სიმდაბლე და უბრალოება წმინდა გაბრიელისა
როდესაც გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთში ჩავიდა, მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი, ძველი ხის სახლი დახვდა. მორთულობა სახლისა, უბრალო იყო. წმინდა გაბრიელი ყურადღებას არ აქცევდა ბინის მორთვას, ამისთვის არ ეცალა და დიდ სისულელედაც მიაჩნდა ასეთ წვრილმანებზე ფიქრი და დროის კარგვა. რუსის მოხელეები რომ შედიოდნენ მის სახლში, ჯერ შეკრთებოდნენ ხოლმე, როცა სადარბაზო ოთახში ორიოდე ძველი ხის სკამისა და ერთი ჭუჭყიანი მაგიდის მეტს ვერაფერს ნახულობდნენ. მათ არ სჯეროდათ, თუ აქ ცხოვრობდა ასეთი დიდებული მღვდელმთავარი, როგორადაც გაბრიელს იცნობდნენ შორიდან. მათ გულზე ლახვარივით ესობოდათ, რომ ოთახებში არც ხავერდის და სუროს ფარდები იყო, არც ხალიჩები, არც ძვირფასი ქსოვილები. ხშირად საყვედურსაც კი ეუბნებოდნენ, რად არ აფასებთ თავს და შესაფერისად რად არ რთავთ თქვენს ბინასო, მაგრამ გაბრიელი სახის გამომეტყველებით აგრძნობინებდა სტუმრებს, რომ ისინი სისულელეზე ესაუბრებოდნენ მას. თავის ოთახში ედგა უბრალო მაგიდა, შავი გადასაფარებლით დაფარული, მაგიდაზე ედგა თუჯის ერთპირიანი საწერელი, შავად გამურული მელანში და ჭუჭყში, გვერდით სპილენძის შანდლები ეწყო საწერელს და იქვე ერთი უბრალო კალმისტარი. კედელთან იდგა კარადები და თაროები წიგნებისთვის, რაც იმას მოწმობდა, რომ ამ უბრალო ოთახში დიდად გონიერი კაცი მუშაობდა.
ეპისკოპოს გაბრიელის ხასიათის სიმარტივე მის ტანსაცმელშიც ჩანდა და სმა-ჭამაშიც. მისი შესამოსელი იყო უბრალო შავი კაბა-ანაფორა, თავზე შინ უბრალო ხუცის გახუნებული შლიაპა და შავი სკუფია. მასთან მისულ უცხო მნახველს ხშირად სირცხვილიც დამართნია, ეზოში შეუმჩნევია ბერი, ძველ კაბაში და ეპისკოპოსის მსახური ჰგონებია და ასე მიუმართავს: "თუ უკაცრავად არ ვიქნებოდე, ბატონთან შემეგზავნე, მოახსენე ჩემი მოსვლა და ნახვის სურვილი".
წმინდა გაბრიელი სერიოზული სახით მოისმენდა თხოვნას, შევიდოდა ბინაში, გადაიცვამდა ანაფორას, გამოვიდოდა და სტუმარს ჰკითხავდა, - რა გნებავთ, მითხარითო. სტუმარი ოფლში იწურებოდა და შიშით მიდიოდა ხელზე სამთხვევად...
გაბრიელს უყვარდა ფიზიკური მუშაობა, თოხნიდა, პირუტყვს საზრდოს უზიდავდა, ქათმებს აპურებდა, ხაბაზთან ან მეჯინიბესთან ერთად შეშას ხერხავდა. ერთხელ მათხოვარი შევიდა მღვდელმთავრის ეზოში მაშინ, როცა გაბრიელი და ხაბაზი შეშას ხერხავდნენ. გაბრიელი უბრალო კაბაში და სკუფიაში იყო და გლახაკს მორჩილი ეგონა.
- გამარჯობა თქვენი! - მიესალმა გლახაკი.
- გაგიმარჯოს, - უპასუხა ბერმა.
- ბატონი შინ ბრძანდება?
- შინ არის.
- თუ ღმერთი გწამს, შემეგზავნე და წყალობა მითხოვე, საწყალი კაცი ვარ, შიმშილი მკლავს.
- მოიცა აქ და ახლავე მოვახსენებ ბატონს, - მიუგო ბერმა და ოთახში შევიდა. ხაბაზი სიცილს ძლივს იკავებდა.
გავიდა ორი-სამი წუთი, ბერმა გამოუტანა მათხოვარს ათი შაური, მისცა და უთხრა:
- ჰა, შე საწყალო, წაიღე, ბატონმა ამის მეტი არ გაიმეტა შენთვის.
გლახაკი გაშტერებული შეჰყურებდა ბერს და ფიქრობდა, ნეტავ ეს ხომ არა არის ეპისკოპოსიო. გაბრიელმა გაიღიმა და ისევ ხერხს მოჰკიდა ხელი.
გაბრიელ ეპისკოპოსი, როგორც თვითონ იყო უბრალო, ისე ითხოვდა სხვებისგანაც. ერთხელ, ზამთარში მთიული მღვდელი ესტუმრა და ხელზე ემთხვია.
- რაზე მოსულხარ? - ჰკითხა ეპისკოპოსმა.
- მე, შენი ჭირიმე, მთებში მყავს მრევლი, დიდი ყინვები და თოვლი იცის ჩვენში.
- მერე რა გინდა?
- სნეული ვარ და ხშირად ვცივდები ხოლმე.
- მერე ბარში გინდა გადმოგიყვანო?
- არა, თქვენი ჭირიმე, ჩემს სამშობლოს როგორ დავტოვებ.
- აბა, რას მთხოვ?
- მელოტი ვარ, ბატონო, და ყინვაში ხშირად მიცივდება თავი.
- ქუდს ვერ დაიხურავ?
- ეკლესიაში და მიცვალებულების გასვენებებზე ვცივდები ხოლმე, ბატონო!
- მერე რა გიყო, მე?
- შენი ჭირიმე, ჩემო დიდო ბატონო, ნუ გამიწყრებით, იქნებ სკუფიაზე წარმადგინოთ.
ეპისკოპოსი თოფნაკრავივით გატრიალდა, შევიდა საძინებელ ოთახში, გამოიტანა ძველი შავი საბერო სკუფია, რომელსაც თვითონ ატარებდა ხოლმე, ჩამოაცვა მღვდელს თავზე და უთხრა:
- თუ გცივა თავზე, მაგის წამალი ეს არის, ძალიან თბილია, როცა გინდა, მაშინ დაიხურე, სხვა სკუფია რად გინდა.
მთიული მღვდელი საქციელწამხდარი წავიდა შინ.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი