ნათლობა - ერთი შვიდ საიდუმლოთაგანია, რითაც მორწმუნე პირველად ეზიარება ქრისტიანობას, განიწმინდება პირველქმნილი ცოდვისაგან, და განერიდება ეშმას.
ნათლობით იწყება სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა. ესაა წყლით განბანა და ხელახლა დაბადება. წყლით ნათლობა დაწესებული იყო ღვთის ნებით. თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ოცდაათი წლისა მოინათლა მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ. სულიწმიდა გადმოვიდა მასზე და ზეციდან მოისმა ხმა მამა ღმერთისა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ". ნათლობა ხდება სულიწმიდის მადლით, მისი ძალით ხდება "განახლება ცოდვილი ადამიანისა", რომელიც წმ. ემბაზიდან პირველქმნილი შეცოდებისაგან განწმენდილ-გამართლებული გამოდის. საფუძვლად უდევს მაცხოვრის სიტყვები: "უკეთუ ვინმე არ იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოანე 3, 5). ერთ-ერთ თავის გამოცხადებაში მოწაფეების წინაშე აღდგომილი ქრისტე ეუბნება მათ: "მოგეცათ თქვენ ყოველი ხელმწიფება ზეცასა და ქვეყანაზე. წარვედით და მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველნი რაოდენი გამცენ თქუენ" (მათ. 28, 19-20).
ჩემო მკითხველო, ალბათ, გაინტერესებს, როდის მოინათლნენ მოციქულები და ვის მიერ. სახარება მოგვითხრობს, რომ მოციქულებმა მიიღეს იოანეს ნათლისღება ქრისტეს ვნებამდე, ხოლო მაცხოვარს ვიდრე ვნებამდე არ მიუცია სხვა ნათლობა, რათა არ დაერღვია მას იოანეს ქადაგება და არ მიეცა საბაბი მოქიშპე იუდეველებისათვის, თითქოს მან იოანე ნათლისმცემლის დასაგმობად თავისი ნათლობა შემოიტანა. მართლაც, მაცხოვარი სრულყოფს დანაკლისს და ნათლავს არა წყლით, არამედ სულით, როგორც თვითვე ამბობს: "თქვენ მოინათლებით სულიწმიდით არამრავალი დღის შემდეგ", ცხადია, იგულისხმება ათი დღე. ამრიგად მოციქულებს ამაღლების შემდეგ ეძლევათ წინასწარგანწესებული ათი დღე რწმენის გამოსაწრთობად, რადგან როდესაც დაცხრა მადლი და არავინ ჩანდა აღთქმულთაგანი, მაშინ გამოიცდებოდა მათი რწმენა.
ამრიგად, სულით ნათლობა იგივეა, რაც სულიწმინდის მიღება. ასე რომ, მოციქულები მონათლულები იყვნენ წყლით ვიდრე ვნებამდე. და იყო ის ემბაზი ცოდვათა მისატევებლად, მაგრამ არა სულიწმინდასთან საზიარებლად. ხოლო იმას, რომ იოანემ მონათლა მოციქულები, ააშკარავებს უფალი, როდესაც ფეხთაბანის დროს ეუბნება პეტრეს, რომელიც არ თანხმდებოდა მას: "განბანილს აღარ აქვს დაბანის საჭიროება, გარდა ფეხებისა" (იოანე 13,10). ამის თქმით უფალმა ცხადყო, რომ იოანესეული ნათლობით განბანილი იყო არა მხოლოდ პეტრე, არამედ სხვა მოციქულებიც, რადგან იმათაც მხოლოდ ფეხები დაჰბანა მან. ამრიგად, მაცხოვარს არ უარუყვია იოანესგან აღსრულებული ნათლობა სინანულისა და ცოდვათა მიტევებისა, არამედ სრულყო მან იგი, შემატა რა ყოვლადწმიდა სულის საბოძვარი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი