთავის ერისთავებად დაადგინა ისინი. მეფე ბაქარმა თავისი ცხოვრება გაატარა ღვთის დიდ რწმენაში და ქართლსა და ჰრანში გაამრავლა მღვდლები და დიაკონები და ეკლესიის მსახურნი.

მანვე ააშენა ეკლესია წილკანში. გარდაიცვალა და დაიკრძალა თავისი ძმის გვერდით. მეფედ დაჯდა მისი ძე მირდატი, რომელიც ასევე მეფობდა ღვთის დიდი რწმენით და ააშენა ეკლესიები თუხარის ციხეში, რადგან კლარჯეთის ხევში არ იყო ტაძარი. კლარჯთა მოძღვრად დაადგინა მღვდლები და ააშენა და შეამკო ერუშეთისა და წუნდის ეკლესიები.

მირდატის მეფობისას დაიწყეს ქართველებმა სვეტიცხოვლისაგან ნაწილების აღება, რადგან ეს წმინდა ნაწილები სადაც უნდა ყოფილიყვნენ, ახდენდნენ დიდ სასწაულებს. მეფე მირდატი არ უშლიდა ხალხს წმინდა ნაწილების წაღებას, რა-დგან ჭეშმარიტმა ეპისკოპოსმა იაკობმა ასე მიიჩნია უკეთესად და თქვა:

- ეს დიდი სიწმინდე ღვთისგანაა მონიჭებული და საჭიროა ღვთისაგან აღმართული სვეტისგან შევქმნათ ჯვარი, - ასე გავრცელდა სვეტიცხოვლის წმინდა ნაწილები მთელ ქართლში.

მაშინ მეფე მირდატმა წმინდა სვეტისაგან შექმნა ჯვარი, ხოლო გადარჩენილ სიწმინდეს გარშემო შემოავლო ქვითკირის კედელი, რომლის თავზეც აღმართა მაცოცხლებელი ხის ჯვარი.

მეფემ ცხოვრება უშფოთველად გაატარა ღვთის დიდ რწმენაში და ღვთის სათნოებებით გადავიდა საუკუნო ცხოვრებაში.

მას შემდეგ, რაც ქართველებზე კეთილად მოიხედა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რომლის წილხვედრნიცა ვართ ჩვენ, და მისი ძისა და ღვთის - იესო ქრისტეს სახელით ნათელი ვიღეთ, ჩვენი დიდი მფარველის, დედოფლისა და მარად ქალწული მარიამის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლითა და შეწევნით, ქართველთა გულები არასოდეს მიდრეკილა წმინდა და ერთარსება სამების რწმენიდან ურწმუნოებისაკენ.

ხოლო ბერძნები კერპების მსახურებას გაჰყვნენ და შემდეგ კი მწვალებლობის ღვარძლიც გაავრცელეს, რითაც ლამის დაეცნენ და დაიღუპნენ. ხოლო ჩვენ კეთილი სარწმუნოება, რომელმაც ღმერთმა მოგვცა მისი კურთხეული დედის ნებით, მტკიცედ გვაქვს დაცული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და ჩვენი განმანათლებლის, წმინდა ნინოს მფარველობით.

ხატის ავტორია შოთა ცინცაძე.
......................................................................................................................................................................

აქვე წაიკითხეთ:

სინანულისა და სიხარულის ცრემლის დენით იწყებოდა "მოქცევაი ქართლისაი"

სამთავროში მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავის ქვები გაკეთდა

ტროპარ-კონდაკი მოციქულთა სწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
10.10.2022
წმინდა მოციქული არისტარქოსი უფალი იესო ქრისტეს სამოცდაათი მოციქულიდან ერთ-ერთია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat