ვის უხილავს როდისმე, რომ უკვე შესვენებულ, მომკვდარ მეთევზეებს ცოცხალი კაცნი დაეჭიროთ, ვითარცა თევზნი? ამქვეყნიურ ცხოვრებაში არაფერია მსგავსი სამოციქულო მადლის სიმაღლისა! ადამიანთა ცხოვრებას ბევრი ჭეშმარიტად საკვირველი და გონებაზე აღმატებული უხილავს. უნახავს მას მოღაღადე დაღვრილი სისხლიც, მკვლელობაც, სიტყვის უთქმელად რომ მეტყველებს საკუთარ თავზე და შურის გამო საკუთარ თავსვე გამოყოფილი ბუნებაც; უნახავს ძმაც, რომელმაც სიკვდილი შეამთხვია თავის ღვიძლს ძმას, და სიკვდილის კარნიც, შურის წყლულით რომ იღება; ნოეს კიდობანიც, ჩაუძირველი მსოფლიო წარღვნის დროს, როცა ნოეს სახლობის გარდა მთელი კაცთა მოდგმა წყალთაგან წარწყმდა. უხილავს საკუთარი ხორცისა და სისხლის - თავისი ძის წინააღმდეგ დანაშემართული წმინდა ბერიკაციც, რომელიც მზად იყო, უფლისთვის მსხვერპლად შეეწირა იგი, მაგრამ შეაჩერა უფალმა. უხილავს კურთხევაც, მოპარვით მიღებული, და შემოქმედი ღმერთის შერკინებაც თავის მონასთან. უნახავს ძმებს შორის შობილი შურიც და ის მონობაც, რომელმაც მეფობა შესძინა იოსებს. უნახავს სასწაულთმოქმედი კვერთხი და მაყვალი შეუწველი, დაფარული, ვითარცა ნამით, საღმრთო ცეცხლით; უნახავს სჯულმდებელი მოსე, რომელიც მბრძანებლობდა სტიქიებს; უნახავს წყალნიც, ქვასავით მყარად ქცეულნი, ღრმა ზღვაც - შუაზე გაპობილი და გზაც - ანაზდად განმზადებული, აგრეთვე ცათაგან გარდამოსული სვეტიც - დღისით ღრუბლით მოსილი, ღამით კი განათებული, რომელიც წინამძღვრობდა ხალხის დიდ სიმრავლეს; უნახავს მანანაც, პურის სანაცვლოდ მოცემული ზეციდან. უნახავს კაცობრივი ლოცვით, ვითარცა რამ აღვირით, შეჩერებული მზეც და წინასწარმეტყველის ჩასახვაც, გამოთხოვილი უფლისგან უნაყოფო დედის ლოცვა-ვედრებით. უნახავს ჰაეროვან სივრცეში გაქანებული ეტლიც, რომელიც ზეცად აღიტაცებდა წინასწარმეტყველ ელიას; უნახავს კვალად ისიც, თუ როგორ განკურნავდა და აღადგენდა სიცოცხლეს მკვდრის ძვლები... კაცობრივ ცხოვრებას ბევრი რამ უხილავს ასეთი, დიდი და საკვირველი. მაგრამ ეს ყოველივე წარხდა და განქარდა, ვითარცა ბალახი, და ჩაქრა, როგორც ლამპარი მზის ამოსვლისას.
მოციქულთა საქმე კი სულ სხვაა, რამეთუ არსად არასდროს ყოფილა უფლის მოციქულთა მსგავსი ამქვეყნად! მათ, ვითარცა ღმრთის სიტყვის მსახურთ, ხორციელქმნილ და განკაცებულ უფალთან ჰქონდათ ურთიერთობა, ვისაც, როგორც ღმერთს, არ აქვს სახე (რამეთუ იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება მიუწვდომელი და გამოუსახველია); ისინი მისდევდნენ იმას, ვინც ამქვეყნად მოარული, ყველგან მყოფია; ისინი ინახით ისხდნენ მასთან ერთად, ვისაც ვერავითარი ადგილი ვერ დაიტევს; ესმოდათ ხმა იმისა, ვინც სიტყვით შექმნა ყოველივე. ამიტომაც წმინდა მოციქულებმა ენით, ვითარცა ერთგვარი ბადით, მთელი ქვეყნიერება მოიცვეს. თავიანთი სამახარებლო მოგზაურობების დროს დედამიწის ყველა კიდე მოიარეს. აღმოფხვრეს ადამიანთა ცდომილებანი, ვითარცა ღვარძლი; მოსპეს საკერპე ბომონები, როგორც სარეველა ბალახი; შემუსრეს კერპები, როგორც გარეული მხეცები; განდევნეს დემონები, როგორც ბოროტი მგლები. მოციქულებმა დააფუძნეს ყოველნი მართლმადიდებელნი მორწმუნენი ქრისტესნი, ვითარცა იფქლი; ამოძირკვეს მწვალებლობანი, როგორც ეკალ-ბარდი; ვითარცა თივა, ცეცხლით დაწვეს ბერძნული გამონაგონნი და ქანდაკნი. მოციქულებმა უფლის ჯვრით, ვითარცა რამ გუთნით, მოხნეს ადამიანური ბუნება და ღვთის სიტყვა დათესეს მასში, ვითარცა კეთილი თესლი. დაბოლოს, მათი ყველა საქმე ვარსკვლავებივით განბრწყინდა. ამიტომაც უთხრა მათ უფალმა: "თქვენ ხართ ნათელი სოფლისაი" (მათე 5,14). რამეთუ აღმოსავლეთის ნათელი ქრისტიანი ადამიანისთვის არის სწორედ ის, ვინც ქალწულისგან იშვა. დილაც მისთვის ისაა, ვინც დასაბამი დაუდო ნათლისღებას. დღის ნათლის გაბრწყინება არის ღვთაებრივი მადლი ჯვარცმული ქრისტესი. სხივები სწორედ ის საკვირველი ცეცხლოვანი ენებია, მოციქულებზე რომ გარდამოხდა სულთმოფენობის ჟამს. ეს დღე მომავალი - დაუსრულებელი საუკუნეა. შუადღის ჟამი ისაა, როცა უფალი ჯვარს იყო მიმსჭვალული. დასავლეთი მისი საფლავად ყოფნაა. მწუხრი ხანმოკლე ხორციელი სიკვდილია. მზის გაბრწყინება კი ბრწყინვალე აღდგომაა მკვდრეთით. "თქვენ ხართ ნათელი სოფლისაი!" - უთხრა უფალმა მოციქულებს. შეხედეთ ამ მნათობთ და შეძრწუნდით მათი ბრწყინვალებით!
რა დიდია ეს საუნჯე, რა უსაზღვროდ აღსავსე, რამეთუ მის სისავსეს ვერაფერი გამოლევს! ეს სიმდიდრე არ ექვემდებარება ნივთიერ ბუნებას, მათმა არსობრიობამ არ უწყის დასაბამი და თვით პოვნაც მათი - სიახლეა. "ვპოვეთ მესია, რომელ არს თარგმანებით ქრისტე!" - უთხრა ანდრიამ პეტრეს - ვიპოვეთ ცხებულიო. ცხებულნი ბევრნი იყვნენ და არიან, მაგრამ ყველანი მოკვდავნი არიან, მხოლოდ იესო ქრისტეა უკვდავი ცხებული, ჭეშმარიტი ღმერთი თავისი ბუნებით, რომელმაც უდიდესი მოწყალებით ადამიანებისადმი საღმრთო ბეჭდით აღბეჭდა ქალწულის სხეული, როცა ხორციელად იშვა მისგან და განკაცდა, და მეთევზურნიც კურნებათა და სასწაულთა წყაროდ აქცია. მისია ხელმწიფება, სუფევა, დიდება და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
წმინდა იოანე ოქროპირის მიხედვით