გაბრიელ ეპისკოპოსის ჩასვლა იმერეთში
მაშინ კავკასიაში რკინიგზა არ იყო, თბილისსა და ქუთაისს შორის სურამის უღელტეხილზე საფოსტო შარაგზა გადიოდა. ეპისკოპოსი გაბრიელი ამ გზით ჩავიდა ქუთაისში და ეწვია არქიელის სასახლეს. წმინდა მამის თანამგზავრებმა ქუთაისში ჩასვლამდე, სიმონეთიდან აფრინეს მოამბე ქუთაისში, ახალი მღვდელმთავარი მოგვყავს და ეკლესიაში დაგვხვდითო.
შეიქნა ქალაქში ფაცაფუცი. ქუთაისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მალე გაივსო ხალხით. არქიელის ეზოში სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი მღვდელი ხელაძე შეხვდა ეპისკოპოსს ჩამწკრივებული შეგირდებით.
ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მაშინდელი მოწაფე გიორგი იოსელიანი იგონებს: "ჩამობრძანდა ახალი მღვდელმთავარი... ჩვენ ყველა შეგირდები მღვდელმთავრის ეზოში დაგვაყენეს ორ წყებად და ჩვენი სკოლის უფროსი მასწავლებელი მღვდელი გ. ხელაძე და მასწავლებლები გვიდგნენ. შეიქნა ერთბაშად ქალაქში ზარების რეკვა. მობრძანდა ეპისკოპოსი და ჩვენ ყველანი ხელზე ვემთხვიეთ"...
ახალმა მღვდელმთავარმა მრევლს მოახსენა, რომ მეორე დღეს ღვთისმშობლობა იყო და ეპისკოპოსს გელათში უნდა ეწირა.
გათენდა 21 სექტემბერი, ღვთისმშობლობა დღე. წირვის წინ ეპისკოპოსმა დაიბარა იქაური სასულიერო პირები და გამოკითხა, რა ჩვეულებები ჰქონდათ სამღვდელმთავრო წირვისას. მოახსენეს, რომ წირვის დაწყებამდე მღვდელმთავარს ეკლესიიდან ბინაზე მივეგებებით და იქიდან გალობით მოგვყავსო. ეს გაბრიელს არ მოეწონა და თქვა, სანამ თვითონ არ შემოვალ ეკლესიაში, გარეთ გამოგებება არ გაბედოთო.
სამეუფეო წირვის შემდეგ ახალმა ეპისკოპოსმა სიტყვით მიმართა მრევლს. გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე. კვირა დღეს, ქუთაისის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, წირვის შემდეგ, კვლავ იქადაგა ეპისკოპოსმა იმერეთის ეპარქიის მრევლისთვის.
იმერეთის ახალი მღვდელმთავარი მოვალეობის სრული შეგნებით შეუდგა ეპარქიის მართვა-გამგეობას. უპირველესად, წინამორბედთაგან დანერგილი "ძველი წესები განაგდო, საღმრთო წერილის გასავრცელებლად დააყენა მეტიპიკონე, მეისტორიე, ქართული წერა-კითხვის მასწავლებლები, გაამწესა ნასწავლი მედავითნენი... შთააგონა ხალხი და შეუდგნენ ეკლესიების შენებას და თვითონაც ხელს უწყობდა ყოველგვარად", - წერს ეპისკოპოსის პირველი ბიოგრაფი მღვდელი მელიტონ კელენჯერიძე.
უმეცარი და ანგარებით შეპყრობილი სამღვდელოების გამო იმერეთის ეპარქიაში ხალხს სარწმუნოებაზე გული ისე გაუცივდა, ბოროტება და ავკაცობა ისე აღზევდა, რომ გაბედეს და ხახულის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც გელათში ბრძანდებოდა, ხელი არა შესამკობად და გასამშვენებლად, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ, არამედ გასაძარცვად შეახეს. აი, ასეთ პირობებში შეუდგა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი მღვდელმთავრის უმძიმესი მოვალეობის შესრულებას და ზნეობრივი სისპეტაკით, პატიოსნების გამოსარჩლებით, სამართლიანობის დაცვისათვის თავდადებული მოღვაწეობით და დაუღალავი ქველმოქმედებით ხალხს არა მხოლოდ ეკლესიის მსახურთა მიმართ დაკარგული ნდობა აღუდგინა, არამედ მიბაძვის სურვილიც აღუძრა.
წმინდა გაბრიელის ზრუნვის შედეგი იყო ისიც, რომ ამ პერიოდში იმერეთის ეპარქიაში მრავალი ახალი ეკლესია აიგო, ბევრი განახლდა. დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მღვდელმთავრის გარეგნობაც, რომელშიც მისი სულიერი ბიოგრაფია იკითხებოდა: "ძნელი წარმოსადგენია უფრო მთლიანი და ამასთან ისეთის თავისებურის ბუნების ადამიანი, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსი იყო. მადლიანი და მადლით სავსე იყოო, - რაღაც გემომოკლებული დახასიათება იქნებოდა. სათნოება და მადლი მას უთუოდ არ აკლდა, ოღონდ მისის სახის ღრმა და რთული გამომეტყველება, რომელშიც სიყვარული და სიკეთე სიმკაცრის რაღაც მსგავსს ეცილებოდა და ყველა ამას მწუხარე სევდიანი იერი ახლდა, რჩეულთა შორისაც განარჩევდა. მისი ნაღვლიანი თვალები სადღაც შორს იმზირებოდნენ, მის მსმენელთა ზემოთ, თითქოს სცდილობდნენ შორს, მიუწვდომელი და საიდუმლოებით მოცული მომავალი განეჭვრიტათ", - იგონებს ი. ზურაბიშვილი.
1864 წლის მაისში ეპისკოპოსი გაბრიელი იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ეპარქიათა სამღვდელოების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა; მომდევნო წლის მაისში წმ. ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1866 წლის 11 აპრილს მეუფე გაბრიელი კავკასიაში მართლმადიდებლობის აღმდგენი საზოგადოების ნამდვილი წევრი ხდება; 1867 წ. 14 მაისს ღირსეულ მღვდელმთავარს წმ. ანას პირველი ხარისხის ორდენი ებოძა.
მართალია, გაბრიელი იმერეთის ეპარქიის მღვდელმთავრად ითვლებოდა, მაგრამ არსებითად მის ეპარქიას მთელი დასავლეთ საქართველო შეადგენდა. წმინდა მღვდელმთავარი განსაკუთრებით სამწყსოში განათლების სენატისათვის იღვწოდა, რადგან იცოდა, რომ უვიცი და გაუცნობიერებელი ხალხის მოტყუება ყველა ცხვრის ქურქში გახვეულ მგელს შეუძლია. მისი თაოსნობით და უშუალო ხელშეწყობით ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოში ასზე მეტი სამრევლო სკოლა და მრავალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. მისივე ხელმძღვანელობით ქუთაისში 1890 წელს ქალთა სასწავლებელი, ხოლო 1894 წელს სასულიერო სემინარია დაარსდა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი