წმინდა ოთხთავს მოსდევს საკუთრივ ახალი აღთქმის ისტორიული წიგნი - "საქმე წმიდათა მოციქულთა", რომელიც სახარების ისტორიის უშუალო გაგრძელებაა და მოციქულთა სწავლებას წინასწარ გვაცნობს.
"საქმე მოციქულთა" არის პირველი ისტორიული წყარო, რომელშიც გადმოცემულია პირველ ქრისტიანთა ცხოვრება. იგი 30-წლიან პერიოდს მოიცავს. ეს წიგნი, - აღნიშნავს წმინდა იოანე ოქროპირი, - სახარებების შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მასში გადმოცემულია სულიწმინდის მიერ აღსრულებული არაერთი სასწაული. აქ შეიძლება ვიხილოთ იმ სასწაულთა განხორციელება, რომელიც ქრისტემ აღუთქვა მახარებლებს: სულიწმინდის მოფენა, მოციქულთა ქადაგება, მოციქულთა შეურაცხყოფა, მათი სინაგოგებიდან გამოდევნა, მოწამებრივი აღსასრული... წმინდა იოანე ოქროპირი "საქმე მოციქულთას" უწოდებს ჭეშმარიტ წიგნს, რომელიც მოიცავს ჭეშმარიტ მტკიცებას მაცხოვრის აღდგომის შესახებ და სწორედ ამაში ხედავს იგი ამ წიგნის მთავარ მიზანს. წმინდა იოანე ოქროპირისავე შენიშვნით, თვით წიგნის სახელწოდება გვავალდებულებს, ხსენებულ წმინდა წიგნში ვეძებოთ არა იმდენად სასწაულები, რამდენადაც ზნეობის ნიმუშები და სათნოების მაგალითები.
სად, როდის და რა მიზნით დაიწერა "საქმე წმიდათა მოციქულთა", რას მოგვითხრობს ეს წმინდა წიგნი და რა ადგილი უკავია ღვთისმსახურებაში, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ჯვარისმამის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იოანე მამულაშვილი.
- როგორც ცნობილია, წიგნი "საქმე წმიდათა მოციქულთა" დაიწერა ლუკა მახარებლის მიერ. საიდან ჩანს ეს?
- ეს ნათლად ჩანს წიგნის შესავალ ნაკვეთში, სადაც ლუკას სახარება მოიხსენიება, როგორც მწერლის პირველი სიტყვა ანუ თხზულება. ამასვე ადასტურებს ყველა ძველი საეკლესიო მწერალი. ლუკა მახარებელი წიგნს იწყებს ვინმე თეოფილესადმი მიმართვით, სადაც იგი მიუთითებს, რომ "პირველი სიტყვა ჰყო ყოველთათვის", რომლებიც თვითმხილველნი იყვნენ მაცხოვრის საქმეებისა; რადგან მრავალმა მიჰყო ხელი ამ ისტორიების აღწერას, იგი თავს ვალდებულად თვლის, რომ ჭეშმარიტად აღწეროს ყოველივე. თეოფილე იყო ლუკა მახარებლის სულიერი შვილი, თავად ლუკა მახარებელი კი - პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი. "საქმე მოციქულთაში" მრავალი ადგილია, სადაც ლუკა მახარებელი პირველ პირში საუბრობს, თანამონაწილედ გამოჰყავს თავისი თავი. სახარებაში თხრობა ამაღლებამდეა, ხოლო "საქმე მოციქულთაში" ამაღლების შემდეგ გრძელდება.
წმინდა ლუკა მახარებლის ავტორობას ადასტურებენ უძველესი ქრისტიანული ეკლესიის მამები: წმინდა ირინეოს ლიონელი, წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელი, ტერტულიანე. გვიანი ეპოქის მწერლებს: ორიგენეს, ევსებიოსს, ნეტარ იერონიმეს, წმინდა იოანე ოქროპირს ოდნავაც არ აეჭვებთ წიგნის წარმომავლობა მოციქულ ლუკასაგან. იგივე დასკვნის საფუძველს იძლევა წიგნის გულდასმით გაცნობა, რაც გვარწმუნებს იმაში, რომ მისი დამწერი იყო წმინდა პავლე მოციქულის ერთ-ერთი თანამგზავრი და მისი საქმიანობის შემწე. მაგრამ იგი არ იყო არც ტიმოთე, არც შილა, რომელთა შესახებაც ავტორი მესამე პირში საუბრობს, არც სხვა რომელიმე პირი, რადგან საეკლესიო გადმოცემას წიგნის ავტორობა არასოდეს მიუწერია წმინდა პავლე მოციქულის არც ერთი სხვა თანამგზავრისათვის.
- როგორც ცნობილია, ერთ დროს გარკვეული პრობლემა დადგა ამ წიგნთან დაკავშირებით: იყო თუ არა ამ წიგნში გადმოცემული ობიექტური ისტორია თუ მისი ავტორი სულიერი აღქმით ხედავდა ეკლესიის დაფუძნებას. რომელი ფაქტები გვარწმუნებს იმაში, რომ წიგნი "საქმე მოციქულთა" უტყუარი ძეგლია და აღგვიწერს არა გამონაგონ მოვლენებს, არამედ წმინდა მოციქულთა ჭეშმარიტ მოღვაწეობას?
- ამგვარ უტყუარობაში გვარწმუნებს მრავალი დასაბუთება: შინაგანი, ქრონოლოგიური თუ ტოპოგრაფიული. მაგალითად, იოსებ ფლავიუსი ამბობს, რომ იუდეველი მღვდელთმსახურები დღეში ორგზის აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას ტაძარში, მესამე და მეცხრე ჟამზე. წმინდა მოციქულები, პეტრე და იოანე, ტაძარში სალოცავად დღის 9 საათზე მივიდნენ (საქმე მოციქულთა 3,1). იგივე ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ნაზორეველებს ჩვეულებად ჰქონდათ, შეწირულობა მიეღოთ მოსახლეობისაგან მათი განწმენდისათვის. ამ სახით მათ სურდათ დამსახურება ჰქონოდათ აღთქმის შენახვაში. ხსენებულ ჩვეულებას განსაკუთრებით მისდევდნენ ავადმყოფები და ისინი, ვისაც რაიმე ხიფათი ელოდა.
"საქმეთა" წიგნი გადმოგვცემს, რომ მღვდელთმთავარი კაიაფა სადუკეველთა სექტის წევრი იყო (5,17). იოსებ ფლავიუსიც იმავეს ადასტურებს. ათენში წმინდა პავლე მოციქულმა იხილა სამსხვერპლო უხილავი ღმერთისადმი შესაწირავად. უხილავი, იდუმალი ღმერთების ძეგლთა შესახებ საუბრობენ დიოგენე ლაერტელი, პავსანიოსი, ფილოსტრატე (ფილოსტრატე ადასტურებს ათენის არეოპაგში პავლე მოციქულის ქადაგებას). სხვა დაწვრილებით ცნობათა შორის აუცილებელია იმის მითითება, რომ ამ წიგნში მოთხრობილია აგრეთვე ჰეროდე აგრიპას გარდაცვალების შესახებ, რომელიც იწოდება მეფედ (საქმე მოციქულთა 12,1). ეს წოდება, იოსებ ფლავიუსის დამოწმებით, ჰეროდემ ნამდვილად მიიღო იმპერატორ კალიგულასგან და ატარებდა მას თავისი მმართველობის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. "საქმეთა" წიგნში (12, 23) აგრიპას სიკვდილის აღწერა საოცრად ემთხვევა ფლავიუსის აღწერას. სხვა უამრავი მითითება, რომლებიც დადასტურებულია იუდეველ და წარმართ მწერალთა მიერ, გვარწმუნებს "საქმეთა" წიგნის უტყუარობაში. ამასთან ერთ გარემოებასაც უნდა მიექცეს ყურადღება: "საქმეთა" წიგნი თავდაპირველად მოგვითხრობს წმინდა პეტრე მოციქულის მოღვაწეობის შესახებ, ხოლო შემდეგ აღწერს წმინდა პავლე მოციქულის საქმიანობას. წიგნში თხრობა მთავრდება იქ და იმ დროს, სადაც გამონაგონ ამბავთა აღმწერი არ დაამთავრებდა თხზულებას წმინდა პავლე მოციქულის რომში ჩასვლით. ფსევდოავტორისათვის გაცილებით ბუნებრივი იქნებოდა განეგრძო თავისი გმირის შესახებ საუბარი და ეჩვენებინა მისი საგმირო საქმეები მსოფლიოს დედაქალაქში. მაგრამ მართლის აღმწერი მწერალი დუმს, სავარაუდოა, იმ მიზეზით, რომ ამ დროს იგი შეიპყრეს და დილეგში გამოამწყვდიეს. მოციქულთა საქმეების აღმწერი ყალბი წიგნების არსებობა, რომელთა შესახებაც ხშირად საუბრობენ წმინდა მამები და საეკლესიო კრებები, გარკვეული სახით, კიდევ უფრო ადასტურებს უტყუარ "საქმეთა" არსებობას.
- რა იყო "საქმე მოციქულთას" დაწერის საბაბი?
- როგორც თხზულების პირველივე სიტყვებიდან ჩანს, "საქმე მოციქულთას" დაწერის საბაბი გახლათ ის, რამაც განაპირობა წმინდა ლუკა მახარებლის მიერ სახარების დაწერა. ეს იყო მწერლის სურვილი თეოფილესთვის დაეტოვებინა რწმენის შესახებ სწავლების დასაბუთება ან, როგორც თავად მახარებელი გადმოგვცემს, მიეცა მისთვის მეორე სიტყვა, განგრძობა იმისა, რაც უკვე დაწერა სახარებაში. "საქმე მოციქულთა" დაწერილია ღვთის განგებულებით, სულიწმინდის შთაგონებით. წიგნის დაწერის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი საბაბი, როგორც საუკეთესო განმმარტებლები წერენ, იყო სულიწმინდის განზრახვა, დაეტოვებინა მხილველის მიერ თქმული ჭეშმარიტი სიტყვა ქრისტეს ეკლესიის განმტკიცებისა და გავრცელების, მის პირველ გამავრცელებელთა - წმინდა მოციქულთა ღვაწლისა და საქმის შესახებ; იმ მოციქულთა შესახებ, რომელთაც, წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს დარად, სამყაროს დასასრულამდე ქვეყნიერებას ახარეს რწმენა და ღვთის უკვდავი სიტყვა.
- როდის დაიწერა "საქმეთა" წიგნი და რასთან არის დაკავშირებული მისი ქრონოლოგია?
- "საქმე მოციქულთას" ქრონოლოგია დაკავშირებულია ისტორიულ მოვლენებთან, რომლებიც ამ წიგნშია აღწერილი.
"საქმე მოციქულთა", როგორც უეჭველად შეგვიძლია ვივარაუდოთ, დაწერილია ბორკილებდადებული წმინდა პავლე მოციქულის რომში ყოფნის ჟამს. წმინდა მოციქულის რომში ყოფნის აღწერით მთავრდება "საქმეთა" წიგნი და, შესაძლოა, მისი ტყვეობაში ყოფნა იყო მიზეზი, რამაც მწერალი აიძულა შეეწყვიტა თავისი თხრობა, რასაც იგი არ გააკეთებდა იმ შემთხვევაში, თუკი თხზულებას დაწერდა წმინდა მოციქულის განთავისუფლების ანდა მისი აღსრულების შემდგომ. მოვლენათა ქრონოლოგიის დასადგენად, "საქმეთა" წიგნი წარმოგვიდგენს სამოქალაქო ისტორიის მთელ რიგ მოვლენათა თანმიმდევრობას.
მთავარი ისტორიული მომენტები, რომლებზეც ყურადღება უნდა შეჩერდეს "საქმეთა" წიგნში, შემდეგია: 1) პავლე მოციქულის მოქცევა ქრისტეს მიერ; 2) მოციქულთა კრება იერუსალიმში; 3) პავლე მოციქულის რომში ყოფნის დრო, აქედან გამომდინარე, "საქმეთა" წიგნის დაწერის ჟამი.
როგორც ცნობილია, პავლე მოციქული მოექცა დამასკოს გზაზე. იგი ჩავიდა დამასკოში, სადაც დევნულებაში მოჰყვა. მეფე არეთა განუდგა თავის სიძეს - ტიბერიუსს, მოინდომა ანტიოქიისა და არაბეთის გარკვეული ნაწილის ცალკე გამოყოფა, არეთამ დაიკავა დამასკო და დაიწყო სიტუაციის მოწესრიგება. პავლესადმი უარყოფითი დამოკიდებულება გაორმაგებული იყო, რადგან იგი გახლდათ რომაელი და ამავე დროს ქრისტიანი. მისი მოქცევა მოხდა 38 წელს, ხოლო მოქცევიდან 14 წლის შემდეგ იგი ჩავიდა იერუსალიმში, სადაც გაიმართა საეკლესიო კრება, ე. ი. 52 წელს. პავლეს რომში ყოფნა პროკონსულ ფელიქსთან და პავფსოსტისთან არის დაკავშირებული. ფელიქსი გაიწვიეს 60 წელს. 2 წლის შემდეგ მოვიდა პავფსოსტი. 63-64 წლებში პავლე უკვე რომშია. ლუკა მახარებელი პავლე მოციქულის რომში ყოფნით წყვეტს მის შესახებ თხრობას. წიგნი დაწერილია 64 წელს. თავად პავლე მოციქული 67 წელს რომში აწამეს.
- რაზე მოგვითხრობს "საქმე წმიდათა მოციქულთა"?
- თავისი განზრახვისამებრ, წმინდა ლუკა მახარებელი "საქმეთა" წიგნში მოგვითხრობს ქრისტეს ეკლესიის ისტორიას მაცხოვრის ზეცად ამაღლებიდან მოყოლებული ეკლესიის დაარსების დღემდე, თავდაპირველად იუდეის დედაქალაქში, იერუსალიმში, შემდეგ ანტიოქიაში და ბოლოს მთელი წარმართული სამყაროს დედაქალაქში - რომში. ასე რომ, "საქმეთა" წიგნი იყოფა ორ მთავარ ნაკვეთად. პირველში (1-12 თავები) იესო ქრისტეს ამაღლების დროიდან ეკლესიის მდგომარეობის მოკლე აღწერის შემდეგ მოთხრობილია მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლისა და წმინდა პეტრე მოციქულის პირველი ქადაგების შესახებ, რამაც დიდად შეუწყო ხელი იუდეველთა შორის ეკლესიის გავრცელებას თავად იერუსალიმში. აღწერილია ქრისტიანთა პირველი თემები, ეკლესიის დამკვიდრებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე, მოციქულთა მიერ აღსრულებული სასწაულები და მათი სამქადაგებლო მოღვაწეობა, რამაც, ერთი მხრივ, ქრისტიანულ თემებში ათასობით ადამიანი გააერთიანა, ხოლო მეორე მხრივ, გამოიწვია ახალი სწავლების მიმდევართა სასტიკი დევნა სინედრიონის მხრიდან. ეს დევნა დაიწყო ქრისტეს რწმენისათვის პირველმოწამის, სტეფანე არქიდიაკვნის სიკვდილით. სახარების მქადაგებელთა გასვლამ იუდეის დედაქალაქიდან სხვადასხვა ქალაქებსა და თვით პალესტინის საზღვრებს გარეთ, ხოლო წმინდა პეტრეს მიერ კორნელიოს ასისთავის მოქცევამ დასაბამი დაუდო წარმართთა შორის ქრისტეს ეკლესიის დამკვიდრებას. სავლეს მიერ ქრისტიანთა დევნა და შემდგომ თავად მისი სასწაულებრივი მოქცევა ქრისტეს სჯულზე - შეადგენს იუდეველთა შორის ეკლესიის გავრცელების ახალ პერიოდს. ანტიოქიაში სავლეს მოღვაწეობის გაძლიერებამ და ჰეროდე აგრიპას მიერ ქრისტიანთა გააფთრებულმა დევნამ, რაც იაკობ ზებედეს სიკვდილით დასრულდა და კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა წმინდა პეტრე მოციქულს, აღასრულა ქრისტეს ეკლესიის მდგომარეობის პირველი პერიოდი და დასაბამი დაუდო ახალ ეპოქას. ეკლესიის დიად საზოგადო სამსახურში გაჩნდა ახალი მოღვაწე - წმინდა პავლე მოციქული და ქადაგებამ იუდეველებისგან წარმართებზე გადაინაცვლა. ამ უდიდეს მოღვაწეობაზე მოგვითხრობს უპირატესად "საქმეთა" წიგნის მეორე ნაკვეთი (13-28 თავები). წმინდა პავლეს მოღვაწეობას მწერალი ყოფს სამ სამოციქულო მოგზაურობად, რომელიც მან განახორციელა ქადაგებათა გავრცელების მიზნით.
პავლე მოციქულმა პირველად ბარნაბასთან და იოანე მარკოზთან ერთად იმოგზაურა. მათი თანხლებით პავლემ გაიარა გზის რაღაც ნაწილი. მოგზაურობა დაიწყო ანტიოქიიდან, გაგრძელდა მცირე აზიაში და ლამის ორივე მოციქულის სიკვდილით დასრულდა ლისტრაში, სადაც მოციქულთა მიერ ხეიბრის განკურნებით გაოგნებულმა ხალხმა ისინი ღმერთებად მიიღო. ხოლო შემდგომ, იუდეველთა წაქეზებით, წმინდა პავლე მოციქული ქვებით ჩაქოლეს და ცოცხალმკვდარი ქალაქის გარეთ გაიყვანეს. მოციქულთა კრების შემდეგ, სადაც ქრისტიანად ახლადმოქცეულ წარმართებს ნება მიეცათ არ მიჰყოლოდნენ მოსეს სჯულის მოთხოვნებს, მოციქულმა პავლემ შილასთან ერთად მოაწყო მეორე სამოციქულო მოგზაურობა სირიასა და კილიკიაში. ამჯერად წმინდა პავლე ევროპაში გადავიდა, იქადაგა მაკედონიაში, კორინთოში, ათენში და თავისი მოგზაურობა პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში მისვლით დაასრულა, იქიდან კი ანტიოქიაში დაბრუნდა.
მესამე მოგზაურობის ჟამს, რომელიც ისევ მცირე აზიაში მოეწყო, მოციქულმა პავლემ ძირითადად ეფესოში იღვაწა, სადაც ორი წლის განმავლობაში ასწავლიდა ვინმე ტირონის სასწავლებელში. ეფესოდან წმინდა პავლე იძულებული გახდა წასულიყო იმ ამბოხების გამო, რომელიც მის წინააღმდეგ ვერცხლისმოყვარე დიმიტრიმ მოაწყო. მოციქულმა გაიარა აზიის, მაკედონიის, ელადისა და სხვა ქალაქები და წმინდა ერგასის დღესასწაულზე ისევ იერუსალიმში მიბრუნდა. გზად მილეთისაკენ იგი დაემშვიდობა ეფესოს ეკლესიის მოძღვრებს და ხომალდით, ფინიკიის გავლით, მიაღწია იერუსალიმამდე. ამ დროს წმინდა პავლე შეიპყრეს და ასიელ იუდეველთა წაქეზებით ბორკილები დაადეს. მათ იგი ტაძარში ელინ პროზელიტებთან ერთად ნახეს. იერუსალიმიდან პავლე მოციქული კესარიაში წაიყვანეს და სირიის მმართველს, რომაელ ფელიქსს, მიჰგვარეს, რომლის წინაშეც მოციქული თავს იცავდა იუდეველთა ბრალდებებისაგან, მაგრამ იგი მაინც შეიპყრეს ახალი მმართველის, პორციუს ფესტოსის, ჩამოსვლამდე. წმინდა პავლე მოციქული ახალი მმართველის წინაშეც იცავდა თავის სწავლებას და ითხოვდა კეისრის სამართალს. რომში გამგზავრების წინ წმინდა მოციქულს შემთხვევა მიეცა კიდევ ერთხელ დაემოძღვრა მეფე აგრიპა და მისი და - ვერონიკა. საბოლოოდ, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, წმინდა პავლე მცველთა თანხლებით რომში წარგზავნეს. გზად მოციქულს განსაცდელი მოევლინა, მალტის კუნძულთან მისი ხომალდი დაიღუპა და მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ მიაღწია რომამდე, სადაც კეისრის განსჯის მოლოდინში კიდევ ორი წელი დაჰყო საპყრობილეში, თუმცაღა კვლავ განაგრძობდა ქრისტეს მოძღვრების თავისუფლად ქადაგებას. "საქმეთა" წიგნი რომში პავლე მოციქულის ორწლიანი ყოფნის შესახებ მითითებით მთავრდება.
- სად და რა მიზნით დაიწერა "საქმე მოციქულთა"?
- წიგნის დაწერის თარიღის დადგენით ირკვევა მისი დაწერის ადგილიც, სახელდობრ, რომი. ამაში დარწმუნება რამდენიმე მოსაზრებით შეიძლება. მაგალითად, მწერალი, რომში მომხდარი ამბების თხრობისას, დაწვრილებით აღწერს ქალაქის ცალკეულ ადგილებს. პავლე მოციქულის ეპისტოლედან კოლასელთა მიმართ, რომელიც რომშია დაწერილი, ჩანს, რომ წმინდა ლუკა მახარებელი იმ დროს რომში წმინდა პავლე მოციქულთან ერთად იყო.
"საქმეთა" წიგნი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ გაგრძელებას ლუკას სახარებისა და დაწერილია, რა თქმა უნდა, იმავე მიზნით - დაარწმუნოს თეოფილე იმ სწავლების ჭეშმარიტებაში, რომლითაც დამოძღვრა იგი მახარებელმა. გარდა ამისა, "საქმე მოციქულთას", ისევე როგორც მთლიანად ახალი აღთქმის, დაწერა იყო სულიწმინდის სურვილის განხორციელება: ქრისტეს ეკლესიის ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ გაცხადება როგორც იუდეველთათვის, ასევე წარმართთათვის; მისი ჭეშმარიტი დამაარსებლებისა და გამავრცელებლების საქმეთა აღწერა; ეკლესიის ძალის წარმოჩენა ცოცხალი მაგალითების სახით; ერთი სიტყვით, საქმით დამტკიცება და ჩვენება იმისა, რომ ქრისტეს მიერ დაფუძნებულმა ეკლესიამ ნამდვილად მიიღო მისგან აღთქმული მადლი და ძალა, და მიუხედავად მტერთა ყოველი მოძალებისა, დღესაც დგას ურყევად, მოიცავს მთელ ერებსა და დედამიწაზე არსებულ მრავალ ქვეყანას.
- დაბოლოს, რა დატვირთვა აქვს და რა ადგილი უჭირავს "საქმე მოციქულთას" ღვთისმსახურებაში, როდის და როგორი წესით იკითხება იგი?
- ღვთისმსახურებაზე, ლიტურგიის დროს "წმიდაო ღმერთოს" გალობის შემდეგ იკითხება ჯერ წმინდა "სამოციქულო" და შემდეგ წმინდა სახარება. იმისათვის, რომ მლოცველნი შეამზადოს მოსასმენად, დიაკონი მოუწოდებს ერს: "მოხედენ" (იყავით ყურადღებით). "სამოციქულოს" წინ უძღვის დღის წარდგომა თავისი მუხლებით, რომლებშიც მოკლედაა გადმოცემული წასაკითხი "სამოციქულოს" ან დღესასწაულის შინაარსი. ამ დროს მღვდელი დგას მაღალ დასაჯდომელთან, რაც დიდების მეუფის უზენაეს ადგილსა და ელეონის მთას განასახიერებს. "სამოციქულოს" კითხვა მოასწავებს მოციქულთა ქადაგებას ქვეყნად. მისი კითხვისას მღვდელი ასრულებს კმევას, რაც ნიშნავს სულიწმინდის მადლს, რითაც მოციქულები იყვნენ აღვსილნი ქვეყნად ქრისტიანობის ქადაგებისას და რამაც ისინი ხალხთან დააახლოვა. მღვდელი, რომელსაც მოციქულთა თანასწორი უფლებები აქვს, კმევის შემდეგ დამჯდარი ისმენს სამოციქულოს, ხოლო სახარებას ისმენს ფეხზე მდგომარე, თავდახრილი. "სამოციქულოს" შემდეგ იგალობება "ალილუია", რაც ნიშნავს: უფალი მოდის, აქეთ, ადიდეთ იგი.
წმინდა სახარების კითხვას, რომელშიც სრულადაა წარმოდგენილი იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრება-მოღვაწეობა, სასწაულები და მოძღვრება, დასაწყისში და ბოლოს თან ახლავს სადღესასწაულო სადიდებელი: "დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა!" "სამოციქულოსა" და სახარების კითხვა წარმოადგენს საღმრთო ლიტურგიის მნიშვნელოვან მონაკვეთს, რადგან სწორედ აქ უშუალოდ უფალი ქადაგებს და მოძღვრავს ერს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი