წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - იმერეთის ეპისკოპოსი (+1891) – 25 (07.02) იანვარი
წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - იმერეთის ეპისკოპოსი (+1891) – 25 (07.02) იანვარი
წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი, ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე  დაიბადა 1825 წ. 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფ. ბახვში. მამა - მაქსიმე გიორგის ძე სოფ. ბახვის მღვდელი და გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვარი ყოფილა. დედა - დგებუაძის ქალი - ისე ადრე გარდაცვლილა, რომ გაბრიელს არც ახსოვდა. დაობლებული ხუთი შვილის აღზრდა მხოლოდ მამას დაკისრებია. მამა მაქსიმე არა მხოლოდ შვილებზე, არამედ სოფლის ბავშვებზეც ზრუნავდა და მათ წერა-კითხვას, სასულიერო ლიტერატურასა და საეკლესიო გალობას უსასყიდლოდ ასწავლიდა. ასე რომ, მოყვასის უანგარო სიყვარულის მაგალითი პატარა გერასიმეს მამის სახით ბავშვობიდანვე ჰქონია. სწავლასთან ერთად გაბრიელს დიდად იზიდავდა ღვთისმსახურებაზე დასწრება. მამა მაქსიმეს საყდარში შვილები თან მიჰყავდა.

პატარა გერასიმეც, როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა მამას: ხან სანთლებს ანთებდა, ხან საცეცხლურს უბერავდა, ხან პატარა ზარებს რეკდა, ხან მამას შესამოსელს აწვდიდა. თურმე ეკლესიაში ძილიც ერეოდა. "ხშირად მოხდებოდა ხოლმე, - წერს ეპისკოპოსი გაბრიელი მოგონებებში, - რომ ხანგრძლივი მწუხრის ლოცვის დროს, ვიწრო, ჩამობნელებულ ეკლესიაში, რომელიც სავსე იყო მლოცველებით, მივწვებოდი სადმე კუთხეში ეკლესიის კედელთან ნოტიო, ცივს მიწაზე, მკვდარივით მივიძინებდი და მთელს მწუხრს ასე მძინარე გავატარებდი. მამაჩემმა იცოდა ეს ჩემი სისუსტე და ყოველი მწუხრის გათავების შემდეგ მომაკითხავდა, დაკეტილ ეკლესიაში არ დარჩესო". წარმოუდგენელია, რომ ასეთ ცხოვრებას უსუსური ბავშვის სულიერ არსებაში ღრმა და წარუშლელი კვალი არ დაეტოვებინა.

სწორად აღნიშნავს წმინდანის ცხოვრების პირველი აღმწერი და მკვლევარი მელიტონ კელენჯერიძე: "ვერავითარი სკოლა, რომელი ტიპისაც არ უნდა იყოს იგი - და რა გინდ იდეალური მასწავლებლები და აღმზრდელები მუშაობდნენ შიგ, ვერ შეძლებს იმ გრძნობის დამყარებას ბავშვის სულში, რა გრძნობითაც იყო გაბრიელი შემკული და შეპყრობილი. ეს ღრმა რელიგიური რწმენა, ეს მუყაითობა და მოუწყინარობა რელიგიურ ვალდებულებათა შესრულებაში, ეს სულიერი სიფრთხილე, მდუღარე ცრემლი, ხატის წინ მყუდრო, ბნელ ოთახში ნაფრქვევი, მუხლზე საათობით დგომა, ღვთისადმი აპყრობილი ხელები, ყველა ის, რითაც განსვენებულს მღვდელმთავარს განცვიფრებაში ჰყავდა მოსამსახურე და მესაიდუმლე პირები, ჩნდება, ვითარდება, მუშავდება, მტკიცდება მხოლოდ იმ სკოლაში, რომელსაც ეწოდება ოჯახი".

სულიერ ზრდასთან ერთად ფიზიკური ვარჯიშიც არ აკლდა პატარა გერასიმეს. ჯერ ჟამნი, მერე თამაში, ჯერ დავითნი, მერე თოხი, ჯერ ლოცვა, მერე ჭამა და ბურთი, ჭამა - სადა და ზომიერი, თამაში - ბუნებრივი, ბუნების წიაღში... "ბავშვობისას საშინელი ცელქი ვიყავ, - იგონებს ეპისკოპოსი, - ბურთაობა, ჭიდაობა და სხვადასხვა თამაში ჩემს ტოლ-ამხანაგებში გატაცებით მიყვარდა... მახსოვს, ამ დროს (სემინარიაში შეგირდობის დროს რომ იყო) ერთი ჩემი ხნის ძალიან ჯანსაღი და მარჯვე მეზობელი გლეხი მოვიდა ჩემს სანახავად. მან მოიგონა ჩვენი ბავშვობა, ჩვენი ამხანაგობა, თამაშობა და გამიწვია საჭიდაოდ. მე გავყევი და ძალიან ვაცინე მამაჩემი, როდესაც ჩემს მოპირდაპირეს ვძლიე და მიწაზე გავშოტე. დამარცხებული რომ წამოდგა, თავის მართლება დაიწყო: "რასაკვირველია, დამცემდი: მე მჭადს და ლობიოს ვჭამ ყოველდღე და შენ პურს და ხორცსა! აბა, შენ ჩემს ადგილას იყვე და მე შენ ადგილას, მაშინ ვნახავდით, ვინ ვისა სძლევდაო".

გერასიმე არ ყოფილა ნაზად გაზრდილი, ნაფუფუნები, ბამბაში და ვარდებში გახვეული ძიძის გაზრდილი, ფარეშებით გარშემორტყმული, თავგასული ქართველი ბატონიშვილი. ის იყო სოფლის უბრალო, ღარიბი მღვდლის შვილი, მჭადით და ღომით გაზრდილი მამის კერასთან, კვამლიან ქოხში, უბრალო დიაკვნებთან ერთად.

ქართული წერა-კითხვა პატარამ დიაკვნებთან ერთად მამის ოჯახში ისწავლა. ასევე გაეცნო ღვთისმსახურების წესსა და საეკლესიო წიგნებს, ხუცური ისე კარგად შეისწავლა, რომ ეკლესიაშიც ეხმარებოდა მამას სხვა დიაკვნებთან ერთად. პატარა გერასიმემ მალე სლავური ანბანიც ისწავლა. ამას ხელი ორმა გარემოებამ შეუწყო: პირველი ის იყო, რომ მამა მაქსიმე, როგორც თავადი გურიელის კარის მოძღვარი, ხშირად დადიოდა ოზურგეთში ბატონთან, ასრულებდა ადგილობრივ ეკლესიაში წირვა-ლოცვას და თან პატარა "დიაკვანიც" - გერასიმე დაჰყავდა.

მაშინ ოზურგეთში რუსის ჯარი იდგა და მათ დაუახლოვდა პატარა გერასიმე. რუსულის პირველად გაგონებამ მალე აღუძრა სურვილი მისი შესწავლისა. "მე და ბევრ სხვა ჩემს ტოლ ოზურგეთელ ბავშვს, - წერს წმინდა მამა, - დიდად შეგვყვარებოდა რუსის ჯარისკაცები, ისინი ალერსიანად გვექცეოდნენ, გვეფერებოდნენ, ხშირად თავიანთ შავ პურს გვაძლევდნენ. თვით იმათი ცხოვრება, ტანისამოსი, მათი დარაზმული, მწყობრი სიარული, მათ მიერ სამხედრო წესთა სწავლა, დაფ-დაფის ხმა გვიღვივებდა საშინელ ცნობისმოყვარეობას, მაგრამ ერთმა, ან უფრო სწორედ რომ ვთქვათ, რამდენიმე შემთხვევამ დაგვაფრთხო ბავშვები და აგვაყრევინა მათზე გული: ერთხელ მათი ბინის ახლოს გამოიყვანეს ერთი ჯარისკაცი, რომელსაც გარს ეხვია რამდენიმე მისი ამხანაგი და იქვე იყო ერთი ოფიცერიც: შუაში მდგომმა ჯარისკაცმა გაიხადა ზედა ტანისამოსი, შიშველს მიუახლოვდა ერთი ამხანაგი, აიღო გრძელი მსხვილი სახრე და დაუწყო აუჩქარებლივ უმოწყალოდ ცემა. ის კი იდგა ერთ ადგილას და თუმცა თვალებიდან ერთი ცრემლი არ ჩამოუგდია, ტანი მაინც საშინლად უცახცახებდა, სახე და ტუჩები იმეორებდა: "მომიტევეთ, თქვენო კეთილშობილებავ!"
როცა ცემა გაათავეს, იმ საცოდავმა ჩაიცვა ტანისამოსი და წავიდა თავის ბინაზედ. ასეთი უმოწყალო სასჯელის მიზეზი ჩვენ არ ვიცოდით და ამიტომ საშინლად გვტკიოდა გული და ასე ცემა კაცისა მეტად ცუდ გუნებაზედ გვაყენებდა."

მიუხედავად ასეთი შთაბეჭდილებისა, გერასიმე უცბად დაუახლოვდა ერთ რუს ფელდფებელს, რომელიც ძალიან განათლებული გახლდათ. მამა მაქსიმე რუს ჯარისკაცებსაც უწირავდა ხოლმე ოზურგეთში, რასაკვირველია, ქართულად, რუსულის უცოდინრობის გამო, ის ფელდფებელი კი სლავურად ჟამნობდა და გალობდა. რადგან გერასიმე ხშირად მამასთან იყო, მალე მიეჩვია ფელდფებელისგან სლავურ კითხვას და სლავური სამოციქულოს კითხვაც კი დაიწყო ეკლესიაში. მამამ მიანდო შვილი ფელდფებელს და დაავალა რუსული წერა-კითხვის სწავლება. "მამიჩემის თხოვნით და მისივე ხელმძღვანელობით, - მოგვითხრობს გაბრიელი, - ფელდფებელმა დამიწყო სლავიანური ანბანის, ლოცვების და წერა-კითხვის სწავლება, მაგრამ მაინც და მაინც ძალას არ მატანდა სწავლის დროს. მახსოვს მხოლოდ, ჩემი მასწავლებელი მიმაბამდა ძაფით მაგიდაზე და მიბრძანებდა, "სანამ გაკვეთილი არ დაისწავლო, არ გაბედო აქედან ფეხის მოცვლაო", მაგრამ ამ ძაფს მალე ვწყვეტდი ხოლმე და გავიქცეოდი სათამაშოდ. მალე პატარა გერასიმემ ისე კარგად ისწავლა რუსული წერა-კითხვა, რომ ღვთისმსახურებაზე სამოციქულოს კარგი წაკითხვისთვის ჯილდოც კი მიიღო რუსი ოფიცრისგან. "წირვის შემდეგ, - ამბობს გაბრიელი, - დამიძახა უფროსმა ოფიცერმა, რომელიც იყო ალბათ პოლკოვნიკი, ან მაიორი, მომეალერსა და ორი აბაზიც მაჩუქა. ჩემი მასწავლებელი და მამაჩემი კი ჩემსავით აღტაცებაში იყვნენ ჩემი ასეთი წარმატებითა."

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა გაბრიელთან (ქიქოძე) დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


გერასიმე თბილისისა და პეტერბურგის სასულიერო სემინარიებში


1837 წელს მამამ გერასიმე თბილისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა. მასთან ერთად სწავლობდნენ მისი უფროსი ძმებიც. რადგან ქიქოძეების ოჯახში დიასახლისი არ იყო, უფროსმა ვაჟმა ივანემ მალე ცოლი შეირთო. მაგრამ ცოლშვილიანმა ივანემ სწავლას მაინც არ მიანება თავი. ძმები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ არ ეხსენებინათ ივანეს ცოლიანობა.

1838 წლიდან გერასიმე უკვე თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე გახდა; იმ დროს სემინარიაში სიტყვიერებას ასწავლიდა პროფესორი. გ. კანევსკი. პროფესორმა შვილივით შეიყვარა გერასიმე და რაკი მამას მისი თბილისში სწავლის გაგრძელებისათვის მატერიალური შესაძლებლობა არ ჰქონდა, 1841 წელს, როცა კანევსკი სამუშაოდ ფსკოვში გადაიყვანეს, გერასიმეც თან წაიყვანა.

1843 წელს, როგორც ჩანს, ისევ კეთილ ადამიანთა ხელშეწყობითა და მზრუნველობით, გერასიმე ფსკოვის სემინარიიდან პეტერბურგის სემინარიაში გადავიდა, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ სწავლა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში განაგრძო, რომელიც 1849 წელს დაასრულა.

პეტერბურგის კლიმატს გერასიმეს ჯანმრთელობაზე ცუდი გავლენა არ მოუხდენია. ასე იყო თუ ისე, იგი ბედს არ ემდუროდა და თავს კარგადაც გრძნობდა. "აქ ჩემს თავს დიდად ბედნიერად ვგრძნობდი, - იგონებს ეპისკოპოსი, - ერთი იმიტომ, რომ შემეძლო, გამეგრძო სწავლა და მეორეც იმიტომ, რომ შემეძლო გამეგრძო სულიერი კავშირი და ჭეშმარიტი მეგობრობა ამხანაგებთან, რომელთა შორის ბევრი ეხლაც დღეგრძელ არიან და იღწვიან თავიანთი სამშობლოს კეთილდღეობისათვის... ეხლაც სიამოვნებით ვიგონებ იმ დროს, როცა სასულიერო სემინარიის სტუდენტთა ამხანაგობა ერთად მოგროვდებოდა და ნამდვილი ყმაწვილური გატაცებით დაიწყებდნენ იმ ოცნებას, თუ რა ყმაწვილურის
თავგანწირვით შევებრძოლებით ქვეყნის ყოველ ჭირსა და ვარამსო. ზოგნი სასწავლებლის დასრულებამდეც კი ფიქრობდნენ წასულიყვნენ მისიონერებად, თორემ აკადემიის დასრულების შემდეგ ხომ გადაწყვეტილი ჰქონდათ გაფანტულიყვნენ თვალუწვდენელ ჩინეთის იმპერიაში და ქადაგებით დაეხსნათ მისი ოთხასი მილიონი მცხოვრები საშინელის უმეცრებისგან; აზრათა ჰქონდათ, მოესპოთ იქ მოწამვლა ერისა თრიაქით, რომელიც ბლომად მიჰქონდათ იქ სხვადასხვა განათლებულ ზღვით-მოგზაურ გაიძვერა ვაჭრებს და ავრცელებდნენ მცხოვრებლებში, რათა გაებრუებინათ ჩინელნი და უკეთ ესარგებლათ იმათის სიმდიდრით."

სატახტო ქალაქში გერასიმე დაუახლოვდა მიხეილ ბატონიშვილს (გიორგი XII-ის ძეს), რომელიც ფრიად განათლებული და ღვთისმოშიში ადამიანი გახლდათ. "ის იყო კაცი დიდად განვითარებული, გონიერი და განათლებული, - ამბობს გაბრიელი მიხეილ ბატონიშვილზე, - და ამასთანავე მეტად უბრალო, თავმდაბალი, ყველასათვის ადვილად გასაცნობი. თუმცა ქონება-შეძლებით სრულიად უზრუნველი იყო, მაინც თავისი თავისათვის ძლიერ ცოტას ხარჯავდა, რადგანაც ხედავდა ბევრ გაჭირვებულს და ყველას შემწეობას აძლევდა. ძლიერ ბევრს კითხულობდა და ამას გარდა, უყვარდა საფილოსოფიო სჯა და ბაასი. ამ მეცნიერი ბატონიშვილის ნათელმა მსჯელობამ მეც უფრო ნათლად და გარკვევით შემაგნებინა ეს საგანი და წამახალისა შემესწავლა რიგიანად და შეგნებით და არა ისე უაზროდ, უსულოდ და მშრალად, როგორც გვასწავლიდა ჩვენი აკადემიის მაშინდელი პროფესორი ნემეცი..."

დაოჯახება და მღვდლად კურთხევა

1849 წელს გერასიმე ქიქოძემ წარმატებით დაასრულა პეტერბურგის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით.

იმავე წლის 4 ნოემბერს დაქორწინდა იმპერატორის მთავარი შტაბის ეკლესიის წინამძღვრის ნიკოლოზ ვლადიკინის ქალიშვილზე - მარიაზე.
18 ნოემბერს კი უწმინდესი სინოდის ობერ-პროკურორმა ნ. პროტასოვმა საქართველოს ეგზარქოს ისიდორეს (1844-1858 წწ.) ახალგაზრდა ქართველი მაგისტრის თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად დანიშვნის შესახებ აცნობა. 1850 წლის თებერვალში გერასიმე ქიქოძე მეუღლესთან ერთად თბილისში დაბრუნდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ხუთწლიანი ინსპექტორობის პერიოდში მან თავისი განათლებით, ჰუმანიზმით, კეთილშობილებით, პედაგოგიური და ორგანიზატორული ნიჭით დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა სემინარიაში და სასულიერო მთავრობის ყურადღებაც დაიმსახურა.

გერასიმე ქიქოძის ცხოვრება ბედნიერებით იყო სავსე. ცხოვრობდა თავის სამშობლოში, ჰქონდა სასურველი სამსახური, ჯილდოს ჯილდოზე იღებდა პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, მის ბედნიერებას კი აგვირგვინებდა შესანიშნავი მეუღლე და ხუთი შვილი. გარდა იმისა, რომ ინსპექტორი იყო, სემინარიაში გერასიმე ასწავლიდა მათემატიკასა და ფიზიკას, 1854 წლიდან მან უარი თქვა ინსპექტორობაზე და მხოლოდ ამ ორი საგნის მასწავლებლობა შეინარჩუნა. მალე ის "თბილისის კეთილშობილთა ქალთა ინსტიტუტში" რელიგიის მასწავლებლად დანიშნეს. მაგრამ გერასიმეს სურვილი მღვდელობა იყო..

1854 წლის 7 გიორგობისთვეს სიონის ტაძარში გერასიმე დიაკვნად აკურთხეს, 8 გიორგობისთვეს კი მღვდლად.

გერასიმე ქიქოძე განთავისუფლდა თუ არა ადმინისტრაციული ფუნქციებისაგან, მთლიანად პედაგოგიურ და მეცნიერულ საქმიანობას მიეცა. ამ პერიოდში დაიწყო მუშაობა ცნობილ ნაშრომზე "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები".

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


წმინდა მღვდელმთავრის ოჯახური ტრაგედია

სულ მალე დატრიალდა საშინელი ტრაგედია, რამაც დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდა პედაგოგისა და მეცნიერის შემდგომ ცხოვრება-მოღვაწეობაზე - 1856 წელს, 32 წლის ასაკში მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ბუნებრივია, ძლიერ განიცადა გერასიმემ ოჯახის დაკარგვა. "ადვილი წარმოსადგენია, თუ რა დიდი იყო მწუხარება, რომელმაც დაასამარა თავისი ოჯახური ბედნიერება ახალგაზრდობის წლებში, - იგონებს იაკობ გოგებაშვილი, - შეუძლებელია დავიწყება იმ უსიტყვო და ღრმა მწუხარების განსახიერებისა, როგორსაც წარმოადგენდა მღვდელი ქიქოძე, როცა იგი სასომიხდილი და მკვდარი, იდგა სემინარიის ეკლესიაში ახალგაზრდა მეუღლის კუბოსთან. შეუძლებელია ასეთი სურათის დავიწყება: მისმა უფროსმა შვილმა, ხუთი წლის ბიჭუნამ, დედის, ძმისა და დის სიკვდილის შემდეგ მთელი თავისი სიყვარული მასზე გადაიტანა და მისთვის სწუხდა. როცა მამა გაკვეთილებზე იყო, ბიჭი მალულად მიდიოდა სახლიდან, მიირბენდა სემინარიაში, წყნარად შედიოდა კლასში, გაკვეთილის დამთავრებამდე ჩუმად იჯდა კარების ახლოს და თვალს არ აშორებდა მამას. მაგრამ მამამ ეს უკანასკნელი თავისი იმედიც დამარხა და საბოლოოდ დაობლდა."

დავით-გარეჯის მონასტრის მღვდელ-მონაზონი დიდიმი (მიქიაშვილი) იგონებს: "განსვენებულის ცოლი იყო რუსის ქალი, ტანად პატარა, მაგრამ მშვენიერი, გაზრდილი და ნასწავლი, ასე რომ, იგი იმ დროს თბილისში იყო, როგორც კარგი ყოფა-ქცევით გამოჩენილი, ისე სწავლით და ხელოვნებითა. ცხოვრობდა შეუბღალავად და სიყვარულით თავის ქმარ გერასიმე მაქსიმიჩთან. მათ ეძლეოდათ შვილები, მაგრამ არ რჩებოდათ, კვდებოდნენ. დედის სიკვდილის დროს, რომელიც მოხდა შობის დღებში (1856 წ), ჰყავდათ ერთი ვაჟი სამი წლისა და მეორე ვაჟი იმ დღეებში დაიბადა, მაგრამ ეს ბოლო გახდა განსვენებულის (დედის) სიკვდილის მიზეზი, და აი, როგორ. იმ ქალს (გაბრიელის ცოლს) ჰყავდა ძმა ვლადიკინი (კოსტია), წამოყვანილი პეტერბურგიდან. ის სწავლობდა სემინარიაში მეშვიდე კლასში, მერე დაანება თავი და შევიდა სამხედრო სამსახურში და იყო პოლკში ბელიკლიუჩში. შობის დღესასწაულზე ის მოვიდა დროს გასატარებლად თავის დასთან და სიძესთან. გამოშვებული იყო ვადით პოლკიდან. ამ დროს მოხდა დალოგინება მისი დისა, მშვიდობით გადარჩენა და მხიარულება იყო ოჯახში დიდი, ამის გამო. გაიგეს თუ არა მისი მორჩენა, მოდიოდნენ ყველა მეგობარნი და ნაცნობნი და ულოცავდნენ. მოვიდნენ ქალების სასწავლებლიდანაც (ინსტიტუტიდან) უფროსები და კლასის დამები. ერთი ამათაგანი სახითაც და პასუხითაც იყო მეტად მშვენირი. ის ძლიერ მოეწონა იუნკერს ვლადიკინს და მოიწადინა მასთან დაახლოება. ეს გაუმჟღავნა ახალ მელოგინე დას და სთხოვა, რომ იმ ქალისთვის და მისთვის (ძმისთვის) მოენათვლინებინა ახლად დაბადებული ბავშვი და ამით მოეწყო მათი დაახლოება. ეს ორივე ცოლ-ქმარს გაუხარდათ და მისწერეს იმ დამასაც. ქალი მოხარული დარჩა მით, რომ ამ ნათლიობით დაუახლოვდებოდა ისეთს პატივცემულს და საყვარელს სჯულის მასწავლებელს. გაბრიელს ჰქონდა ბინა სოლოლაკში. შობის მესამე დღეს მოუწოდეს მღვდელს და დაიწყეს ნათვლა. ძმა ძლიერ უყვარდა დას. რომ შეხედა, როგორ იდგნენ ძმა და დამა ემბაზთან სანთლებით ხელში, ახალი მელოგინე ადგა, ჩაიცვა მსუბუქად, მოადგა ზალის კარებს და დაუწყო ცქერა. იმ დროს თბილისში დიდი სიცივეები იყო, სახლშიდაც ცივოდა, რადგან იგინი შეძლების კაცები არ იყვნენ. გაცივდა ამ დროს მელოგინე და დაერთო მას ასე წოდებული "ბელაია გარიაჩკა". თუმცა ნამესტნიკის დოქტორიდან დაწყებული ვიდრე სამხედრო დოქტორამდე ყველა მოიწვიეს, მაინც ვერა რაი უშველეს და მესამე დღეს გარდაიცვალა. დავმარხეთ ვერის სასაფლაოზედ (სხვა მონახსოვრე პირების თქმით, გაბრიელის ცოლი ლოგინობაზე სისხლის დენით მოკვდა).

ამ უბედურებამ გაბრიელზე დიდი გავლენა იქონია. ასე რომ, სულ ცოტა დააკლდა, რომ კინაღამ ჭკუაზე შეცდა. სულ დადიოდა, თუ მიდიოდა, თუ მოდიოდა, ხან თუ კლასში შედიოდა და უწინდელი გამჭრიახობა და გაკვეთილის ახსნა აღარ ეხერხებოდა. გზაზე, ქუჩებში რომ მიდიოდა, მღვდლის საბიჯგ ჯოხს ბურთივით ათამაშებდა. ამ მდგომარეობაში დაჰყო მან არდადეგებამდი და გათავდა თუ არა ეკზამენები, უფროსი შვილი კოლია მიაბარა სემინარიის ცოლ-შვილიან მასწავლებელს უ. კოროლევსკის, პატარა კი ძიძას, ნემეცის ქალს ნემეცების კალონიაში. თვითონ წავიდა პიატიგორსკში დარდის და მწუხარების გადასაყრელად. მაგრამ იქაც არ მოასვენა უბედურებამ. ერთი თვის განმავლობაში პირველი შვილი მოუკვდა და მეორე თვეში მეორე - ძიძასთან მყოფი. ეს ყოველივე ამცნო მას უ. კოროლევსკიმ. ჩამოვიდა და დარჩა ყოველივე ბედნიერებით და სიხარულით მოკლებული და მოინდომა მღვდლობის განტევება"...

წმინდა მღვდელმთავარს ორმოცი წლის შემდეგაც კი ახსოვდა ცოლ-შვილის სიყვარული. როდესაც სიკვდილის სარეცელზე ერთი კვირის უსმელ-უჭმელი, თვალგაუხელელი, ცნობადაკარგული და მოქვითინე ჭირისუფლებისგან გარშემორტყმული, ამ ტირილზე უეცრად თვალებს ახელს, თავისსავე გაზრდილ მამიდაშვილს, გიორგი ახვლედიანს, ეკითხება:

- ვინ ხარ შენ?!..

- შენი გაზრდილი გიორგი, ჩემო დიდო ბატონო! - პასუხობს შეშინებული ყმაწვილი.

- ჩემი ცოლ-შვილი სად არის, არ იცი?!

ხალხში ქვითინია, შეშინდა ყველა.

- სამოთხეში, ბატონო!

- სამოთხეში?!.. ჰმ... კარგი, კარგი! რა კეთილი კაცი ყოფილხარ შენ!..

ამ სიტყვებზე წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა ისევ დახუჭა თვალები, ამჯერად საუკუნოდ... ვერც ტირილმა ბერობაში, ვერც მღვდელმთავრობამ, ვერც უმანკო ცხოვრებამ, ვერც წიგნის კითხვამ, ვერც უზომო შრომამ ვერ ამოძირკვა მისი გულიდან ცოლ-შვილის სიყვარული და მაშინაც კი იგონებს მათ, როცა ყველაფერი დავიწყებული აქვს...

თბილისის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის ფასადზე ნახავთ ასეთ წარწერას: "ეკლესიის ქვედა ყურესთან აღმოსავლეთით განისვენებენ მეუღლე და შვილები გაბრიელ (ქიქოძე) იმერეთის ეპისკოპოსისა, რომელთა საფლავზე იდო ალგეთის ლურჯი, სადათ გათლილი ქვის ლოდი წარწერით: "შეიწყალე ღმერთო სული მონისა შენისა მარიამ ქიქოძისა. გარდაიცვალა 1856 წ. 26 თებერვალს 25 წლისა, მის გვერდით დაკრძალული არიან შვილები: ოლღა - 11 თვის, ნინო - 2 წლის, ნიკოლოზი - 2 წლის."
ქართველმა საზოგადოებამ კარგა ხანს არ იცოდა ამ საფლავების ადგილმდებარეობა, რადგან ჟამთა სიავემ საბურველი გადააფარა როგორც დიდ ერისკაცთა, ისე მათთვის ძვირფასი და ახლობელი ადამიანების ხსოვნას.

ბერად აღკვეცა გაბრიელის სახელით და ეპისკოპოსად კურთხევა

სასოწარკვეთილებამდე მისული გერასიმე, რომელსაც მღვდლობის დატოვებაც კი ჰქონდა განზრახული, ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსკი) შეგონებით, 1856 წლის 29 სექტემბერს სიონის ტაძარში ბერად აღიკვეცა გაბრიელის სახელით. 1858 წლის 5 იანვარს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და მეორე დღესვე დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს, სადაც დაახლოებით ერთი წელი იმსახურა.
არქიმანდრიტი გაბრიელი 1858 წლის 6 დეკემბერს, იმპერატორის ბრძანებით, დაინიშნა, ხოლო 1859 წლის 13 თებერვალს ხელდასხმულ იქნა გორის ეპისკოპოსად, საქართველოს ეპარქიის ვიკარად, საქართველო-იმერეთის სინოდური კანტორის წევრად და შუამთის მონასტრის წინამძღვრად. 1860 წლის 2 ივლისს წმინდა გაბრიელი იმერეთის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს და გარდაცვალებამდე ამ სამწყსოს მღვდელმთავარი იყო. ამ დროს იმერეთის ეპარქია აერთიანებდა მთელ დასავლეთ საქართველოს. მეუფე გაბრიელი შეუდგა ნაყოფიერ სასულიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

გაბრიელ ეპისკოპოსის ჩასვლა იმერეთში


მაშინ კავკასიაში რკინიგზა არ იყო, თბილისსა და ქუთაისს შორის სურამის უღელტეხილზე საფოსტო შარაგზა გადიოდა. ეპისკოპოსი გაბრიელი ამ გზით ჩავიდა ქუთაისში და ეწვია არქიელის სასახლეს. წმინდა მამის თანამგზავრებმა ქუთაისში ჩასვლამდე, სიმონეთიდან აფრინეს მოამბე ქუთაისში, ახალი მღვდელმთავარი მოგვყავს და ეკლესიაში დაგვხვდითო.

შეიქნა ქალაქში ფაცაფუცი. ქუთაისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მალე გაივსო ხალხით. არქიელის ეზოში სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი მღვდელი ხელაძე შეხვდა ეპისკოპოსს ჩამწკრივებული შეგირდებით.

ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მაშინდელი მოწაფე გიორგი იოსელიანი იგონებს: "ჩამობრძანდა ახალი მღვდელმთავარი... ჩვენ ყველა შეგირდები მღვდელმთავრის ეზოში დაგვაყენეს ორ წყებად და ჩვენი სკოლის უფროსი მასწავლებელი მღვდელი გ. ხელაძე და მასწავლებლები გვიდგნენ. შეიქნა ერთბაშად ქალაქში ზარების რეკვა. მობრძანდა ეპისკოპოსი და ჩვენ ყველანი ხელზე ვემთხვიეთ"...

ახალმა მღვდელმთავარმა მრევლს მოახსენა, რომ მეორე დღეს ღვთისმშობლობა იყო და ეპისკოპოსს გელათში უნდა ეწირა.

გათენდა 21 სექტემბერი, ღვთისმშობლობა დღე. წირვის წინ ეპისკოპოსმა დაიბარა იქაური სასულიერო პირები და გამოკითხა, რა ჩვეულებები ჰქონდათ სამღვდელმთავრო წირვისას. მოახსენეს, რომ წირვის დაწყებამდე მღვდელმთავარს ეკლესიიდან ბინაზე მივეგებებით და იქიდან გალობით მოგვყავსო. ეს გაბრიელს არ მოეწონა და თქვა, სანამ თვითონ არ შემოვალ ეკლესიაში, გარეთ გამოგებება არ გაბედოთო.

სამეუფეო წირვის შემდეგ ახალმა ეპისკოპოსმა სიტყვით მიმართა მრევლს. გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე. კვირა დღეს, ქუთაისის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, წირვის შემდეგ, კვლავ იქადაგა ეპისკოპოსმა იმერეთის ეპარქიის მრევლისთვის.

იმერეთის ახალი მღვდელმთავარი მოვალეობის სრული შეგნებით შეუდგა ეპარქიის მართვა-გამგეობას. უპირველესად, წინამორბედთაგან დანერგილი "ძველი წესები განაგდო, საღმრთო წერილის გასავრცელებლად დააყენა მეტიპიკონე, მეისტორიე, ქართული წერა-კითხვის მასწავლებლები, გაამწესა ნასწავლი მედავითნენი... შთააგონა ხალხი და შეუდგნენ ეკლესიების შენებას და თვითონაც ხელს უწყობდა ყოველგვარად", - წერს ეპისკოპოსის პირველი ბიოგრაფი მღვდელი მელიტონ კელენჯერიძე.

უმეცარი და ანგარებით შეპყრობილი სამღვდელოების გამო იმერეთის ეპარქიაში ხალხს სარწმუნოებაზე გული ისე გაუცივდა, ბოროტება და ავკაცობა ისე აღზევდა, რომ გაბედეს და ხახულის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც გელათში ბრძანდებოდა, ხელი არა შესამკობად და გასამშვენებლად, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ, არამედ გასაძარცვად შეახეს. აი, ასეთ პირობებში შეუდგა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი მღვდელმთავრის უმძიმესი მოვალეობის შესრულებას და ზნეობრივი სისპეტაკით, პატიოსნების გამოსარჩლებით, სამართლიანობის დაცვისათვის თავდადებული მოღვაწეობით და დაუღალავი ქველმოქმედებით ხალხს არა მხოლოდ ეკლესიის მსახურთა მიმართ დაკარგული ნდობა აღუდგინა, არამედ მიბაძვის სურვილიც აღუძრა.

წმინდა გაბრიელის ზრუნვის შედეგი იყო ისიც, რომ ამ პერიოდში იმერეთის ეპარქიაში მრავალი ახალი ეკლესია აიგო, ბევრი განახლდა. დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მღვდელმთავრის გარეგნობაც, რომელშიც მისი სულიერი ბიოგრაფია იკითხებოდა: "ძნელი წარმოსადგენია უფრო მთლიანი და ამასთან ისეთის თავისებურის ბუნების ადამიანი, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსი იყო. მადლიანი და მადლით სავსე იყოო, - რაღაც გემომოკლებული დახასიათება იქნებოდა. სათნოება და მადლი მას უთუოდ არ აკლდა, ოღონდ მისის სახის ღრმა და რთული გამომეტყველება, რომელშიც სიყვარული და სიკეთე სიმკაცრის რაღაც მსგავსს ეცილებოდა და ყველა ამას მწუხარე სევდიანი იერი ახლდა, რჩეულთა შორისაც განარჩევდა. მისი ნაღვლიანი თვალები სადღაც შორს იმზირებოდნენ, მის მსმენელთა ზემოთ, თითქოს სცდილობდნენ შორს, მიუწვდომელი და საიდუმლოებით მოცული მომავალი განეჭვრიტათ", - იგონებს ი. ზურაბიშვილი.

1864 წლის მაისში ეპისკოპოსი გაბრიელი იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ეპარქიათა სამღვდელოების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა; მომდევნო წლის მაისში წმ. ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1866 წლის 11 აპრილს მეუფე გაბრიელი კავკასიაში მართლმადიდებლობის აღმდგენი საზოგადოების ნამდვილი წევრი ხდება; 1867 წ. 14 მაისს ღირსეულ მღვდელმთავარს წმ. ანას პირველი ხარისხის ორდენი ებოძა.

მართალია, გაბრიელი იმერეთის ეპარქიის მღვდელმთავრად ითვლებოდა, მაგრამ არსებითად მის ეპარქიას მთელი დასავლეთ საქართველო შეადგენდა. წმინდა მღვდელმთავარი განსაკუთრებით სამწყსოში განათლების სენატისათვის იღვწოდა, რადგან იცოდა, რომ უვიცი და გაუცნობიერებელი ხალხის მოტყუება ყველა ცხვრის ქურქში გახვეულ მგელს შეუძლია. მისი თაოსნობით და უშუალო ხელშეწყობით ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოში ასზე მეტი სამრევლო სკოლა და მრავალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. მისივე ხელმძღვანელობით ქუთაისში 1890 წელს ქალთა სასწავლებელი, ხოლო 1894 წელს სასულიერო სემინარია დაარსდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

სიმდაბლე და უბრალოება წმინდა გაბრიელისა


როდესაც გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთში ჩავიდა, მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი, ძველი ხის სახლი დახვდა. მორთულობა სახლისა, უბრალო იყო. წმინდა გაბრიელი ყურადღებას არ აქცევდა ბინის მორთვას, ამისთვის არ ეცალა და დიდ სისულელედაც მიაჩნდა ასეთ წვრილმანებზე ფიქრი და დროის კარგვა. რუსის მოხელეები რომ შედიოდნენ მის სახლში, ჯერ შეკრთებოდნენ ხოლმე, როცა სადარბაზო ოთახში ორიოდე ძველი ხის სკამისა და ერთი ჭუჭყიანი მაგიდის მეტს ვერაფერს ნახულობდნენ. მათ არ სჯეროდათ, თუ აქ ცხოვრობდა ასეთი დიდებული მღვდელმთავარი, როგორადაც გაბრიელს იცნობდნენ შორიდან. მათ გულზე ლახვარივით ესობოდათ, რომ ოთახებში არც ხავერდის და სუროს ფარდები იყო, არც ხალიჩები, არც ძვირფასი ქსოვილები. ხშირად საყვედურსაც კი ეუბნებოდნენ, რად არ აფასებთ თავს და შესაფერისად რად არ რთავთ თქვენს ბინასო, მაგრამ გაბრიელი სახის გამომეტყველებით აგრძნობინებდა სტუმრებს, რომ ისინი სისულელეზე ესაუბრებოდნენ მას. თავის ოთახში ედგა უბრალო მაგიდა, შავი გადასაფარებლით დაფარული, მაგიდაზე ედგა თუჯის ერთპირიანი საწერელი, შავად გამურული მელანში და ჭუჭყში, გვერდით სპილენძის შანდლები ეწყო საწერელს და იქვე ერთი უბრალო კალმისტარი. კედელთან იდგა კარადები და თაროები წიგნებისთვის, რაც იმას მოწმობდა, რომ ამ უბრალო ოთახში დიდად გონიერი კაცი მუშაობდა.

ეპისკოპოს გაბრიელის ხასიათის სიმარტივე მის ტანსაცმელშიც ჩანდა და სმა-ჭამაშიც. მისი შესამოსელი იყო უბრალო შავი კაბა-ანაფორა, თავზე შინ უბრალო ხუცის გახუნებული შლიაპა და შავი სკუფია. მასთან მისულ უცხო მნახველს ხშირად სირცხვილიც დამართნია, ეზოში შეუმჩნევია ბერი, ძველ კაბაში და ეპისკოპოსის მსახური ჰგონებია და ასე მიუმართავს: "თუ უკაცრავად არ ვიქნებოდე, ბატონთან შემეგზავნე, მოახსენე ჩემი მოსვლა და ნახვის სურვილი".

წმინდა გაბრიელი სერიოზული სახით მოისმენდა თხოვნას, შევიდოდა ბინაში, გადაიცვამდა ანაფორას, გამოვიდოდა და სტუმარს ჰკითხავდა, - რა გნებავთ, მითხარითო. სტუმარი ოფლში იწურებოდა და შიშით მიდიოდა ხელზე სამთხვევად...

გაბრიელს უყვარდა ფიზიკური მუშაობა, თოხნიდა, პირუტყვს საზრდოს უზიდავდა, ქათმებს აპურებდა, ხაბაზთან ან მეჯინიბესთან ერთად შეშას ხერხავდა. ერთხელ მათხოვარი შევიდა მღვდელმთავრის ეზოში მაშინ, როცა გაბრიელი და ხაბაზი შეშას ხერხავდნენ. გაბრიელი უბრალო კაბაში და სკუფიაში იყო და გლახაკს მორჩილი ეგონა.

- გამარჯობა თქვენი! - მიესალმა გლახაკი.

- გაგიმარჯოს, - უპასუხა ბერმა.

- ბატონი შინ ბრძანდება?

- შინ არის.

- თუ ღმერთი გწამს, შემეგზავნე და წყალობა მითხოვე, საწყალი კაცი ვარ, შიმშილი მკლავს.

- მოიცა აქ და ახლავე მოვახსენებ ბატონს, - მიუგო ბერმა და ოთახში შევიდა. ხაბაზი სიცილს ძლივს იკავებდა.

გავიდა ორი-სამი წუთი, ბერმა გამოუტანა მათხოვარს ათი შაური, მისცა და უთხრა:

- ჰა, შე საწყალო, წაიღე, ბატონმა ამის მეტი არ გაიმეტა შენთვის.

გლახაკი გაშტერებული შეჰყურებდა ბერს და ფიქრობდა, ნეტავ ეს ხომ არა არის ეპისკოპოსიო. გაბრიელმა გაიღიმა და ისევ ხერხს მოჰკიდა ხელი.

გაბრიელ ეპისკოპოსი, როგორც თვითონ იყო უბრალო, ისე ითხოვდა სხვებისგანაც. ერთხელ, ზამთარში მთიული მღვდელი ესტუმრა და ხელზე ემთხვია.

- რაზე მოსულხარ? - ჰკითხა ეპისკოპოსმა.

- მე, შენი ჭირიმე, მთებში მყავს მრევლი, დიდი ყინვები და თოვლი იცის ჩვენში.

- მერე რა გინდა?

- სნეული ვარ და ხშირად ვცივდები ხოლმე.

- მერე ბარში გინდა გადმოგიყვანო?

- არა, თქვენი ჭირიმე, ჩემს სამშობლოს როგორ დავტოვებ.

- აბა, რას მთხოვ?

- მელოტი ვარ, ბატონო, და ყინვაში ხშირად მიცივდება თავი.

- ქუდს ვერ დაიხურავ?

- ეკლესიაში და მიცვალებულების გასვენებებზე ვცივდები ხოლმე, ბატონო!

- მერე რა გიყო, მე?

- შენი ჭირიმე, ჩემო დიდო ბატონო, ნუ გამიწყრებით, იქნებ სკუფიაზე წარმადგინოთ.

ეპისკოპოსი თოფნაკრავივით გატრიალდა, შევიდა საძინებელ ოთახში, გამოიტანა ძველი შავი საბერო სკუფია, რომელსაც თვითონ ატარებდა ხოლმე, ჩამოაცვა მღვდელს თავზე და უთხრა:

- თუ გცივა თავზე, მაგის წამალი ეს არის, ძალიან თბილია, როცა გინდა, მაშინ დაიხურე, სხვა სკუფია რად გინდა.

მთიული მღვდელი საქციელწამხდარი წავიდა შინ.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


ქველმოქმედი და მოწყალე გაბრიელი, როგორც თანამედროვენი აღნიშნავენ, საკმაოდ უბრალოდ უმასპინძლდებოდა "ზემდგომ" სტუმრებს. სამაგიეროდ, ხელგაშლილი იყო ქველმოქმედებაში, საზოგადოების სასიკეთო საქმეებში, გაჭირვებულთა დახმარებაში.

იოსებ წერეთელი მოწმობს, რომ გაბრიელს უარი უთქვამს ნააღდგომევს საზოგადოებისა და კრებულისათვის სადილის გამართვაზე, სამაგიეროდ, ყოველ წელიწადს 300 მანეთს გზავნიდა სატუსაღოში პატიმართათვის სააღდგომო სადილის მოსამზადებლად.

გაბრიელ ეპისკოპოსის გული ღია იყო ყველა გაჭირვებულისათვის და საჭირო საზოგადოებრივი საქმისთვის. ობოლი და ქვრივი, ღარიბი და სნეული, გასათხოვარი და თვალცრემლიანი დედა, დამწვარი და ბრმა, ბერი და მღვდელი ყველა თანაგრძნობას პოულობდა მღვდელმთავრის გულში. აგერ, ხიდი ჩანგრეულა და გაკეთება უნდა, იქ ეკლესიას სამკაული, ან გუმბათზე ჯვარი აკლია, იქ სკოლას კონცერტი გაუმართავს საქველმოქმედო მიზნით, ყველა ამ მოვლენის ერთგული ნუგეში გახლდათ გაბრიელ ეპისკოპოსი. ის ხან ეკლესიას აშენებდა, ხან სკოლას, ხან მასწავლებლებს მუდმივ ჯამაგირს უნიშნავდა, ხან ომში დაჭრილებისთვის ფულს სწირავდა, ხიდების გაკეთებაში მონაწილეობდა.

მოსწავლეების მთელი დასი იზრდებოდა მის სახლში. მათ ცალკე ოთახები ჰქონდათ. წმინდა მღვდელმთავრის შემწეობითა და დახმარებით მრავალმა ღარიბმა მოსწავლემ მიიღო განათლება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

დეკანოზი ი. ჭეიშვილი ჟურნალ "მწყემსში" წერდა: "იგი მრავალ მოსწავლე ყმაწვილს ხელს უწვდიდა, მრავალს თავის სახლშივე ინახავდა. აბარებდა მათ სასწავლებელში და სწავლის ქირასაც მათ მაგიერ იხდიდა. ისე სიყვარულით და უბრალოდ ექცეოდა ამ ყმაწვილებს, რომ მათთან ბაასობდა და ხალისობდა იმ მიზნით, რომ მათში გაეღვიძებინა ყოველივე კეთილშობილური აზრი, დაენერგა მათ ნორჩ გულში სიყვარული სიმდაბლისადმი".

ერთხელ, როცა ეპისკოპოსი თავის ეპარქიაში მოგზაურობდა, გზაზე ავაზაკი დაესხა თავს და გაძარცვა მოუნდომა. წმინდა გაბრიელმა ჯვარი გადასახა ჭაბუკს და უთხრა: - შვილო, მე საწყალი ბერი ვარ, გაბრიელ ეპისკოპოსი, ფული სადა მაქვსო. ეს სახელი თურმე ავაზაკსაც ჰქონდაგაგონილი და შეკრთა. ეპისკოპოსმა განაგრძო: - ასეთი საუცხოო ყმაწვილი, სიცოცხლით და მშვენიერებით სავსე, ავაზაკად როგორ გავარდი, რამ მიგიყვანა მაგ ზომამდე? წამოდი ჩემთან და თუ რამე გჭირდება, მე გიპატრონებო. ჭაბუკმა ჯერ უარი თქვა: "მე რაღა მეშველება აწი, ბატონო, ჩემი საქმე წასულია, ავაზაკობის მეტი აღარა დამრჩენიაო",

მაგრამ მღვდელმთავარი არ მოეშვა, თან წაიყვანა, გაზარდა და სკოლაში მასწავლებლად განაწესა. 1896 წლის იანვარში ეს მასწავლებელი სკოლაში გაკვეთილს ატარებდა და ამ დროს ფოსტამ გაზეთი მოუტანა. შეაჩერა სწავლა, გაშალა გაზეთი და ახალ ამბებს დაუწყო ცქერა. უეცრად თვალი მიაპყრო შავ არშიებს და შიგ დიდ ჯვარს. ჯვრის ქვეშ მასწავლებელმა ამოიკითხა: "გაბრიელ ეპისკოპოსი გარდაიცვალა." გაზეთი ხელიდან გაუვარდა და ტირილი დაიწყო. მოსწავლეები გაოცებულები შეჰყურებდნენ მტირალ მასწავლებელს. მან ნაღვლანად ამოიოხრა: "მე ის მატირებს, რომ მამაჩემი, ჩემი კაცად გამომყვანი მომკვდარაო."

ხშირად ზამთარში, ღამ-ღამობით გორაზე მცხოვრებ ქვრივ-ობლებს ჩუმად შეშასა და ფულს უგზავნიდა. ქუთაისში ეპისკოპოსი არქიელის გორაზე ცხოვრობდა. ერთ ზამთარს მისმა მორჩილმა შენიშნა, რომ ღამ-ღამობით შეშა იკარგებოდა. ადგა და დაუდარაჯდა. შუაღამისას მართლაც გამოჩნდა კაცი, რომელმაც შეშა აიღო და გაპარვას აპირებდა. მოსამსახურემ ზურგში სდრუზა "ქურდს".

- ნელა, შე ოჯახაშენებულო, - წამოიყვირა კაცმა...

გაოგნებულმა მორჩილმა იცნო გაბრიელ ეპისკოპოსის ხმა. აღმოჩნდა, რომ მღვდელმთავარი ერთ ღარიბ მრავალშვილიან ოჯახს შეშას უზიდავდა. ერთგულებისათვის არ დაგსჯიო, - სიცილით უთხრა მორჩილს გაბრიელმა. მისი მოძღვარი, იკონომოსი, იღუმენი გრიგოლ (ჩხაიძე) იგონებს: "ერთხელ მიხმო ბატონმა და დამავალა წასვლა თერძ ბერიძესთან, რათა მისთვის იმდენი წყვილი საცვლის შეკერვა დამევალებინა, რამდენი ტუსაღიც აღმოჩნდებოდა ქუთაისის სატუსაღოში. მე შევიტყვე ტუსაღთა რიცხვი და იმდენი საცვალი დავამზადებინე. როცა მოვახსენე, მზად იყო ყველაფერი, მაყიდინა ორი საპალნე თეთრი პური და საცვლებთან ერთად გამატანა სატუსაღოში, თანაც მიბრძანა, რომ ჩემი ხელით დამერიგებინა საცვლები და პური ტუსაღებისთვის. დიდი წვალება გავიარე სატუსაღოში შეშვებაზე, ზედამხედველი არ მიშვებდა. ყველაფერი გამიჩხრიკეს. როგორც იქნა, დამიჯერეს, რომ ეპისკოპოსის გაგზავნილი ვიყავი და შემიშვეს. აუწერელი სიხარული გამეფდა სატუსაღოში საჩუქრის მიღებაზე, შემომესივნენ ტუსაღები და მკოცნიდნენ ხელზე, ჩემი მიტანილი ეგონათ. როცა მე ვარწმუნე, რომ საჩუქარი ჩემგან არ იყო, ჩამაცივდნენ, გვითხარი, ვინ არის ჩვენი მწყალობელიო. მე გაფრთხილებული ვიყავი, არ მეხსენებინა ეპისკოპოსი და თხოვნა ვერ შევუსრულე."

ერთი რაჭველი ღარიბი გლეხი იგონებს: "დიდი ხანია მას აქეთ, ასე რომ, იმ დროს ვიქნებოდი ექვსი-შვიდი წლისა. დღესაც გონებიდან არ მშორდება მისი მადლიანი სახე. მისი შემბრალე სიტყვები მუდამ ყურში წამჩურჩულებენ. მას აქეთ ორმოცი წელიწადია, როდესაც ჩვენი სოფლის შტატის ეკლესიას აშენებდნენ. ეკლესიის ამშენებელი კომიტეტი მეტად შეუბრალებლი იყო. არავის ინდობდა, ვისაც მუშაობა ან ფულის გადახდა არ შეეძლო, უღელ ხარს გაუყიდდა და ტაძარს ახმარდა. კარგად მახსოვს, სამ სოფელში (სამი სოფელი ერთი შტატის უნდა გამხდარიყო) ჩვენზე უღარიბესი არავინ იყო, შვიდი წლის სნეული მამაჩემი ლოგინად იყო ჩავარდნილი, რვა სული წვრილი შვილი მხოლოდ მაცადინი დედის სარჩენად ვიყავით. მაგრამ გვყავდა კიდევ ერთი დიდი იმედი და მარჩენალი გიშერა ხარი, რომელსაც საცოდავი დედაჩემი ისე უვლიდა, რომ ზედ აკვდებოდა. ან კი რატომ არ მოუვლიდა საწყალ გიშერას! ის ხომ დედაჩემის მარჯვენა ხელი იყო! სიმართლე უნდა მოგახსენოთ, რომ გიშერასთან ერთად ბევრი წვა და დაგვა გამოუცდია საწყალ დედაჩემსაც. ის მეზობლიდან მეზობელში მუდამ დაძრწოდა ცალი ხარის საშოვნელად, ასე რომ, საბრალო დედაჩემი ხვნით ვერა ხნავდა, თვარა სხვა ვაჟკაცი საქმე აღარ დარჩენია რა გაუკეთებელი გიშერას შემწეობით.

მაგრამ მოულოდნელად უკუღმა შეტრიალდა ჩვენი ბედის ჩარხი და ეკლესიის ასაშენებლად ფულში კალოში შებმული ხარი გამოუშვეს წასაყვანად. როდესაც ოთხი მოკანტრახტე ხარს შემოეხვია, ჩვენ წივილი-კივილი შევქენით. გამწარებულმა დედაჩემმა ხარს რქებში სტაცა ხელი და არ ანებებდა. პატიოსანი პირუტყვი გიშერა თითქო მიგვიხვდა: ადგილიდან არ იძროდა, მაგრამ ერთი მოკანტრახტის მათრახმა მწარედ გაიტკაცუნა დედაჩემის ზურგზე... ამ სურათის მნახველი სნეული მამაჩემი, იქვე ფარდულში წამოწოლილი, დაჭრილი დათვივითა ღრიალებდა. გულქვა მოკანტრახტეებზე არ გასჭრა არც ჩვენმა ტირილმა, არც დედაჩემის ხვეწნა-მუდარამ... გიშერა მაინც წაიყვანეს და იმ დღეს კალოც გაულეწავი დაგვრჩა, როდესაც სულზე მოველოდით ქერის გალეწვას, რადგან მუჭის ოდენა არ გაგვაჩნდა რა საჭმელი! როგორც იქნა, ჩვენი ეკლესია უკვე მზად იყო და სოფელშიც გაისმა ყველასათვის სასიამოვნო ამბავი: მღვდელმთავარი გაბრიელი მობრძანდებაო. ამ ამბავმა ყველა გაახარა (უფრო კი ჩვენი ოჯახი); ყველას რაღაცა სიამოვნების ღიმილი მოსდიოდათ სახეზე. რასაკვირველია, ყველას გაგებული ჰქონდა მღვდელმთავრის ქება-დიდება, მისი ღვთაებრივი მოძღვრება და გაჭირვებულთ შემბრალებლობა. ხალხს მით უფრო უხაროდა, რომ თავისი თვალით ნახავდა საყვარელ მოძღვარს და თავისი ყურით მოისმენდა მის ბრძნულ ქადაგებას. ამ დროს რაჭაში რამდენიმე ეკლესია უნდა ეკურთხებია და პირველად სხვა სოფელში მოუხდა მიბრძანება. ეს რომ გაიგო მამაჩემმა, ბავშვივით აიჩემა იქ წასვლა. ვინათხოვრეთ მეზობლის ხარ-ურემი, ჩავსვით ხვირში სნეული და შევუდექით გზას. როდესაც სოფელში მივედით, წირვა უკვე გაეთავებია დიდებულ მოძღვარს და საყდრის გალავანში მაღლობზე შემდგარი უქადაგებდა ხალხს... ჩვენ მოხერხებულ ალაგზე გავჩერდით. მღვდელმთავარმა ადრევე შეგვნიშნა, ურმით რომ მივედით და ქადაგებას როგორც კი მორჩა, ჩვენსკენ გამოეშურა. როცა მოგვიახლოვდა, ჩემმა დედ-მამამ ტირილი მორთო და მეც ცრემლიან თვალებს ვისრესდი ხელით. ჩვენი ნახვით ყოვლად მოწყალე მღვდელმთავარი მეტად დაღონდა, მაგრამ როდესაც გაიგო ჩვენი გიშერას თავგადასავალი, აგრეთვე მოკანტრახტეების საგმირო საქმენი, მეტად განრისხდა დაწამოიძახა: "ოჰ! ავაზაკები, ავაზაკები!!" ამ სიტყვების შემდეგ ფიცხელი წერილი მისწერა ეკლესიის ამშენებელ კომიტეტს, რომ საყვარელი გიშერა ჩვენთვის დაებრუნებინათ, აგრეთვე შეუთვალა ჩვენი სოფლის მღვდელს: "ცოდვით აშენებულ ეკლესიას მე აღარ ვაკურთხებ და ნუღარც მელითო." ამ ფიცხელი განკარგულების შემდეგ მოგვიბრუნდა მღვდელმთავარი და გვანუგეშა: "ნუ სტირით, თქვე საცოდავებო! თქვენი ხარი ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ და არც არვის შეუძლია მისი წართმევა ეკლესიის ფულში, მანამდი კი აი, ეს შენ!" - უთხრა მამაჩემს და თან ჩუმად ჩაუდვა ხელში რაღაცა და სხვებთან ერთად გაუდგა გზას. რადგან იმედი მოგვეცა გიშერას დაბრუნებისა, ჩვენ სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. აგრეთვე გვიხაროდა ის, რომ მღვდელმთავრის ნაჩუქარი 25 მანეთი ბევრ რასმეში წაგვადგებოდა. გავიდა ხანი და მოვიდა დრო ჩვენი ეკლესიის კურთხევისაც, როგორც იქმნა, მაისის დილა იყო. მოკაშკაშებული ლურჯი ცა სიამოვნებით დაჰყურებდა მრავალფერად ამწვანებულ დედამიწას. ახლად ამოჩუჩქურებულ სიმინდის ფოთლებზე ალმასებრ ბრჭყვიალებდა ღამის ნამი. სოფელში არაჩვეულებრივი მოძრაობა და ფაცაფუცი იყო: დიდი და პატარა ახლად აშენებულ ეკლესიისკენ მიეშურებოდა. სხვების ფაცაფუცს ჩვენც არ ჩამოვრჩით და დედო-ბუდობიანად საყდარისაკენ გავეშურეთ. გვინდოდა, კიდევ დაგვენახა ჩვენი მფარველ-პატრონი გაბრიელი. მწირველი ბრძანდებოდა თვითონ. წირვა და ეკლესიის კურთხევა გათავდა. წირვის შემდეგ ადგილობრივმა ბლაღოჩინმა გამოაცხადა: "წარმოადგინეთ ბოვშვები, ვინც იცის ათი მცნება და ლოცვები, იმათ ჯვრებს დაურიგებს მათი მეუფებაო." ამ სიტყვების შემდეგ შეიქმნა შემზადება და ჩოჩქოლი. რამდენიმე ხანში ორმოცამდე ყმაწვილი უკვე მზად იყო აქეთ-იქით სალდათებივით ჩამწკრივებული. ამათ რიცხვში ვიყავი მეც, ჩემი დაკენკილი ტანისამოსით. მღვდელმთავარი მოგვიახლოვდა, გადაგვსახა ჯვარი და გვაკურთხა. შემდეგ დაიწყო გამოცდა ბავშვების ათ მცნება-ლოცვაში და პირჯვრის წერაში. ესენი უთუოდ უნდა გვცოდნოდა, თვარა ჯვარს ვერ ვეღირსებოდით. მე გული იმედითა მქონდა, რადგან ზეპირად ვიცოდი ლოცვები...

პირველ რიგში თავად-აზნაურთა ბავშვები იდგნენ, მე სულ ბოლოდან ვუცქერდი, ვხედავდი, რაც ხდებოდა წინა რიგში: ზოგს პირჯვარს უწუნებდა, ზოგსაც ლოცვებს უსწორებდა. ჯერი მოდგა ჩემზე: "იცი, შვილო, ლოცვები?" -მკითხა მღვდელმთავარმა. "ვიცი, მამაო", - მივუგე მე და ჩვეულებრივად ჩავარაკრაკე ათი მცნება, "მამაო ჩვენო" და "მრწამსიც" ზედ მივაყოლე. მღვდელმთავარმა თავზე ხელი გადამისვა და მკითხა: "ყოჩაღ. კარგად გცოდნია!" ამ სიტყვებთან გადმომცა ჯვარი წითელი ლენტით და მკითხა: "ვისი შვილი ხარ?" როცა მოახსენეს, ვისი შვილიც ვიყავი, რაღაცა მოაგონდა, ღიმილით შემომხედა და მითხრა: "გიშერა როგორ გყავს?" მე გამიკვირდა, მაგრამ მაინც პასუხი მივეცი. ამ დროს მამაჩემიც მოგვიახლოვდა და მოწიწებით თავი დაუკრა მღვდელმთავარს. მღვდელმთავარმა დაგვიბარა ეკლესიის მახლობლად მცხოვრები თავადის სახლში.

ჩვენც მივედით. სადილი მიერთმია და აივანზე დასეირნობდა. როგორც კი დაგვინახა, მოგვაძახა: "მოდით, ბეჩავებო, ახლოს, ნუ მეკრძალებით!" შევედით და თავი დავუკარით მიწამდი. დაგვაჯინა და უბრძანა სადილის აივანზე მოტანინება ჩვენთვის, რადგან შეგვატყო შიმშილი და სისუსტე. ვინემდი სადილს გავათავებდით, კრიალოსანით ხელში იქვე დასეირნობდა. ბოლოს, მოგვიახლოვდა და უთხრა მამაჩემს: "მე მისთვის დაგიბარე, ბეჩავო, რომ კიდევ დაგეხმარო რასმე. აგრეთვე, ჩემი სურვილია, რომ ეს ბავშვი გამომიგზავნო ქუთაისში შემოდგომაზე, მე მინდა ჩემს სკოლაში გამოვზარდო, მანამდი, აი, გორში მჭადი უყიდე ბაღნებს!" ამ დროს თვალით ანიშნა მსახურს და იმანაც რაღაცა გამოკრულიგადმომცა მე.

მადლობა გადავუხადეთ მღვდელმთავარს და წავედით გახარებული სახლში მით უფრო, რომ მღვდელმთავრის ნაჩუქარი ორი წყვილი საცვალი და სამი თუმანი ფული ჩვენთვის დიდი დახმარება იყო იმ დროს. აგრეთვე გავიგეთ ისიც, რომ გიშერას გამოსახსნელად ოცდათხუთმეტი მანეთი მღვდელმთავარს გადაეხადა...

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

ლოცვა და გაბრიელ ეპისკოპოსი


გაბრიელ ეპისკოპოსის ხასიათის არაჩვეულებრიობა წირვა-ლოცვაშიც გამოიხატებოდა. მელიტონ კელენჯერიძე გადმოგვცემს: "ძნელია და შეუძლებელიც სიტყვით აიმის გადმოცემა, რასაც გაბრიელის სახე და ხმა, მისი თვალები, მისი მიმიკა წარმოადგენდა ლოცვის დროს. მხოლოდ მხედველობას შეუძლია გადმოგცესთ ეს მომენტი. დიდი დანაკლისიცაა, რომ ამის ფოტოგრაფია არ შემონახულა.

გული გვწყდება იმაზეც, რომ ჩვენი განზრახვა ამის შესახებ ვერ მოვიყვანეთ სისრულეში. ჩვენ გვსურდა და მეცადინეობაც არ დაგვიკლია, რომ გვქონოდა გაბრიელის სახის სურათი იმ მომენტში, როცა ის მუხლებზე მდგომი, ხელებ და სახე მაღლა აპყრობილი თვალცრემლიანი ესაუბრებოდა ღმერთს და მოშორებული იყო სულით მიწას და ყოველსავე ქვეყნიერს... საუცხოო და გულის სიღრმემდი ჩამწვდომი იყო გაბრიელის სახე იმ წუთს, როცა იგი სანთლებით ხელში დადგებოდა ამბიონზე სახით ხალხისკენ და ტკბილი, ციური ხმით, წყნარად წარმოთქვამდა თვალებ მაღლა აპყრობილი: "გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას, რომელი დაასხა მარჯუენამან შენმან"...

მღვდელი მარკოზ სხირტლაძე იგონებს: "ლოცვა იცოდა ყოველთვის მოუკლებელი და არა ხანგრძლივი. დილა-საღამოს ჩვეულებად ჰქონდა დადებული ძლიერი სასოებით ღვთისადმი მილტოლვა სალოცავად. როგორც მშიერი, ანუ მწყურვალი მიისწრაფის საზრდოზე, ეგრეთ იგი დიდებული დილით ყოველთვის ხუთის ნახევარზე ადგებოდა ზამთარ-ზაფხულ და არაკუნებდა კვანჩხით კარზე თავის საწოლი ოთახიდან. ვიცოდი ჩვეულება მისი და წინადვე გამზადილი მქონდა თუნგით პირის საბანი და ოთახში მდგომი ცივი წყალი. დაიბანდა, შეიმშრალებდა, ჩაიცვამდა ჩექმებს, მერე მიბრძანებდა, შენ წადიო და უნდა წამოვსულიყავ. მაგრამ როცა ახალი მისული ვიყავი, ძლიერ მსურდა შემეხედა ყოველი მისი მოქმედებისათვის და კიდევაც ვუცქირე მეორე ოთახიდან.

პირველად ოლარი დაიდო კისერზე და სამი, ძლიერ გულმოდგინედ, იატაკამდი მუხლებმოყრით და თავის იატაკზე დაკვრით მეტანია გადაიხადა. შემდეგ დაიწყო ლოცვა ხშირი მუხლმოყრით და ხელაპყრობით ლოცულობდა. თუ ამ დროს ვინმე შევიდოდა, ძლიერ შეწუხდებოდა და გაუჯავრდებოდა. მწიგნობრობა საღმრთო წერილებისა უყვარდა არა მოჩქარებული და გაგრძელებული, არამედ მძიმედ, გასაგონი ხმით, გამომეტყველებით, ცოტა ხალისიანად. ძლიერ ეჯავრებოდა მოჩქარებული კითხვა საღმრთო წერილისა"...

"გაბრიელი ლოცვის დროს იმ სახით დასდგებოდა, იმ სახეს მიიღებდა, თითქო პირდაპირ უზენაეს ღმერთს უმზერდა... ლოცვის დროს იქით-აქეთ მიხედვა და მუსაიფი შეუძლებელი იყო", - დასძენს მღვდელი სპირიდონ ბრეგვაძე.

"წირვა-ლოცვა ძლიერ სასოებით იცოდა, - მოგვითხრობს მღვდელი ალექსანდრე შარაშენიძე, - მაგრამ ცდილობდა, ყოველი კეთილი საქმე, როგორც ლოცვა, ისე ღარიბების შემწეობა საიდუმლოდ ყოფილიყო. ღვარდიის მღვდელმა ეგნატე ვაწაძემ მითხრა: "ერთჯერ ჩემსას გაათია ღამე ყოვლადსამღვდელო გაბრიელმა. რომ დაღამდა, შევიჭვრიტე ოთახში, მინდოდა გამეგო, აბა, თუ მოისვენა-მეთქი. ხატის წინ სანთელი ენთო და ლოცულობდა. როცა დაიღლებოდა, ლოგინზე ჩამოჯდებოდა, შემდეგ კიდევ ადგებოდა და ლოცულობდა ჩუმად".

ერთხელ, აფხაზეთში მოგზაურობის დროს, გაბრიელ ეპისკოპოსი დეკანოზ დავით მაჭავარიანთან ერთად ყოფილა ეკლესიაში, სადაც დეკანოზს აუპყრია ხელი და დიდი სასოებით დაუწყია ლოცვა. სახლში მისულს ეპისკოპოსს უთქვამს მასპინძლისთვის, როგორ სხვის დასანახად, ფარისევლურად გცოდნია ლოცვაო. დეკანოზს უპასუხია: ამას განგებ ვშვრები, ურჯულო აფხაზებს მაგალითს ვუჩვენებ. იქნებ
მორჯულდნენო.

გაბრიელ ეპისკოპოსი თურმე ლოცვისას ხშირად ტიროდა. "ხშირად ტიროდა ლოცვის დროს, ერთხელ შეცდომით შევედი მის ოთახში, არ ვიცოდი, თუ ლოცვად იდგა. მუხლები მოეყარა, ხელები აღეპყრო და სტიროდა, სახე სულ დასველებული ჰქონდა ცრემლით. ეწყინა, შეწუხდა. მრისხანედ შემომხედა და მითხრა, რატომ არ მაცლით ლოცვასო," - წერს წმინდა გაბრიელის მოძღვარი იღუმენი გრიგოლი (ჩხაიძე)

1885 წელს ვერაგულად მოკლეს გაბრიელის მდივანი, ცნობილი პუბლიცისტი ესტატე მჭედლიძე (ბოსლეველი). ამ ფაქტის გამო მღვდელმთავარს ერთხანს სამშობლოდან წასვლაც კი გადაუწყვეტია, და ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისევ მშობელ ხალხზე ზრუნვა ყოფილა, რაც კარგად ჩანს სიტყვებში, რომელიც მან გაზეთ "დროების" კორესპონდენტს უთხრა: "მე ერთი ხნიერი კაცი ვარ, დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არა მაქვს, მაგრამ რომ მართლა მოვეკალით, რა ჩირქი დაედებოდა მთელ ხალხს, რომელმაც თავისი მოძღვარი ასე გაიმეტაო.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი და აფხაზეთი

1867 წელს კავკასიის საერო და საეკლესიო ხელისუფლებამ დაიწყო ფიქრი აფხაზეთის ეპარქიის რეორგანიზაციისა და ეკლესიურად ამ რეგიონის იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელისადმი დაქვემდებარების შესახებ. საბედნიეროდ, აფხაზეთის ეპარქიის რეორგანიზაცია მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებას, რომ ეპისკოპოს გაბრიელის წინადადებით, აფხაზეთის ეპარქია კი არ გაუქმდა, არამედ სამართავად გადაეცა მას იმ უფლებით, რა უფლებითაც იმერეთის ეპარქიას მართავდა; ამან ახალ მღვდელმთავარს შესაძლებლობა მისცა, თუ მთლიანად არა, დიდწილად საკუთარი პოლიტიკა ეწარმოებინა აფხაზეთში.

აფხაზეთის ეპარქიის მმართველად მეუფე გაბრიელმა ოფიციალურად 18 წელი (რეალურად თითქმის 20) იმსახურა. ეს იყო მთელი ეპოქა რეგიონის სარწმუნოებრივ ისტორიაში. მეუფის წმინდა სახელთან სამუდამოდ იქნება დაკავშირებული აფხაზეთში ქრისტიანობის აღდგენა-გავრცელება, რამაც დიდწილად განაპირობა აფხაზთა არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიკური ხსნა.

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა მღვდელმთავრის ამქვეყნიდან გასვლა


1895 წელს გაბრიელს იმერეთის ეპარქიაში მღვდელმთავრობის 35 წელი შეუსრულდა. ქართველმა ინტელიგენციამ ამ თარიღის აღნიშვნისთვის დიდი მზადება წამოიწყო.

გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მასალები გაბრიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ იუბილე არ შედგა მღვდელმთავრის ავადმყოფობის გამო, გადატანილმა მწუხარებამ, დაუღალავმა მოღვაწეობამ და ასაკმა თავისი გაიტანა ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო წელს ეპისკოპოსი გაბრიელი უფრო მეტად მლოცველი გახდა. როგორც კი საქმეებისგან მოიცლიდა, მაშინვე ლოცვად დგებოდა. ღამით ძილს წყვეტდა, დგებოდა, პირს დაიბანდა და ლოცვას იწყებდა და გათენებამდე ლოცულობდა. 23 იანვარს ავადმყოფობის გამო ისე ცუდად გახდა, რომ უკვე თითქმის ვეღარ საუბრობდა. ამქვეყნიდან გასვლის დღეს გამუდმებით იმეორებდა: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა." სულის ამოსვლის დროსაც კი იმეორებდა: "მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა." საოცარია, რომ წმინდა მღვდელმთავარს ნათესავებისათვის შეკითხვაზე პასუხის გაცემა
უჭირდა, ამ სიტყვებს კი თავისუფლად ამბობდა.

1896 წლის 26 იანვარს, დილით, ეკლესიების ზარების სამგლოვიარო ხმამ ყველას აუწყა საყვარელი მღვდელმთავრის გარდაცვალება. ამ დღეს ძალინ ცუდი ამინდი იყო. ისეთი დიდი თოვლი მოვიდა, რომ ქალაქშიც კი შეკრული იყო გზები. მიუხედავად უამინდობისა და უგზოობისა, მაინც უამრავი ხალხი მიაწყდა მღვდელმთავრის სახლს, რომ თაყვანი ეცათ ეპისკოპოსის წმინდა სხეულისათვის. რადგან უამინდობისა და უგზოობის გამო წმინდა მღვდელმთავრის ცხედრის გელათში წასვენება და დაკრძალვა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ გადაუწყვეტიათ, გაზაფხულამდე დაეცადათ, ვიდრე გზები არ გაიხსნებოდა. 3 თებერვალს, დილით, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახლში ალავერდის ეპისკოპოს ბესარიონის წინამძღოლობით მთელი ქალაქისა და ახლომახლო სოფლების სამღვდელოება შეიკრიბა. ეკლესიები სამგლოვიარო ზარებს რეკდნენ.

ეპისკოპოსის ცხედარი სახლიდან ქუთაისის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. პროცესიას უამრავი ხალხი ესწრებოდა. დიდთოვლობის გამო ხალხს გადაადგილება უჭირდა. როგორც მელიტონ კელენჯერიძე წერს, ხალხი "უფრო შენობის სახურავებით მიდიოდა, ვიდრე ძირს, ქუჩაზე. ტაძარში წირვა აღსრულდა ალავერდელი ეპისკოპოსის ბესარიონის მიერ. წესი აუგეს წმინდა მღვდელმთავარს.

46 დღე ეთხოვებოდა ქუთაისის საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მღვდელმთავრის ცხედარს ხალხი.

ცხედარი ქუთაისის საკათედრო ტაძრიდან ათ მარტს, ცხრა საათზე გაასვენეს. დასაფლავებაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. თითქმის ყველა ქალაქიდან ჩამოვიდნენ დეპუტაციები, თბილისის დეპუტაციას წმინდა ილია მართალი მეთაურობდა. ხალხმა ცხედარი გელათის მონასტრამდე ხელით წაასვენა.

წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი

სოფელსა შინა მწუხარებაჲ დაითმინე, ხოლო ქრისტესთანა მშვიდობაჲ შეიძინე, სიტყჳთა შენითა ქართველთა ერი განანათლე და უპოვარებისა საუნჯენი მას შინა განამრავლე, ღვაწლით შემოსილო წმინდაო მღუდელმთავარო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

მოციქულთა თანამოსაყდრე და მღუდელმთავართა შუენიერება იქმენ, გაბრიელ, გაბრწყინდი ვითარცა მზე, და განანათლებ ყოველთა და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა. ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღუდელსა, მესაიდუმლესა ქრისტესსა.

...................................................

წმინდა გაბრიელთან (ქიქოძე) დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე


აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

მღვდელმთავარმა მშვიდად ჩაუარა, ეტლი გაუშვა და გზას ფეხით გაუდგა მარტო

"ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, რამეთუ მე მიძლევია სოფლისათვის"

სასაცილოდ იყო აგდებული ხალხის მგლოვიარობა

ლოცვის დროს იმ სახით დადგებოდა, თითქოს პირდაპირ უზენაეს ღმერთს უმზერდა...

წმინდა გაბრიელს მშვიდად მოუსმენია ბრაზმორეული აკაკის საყვედური

"ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ"

სული აუშფოთდა ამ უტიფრობით

"მძლია ქიქოძე ბერმა"

აი, როგორი უნდა იყოს ქრისტიანი

ვგონებ, პირველი ეკალი შენ უნდა იყო

7 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსის - წმიდა გაბრიელის (ქიქოძე) ხსენებაა

წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელის (ქიქოძე) სიტყვა პეტრე-პავლობის დღესა

შენით მოგვენიჭა, მაცხოვარო, ადამიანთ სიკეთე ჭეშმარიტი

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - სიტყვა კე-სა კვირიაკესა. ვინ არს მოყვას ჩემდა? (ლუკ. ი, ლ)

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - სიტყვა ახალს წელიწადს ნათქვამი

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - მოკლე სიტყვა დიდ-ხუთშაბათს

....................
იხილეთ დასაწყისი




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat