წმინდა ამბროსი მედიოლანელი ეპისკოპოსი (+397) - 07 (20) დეკემბერი
წმინდა ამბროსი მედიოლანელი ეპისკოპოსი (+397) - 07 (20) დეკემბერი
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები. მამამისი დიდმოხელე იყო - გალიისა და სხვა დასავლეთ ოლქების მმართველი, მის ხელისუფლებას ემორჩილებოდა თანამედროვე საფრანგეთისა და ბელგიის მიწა-წყალი, ნიდერლანდების ნაწილი, გერმანიის ნაწილი, შვეიცარიის დიდი ნაწილი და ასევე ესპანეთი. ამბროსის მამა წარმართი იყო, დედა და და კი – ქრისტიანები.

ამბროსის სიყრმეშივე სასწაულებრივ გაცხადდა მისი ღვთივრჩეულობა, ის თუ რა სულიერ ნაყოფს შესძენდა იგი ქრისტეს ეკლესიას: ერთხელ ჩვილ ამბროსის სუფთა ჰაერზე ეძინა. უცებ მასთან ფუტკრების გუნდი მოფრინდა, დააჯდა სახეზე და მთლიანად დაუფარა იგი. ფუტკრები პირში უძვრებოდნენ ბავშვს და მის ენაზე, როგორც სკაში, დებდნენ თაფლს.

შეშინებულ ძიძას ფუტკრების გაფანტვა სურდა, მაგრამ ბავშვის მამამ, რომელიც ამ ამბავს აკვირდებოდა, შეაჩერა - სურდა ენახა, რითი დამთავრდებოდა ეს სასწაული. მალე ფუტკრები აფრინდნენ და თვალს მიეფარნენ. გაოცებულმა მამამ თქვა:

- თუ ამ ჩვილს გაზრდა უწერია, იგი დიდი იქნება კაცთა შორის!

ჩვილის მამამ ამ ამბიდან დაასკვნა, რომ მისი ძე დიდი ორატორი იქნებოდა, რაკი ფუტკარმა მის ბაგეებზე თაფლის სიტკბო დატოვა.
ამ ნიშნით უფალი წინასწარ აუწყებდა ადამიანებს, რომ ამბროსი მისი რჩეული იყო და მასზე წმინდა წერილის სიტყვები აღსრულდებოდა - "გოლი თაფლისაჲ - სიტყვანი კეთილნი, ხოლო სიტკბოებაჲ მისი - სმენაჲ და კურნებაჲ სულისაჲ" (იგავნი 16, 24). რამეთუ ფუტკრების გუნდი იმ დამატკბობელ დამოძღვრასა და ნაწერებს გამოსახავდა, რომლებითაც წმინდა ამბროსი მედიოლანელი სულიერ ფიჭას აღაშენებდა მომავალში, კაცთა გულის გამხარებელს, სულის დამატკბობელსა და ქვეყნიდან ზეცად აღმყვანებელს.

შემდეგში, როცა ამბროსი წამოიზარდა და რომში ცხოვრობდა დაქვრივებულ დედასთან ერთად, რომელსაც უქორწინებლობის აღთქმა დაედო და სიცოცხლეს შვილების აღზრდას უთმობდა, პატარა ამბროსიმ ერთხელ ეპისკოპოსი დაინახა, ვისაც მორწმუნენი ხელზე ემთხვეოდნენ და შინ მისულმა თვითონაც გაუწოდა ხელი შინაურებს:

- მემთხვიეთ ხელზე, მეც ეპისკოპოსი ვიქნებიო.

ამ სიტყვებს მისი ბაგით სულიწმიდა წარმოთქვამდა, როგორც მომასწავებელთ ამბროსის ბრწყინვალე მომავლისა, მაგრამ უფროსებს არ ესმოდათ ეს, რადგან არ იცოდნენ ჯერ, რომ ყრმაში საღმრთო მადლი იყო დავანებული და თავიდანვე განამზადებდა მას მღვდელმთავრის მაღალი მსახურებისთვის. ამიტომ მათ დატუქსეს ამბროსი, თითქოს იგი უჯეროდ იქცეოდა და დაუფიქრებლად ლაპარაკობდა.

მამის გარდაცვალების შემდეგ ამბროსის ოჯახი რომში გადასახლდა, სადაც მან, მისმა უფროსმა ძმამ – სატირმა და დამ, მარცელინამ, რომელიც შემდგომში მონაზონი გახდა, ბრწყინვალე იურიდიული განათლება მიიღეს.

დღემდე რომში, კაპიტოლიუმის ბორცვის ახლოს დგას სახლი, სადაც ცხოვრობდა და იზრდებოდა ამბროსი. ეს სახლი შემდეგ ტაძრად გადაკეთდა და იქ მისი სახელობის დედათა მონასტერი დაარსდა.

ამბროსიმ ღრმად შეისწავლა მჭევრმეტყველების ხელოვნება და ცნობილი ორატორი გახდა: იცავდა შეჭირვებულთ, შეეწეოდა უბედურთ, ამხელდა უსამართლობის ჩამდენთ, ყოველმხრივ ცდილობდა სამსჯავროზე სიმართლის გამორკვევას. უკვე 25 წლისამ გაითქვა სახელი, როგორც რომის ყველაზე მჭევრმეტყველმა ვექილმა. გამორჩეული უნარისა და სიბრძნის გამო ქალაქ რომის თავმა პრობუსმა ამბროსი თავისთან მიიწვია სამსახურში მრჩეველად. შემდეგ იგი ლიგურიისა და ემილიის ოლქების გამგებლად დანიშნეს.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


წმინდა ამბროსისთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


მედიოლანის ეპისკოპოსად ხელდასხმა

მოულოდნელად ამბროსის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. 374 წელს გარდაიცვალა მედიოლანის ეპისკოპოსი ავქსენტი, რომელიც არიოზის მწვალებლობის მიმდევარი იყო და სამღვდელმთავრო კათედრა განდევნილი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის დიონისეს შემდეგ ეკავა. და რაკი დიონისეც გარდაცვლილიყო დევნულებაში, მართლმადიდებლებსა და არიანელებს შორის დიდი უთანხმოება და შფოთი იყო, რადგან ორივე მხარეს თავისი წარმომადგენლის აყვანა სურდა მედიოლანის საეპისკოპოსო კათედრაზე. არეულობის შესახებ მედიოლანში რომის პრეფექტმა პრობუსმაც შეიტყო და ამბორისის დაავალა, წადი იქ და შფოთი დააწყნარეო. თან კი დასძინა:

მიდი და იმოქმედე არა როგორც მსაჯულმა, არამედ როგორც ეპისკოპოსმა!

მედიოლანში ჩასული ამბროსი მაშინვე საკათედრო ტაძარში შევიდა, სადაც მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა და მთელი თავისი სამჭევრმეტყველო ხელოვნებით არწმუნებდა იქ შეკრებილთ დაშოშმინებულიყვნენ და მშვიდად გადაეწყვიტათ სადავო საკითხი.

უცებ ტაძარში სიჩუმე ჩამოვარდა და ამ დროს გაისმა ჩვილი ბავშვის ხმა, რომელსაც ჯერ არც ერთი სიტყვა არ წარმოეთქვა აქამდე: "ამბროსი ეპისკოპოსი, ამბროსი ეპისკოპოსი!" ამ სასწაულმა ყველას გონება გაუნათა და ხალხიც აჰყვა ბავშვის ხმას. ყველა იძახდა: "დაე, ამბროსი იყოს ეპისკოპოსი!"; ისინი შემოეხვივნენ და სთხოვეს, მიეღო ეს ხარისხი.

გაოცებულმა ამბროსიმ იუარა. შეახსენა, რომ ჯერ კიდევ მოუნათლავია, მხოლოდ კათაკმევლადაა დადგენილი, არ მომზადებულა ასეთი ხარისხისთვის და არ შესწევდა სხვათა სწავლებისა და დამოძღვრის უნარი (ძველ ეკლესიაში ნათლობას ხშირად სრულწლოვანებამდე აყოვნებდნენ). მაგრამ ერი თავისას გაიძახოდა. ბავშვის სიტყვები ადამიანებმა ღვთის ნიშნად ჩათვალეს და დარწმუნებულიც იყვნენ, რომ ამბროსი, ვინც პრეფექტის თანამდებობაზე მთელი ოლქის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა, ღირსეული ეპისკოპოსი იქნებოდა.

გაგზავნეს ხალხი იმპერატორ ვალენტინიანე უფროსთან (364-375) თანხმობისთვის, რაც აუცილებელი იყო, რადგან ამბროსის საერო თანამდებობა ეკავა. ამასობაში ამბროსი ძალ-ღონეს არ იშურებდა, თავი აერიდებინა წოდებისთვის, რაც ასე აშინებდა. ერთხელ ფარულად წავიდა კიდეც მილანიდან, მთელი ღამე იარა და დილით ისევ ქალაქის კარიბჭესთან აღმოჩნდა.

იმპერატორმა დაადასტურა ხალხის არჩევანი და ამბროსიც იძულებული შეიქნა, დათანხმებოდა. იგი მოინათლა, შვიდ დღეში გაიარა ყველა საეკლესიო ხარისხი და ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად 374 წელს. მის კურთხევას, როგორც ეპისკოპოსი თეოდორიტე მოგვითხრობს, იმპერატორი ვალენტინიანეც ესწრებოდა, რომელმაც სიხარულით განაცხადა:

- გმადლობ შენ, ყოვლადძლიერო უფალო, მაცხოვარო ჩვენო, რომ ამ კაცს, ვისაც მე ქვეშევრდომთა ხორციელ ცხოვრებას მივანდობდი, შენ მათი სულიერი ცხოვრება მიანდე და ამით ყველასთვის საცნაური გახადე ჩემი მსჯავრის სამართლიანობა!

ამბროსის არჩევას ერთიანად იწონებდნენ როგორც აღმოსავლელი, ასევე დასავლელი ეპისკოპოსები. მართალია, იგი არ ყოფილა მკაცრად კანონიკური, მაგრამ ნიკეის კრების კანონი გამონაკლისს უშვებს იმ შემთხვევისათვის, როცა მღვდელმთავრად არჩევა ღვთის აშკარა მინიშნებით ხდება, ამბროსის შემთხვევაში კი ეს მინიშნება სავსებით ცხადი იყო. ამბროსის არჩევას სიხარულით მიესალმა თავის წერილში მსოფლიო მოძღვარი წმინდა ბასილი დიდი: "ღმერთმა, რომელმაც უბრალო მწყემს ამოსისგან თავისი წინასწარმეტყველი შექმნა, აწ ეპისკოპოსად აქცია ამბროსი, კაცი კეთილშობილი, მაღალი წოდების და გამორჩეული თვისებების მქონე, განსაცვიფრებელი მჭევრმეტყველი, ვინაც ქრისტეს შესაძენად უგულებელჰყო ყველა ეს ქვეყნიური უპირატესობა... მაშ, განმხნევდი, ჰოი, ღვთის კაცო ამბროსი!.."

ხელდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ იმპერატორთან პირისპირ შეხვედრისას ამბროსი გულახდილად ამხილებდა ქალაქის მსაჯულთა არასწორ ქმედებებს. მაშინ იმპერატორმა ასე უთხრა:

- დიდი ხანია ცნობილია ჩემთვის შენი გაბედული, მართალი სიტყვა და პირდაპირობა. ამიტომაც არათუ შევეწინააღმდეგე, ხელიც კი შევუწყვე ეპისკოპოსად შენს არჩევას. მაშ, გამოასწორე ჩვენი შეცდომები, როგორც ამას საღმრთო სჯული გიბრძანებს, და განკურნე ჩვენი სულების უმართლობანი!..

ამბროსიმ ქონება ღარიბებს დაურიგა, მიატოვა ყოველივე ამსოფლიური საზრუნავი და სრულად მიუძღვნა თავი მსახურებას. ამასთან გრძნობდა, რომ მისი სასულიერო განათლება არ იყო საკმარისი, ამიტომ დაიწყო პრესვიტერ სიმპლიციანეს შეგონებათა მოსმენა და აღმოსავლეთის მამათა: ბასილის, გრიგოლისა და კირილე იერუსალიმელის თხზულებათა გულდასმით შესწავლა. აუცილებელი ცოდნა ამბროსიმ მალე შეიძინა. მისმა მჭევრმეტყველურმა ქადაგებებმა დიდძალი მსმენელი მიიზიდა. მღვდელმთავარი მათ განაწყობდა ქრისტიანული მოღვაწეობისთვის და ცდილობდა, დაეცვა არიანელთა ცდომილებათაგან.

წმინდა ამბროსი დიდად ზრუნავდა სამღვდელო მოდასეთა გაუმჯობესებისთვის; თვითონვე აძლევდა მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა შეეერთებინათ მკაცრი მოსაგრე ცხოვრება ეკლესიის მწყემსის მოვალეობასთან. თავადაც დიდად კეთილკრძალული, უაღრესად მშრომელი და მმარხველ-მლოცველი იყო; ყოველდღიურად მოაკვდინებდა ხორცს მარხვითა და მღვიძარებით, მხოლოდ შაბათს და კვირას გაიხსნილებდა ხოლმე, აგრეთვე სახელგანთქმული წმინდა მოწამეების მოსახსენებელ დღესასწაულებზე. დღითა და ღამით ლოცულობდა, საკუთარი ხელით წერდა წიგნებს, მაშინ როცა შეეძლო მალემწერლის სამსახურით ესარგებლა, და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავდა სხვის დახმარებას, როცა სხეულებრივი უძლურებით იყო იძულებული. საკუთარი თავისადმი მეტისმეტად მკაცრი, იგი ძალზე კეთილი, ლმობიერი და მისაწვდომი იყო ყველასთვის, ღარიბ-გლახაკნი თავის დამცველად და მეგობრად მიიჩნევდნენ ამბროსის, რომელიც ყოველთვის იზიარებდა თავის სამწყსოს კარგსაც და ავსაც - უხაროდა მოხარულთა თანა, და ტიროდა - მოტირალთა თანა. როცა ცოდვილი ვინმე აღსარებისას შეცოდებებს უმხელდა, ისე ცხარედ ტიროდა, რომ აღმსარებელსაც ტირილად მიაქცევდა ხოლმე.
სამღვდელო მოდასეებზე დიდად მზრუნველ ამბროსის განსაკუთრებით უყვარდა ბერმონაზვნები და ქმედითადაც მფარველობდა მედიოლანის მახლობლად მდებარე სავანეს. იგი დედათა მონასტრების დაარსებაზეც ზრუნავდა, ასე რომ, სამიოდ წლის შემდეგ მისი ეპისკოპოსად არჩევიდან მედიოლანში მრავალი სხვა ქალაქიდან თუ მხარიდან ჩამოდიოდნენ ქალწულნი (ძველად, დედათა მონასტრების აღმოცენებამდე, ეკლესიაში არსებობდა ქალწულთა საგანგებო კლასი, რომლებიც ქალწულობის, უქორწინებლობის აღთქმას დებდნენ და მთლიანად უძღვნიდნენ თავს ღმერთისადმი მსახურებას; ისინი კერძო სახლებში იკრიბებოდნენ სულიერი ღვაწლისათვის და გამოცდილი დედების ხელმძღვანელობით ეწეოდნენ მოსაგრე ცხოვრებას) - პლაცენციიდან, ბოლონიიდან და მავრიტანიიდანაც კი (დასავლეთ აფრიკიდან).

რამდენიმე წლის შემდეგ ამბროსი რომში ჩავიდა, სადაც და, მარცელინა, მისი მხევალი და ოჯახის რამდენიმე ძველი მსახური მოინახულა; დედა უკვე გარდაცვლილიყო. როცა ისინი ხელზე ეამბორებოდნენ მღვდელმთავარს, ამბროსიმ გაიღიმა და უთხრა მხევალს:

- აი, შენ ეამბორები კიდეც ეპისკოპოსის ხელს, როგორც ოდესღაც გითხარი!

ასე აღსრულდა ყრმა ამბროსის ოდინდელი წინასწარმეტყველება.

რომში ყოფნისას ერთმა წარჩინებულმა დედაკაცმა, მდინარე ტიბროსის გადაღმა რომ ცხოვრობდა, სთხოვა წმინდა ამბროსის, საღმრთო ლიტურგია ჩემს სახლში აღასრულეო (ასეთი ჩვეულება მაშინ ჯერ კიდევ ნებადართული იყო, განსაკუთრებით ქრისტიანთა დიდი დევნულობის დროიდან, როცა მორწმუნეებს არ შეეძლოთ განცხადებულად შეკრებილიყვნენ საზოგადო ტაძრებში). როცა ეს სხვა დედაკაცმა, ლოგინად ჩავარდნილმა სნეულმა, შეიტყო, უბრძანა მსახურებს იმ სახლში მიეყვანათ საკაცით, და როცა წმინდა მღვდელმთავრის ლოცვისას მის შესამოსელს შეეხო და ეამბო¬რა, უმალვე განიკურნა. ამ სასწაულებრივი კურნების ამბავი მთელ რომს მოედო.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე



წმინდა ამბროსი და არიანელები

არიანელებს მფარველობდა დედოფალი იუსტინა, ვალენტინიანე I-ის მეორე ცოლი, მაგრამ, საბედნიეროდ, მისი გავლენა მაინცდამაინც ძლიერი არ ყოფილა.

ერთხელ ორმა არიანელმა კაცმა, იმპერატორ გრაციანეს მესაწოლეებმა, მოინდომეს, საჯაროდ გაპაექრებოდნენ წმინდა ამბროსის სარწმუნოების საკითხებზე; სიტყვიერი პაექრობის საგანი უფალ იესო ქრისტეს ხორციელ-ქმნა უნდა ყოფილიყო. დათქმულ დროს წმინდა ამბროსი, მორწმუნე ერთან ერთად, ეკლესიაში ელოდებოდა მათ. იგი მზად იყო გაპაექრებოდა მწვალებლებს და სავსებით დარწმუნებული იყო თავის გამარჯვებაში, რადგან სულიწმიდის მადლით იყო აღვსებული. მაგრამ ხსენებული არიანელები, თავიანთი ამპარტავნობის გამო და იმისთვისაც, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ მართლმადიდებელი მღვდელმთავრისათვის, არ გამოცხადნენ პაექრობაზე, - ქალაქგარეთ სასეირნოდ გაემართნენ ცხენებზე ამხედრებულნი. როცა ერთ-ერთ შემაღლებულ ადგილას ავიდნენ, ცხენები რატომღაც დაუფრთხათ, ორთავე გადმოცვივდნენ და სასიკვდილოდ დაიმტვრნენ.

წმინდა მღვდელმთავარი დიდხანს ელოდა მათ, ბოლოს, რაკი დაინახა, რომ არავინ მოდის, ამბიონზე ავიდა და საყოველთაოდ ცნობილი ქადაგებით მიმართა მორწმუნე ერს უფალ იესო ქრისტეს განხორციელების შესახებ.

ქრისტიანობის ქომაგი და წმინდა ამბროსის პატივისმცემელი იმპერატორი გრაციანე


იმ დროს, როდესაც აღმოსავლეთში არიანელთაგან მართლმადიდებელთა დევნა იყო გაჩაღებული, დასავლეთის ეკლესია კეთილდღეობით ცხოვრობდა. ვალენტინიანე ზრუნავდა ქრისტიანობაზე, თუმცა არც წარმართებს ავიწროებდა – მათ თავისუფლად შეეძლოთ თავიანთი რიტუალების ჩატარება, მხოლოდ შელოცვები ეკრძალებოდათ. ვალენტინიანეს შემდეგ ტახტზე ავიდნენ მისი ვაჟები: გრაციანე და ჯერაც უმწიფარი ყრმა – ვალენტინიანე II. გრაციანემ აღმოსავლეთი თეოდოსის ჩააბარა, თვითონ მილანში დასახლდა და დასავლეთის პროვინციებს მართავდა. ის ქრისტიანულად იყო აღზრდილი, ხელმძღვანელობდა მილანის დიდი ეპისკოპოსის ამბროსის რჩევებით და კეთილსინდისიერად ცდილობდა, ყველა თავისი ქმედება ქრისტეს რჯულთან შეეთანხმებინა. გრაციანეს, მამასავით უყვარდა ეპისკოპოსი, რომელიც ამავე გრძნობით პასუხობდა ჭაბუკ იმპერატორს, ახარებდა მისი სათნოებანი და ღვთისმოშიშება. მისთვის რამდენიმე წიგნიც დაწერა, მათ შორის: "სარწმუნოების შესახებ" და "საიდუმლოთა შესახებ".

ქრისტიანობისადმი გრაციანეს გულმოდგინებამ მალე დაუკარგა მოსვენება წარმართებს. მათი ფრთა საკმაოდ იყო დასუსტებული და თუკი სადმე მაინც შერჩენოდა რაღაც ძალა, ეს იყო რომში, სადაც კერპთაყვანისმცემლობა მოქალაქეებს იმპერიის უწინდელ სიდიადეს ახსენებდა. ქრისტიან იმპერატორებს ეშინოდათ ისედაც უკმაყოფილო რომის გაღიზიანება და უკიდურესი სიფრთხილით ეხებოდნენ იქ არსებულ საუკუნოვან ტრადიციებს. ამიტომ ქრისტიანობის გაძლიერების დროსაც რომის წარმართული გარემო გარეგნულად საკმაოდ მყარი იყო – ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს კერპთაყვანისმცელობა იყო გაბატონებული რელიგია. სენატის შენობაში იდგა კერპები და მათი საკურთხევლები, რომელთა წინაშეც სენატორებს, როდესაც ისინი წოდებას იღებდნენ, უნდა შეესრულებინათ წარმართული რიტუალები. ისტორიკოსთა ცნობით, იმდროინდელ რომში დაახლოებით 330 წარმართული ტაძარი იდგა, სადაც ქურუმები მსხვერპლშეწირვებს აღასრულებდნენ.

გრაციანე, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ემტერებოდა წარმართობას; იღებდა ისეთ ზომებს, რაც მისმა წინამორბედებმა ვერ გაბედეს: მან ჩამოართვა ბომონებს კუთვნილი მიწები, გააუქმა უპირატესობები, რითაც სარგებლობდნენ ვესტალები (წარმართთა ქალღმერთის – ვესტას – მსახურნი), რომელთა მიმართ რომაელ წარმართებს დიდი პატივისცემა გააჩნდათ. ბოლოს კი ყველაზე სასტიკი დარტყმა მიაყენა რომაელებს – მისი ბრძანებით, სენატიდან გამოიტანეს გამარჯვების ქალღმერთის ქანდაკება, რომელიც იმპერიის ძველი დიდებისა და ძლიერების სიმბოლოს წარმოადგენდა. აღშფოთებულმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, იმპერატორთან გაეგზავნათ წარმომადგენლები დიდებული ორატორის – სიმაქეს თაოსნობით და ეთხოვათ განკარგულების გაუქმება. გრაციანემ თხოვნა არ შეისმინა იმ მიზეზით, რომ შუაკაცები სენატის უმრავლესობას არ შეადგენდნენ. ღრმად შეურაცხყოფილმა წარმართებმა კიდევ ერთ მცდელობას მიმართეს: იმპერატორთან გაგზავნეს ქურუმები, რომლებმაც მას რიტუალური სამოსი მიართვეს. გრაციანემ საჩუქარი არ მიიღო და განაცხადა, რომ წარმართული მორთულობის ტარება უკადრისია ქრისტიანისთვის.

ასეთმა უდრეკმა რწმენამ ჭაბუკს დააკარგვინა იმპერატორის ტახტიც და სიცოცხლეც. როდესაც წარმართებმა გრაციანეს გადაბირების ყოველგვარი იმედი დაკარგეს, მიემხრნენ მხედართმთავარ მაგნუს მაქსიმუსს, რომელმაც გალიაში ამბოხი მოაწყო და თავი იმპერატორად გამოაცხადა. გრაციანე, რომელიც მასთან საბრძოლველად გაემართა, მუხანათურად მოკლეს ლიონში, 383 წელს.

ტახტი დარჩა ძმას, ვალენტინიანე II-ს, რომელსაც დედამისი – იუსტინა მეურვეობდა. მაქსიმუსი, რომელიც გალიამ და ესპანეთმა აღიარა, უკვე აპირებდა იტალიისკენ გალაშქრებას, რათა იქაც დაემკვიდრებინა თავისი ძალაუფლება. შეშინებულმა დედოფალმა ამბროსის ყმაწვილი ვალენტინიანეს დასაცავად მაქსიმუსთან წასვლა სთხოვა. ამბროსიმ იტვირთა მძიმე დავალება, წავიდა ტრირში და ამბოხებულს წარუდგა როგორც უშიშარი და მამაცი მსახური ქრისტესი; არ დაფარა აღშფოთება გრაციანეს მკვლელობის გამო და მის მკვლელთან – ამჯერად მასპინძელთან – საეკლესიო ურთიერთობაზე უარი განაცხადა. მიუხედავად ყველაფრისა, მან მაინც მიაღწია მიზანს – მაქსიმუსმა გადაიფიქრა იტალიაზე თავდასხმა.

* * *

მილანში დაბრუნებულ ამბროსის წარმართების ახალ მზაკვრულ ჩანაფიქრთა მოგერიება მოუხდა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ყმაწვილი ვალენტინიანე ძმაზე დამთმობი აღმოჩნდებოდა და ამიტომ გაუგზავნეს თხოვნა, გაეუქმებინა გრაციანეს მიერ გამოცემული მტრული ბრძანებები. რომის მაშინდელი პრეფექტის – სიმაქეს მიერ შედგენილი ეს თხოვნა, მართალია, ოსტატურად იყო დაწერილი, მაგრამ მასში აშკარად ჩანდა წარმართობის სისუსტე. როდესაც დევნული ქრისტიანები იმპერატორებს გადასცემდნენ აპოლოგიებს თავიანთი სწავლების დასაცავად, მათში იგრძნობოდა მტკიცე რწმენა ღვთისა. ქრისტიანებს არ აწუხებდათ საკუთარი სარგებელი; მზად იყვნენ, სიცოცხლე გაეღოთ რწმენისთვის და მხოლოდ ჭეშმარიტების გავრცელებაზე ზრუნავდნენ.

ახლა წარმართებს მოუხდათ აპოლოგიების მირთმევა. რომის სახელით მოსაუბრე სიმაქე მხოლოდ ევედრებოდა იმპერატორს, გაეთვალისწინებინა უდიდესი ქალაქის მხცოვანება, არ დაერღვია მისი ძველი ტრადიციები, შეენარჩუნებინა კერპთმსახურება, რისი წყალობითაც თითქოს რომი გაბატონდა მსოფლიოზე. სიმაქე გაურბოდა თავად წარმართობაზე, როგორც ჭეშმარიტებაზე, საუბარს.

ამბროსიმ დაწერა მხილება და მტკიცედ დაიცვა გრაციანეს განკარგულებანი: "ქრისტიანი სენატორები სხდომებს არ უნდა მართავდნენ წარმართული საკურთხევლის წინ. ვერავის ხელეწიფება ორი ბატონის მსახურად ყოფნა... იმპერატორი არავის შეურაცხყოფს, თუ ღმერთს ყველაფერზე მაღლა დააყენებს". ვალენტინიანემ თხოვნაზე უარი უთხრა წარმართებს და გრაციანეს ბრძანებები ძალაში დატოვა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე



დედოფალი იუსტინა, წმინდა მღვდელმთავრის დაუძინებელი მტერი

იმპერატორის დედა, იუსტინა, ერთგულად მფარველობდა არიანელებს, თუმცა გრაციანეს დროს მისი გავლენა უმნიშვნელო იყო. ერთხელ სირმიაში იქაური ეპისკოპოსი გარდაიცვალა, იუსტინა უმალ იქ გაეშურა, რათა მღვდელ¬მთავრად თავისი თანამოაზრე - მწვალებელ არიოზის მიმდევარი დაედგინა. სირმიაში ჩავიდა წმინდა ამბროსიც, რადგან ეს ქალაქი მისი ეპარქიის განმგებლობაში შედიოდა. იგი უგულებელჰყოფდა ამ ხელმწიფებრივი დედაკაცის მრისხანებას და ყოველმხრივ ცდილობდა ეპისკოპოსად მართლმადიდებელი კეთილმსახური კაცი - ანემიოსი აერჩიათ. ერთ დღეს, როცა ყველანი ტაძარში შეიკრიბნენ და წმინდა ამბროსიმ თავისი ადგილი დაიკავა ამბიონზე, იქ მყოფმა დედოფალმა იუსტინამ ერთი ბოროტი დედაკაცი - არიოზის მწვალებლობის მიმდევარი მიუგზავნა, რათა მას შესამოსელზე ეტაცა ხელი ეპისკოპოსისათვის, არიანელი ქალების მხარეს გადაეთრია და იქ მათ ეგვემათ, შემდეგ კი ტაძრიდან გაეძევებინათ იგი. მაგრამ როცა ეს ურცხვი დედაკაცი უტიფრად მიუახლოვდა წმინდა ამბროსის თავისი საძაგელი განზრახვის შესასრულებლად, მღვდელმთავარმა უთხრა:

- მართალია, არა ვარ ღირსი მღვდელმთავრად წოდებისა, მაგრამ მაინც არა ჯერ-არს შენდა ხელით შეეხო თუნდაც რომელიმეს ღვთისმსახურთაგან! გეშინოდეს ღვთის სამსჯავროსი, ვინძლო ანაზდეული უბედურება არ გეწიოს!

ეს სიტყვა მართლაც აღსრულდა იმ უტიფარი დედაკაცის თავს. მეორე დილას იგი უეცრად მოკვდა, და წმინდა ამბროსიმ თვითვე დამარხა იგი - ბოროტის წილ კეთილი მიაგო. ამ სასწაულით შეშინებულმა არიანელებმა და დედოფალმა იუსტინამ ვეღარ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა, ასე რომ, ამბროსიმ ღირსეული მღვდელმსახური - მართლმადიდებელი ანემიოსი დაადგინა სირმიის ეპისკოპოსად და მშვიდობით დაბრუნდა მედიოლანში. ამის შემდეგ იუსტინამ შეიძულა ამბროსი; ეს შუღლი ვერც მაქსიმუსთან ელჩობით გაწეულმა სამსახურმა შეარბილა. დედოფალმა ისარგებლა თავისი გავლენით ვაჟზე და დაარწმუნა, ამბროსისთვის მოეთხოვა არიანელებისთვის მილანის ერთ-ერთი ტაძრის დათმობა.
ამბროსიმ ამგვარ მზაკვრულ ჩანაფიქრს ასე უპასუხა: საკუთარი ქონება რომ მოეთხოვათ, სიხარულით გავიღებდი, მაგრამ ვერ დავთმობ ღმერთის კუთვნილსო!

ამის შემდეგ იუსტინამ, იმპერატორის სახელით, მხედართა რაზმი გამოგზავნა, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა ძალით მიეტაცებინა ტაძარი, ეპისკოპოსი კი გაეძევებინა მისგან. ხალხმა უმალ შეიტყო ეს ამბავი და მალე მთელი ტაძარი მართლმადიდებელი მორწმუნე ერით გაივსო; მათ შიგნიდან ჩაკეტეს კარები და გვერდით დაუდგნენ საყვარელ ეპისკოპოსს. სამი დღე დაჰყვეს მორწმუნეებმა ასე - ტაძარში ჩაკეტილებმა და მთელი ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ განადიდებდნენ და უგალობდნენ ღმერთს. ისინი შეუდრეკელად ეწინააღმდეგებოდნენ მწვალებლებს და ნება არ მისცეს მათ ტაძრიდან გაეძევებინათ წმინდა მღვდელმთავარი და საეკლესიო ქონებას დაპატრონებოდნენ. წმინდა ამბროსიც მეფისგან გამოგზავნილთა მოთხოვნის პასუხად, კვლავ და კვლავ მხნედ უმეორებდა მათ:

- ჩემი ნებით არ გამოვალ ეკლესიიდან და არ მივატოვებ მას! მოღალატურად არ მივუგდებ ქრისტეს სავანის ცხვრებს მტაცებელ მგლებს და ნებას არ მივცემ მწვალებლებს ღვთის ეკლესიას ეუფლონ, იმათ, ვინც ღმერთის მგმობ სიტყვებს წარმოთქვამენ!.. თუკი ღვთის ნება ასეთია, რომ მოკლულ ვიქნა, დაე, აქ აღსრულდეს ეს, დაე, წმინდა ტაძრის კედლებში გამნგმიროს მახვილმა თუ შუბმა: მე მზად ვარ ხალისით და სიყვარულით მივიღო ასეთი სიკვდილი!

როცა დედოფალ იუსტინას აუწყეს ეს ყოველივე, მას შერცხვა და შეეშინდა კიდეც მართლმადიდებელთა წინააღმდეგობისა; ამიტომ ამის შემდეგ აღარ გაუბედავს აშკარა ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. მაგრამ თავისი დამარცხებით გაღიზიანებულმა ფარულად დაქირავებული მკვლელი მიუგზავნა ამბროსის შინ, რათა ამ გზით მოეშორებინა არა¬სასურველი მღვდელმთავარი. ბოროტმოქმედმა მართლაც შეაღწია წმინდა ამბროსის სახლში, მის საძინებელ ოთახში, და უკვე მახვილიანი მარჯვენაც შემართა მძინარე მღვდელმთავრის განსაგმირად, რომ ანაზდად ხელი გაუშეშდა, განხმა, ისე, რომ ვეღარ შეძლო მისი ქვემოთ დაშვება. იგი შეიპყრეს, და შეშინებული გამოტყდა კიდეც, თუ ვინ გამოგზავნა და რა მიზნით. წმინდა ამბროსიმ, თავისი ურისხველობითა და გულკეთილობით, ილოცა მისთვის, ხელიც განუკურნა და მშვიდობითაც განუტევა. ეს მოხდა 385 წელს აღდგომის დღესასწაულის წინ.

ამ პერიოდშივე უფალმა ამბროსის ძილში გაუმხილა დევნის დროს დაღუპული ორი წმინდა მოწამის: გერვასისა და პროტასის დაკრძალვის ადგილი. მოხდა მათი ნაწილების აღმოყვანება, რომელთა შეხებითაც ბევრი სნეული სასწაულებრივად განიკურნა; მაგალითად, ერთ ყველასათვის ცნობილ უსინათლო კაცს, სახელად სევერს, თვალები აეხილა, როგორც კი მოწამეთა შესამოსელს შეეხო; მათი ძალით მრავალი ბოროტი სულიც განიდევნებოდა ეშმაკეულ ადამიანთაგან. ამან უფრო აღანთო ქრისტიანთა მოშურნეობა და სიყვარული ეპისკოპოსისადმი.

მეფის სასახლეში კი ამ დროს მრავალი არიანელი მწვალებელი დედოფალ იუსტინასთან ერთად, დასცინოდა და აბუჩად იგდებდა საღმრთო მადლს, მონიჭებულს უფლის მიერ წმინდა ეკლესიისათვის თავის მოწამეთა განდიდების გზით. მწვალებლები ირწმუნებოდნენ, ამბორისის ფულით ჰყავს მოსყიდული ხალხი და ისინიც თავს იკატუნებენ, ვითომცდა სნეულები და ეშმაკეულები არიან, მოდიან მოწამეთა საფლავზე და ისე აჩვენებენ ხალს თავს, თითქოს მათი სასწაულებრივი ძალით იკურნებიან, სინამდვილეში კი ცრუ-სასწაულებზე ავრცელებენ ხმებსო.

და იმ დროს, როცა კარისკაცნი ასე უკეთურად ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ანაზდად, ღმერთის დაშვებით, ერთ-ერთ მათგანს დემონი ეკვეთა და საშინელი ქენჯნა დაუწყო; ეს ადამიანი საზარლად გაჰკიოდა და ბღაოდა:

- აი, ეს დაემართოს ყველას, ვინც წმინდა მოწამეებს გმობს! ჩემს დღეში ჩავარდეს ყველა, ვისაც სამების ერთიანობა არ სწამს, რასაც ამბროსი ასწავლის!
ყველა იქ მყოფი შეზარა მომხდარმა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ შეენანათ და ჭეშმარიტება ერწმუნათ, შეიპყრეს ეშმაკისაგან გვემული კაცი, გაკოჭეს და ტბაში დაახრჩვეს!..

სხვა დროს ასეთი შემთხვევაც მოხდა: ერთი უკეთური არიანელი ზემოხსენებულთაგან ტაძარში შევიდა იმ დროს, როცა წმინდა ამბროსი მორწმუნე ერს დამოძღვრავდა და ამ მწვალებელმა ცხადად დაინახა, რომ ღვთის ანგელოზი ყურში ჩასჩურჩულებდა წმინდა მღვდელმთავარს! ამ ჩვენებით ღმერთი აუწყებდა მწვალებელს, რომ ამბროსი თავისი რჩეული იყო და მხოლოდ იმას უქადაგებდა ხალხს, რასაც ღვთის ანგელოზი შთააგონებდა. ამის დანახვაზე ის კაცი მაშინვე ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოიქცა, ყოველივე აუწყა იქ მყოფ მორწმუნეებს და ყოვლადძლიერი ღმერთის მადლით ამის შემდეგ გულმოდგინე დამცველი გახდა მართლმადიდებლობისა, რომელსაც აქამდე სდევნიდა.

დედოფალი იუსტინა კვლავ განაგრძობდა მღვდელმთავრის მტრობას. მომდევნო 386 წელს მან დაარწმუნა თავისი ძე, იმპერატორი ვალენტინიანე უმცროსი, კანონი გამოეცა არიანელთა სასარგებლოდ და აღდგომის წინ სასტიკი დევნა დაუწყო წმინდა ამბროსის, ისე, რომ იგი ეკლესიაში ჩაიკეტა, საკურთხევლის წინ დაემხო და ღმერთს ევედრებოდა შეწევნას. ეკლესიას გარშემო ხალხი შემოერტყა და ერთი წუთითაც არ შორდებოდა მას, რადგან ეშინოდა მღვდელმთავარი ძალით არ წაეყვანათ. მღვდელმთავარი ამ დროს საღმრთო წერილს უკითხავდა მათ, განუმარტავდა, ფსალმუნებსა და ჰიმნებს აგალობებდა. ამ დროიდან შემოიღეს მედიოლანისა და მთელ დასავლეთის ეკლესიაში წმინდა ამბროსის მიერ გამოყენებული ე.წ. ანტიფონური გალობა... იუსტინას მიერ გამოგზავნილი მხედრები ტაძარში კი უშვებდნენ ხალხს, მაგრამ გარეთ - აღარ. მაგრამ ისინი იმდენად გაოცებულნი იყვნენ მართლმადიდებელთა ტკბილი გალობით, რომ თვითონაც, გარედან, აჰყვებოდნენ ხოლმე მათ. სწორედ ამ დროს იგალობეს პირველად თვით ამბროსის ამაღლებული ჰიმნები ყოვლადწმინდა სამების სადიდებლად. მორწმუნეთა ლოცვა-ვედრებანი შესმენილ იქნა და მღვდელმთავარი თავის სამწყსოსთან დატოვეს.

მაგრამ დედოფალი იუსტინა დაუცხრომელი იყო ავის ქმნაში; თავის განზრახვაში - დაეღუპა წმინდა ამბროსი, მან მოკავშირე შეიძინა ერთი დიდებული - ექვთიმე, რომელიც საჩუქრებითა და ალერსით დაარწმუნა, ფარულად მოეტაცა მღვდელმთავარი და სადმე შორეულ ქვეყანაში წაეყვანა პყრობილებისათვის. ამ გეგმის შესასრულებლად ექვთიმემ სახლიც კი აიშენა ეკლესიის მახლობლად, რათა მოხერხებულად შეერჩია დრო ამბროსის მოსატაცებლად; საგანგებო ეტლიც განამზადა, რომლითაც შორეულ გზას გაუყენებდა მას, მაგრამ ღვთის სამართლიანი მსჯავრით, "მიექცა სალმობაჲ მისი თავსა მისსა და სიცრუვე მისი თხემსა მისსა ზედა დაუხდა" (ფსალმ. 7, 17); კერძოდ კი, სწორედ იმ დღეს, როცა ექვთიმე მღვდელმთავრის მოტაცებას აპირებდა, მოულოდნელად იმპერატორის ბრძანება მიიღეს - თვით ექვთიმე დაუყოვნებლივ უნდა გაეძევებინათ. მართლაც, იგი იმავე ეტლით წაიყვანეს, რომლითაც ეს უკეთური კაცი წმინდა ამბროსის გატაცებას აპირებდა!..

როცა აჯანყებულმა მხედართმთავარმა მაქსიმუსმა კვლავ დაიწყო მოქმედება იტალიის წინააღმდეგ, იუსტინამ იჩქარა შერიგებოდა ამბროსის, და თავის ძესთან ერთად ევედრებოდა, ხელმეორედ გამგზავრებულიყო მაქსიმუსის დასაშოშმინებლად. ძვირის უხსენებელი წმინდანი მაშინვე გაემგზავრა აჯანყებულთან, მაგრამ ამჯერად ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია ამ ამპარტავანი და უგრძნობელი კაცის დაშოშმინებაში. მისი შეუდრეკელობის დანახვაზე წმინდა ამბროსიმ ისეთი უშიშრობა გამოამჟღავნა, რომ ყველა განაკვირვა: იქვე საჯაროდ შეაჩვენა მაქსიმუსი, როგორც მკვლელი, ვისაც მზაკვრობით დაეღუპა თავისი უდანაშაულო ხელმწიფე, და ამის გამო განკვეთა კიდეც იგი წმინდა ეკლესიიდან!.. ამის შემდეგ მაქსიმუსი დიდი ლაშქრით შეიჭრა იტალიაში და ქალაქს ქალაქზე იღებდა. ჭაბუკ იმპერატორს ძალა არ შესწევდა წინააღმდეგობისა და დედასთან ერთად გაიქცა საბერძნეთს, ქალაქ თესალონიკში, რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის იმპერატორთან, თეოდოსი დიდთან, რათა შეწევნა ამ კეთილმსახური მართლმადიდებელი ხელმწიფისათვის ეთხოვა. მართლაც, თეოდოსიმ ლაშქარი შეკრიბა, მაქსიმუსის წინააღმდეგ დაიძრა და დაამარცხა კიდეც. მაგრამ მწვალებელი დედოფალი იუსტინა ვერ მოესწრო ამ ბედნიერ დღეს - საბერძნეთში ჩასვლიდან მცირე ხნის შემდეგ გარდაიცვალა. მისმა ძემ, ვალენტინიანემ კი შეისმინა იმპერატორ თეოდოსის შეგონებანი და მართლმადიდებელი სარწმუნოება აღიარა.

იუსტინას სიკვდილის შემდეგ ასეთი შემთხვევა მოხდა: მოგვი ვინმე სამსჯავროს წარუდგინეს და წამება დაუწყეს; წამების დროს იგი გაჰყვიროდა, უფრო მეტად წმინდა ამბროსის მფარველი ანგელოზისგან ვევნები, ვიდრე თქვენგანო. როცა ჰკითხეს, რა დანაშაულისთვის გტანჯავს უფლის ანგელოზიო, ამ გრძნეულმა კაცმა შემდეგი აღიარა:

- დედოფალ იუსტინას სიცოცხლეში მე განზრახული მქონდა ჩემი გრძნეულებით მტრობა გამეღვივებინა მედიოლანის მოსახლეობაში ეპისკოპოს ამბროსისადმი. ამ მიზნით ერთხელ, შუაღამისას ეკლესიის სახურავზე ავედი და იქ მსხვერპლი შევწირე დემონებს. მაგრამ რაც უფრო მეტად ვცდილობდი ჩემი ბოროტი მანქანებით საძულველი გამეხა¬და ამბროსი ხალხისათვის, მით უფრო მეტად იზრდებოდა მათი სიყვარული თავიანთი მწყემსისადმი და მით უფრო წარემატებოდნენ ისინი მართლმადიდებლურ რწმენაში. ეს ყოველივე ჩემ თვალწინ ხდებოდა. ვხედავდი რა ჩემი მცდელობის წარუმატებლობას, მე ამბროსის სახლში დავიწყე ბოროტი სულების გაგზავნა, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ დემონები გაწბილებულნი მიბრუნდებოდნენ და მეუბნებოდნენ: არათუ ეპისკოპოსთან, მისი სამყოფელის კართან მიახლოებაც კი არ ძალგვიძს, რადგან იქიდან ცეცხლი გამოდის და დაგვწვავსო.

აი, ეს აღიარა მოგვმა წამების დროს, რამეთუ ჭეშმარიტად საშიში იყო ამბროსი ეშმაკთათვის.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე



* * *

ერთხელ წმინდა ამბროსისთან არაწმინდა სულით შეპყრობილი ყრმა მიიყვანეს მედიოლანის მახლობლად მდებარე დაბიდან; გზაში, ჯერ კიდევ ქალაქის კარიბჭეს არ მიდგომოდნენ, რომ ბოროტი სული გამოვიდა ყრმისგან, და იგიც სრულიად განკურნებული წარუდგა მღვდელმთავარს. ეს ყრმა საკმაოდ დიდხანს დარჩა ამბროსისთან. შემდეგ დატოვა მედიოლანი და შინისკენ გაეშურა; და აი, ზუსტად იმ ადგილას, სადაც იგი უწინ დატოვა დემონმა, ახლა კვლავ ეკვეთა ყრმას მზაკვარი სული და ქენჯნა დაუწყო. როცა შემლოცველებმა ჰკითხეს, რატომ არ სტანჯავდი ყრმას მედიოლანშიო, დემონმა მიუგო:

- მე ამბროსის შემეშინდა და ამიტომ მედიოლანამდე დავტოვე ყრმა, მაგრამ ამავე ადგილას ველოდებოდი მას, და როცა უკან დაბრუნებული დავინახე, ხელახლა ვეკვეთე!..

თუკი შეცოდებებში ჰბაძავ დავით მეფეს, მაშინ სინანულშიც უნდა მიჰბაძო!

იმ ხანებში თესალონიკის მოსახლეობა თავის მმართველ ბოტერიქეს აუჯანყდა, რომელიც თეოდოსის პირადი მეგობარი იყო, და მოკლა იგი. ხელმწიფე ამის გამო დიდად განრისხდა და მრავალრიცხოვანი მხედრობა გაგზავნა აჯანყებულ მოქალაქეთა დასასჯელად; იმ დღეებში შვიდი ათასამდე თესალონიკელი იქნა მოკლული, რომელთა შორის ბევრი სრულიად უდანაშაულოც იყო, რადგან მეფის მეომრები სულაც არ ეძიებდნენ მმართველის მკვლელებს - ისინი ქალაქის ქუჩებში დადიოდნენ და ყველა შემხვედრს ხოცავდნენ განურჩევლად, მოხუცებსაც, ჭაბუკებსაც და ყრმებსაც კი.
როცა ეს ამბავი წმინდა ამბროსიმ შეიტყო, მეტისმეტად დამწუხრდა და მართალი რისხვით განურისხდა იმპერატორს ასეთი განუსჯელი სისხლისღვრისთვის. და აი, ერთხელაც, როცა ხელმწიფე თავის ამალასთან ერთად საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიაში დღესასწაულში მონაწილეობისათვის, წმინდა მღვდელმთავარი უშიშრად გამოვიდა მის შესახვედრად, ტაძარში შესასვლელი გადაუღობა და შემდეგი სიტყვებით ამხილა უსამართლო მკვლელობაში:

- არა ჯერ-არს შენდა, მეფეო, წმინდა ზიარებას მიეახლო ერთგულ ქრისტიანებთან ერთად, რადგან მიზეზი გახდი ესოდენი მკვლელობებისა და ჯერ არ შეგინანია შენი საქციელი!.. როგორ უნდა მიიღო ქრისტეს წმინდა სხეული იმ ხელებით, რომლებიც ქრისტიანთა უდანაშაულო სისხლითაა შეღებილი (ძველ დროში მორწმუნენი ხელში იღებდნენ ზიარების ნაწილთ და თვითონვე იდებდნენ პირში). ან კი როგორ მიიღებ ქრისტეს სისხლს იმ ბაგეებით, რომლებმაც ბრძანება წარმოთქვეს ხალხის სასტიკი ამოწყვეტის შესახებ?!.

- დავით მეფემაც ხომ შესცოდა, - შეეპასუხა იმპერატორი, - მანაც ხომ ჩაიდინა მკვლელობა და მრუშობა, მაგრამ ამისთვის არ მოჰკლებია ღმერთის წყალობას!..

მაგრამ წმინდა ამბროსიმ უპასუხა:

- თუკი შენ შეცოდებებში ჰბაძავ დავით მეფეს, მაშინ სინანულშიც უნდა მიჰბაძო!

იმპერატორი ღრმად დამწუხრებული დაბრუნდა სასახლეში და გულწრფელად ნანობდა თავის შეცოდებას. მალე მან ზედმიწევნით აღასრულა ის ეპიტიმია, რომელიც წმინდა ამბროსიმ განუწესა: საჯაროდ მოინანია თავისი ცოდვა, ქვე იყო დამხობილი ეკლესიის წინ სხვა მონანულებთან ერთად როგორც უბრალო მლოცველი და ცხარე ცრემლებს ჰღვრიდა; ამასობაში ქრისტეს შობის დღესასწაულიც დადგა, თეოდოსი კი თვალცრემლიანი იჯდა სასახლეში და ფიქრობდა, აი, ჩემს მსახურთა და გლახაკთათვის ღიაა ტაძარი, ჩემთვის კი, ამ დღესასწაულზე იგი მიუწვდომელიაო. როცა მეფის დამწუხრების მიზეზი შეიტყო, მისი ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული კარისკაცი რუთინე სასწრაფოდ წმინდა ამბროსისთან გაეშურა, რათა დაეთანხმებინა იგი ეპიტიმიის მოხსნაზე. მის კვალად ეკლესიაში თვით თეოდოსიც მოვიდა. წმინდა მღვდელმთავარმა თავიდან მკაცრად მიიღო ხელმწიფე, და იცოდა რა მისი გულფიცხი ხასიათი, დაჟინებით მოსთხოვა ისეთი კანონის მიღება, რომლითაც სამსჯავროთა განაჩენები სიკვდილით დასჯისა და ქონების ჩამორთმევის შესახებ უნდა დამტკიცებულიყო მხოლოდ 39 დღის შემდეგ. იმპერატორი დათანხმდა და დაშვებულ იქნა ეკლესიაში. აქაც მან ღრმა სინანული გამოხატა თავისი შეცოდების გამო: ქვე¬დამხობილი შუბლს იატაკს სცემდა და ცრემლებით დაალტობდა ფილაქანს. ამის შემდეგ ამბროსიმ, ბოლოს, წმინდა ზიარების მიღების ნებაც დართო იმპერატორს. ხელმწიფემ საკურთხეველში შესვლა დააპირა, რადგან ფიქრობდა უწინდებურად მღვდელმსახურებთან ერთად უნდა მივიღო ზიარებაო, მაგრამ წმინდა ამბროსიმ მთავარდიაკვანი გამოუგზავნა გარეთ და უბრძანა, საკურთხევლის წინ დაელოდე ზიარების მიღებას სხვა ერისკაცებთან ერთადო; ამასთან ესეც შეუთვალა მეფეს - "ძოწეული მხოლოდ სამეფო ღირსებას შეგძენს, და არა სამღვდელოსაცო". ხელმწიფემ მორჩილად მოისმინა ეპისკოპოსის ბრძანება და სხვა მორწმუნეებთან ერთად დადგა საკურთხევლის წინ. თუმცა მან ისიც უთხრა მთავარდიაკვანს, რომ კონსტანტინოპოლში არსებობს ჩვეულება მეფეთა საკურთხეველში ზიარებისა მღვდელმსახურებთან ერთად. შემდგომში, კონსტანტინოპოლში ყოფნისას იმპერატორი თეოდოსი არ შევიდა ზიარებისთვის საკურთხეველში და პატრიარქ ნექტარიოსის შეკითხვაზე, რატომ საკურთხეველში არ შემობრძანდები სამეფო ჩვეულებისამებრ და უბრალო მორწმუნე ერთან ერთად მის გარეთ რად ელოდები წმინდა ზიარებასო, ამოოხვრით მიუგო:

- აქამდე არ ვუწყოდი განსხვავება მეფესა და ეპისკოპოსს შორის, აწ კი ვიცი, რადგან ვისწავლე ეს სიმართლის მოძღვარ ამბროსისგან, რომელიც ერთი იმსახურებს ეპისკოპოსის წოდებას!..

* * *
ერთხელაც მედიოლანში სპარსეთიდან ჩამოვიდა ორი განსწავლული ბრძენკაცი. მათ ბევრი სმენოდათ წმინდა ამბროსის სიბრძნის შესახებ და აწ სურდათ თვითონვე დარწმუნებულიყვნენ ამაში, რისთვისაც წინდაწინ მოემზადებინათ ბევრი შეკითხვა. ისინი დიდხანს ესაუბრნენ მღვდელმთავარს და მეტად ჰკვირობდნენ მისი ღვთისმეტყველების სიღრმესა და გონების ამაღლებულობას. მერმე მათ ხელმწიფის წინაშეც დაადასტურეს, რომ მხოლოდ ამბროსის გულისთვის დასდგომოდნენ ესოდენ შორეულ გზას აღმოსავლეთიდან დასავლეთში, რადგან სურდათ ენახათ ეს ღმრთივსულიერი კაცი და დამტკბარიყვნენ მისი სიბრძნით...

იმპერატორ თეოდოსის კონსტანტინოპოლში დაბრუნების შემდეგ ვალენტინიანე უმცროსი მისივ მცველთა უფროსის, არბოგასტეს ღალატით მოკლეს ქალაქ ვიენაში, და მის ნაცვლად საიმპერატორო ტახტზე დაბალი წარმოშობის კაცი - ევგენი აიყვანეს, რომელიც ვალენტინიანეს მდივნად მსახურობდა და მხოლოდ სახელად იყო ქრისტიანი, შინაგანად კი უფრო კერპთაყვანისმცემლობისკენ და წარმართული ცრუ-რწმენებისა და მოგვობისკენ მიიდრიკებოდა (შემდგომში არბოგასტეს წინააღმდეგ თეოდოსიმ გაილაშქრა, დაამარცხა იგი და ევგენიც სიკვდილით დაასჯევინა). ამ ევგენიმ, სურდა რა თავი მოეწონებინა რომის ხელისუფალთათვის, სადაც კვლავაც ბევრნი იყვნენ კერპთაყვანისმცემლები და ეშმაკის მსახურები, ბრძანა გაეხსნათ საკერპე ბომონები და განეახლებინათ დემონური მსხვერპლშეწირვები. როცა ეს უკეთური ხელმწიფე მედიოლანისაკენ გაემართა, წმინდა ამბროსიმ დატოვა ქალაქი და ჯერ ბოლონაში წავიდა, შემდეგ კი ფლორენციაში გადავიდა, რადგან არ სურდა შეხვედროდა ამ პირმოთნე ადამიანს, რომელიც თავს ქრისტიანად ასაღებდა, სინამდვილეში კი უზნეო წარმართი იყო. წმინდა მღვდლმთავარი უშიშრად ამხელდა მას წერილობით, და ღმერთის სამსჯავროთიც აშინებდა, მაგრამ მის ამ მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია - ევგენი კვლავაც უკეთურობის გზას ადგა...

ფლორენციაში წმინდა მღვდელმთვარი ერთი ღვთისმოშიში მართლმადიდებელი კაცის -დოკენტის სახლში ცხოვრობდა, რომლის მცირეწლოვანი ვაჟიშვილი - პანსოფი არაწმინდა სულით იყო შეპყრობილი და ძალზე იტანჯებოდა. წმინდა ამბროსიმ ლოცვებითა და ხელდასხმით განკურნა იგი. რამდენიმე დღის შემდეგ პანსოფი ანაზდად ავად გახდა და სულიც დალია. მისმა დედამ, კეთილმსახურმა დედაკაცმა, ყოვლად აღსავსემ რწმენითა და ღვთისმოშიშებით, ამბროსის ოთახში შეასვენა მიცვალებული და რადგან მღვდელმთავარი იქ არ იყო, მის საწოლზე დადო და წავიდა. შინ დაბრუნებულმა ამბროსიმ თავის საწოლზე დასვენებული მკვდარი ყრმა რომ დაინახა, მაშინვე ჩაკეტა კარი, ლოცვად დადგა და დიდხანს ევედრა ღმერთს დიდი სასწაულის მომადლებას. შემდეგ წამოდგა და, ელისე წინასწარმეტყველის მსგავსად, (იხ. IV მეფ. 45, 31-35) საწოლს მიუახლოვდა, დაიხარა მიცვალებულ ყრმაზე და სული შთაბერა. ყრმა მკვდრეთით აღდგა და წმინდა ამბროსიმაც უზომოდ გახარებულ დედას ჩააბარა გაცოცხლებული ვაჟიშვილი.

ამასობაში უკეთური ევგენი ლაშქრით დაიძრა მედიოლანიდან თეოდოსის წინააღმდეგ. ქალაქის დატოვებისას მან დაიქადნა, გამარჯვებული რომ დავბრუნდები, მედიოლანის ტაძარს საჯინიბოდ გადავაქცევ ჩემი ცხენებისთვის, მღვდელმსახურებს კი მახვილს შემოვარტყამ წელზეო, ანუ მეომრებად ვაქცევო. მაგრამ მისი ბოროტი განზრახვა განუხორციელებელი დარჩა - იგი დამარცხდა და უსახელოდ იქნა მოკლული კეთილმსახურ იმპერატორთან ბრძოლაში. წმინდა ამბროსი საზეიმოდ შეეგება კეთილმსახურ იმპერატორ თეოდოსის როგორც ძლევაშემოსილს ქრისტეს ეკლესიის მტერთან ბრძოლაში, მაგრამ ხელმწიფე მღვდელმთავარს ფეხქვეშ ჩაუვარდა და მადლობა შესწირა, რადგან სწორედ მის ლოცვა-ვედრებას მიაწერდა თავის გამარჯვებას.
რამდენიმე ხნის შემდეგ, 395 წელს, იმპერატორმა თეოდოსიმ მშვიდობით მიაბარა სული უფალს და წმინდა ამბროსიმ ღმრთივსულიერი სიტყვით მიაგო პატივი მის ხსოვნას. ამ კეთილმსახურმა ხელმწიფემ ღვთის სათნო-მყოფელად იმეფა ამქვეყნად და ქრისტეს მარადიულ სამეფოში გადასახლდა. მის შემდგომ ტახტზე მისი ძენი ავიდნენ - აღმოსავლეთში არკადი, რომელიც 390-408 წლებში ზეობდა, დასავლეთში კი ჰონორე (390-413). ჰონორემ მეფობის დროს წმინდა ამბროსის მიერ მოპოვებულ იქნა უფლის მოწამეთა ნაზარისა და კელსის წმინდა ნაწილები (მათი ხსენება აღესრულება 14 ოქტომბერს). ამის შესახებ შემდეგს მოგვითხრობს პავლინე ხუცესი, მოწაფე და მდივანი მღვდელმთავარ ამბროსისა (აღსანიშნავია, რომ ნეტარი ავგუსტინეს თხოვნით, რომელიც ამბროსიმ მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სწორედ პავლინემ დაწერა შემდგომში წმინდა ამბროსი მედიოლანელის ცხოვრება).

მოწამე ნაზარის წმინდა ნაწილები

იმ ხანებში ამბროსიმ წმინდა მოციქულთა ეკლესიაში გადაასვენა მოწამე ნაზარის წმინდა ნაწილები, მოპოვებულნი ქალაქგარეთ მდებარე ბაღში. ,,საფლავში, სადაც მოწამის წმინდა ნაწილები ესვენა, - წერს წმინდა ამბროსის ცხოვრების აღმწერი პავლინე ხუცესი, - ჩვენ დავინახეთ სისხლი, თითქოს ეს-ესაა წარმოდინდაო; თავი თმა-წვერითურთ ისე უხრწნელად იყო შენახული, თითქოს ახლახან დადეს საფლავადო, სახე კი მოწამეს ისეთი ნათელი ჰქონდა, ახლად განბანილი გეგონებოდა... ისეთი კეთილსურნელება შევიგრძენი, რომელიც ყოველგვარი სუნამოსას აღემატებოდა. როგორც კი მოწამე ნაზარის წმინდა ნაწილები ეტლში გადავასვენეთ, ჩვენ წმინდა ამბროსისთან ერთად მაშინვე შე¬უდექით მოწამე კელსის წმინდა ნაწილების აღმოყვანებას, რომლებიც იმავე ადგილას იყო. ამ ბაღის პატრონთაგან შევიტყვეთ, რომ წინაპართაგან ანდერძად ჰქონდათ გადმოცემული ბრძანება - არასდროს მიეტოვებინათ ეს ადგილი და თაობიდან თაობისთვის გადაეცათ მემკვიდრეობად, რადგან აქ უდიდესი საუნჯეა დამარხულიო... როცა ამ მოწამეთა წმინდა ნაწილები მოციქულთა სახელობის ეკლესიაში შევასვენეთ, მღვდელმთავარმა ამბროსიმ უქადაგა იქ შეკრებილ მორწმუნე ერს. ამ დროს ხალხის ჯგუფიდან ხმამაღლა დაიყვირა ერთმა ეშმაკისაგან შეპყრობილმა კაცმა:

- მე ამბროსი მტანჯავს!

წმინდანი მისკენ მიტრიალდა და უთხრა:

- დადუმდი, ეშმაკო! ამბროსი კი არა, წმინდა მოწამეთა სარწმუნოება გტანჯავს შენ, აგრეთვე შენი ბოროტი შურიც, რადგან ხედავ, რომ კაცნი ამაღლდებიან ზეცად და იმკვიდრებენ იმ ადგილს, საიდანაც შენ იქმენ დამხობილი. ამბროსიმ კი არ უწყის ამპარტავნობით ქადილი!

მღვდელმთავრის ამ სიტყვების შემდეგ დემონი დადუმდა, თავის მიერ პყრობილი კაცი კი პირქვე დაამხო იატაკზე..."

* * *
ხმამ წმინდა ამბროსის დიდების შესახებ მარკომანების (ერთ-ერთი გერმანული ტომის) დედოფალ ფრიტიგილდას ყურამდეც მიაღწია, და მან მსახურნი გამოუგზავნა მღვდელმთავარს თხოვნით, ქრისტეს სარწმუნოებაში დამმოძღ¬ვრეო. ამბროსიმ ვრცელ ეპისტოლეში დაწვრილებით გადმოსცა მისთვის ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლები და დაარწმუნა დედოფალი ქრისტიანობის ჭეშმარიტებაში. ფრიტიგილდამ თავისი მეუღლეც მოაქცია ქრისტეს რწმენაზე და დაიყოლია იგი საზავო ხელშეკრულება დაედოთ რომის იმპერიასთან. ამის შემდეგ დედოფალი ფრიტიგილდა მედიოლანს გაემართა, რადგან ძალზე სურდა თავისი სულიერი მოძღვრის ხილვა, მაგრამ უკვე ვეღარ ჩაუსწრო ცოცხალს - წმინდა ამბროსიმ მშვიდობით მიაბარა სული უფალს 397 წლის 4 აპრილს...

წმინდა ამბროსი დიდი კრძალულებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, სრულყოფილი სულიერი სიფხიზლით ჰგიებდა ამქვეყნად; იგი განუწყვეტლივ მარხულობდა, გარდა შაბათ-კვირისა და საეკლესიო დღესასწაულებისა, წმინდა მოწამეთა მოსახსენიებელი დღეებისა; ასევე განუწყვეტლივ ლოცულობდა დღითა და ღამით; ყოველ საქმეს უდიდესი გულმოდგინებით აღასრულებდა და წერილებსა თუ წიგნებსაც თავისი ხელით წერდა, - მალიადმწერლის სამსახურით მხოლოდ მაშინ სარგებლობდა, როცა სხეულებრივი სნეულებით იყო შეჭირვებული. დიდად ზრუნავდა იგი თავისი ეპარქიის ყველა ეკლესიაზე, რაც მეტისმეტად ძნელი, ერთი ადამიანისთვის შეუძლებელი საქმეც კი იყო, რამეთუ მისი გარდაცვალების შემდეგ ხუთი ეპისკოპოსი ძლივს აუდიოდა ამ დიდი ეპარქიის მართვა-განმგებლობას. ასევე უსაზღვროდ დიდი იყო მისი მზრუნველობა ღარიბ-გლახაკთადმი, სნეულებისადმი და ტყვეობაში მყოფთადმი - მათ წმინდა მღვდელმთავარი მთელ სახსრებს ახმარდა. ეპისკოპოსად არჩევის უმალვე წმინდა ამბროსიმ ქონება - ოქრო-ვერცხლი და მამულები ეკლესიას შესწირა, ქვრივ-ობლებს, ღარიბ-გლახაკებს დაურიგა და ტყვეთა გამოსასყიდად გაიღო. თავისი ქონების მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი გამოჰყო თავისი დის შესანახად, თავისთვის კი არაფერი დაუტოვებია, რათა მთლიანად გათავისუფლებულს ქვეყნიურ საზრუნავთაგან, მთელი თავისი ცხოვრება და უნარი ქრისტეს სამსახურისთვის მიეძღვნა, რომელმაც თვით მოგვცა მაგალითი ასეთი ცხოვრებისა - გლახაკივით ჰგიებდა ამქვეყნად, რათა ჩვენ განვმდიდრებულიყავით მისი სიგლახაკით (II კორინთ. 8, 9). ამბროსის უხაროდა გახარებულთა თანა, და ტიროდა მოტირალთა თანა, რამეთუ როგორც ჭეშმარიტი მწყემსი, თავისი სამწყსოს ცხოვრებას იზიარებდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე




წმინდა ამბროსი მედიოლანელის სნეულება და ამქვეყნიდან გასვლა


როცა მისი აღსასრულის დღე მოახლოვდა, წმინდანმა წინასწარ ცნო ეს და უთხრა თავის მღვდელმსახურთ:

- მე მხოლოდ უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე დავრჩები თქვენთან!

"სნეულებამდე მცირე ხნით ადრე წმინდა ამბროსი 43-ე ფსალმუნს განმარტავდა, მე კი იქვე ვიჯექი და მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ვიწერდი, რადგან უძლურების გამო მას წერა აღარ შეეძლო. ანაზდად შევხედე და მისი თავის გარშემო ფარისებრი მოყვანილობის ცეცხლი დავინახე; ეს ცეცხლი თანდათან ტრიალით იკვრებოდა და ბოლოს მის ბაგეთა შორის შევიდა და გაუჩინარდა; მაშინ ამბროსის პირისახე თოვლივით გასპეტაკდა. ამ ხილვამ ისეთი თავზარი დამცა, რომ წერა ვეღარ შევძელი, მაგრამ მალე ამბროსის პირისახე ჩვეულებრივი გაუხდა. ამის შესახებ მე ღირსად პატივდებულ დიაკვან კასტულეს ვაუწყე, მან კი, თავადაც ღვთის მადლით შემოსილმა, ამიხსნა, - ეს სულიწმიდა გიხილავს, ზეგარდამოსული ჩვენს ეპისკოპოსზე ცეცხლის სახით, როგორც ოდესღაც უფლის წმინდა მოციქულებზე გადმოვიდაო".- წერს წმინდა ამბროსის ცხოვრების აღმწერი პავლინე ხუცესი.
სახელგანთქმულმა მხედართმთავარმა სტილიქონმა, როცა ამბროსის მძიმე სნეულების შესახებ შეიტყო, წამოიძახა:

- იტალია დაიღუპება, თუკი ეს მღვდელმთავარი მოგვიკვდა!

და მან მედიოლანის ყველაზე საპატიო მოქალაქენი წარგზავნა მომაკვდავ წმიდანთან თხოვნით, ევედრე უფალს გაგიხანგრძლივოს ამქვეყნიური სიცოცხლე ჩვენს სასიკეთოდო. ამბროსის ძალზე უყვარდა ეს მოქალაქენი, მაგრამ მათ მხურვალე თხოვნაზე ასე მიუგო:

- ისე როდი მიცხოვრია თქვენ შორის, რომ კიდევაც მრცხვენოდეს თქვენთან დარჩენა! მაგრამ მე სიკვდილისაც არ მეშინია, რამეთუ ყოვლად სახიერი უფალი გვივის!

იმ დროს, როცა წმინდა ამბროსი სასიკვდილო სარეცელზე იწვა, მისგან საკმაოდ მოშორებით, ოთახის კარებთან დიაკვნები კასტულე, პოლემიოსი, ვენესიოსი და ფელიქსი ისხდნენ. ისინი ჩურჩულით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, რათა სნეული მღვდელმთავარი არ შეეწუხებინათ, ისე, რომ ძლივს ესმოდათ ერთმანეთისა. ხოლო მსჯელობდნენ მასზედ, თუ ვინ შეიძლებოდა მედიოლანის ეპისკოპოსი ყოფილიყო წმინდა ამბროსის შემდეგ; ამასთან მათ ხუცესი სიმპლიციანე ახსენეს. ანაზდად მათგან საკმაოდ მოშორებით მწოლიარე მღვდელმთავარმა ხმა აღიმაღლა და, თითქოს საუბარში მონაწილეობსო, სამგზის გაიმეორა:

- ის მოხუცია, მაგრამ კვლავაც მხნედ არის!

ავადმყოფობის ჟამს წმინდა ამბროსიმ ლოცვისას უფალი ჩვენი იესო ქრისტე იხილა, რომელიც სიყვარულით აღსავსე ღიმილით უახლოვდებოდა და თავის ღვთაებრივ პირისახესაც განუცხადებდა. ამის შესახებ მან იქვე მყოფ ლავდის ეპისკოპოსს, ბასიანეს აუწყა. როცა წმინდა ამბროსის სულის განტევების ჟამმაც მოაწია, მის სახლში ამ დროს სტუმრად მყოფმა ვერცელას ეპისკოპოსმა ჰონორატემ, რომელიც სახლის ზემოთა ნაწილში ისვენებდა, ზეგარდამო გახმიანბული სიტყვები გაიგონა:

- მალიად აღდეგ და იჩქარე ამბროსისთან, აწ ის სულს განუტევებსო!

ეს ხმა სამგზის განმეორდა, სანამ ეპისკოპოსი საჩქაროდ არ წამოდგა და წმინდა ზიარების ნაწილითურთ მომაკვდავთან არ ჩავიდა. წმინდა ამბროსიმ ილოცა, ეზიარა საუფლო ძღვენს და ბრყინვალე აღდგომის გამთენიის ხანს უფალს მიაბარა თავისი ნეტარი სული. ეს მოხდა 397 წლის 4 აპრილს, როცა წმინდანი 57 წლისა იყო. მისი ცხოვრების აღმწერი პავლინე ხუცესი გვაუწყებს, რომ იმ აღდგომის ღამით მონათლულმა მრავალმა ყრმამ ცხადად იხილა წმინდა ამბროსი ან კათედრაზე, ანდა ტაძარში მავალი; ისინი ხელით და შეძახილებით ანიშნებდნენ მშობლებს. გარდა ამისა, მრავალნი ირწმუნებოდნენ სამღვდელო მოდასეთა თუ ერისკაცთაგან, რომ გარდაცვლილის სხეულზე ზემოდან დადგრომილი მბრწყინავი ვარსკვლავი დაინახეს...
მისი წმინდა სხეული მედიოლანის დიდ ტაძარში დაკრძალეს. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ამბროსი მედიოლანელის ხსენებას 7 დეკემბერს (ძვ. სტი¬ლით) დღესასწაულობს - მისი ეპისკოპოსად დადგინების დღეს.

ტროპარი:
კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშუიდისა და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთუისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ამბროსი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათუის.

კონდაკი:
საღმრთოჲთა შჯულისდებითა განბრწყინვებულმან წყუდიად ჰყვენ საცთურნი არიოზისნი, სიწმიდისა და მწყემსობისა მესაიდუმლეო ამბროსი, ხოლო საკუირველთ-მოქმედებ ძალითა სულისაითა, და ვნებათა პირად-პირადთა ცხადად მკურნალ ხარ, მამაო ღირსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხორებად სულთა ჩუენთა.

წმინდა ამბროსისთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
.........

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


მინდა ამბროსი მედიოლანელი


წმიდა ამბროსი მედიოლანელი - ხსენება 20 დეკემბერს ახალი სტილით.

თუკი შეცოდებებში ჰბაძავ დავით მეფეს, მაშინ სინანულშიც უნდა მიჰბაძო!


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat