(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
"წმინდა მოციქულები, გარდა იმისა, რომ ცხოვრობდნენ ქრისტეს დროს, იყვნენ კიდეც თანამოღვაწენი მისი მსახურებისა, მემკვიდრენი და მქადაგებელნი მაცხოვრის სიტყვისა.
უფალი ასე მიმართავს მათ: "სიტყუანი რომელ გესმიან, არა ჩემნი არიან, არამედ მომავლინებლისა ჩემისა მამისანი" (იოანე 14,24); "ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ". მოციქულთა მოღვაწეობა ვლინდებოდა ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე, იგი დღესაც ნათლად ჩანს და მომავალშიც გაგრძელდება". * "ჩვენმა ერმა სიხარულით შეითვისა ქრისტეს მოძღვრება, რომელიც იქადაგეს საქართველოში იერუსალიმიდან ჩამოსულმა მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა... საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდად აფასებს თავის მოციქულებრივ წარმოშობას და მიაჩნია, რომ ჭეშმარიტი ეკლესია მხოლოდ იგია, რომელმაც ურყევად დაიცვა წმიდა წერილი, ქრისტეს მოწაფეთა წმიდა სწავლება, წმიდა მამათა დადგენილებანი".
* "ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამაი ყოველთაი, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის" (ეფეს. 4,5-6), - ამ სიტყვებით მიმართა წმიდა მოციქულმა პავლემ ეფესოს ეკლესიას და მოუწოდა, მშვიდობასთან კავშირით შეენარჩუნებინა სულის ერთობა".
* "წმიდა პავლე აღნიშნავს, რომ მის ხელახალ შობას ქრისტიანად ხელს უწყობდა სხვადასხვა გარემოება ანუ ყოფის გარეგნული მხარე: დათმენა "ტანჯუათა, პყრობილებათა და შფოთებათა", მუშაკობა "შრომითა, მღვიძარებითა და მარხვითა"; სწორედ მათი წყალობით მოიპოვა მან ცხოვრება "სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა, სიტყვითა ჭეშმარიტებისაითა, ძალითა ღმრთისაითა, საჭურველითა მით სიმართლისაითა მარჯვენისაითა და მარცხენისაითა" (2 კორ. 6,5-7)".
* "წმიდა წერილი გვაფრთხილებს: საქმენი ხორცთანი არიან: სიძვა, უწმინდურება, ბილწება, კერპთმსახურება, მწვალებლობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს" (გალატ. 5,19-21)... "ამისთვის გამოცხადნა ძე ღმრთისაი, რაითა დაარღვინეს საქმენი ეშმაკისანი" (I იოანე 3,8) და ადამიანს დააძლევინოს ცოდვა. იგი ზეციდან მიწამდე დამდაბლდა, რომ კაცი მიწიდან ზეცად აღემაღლებინა. ქრისტე "განკაცდა, რათა ჩვენ განვიღმრთოთ" (ათანასე დიდი)".
* "დიდება რომ შევწიროთ უფალს, არ არის საკმარისი მარტო რწმენა; ღმერთი უნდა ვადიდოთ სიტყვით და საქმით უშიშრად, ყველას წინაშე; ხოლო "რომელმან უარმყოს წინაშე კაცთა, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა" (მათე 10,33). საქმით ღვთის დიდება მცნების დაცვას და მის აღსრულებას ნიშნავს. "უკუეთუ გიყუარან მე, - ბრძანებს უფალი, - მცნებანი ჩემნი დაიმარხენით" (იოანე 14,15) და "ესე არს მცნებაი ჩემი, რაითა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ" (იოანე 15,12)".
* "განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაი" (რომ. 13,12)... ბნელისაგან ნათლის დაბადება - საიდუმლოებით მოცული მოვლენაა, რომელიც ღვთის მადლის უშუალო მონაწილეობით ხდება ჩვენში. ამიტომაც საჭიროა გაძლიერებული ლოცვა, რომ დავაჩქაროთ ბოროტისაგან ჩვენი საზოგადოების განთავისუფლების პროცესი.
სინათლის მატარებელი პიროვნება თვითონ ხდება მანათობელი, რაზეც ბრძანებს წმიდა მათეს სახარება: "ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედვიდნენ თქვენს კეთილ საქმეებს" (მათე 5,16)".
* "აუცილებელია მოღვაწეობა, აუცილებელია მარხვა და ლოცვა, სარწმუნოებრივი საქმიანობა, რამეთუ სარწმუნოება თვინიერ საქმისა მკვდარია.
შრომას აკურთხებს ღმერთი თავის მცნებაში: "ექვს დღეს იშრომეთ და აღასრულეთ ყოველი საქმე". ადამიანი უნდა დაუბრუნდეს შრომას, თუ სურს იყოს ბედნიერი. განცხრომა კი მისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა (წმინდა ბასილი დიდი). ღმერთმა შრომისათვის შექმნა ადამიანი და განუწესა ამისთვის სხვადასხვა ორგანო. მხოლოდ ზარმაცი არღვევს ღვთაებრივ წესრიგს და არარაობად აქცევს თავის ყოფას (წმინდა იოანე ოქროპირი)".
* "მაცხოვარი ბრძანებს: "ხალხმა უფრო მეტად შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი, რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი, და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ გამჟღავნდეს მისი საქმენი" (იოანე 3,18-20). მაგრამ არ შეიძლება ეს პროცესი ასე გაგრძელდეს; უნდა მოხდეს ხალხის გონების და შემდეგ სულის განკურნება და ღმერთთან დაბრუნება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოყვასს ფეხზე დადგომაში".
* "მოციქული იოანე ღვთისმეტყველი სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად შეაგონებდა მსმენელებს: შვილებო, გიყვარდეთ ერთმანეთი. როდესაც ჰკითხეს, რატომ იმეორებდა ამ ფრაზას ასე ხშირად, უპასუხა: სახარების მთელი აზრი ამ სიტყვებშია ჩადებულიო".
* "პავლე მოციქულს შესანიშნავი განათლება მიუღია, მოსეს სჯულის ბრწყინვალე მცოდნე და მიმდევარი ყოფილა, ამავე დროს, სასტიკი მტერი ქრისტიანობისა. სულ ახალგაზრდას მონაწილეობა მიუღია მთავარდიაკონ სტეფანეს წამებაში, მაგრამ უფალი ქრისტიანთა ამ მოუღლელ მდევნელში რჩეულ ჭურჭელს ხედავდა, რომელიც სულიწმიდის მადლით უნდა ავსებულიყო. და აი, ერთხელ, როცა იგი იერუსალიმიდან დამასკოში მიდიოდა, რათა ქრისტიანები იქაც ედევნა, უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა. ამ ხილვის შედეგად, მართალია, იგი დამარცხდა, მაგრამ სამაგიეროდ სულიერი თვალი აეხილა. იგი მოინათლა, თვალებიც აეხილა და ქრისტეს დაუძინებელი მტრიდან სახარების შთაგონებულ მქადაგებლად იქცა. პავლე მოციქულს განსაკუთრებული ღვაწლი წარმართების მოქცევაში მიუძღვის".
* "რომის იმპერატორის ნერონის ბრძანებით, განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდნენ ქრისტიანებს. რომის კოლიზეუმი ქრისტიანთა საწამებელ ადგილად იქცა. როგორც პეტრე მოციქულის ცხოვრებიდან ვიცით, მოწაფეებმა მოძღვარს რომიდან წასვლა ურჩიეს, რადგან მისი სიცოცხლე აუცილებლად მიაჩნდათ ეკლესიისთვის. მართლაც, ერთ ადრიან დილას, გარიჟრაჟზე, იგი რომიდან გავიდა და დაინახა, რომ ვიღაც რომისკენ მოემართებოდა. როცა მიუახლოვდა, მომავალში უფალი შეიცნო, რომელსაც ჯვარი მოჰქონდა. პეტრემ ჰკითხა: უფალო, "ვიდრე ჰხვალ?" ე.ი. სად მიდიხარო. მაცხოვარმა უპასუხა, რომ რომში მიდიოდა, რათა მეორედ გაკრულიყო ჯვარზე. ხილვა გაქრა და პეტრე მოციქულიც მიხვდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. დაბრუნდა რომში და სახარების ქადაგება კიდევ უფრო გააცხოველა. იგი შეიპყრეს და ჯვარზე გაკვრა მიუსაჯეს. მისი უკანასკნელი თხოვნა იყო, ჯვარზე თავდაყირა გაეკრათ, რადგან თავს ღირსად არ თვლიდა, ჯვარზე უფლის მსგავსად ყოფილიყო გაკრული".
* "ფსალმუნში ვკითხულობთ: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი". მართლაც, საკვირველ არიან საქმენი უფლისანი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქმენი უფლისანი მიმართულია იმისკენ, რომ მოიქცეს ქართველი ერი. ჩვენ ვხედავთ დიდ წყალობას, დიდ მფარველობას ღვთისას ერსა ზედა".
* "კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა ვაკეთოთ, რას ვესწრაფოთ, როგორ გავიმარჯვოთ. უპირველესად ჩვენი ადგილი უნდა ვნახოთ ცხოვრებაში და განვსაზღვროთ სახე ჩვენი საქმიანობისა. როდესაც სპეციალობას ვირჩევთ, პასუხი უნდა გვქონდეს კითხვებზე: ვისთვის იქნება საჭირო ეს საქმიანობა? მიგვიყვანს იგი ღმერთამდე? აქვს მას მარადიული ღირებულება?
დღეს, მართალია, ცოცხლები ვართ, მაგრამ არ ვუწყით, რა გველის ხვალ. ღმერთი ჩვენგან ელოდება ჩვენი დანიშნულების აღსრულებას. ჩვენი მარადიული ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ დღეს რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ, ვზრუნავთ თუ არა ჩვენი სულიერი ამაღლებისთვის.
"ღმერთმან მშვიდობისამან სრულგყოთ თქვენ ყოველი კეთილი საქმის მის ნებისაებრ აღსასრულებლად და იყოს თქვენში ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე" (ებრ. 13,20-21)".