ჯერ კიდევ სიყრმეშივე საკვირველად იქნა მინიშნებული მისი მომავალი, ის თუ რა სულიერ ნაყოფს შესძენდა ამბროსი ქრისტეს ეკლესიას. ერთხელ, დღისით, სახვევებში შეკრულ ჩვილს ღია ცის ქვეშ ეძინა პირღიას; ანაზდად უამრავი ფუტკარი მოფრინდა და ყრმას სახეზე დაასხდა, ისე, რომ აღარც კი მოჩანდა იგი; ფუტკრები თაფლს ტოვებდნენ მის ბაგეებსა და ენაზე. ძიძა დედაკაცს, რომელიც ყველაფერს ამას ხედავდა, სურდა გაერეკა ფუტკრები, მაგრამ შიშობდა, ამით ბავშვს არ ვავნოო. ჩვილის მამაც იქვე იდგა და ყველაფერს ხედავდა; მანაც ხელის მოძრაობით შეაჩერა შეშფოთებული ძიძა, რადგან უნდოდა ენახა, რით დამთავრდებოდა ეს სასწაული. და აი, მცირე ხნის შემდეგ ფუტკრები ერთიანად აიშალნენ, ზევით აფრინდნენ და თვალს მიეფარნენ. მაშინ გაოცებულმა მამამ თქვა:
- თუ ამ ჩვილს გაზრდა უწერია, იგი დიდი იქნება კაცთა შორის!
ამ ნიშნით უფალი წინასწარ აუწყებდა ადამიანებს, რომ ამბროსი მისი რჩეული იყო და მასზე საღმრთო წერილის სიტყვები აღსრულდებოდა - "გოლი თაფლისაი - სიტყვანი კეთილნი, ხოლო სიტკბოებაი მისი - სმენაი და კურნებაი სულისაი" (იგავნი 16, 24). რამეთუ ფუტკრების გუნდი იმ დანატკბობელ დამოძღვრასა და ნაწერებს გამოსახავდა, რომლებითაც წმიდა ამბორის მედიოლანელი სულიერ ფიჭას აღაშენებდა მომავალში, კაცთა გულის გამხარებელს, სულის დამატკბობელსა და ქვეყნიდან ზეცად აღმყვანებელს. შემდეგში, როცა ამბროსი წამოიზარდა და რომში ცხოვრობდა დაქვრივებულ დედასთან ერთად, რომელსაც უქორწინებლობის აღთქმა დაედო და მთელს თავის ცხოვრებას შვილების აღზრდას უთმობდა, პატარა ამბროსიმ ერთხელ ეპისკოპოსი დაინახა, ვისაც მორწმუნენი ხელზე ემთხვეოდნენ, და სახლში მისულმა თვითონაც გაუწოდა ხელი შინაურებს:
- მეამბორეთ ხელზე, მეც ეპისკოპოსი ვიქნებიო.
ამ სიტყვებს მისი ბაგით სულიწმიდა წარმოთქვამდა, როგორც მომასწავებელთ ამბროსის ბრწყინვალე მომავლისა, მაგრამ უფროსებს არ ესმოდათ ეს, რადგან არ იცოდნენ ჯერ, რომ ყრმაში საღმრთო მადლი იყო დავანებული და თავიდანვე განამზადებდა მას მვდელმთავრის მაღალი მსახურებისთვის. ამიტომ მათ დატუქსეს ამბროსი, თითქოს იგი უჯეროდ იქცეოდა და დაუფიქრებლად ლაპარაკობდა.
როგორც ითქვა, მამის გარდაცვალების შემდეგ ამბროსის ოჯახი რომში გადასახლდა, სადაც მან და უფროსმა ძმამ სატირმა შესანიშნავი იურიდიული განათლება მიიღეს, მისი უქორწინებელი და - მარცელინა კი იმთავითვე აყვარებდა მას უქორწინებელ ცხოვრებას (აღსანიშნავია, რომ სატირიცა და მარცელინაც დასავლეთის ეკლესიიის მიერ წმიდანებად არიან შერაცხულნი).
დღემდე რომში, კაპიტოლიუმის ბორცვის ახლოს დგას სახლი, სადაც ცხოვრობდა და იზრდებოდა ამბროსი. ეს სახლი შემდეგ ტაძრად გადაკეთდა და იქ მისი სახელობის დედათა მონასტერი დაარსდა
ამბროსიმ ღრმად შეისწავლა მჭვერმეტყველების ხელოვნება და ცნობილი ორატორი გახდა: იცავდა შეჭირვებულთ, შეეწეოდა უბედურთ, ამხელდა უსამართლობის ჩამდენთ, ყოველმხრივ ცდილობდა სამსჯავროზე სიმართლის გამორკვევას. გამორჩეული უნარისა და სიბრძნის გამო ქალაქ რომის თავმა პრობუსმა ამბროსი თავისთან მიიწვია სამსახურში მრჩეველად. შემდეგ იგი ლიგურიისა და ემილიის ოლქების განმგებლად იქნა დანიშნული გალლიაში.
მოულოდნელად ამბროსის ცხოვრება მკვეთრად შეიც¬ვალა. 374 წელს გარდაიცვალა მედიოლანის ეპისკოპოსი ავქსენტი, რომელიც არიოზის მწვალებლობის მიმდევარი იყო და სამღვდელმთავრო კათედრა განდევნილი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის დიონისეს შემდეგ ეკავა. და რაკი დიონისეც გარდაცვლილიყო დევნულებაში, მართლმადიდებლებსა და არიანელებს შორის დიდი უთანხმოება და შფოთი იყო, რადგან ორივე მხარეს თავისი წარმომადგენლის აყვანა სურდა მედიოლანის საეპისკოპოსო კათედრაზე. არეულობის შესახებ მედიოლანში რომის პრეფექტმა პრობუსმაც შეიტყო და ამბორისის დაავალა, წადი იქ და შფოთი დააწყნარეო. თან კი დასძინა:
მიდი და იმოქმედე არა როგორც მსაჯულმა, არამედ როგორც ეპისკოპოსმა!
მედიოლანში ჩასული ამბროსი მაშინვე საკათედრო ტაძარში შევიდა, სადაც მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა და მთელი თავისი სამჭევრმეტყველო ხელოვნებით არწმუნებდა იქ შეკრებილთ დაშოშმინებულიყვნენ და მშვიდად გადაეწყვიტათ სადავო საკითხი.
ანაზდად, წამით ჩამოვარდნილ უცნაურ მდუმარებაში, ძუძუთა ჩვილის ხმა გაისმა, რომელსაც მანამდე ჯერ სიტყვაც არ წარმოეთქვა:
- ამბროსია ეპისკოპოსი!
გაოცებულმა ხალხმა აიტაცა ყრმის ეს სიტყვები და ყველა ერთხმად გაჰყვიროდა:
- ამბროსი იყოს ეპისკოპოსი! ამბროსია ეპისკოპოსი!
ასე იმოქმედა საღმრთო მადლმა და ჯერეთ ენააუდგმელი ყრმის პირით აუწყა ხალხს ღვთის ნება. ორი მოწინააღმდეგე მხარე უმალვე შეთანხმდნენ და ყველას ეპისკოპოსად მხოლოდ ამბროსი უნდოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ არ იყო მონათლული და ემზადებოდა ამისთვის.
ხალხის შეძახილების გაგონებაზე ამბროსი დიდად შეშფოთდა, უმალ გამოვიდა ტაძრიდან და იმ მიზნით, რომ ცხადად დაენახვებინა ყველასთვის თავისი უღირსობა, მსაჯულის ადგილს მიაშურა და იქ განსასჯელად მიყვანილ დამნაშავეებს, თავისი ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ტანჯვა-წამება დაუწყო. მას უნდოდა ხალხს თვალნათლივ დაენახა მისი უმოწყალობა, შესძულებოდა და აღარ ესურვა თავის ეპისკოპოსად. მაგრამ მის მცდელობას ნაყოფი არ გამოუღია, ხალხი კვლავაც გაიძახოდა, ეპისკოპოსად ამბროსი უნდა იყოსო. მაშინ ამბროსიმ ყველანაირად სცადა უარის თქმა, არწმუნებდა ყველას - დიდი ცოდვილი ვარ, უღირსი ადამიანი, ის კი არადა, მონათლულიც ჯერ არა ვარო, მაგრამ ხალხი პასუხობდა:
- ჩვენზე იყოს შენი ცოდვებიო! - რამეთუ იცოდნენ, რომ წმიდა ნათლისღება განწმენდს ადამიანს ყველა ცოდვისაგან.
ამბროსი შეწუხებული დაბრუნდა შინ და გადაწყვიტა სულ მიეტოვებინა თავისი მაღალი თანამდებობა და ქალაქიდან გაქცეულიყო, რათა უპოვარი მსხემის ცხოვრებით ეცხოვრა, როგორც ამას ხშირად იქმოდნენ მაშინაც და ძველ დროშიც ბერძენი ფილოსოფოსები. მაგრამ ამ განზრახვის განხორციელებაში მას ხელი შეუშალეს. მაშინ ამბროსიმ სხვა ხერხს მიმართა: უბრძანა მსახურთ, ყველას დასანახად მოეყვანათ მის სახლში გარყვნილი დედაკაცები, რათა მედიოლანის ცხოვრებთ შესძულებოდათ იგი როგორც მემრუშე. მაგრამ ამ ფანდმაც ვერ გასჭრა, ხალხი კი მეტის მონდომებით გაიძახოდა:
- შენ უნდა იყო ჩვენი ეპისკოპოსი! დაე, შენი ცოდვები ჩვენზე გადმოვიდეს, ოღონდ კი წმიდა ნათელი მიიღე და ეპისკოპოსი გახდი!
ბოლოს, რაკი დარწმუნდა, რომ ვერანაირი ხერხით ვერ აარიდებდა თავს მთელი ხალხის ნებას, ამბროსიმ გადაწყვიტა ფარულად დაეტოვებინა ქალაქი და სადმე გადაკარგულიყო. და აი, ღამით იგი ყველას უჩუმრად გავიდა მედიოლანიდან და ქალაქ ტიცინისკენ (აწინდელი პავია ჩრდილოეთ იტალიაში) გაემართა. გამთენიისას, როცა ეგონა ტიცინს ვუახლოვდებიო, დიდი კარიბჭეს მიადგა და მასში მედიოლანის რომაულ შესავალად ცნობილი კარიბჭე შეიცნო! ასე მოხდა ღვთის განგებით, რადგან უფალი თავის წმიდა კათოლიკე (მსოფლიო) ეკლესიის ერთ-ერთ მწყემსად ამზადებდა ამბროსის ვითარცა ზღუდეს მტერთაგან მის დასაცავად და ამიტომ ხელი შეუშალა გაქცევაში.
როცა ქალაქის მცხოვრებლებმა ამის შესახებ შეიტყვეს, ღმერთი განადიდეს, და მაინც ყარაულობა დაუწყეს ამბროსის, რათა მას კვლავ არ ეცადა გაქცევა. ამასთან იმპერატორ ვალენტინიანე I უფროსთანაც აფრინეს კაცები თხოვნით, რომ ხელმწიფებრივი ბრძანებით ეიძულებინა ამბროსი ეპისკოპოსის წოდება მიეღო. იმპერატორს გაუხარდა ეს ამბავი - აი, ჩემს მიერ საერო თანამდებობებზე დანიშნული ადამიანები ისეთი ღირსეულნი არიან, რომ ხალხი მათ მღვდელმთავრად არჩევასაც კი მოითხოვსო. არანაკლებ ნასიამოვნები იყო ქალაქ რომის მთავარი პრეფექტი პრობუსიც, რამეთუ მისი წინასწარმეტყველებაც აღსრულდა - მიდი და იმოქმედე არა როგორც მსაჯულმა, არამედ როგორც ეპისკოპოსმაო.
სანამ მედიოლანელები იმპერატორთან წარგზავნილების დაბრუნებასა და ხელმწიფის პასუხს ელოდებოდნენ, ამბროსი კვლავ გაიქცა ქალაქიდან და ერთ-ერთი თავისი მეგობრის - დიდმოხელე ლეონტის კარმიდამოში იმალებოდა. მაგრამ როცა ხელმწიფის ბრძანება მოვიდა, ლეონტიმ გაამხილა მისი ადგილსამყოფელი და მედიოლანში ჩაიყვანა ამბროსი, რათა ხალხისთვის ჩაებარებინა. ამგვარად, შეუძლებელი იყო დაფარვა იმ ადამიანისათვის, ვინც თვით ღმერთმა აირჩია თავისი ეკლესიის ერთ-ერთ მღვდელმთავრად, რამეთუ "ვერ ხელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქვეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა" (მათე 5, 14-15). და ამბროსიც უფლის სიტყვიერ ცხოვართა მწყემსი უნდა შექმნილიყო, მანათობელი მნათობი ეკლესიისა.
ყოველივე ამის შემდეგ ამბროსიც დარწმუნდა, ეს ღმერთს ნებავს ჩემი ეპისკოპოსობაო და უსიტყვოდ დაემორჩილა ხელმწიფის ბრძანებასა და ხალხის ნება-სურვილს. მაგრამ მან არ ისურვა წმიდა ნათელის მიღება არიანელი ეპისკოპოსისაგან და დაჟინებით მოითხოვა, მართლმადიდებელმა მღვდელმთავარმა მომნათლოსო. ამის შემდეგ იგი მოინათლა და შვიდი დღის განმავლობაში გაიარა საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხურზე კურთხევა, ხოლო მერვე დღეს - 374 წლის 7 დეკემბერს 34 წლის ამბროსის მედიოლანის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მის კურთხევას, როგორც ეპისკოპოსი თეოდორიტე მოგვითხრობს, იმპერატორი ვალენტინიანეც ესწრებოდა, რომელმაც სიხარულით განაცხადა:
- გმადლობ შენ, ყოვლადძლიერო უფალო, მაცხოვარო ჩვენო, რომ ამ კაცს, ვისაც მე ქვეშევრდომთა ხორციელ ცხოვრებას მივანდობდი, შენ მათი სულიერი ცხოვრება მიანდე და ამით ყველასთვის საცნაური გახადე ჩემი მსჯავრის სამართლიანობა!
ამბროსის არჩევას ერთიანად იწონებდნენ როგორც აღმოსავლელი, ასევე დასავლელი ეპისკოპოსები. მართალია იგი არ ყოფილა მკაცრად კანონიკური, მაგრამ ნიკეის კრების კანონი გამონაკლისს უშვებს იმ შემთხვევისათვის, როცა მღვდელმთავრად არჩევა ღვთის აშკარა მინიშნებით ხდება, ამბროსის შემთხვევაში კი ეს მინიშნება სავსებით ცხადი იყო. ამბროსის არჩევას სიხარულით მიესალმა თავის წერილში მსოფლიო მოძღვარი წმიდა ბასილი დიდი: "ღმერთმა, რომელმაც უბრალო მწყემს ამოსისგან თავისი წინასწარმეტყველი შექმნა, აწ ეპისკოპოსად აქცია ამბროსი, კაცი კეთილშობილი, მაღალი წოდების და გამორჩეული თვისებების მქონე, განსაცვიფრებელი მჭევრმეტყველი, ვინაც ქრისტეს შესაძენად უგულებელჰყო ყველა ეს ქვეყნიური უპირატესობა... მაშ, განმხნევდი, ჰიო, ღვთის კაცო - ამბროსი!.."
ხელდასხმიდან რამენიმე დღის შემდეგ იმპერატორთან პირისპირ შეხვედრისას ამბროსი გულახდილად ამხილებდა ქალაქის მსაჯულთა არასწორ ქმედებებს. მაშინ იმპერატორმა ასე უთხრა:
- დიდი ხანია ცნობილია ჩემთვის შენი გაბედული, მართალი სიტყვა და პირდაპირობა. ამიტომაც არათუ შევეწინააღმდეგე, ხელიც კი შევუწყვე ეპისკოპოსად შენს არჩევას. მაშ, გამოასწორე ჩვენი შეცდომები, როგორც ამას საღმრთო სჯული გიბრძანებს, და განკურნე ჩვენი სულების უმართლობანი!..
თავისი მღვდელმთავრობის დასაწყისშივე ამბროსიმ თხოვნით მიმართა რომის პაპს დამასეს, კეთილგონიერი კაცი ვინმე გამოეგზავნა მის თანაშემწედ საკუთარი შეხედულებისამებრ (დამასე 366-384 წლებში იყო რომის ეკლესიის პირველმღვდელმთავარი და ეკლესიის ისტორიაში ცნობილია როგორც მართლმადიდებლობის გულმოდგინე დამცველი არიანელობისა და სხვა მწვალებლობებისაგან). დამასემ მართლაც გაგზავნა მედიოლანში მღვდელი სიმპლიციანე. ამ ღვთისნიერ მღვდელმსახურს ამბროსი პატივს სცემდა როგორც მამას და ყოველთვის იღებდა მის რჩევა-დარიგებებს (შემდეგში სიმპლიციანე მისი მემკვიდრე გახდა საეპისკოპოსო კათედრაზე). შინაური საქმეების განმგებლობა მან თავის ძმას სატირს მიანდო, თვითონ კი მთლიანად მიუძღვნა თავი საეკლესიო საქმეებს - ყოველდღე აღასრულებდა ღვთისმსახურებას და ბრძნულად დამოძღვრავდა მორწმუნე ერს. მთელი თავისი ქონება ღარიბ-გლახაკთ დაურიგა, მამულები კი ეკლესიას შესწირა, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება და უნარი მიუძღვნა. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას, რისთვისაც ზოგჯერ დღეში ორგზისაც ადიოდა საეკლესიო კათედრაზე; მისი სიტყვა ყველასათვის მისაწვდომი და გასაგები იყო, ხმა წყნარი, მშვიდი, რის გამოც მისი ქადაგებისას ეკლესიაში საოცარი სიჩუმე ისადგურებდა, რამეთუ ხალხს ძალზე უყვარდა თავისი ეპისკოპოსის მოსმენა.
წმიდა ამბროსი დიდად ზრუნავდა სამღვდელო მოდასეთა გაუმჯობესებისთვისაც; თვითონვე აძლევდა მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა შეეერთებინათ მკაცრი მოსაგრე ცხოვრება ეკლესიის მწყემსის მოვალეობასთან. თავადაც დიდად კეთილკრძალული, უაღრესად მშრომელი და მმარხველ-მლოცველი იყო; ყოველდღიურად მოაკვდინებდა ხორცს მარხვითა და მღვიძარებით, მხოლოდ შაბათს და კვირას გაიხსნილებდა ხოლმე, აგრეთვე სახელგანთქმული წმიდა მოწამეების მოსახსენებელ დღესასწაულებზე. დღითა და ღამით ლოცულობდა, საკუთარი ხელით წერდა წიგნებს, მაშინ როცა შეეძლო მალემწერლის სამსახურით ესარგებლა, და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავდა სხვის დახმარებას, როცა სხეულებრივი უძლურებით იყო იძულებული. საკუთარი თავისადმი მეტისმეტად მკაცრი, იგი ძალზე კეთილი, ლმობიერი და მისაწვმდომი იყო ყველასთვის ღარიბ-გლახაკნი თავის დამცველად და მეგობრად მიიჩნევდნენ ამბროსის, რომელიც ყოველთვის იზიარებდა თავის სამწყსოს კარგსაც და ავსაც - უხაროდა მოხარულთა თანა, და ტიროდა - მოტირალთა თანა. როცა ცოდვილი ვინმე აღსარებისას შეცოდებებს უმხელდა, ისე ცხარედ ტიროდა, რომ აღმსარებელსაც ტირილად მიაქცევდა ხოლმე.
სამღვდელო მოდასეებზე დიდად მზრუნველ ამბროსის განსაკუთრებით უყვარდა ბერ-მონაზვნები და ქმედითადაც მფარველობდა მედიოლანის მახლობლად მდებარე სავანეს. იგი დედათა მონასტრების დაარსებაზეც ზრუნავდა, ასე, რომ სამიოდ წლის შემდეგ მისი ეპისკოპოსად არჩევიდან მედიოლანში მრავალი სხვა ქალაქიდან თუ მხარიდან ჩამოდიოდნენ ქალწულნი (ძველად, დედათა მონასტრების აღმოცენებამდე, ეკლესიაში არსებობდა ქალწულთა საგანგებო კლასი, რომლებიც ქალწულობის, უქორწინებლობის აღთქმას დებდნენ და მთლიანად უძღვნიდნენ თავს ღმერთისადმი მსახურებას; ისინი კერძო სახლებში იკრიბებოდნენ სულიერი ღვაწლისათვის და გამოცდილი დედების ხელმძღვანელობით ეწეოდნენ მოსაგრე ცხოვრებას) - პლაცენციიდან, ბოლონიიდან და მავრიტანიიდანაც კი (დასავლეთ აფრიკიდან)!
რამოდენიმე წლის შემდეგ ამბროსი რომში ჩავიდა, სადაც მისი და მარცელინა, მისი მხევალი და ოჯახის რამდენიმე ძველი მსახური მოინახულა; დედა უკვე გარდაცვლილიყო. როცა ისინი ხელზე ეამბორებოდნენ მღვდელმთავარს, ამბროსიმ გაიღიმა და უთხრა მხევალს:
- აი, შენ ეამბორები კიდეც ეპისკოპოსის ხელს, როგორც ოდესღაც გითხარი!
ასე აღსრულდა ყრმა ამბროსის ოდინდელი წინასწარმეტყველება.
რომში ყოფნისას ერთმა წარჩინებულმა დედაკაცმა, მდინარე ტიბროსის გადაღმა რომ ცხოვრობდა, სთხოვა წმიდა ამბროსის, საღმრთო ლიტურგია ჩემს სახლში აღასრულეო (ასეთი ჩვეულება მაშინ ჯერ კიდევ ნებადართული იყო, განსაკუთრებით ქრისტიანთა დიდი დევნულობის დროიდან, როცა მორწმუნეებს არ შეეძლოთ განცხადებულად შეკრებილიყვნენ საზოგადო ტაძრებში). როცა ეს სხვა დედაკაცმა, ლოგინად ჩავარდნილმა სნეულმა, შეიტყო, უბრძანა მსახურებს იმ სახლში მიეყვანათ საკაცით, და როცა წმიდა მღვდელმთავრის ლოცვისას მის შესამოსელს შეეხო და ეამბორა, უმალვე განიკურნა. ამ სასწაულებრივი კურნების ამბავი მთელს რომს მოედო.
იმპერატორ ვალენტინიანე უფროსის გარდაცვალების შემდეგ რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის ტახტზე მისი ძე გრაციანე ავიდა, რომელიც 367 წლიდან მამის თანაგანმგებელი იყო და 383 წლამდე ზეობდა. იმ ხანებში იგი გოთების წინააღმდეგ საომრად ემზადებოდა და სთხოვა წმიდა ამბროსის წერილობით გადმოეცა მისთვის ჭეშმარიტი სარწმუნოების საფუძვლები. მღვდელმთავარმაც შეუსრულა ხელმწიფეს თხოვნა და დაწერა ხუთი წიგნისაგან შემდგარი შრომა "სარწმუნოების შესახებ", უწინასწარმეტყველა მას ძლევა მტერზე და სალაშქრო ბაირაღებიც უკურთხა, რომლებზეც ქრისტეს სახელი იყო გამოსახული. მართლაც, ღვთის ამ წმიდა სათნომყოფელის ლოცვა-ვედრებით გრაციანემ სახელოვანი გამარჯვება იზეიმა გოთებზე.
განსვენებული იმპერატორის მეუღლე - გრაციანეს დედინაცვალი იუსტინა არიოზის მწვალებლობის მიმდევარი იყო და მეტად სძულდა წმიდა ამბროსი, რომელსაც ბევრ ბოროტებასაც შეამთხვევდა. ასე, მაგალითად, როცა სირმიაში იქაური ეპისკოპოსი გარდაიცვალა, იუსტინა უმალ იქ გაეშურა, რათა მღვდელმთავრად თავისი თანამოაზრე - მწვალებელ არიოზის მიმდევარი დაედგინა. სირმიაში ჩავიდა წმიდა ამბროსიც, რადგან ეს ქალაქი მისი ეპარქიის განმგებლობაში შედიოდა. იგი უგულებელჰყოფდა ამ ხელმწიფებრივი დედაკაცის მრისხანებას და ყოველმხრივ ცდილობდა ეპისკოპოსად მართლმადიდებელი კეთილმსახური კაცი - ანემიოსი აერჩიათ. ერთ დღეს, როცა ყველანი ტაძარში შეიკრიბნენ და წმიდა ამბროსიმ თავისი ადგილი დაიკავა ამბიონზე, იმ მყოფმა დედოფალმა იუსტინამ ერთი ბოროტი დედაკაცი - არიოზის მწველობლობის მიმდევარი მიუგზავნა, რათა მას შესამოსელზე ეტაცა ხელი ეპისკოპოსისათვის, არიანელი ქალების მხარეს გადაეთრია და იქ მათ ეგვემათ, შემდეგ კი ტაძრიდან გაეძევებინათ იგი. მაგრამ როცა ეს ურცხვი დედაკაცი უტიფრად მიუახლოვდა წმიდა ამბროსის თავისი საძაგელი განზრახვის შესასრულებლად, მღვდელმთავარმა უთხრა:
- მართალია არა ვარ ღირსი მღვდელმთავრად წოდებისა, მაგრამ მაინც არა ჯერ-არს შენდა ხელით შეეხო თუნდაც რომელიმეს ღვთისმსახურთაგან! გეშინოდეს ღვთის სამსჯავროსი, ვინძლო ანაზდეული უბედურება არ გეწიოს!
ეს სიტყვა მართლაც აღსრულდა იმ უტიფარი დედაკაცის თავს. მეორე დილას იგი უეცრად მოკვდა, და წმიდა ამბროსიმ თვითვე დამარხა იგი - ბორიტის წილ კეთილი მიაგო. ამ სასწაულით შეშინებულმა არიანელებმა და დედოფალმა იუსტინამ ვეღარ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა, ასე, რომ ამბროსიმ ღირსეული მღვდელმსახური - მართლმადიდებელი ანემიოსი დაადგინა სირმიის ეპისკოპოსად და მშვიდობით დაბრუნდა მედიოლანში.
ერთხელ ორმა არიანელმა კაცმა, იმპერატორ გრაციანეს მესაწოლეებმა, გამოთქვეს სურვილი საჯაროდ გაპაექრებოდნენ წმიდა ამბროსის სარწმუნოების საკითხებზე; სიტყვიერი პაექრობის საგანი უფალ იესო ქრისტეს ხორციელ-ქმნა უნდა ყოფილიყო. დათქმულ დროს წმიდა ამბროსი, მორწმუნე ერთან ერთად, ეკლესიაში ელოდებოდა მათ. იგი მზად იყოი გაპაექრებოდა მწვალებლებს და სავსებით დარწმუნებული იყო თავის გამარჯვებაში, რადგან სულიწმიდის მადლით იყო აღვსებული. მაგრამ ხსენებული არიანელები, თავიანთი ამპარტავნების გამო და იმისთვისაც, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ მართლმადიდებელი მღვდელმთავრისათვის, არ გამოცხადნენ პაექრობაზე, - ქალაქგარეთ სასეირნოდ გაემართნენ ცხენებზე ამხედრებულნი. როცა ერთ-ერთ შემაღლებულ ადგილას ავიდნენ, ცხენები რატომღაც დაუფრთხათ, ორთავე გადმოცვივდნენ და სასიკვდილოდ დაიმტვრნენ.
წმიდა მღვდელმთავარი დიდხანს ელოდა მათ, ბოლოს, რაკი დაინახა, რომ არავინ მოდის, ამბიონზე ავიდა და საყოველთაოდ ცნობილი ქადაგებით მიმართა მორწმუნე ერს უფალ იესო ქრისტეს განხორციელების შესახებ.
სულ მალე ამის შემდეგ იმპერატორი გრაციანე მოღალატურად იქნა მოკლული გალლიაში მის წინააღმდეგ აჯანყებული მხედართმთავრის მაქსიმეს მიერ. საიმპერატორო ტახტზე რომში ვალენტინიანე უმცროსი ავიდა თავის დედასთან იუსტინასთან ერთად, მაგრამ რადგან მხედართმთავარ მაქსიმეს უკვე მთელი გალლიაცა და ესპანეთიც დაეპყრო, მისი წინააღმდეგობის ძალა ვალენტინიანეს არ შესწევდა. ამიტომ მწვალებელი დედოფალი იუსტინა იძულებული იყო წმიდა ამბროსისათვის მიემართა თხოვნით - მაქსიმესთან გაემართე და შეჰვედრე შეიწყალოს ჩემი ჭაბუკი ძე და მშვიდობა მოგვანიჭოსო. კეთილი მწყემსი მაშინვე აჯანყებულ მხედართმთავართან გაეშურა, რამეთუ მზად იყო საკუთარი სიცოცხლე დაედო თავის სიტყვიერ ცხოვართათვის. მართლაც ბრძნული და თავმდაბლობით აღსავსე სიტყვით ამბროსიმ ისე იმოქმედა მაქსიმეზე, რომ ამ უკანასკნელს იმ წელიწადს აღარ გაულაშქრია იტალიაზე, - იგი გალლების ქვეყანაში დარჩა.
მაგრამ იუსტინამ უმადურობით მიუზღო მღვდელმთავარს ამ სამსახურისათვის, რადგან კვლავაც მტრობდა მას როგორც არიოზის მწვალებლობის მიმდევარი: თავისი ძის სახელით მსახურნი მიუგზავნა და მოსთხოვა არიანელებისთვის გადაეცა მედიოლანის საკათედრო ტაძარი ყველა იმ საგანძურით, რაც მასში იყო. მაგრამ წმიდა ამბროსი მხნედ შეეწინააღმდეგა მეფის ბრძანებას და ასე მიუგო მომხდურთ:
- ყოველივე იმას, რაც მე მეკუთვნის, როგორ დავუკავებ ხელმწიფეს?! მზად ვარ მას ჩემი ჯანმრთელობაც შევწირო! მაგრამ იმის მოცემა, რაც ღმერთს ეკუთვნის, მე არ შემიძლია! და მეფისთვისაც არ შეიძლება იმის აღება!
ამის შემდეგ იუსტინამ, იმპერატორის სახელით, მხედართა რაზმი გამოგზავნა, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა ძალით მიეტაცებინა ტაძარი, ეპისკოპოსი კი გაეძევებინა მისგან. ხალხმა უმალ შეიტყო ეს ამბავი და მალე მთელი ტაძარი მართლმადიდებელი მორწმუნე ერით გაივსო; მათ შიგნიდან ჩაკეტეს კარები და გვერდით დაუდგნენ საყვარელ ეპისკოპოსს. სამი დღე დაჰყვეს მორწმუნეებმა ასე - ტაძარში ჩაკეტილებმა და მთელი ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ განადიდებდნენ და უგალობდნენ ღმერთს. ისინი შეუდრეკელად ეწინააღდეგებოდნენ მწვალებლებს და ნება არ მისცეს მათ ტაძრიდან გაეძევებინათ წმიდა მღვდელმთავარი და საეკლესიო ქონებას დაპატრონებოდნენ. წმიდა ამბროსიც მეფისგან გამოგზავნილთა მოთხოვნის პასუხად, კვლავ და კვლავ მხნედ უმეორებდა მათ:
- ჩემი ნებით არ გამოვალ ეკლესიიდან და არ მივატოვებ მას! მოღალატურად არ მივუგდებ ქრისტეს სავანის ცხვრებს მტაცებელ მგლებს და ნებას არ მივცემ მწვალებლებს ღვთის ეკლესიას ეუფლონ, იმათ, ვინც ღმერთის მგმობ სიტყვებს წარმოთქვამენ!.. თუკი ღვთის ნება ასეთია, რომ მოკლულ ვიქნა, დაე, აქ აღსრულდეს ეს, დაე, წმიდა ტაძრის კედლებში გამნგმიროს მახვილმა თუ შუბმა: მე მზად ვარ ხალისით და სიყვარულით მივიღო ასეთი სიკვდილი!
როცა დედოფალ იუსტინას აუწყეს ეს ყოველივე, მას შერცხვა და შეეშინდა კიდეც მართლმადიდებელთა მხრივ წინააღმდეგობისა; ამიტომ ამის შემდეგ აღარ გაუბედია აშკარა ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. მაგრამ თავისი დამარცხებით გაღიზიანებულმა ფარულად დაქირავებული მკვლელი გაგზავნა ამბორსისთან სახლში, რათა ამ გზით მოეშორებინა არასასურველი მღვდელმთავარი. ბოროტმოქმედმა მართლაც შეაღწია წმიდა ამბროსის სახლში, მის საძინებელ ოთახში, და უკვე მახვილიანი ხელიც შემართა მძინარე მღვდელმთავრის განსაგმირად, რომ ანაზდად მისი ხელი გაშეშდა, განხმა, ისე, რომ ვეღარ შეძლო მისი ქვემოთ დაშვება. იგი შეიპყრეს, და შეშინებული გამოტყდა კიდეც, თუ ვინ გამოგზავნა და რა მიზნით. წმიდა ამბროსიმ თავისი ურისხველობითა და გულკეთილობით, ილოცა მისთვის, ხელიც განუკურნა და მშვიდობითაც განუტევა. ეს მოხდა 385 წელს აღდგომის დღესასწაულის წინ.
წყარო: http://www.bu.org.ge/