ყოვლადქებული მოციქული თომა (I) - 06 (19) ოქტომბერი
ყოვლადქებული მოციქული თომა (I) - 06 (19) ოქტომბერი
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ამ წმინდა ნაწილით ამაყობს და მიუხედავად მრავალგზის იავარქმნისა, ჭეშმარიტად სასწაულებრივად, რუდუნებით გადასცემს თაობებს ამ უძვირფასეს რელიკვიას.

როგორც ცნობილია, საქართველოში ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს, მაგრამ საისტორიო წყაროებიდან ჩანს, რომ ჩვენში სხვა მოციქულებსაც უქადაგიათ. მათ შორის - ბართლომეს. ერთ რუსულ წყაროში დაცული ცნობის თანახმად, საქართველოში უმოღვაწია თომა მოციქულსაც. ეს გასაკვირი არ არის, თუ გავიხსენებთ, რომ მოციქულმა თომამ იქადაგა სირიაში, სპარსეთსა და ინდოეთში.

იმხანად იბერია პართიის (სპარსეთის) მოსაზღვრე ქვეყანა იყო, რომელიც მედგრად ებრძოდა ამ ძლევამოსილ იმპერიას და ზოგჯერ ამარცხებდა კიდეც.

მოციქულთა ჟამს, 30-იან წლებში, პართიის მეფემ ტახტი სწორედ იბერიელთა ჯარის შემწეობით მიიღო.

XVI საუკუნის სლავური წყარო ქართულ ეკლესიას თომა მოციქულის მიერ დაარსებულად მიიჩნევს. ამ თხზულებაში ჩამოთვლილია სამოციქულო საყდრები, რომელთა შორის წმინდა თომა მოციქულის საგანმგებლოდ ივერიის საყდარია დასახელებული.

ამგვარად, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა თომა მოციქულის თავის ქალას მფლობელია, მისი მრევლი კი ბედნიერია იმით, რომ შეუძლია, მივიდეს ტაძარში, თუნდაც ყოველდღე, და თაყვანი სცეს და შეევედროს მოციქულს, იესო ქრისტეს, განკაცებული უფლის, მოწაფეს.

წმინდა და ყოვლადქებული მოციქული თომა, ტყუპისცალად წოდებული, მაცხოვრის თორმეტ მოწაფეთაგანი გახლდათ. იგი გალილეის ქალაქ პანსადაში დაიბადა და მეთევზეობით ირჩენდა თავს.

როცა იესო ქრისტეს ქადაგება ესმა, ყველაფერი დაუტევა და სიხარულით შეუდგა ღვთაებრივ მოძღვრებას.

"არ ვირწმუნებ, სანამ არ შევეხები"

ჩვენში ხშირად გაიგონებთ ამა თუ იმ ადამიანზე ნათქვამს: "მართლაც ურწმუნო თომააო". ამ გამოთქმას საფუძვლად თითქოს მოციქულ თომას, "ურწმუნოება" უდევს, მან ხომ მანამ არ ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, ვიდრე თვითონ არ იხილა უფალი და ხელით არ შეეხო მის ჭრილობებს.

თუმცა ეს სრულიადაც არ გვაძლევს იმის საფუძველს, თომას ურწმუნო ვუწოდოთ.

გავიხსენოთ, თუ როგორ განცხადდა ძე ღვთისას აღდგომა. პირველად უფლის მკვდრეთით აღდგომა მენელსაცხებლე დედებს ეხარათ: მაცხოვრის საფლავზე მისულებს კარი ღია დახვდათ, ლოდი გადაგორებული იყო და აღარც მცველები ჩანდნენ, იქ კი, სადაც უფლის სხეული ესვენა, სუდარაღა იდო.

მაშინ ატირდნენ დედები. ეგონათ, უფლის ცხედარი ურწმუნო იუდეველებმა მოიპარეს. და აი, გამოჩნდა ანგელოზი, ანუგეშა მწუხარენი და ახარა, რომ მათი მოძღვარი მკვდრეთით აღდგა - აღსრულდა წინასწარმეტყველება, მოიკლა სიკვდილი. უბრძანა, უფლის მოწაფეებისთვისაც ეხარებინათ ეს ენით გამოუთქმელი სიხარული.

წმინდა წერილიდან ნათლად ჩანს, რომ იესო ქრისტეს თითქმის ყველა მოწაფე დააეჭვა მენელსაცხებლე დედების ნათქვამმა. წმინდა მოციქულმა პეტრემ მაშინვე უფლის საფლავს მიაშურა, რათა საკუთარი თვალით ენახა, რომ მაცხოვრის ცხე-დრის ადგილას მხოლოდ სუდარა დარჩენილიყო.

შემდეგ უფალი თავად გამოეცხადა მოწაფეებს და თვითონვე ახარა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ამ დროს მხოლოდ წმინდა მოციქული თომა არ იყო იქ.

როცა უფლის გამოცხადების შესახებ უამბეს, თქვა, რომ სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა ძე ღვთისას და მის ჭრილობებში, ჯვარზე გაკრულს ლახვრით რომ მიაყენეს ნეკნის ქვეშ, ხელით არ შეეხებოდა, - არ ირწმუნებდა მათ ნათქვამს.

მაცხოვრის აღდგომიდან შვიდი დღის შემდეგ უფალი კვლავ გამოეცხადა ერთად შეკრებილ მოწაფეებს.

ამჯერად მათ შორის წმინდა მოციქული თომაც იყო.

იესო ქრისტე დაკეტილ კარში შევიდა, შუაში დადგა და ბრძანა: "მშვიდობა თქვენდა!" ამის შემდგომ გულთამხილავმა მოძღვარმა თომას მიმართა: "აი, იხილე ჩემი ხელები, ჩადე ხელი ჩემს ფერდში და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გრწმენინ".

თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი".

იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღმრთაებრივი ბუნება. უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.

საგულისხმოა, რომ ეკლესია აღდგომის შემდგომ კვირას სწორედ თომა მოციქულის მიერ უფლის აღდგომის აღიარებას იხსენიებს.

ჩნდება კითხვა: თომამ ბოლოს ხომ აღიარა და რატომ იხსენიებს ეკლესია იმ დაბრკოლებას, რომელიც მას ჰქონდა?

ეკლესიის მამები განმარტავენ, რომ ადამიანის სულიერი მდგომარეობა დღეს მსგავსია იმისა, რაც იყო ადრე და რაც იქნება ხვალ. ამიტომ, ჩვენ ამქვეყნად მყოფნი უნდა ვიხსენებდეთ წარსულს, რათა არ შევცდეთ მომავალში, და თუ განმეორებით შევცდებით, ვიცოდეთ გამოსავალი, რათა არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას.

თომა მოციქული, რომელიც ისმენს სხვა მოციქულებისაგან უწყებას მაცხოვრის აღდგომის შესახებ, მაინც ამბობს, რომ არ ირწმუნებს, სანამ თვითონ არ იხილავს, სანამ ხელს არ დაადებს მის ჭრილობებს და ლახვრით განგმირულ მის გვერდს, საიდანაც გადმოედინა სისხლი და წყალი.

ე.ი. თომა მოციქული ცდილობს გამოიძიოს აღდგომის ჭეშმარიტება ფიზიკური შეხებით და დარწმუნდეს ფიზიკური ხილვით. ეს არის ადამიანის თვისება, გამომეძიებლობა, სანამ თვითონ არ დარწმუნდება, ვერ ირწმუნებს.

როდესაც თომამ თქვა, "არ ვირწმუნებ, სანამ არ ვიხილავ და დავდებ ჩემს ხელს მის ჭრილობებზეო", - ის ვერ ხედავდა აღდგომილ უფალს, ხოლო როდესაც უფალი მოვიდა ცხადად და უთხრა თომას: "მოდი, მიხილე, დასდევ ხელი".

თომა მიხვდა, რომ როცა იგი თვითონ ამბობდა, "არ ვირწმუნებო", უფალი იქ იდგა, დუმდა და ელოდა. თომა ვერ ხედა¬ვდა, რომ უფალი იქ იყო, ხოლო როდესაც უფალმა გაუმეორა მას მისი სიტყვები, მაშინ დარწმუნდა, უფალი ახლა კი არ გამოეცხადა პირველად, არამედ მაშინაც მასთან იყო, მხოლოდ თომა ვერ ხედავდა მას.

უფალს ესმოდა მისი სიტყვები, მაგრამ რატომღაც დააყოვნა და იმწამსვე არ უთხრა, იმწამსვე არ გამოეცხადა. უფალმა თომას ადამიანური უძლურება გაითვალისწინა, რომ იგი უნდა მომზადებულიყო, თომას უნდა გაძლიერებოდა სურვილი აღდგომილი უფლის ხილვისა და როდესაც ამ სურვილმა მიაღწია კულმინაციას, უფალი გამოეცხადა მას, მაგრამ მაშინაც რომ არ ეფიქრა, თითქოს მოჩვენებას ხედავდა, გაუმეორა მას ის სიტყვა, მცირე ხნით ადრე რომ უთხრა:

"მოჰყუენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი, და მოიღე ხელი შენი, და დამდევ გუერდსა ჩემსა" (ინ. 20,27) და ეს სიტყვები იყო მოწმობა თომასთვის, რომ უფალი მუდამ გვხედავს, რომ უფალი მუდამ ჩვენთან არის, რომ უფალი გულისხმიერია და უფალი ელოდება, სანამ ჩვენი უძლურება მისცემს საშუალებას მას ჩვენთან განცხადებისა, რათა ვირწმუნოთ იგი, ვაღიაროთ, თაყვანი ვცეთ და ვთქვათ: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!"

თუმცა, ეკლესიის ზოგიერთი მამა, მათ შორის - მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, განსხვავებულად განმარტავს თომა მოციქულის დაბრკოლების მიზეზს: უკან დაბრუნებულ თომას მოციქულები სიხარულით აუწყებენ: "ჩვენ ვნახეთ ქრისტე, ის აღდგა!" თუმცა ეს სიხარული არაა საკმარისი თომასთვის, რათა ირწმუნოს მომხდარი. ანტონ სუროჟელს მიაჩნია, რომ თომამ დანარჩენ მოციქულებს შეხედა იმის მოლოდინით, რომ ისინი, შეხვდნენ რა აღმდგარ ქრისტეს, სრულებით სხვანაირი ადამიანები გახდებოდნენ. და მან ეს ვერ დაინახა.

ისინი ისეთივე ადამიანები იყვნენ, როგორებიც თომამ წასვლამდე დატოვა. ამიტომ ცნობამ ქრისტეს აღდგომის შესახებ თომამდე ვერ მიაღწია. მაგრამ, ამასთანავე, ის არ იყო ადამია¬ნი, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა, ის არ იყო "ურწმუნო თომა".

ქრისტე იერუსალიმიდან წავიდა იმისათვის, რომ ნაადრევი სიკვდილისათვის აერიდებინა თავი, მაგრამ როცა ლაზარეს სიკვდილი გაიგო, უთხრა მოწაფეებს: დავბრუნდეთ!

მოწაფეებმა უპასუხეს: როგორ უნდა დაბრუნდე იერუსალიმში? იქ შენი მოკვლა უნდათ! მხოლოდ ერთმა მოწაფემ აიმაღლა ხმა და თქვა: წავიდეთ და მასთან ერთად მოვკვდეთ (იოანე 11,6).

ეს იყო თომა. ამიტომაც იმის თქმა, რომ ის იყო მერყევი, ეჭვიანი მოწაფე, "ურწმუნო თომა" - ცოდვაა, არასწორია.

თუმცა, დაბრუნებულმა, სხვა მოწაფეების შემხედვარემ, ვერ დაინახა ცვლილება, გარდა ფრთაშესხმული სიხარულისა. ეს სიხარული კი არ შეიძლებოდა მისთვის ყოფილიყო მტკიცებულება ქრისტეს აღდგომისა და თქვა: "მე არ ვირწმუნებ მის აღდგომას, თუკი ვერ შევეხები მის ჭრილობებს".

ასეა თუ ისე, ეკლესია ყოველწლიურად იხსენებს თომა მოციქულის სიტყვებს: "არ ვირწმუნებ, სანამ არ შევეხები" და იხსენებს იმ დღეს, როდესაც თომამ თაყვანი სცა უფალს და თქვა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი".

სანამ არ დადგა გარდატეხის წამი თომას ცხოვრებაში, ის იყო მოწაფე; ხოლო ამ სიტყვების შემდეგ იგი ხდება მოციქული, მოწმე ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტებისა.

უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თომას უფლის სიტყვის საქადაგებლად წილად ხვდა სამხრეთ აზიის ქვეყნები, რამაც მეტად დაამწუხრა, რადგან ძალზე შორს და ველურ ხალხთან უწევდა წასვლა. გამოეცხადა მაცხოვარი და შეახსენა, რომ მუდამ მასთან იქნებოდა და ნურაფრის შეეშინდებოდა, ასევე ამცნო გზა, რომელსაც უნდა დასდგომოდა...

ინდოეთის მეფემ გუნდაფორმა დიდი ბრწყინვალე სასახლის აშენება ისურვა თავისთვის და ერთ-ერთი ვაჭარი, სახელად ავანი, პალესტინაში გაგზავნა - წადი იქ და ისეთი გამოცდილი ხელოვანი ხუროთმოძღვარი მომინახე, ვისაც შეეძლება რომის იმპერატორთა მსგავსი სრა-სასახლე ამიგოსო.

სწორედ ამ ვაჭარ ავანთან ერთად გაგზავნა უფალმა თავისი მოციქული: როცა ავანი პალესტინაში ხელოვან ხუროთმოძღვარს ეძებდა, მას თომა შეხვდა და უთხრა, - მე სამშენებლო ხელოვნებაში დიდად გამოცდილი კაცი ვარო.

ავანმაც მაშინვე დაიქირავა იგი, ხომალდზე აიყვანა, და მალე, ზურგის ქარის ამოვარდნისთანავე, ისინი ინდოეთისაკენ გაემგზავრნენ.

თომა და ავანი საქორწინო ნადიმზე

რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ქალაქის ნავსაყუდელს მიადგნენ, სადაც მეფის ასულის ქორწილი იყო და მეფე განურჩევლად ყველას იწვევდა მოსალხენად.

ავანი და თომაც მივიდნენ. აქ თომამ ერთ-ერთ მის შეურაცხმყოფელს ღვთისგან სასჯელი უწინასწარმეტყველა. ეს წინასწარმეტყველება საოცარი სიზუსტით აღსრულდა იმავე დღეს, რამაც ხალხს შიშის ზარი დასცა.

მეფესაც აუწყეს მომხდარის შესახებ. მეფემ იხმო თომა:

- შემოდი ჩემს სასახლეში და აკურთხე დღეს გათხოვილი ჩემი ასული!

მოციქულიც შევიდა სასახლეში და კეთილკრძალულებაში დაუწყო დამოძღვრა ახალდაქორწინებულთ.

- დაიმარხეთ ქალწულება, შეურყვნელად შეინახეთ უმანკოება და ასეთი ხვედრი ბევრად უმჯობესი იქნება თქვენთვისო. ბოლოს ილოცა ქალ-ვაჟისათვის, აკურთხა ისინი და განეშორა.

ძილში ახალდაქორწინებულებმა იესო ქრისტე იხილეს, რომელიც თომას სახით გამოეცხადა მათ და სიყვარულით იკრავდა გულში. მეფის ასულის ქმარმა, რაკი იფიქრა, თომა დაბრუნებულაო, ჰკითხა:

- შენ ყველაზე ადრე გახვედი ჩვენგან, როგორღა აღმოჩნდი ისევ აქ?

უფალმა კი მიუგო:

- მე თომა კი არა, მისი ძმა ვარ! და ყველა, ვინც უარყოფს ამა ქვეყანას და მე გამომყვება თომასავით, მხოლოდ ჩემი ძმა კი არ იქნება მომავალ, მარადიულ ცხოვრებაში, არამედ მემკვიდრეც, რადგან მთელ ჩემს სამეუფოსაც დაიმკვიდრებს! ჰოდა, თქვენც, შვილნო ჩემნო, ნუ დაივიწყებთ ყოველივე ამას, რაც ჩემმა ძმამ, თომამ გირჩიათ. და თუკი მისი რჩევისამებრ უმანკოდ დაიმარხავთ ქალწულებას, მაშინ უხრწნელი გვირგვინების მიღების ღირსნი გახდებით ჩემს ზეციურ სრასასახლეში!

ამის თქმაზე უფალი უხილავი შეიქნა; მათ კი, ძილისაგან აღდგომილებმა, ერთმანეთს აუწყეს სიზმრისეულ ჩვენებაში ნანახი. როცა მიხვდნენ, რომ ერთი და იგივე უნახავთ, წამოდგნენ და მთელი ღამის განმავლობაში გულმოდგინედ ლოცულობდნენ ღვთის წინაშე, დილით მეფე შევიდა ახალდაქორწინებულთა საძილე ოთახში და ერთმანეთისაგან მოშორებით მსხდომნი ნახა ისინი.

გაკვირვებულმა იკითხა, - რატომ ხართ ასე მოშორებულნი ერთმანეთსო. მათ კი პასუხად მიუგეს:

- ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით ღმერთს, მოგვანიჭოს ძალა, რათა სიცოცხლის ბოლომდე შევძლოთ სრული კეთილკრძალულების დამარხვა, როგორც ახლა ვინარჩუნებთ, რათა ზეციურ სასახლეში ვიქნათ შემკულნი უხრწნელი გვირგვინებით. ასე აღგვითქვა ჩვენ უფალმა, რომელიც აქ გამოგვეცხადა!

მაშინ მეფე მიხვდა, რომ უმანკოების დაცვა მათ სწორედ იმ უცხო კაცმა ჩააგონა, რომელიც გუშინ იყო სასახლეში. ამის გამო ხელმწიფე განრისხდა და მაშინვე გაგზავნა მსახურნი, რათა შეეპყროთ თომა და მასთან მიეყვანათ.

მაგრამ ისინი ამაოდ დაეძებდნენ წმინდა მოციქულს, რადგან იგი ავანთან ერთად ხომალდით უკვე ინდოეთისაკენ გამგზავრებულიყო...

ზეციურ სამეფოში ინდოეთის მეფისთვის აგებული სასახლე ინდოეთში ავანმა მეფე გუნდაფორს მოციქული თომა ხუროთმოძღვრად წარუდგინა:

- აი, მეფეო, მოგიყვანე პალესტინიდან ხელოვანი ხუროთმოძღვარი! იგი აგიგებთ ისეთ სასახლეებს, როგორიც თქვენს უდიდებულესობას მოენებება!

მეფემ განიხარა და ის ადგილიც უჩვენა თომას, სადაც სასახლის აგება სურდა, მისი ზომებიც განუსაზღვრა და დიდძალი ოქრო მისცა მშენებლობისთვის, თვითონ კი სადღაც გაემგზავრა.

* * *

თომამ ღარიბ-გლახაკთათვის დაიწყო ინდოეთის მეფის მიერ მიცემული ოქროს დარიგება, ამასთან, დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, მრავალი ადამიანი მოაქცია კიდეც.

ამასობაში იმ ჭაბუკმა, რომელმაც თავის ახალშერთულ მეფის ასულთან ერთად, წმინდა მოციქულის რჩევით, აღთქმა დადო, უმანკოება დაემარხა, შეიტყო, რომ თომა ინდოეთში ქადაგებდა ქრისტეს და მეუღლითურთ ჩამოვიდა მასთან. წმინდა თომამ დამოძღვრა ისინი და მონათლა. ნათლობის სახელად ქალიშვილმა პელაგია მიიღო და შემდგომში თავისი უმანკო სისხლიც დაღვარა ქრისტეს რწმენისათვის, ჭაბუკს კი - დიონისე ეწოდა და შემდგომ ეპისკოპოსის წოდების ღირსიც გახდა.

მოციქულისაგან კურთხევის მიღების შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ, სადაც ღვთის სახელის დიდებას განავრცელებდნენ, მრავალ ურწმუნოს მოაქცევდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ქრისტეს ეკლესიებსაც აფუძნებდნენ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში...

რამდენიმე წლის შემდეგ ინდოეთის მეფემ მსახურები გაგზავნა წმინდა თომა მოციქულთან, რათა შეეტყო, მალე დასრულდებოდა თუ არა სამეფო სასახლის აგება.

მანაც დააბარა მსახურებს, გადაეცათ ხელმწიფისთვის, რომ სახურავის დადგმაღა იყო დარჩენილი. მეფეს გაუხარდა, რადგან ეგონა, თომა მართლაც დიდებულ სასახლეს უშენებდა ამქვეყნად. ამიტომ კიდევ გამოუგზავნა დიდძალი ოქრო და უბრძანა, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა სასახლის მშენებლობა და უმშვენიერესი სახურავი დაედგა მისთვის.

თომამ მიღებული ოქრო კვლავ იმათ დაურიგა, ვინც შემწეობის სათხოვნელად მიდიოდა მასთან, თვითონ კი - კვლავ გულმოდგინედ განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას.

რამდენიმე ხნის შემდეგ მეფემ შეიტყო, რომ თომას, თურმე, ჯერ არც დაუწყია მშენებლობა და მთელი ოქროც ღარიბ-გლახაკთათვის დაურიგებია; რომ იგი ხელმწიფის ბრძანების აღსრულებაზე კი არ ფიქრობს, არამედ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში დადის, რომელიღაც ახალ ღმერთს უქადაგებს ადამიანებს და მრავალ სასწაულსაც აღასრულებს.

განრისხერბულმა მეფემ მსახურები გაგზავნა მოციქულის შესაპყრობად. მოციქული გუნდაფორს მიჰგვარეს. მან ჰკითხა თომას:

- თუ ააშენე ჩემი სასახლე?

თომამ მიუგო:

- დიახ, ავაშენე, თანაც ყველაზე მშვენიერი და დიდებული!

მაშინ მეფემ უთხრა:

- აბა, მაშ, წავიდეთ და ვნახოთ შენ მიერ აშენებული სასახლე!

- ამქვეყნიურ ცხოვრებაში შენ ვერ შეძლებ იმ სასახლის ნახვას! - მიუგო მოციქულმა, - როცა განეშორები ამ ქვეყანას, მაშინღა შეძლებ მის ხილვას, სიხარულით დასახლდები მასში და სამარადისოდ იცხოვრებ იქ!

მეფემ იფიქრა, დამცინისო, შეურაცხყოფად მიიღო თომას სიტყვები. ამიტომ ბრძანა, იგიც და მისი ჩამომყვანი დიდვაჭარი ავანიც საპყრობილეში ჩაეგდოთ, სადაც ორივე ტანჯვა-წამებით სიკვდილის მოლოდინში უნდა ვნებულიყო.

მეფეს განზრახული ჰქონდა,ცოცხლად გაეტყავებინა და შემდეგ კოცონზე დაეწვა ისინი.

საპყრობილეში ყოფნისას ავანმა უსაყვედურა მოციქულს და უთხრა:

- შენ მეც მომატყუე და მეფეც გააწბილე, როცა ხუროთმოძღვრად გაგვაცანი თავი. უსარგებლოდ დაგიხარჯავს მეფის ოქრო და ჩემი სიცოცხლეც წაგიწყმედია! შენი გულისთვის ვევნები მე, უდანაშაულო კაცი, და საშინელი სიკვდილითაც უნდა მოვკვდე!

მეფე გულსასტიკი კაცია და არ გვაცოცხლებს!

წმინდა მოციქულმა დაამშვიდა ავანი და ანუგეშა:

- ნუ გეშინია! ჩვენი სიკვდილით დასჯის დრო ჯერ არ დამდგარა! ჩვენ ცოცხლები დავრჩებით და თავისუფლებიც ვიქნებით, მეფე კი დიდ პატივს მოგვაგებს იმ სასახლისთვის, რომელიც მე მისთვის ზეციურ სამეფოში ამიგია!

იმავე ღამეს მეფის ძმა მძიმედ დაავადდა და სულ მალე აღესრულა კიდეც. მეფე დიდმა მწუხარებამ შეიპყრო. მწარედ დასტიროდა საყვარელ ძმას. უფლის ანგელოზმა მიცვალებულის სული ზეციურ სამკვიდრებელში აიყვანა, მოატარა ყოველივე და დიდებული, საუცხოოდ ნაგები სასახლეები უჩვენა. მათგან ერთი გამორჩეულად ბრწყინავდა. ანგელოზმა ჰკითხა მეფის ძმას:

- ამ სასახლეთაგან რომელში ირჩევდი ცხოვრებასო. მეფის ძმის სულმა იმ ყველაზე მშვენიერ სასახლეს შეხედა:

- ნება რომ დამრთონ, თუნდაც რომელიმე კუნჭულში ვიცხოვრო ამ სასახლისა, მეტს არაფერს ვისურვებდი!

მაშინ ანგელოზმა უთხრა:

- არ შეგიძლია ამ სასახლეში იცხოვრო, რადგან შენს ძმას ეკუთვნის, რომლის ოქროთიც აუგია იგი შენთვის ცნობილ უცხოტომელს - თომას!

- გევედრები, ბატონო, - მიმართა სულმა უფლის ანგელოზს, - გამიშვი ჩემს ძმასთან და მე ვიყიდი ამ სასახლეს მისგან, რადგან მან ჯერ არ უწყის მისი მშვენიერება. და როცა ვიყიდი, მერე კვლავ დამაბრუნე აქ!..

მართლაც, ანგელოზმა დააბრუნა სული სხეულში.

ძმის გაცოცხლების ამბავი რომ შეიტყო, მეფემ უზომოდ განიხარა, სასწაფოდ მასთან გაეშურა და როცა პირისპირ იხილა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მკვდრეთით აღმდგარმა კი ასე მიმართა:

- მეფეო! დარწმუნებული ვარ, რომ გიყვარვარ, როგორც ღვიძლი ძმა! ვიცი ისიც, რომ უნუგეშოდ დამტიროდი, როცა აქ უსულოდ ვესვენე და შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჩემი გათავისუფლება სიკვდილისაგან, შენი სამეფოს ნახევარსაც კი გაიღებდი ამისთვის!

- დიახ, ეს სრული სიმართლეა! - მიუგო მეფემ.

- მაშინ, თუკი ასე გიყვარვარ, - უთხრა ძმამ, - მხოლოდ ერთ საბოძვარს გთხოვ, და გევედრები, უარს ნუ მეტყვი!

მეფემ უპასუხა:

- ყოველივეს, რაც კი მაბადია ჩემს სახელმწიფოში, შენ გიბოძებ, ჩემს საყვარელ ძმას! - და ფიცითაც დაუდასტურა დაპირება.

მკვდრეთით აღდგარმა ძმამ სთხოვა:

- მომეცი შენი სასახლე, რომელიც ცათა შინა გაქვს და მის სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება მიიღე!

ამ სიტყვების გაგონებაზე მეფე გაოგნდა და დიდხანს უსიტყვოდ იდგა, რადგან გაკვირვებისაგან მეტყველების უნარიც კი წაერთვა. ბოლოს ესღა თქვა:

- საიდან უნდა მქონდეს მე ცათა შინა სასახლე?!

- ჭეშმარიტად გაქვს! - მიუგო ძმამ, - შენ ნამდვილად გაქვს ცათა შინა ისეთი სასახლე, რომლის შესახებაც არაფერი იცი. ეს სასახლე შენთვის თომამ ააგო, რომელიც საპყრობილეში ჩაგიგდია და სასიკვდილოდ გაგიწირავს! მე ვნახე ეს სასახლე და გაოცებული დავრჩი მისი ენით უთქმელი მშვენიერებითა და დიდებულებით. ვითხოვე, თუნდაც მის რომელიმე კუნჭულში დამასახლეთ-მეთქი, მაგრამ ამის ნება არ მომცეს, რამეთუ ჩემმა წინამძღვარმა ანგელოზმა მითხრა:

- შენთვის შეუძლებელია აქ ცხოვრება, რადგან ეს სასახლე შენს ძმას ეკუთვნის, რომელსაც იგი შენთვის ცნობილმა თომამ აუგოო.

ვევედრე ანგელოზს, გამოვეშვი შენთან, რათა მეყიდა შენგან სასახლე. ახლა შენ წინაშე ვარ და გევედრები: თუკი გიყვარვარ, მომყიდე შენი ზეციური სასახლე და მის სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება-სამკვიდრებელი მიიღე!

მეფემ დიდად განიხარა ძმის ამქვეყნად მობრუნებისთვისაც და იმ სასახლისთვისაც. ამიტომ ასე უთხრა:

- საყვარელო ძმაო! მე დავიფიცე, რომ უარს არ გეტყოდი იმაზე, რაც ამქვეყნად ჩემს ხელმწიფებას ექვემდებარება. მაგრამ არ აღმითქვამს შენთვის ის სასახლე, რომელიც ზეცაში ყოფილა აგებული. ამიტომ, თუკი ასე გსურს, შეგიძლია მიიღო ის ხუროთმოძღვარი, რომელიც ჩვენ გვყავს და რომელსაც ძალუძს, შენთვისაც ააგოს ასეთივე სასახლე!

თქვა ეს და უმალვე საპყრობილეში გაგზავნა მსახურნი, რათა წმინდა თომა და ვაჭარი ავანი ხელმწიფისათვის მიეგვარათ. როცა ისინი მოიყვანეს, მეფე სასწრაფოდ შეეგება მოციქულს და ფერხთ შეუვრდა ვედრებით, შემინდე ჩემი ცოდვა შენ წინაშე, რადგან არ ვიცოდი, რას ვიქმოდიო.

წმინდა მოციქულმა თომამ კი მადლობა შესწირა უფალს ასეთი წყალობისათვის და ორივე ძმის დამოძღვრა იწყო.

ისინი გულმხურვალედ იღებდნენ მოციქულის სიტყვებს, მალე თომამ ნათელიც სცა და ასწავლა ქრისტიანული ცხოვრება, ძმებმა კი მრავალრიცხოვან წყალობათა გაღებით საუკუნო სამკვიდრებელი შეიძინეს ცათა შინა.

თომამ ერთი ხანი მეფესთან და მის ძმასთან დაჰყო, განამტკიცა ისინი წმინდა რწმენაში, შემდეგ კი გარემო ქალაქებსა და დაბა-სოფლებში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და იღვწოდა ადამიანთა ხსნისთვის.

დედა ღვთისმშობლის მიძინება

თომა მოციქული ინდოეთის სხვადასხვა ქვეყანაში სახარებას რომ ქადაგებდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აღსრულების ჟამიც დადგა (საეკლესიო გადმოცემით, ეს მოხდა მე-15 წელს უფლის ზეცად ამაღლებიდან, ანუ 48 წელს ქრისტეს შობიდან, როცა ღვთისმშობელი 64 წლისა იყო).

მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღეს სულიწმიდის მიერ ყველა მოციქული გეთსიმანიის ბაღში აღმოჩნდა, გარდა თომა მოციქულისა, რომელმაც 3 დღით დაიგვიანა.

მოციქული ძალიან განიცდიდა, სხვა მოციქულებთან ერთად საფლავამდე რომ ვერ მიაცილა უფლის დედის სხეული.

მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს, საგანგებოდ თომასთვის გაეხსნათ ღვთისმშობლის საფლავი, რათა მას ამქვეყნად უკანასკნელად ეხილა მისი ყოვლადპატიოსანი სხეული და თაყვანი ეცა მისთვის. თუმცა, აღმოჩნდა, რომ, მსგავსად ძისა, დედა ღვთისას სხეულიც ზეცად ამაღლებულიყო...

თომა მოციქულის მოწამებრივი აღსასრული

ამის შემდეგ წმინდა მოციქული თომა კვლავ ინდოეთის ქვეყანაში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, სადაც მრავალი მოაქცია და უამრავი სასწაული მოახდინა სულიწმიდის ძალით.

ქალამიდის ქვეყანაში ქადაგებისას მისი წყალობით მრავალი ეზიარა ქრისტიანობას, მათ შორის - მეფისწული აზანი, ქალები, რომლებმაც ურწმუნო მეუღლეებთან თანაცხოვრებაზე უარი თქვეს. ერთ-ერთი მათგანი მეფის მეუღლე გახლდათ.

სასახლეში დაბრუნებული დედოფალი ლოცვასა და მარხვას შეუდგა. თომა კი კვლავაც განაგრძობდა უფლის სიტყვის ქადაგებას.

მეფემ დაიბარა თომა და ჰკითხა, ვინ ხარო. თომამ მიუგო, - მე ვარ მონა ცათა და ქვეყნის ბატონისაო და ქრისტიანობა უქადაგა.

განრისხებულმა მეფემ მრავალი განსაცდელი მოუვლინა წმინდა მოციქულს. თუმცა, განსაცდელმა უფრო განამტკიცა მოქცეულთა რწმენა, მრავალი ურწმუნო კი ქრისტეს გზაზე დააყენა.

მეფეს მოციქულის სიკვდილი გადაეწყვიტა, მაგრამ ვერ ბედავდა, რადგან იცოდა, ხალხი არ აპატიებდა.

ერთხელ თომა ქალაქგარეთ წაიყვანა. ფიქრობდნენ, მეფე მოციქულისგან სასწაულს მოელისო. თუმცა, თვით მეფე ასე არ ფიქრობდა...

როგორც კი ქალაქს ნახევარი საათის სავალით გასცდნენ, მოციქული ხუთ მხედარს გადასცეს და უბრძანეს, შუბებით განეგმირათ იგი. თომა მოციქულმა ლოცვისთვის დრო ითხოვა. შემდეგ მღვდლად და დიაკვნად დაასხა ხელი საფორსა და აზანს (აზანი მეფის ძე იყო, საფორი კი მისი მეგობარი), რომლებიც უკან მისდევდნენ და უანდერძა, მორწმუნეთა გამრავლებისა და ქრისტეს სიტყვის განვრცობისთვის ეზრუნათ.

...ხუთი შუბით განგმირეს თომა მოციქული.

საფორი და აზანი დიდხანს დასტრიალებდნენ მოძღვრის ნეშტს, შემდეგ კი დიდი პატივით დაკრძალეს მისი წმინდა სხეული (მოციქულის მოწამებრივი აღსასრულის ადგილს დღესაც უჩვენებენ კალურმინში, ექვსიოდე კილომეტრზე ქალაქ მალიპურიდან, სადაც წმინდა თომა ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ლოცვისთვის).

დაკრძალვის შემდეგ დამწუხრებულებს წმინდა თომა გამოეცხადა და ქალაქში დაბრუნება და ძმების რწმენაში განმტკიცება უბრძანა. ისინიც დაბრუნდნენ და, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულნი, წარმატებით განაგებდნენ ქრისტეს ეკლესიას.

რამდენიმე წლის შემდეგ მეფე მუზდის ერთ-ერთი ძე ბოროტმა შეიპყრო, რამაც მეფე აიძულა, გაეხსენებინა წმინდა თომას შესახებ გაგონილი - მრავალი ეშმაკეული განკურნაო. მეფემ ირწმუნა, თუ თომას საფლავს გახსნიდა და მის ძვალს ძეს შეახებდა, განიკურნებოდა.

საფლავი ცარიელი აღმოჩნდა - ერთ-ერთ მორწმუნეს ფარულად მესოპოტამიაში გადაესვენებინა წმინდანის ნაწილები.

მაშინ ხელმწიფემ იმ ადგილიდან ერთი მუჭა მიწა აიღო, ნაჭერში გაახვია და ძეს ყელზე ჩამოჰკიდა, თან უფალს სასწაულის მოხდენას სთხოვდა. აღთქმაც დადო, რომ ირწმუნებდა იესო ქრისტეს.

ლოცვის დასრულებისთანავე განიკურნა მისი ვაჟი, მეფე კი - გაქრისტიანდა.

საეკლესიო მწერლების მოწმობით, თომა მოციქულის წმინდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესაში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი.

ედესაში ამ წმინდა ნაწილებზე დიდებული ეკლესიაც ააგეს, სადაც შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ მლოცველები.

იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518 წლები) თომა მოციქულის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლს გადაასვენეს, სადაც მის სახელზე ტაძარიც ააგეს. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობისას (1204 წელი) უნგრეთის მეფემ, ანდრია მეორემ, წმინდა თომას მარჯვენა თავის სამშობლოში გადაასვენა.

თომა მოციქულის თავის ქალა კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. უფლის ამ წმინდა მოციქულის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა და კვლავაც აღესრულება.

ტროპარი:

იქმენ მოწაფე ქრისტესი, თავთა მათ მოციქულთა კრებულსა თანა აღრაცხულ, ხოლო ურწმუნოებითა ქრისტეს აღდგომაჲ გამოიძიე, და მისისა პატიოსნისა ვნებისა განხილვითა, მორწმუნე იქმენ, თომა, ყოვლად ქებულო, და აწ გვითხოვე ჩუენ მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

კონდაკი:

ვითარცა სიბრძნისა მადლითა აღვსებულმან, და ქრისტეს მოციქულმან, და მსახურმან საკვირველმან, სინანულით ღაღად-ჰყავ შენ: შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი.
....................................
ასევე წაიკითხეთ:

წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა სიონის ტაძარშია დაბრძანებული

ხუთი შუბით განგმირეს თომა მოციქული


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
10.10.2022
წმინდა მოციქული არისტარქოსი უფალი იესო ქრისტეს სამოცდაათი მოციქულიდან ერთ-ერთია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat