ყრმობა. წმინდა გაბრიელი, ერისკაცობაში გერასიმე, 1825 წლის 15(27) ნოემბერს სოფელ ბახვში, გურიის უკანასკნელი მთავრის
, მამია გურიელის კარის მოძღვრის, მაქსიმე ქიქოძისა და მარიამ დგებუაძის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. გერასიმე ძალიან ცელქი ყოფილა, ჰყვარებია ბურთაობა, ჭიდაობა... ხუცური და მხედრული წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა და მამას წირვა-ლოცვისას ეხმარებოდა. საერთოდ, მამა მაქსიმეს საყდარში, წირვა-ლოცვისას, ვაჟები ყოველთვის თან ახლდნენ. პატარა გერასიმე ხან ზარებს დარეკავდა, ხან საცეცხლურს უბერავდა, ხან სამოსს აწვდიდა მამას. მაქსიმე ძლიერ მლოცველი იყო და სწორედ მისგან შეითვისა გერასიმემ მუხლთადრეკა და საათობით ლოცვაზე დგომა, რითაც შემდგომში მორჩილებს განაცვიფრებდა.
მასწავლებლობა, მღვდლობა. თბილისისა და ფსკოვის სემინარიებში სწავლის შემდეგ პეტერბურგის სემინარია დაამთავრა და სწავლა სასულიერო აკადემიაში განაგრძო. გერასიმემ 1849 წელს დაასრულა აკადემიის კურსი მაგისტრის ხარისხით, რუსეთში კარგ სამსახურს მან სამშობლოში დაბრუნება არჩია. გერასიმე თბილისის სემინარიის ინსპექტორად და ზედა კლასებში რექტორის თანაშემწედ დანიშნეს. როცა წმინდა სინოდის ეს ბრძანება გამოიცა, იმავე დღეს, 4 ნოემბერს, მან ჯვარი დაიწერა მღვდელ ნიკოლოზ ვლადიკინის ქალიშვილზე - მარიამზე. 1854 წელს 7 ნოემბერს სიონის ტაძარში ეგზარქოსმა ისიდორემ გერასიმე დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი. მამა გერასიმე მთელი გულით მიეცა ღვთისმსახურებას და სამეცნიერო მოღვაწეობას. სემინარიაში მუშაობის პერიოდში დაიწყო თავისი ცნობილი ნაშრომის, "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლების", წერა.
ტრაგედია. ვერ აეწყო მამა გერასიმეს ოჯახური ცხოვრება. მისი მეუღლე მარიამი, ტანმომცრო, მშვენიერი ქალბატონი გახლდათ, კარგად აღზრდილი, ნასწავლი, ქმრის ერთგული და მოსიყვარულე. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შვილები თუმცა კი ეძლეოდა, მაგრამ არ რჩებოდათ. ნინა, ნიკოლოზი, ალექსანდრე - ადრევე გარდაიცვალნენ. 1856 წელს, შობის დღეებში, ქალიშვილი ოლღა შეეძინათ, მაგრამ მელოგინე მარიამი გაცივდა და 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოლღასაც დიდხანს აღარ უცოცხლია. მალე გერასიმემ თავისი ბოლო იმედი - 5 წლის პეტრეც დაკრძალა და დარდით კინაღამ ჭკუაზე შეცდა. სადღაც გაქრა მისი უწინდელი გამჭრიახობა, გაკვეთილის ახსნასაც ვეღარ ახერხებდა. "ჩემი ცოდვების გამო ცოლ-შვილი დამეხოცა, ამიტომ უღირსი ვარ მღვდლობისაო", - მღვდლობის დატევება მოინდომა, მაგრამ ეგზარქოსმა ისიდორემ, რომელიც მას დიდ პატივს სცემდა, იხმო: "შენ, ვითარცა გონიერ კაცს, კარგად უნდა გესმოდეს და იცოდე, რა საკვირველებაც ქმნა შენზე ღმერთმა. ცოლ-შვილი მოგაშორა, შერაცხა ანგელოზებად და მათ ნაცვლად გაძლევს ქართველ ხალხს, რათა უწინამძღვრო, ასწავლო მას გზა ჭეშმარიტებისა და მიუძღვნა უფალს ერი იგი განათლებული..." ტკბილი საუბრით ისიდორემ შეუცვალა გერასიმეს აზრი, მაგრამ გულს ვიღა შეუცვლიდა. მის ერთადერთ ნუგეშად ცოლ-შვილის საფლავები იყო. ადიოდა ხოლმე ვერის სასაფლაოზე, სადაც წმინდა პანტელეიმონის ტაძრის გვერდით დაკრძალული იყო მისი ცოლ-შვილი. პანაშვიდს გადაიხდიდა, დაჯდებოდა იქვე და გვიანობამდე კითხულობდა...
ბოლოს, დაუჯერა ეგზარქოსის რჩევას და 1856 წლის 29 ივნისს სიონის ტაძარში ბერად აღიკვეცა. სახელად გაბრიელი უწოდეს...
მღვდელმთავარი. 1858 წელს მღვდელმონაზონი გაბრიელი დავითგარეჯის ლავრის არქიმანდრიტად აკურთხეს. 1858 წელს, 6 აპრილს, გარდაიცვალა გორის ეპისკოპოსი ივანე ავალიანი და ამავე წლის 6 დეკემბერს მის ადგილზე გაამწესეს წმინდა გაბრიელი. 1860 წელს თანამდებობიდან გადააყენეს იმერეთის ეპისკოპოსი გერმანე გოგოლაშვილი და მის ადგილას, 2 ივლისის ბრძანებით, წმინდა გაბრიელი დაინიშნა.
რამდენი ეკალი და კუროსთავი დახვდა წმინდა გაბრიელს წინამორბედ მღვდელმთავართა უყურადღებობით სულიერად გაპარტახებულ ახალ ეპარქიაში! მრუშობა, ქრთამი, სიმონია აწყლულებდა ქრისტეს სხეულს. ისეც ყოფილა, რომ ერთ ჯორად ან ცხენად იყიდებოდა მღვდლობა. მრევლიც გაუნათლებელი გახლდათ. წმინდა გაბრიელმა მოსვლისთანავე ძველი წესები განაგდო, დააყენა მეტიპიკონე, ქართული წერა-კითხვის მასწავლებლები. შთააგონა ხალხს ეკლესიის მოვლა-პატრონობა; რომ დაინახავდა, ტაძარში უსუფთაობა იყო, მოატანინებდა ცოცხს და თავისი ხელით დახვეტავდა. გამოსცა ბრძანება და მოძღვრებს მოუწოდა, ლოცვა და პირჯვრის წერა ესწავლებინათ მრევლისთვის. გასათხოვარს და საცოლეს ჯვრისწერა არ შეეძლოთ, თუ ლოცვები არ ეცოდინებოდათ.
შეუპოვარი და პირდაპირი იყო. ერთხელ, ბატონყმობის გაუქმებამდე, ერთ-ერთი ქადაგებისას მღვდელმთავარმა იგი დაგმო. ტაძრიდან გამოსულს ერთი ხმალამოღებული თავადი დახვდა - აკუწვას უპირებდა, მაგრამ მღვდელმთავარმა მშვიდად ჩაუარა, ეტლი გაუშვა და გზას ფეხით გაუდგა მარტო. "მძლია ქიქოძე ბერმაო", - უთქვამს თავადს. მღვდელმთავრის პირუთვნელი და მართალი ცხოვრება, მის ქადაგებებთან ერთად, გულზე მალამოდ ედებოდა სამწყსოს.
როგორი იყო. წმინდა გაბრიელს სხვა მღვდელმთავართაგან უბრალოება გამოარჩევდა. არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ბინის მორთვას. მის სადარბაზო ოთახში მხოლოდ ორი სკამი და ერთი უბრალო მაგიდა იდგა. ერთადერთი სამკაული მის ოთახში - იყო წიგნები. წმინდა გაბრიელს ეცვა უბრალო ანაფორა, თავზე ეხურა ხუცის გახუნებული შლაპა. ძველ სკუფიით ან კაბით მოსილს ხშირად ვერ ცნობდნენ და მღვდელმთავრის მსახური ეგონათ. უთქვამთ: "თუ უკაცრავად არ ვიყო, ბატონთან შეგვეგზავნე და ჩვენი მოსვლა მოახსენეო". წმინდა გაბრიელიც სერიოზული სახით მოისმენდა თხოვნას, შევიდოდა, გადაიცვამდა ანაფორას, გამოვიდოდა და ჰკითხავდა: "რა გნებავთ, მითხარითო". მღვდელმთავარს ძალზე უყვარდა ფიზიკური მუშაობა. შეშასაც ხერხავდა, ფრინველსაც აპურებდა... ტანისამოსს დიდხანს ატარებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მღვდელ იოსებს ერგო მისეული ანაფორა, რომელიც 25 წლისა იყო. ჩექმების დაკერება და შებრუნებაც ეხერხებოდა. ჭამა-სმაც ძლიერ ზომიერი იცოდა და ყოველთვის ერთსა და იმავე დროს. თუ ნასადილევი იყო, არავის ხათრით არ მიიღებდა ლუკმას. "თვითონ ხელმწიფე-იმპერატორს, ალექსანდრე მესამეს, გელათში მოახსენა - მე ჩაი უკვე გეახელით და ახლა ვეღარ დავლევო. როცა იმპერატორმა მიუგო, განა მეორედ არ დაილევაო, მაშინ მიირთვა ცოტა, ჭიქა არ დაუცლია", - იგონებს მამა მელიტონ კელენჯერიძე.
ზომიერება და ყაირათიანობა განუყრელი თვისებები იყო წმინდა გაბრიელისა. არ უყვარდა ქართველთა გადაჭარბებული პურ-მარილი. ხშირად მადლობის ნაცვლად დაუტუქსავს გულუხვი მასპინძელი: - ერთ კაცს ამდენი ხორცი რად უნდა, ძროხის ან ხბოს დაკვლა რა საჭირო იყო, მე ერთი წიწილა ორი დღე მეყოფაო. მღვდელმთავრის სახლშიც არავის ახსოვს სადილი გაკეთებულიყოს უაზროდ, ზედმეტად, ვისიმე ხათრით თუ პატივსაცემად. თუ არ ჩავთვლით ორჯერ რძლის მიღებასა და ორჯერ - მთავრობის ზომიერ პატივისცემას. წელიწადში ერთხელ, აღდგომის მეორე დღეს, საზოგადოების წარმომადგენლებს მასპინძლობდა. ამგვარი "სიძუნწის" მიზეზი გახლდათ მისი უსაზღვრო სიყვარული მოწყალების გაცემისა. არ სურდა თავისი ქონების უაზროდ გაფლანგვა. მისივე თქმით, "მაძღარს არ აჭმევდა", რადგან მშიერიც ბევრი აწუხებდა. თავისი ნაშრომით, ვინ იცის, რამდენი ქალი გაუმზითვებია, რამდენი ტყვე დაუხსნია, რამდენი შიშველი შეუმოსავს და რამდენი უპატრონო მიცვალებული დაუკრძალავს. ქვრივ-ობოლნი, ღარიბნი და სნეულნი, მონათლული, ებრაელი თუ თათარი - ყველა თანაგრძნობას პოულობდა მღვდელმთავრის გულში. კიდევ ერთი ჩვევა ჰქონდა წმინდა გაბრიელს: თავის ეპარქიაში მარტო სიარული უყვარდა, ხანდახან მხოლოდ დიაკვანს იახლებდა. თან საჭირო წამლები და ინსტრუმენტები დაჰქონდა და ყველას აძლევდა წამალს, ვინც საჭიროებდა. თავის მორჩილებს მამაშვილურად ექცეოდა, ავადმყოფობის დროს უვლიდა ყველას. ერთხელ მგალობელი სესიკა ჟღენტი გამხდარა ავად და მისთვის ოყნა თავისი ხელით გაუკეთებია. ლოცვითაც ეხმარებოდა სნეულთ, მრავალგზის ღამისთევით ლოცულობდა მათთვის და ფეხზე აყენებდა ავადმყოფებს.
წმინდა გაბრიელი არავის მოერიდებოდა, თუ ცოდვას შეამჩნევდა. არც მთხოვნელის გარჩევა იცოდა. დიდი და პატარა, შორეული და ახლობელი, თავადი და გლეხი მისთვის ერთი იყო. უკანონობას არ მოითმენდა და უზნეო თხოვნას არავის შეუსრულებდა. ნათესავებში ძმისწულ მარიამზე მეტად არავინ უყვარდა, მაგრამ ისიც ვერ ეღირსებოდა მცირე თხოვნის შესრულებას, თუკი ის ბიძამისის მსოფლმხედველობას არ შეესაბამებოდა. გაჭირვებული კი ბევრი მოდიოდა მღვდელმთავართან. არავის ალოდინებდა, მორჩილებს ეუბნებოდა: - მთხოვნელს ნუ გააჩერებთ, ვინ იცის, რა მწუხარება ადგას ცოლ-შვილის პატრონსო. დილა იყო, შუაღამე თუ კვირა, სულ ერთი იყო, არ დაიზარებდა სამწყსოსთან შეხვედრას და ნუგეშისცემას.
მიუხედავად წმინდა ბერული ცხოვრებისა და გარეგნული სიმკაცრისა, წმინდა გაბრიელი ბუნებით ხალისიანი იყო. უყვარდა ხუმრობა, არ იყო მოწყვეტილი ცხოვრების უმანკო სიამოვნებასაც და მხურვალედ მონაწილეობდა ნათესავ-მეგობართა ჭირსა თუ ლხინში. ასეთი ცხოვრებით და ხასიათით გაატარა წმინდანმა 35 წელი უმწიკვლო მსახურებისა.
დიდი იყო ღვაწლი წმინდა გაბრიელისა და დიდად უყვარდათ და პატივს მიაგებდნენ წმინდა მღვდელმთავარს ივერიელნი. მაგრამ კაცთა დიდება რად უნდოდა ქიქოძე ბერს. წლების მატებასთან ერთად უფრო უმძაფრდებოდა შეგრძნება საკუთარი არარაობისა, დიდად ცოდვილობისა. ღამეებს ლოცვაში ატარებდა, მიუხედავად ასაკისა, "ხშირი მუხლთმოყრით და ხელაღპყრობით" ლოცულობდა. "გაბრიელი ლოცვის დროს იმ სახით დადგებოდა, იმ სახეს მიიღებდა, თითქო პირდაპირ უზენაეს ღმერთს უმზერდა... ლოცვის დროს აქეთ-იქეთ ყურება და მუსაიფი შეუძლებელი იყო", - ჰყვებოდა მღვდელი სპირიდონ ბრეგვაძე. "ხშირად ტიროდა ლოცვის დროს. ერთხელ შეცდომით შევედი მის ოთახში. არ ვიცოდი, თუ ლოცვად იდგა. მუხლი მოეყარა, ხელები აღეპყრო და სტიროდა, სახე სულ დასველებული ჰქონდა ცრემლით. ეწყინა, შეწუხდა, მრისხანედ შემომხედა - რატომ არ მაცლით ლოცვასო", - ჰყვებოდა იღუმენი გრიგოლი (ჩხაიძე).
გარდაცვალება და დაკრძალვა. ასაკიც მორეოდა წმინდა გაბრიელს და სხვადასხვაგვარი სნეულებებიც. რუსეთიდან ჩამოტანილ ბუასილსა და "კუჭის ტკივილს" რევმატიზმი, წელის ტკივილი, სისხლნაკლულობა მიემატა. ფეხებს ვეღარ ითბობდა. 1895 წლის მაისიდან კი სულ უძილობას, შფოთვას მიეცა. ბოლოს დასჩემდა ცხვირიდან სისხლის დენა, ძილში ბოდვა და წამოყვირება. სიზმრები არ ასვენებდა, საშინლად გახდა.
ამგვარი იობისებრი ტანჯვით მიაღწია წმინდა გაბრიელმა იანვრის 19-მდე. სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მოიწვია თავისი კრებული, დალოცა, აკურთხა, იმთხვია ყველა ხელზე, დაარიგა, ეკლესიას მუყაითად ემსახურეთო და გამოეთხოვა. იმავე ღამეს დიდი სიცხე მისცა, მეორე დღეს ექიმებმა ფილტვების ანთება დაუდგინეს და მიიღეს ზომები. თითქოს უკეთ შეიქნა, მაგრამ 24 იანვარს, ოთხშაბათს, კვლავ ასტკივდა მუცელი. სიცხემ უმატა. მთელი დღე იმეორებდა: "მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა", საღამოდან დაწყებული მეორე დღის საღამომდე განუწყვეტლივ ამბობდა: "უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, შემიწყალე მე". თანდათან დასუსტდა და ყველა სიტყვას ვეღარ ამბობდა, მარტო "უფალო, უფალოს" იმეორებდა. დაღამდა ხუთშაბათი. ორი სიტყვის თქმაც აღარ შეეძლო და მარტო "უფალოს" ამბობდა. ბოლოს მხოლოდ ტუჩებსღა ამოძრავებდა. შუაღამისას ათჯერ მაინც მოუხმო მამას... 26 იანვრის ღამეს, ორ საათზე ქუთაისის საკრებულო ტაძრის ზარმა მიძინებულ ქუთათურთ ამცნო დიდი მწყემსმთავრის მიცვალება, მალე მას ყველა ტაძრის ზარებმა მისცეს ხმა - საქართველოს ოქროპირი მღვდელმთავარი სააქაოდან ზეცას ადიოდა.
წმინდა გაბრიელის ანდერძის მიხედვით, მისი ქონების უდიდესი ნაწილი სასწავლებლებს და ღარიბ-ღატაკებს დაურიგდა. ყველაფერი გაიცა - წიგნები, ხატები, შესამოსელი.
1896 წელი სხვა მხრივაც უბედური იყო იმერეთისთვის. წინა წლის შემოდგომის ნიაღვრებმა ხიდები წაიღო, ამას დაერთო უცნაურად ხანგრძლივი, უხვთოვლიანი ზამთარი. ამის გამო სამღვდელოების სოფლებიდან ჩამოსვლა ან საქართველოს სხვა კუთხეებიდან დეპუტატების გამოგზავნა წმინდა გაბრიელის დაკრძალვაზე შეუძლებელი გახდა, ნაჩქარევად და უფერულად დაკრძალვა ღვაწლმოსილი გაბრიელისა შეუფასებელი და სამარცხვინო იქნებოდა. ითათბირეს და გადაწყვიტეს, 10 მარტს დაეკრძალათ იმ იმედით, რომ საიმდროოდ გზები გაიხნებოდა. 46 დღე ესვენა ტაძარში. ამ ხნის განმავლობაში ცხედარი არ შეცვლილა, ესეც ამტკიცებდა მის წმინდანობას. 10 მარტს მთელი საქართველო გამოეთხოვა ძვირფას მღვდელმთავარს, იგი გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში მიაბარეს მიწას, ხოლო მისი წმინდა სული კი ზეითგან ესალბუნებოდა მგლოვიარე ქართველ ერს, გაამხნევებდა თავადაც მრავალჭირგადანახადი...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი