თავი 1
ქრისტიანთა დევნა ვალერიანეს დროს. წმინდა ნიკოლოზის ყრმობა და სიჭაბუკე
დაახლოებით 16 საუკუნე გავიდა მას მერე, რაც ამ ქვეყანაზე ცხოვრობდა ღვთის სათნომყოფელი, წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზი, მთავარეპისკოპოსი მირონ-ლუკიისა, რომელსაც ახლა პატივს მიაგებს და განადიდებს მთელი ქრისტიანული სამყარო, მისი სარწმუნოებაში მოშურნეობის, ღვთივსათნო ცხოვრებისა და უთვალავი სასწაულების გამო, რომელთაც იგი დღემდე ყველას აღუსრულებს, ვინც მას რწმენითა და დახმარების იმედით მიმართავს.
საღვთო განგებულებამ ინება, რომ წმინდა ნიკოლოზი ამ ქვეყანაზე ქრისტიანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში გამოეგზავნა.ქრისტესშობამდე III საუკუნის II ნახევარში, როცა ის დაიბადა, იყო ჟამი ქრისტიანობისა და წარმართობის გადამწყვეტი ბრძოლისა, როცა საბოლოოდ უნდა გარკვეულიყო ქრისტიანობა შეცვლიდა წარმართობას, თუ ეს უკანასკნელი შეურყეველი დარჩებოდა და საბოლოდ გათელავდა ქრისტიანობას. ქრისტიანობა უდავოდ აღემატებოდა გახრწნილ წარმართობას თავისი შინაგანი ძალით, რომელიც დაფუძნებული იყო იესო ქრისტესა და მისი წმინდა მოციქულების ღვთაებრივ სწავლებაზე. წარმართების მხარეს იდგა გარეგნული ძალა, რომელიც ყველა ხელმისაწვდომი ხერხით ცდილობდა თავისი საძულველი ქრისტიანობის განადგურებას. ქრისტიანებს კანონის დამრღვევებად, რომაული ღმერთების მტრებად და საზოგადოების წყლულად თვლიდნენ, ყოველნაირად ცდილობდნენ მათ აღხოცვას. მოშურნე წარმართები, რომაელი იმპერატორები, ქრისტიანობას რომის იმპერიის დამღუპველად თვლიდნენ, ქრისტიანებს კი ყველაზე საშიშ მტრებად, სასტიკად დევნიდნენ მათ, აიძულებდნენ, უარეყოთ და კერპებისა და კეისრის გამოსახულებისთვის ეცათ თაყვანი. თუ ქრისტიანი ამაზე უარს იტყოდა, მათ ატუსაღებდნენ, სასტიკად აწამებდნენ, შიმშილითა და წყურვილით გასტანჯავდნენ, ამათრახებდნენ, თოკებით და რკინის წკნელებით შოლტავდნენ, ცეცხლზე მოსწვავდნენ. თუ ამის მერე ისინი ქრისტეს რწმენას არ უარყოფდნენ, მაშინ მათ არანაკლებ საშინელ სიკვდილს მისცემდნენ - მდინარეებში ახრჩობდნენ, მხეცებს მიუგდებდნენ დასაგლეჯად, კოცონზე ან ღუმელში სწვავდნენ. შეუძლებელია ჩამოთვლა წამების იმ ხერხებისა, რომლითაც წარმართები უდანაშაულო ქრისტიანებს უსწორდებოდნენ. ქრისტიანობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დევნა ატყდა იმპერატორ ვალერიანეს დროს. მან 258 წელს გამოსცა ედიქტი, რომლის ძალითაც უმკაცრესად უნდა მოპყრობოდნენ ქრისტიანებს - ეპისკოპოსები, ხუცესები და დიაკვნები მახვილით უნდა მოეწყვიტათ. სენატორებსა და მსაჯულებს ქონებას ართმევდნენ, და თუ მაინც ქრისტიანებად დარჩებოდნენ, სასჯელს მისცემდნენ; დიდგვაროვან დედაკაცებს ქონების ჩამორთმევის მერე ასახლებდნენ, ხოლო დანარჩენ ქრისტიანებს ბორკილდადებულებს კატორღულ სამუშაოზე აგზავნიდნენ. განსაკუთრებით ეკლესიის მწყემსებს დევნიდნენ. ბევრმა მათგანმა თავიანთი რწმენა მოწამებრივი სიკვდილით დაადასტურა.
მაგრამ ეკლესიის გასანადგურებლად ბოროტ სულთა ძალისხმევამ ამაოდ ჩაიარა. ეკლესიის მწყემსთა მოწამებრივად დაღვრილი სისხლი კეთილნაყოფიერ თესლად იქცა ქრისტიანობისთვის. სწორედ იმ დროს უფალმა სათნო იჩინა, მათ ნაცვლად ეკლესიისთვის მიენიჭებინა ქრისტიანული სარწმუნოების ახალი ერთგული დამცველი - წმინდა ნიკოლოზი, რომელსაც ეკლესია სამართლიანად უწოდებს: ყოვლადსაკვირველ სასწაულთმოქმედს, უბრწყინვალესი მზის დაუვალ ვარსკვლავს, ეკლესიის სვეტსა და სიმტკიცეს, ყოველთა მწუხარეთა მეოხსა და ნუგეშისმცემელს (წმინდა ნიკოლოზის მსახურება აღესრულება 19 დეკემბერსა და 22 მაისს ახალი სტილით).
წმინდა ნიკოლოზის მშობლები - თეოფანე და ნონა ქალაქ პატარაში ცხოვრობდნენ, ძველ ლუკიაში, რომელიც მცირე აზიის შემადგენლობაში შედიოდა (დღევანდელი ანატოლია). ისინი წარმოშობით დიდგვაროვანნი, და ფრიად შეძლებულნი იყვნენ და როგორც ღვთისმოსავი ქრისტიანები, გამოირჩეოდნენ კეთილი ცხოვრებით, გლახაკებისადმი გულმოწყალებით და საღვთო მოშურნეობით. უფალმა ინება, რომ მათთვის, ისევე როგორც წმინდა იოანე ნათლისმცემელის მშობლებისა და მრავალ ძველაღთქმისეულ მართალთა მსგავსად, მძიმე გამოცდა მოეწყო: პატიოსან ქორწინებაში დაბერდნენ და შვილი არა ჰყავდათ. უშვილობას ძალზე განიცდიდნენ და განუწყვეტლივ უფალს ევედრებოდნენ, შვილი მიენიჭებინა. აღუთქვამდნენ, რომ მას ღმერთს მიუძღვნიდნენ. ნონამ შვა ვაჟი, რომელსაც ნათლისღებისას ქრისტიანული სახელი ნიკოლოზი უწოდეს რაც "ხალხზე გამარჯვებულს" ნიშნავს. ღვთის დიდი წმინდანისთვის მიცემული სახელი იმაზე მიუთითებდა, რომ მას, სიცოცხლის მანძილზე, ბევრჯერ მოუწევდა ადამიანთა ბოროტების დამარცხება. წმინდა ნონას წმინდა ნიკოლოზის გარდა სხვა შვილი არ მისცემია.
წმინდა ნიკოლოზმა თავისი ჩვილობის პირველსავე დღეებში აჩვენა, რომ იგი განსაკუთრებული ღვთისმსახურებისთვის იყო მოვლინებული. არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას, იგი, სხვების დაუხმარებლად, ემბაზში სამი საათი ფეხზე იდგა: როგორც წმინდა დიმიტრი როსტოველი ბრძანებს, ამ სამსაათიანი დგომით ყრმა ნიკოლოზმა წინასწარ გამოხატა წმინდა სამებისადმი თავისი მომავალი რწმენა, რომელსაც მთელი სიცოცხლე მოშურნედ იცავდა.
თავისი ცხოვრების პირველივე დღეებიდანვე, წმინდა ნიკოლოზი მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა და მისი ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. გადმოცემის მიხედვით, ის მხოლოდ დედის მარჯვენა ძუძუსა სწოვდა, ოთხშაბათსა და პარასკევს დღეში ერთხელ იღებდა საზრდელს, ისიც მას მერე, რაც მშობლები, ძველ ქრისტიანთა ჩვეულ კანონს აღასრულებდნენ.
ყრმა ნიკოლოზის ამ უჩვეულო საქციელის გამო მშობლები ფიქრობდნენ, რომ ის ღვთის დიდი წმინდანი დადგებოდა. ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება მის აღზრდას მიაქციეს და ვითარცა ღვთისმოსავი ქრისტიანები, ცდილობდნენ, მისთვის უწინარესად, ქრისტიანული ჭეშმარიტებანი შთაეგონებინათ და მართალი ცხოვრების გზაზე დაეყენებინათ. მშობელთა ძალისხმევა სრული წარმატებით დაგვირგვინდა. კეთილი მარცვალი, რომელიც მათ ვაჟის სულში ჩათესეს, კეთილ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფი უხვად გამოიღო. ყრმა ნიკოლოზი მდიდარი ბუნებრივი ნიჭის წყალობით და სულიწმინდის წინამძღოლობით, მალევე ჩასწვდა წიგნიერ სიბრძნეს, რომელიც, წმინდა დიმიტრი როსტოველის სიტყვისაებრ, აუცილებელი იყო "ქრისტეს ხომალდის კეთილი მესაჭისა და სიტყვიერ ცხოვართა გამოცდილი მწყემსისათვის" (გადმოცემით, მშობლებმა ვერ აარჩიეს მათი ვაჟის მასწავლებელი, თვითონ ყრმა ნიკოლოზმა, სულიწმინდის კარნახით, თავადვე წარმოთქვა მომავალი აღმზრდელის სახელი).
წარემატებოდა რა ყრმა ნიკოლოზი წიგნის სწავლაში, ასევე წინ მიიწევდა ღვთისმოსავ ცხოვრებაში. მას არ იზიდავდა თანატოლების ფუჭი და ამაო საუბრები. მისთვის უცხო იყო ცოდვიანი გართობა, მეგობრობის დამასნეულებელი მაგალითები, რომელიც ყრმას ცუდისკენ უბიძგებს. სიყრმეში გამოირჩეოდა სამაგალითო უბიწოებით. არა მხოლოდ გაურბოდა დედაკაცებისადმი არაწმინდა გულისთქმებს, არამედ, ვითარცა მკაცრი მოსაგრე, გაურბოდა თვით ქალების საზოგადოებას, არ ესაუბრებოდა მათ, ცდილობდა, მათთვის სახეში არ შეეხედა. საცთურის ეშინოდა და მტკიცედ ახსოვდა მაცხოვრის სიტყვები: "ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა" (მათე 5:28). ყრმა ნიკოლოზი თითქმის მთელ დროს წმინდა წერილის კითხვაში, მარხვის ღვაწლსა და ლოცვაში ატარებდა, სიყმაწვილიდანვე ღვთის ტაძრად განამზადებდა თავს, სადაც სულიწმინდას დაუბრკოლებლად შეეძლო დავანება. წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობდა ღვთის ტაძრისადმი და იქ ატარებდა ზოგჯერ დღეებსა და ღამეებს საღვთო წიგნების კითხვასა და ღვთისმჭვრეტელ ლოცვაში.
წმინდა ნიკოლოზმა სიჭაბუკეშივე ისეთ წარმატებას მიაღწია ღვთივსათნო ცხოვრებაში, რომ არ აწუხებდა მისი ასაკისთვის დამახასიათებელი ცოდვიანი ვნებები: გეგონებოდა, რომ ახალგაზრდა კი არა, ბერიკაცი იყო, რომელიც ყოველივე მიწიერს მოწყვეტილიყო და თავი მთლიანად ღვთის სამსახურისთვის მიეძღვნა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
თავი 2.
წმინდა ნიკოლოზის ხუცესად დადგინება. მისი უხვი ქველმოქმედება. გაღატაკებული მდიდრის სამი ქალიშვილის დახსნა შერცხვენისაგან
ახალგაზრდა ნიკოლოზის ღვთისმოსავი ცხოვრება მალე ქალაქ პატარას მთელი მოსახლეობისთვის გახდა ცნობილი. ქალაქის ეპისკოპოსი იმ დროს წმინდა ნიკოლოზის ბიძა იყო და მასაც ნიკოლოზი ერქვა. შეამჩნია, რომ თავისი ძმისწული ყველასგან გამოირჩეოდა სათნოებებით და მკაცრი მოსაგრე ცხოვრებით და მასში ღვთის დიდად სათნომყოფელი განსჭვრიტა. ეპიკოპოსმა ბიძამ განიზრახა ნიკოლოზის მშობლები დაეყოლიებინა, რათა მათ ის უფლის მსახურებისთვის მიეძღვნათ. მშობლები ხალისით დათანხმდნენ ამას, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ შვილის დაბადებამდე ღმერთს ამგვარი აღთქმა უკვე მისცეს. ეპისკოპოსმა ბიძამ თავს იდო ჭაბუკის მფარველობა და იგი ხუცესად აკურთხა. უეჭველია, რომ მღვდლად კურთხევამდე წმინდა ნიკოლოზი გაივლიდა საეკლესიო მსახურების ყველა დაბალ საფეხურს, თუმცა, უცნობია, როგორ ემსახურებოდა ის ღმერთს, წიგნისმკითხველის, ანდა დიაკვნის ხარისხში. წმინდა ნიკოლოზის მღვდლად ხელდასხმისას, სულიწმიდის მადლით ავსებულმა ეპიკოპოსმა უწინასწარმეტყველა ხალხს ღვთის სათნომყოფელის დიდი მომავალი: "აი, ძმანო, ვხედავ ახალ მზეს, ქვეყნის დასალიერიდან აღმოსულს, რომელიც მანუგეშებელი იქნება ყოვლთა მწუხარეთათვის. ნეტარია ის სამწყსო, რომელსაც ესევითარი მწყემსი ეყოლება! კარგად დამწყსობს ის გზაშეცთომილთა სულებს, აძოვებს მათ ღვთისმოსაობის საძოვრებზე, და ყველა განსაცდელში მყოფთათვის თბილი შემწე იქნება". ეპისკოპოსი ბიძის წინასწარმეტყველურად თქმული მალევე აღსრულდა მისი ძმიშვილის ცხოვრებაში. სამღვდლო ხარისხის მიღების შემდეგ წმინდა ნიკოლოზმა უფრო მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას მიჰყო ხელი. მუდმივმა მღვიძარებამ, მარხვამ და ლოცვამ იგი უსხეულო არსებებს მიუახლოვა, იმგვარად, რომ ბევრი ფიქრობდა კიდეც - კაცი კი არა ხორშესხმული ანგელოზიაო.
უდიდესი თავმდაბლობის გამო წმინდა ნიკოლოზი ცდილობდა, თავისი სულიერი ღვაწლი სხვებისგან დაფარულად აღესრულებინა. მაგრამ საღვთო განგებულებამ სათნო იჩინა, რომ წმინდა ნიკოლოზის ღვთისმოსავ ცხოვრებას სხვებიც დაეყენებინა ჭეშმარიტების გზაზე და მათი სულიერი სიკეთისა და ცხონების საქმეს გამოსდგომოდა. ეს კი ასე მოხდა:
წმინდა ნიკოლოზის ბიძამ, პატარას ეპისკოპოსმა, პალესტინის წმინდა ადგილების მოლოცვა მოისურვა. თავისი არყოფნის პერიოდში, პატარას ეკლესიის მართვა თავის ხუცეს ძმიწულს მიანდო, სჭვრეტდა რა მასში თავის უმაღლეს თანამდებობაზე ღირსეულ შემცვლელს.
მართლაც, ხუცესმა ნიკოლოზმა სავსებით გაამართლა თავისი ბიძის იმედი: მთელი არსებით მიეცა საეპისკოპოსო მმართველობის ამ ძალზე ძნელ და იმავე დროს უმაღლესი და წმინდა მოვალეობის აღსრულებას. იმ პერიოდში თავისი სამწყსოსთვის ბევრი რამ კარგის გაკეთება შეძლო. კიდევ ერთმა გარემოებამ შესაძლებლობა მისცა მას თავისი უხვი ქველმოქმედება გამოევლინა. სწორედ იმ ხანებში გარდაიცვალნენ წმინდა ნიკოლოზის მშობლები - თეოფანე და ნონა და თავიანთ ერთადერთ ვაჟს დიდი მემკვიდრეობა დაუტოვეს. ვერავინ გამოიყენებდა ამ სიმდიდრეს წმინდა ნიკოლოზზე სარგებლიანად. იგი სიმდიდრეს უყურებდა ისე, როგორც შვენის ჭეშმარიტ ქრისტიანს, ვითარცა სწრაფლწარმავალსა და წამიერს: სხვებისგან განსხვავებით, მას მიწიერი მემკვიდრეობის გამრავლება არ უცდია, ერთადერთ სწორ ნაბიჯად მისი გლახაკებისთვის მოწყალებად დარიგება მიაჩნდა, გაიხსენებდა უფლის მცნებას, რომ მოწყალების გამცემი, თვით ქრისტეს აძლევს ამ მოწყალებას და ამითვე შეიძენს უხრწნელ სიმდიდრეს ცათა შინა. თუ როგორი თავმდაბლობით ეხმარებოდა ნამემკვიდრალი ქონებით გაჭირვებულებს, კარგად ჩანს ყველასთვის ცნობილი მაგალითიდან.
ქალაქ პატარაში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც სილამაზით განთქმული სამი ქალიშვილი ჰყავდა. ის ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ შემდგომში, სამწუხარო გარემოებათა გამო, ყველაფერი დაკარგა და გაღატაკდა. ქალიშვილების გამზითვებას როგორ შეძლებდა, როცა პურის და აუცილებელი შესამოსელის საყიდელი ფული არ ჰქონდა. სადამდე მიჰყავს სიგლახაკეს ადამიანი, რომელიც საკმარისად არ არის განსმჭვალული ქრისტიანული თავმდაბლობით! საცოდავმა მამამ, რომელმაც თავისი მდგომარეობის გამოსწორების ყველანაირი იმედი დაკარგა, საშინელი რამ მოიფიქრა - გადაწყვიტა, მსხვერპლად გაეღო თავისი ქალიშვილების ღირსება და მათი სილამაზით ოჯახის საარსებოდ სახსარი ეშოვა. მაგრამ, საბედნიეროდ, იმავე ქალაქში ცხოვრობდა წმინდა ნიკოლოზი, რომელიც ფხიზლად ადევნებდა თვალყურს ჩაბარებულ სამწყსოს. მან საღვთო გამოცხადებით შეიტყო ამ კაცის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ. გადაწყვიტა, იგი ხორციელი სიღატაკისაგან ეხსნა, რათა სწორედ ამითვე გადაერჩინა მისი ოჯახი სულიერი დაღუპვისაგან. ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფეს და მწყემსს უნდოდა, ქველმოქმედება ისე გაეღო, რომ ამის შესახებ არავის სცოდნოდა, თვით მასაც კი, ვისთვისაც სიკეთის გაკეთება სურდა. ამგვარ ღრმა ქრისტიანული სიმდაბლით აღსავსე გადაწყვეტილებას, რომელიც მაცხოვრის სიტყვებშია გამოხატული: "ეკრძალენით ქველის-საქმესა თქვენსა, რაითა არ ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა" (მათე 6:1), ღვთის წმინდანმა ღრმა ცხოვრებისეული გამოცდილებაც შეუერთა, იცოდა, თუ როგორ უმძიმდათ მოწყალების მიღება უეცრად გაღატაკებულ მდიდრებს,
შუაღამისას, როცა ყველას ეძინა, მათ შორის უბედურ მამა-შვილებს და ვერავინ შეამჩნევდა მის ქველმოქმედებას, წმინდა ნიკოლოზმა აიღო ოქროთი სავსე დიდი ქისა, უჩუმრად მივიდა გაჭირვებულის სახლთან, სარკმელი გააღო, ოქრო შიგნით შეაგდო, თვითონ კი სასწრაფოდ შინ დაბრუნდა. დილით გაღვიძებულმა საცოდავმა მამამ თვალი მოჰკრა იატაკზე დაგდებულ ქისას. განუზომელი იყო გაღატაკებული მდიდრის უეცარი სიხარული ოქროს დანახვაზე, რისთვისაც ქალიშვილების სამეძაო სახლში მიბარებას აპირებდა. დიდხანს ვერ მოვიდა გონს, თავი სიზმარში ეგონა. ნეტავ ვინ არის ჩემი კეთილისმყოფელიო, ფიქრობდა, მაგრამ აზრი ვერავისზე შეაჩერა. ალბათ თვით საღვთო განგებულებამ გამომიგზავნა ეს იდუმალი კეთილისმყოფელიო და მხურვალე სამადლობელი ლოცვა აღუვლინა უფალს. ნაჩუქარი ოქროთი უფროსი ქალიშვილი გაათხოვა.
წმინდა ნიკოლოზმა იხილა, რომ მისმა გაღებულმა სიკეთემ ნაყოფი გამოიღო და საქმის დაბოლოება გადაწყვიტა. ერთ საღამოს სარკმლიდან ოთახში კიდევ ერთი ქისა ოქრო შეუგდო. ამჯერად საცოდავ მამას აღარ უძებნია უცნობი კეთილისმყოფელი, მიწაზე დაემხო და მადლობა შესწირა გაჭირვებულთა შემწე უფალს: "ღმერთო, შენ ხარ წყარო მოწყალებისა, შენ აღაშენებ ჩვენს ცხონებას. უპირველეს ყოვლისა, მე გამომისყიდე შენი სისხლით და ახლა კი ჩემი სახლეული, ჩემი შვილები დაიხსენი ეშმაკის მახისგან. მიჩვენე, ვინ არის იარაღი შენი მოწყალებისა და კაცთმოყვარე სახიერებისა. მიჩვენე ის მიწიერი ანგელოზი, რომელიც გვიცავს ჩვენ ცოდვით წარწყმედისაგან. დაე ვიცოდე, ვინ განგვათავისუფლებს ჩვენ დამთრგუნველი სიღატაკისგან".
ღვთის მადლიერმა მამამ მეორე ქალიშვილიც გაათხოვა და მტკიცედ სჯეროდა, რომ უფალი მის მესამე ქალიშვილზეც ამგვარადვე მოიღებდა წყალობას. ამასთან, გადაწყვიტა, რომ რაც არ უნდა დასჯდომოდა, შეეტყო, ფარული ქველისმოქმედის ვინაობა, რათა შესაფერისად მადლობა გადაეხადა მისთვის. დადარაჯებულს ღამეები არ ეძინა და მის გამოჩენას ელოდა. დიდხანს არ მოუწია ლოდინმა. ერთ ღამეს ქრისტეს კეთილი მწყემსი მესამედაც მოვიდა და ოქროთი სავსე ქისა სარკმლიდან გადაუგდო, თვითონ კი სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას. მაგრამ ამჯერად თავისი ქველისმოქმედება ვეღარ დამალა. ღატაკს იატაკზე დაცემული ოქროს ხმა რომ მოესმა, მაშინვე გამოვიდა სახლიდან და მიეწია თავის იდუმალ ქველისმოქმედს. შეიცნო წმინდა ნიკოლოზი, ფეხებში ჩაუვარდა, ეამბორა და მადლობდა, ვითარცა მხსნელს ეგზომ დიდი განსაცდელისგან: "უფალს რომ არ შთაეგონებინა შენთვის ეს კეთილი საქმე, ალბათ დიდი ხნის დაღუპული ვიქნებოდი ჩემ ქალიშვილებთან ერთად. ახლა კი შენის წყალობით გადავრჩით და ავცდით ცოდვით დაცემას".
წმინდა ნიკოლოზმა კაცი წამოაყენა და ურჩია, რომ ამ მოწყალებისთვის უფრო მეტად ღმერთისთვის ეთქვა მადლობა და მის მიმართ ელოცა. ფიციც ჩამოართვა, რომ არავის ეტყოდა რაიმეს ამ სიკეთზე. აი, ერთი მაგალითი ქრისტიანული მოწყალების იმ ურიცხვ საქმეთაგან, რომლითაც წმინდა ნიკოლოზი გაჭირვებულებს ეხმარებოდა და რომლებიც, თავიანთი ქრისტიანული სიმაღლით, ჩვენთვისაც უნდა იქცეს ქველმოქმედების მაგალითად.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
თავი 3
წმინდა ნიკოლოზის პალესტინაში მოგზაურობა ქარიშხლის სასწაულებრივი დაცხრობა, მიცვალებულის მკვდრეთით აღდგენა, სამშობლოში დაბრუნება
პალესტინიდან ეპისკოპოსი ბიძის დაბრუნების მერე წმინდა ნიკოლოზმა თვითონაც მოისურვა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ფერხთა მიერ ნაკურთხი წმინდა მიწის მოლოცვა. პალესტინისკენ მიმავალ ხომალდზე, წმინდა ნიკოლოზმა წინასწარმეტყველებისა და სასწაულთმოქმედების ნიჭი გამოამჟღავნა. ეგვიპტესთან მიახლოებისას წინასწარ განჭვრიტა და მეზღვაურებს ქარიშხლის მოახლოება აუწყა: მან იხილა კიდეც, თუ როგორ ავიდა ხომალდზე ბოროტი სული და როგორ ცდილობდა მის ჩაძირვას. მართლაც, ზეცა უეცრად ღრუბლებით დაიფარა, მძვინვარე ქარმა დაჰბერა და ხომალდი ნაფოტივით აათამაშა. მეზღვაურები შეძრწუნდნენ. გადარჩენის ერთადერთ იმედად წმინდა ნიკოლოზის დახმარება დასახეს და შეწევნას ევედრნენ, - წმინდაო მამაო, თუ შენ არ შეგვეწევი უფლისადმი ლოცვით, ყველანი ზღვის უფსკრულში დავინთქმებითო. წმინდა ნიკოლოზმაც მუხლი მოიყარა და მხურვალე ლოცვით მიმართა უფალს. მართლის ლოცვა მაშინვე შესმენილ იქმნა. ზღვის ღელვა შეწყდა, სიმშვიდე ჩამოვარდა; ამასთან, მეზღვაურთა მწუხარება და სასოწარკვეთა მოულოდნელმა სიხარულმა შეცვალა - მადლობდნენ უფალს და მის წმინდანს სასწაულებრივად გადარჩენისთვის.
ამის შემდეგ წმინდა ნიკოლოზმა სხვა სასწაულიც მოახდინა. ერთ-ერთი მეზღვაური, საქმის გამო, ხომალდის ანძის წვერზე მოექცა, ჩამოსვლისას ფეხი დაუცდა, გემბანზე დაეცა და სასიკვდინედ დაიმსხვრა. მეზღვაურების სიხარული კვლავ მწუხარებით შეიცვალა. მაგრამ უფლის სათნო მართლის ლოცვამ კვლავ განაქარვა მათი მწუხარება. ვიდრე მეზღვაურები თხოვდნენ, თვითონვე შესთხოვა უფალს და მანაც ადრინდელივით მსწრაფლ შეისმინა მისი ვედრება. გარდაცვლილი ახალგაზრდა ყველას თვალწინ გაცოცხლდა და წამოდგა, თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვიაო. ამ სასწაულის მხილველი მეზღვაურები უფრო მეტი პატივისცემით განეწყვნენ საკვირველი თანამგზავრის მიმართ.
ღვთის წმინდანის ლოცვით დაცულმა ხომალდმა მშვიდობიანად ჩაუშვა ღუზა ეგვიპტის დიდ სავაჭრო ქალაქ ალექსანდრიაში.
ვიდრე მეზღვაურები სურსათს იმარაგებდნენ, წმინდა ნიკოლოზმა ადგილობრივ მცხოვრებთა სნეულებათა კურნებაზე იზრუნა: ზოგი უკურნებელი ავადმყოფობისაგან განკურნა, სხვებისაგან მათი მტანჯველი არაწმინდა სული განდევნა, ზოგიერთი ანუგეშა სულიერი მწუხარებისას.
ალექსანდრიიდან ხომალდმა მშვიდობით მიაღწია წმინდა მიწამდე. წმინდა მომლოცველი, პირველ ყოვლისა, იერუსალიმისკენ გაემართა, სადაც ქრისტემ ჩვენი გამოხსნის საიდუმლოება აღასრულა და თაყვანი სცა აქაურ წმინდა ადგილებს, კაცთა მოდგმის ღვთაებრივი მხსნელის ფერხთა მიერ განწმენდილს.
უნუგეშო გრძნობას აღძრავდა ქრისტიანებში მაშინდელი წმინდა ქალაქი, რომელიც წარმართებით იყო დასახლებული და უფრო ცნობილი იყო ელია კაპიტოლინის სახელით. ქრისტეს ამაღლების შემდეგ ორჯერ დანგრეული ბიბლიური იერუსალიმი, თავდაპირველად ტიტეს მიერ, ხოლო შემდეგ ანდრიანესგან, მეორედ აღდგენისას ძველი ადგილიდან გადანაცვლებული, ქრისტიანული მზერისთვის წარმართული იერით იყო დაფარული. მეორე ტაძრის ადგილას სადაც ხშირად ქადაგებდა იესო, იუპიტერის ტაძარი იდგა. ღვთიური სისხლით მეწამულქმნილი გოლგოთა, რომელიც უკვე ქალაქის შემადგენლობაში იყო შესული, შებილწულ იქმნა ვენერას კერპის აღმართვით. უფლის საფლავი კი, მიწაყრილი და ქვით ამოვსებული, იუპიტერის საძირკვლად ექციათ. ქალაქის მეორედ დანგრევა-აღდგენას მხოლოდ სიონის მთაზე აღმართული მცირე ეკლესია და რამდენიმე სახლი გადაურჩა. ეს ეკლესია იმ სახლის ტრაპეზზე იყო აგებული, სადაც უფალმა ჩვენმა ზიარების საიდუმლო დააწესა, ხოლო შემდეგ კი მოციქულებმა 50-ე დღეს სული წმინდა მიიღეს. მხოლოდ ამ მოციქულთა სახელობის ეკლესიას, თავისი უძველესი სიწმინდეებით, შეეძლო მიეღო ღვთისმოსავი ხუცესი. შემორჩენილია გადმოცემა: ღამით წმინდა ნიკოლოზმა ტაძარში უფლისადმი ლოცვა მოისურვა. ის ამ დროს დაკეტილი იყო. უეცრად ეკლესიის კარები თავისით გაიღო ღვთის კაცის წინაშე, რომელსაც საშუალება მიეცა შესულიყო და აღესრულებინა თავისი სულის ღვთისმოსავი სურვილი.
უფლის ღვთიური კაცთმოყვარებისადმი სიყვარულით ანთებულმა წმინდა ნიკოლოზმა პალესტინაში დარჩენა მოისურვა, რათა კაცთაგან განშორებულს დაფარულად ემოღვაწა ზეციური მამის წინაშე. მაგრამ უფალს სათნო უჩნდა, რათა სარწმუნოების ამგვარი ლამპარი, წმინდა ნიკოლოზი, უდაბნოში არ ყოფილიყო დამარხული, არამედ განებრწყინებინა ლუკიის ქვეყანა. საღვთო სურვილით აღძრულმა ღვთისმოსავმა ხუცესმა გადაწყვიტა, სამშობლოში დაბრუნებულიყო, რისთვისაც მეზღვაურებს მოელაპარაკა. მაგრამ, ნაოსნობისას, ღვთის კაცმა გამოსცადა ადამიანური სივერაგე და ეძლია მისთვის, ისე როგორც მის სახელშივე იყო ნაწინასწარმეტყველები. ბოროტმა მეზღვაურებმა ნაცვლად იმისა, რომ შეთანხმებისამებრ წმინდა ნიკოლოზი ლუკიაში წაეყვანათ, ზურგის ქარით ისარგებლეს და სრულიად სხვა მხარეს გასცურეს. მეზღვაურთა მზაკვრული ჩანაფიქრით შეწუხებული ღვთის კაცი მეზღვაურებს ფეხებში ჩაუვარდა და ლუკიაში წაყვანას ევედრებოდა. მაგრამ გულქვა მეზღვაურებმა ყური არ ათხოვეს და ვერ მიხვდნენ, თუ როგორი რისხვა დაატყდებოდათ თავს ღვთის კაცისადმი უდიერებით. მაშინ წმინდა ნიკოლოზმა უფალს მიმართა და შეწევნა სთხოვა, რომელიც მალევე შესმენილ იქმნა. უეცრად ამოვარდა გრიგალი, ხომალდს გეზი უცვალა და ლუკიის ნაპირებისკენ გააქანა. თავისი ნების უნებურად ლუკიას რომ მიადგნენ, მეზღვაურებს შეეშინდათ, ჩვენი აუგი საქციელის გამო არ დაგვსაჯონო. მაგრამ მათგან განაწყენებულ უბოროტო მგზავრს საყვედურიც კი არ დასცდენია, პირიქით, აკურთხა ისინი და შინ მშვიდობიანად გაუშვა.
ღვთის კაცს სურდა, ამქვეყნიურ ამაოებას გასცლოდა და სამშობლოში დაბრუნებულმა მშობლიური ქალაქის ნაცვლად ეპისკოპოსი ბიძის მიერ დაარსებულ სიონის სავანეს მიაშურა. ძმებმა დიდი სიხარულით მიიღეს, ვითარცა ღვთის ანგელოზი, მათდა დასამოძღვრად და თავისი სათნოებებით ღვთისმოსავ ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ წარმოგზავნილი. წმინდა ნიკოლოზი ფიქრობდა, რომ სამუდამოდ დარჩებოდა ამ მყუდრო განმარტოებულ კელიაში.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
თავი 4
წმინდა ნიკოლოზის მირონლუკიის მთავარ ეპისკოპოსად დადგინება. მისი ღვთივსათნო ცხოვრება მღვდელმთავრობისას
უფალმა ღმერთმა, რომელმაც არ ისურვა, წმინდა ნიკოლოზი ყველასთვიც უცნობი დარჩენილიყო პალესტინის უდაბნოში, ახლაც არ ინება, რწმენისა და ღვთისმოსავობის ისეთი საგანძური, როგორიც ეს ღვთის კაცი გახლდათ, დაფარულიყო მონაზვნის ვიწრო კელიაში. დადგა ჟამი, წმინდა ნიკოლოზი ლუკიის ეკლესიის ხელმძღვანელი უნდა გამხდარიყო და ადამიანები სახარებისეული სწავლების ნათლით და ღვთისმოსავი ცხოვრებით გაენათლებინა. ერთხელაც, მონასტერში, ლოცვაში განმარტოებულ წმინდა ნიკოლოზს ხმა მოესმა: "ნიკოლოზ, თუ გინდა, ჩემგან გვირგვინი მიიღო, ადამიანების სამსახურში უნდა ჩადგე". წმინდა ძრწოლამ შეიპყრო იგი ამ სიტყვების გაგონებისას; ამასთან, ვერ მიმხვდარიყო, რას უბრძანებდა ეს საკვირველი ხმა. იმავე ხმამ კვლავ უთხრა: "ნიკოლოზ, ეს სავანე ის მინდორი არ არის, სადაც შეძლებ იმ ნაყოფის გამოღებას, რომელსაც მე შენგან ველი. ახლა კი წადი სოფელში ადამიანებთან შენში ჩემი სახელის განსადიდებლად".
წმინდა ნიკოლოზი მიხვდა, რომ ეს ხმა უეჭველად უფლის ხმა იყო, სავანის დატოვებას და სოფელში წასვლას უბრძანებდა, რათა რწმენითა და კეთილი საქმეებით განედიდებინა ღვთის სახელი. მუდამ ღვთის ნების მორჩილმა მაშინვე დატოვა ეს წმინდა ალაგი. თუმცა ამჟამად თვითონაც დარწმუნდა, რომ ერისკაცთა ქრისტიანი ხელმძღვანელის საპატიო ადგილი უნდა დაეკავებინა, კვლავინდებურად ცდილობდა, თავი აერიდებინა ადამიანური დიდებისა და პატივისთვის: ამიტომაც სავანიდან წამოსულმა, საღვთო განგებულებით, კვლავ უარი თქვა მშობლიურ ქალაქში დასახლებაზე, სადაც მას ყველა იცნობდა და საცხოვრებელ ადგილად ქალაქი მირონი აირჩია, რომელიც ლუკიის მხარის დედაქალაქი და მიტროპოლია გახლდათ. თანაც, ამ ქალაქში, მას არავინ არ იცნობდა და ადვილად გაექცეოდა ადამიანურ დიდებას. აქ გლახაკივით ცხოვრობდა და არ იცოდა, თავი სად მიედრიკა, თუმცა საეკლესიო ლოცვებს არ აკლდებოდა. რამდენადაც თავს იმდაბლებდა ღვთის კაცი, იმდენადაც ამპარტავანთა შემმუსვრელმა და მდაბალთა ამამაღლებელმა უფალმა აღამაღლა იგი.
წმინდა ნიკოლოზის მირონში ყოფნის დროს გარდაიცვალა ლუკიის მთავარეპისკოპოსი იოანე. ახალი მთავარეპისკოპოსის ასარჩევად მთელი ლუკიიდან შეიკრბნენ მღვდელმთავრები. ბევრი ჭკვიანი და პატიოსანი ადამიანი წარადგინეს ამ უმაღლესი თანამდებობის დასაკავებლად, მაგრამ საერთო აზრამდე ვერა და ვერ მივიდნენ. უფალი ამ ადგილს უფრო ღირსეულ ადამიანს უმზადებდა. როცა კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ, ეპისკოპოსებმა გადაწყვიტეს, რომ ეს მნიშვნელოვანი საქმე მთლიანად ღვთის ნებაზე იყო დამოკიდებული. ამიტომაც მხურვალე ლოცვით შეევედრნენ უფალს, რათა მიენიშნებინა ის ადამიანი, რომელიც უფრო ღირსეული აღმოჩნდებოდა მირონის მთავარეპისკოპოსობისთვის.
უფალმა, რომელიც ბრძნულად ხელმძღვანელობს ეპისკოპოსებს, შეასრულა მათი ღვთისმოსავი თხოვნა. მხურვალე ლოცვისას, ერთ-ერთ უხუცეს ეპისკოპოსს გამოეცხადა ნათლით მოსილი კაცი და უბრძანა, ღამით ტაძრის ბჭეში დამდგარიყო და დაჰკვირვებოდა, თუ ვინ მოვიდოდა ტაძარში პირველი დილის ღვთისმსახურებაზე: ეს იქნებოდა სწორედ ის ღვთის რჩეული, რომელიც მღვდელმთავრებს მთავარეპისკოპოსად უნდა დაედგინათ. თან მისი სახელი - ნიკოლოზიც გამოეცხადა. საღვთო გამოცხადების მიღების მერე უხუცესმა მღვდელთმთავარმა ამის შესახებ დანარჩენ ეპისკოპოსებს აუწყა, რომელთაც ამ ღვთიური წყალობის გამო უფრო გააძლიერეს თავიაანთი ლოცვები, თვითონ კი ტაძრის ბჭეში დადგა და ელოდა უფლის რჩეულის მოსვლას. ცისკარის ჟამმა მოაღწია. წმინდა ნიკოლოზი ჩვეულებისაებრ შუაღამისას დადგა ლოცვაზე და ყველაზე უწინ მოვიდა ტაძარში. შესასვლელთან ის გამოცხადების მხილველმა ეპიკოპოსმა შეაჩერა და სახელით მიმართა. უხუცესი მღვდელმთავრის კითხვით გაოცებული წმინდანი თავიდან დუმდა. როდესაც ეპისკოპოსმა დაჟინებით ჰკითხა სახელი, მან თავმდაბლად და ჩუმად უპასუხა: "მეუფეო, შენი სიწმინდის მონას ნიკოლოზს მეძახიან".
ეპისკოპოსის სახელით და თავმდაბლობით ეპისკოპოსი დარწმუნდა, რომ სწორედ ის იყო ღვთის რჩეული, რომელსაც მირონის საეპისკოპოსო კათედრა უნდა დაეკავებინა. მოჰკიდა ხელი და შეკრებილ ეპისკოპოსებთან მიიყვანა. მათ სიხარულით მიიღეს იგი და ტაძრის შუაში დააყენეს. ამასობაში მთავარეპისკოპოსის სასწაულებრივი არჩევის ამბავი, მიუხედავად გვიანი ღამისა, მთელ ქალაქს მოედო და ტაძარი ხალხით აივსო - ღვთის საკვირველი რჩეულის ნახვა სურდათ. ეპისკოპოსმა, რომელიც საკვირველი ხილვის ღირსი შეიქმნა, იქ მყოფთ ასე მიმართა: "მიიღეთ, ძმანო, თქვენი მწყემსი, რომელსაც თქვენთვის სულიწმინდამ სცხო, რომელსაც არწმუნა ღმერთმა თქვენი სულების წინამძღოლობა. არა ადამიანურმა კრებამ, არამედ ღვთაებრივმა მსჯავრმა დაადგინა იგი. აი, ახლა გვყავს ის, ვინც გვსურდა. მისი ბრძნული ხელმძღვანელობით თამამად შეგვიძლია წარვსდგეთ უფლის წინაშე მისი დიდებისა და განკითხვის დღეს". ესმათ რა ეს სიტყვები და იხილეს ღვთის რჩეული, მორწმუნე ერმა მხურვალე მადლობა შესწირა უფალს, მისი საკვირველი შეწევნისათვის.
როცა წმინდა ნიკოლოზმა შეიტყო, რომ მისი მღვდელმთავრად კურთხევა სურდათ, დიდხანს უარობდა. მაგრამ დაუთმო ეპისკოპოსების და მორწმუნე ერის თხოვნას და მთავარეპისკოპოსობას დათანხმდა.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი წმინდა მეთოდე მოგითხრობს, რომ წმინდა ნიკოლოზს ჯერ კიდევ ლუკიის მთავარეპისკოპოს იოანეს სიკვდილამდე საოცარი ხილვით ეუწყა მომავალი მღვდელმთავრობა. ერთ ღამეს იხილა იქვე, ახლოს მდგარი, ბრწყინვალე ნათლით მოცული მაცხოვარი ჩვენი, უფალი იესო ქრისტე, რომელმაც ოქრო-მარგალიტით შემკული სახარება გადასცა, მეორე მხარეს კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იდგა და სამღვდელმთავრო ომოფორს აფენდა.
ეპიკოპოსთა კრებამ წმინდა ნიკოლოზს მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსად ხელნი დაასხა. ამგვარად, ხვიმირის (წისქვილში ხორბლის ჩასაყრელს ჰქვია) ქვეშ მდგარი სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის ლამპარი მთელი მირონლუკიის ეკლესიისთვის აღმობრწყინდა.
მირონლუკიის ეკლესიის მთავარეპისკოპოსად დადგინებისას წმინდა ნიკოლოზმა უთხრა საკუთარ თავს: "ნიკოლოზ, ამიერიდან შენი ხარისხი და ადგილი საზოგადოებაში, მოითხოვს შენგან, რომ მთლიანად სხვებისთვის იცხოვრო და არა საკუთარი თავისთვის". მას მერე აღარ ჰფარავდა კეთილ საქმეებს და ადრინდელივით სიამაყისა და პატივმოყვარების გარეშე, სამწყსოს სიკეთისა და ღვთის სახელის განსადიდებლად, აღასრულებდა ყოიველივეს, სიტყვისაებრ მაცხოვრისა: "ეგრეთ ჰბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენი წინაშე კაცთა, და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა" (მათე 5,16), როგორც ბრძანებს წმინდა დიმიტრი როსტოველი, ის იყო "კეთილ საქმეთა სარკე თავისი სამწყსოსათვის". და პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, "სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყვითა, სლვითა, სიყვარულითა,სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა" (1 ტიმოთე, 4,12).
ის იყო მშვიდი და უბოროტო გულისა, მდაბალი სულისა, უცხო გახლდათ მისთვის ყოველგვარი მედიდურება და თავნებობა. მიუხედავად თავისი მაღალი ხარისხისა, წმინდა ნიკოლოზი კვლავ ძველებურად მკაცრ ზომიერებას და უბრალოებას იცავდა: ეცვა უბრალო სამოსი, ჭამდა სამარხვო საჭმელს, იმასაც დღეში ერთხელ, საღამოს. დიდებული მწყემსმთავარი მთელი დღე მოწყალებისა და სამოძღვრო საქმეებით იყო დაკავებული. მისი სახლის კარი ღია იყო ყველასთვის: თითოეულს სიყვარულითა და სითბოთი იღებდა. იგი ობოლთათვის გახლდათ მამა, გლახაკთათვის - გამომზრდელი, მტირალთათვის - ნუგეშინისმცემელი, დაჩაგრულთათვის კი ქომაგი. ამ ფრიად ძნელ საქმეებში მას გულმოდგინედ ეხმარებოდა ორი მღვდელი: პავლე როდიელი და თეოდორე ასკალონელი, "მთელ საბერძნეთში ცნობილი კაცნი". მათთან და სხვა თანაშემწეებთან ერთად დაუცხრომელად და წარმატებით იღვწოდა წმინდა ნიკოლოზი და მისი სამწყსოც ძლიერდებოდა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
თავი 5
წმინდა ნიკოლოზის აღმსარებლობა დიოკლიტიანეს წამოწყებული დევნისას. სამწყსოზე ზრუნვა, დევნის დასრულების მერე.
ეშმაკის შურიანი თვალი, რომელსაც არ შეუძლიან მშვიდად უცქიროს ქრისტეს ეკლესიის აყვავებას და ყოველთვის ცდილობს რაიმე ზიანი მიაყენოს, არც ახლა დაუტევა მშვიდად და მასზე ახალი ბრძოლა აღძრა. ეს დევნა იმითაც იყო შემაძრწუნებელი, რომ იგი ხანგრძლივი სიმშვიდის მერე აღიძრა, რომელშიც ქრისტეს ეკლესია იმყოფებოდა. 3-ე საუკუნეში ქრისტიანთა მდევნელი ვალერიანეს მემკვიდრეები, რომლებიც ხშირად ცვლიდნენ ერთმანეთს, იძულებულნი იყვნენ, მთელი ძალით, ხან ხელისუფლების გამტკიცებაზე ეზრუნათ, ხანაც ბარბაროსთა უკუგდებაზე. მხოლოდ იმპერატორი ავრელიუსი (270-275) რომელმაც უკუაგდო გარეშე მტრები და სძლია შინაურებსაც, "მზად იყო ქრისტიანთა დევნა წამოეწყო, - წერს ევსევი, - მაგრამ როგორც კი მან ეს ჩაიფიქრა და ქრისტიანთა დევნის ბრძანებაზე ხელის მოწერა დააპირა,მაშინათვე ღვთის სამართალი ეწია". ავრელიუსის მემკვიდრეების ტაციტის (275 წ.), ფლორიანეს(276წ.), პროზას (276-282 წ.), და კარას (282-283 წ.) მცირე ხნის მმართველობის მერე უმაღლესი ხელისუფალი გახდა დიოკლიტიანე. რომელიც თავისი მეფობის პირველ ნახევარში (285-304 წ.) მსოფლიო იმპერიის მოწყობით იყო დაკავებული, მან არა მხოლოდ სიმშვიდეში ამყოფა მსოფლიო ეკლესია, არამედ ხილულადაც კი კეთილგანწყობილი იყო ქრისტიანების მიმართ. უამრავმა ქრისტიანმა დაიკავა იმპერატორის კარზე მაღალი თანამდებობა, ისინი კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს და იმპერატორის მიმართ ერთგული სამსახურით უფრო განამტკიცებდნენ მის კეთილგანწყობას ქრისტიანების მიმართ. სარგებლობდნენ რა იმპერატორის და მისი დიდებულების კეთილგანწყობით ეკლესიის წინამძღოლნი მოშურნედ იღვწოდნენ ჭეშმარიტი ეკლესიის წიაღში გზააბნეულ წარმართა შესაყვანად, და ქრისტიანთა ხალხმრავალი შეკრებისათვის დიდებული ტაძრების ასაგებად. ქრისტიანობის ასეთმა სწრაფმა გავრცელებამ გააღიზიანა წარმართები და მისთვის ხელის შეშალა გადაწყვიტეს.
მიზნის მისაღწევად ამოირჩიესმათ დიოკლეტიანეს თანამმართველი გალერიუსი, "რომელსაც წარმართობის ყველა ვნება და მანკიერება სჭირდა". გალერიუსმა თხოვნითა და ცილისწამებით მოხუცი დიოკლეტიანე ქრისტიანების წინააღმდეგ განაწყო - ისინი ჯერ სამეფო კარიდან და ჯარიდან, შემდეგ კი სახელმწიფო სამსახურიდან ჩამოიშორეს და ქრისტიანთა ტაძრები დაანგრიეს. მთელ იმპერიაში სასტიკად დაუწყეს ეკლესიას დევნა. საიმპერატორო ბრძანებულებით, ქრისტიანულ ტაძრებს საფუძვლამდე ანგრევდნენ; საღვთო და საღვთისმსახურო წიგნებს მოედნებზე სწვავდნენ; ეპისკოპოსებს ატუსაღებდნენ და აწამებდნენ; ნებადართული იყო ქრისტიანთა წყენინება, ტანჯვა-წამება. ერთ-ერთი მოწამე ეპისკოპოსის, ფელასის, თქმით, ნებისმიერს შეეძლო მათი ნებისმიერი სახით წამება: ზოგს ჯოხით სცემდნენ, ზოგს - ღვედით, ზოგსაც ამათრახებნენ. ტანჯვის სანახაობა მრავალფეროვანი იყო, სისხლი მდინარეებად მიედინებოდა. დევნილები დამალვას ვერ ახერხებდნენ, რადგან იმპერიაში არ იყო ადგილი სადაც თავს შეაფარებდნენ, სადაც ეს ბრძანება არ მოქმედებდა.
ეს დევნა დაიწყო ნიკომიდიაში, სადაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე 20 000 ქრისტიანი დაწვეს ტაძარში, სიკვდილის ქარიშხალი ყველა ოლქში დატრიალდა და მიაღწია მირონლუკიის ეკლესიამდეც, რომლის წინამძღოლიც წმინდა ნიკოლოზი გახლდათ. ქრისტეს ეკლესიისთვის მძიმე დროს, ლუკიის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი უშიშრად ამხნევებდა თავის სამწყსოს რწმენაში და დაუფარავად ქადაგებდა ღვთის სახელს. ამის გამო ის დევნაშიც მოჰყვა და მრავალ სხვა ქრისტიანთან ერთად საპყრობილეში ჩაამწყვდიეს. ციხეში დიდხანს იჯდა და მოთმინებით დაითმენდა შიმშილს, წყურვილს, იწროებას და ქრისტეს უარყოფა ფიქრადაც არ მოსვლია. ოთხკედელსშუა მომწყვდეული მღვდელთმთავარი ასეთ ვითარებაშიც კი არ წყვეტდა ტუსაღ ქრისტიანებზე ზრუნვას. მშივრებს ღვთის სიტყვით ანაყრებდა, მწყურვალებს კი ასმევდა ღვთისმოსაობის წყალს, ყოველთა ქრისტე ღმერთის რწმენას უბრუნებდა და ქრისტეს მტკიცე აღმსარებლებად აქცევდა ჯალათთა წინაშე, რათა მათ სიკვდილამდე დაეთმინათ სატანჯველნი. მისი წყალობით ბევრი ტუსაღი ბოლომდე მტკიცედ იდგა ქრისტეს რწმენაში. წმინდა ანდრია კრიტელის სიტყვით, "წმინდა ნიკოლოზის მოშურნეობით აღფრთოვანებულმა მისმა თანამოსანგრებმა, როგორც საეკლესიო მმართველობაში, ისე ციხის საპყრობილეში - კრისკენტმა, დიოსკორიდმა და ნიკოკლმა, მოწამეობის გვირგვინი დაიდგეს". თავად ქრისტეს მღვდელთმთავარი, "მოწამე თავის მზადმყოფობით", დიოკლიტიანესეულ დევნულობას ცოცხალი გადაურჩა, რამეთუ მისი სიცოცხლე ღვთის სახელის შემდგომი განდიდებისთვის იყო საჭირო.
იმპერატორი გალერიუსი (დიოკლეტიანემ ამ დროს უარი თქვა ტახტზე) დარწმუნდა, რომ ქრისტიანთა მიმართ სისასტიკეს სასურველი შედეგი არ მოიტანა - ქრისტიანობა ვერ მოსპო, ამიტომ დევნა შეასუსტა. საშინელი სნეულებისგან გატანჯულმა გალერიუსმა, რომელიც მას უფალმა ქრისტიანთა მიმართ სისასტიკისა და გარყვნილი ცხოვრებისთვის მიუსაჯა, 311 წელს "ქრისტიანთა მიმართ შემწყნარებლობა გამოიჩინა, ნება მისცა ქრისტიანებად დარჩენილიყვნენ და შესაკრებელი სახლები აეგოთ"; მისი ბრძანებით, ქრისტიანებს, "ასეთი შემწყნარებლობისთვის თავიანთ ღმერთს" თავიანთი მდევნელის გამოჯანმრთელება უნდა ეთხოვათ. ბრძანებას დამორჩილებული ქალაქების მთავრები საპყრობილეებიდან ათავისუფლებდნენ ქრისტიანებს. ყოველივე ამის მხილველი ევსევის მოწმობით, ასეთ ვითარებაში, მოულოდნელად, წყვდიადის სიღრმიდან რაღაც სხივმა გამოანათა: თითოეულ ქალაქში გაჩნდა საეკლესიო საზოგადოება, მრავალრიცხოვანი ქრისტიანული კრებული, რომელიც, ჩვეულებისაებრ, ღვთისმსახურებისთვის იკრიბებოდა ხოლმე. ურწმუნოებიც არანაკლებ იყვნენ გაოცებულნი საქმის ამგვარი შემობრუნებით და ქრისტიანთა ღმერთს ერთადერთ ჭეშმარიტ და დიდებულ ღმერთად აღიარებდნენ".
საპყრობილიდან განთავისუფლებულმა წმინდა ნიკოლოზმა, "ნებსით მოწამემ" და "სისხლის დაუღვრელად გვირგვინშემოსილმა", კვლავ დაიკავა მირონლუკიის კათედრა და დიდი მოშურნეობით შეუდგა თავისი უმაღლესი მოვალეობის შესრულებას. საშინელმა დევნამ, რომელმაც ეკლესიას ბევრი მოწამე და აღმსარებელი მისცა, მას ძალზე ბევრი ზიანიც მიაყენა. ამიტომაც წმინდა ნიკოლოზს ხანგრძლივი და საზარელი დევნით გამოწვეული შედეგების გამო ახალი ღვაწლი უნდა ეტვირთვა. როგორც სხვა იმ დროინდელ მწყემსებს, უეჭველია, მასაც უხდებოდა დანგრეული ტაძრების აღდგენა, ან ახლის აგება, დევნით შეწყვეტილი საეკლესიო ღვთისმსახურებისა და კანონების მოწესრიგება, იმათ სინანულში ჩაგდება, ვინც დევნის ჟამს განუდგა ქრისტეს, ხოლო მისი შეწყვეტის შემდგომ ჩქარობდა განკუნებას, გულმოდგინედ უხრიდა რა თავს მასზე ძლიერის მაცხოვნებელ მარჯვენას; მიღება და განსვენება ქრისტეს მეომართა, რომელნიც გამოხსნილ იქნენ ქვის სამტეხლოების სატანჯველებისაგან. ქრისტიანობაზე მოქცეულ წარმართთა კათაკმეველად დაყენება და ნათლობისათვის მომზადება, რომელნიც აგრერიგად შესძრა ქრისტეს ეკლესიის მოზეიმე გულშემუსვრილმა სიხარულმა.
ქრისტეს ეკლესიის ეს სიხარული ერთგვარად თითქოს დაჩრდილა გალერიუსის მემკვიდრის, მაქსიმიანე დაის (311-313) მისდამი მტრულმა დამოკიდებულებამ; მაგრამ ეს ქუფრი ღრუბელი მალევე გადაიყარა, რამეთუ ის ლუკინიუსმა დაამხო. თუმცა აღმოსავლეთის ქრისტიანები ხანმოკლე დევნაში მოჰყვნენ. მაქსიმიანეზე გამარჯვებულმა და წმინდა კონსტანტინეს თანამმართველმა ლიცინიუსმა, რომელმაც კონსტანტინესთან ერთად ეკლესიისთვის ხელსაყრელი მილანის ედიქტი გამოსცა, მოულოდნელად ქრისტიანთა დევნა-შევიწროება დაიწყო. მირონში, ისევე როგორც ლიცინიუსის ქვეშევრდომ მართლმადიდებელი აღმოსავლეთის ქალაქებში ეს დევნა თვალშისაცემი გახდა და მწყემსი კეთილი წმინდა ნიკოლოზი მზად იყო სული თვისი დაედო თავისი დევნული სამწყსოსთვის. მაგრამ, ღვთის მოწყალებით, ლიცინიუსის დევნა არ იყო ხანგრძლივი და სასტიკი. კონსტანტინემ დაამარცხა ლიცინიუსი და მან მალე დაკარგა (323წ.) ძალაუფლებაც და სიცოცხლეც.
ლიცინიუსის დამარცხების მერე ძლევაშემოსილმა კონსტანტინემ მოინახულა აღმოსავლეთის ოლქები, სადაც ის უდანაშაულოდ გატანჯულ ქრისტიანებს ხვედრს უმსუბუქებდა. მან გადასახლებაში მყოფნი და საპყრობილეებში შემწყვდეულნი გაათავისუფლა; კატორღებიდან დააბრუნა; აღმსარებელთა სამოქალაქო და სამხედრო უფლებები აღადგინა; წამებულთა მამულები მათ მემკვიდრეებს გადასცა, ხოლო თუ ასეთები არ აღმოჩნდებოდნენ, ეკლესიებს გადასცემდა სამფლობელოდ; საერთოდ, ყველა, ვისაც მეტნაკლებად შეეხო დევნა, მეფური წყალობით დააჯილდოვა. ამას არ დასჯერდა - იმპერატორმა აღმოსავლეთის ყველა მმართველს გაუგზავნა "სწავლება კერპთაყვანისმცემლურ ცთომილებაზე", ხოლო პროვინციებში ეკლესიათა წინამძღოლებს მისწერა, გულმოდგინედ მოჰკიდებოდნენ დანგრეული ეკლესიების აღდგენას, საჭიროების შემთხვევაში აეგოთ ახალი ტაძრები, დახმარებისთვის კი მიემართათ საოლქო მმართველების ან ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, ამ უკანასკნელთ კი ებრძანათ, ყოველნაირად ხელი შეეწყუოთ ეპისკოპოსებისთვის.
ევსევი კესარიელის ცნობით, იმპერატორის ყველა ასეთ განკარგულებას "ელვისებური სისწრაფით აღასრულებდნენ". ამგვარად, აღმოსავლეთის ეკლესიის წინამძღოლებმა, მათ შორის წმინდა ნიკოლოზმა, სრული თავისუფლება მიიღეს, მოშურნეობა გამოეჩინათ ღვთის სადიდებლად და მოყვასის ცხონებაზე.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
თავი 6
წმინდა ნიკოლოზის მოშურნეობა მართლმადიდებლობის განმტკიცებასა და მწვალებლობათა აღმოფხვრაში. წარმართული ღმერთქალის აფროდიტეს კერპის დამსხვრევა. წმინდა ნიკოლოზის მოშურნეობა არიოზის ერესის აღმოფხვრაში და მისი მონაწილეობა პირველ მსოფლიო კრებაში. წმინდა ნიკოლოზი შიმშილისაგან გადაარჩენს ქალაქ მირონს.
მღვდელთმთავარმა ნიკოლოზმა მირონლუკიის ეკლესიის მთავარეპისკოპოსობისას სახელი განითქვა, მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებასა და წარმართობის აღმოფხვრისადმი განსაკუთრებული მოშურნეობით, რის გამოც ეკლესია ღირსეულად უწოდებს მას "ღვთისმოსაობის დიდებულ სვეტს", "მართლმადიდებლობის მტკიცე სიმაგრეს", "მახვილით ხიბლის ღვარძლის ამომკვეთს".
წმინდა ნიკოლოზის გარდაცვალებიდან ოთხი საუკუნის მერე წმინდა ანდრია კრიტელმა, მირონლუკიის ტაძარში, ღმერთშემოსილი მამის ხსენების აღსრულებისას, ასე გამოხატა ღვთის სადიდებლად და მოყვასის საცხოვნებლად მისეული სამწყემსო მოშურნეობა: "რა გიწოდოთ შენ - მიწათმოქმედი? დიახ, სულიერი მნიშვნელობით ეს სახელი შეგეფერება შენ, რამეთუ შენ აღმოფხვერი მთელი ლუკიის ოლქიდან ურწმუნოების ღვარძლი, ნაყოფიერ-ჰყავ გონიერი საძოვარნი, დასთესე მათზე ცოცხალი სიტყვა ღვთისმოსაობისა და, ვითარცა ამბარში, შეკრიბე სამკალი. გიწოდოთ შენ ხუროთმოძღვარი? არ შევცოდავთ, რამეთუ შენი სიტყვის იარაღით დაამსხვრიე წარმართთა სამსხვერპლოები - დემონთა ეს საბუდარები, აღაშენე ქრისტეს ეკლესიები, ააგე წმინდა ტაძრები მოწამეთა სახელზე და როგორც შრომისმოყვარე მიწათმოქმედმა, ნაყოფიერ ჰყავ ვენახი ესე, ხოლო სულის არქიტექტურით, როგორც ეკლესიის ბრძენმა არქიტეტორმა, დაამყარე იგი ჭეშმარიტი სარწმუნოების საძირკველზე, გიწოდოთ შენ მეომარი? ესეც სამართლიანი იქნება, რამეთუ უხილავ ძალებთან შებრძოლებისას შენ, ვითარცა ვინმე მხედართმთავარმა, ხელთ იპყარ სულიერი იარაღი: "მოირტყ წელი შენი ჭეშმარიტებითა, შეიმოსე ჯაჭვი იგი სიმართლისაი და შეისხ ფერხთა შენთა განმზადებულებაი იგი სახარებისა მის მშვიდობისაი" (ეფესელთა 6:14,15). ცხონების ჩაფხუტით იგერიებდი ვნებათა თავდასხმებს და კლდესავით მტკიცე და შეუძვრელი დარჩი. თავს იცავდი სარწმუნოების და შეურყეველი სასოების ფარით, იგერიებდი მტრისაგან ნასროლ ისრებს, დასცემდი მოწინააღმდეგეს შენი დარტყმებით და დაარღვევდი ყველა მათ მზაკვრობას, მამაცურად იცავდი მათგან შენს სამწყსოს".
მღვდელთმთავარ ნიკოლოზს, უპირველეს ყოვლისა, არ შეეძლო გულგრილად ეცქირა, თუ როგორ იღუპებოდა ლუკიის ოლქის მრავალი მკვიდრი კერპებისადმი უწმინდური მსახურებით. ლუკიაში მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო წარმართული ბომონები, რომლებიც მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს იზიდავდნენ. განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ აფროდიტეს კერპს, რომლის ურცხვი თაყვანისცემა საყოველთაოდ იყო გავრცელებული მცირე აზიაში. თვით მირონში თავს იწონებდა მისი მდიდრული ტაძარი. ტაძრის მსახური გარყვნილი ქურუმები დაუფარავად მრუშობდნენ და მრავალ მიმსვლელს აცთუნებდნენ. რა თქმა უნდა, ეს დიდად უშლიდა ხელს ქრიტიანობის გავრცელებას და აღაშფოთებდა მთავარეპისკოპოს ნიკოლოზს. ის ცდილობდა მის აღმოფხვრას, მაგრამ დიოკლეტიანეს და მისი მომდევნო წარმართი იმპერატორის ზეობის ჟამს, როცა წარმართობის აღორძინებას და ქრისტიანობის დათრგუნვას ცდილობდნენ, ცხადია, წარმოუდგენელი იყო კერპების მოსრვა. ამისთვის ხელსაყრელი დრო დადგა მხოლოდ წმინდა კონსტანტინე დიდის დროს, რომელმაც, როგორც ვთქვით, თავისი "მოძღვრება კერპთაყვანისმცემელთა ცდომილებაზე", აღმოსავლეთის ეკლესიების მმართველებს დაუგზავნა, კერპთაყვანისცემა ცდომილებად გამოაცხადა და ამით ირიბად მათი დანგრევის ნებართვა გასცა. წმინდა ნიკოლოზმა ისარგებლა ღვთისმოსავი იმპერატორის ნებართვით, ყველა წარმართული ბომონი დაამსხვრია, მათ შორის აფროდიტეს ტაძრის საძირკველიც ქარს გაატანა. ბომონთა რღვევას გონს მოჰყავდა წარმართები და ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას უერთებოდნენ.
მაგრამ იმპერატორ კონსტანტინეს დროს საკერპოების ნგრევის მერე წარმართებზე გავლენის დაკარგვით შეშფოთებული კაცთა მოდგმის მტერი არ წყვეტდა მზაკვრულ თავდასხმებს ქრისტეს ეკლესიაზე. მან მასში ჩათესა ერესის ღვარძლი, რომელიც მალე წამოიზარდა და უთანხმოებისა და განხეთქილების ნაყოფი გამოიღო. წმინდა ნიკოლოზის ბევრი თანამედროვე სხვადასხვა მწვალებლობის დამაარსებელი შეიქნა და დიდხანს გლეჯდნენ ქრისტეს ეკლესიას. მაგრამ გონების ამგვარი მიმოტაცება უცხო იყო მირონლუკიის ეკლესიის ღვთივგანათლებული მწყემსისთვის. მოციქულ კაცთა მემკვიდრე სულთა მწყემსი იმავე დროს მათი რწმენის უბრალოების მემკვიდრეც გახლდათ. ქრისტიანული ღვთისმოშიშების სრულყოფილებას მიუწვდომელში ჩაღმავებაში კი არ ხედავდა, არამედ ცდილობდა, შეცნობილი სწორად შეესრულებინა. მათ მსგავსად რწმენას საქმეებით აფასებდა და არა სიტყვებით. ცდილობდა, ეაზროვნა ისე, როგორც აზროვნებდნენ ჭეშმარიტად მორწმუნენი, ესწავლებინა ისე, როგორც ასწავლიდნენ წინა საუკუნეთა მამები. აი, ის სამეუფო გზა, რომლითაც წმინდა ნიკოლოზი თავადაც მიდიოდა და სამწყსოც თან მიჰყავდა.
მწვალებლებთან ურთიერთობისას, მათ მოსაქცევად, წმინდა ნიკოლოზი იქცეოდა მშვიდად და დიდსულოვნად, ვითარცა შვენის ქრისტეს ფარის ჭეშარიტ მწყემსს. წმინდა ანდრია კრიტელს ერთი შესანიშნავი მაგალითი მოჰყავს, თუ როგორ მოიყვანა გონს წმინდა ნიკოლოზმა ერთ-ერთი ერეტიკოსი: "როგორც ჰყვებიან, - მიმართავს ის მღვდელთმთავარ ნიკოლოზს, - ოდესღაც შენ, ქრისტეს ვენახის დათვალიერებას, მაშინ მარკიონელთა ეპისკოპოსს, ნეტარხსენებულ თეოგნეს შეხვდი. წმინდა წერილის სიტყვებით მანამდე ამხილებდი ცთომილებაში, ვიდრე იგი სიცრუიდან ჭეშმარიტებისაკენ არ მოაქციე. მაგრამ მხილების გამო ის გაღიზიანებას მალავდა. როგორც კი ეს შეამჩნიე, ხმა აიმაღლე, მისადმი ამა სამოციქულო შეგონებით: "მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა" (ეფესელთა 4:26). ძმაო ჩემო! შევრიგდეთ".
განსაკუთრებული ვნება ეკლესიას IV საუკუნეში არიოზის ერესისაგან მიადგა, რომელიც ძე ღვთისას ღვთაებრიობას უარყოფდა და მას მამა ღმერთის ერთარსად არ თვლიდა. ვერც მოციქულთასწორ კონსტანტინეს ბრძნულმა ზომებმა, ვერც ეკლესიის მამათა მამობრივმა ზრუნვამ ვერ შესძლო ამ ღვთის საწინააღმდეგო მოძღვრების აღმოფხვრა. მან ზვირთივით გადაუარა მთელ ქრისტიანულ სამყაროს. მის მისაღებად გადაიხარა თვით ევსევიც კი, რომელსაც პირველი საუკუნის ქრისტიანთა ისტორიის მოთხრობას ვუმადლით.
მოციქულთასწორ იმპერატორს არიოზის მწვალებლობით შეძრულ ქრისტიანულ სამყაროში მშვიდობის ჩამოგდება სურდა და ალექსანდრიის ეპისკოპოს ალექსანდრეს რჩევით, ცირკულარი (ირგვლივმოსავლელი ეპისტოლე) დაუგზავნა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს, და ისინი პირველ მსოფლიო კრებაზე მოიწვია. ეს კრება ბითვინიის მთავარ ქალაქ ნიკეაში ჩატარდა ქრისტესშობიდან 325 წელს. აქ, თვით იმპერატორის ხელმძღვანელობით, 318 ეპისკოპოსი შეიკრიბა, რომელთა შორის უპირველესი ადგილები ეკავათ ოსია კორდუბელს, ევსტათი ანტიოქიელს და მაკარი იერუსალიმელს. ამ კრებაზე, რომელიც დაახლოებით ორი თვე გრძელდებოდა, საყოველთაო საეკლესიო მსახურებაში შემოიღეს სარწმუნოების სიმბოლო, რომელიც შეავსო და განასრულა კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრებამ ქრისტეს შობიდან 381 წელს. გაკიცხულ იქნა მელეტი, რომელმაც საეკლესიო წესების დარღვევით მიიტაცა ეპისკოპოსობის უფლება. ბოლოს, ამავე კრებაზე უარყოფილ იქნა და საზეიმოდ ანათემას მიეცა არიოზის სწავლება და მისი მიმდევრები. რომელთა წინააღმდეგ განსაკუთრებით იღვაწეს წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა (რომელიც მაშინ დიაკონი იყო და მწვალებლებთან დაპირისპირების გამო მთელი სიცოცხლე იდევნებოდა მათგან) და წმინდა ნიკოლოზმა.
მაღალუსამღვდელოესი ინოკენტის თქმით: "წმინდა ნიკოლოზი, მიუხედავად ერეტიკოსთა მზაკვრობისა, მტკიცე დარჩა, როგორიც თავად ის რწმენა იყო, რომელსაც აღიარებდა. სხვა მღვდელთმთავარნი მართლმადიდებლობას თავიანთი განსწავლულობის დახმარებით იცავდნენ: წმინდა ნიკოლოზი სარწმუნოებას იმ რწმენით იცავდა, რომ ყველა ქრისტიანს, დაწყებული მოციქულებიდან, მუდამ სწამდათ იესო ქრისტეს ღმერთობა. ყველასთვის ცნობილმა მისეული ცხოვრების სიწმინდემ, თვით მტრებისგან აღიარებულმა, მისი ზრახვების სიუფთავემ, სასწაულთმოქმედების ნიჭმა, რომელიც ღვთის სულთან მის უშუალო ურთიერთობაზე მეტყველებდა, ის ქმნა, რომ წმინდა ნიკოლოზი ნიკეას კრების მშვენება გახდა და დაიმსახურა ეკლესიის მიერ კანონად სარწმუნოებისად წოდებულიყო. ჩვენამდე მოაღწია გარდამოცემამ (დიმიტრი როსტოველის თქმით, ამის შესახებ იოანე სტუდიის მონაზონი მოგვითხრობს), რომ კრების ერთ-ერთ სხდომაზე წმინდა ნიკოლოზმა ვერ დაითმინა არიოზის ღვთისგმობა და ყველას თანდასწრებით ერეტიკოსს სილა გააწნა. კრების დამსწრე მამებმა ასეთი საქციელი ზედმეტ მოშურნეობად ჩათვალეს, წმინდა ნიკოლოზს სამღვდელმთავრო ომოფორი ჩამოართვეს და კოშკში ჩაამწყვდიეს. მაგრამ მალე ყველანი ღვთის სათნომყოფლის ამგვარი საქციელის სისწორეში დარწმუნდნენ, რამეთუ კრების ზოგიერთ მონაწილეს ჰქონდა ხილვა: უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის რჩეულს წმინდა სახარება გადასცა, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მხრებზე ომოფორი მოახვია. ამ ხილვის მერე წმინდა ნიკოლოზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ძველი ხარისხი დაუბრუნეს და პატივი მიაგეს, როგორც ღვთის უდიდეს სათნომყოფელს.
ნიკეის ეკლესიის ადგილობრივმა გარდამოცემამ "დღევანდელ დღემდე" არა მარტო ერთგულად შემოინახა, წმინდა ნიკოლოზის ხსოვნა, არამედ მკვეთრად გამოჰყო იგი კრების 318 მამიდან, რომელთაც ყველას უკლებლივ თავის მფარველებად მიიჩნევს. ცნობილი მოგზაური მურავიოვი ნიკეის ღირსშესანიშნაობის აღწერისას გადმოსცემს ზემოთ მოთხრობილ ამბავს, რომელიც, მისივე თქმით, თვით "თურქებმა შემოინახეს - უდიდეს პატივს სცემენ წმინდა ნიკოლოზს".
კრებიდან დაბრუნების მერე წმინდა ნიკოლოზმა გააგრძელა ნაყოფიერი მწყემსმთავრული მოღვაწეობა ქრისტეს ეკლესიის მოსაწყობად: რწმენაში განამტკიცებდა ქრისტეანებს, წარმართებს მოაქცევდა, მწვალებლებს შეაგონებდა. "მათგან მრევლს იხსნიდა დაღუპვისაგან, არ უშინდებოდა ერეტიკოსთა თავდასხმებს და ქრისტეს სიტყვიერ ცხოვართაგან განსდევნიდა ამ მტაცებელ მგლებს" (წმინდა ანდრია კრიტელი).
ამგვარი თანაგრძნობითა და მზრუნველობით ეპყრობოდა ის თავისი სამწყსოს გასაჭირს და მათ ხორციელ საჭიროებაზეც ზრუნავდა. აი, მსგავსი ზრუნვის ერთი მაგალითი. ლუკიის ქალაქში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა. მირონში თითქმის აღარაფერი იშოვებოდა და ბევრ ქალაქელს ძალზე გაუჭირდა. კიდევ ცოტა ხანი და, ეს სამწუხარო მდგომარეობა, შეიძლება დიდ სახალხო უბედურობაში გადაზრდილიყო. მაგრამ წმინდა ნიკოლოზის დროულმა სასწაულებრივმა შეწევნამ ქალაქი და ქვეყანა დაიხსნა:
ერთმა ვაჭარმა იტალიაში ხომალდი ხორბლით დატვირთა. მან ზღვაში გასვლის წინ ძილში იხილა წმინდა ნიკოლოზი, რომელმაც უბრძანა, ლუკიის ქვეყნისკენ გაეცურა და იქ გაეყიდა ხორბალი; ბედ კი სამი ოქროს მონეტა გადასცა. ვაჭარს გამოეღვიძა და, თავისდა გასაოცრად, მართლაც ხელთ წმინდა ნიკოლოზის მიერ მიცემული ის ოქროს მონეტები ეჭირა. ამის მერე თავის ვალად ჩათვალა, ძილში გამოცხადებული წმინდა მამის ნება შეესრულებინა, მირონისკენ გასცურა, სადაც ხორბალი გაყიდა და თან ყველას უამბო თავისი გასაოცარი ხილვის ამბავი. მირონქალაქელებმა ეს რომ შეიტყვეს, მხურვალე მადლობა შესწირეს უფალს და წმინდა სათნომყოფელს, ასე სასწაულებრივად რომ დაიხსნა ხალხი შიმშილით სიკვდილისაგან.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
თავი 7
წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზი მტრების შემრიგებელი და უდანაშაულოდ მსჯავრდადებულთა ძალმოსილი დამცველი. ჯანყის დაცხრობა
პლაკომატში. ქალაქ მირონის სამი უდანაშაულოდ მსჯავრდებული მოქალაქის სასჯელისაგან გამოხსნა. სამი მხედართმთავრის - ნეპოტიანეს, ურსასა და ერპილიონის სიკვდილით დასჯისაგან დახსნა. სასწაულებრივი შეწევნა ეგვიპტისკენ მცურავი მეზღვაურებისა
წმინდა ნიკოლოზი, თავისი სიწმინდით, უდიდესი პატივისცემითა და გავლენით სარგებლობდა. ჯერ კიდევ სიცოცხლეში სახელი გაითქვა როგორც მტრების შემრიგებელმა, უდანაშაულოდ დასჯილთა ძალმოსილმა დამცველმა და საკვირველმა მეოხმა და უაზრო სიკვდილისაგან გამომხსნელმა.
შემორჩენილია გარდამოცემები მის მიერ გადამტერებულთა შერიგებისა და უდანაშაულოდ დასჯილთა მეოხებისა.
კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ფრიგიაში (ლუკიის ჩრდილოეთით მდებარეობდა) ამბოხმა იფეთქა. მის ჩასაქრობად კონსტანტინემ სამი მხედარმთავრის, ნეპოტიანეს, ურსასი და ერპილიონეს წინამძღოლობით, ჯარი გაგზავნა. არმია გემებზე დასხეს და კონსტანტინოპოლიდან გავიდნენ, მაგრამ ზღვის ძლიერი ღელვის გამო ფრიგიამდე ვერ მიაღწიეს და გაჩერდნენ ლუკიაში, ადრიატიკის სანაპიროსთან, სადაც ქალაქი მდებარეობდა.
ზღვა დიდხანს შფოთავდა, ამიტომ აქ დიდხანს მოუწიათ დარჩენა. ამასობაში ჯარს საკვები გამოელია. ჯარისკაცები ხშირად გადადიოდნენ ნაპირზე და ადგილობრივ მოსახლეობას სანოვაგეს ართმევდნენ. ასეთი საქციელი ხალხს აღაშფოთებდა და ერთხელაც პლაკომატში ადგილობრივებსა და ჯარს შორის სისხლიანი შეტაკება მოხდა.
როცა წმინდა ნიკოლოზმა პლაკომატის ჯანყის ამბავი შეიტყო, მაშინვე იჩქარა მის ჩასაქრობად. ყველასთვის საყვარელი მღვდელმთავრის გამოჩენისას მოდავეთა კამათი შეწყდა და ყველანი ერთად გაეშურნენ მის შესახვედრად ადგილობრივი მკვიდრნიც და მეომრებიც, მხედართმთავრებთან ერთად. როცა ამ უკანასკნელთაგან შეიტყო, რომ ისინი ფრიგიაში ჯანყის ჩასახშობად მიდიოდნენ წმინდა ნიკოლოზმა ჯარისკაცებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სთხოვა, რომ აქაურები არ გაენაწყენებინათ, მერე ისინი ქალაქში მიიპატიჟა და მეგობრულად გაუმასპინძლდა.
პლაკომატში წმინდა ნიკოლოზთან რამდენიმე მირონქალაქელი მივიდა და სამი უდანაშაულო თანამოქალაქის დახმარება სთხოვა - შურიან კაცთაგან მოსყიდულმა ქალაქის თავმა ევსტატემ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანაო. თან დაუმატეს, - ევსტატე ასეთ უსამართლობას და უსჯულოებას არ ჩაიდენდა, პატივცემული მღვდელთმთავარი ქალაქში რომ ყოფილიყოო.
ქალაქის თავის უსამართლობით შეწუხებული წმინდა ნიკოლოზი მაშინვე მირონში გაემგზავრა, რათა მოესწრო უსამართლოდ დასჯილთა გადარჩენა და მეფის სამ მხედარმთავარს გაყოლა სთხოვა. ლევად წოდებულ ადგილს რომ მიაღწიეს, უთხრეს, - განსასჯელები დიოსკურეს ველზე გაიყვანეს სიკვდილით დასასჯელადო. მღვდელთმთავარმა ნაბიჯს აუჩქარა და მიადგა წმინდა კრისკენტის ეკლესიას. მინდორი ხალხით იყო სავსე, განსასჯელებს გარს შემორტყმოდნენ. ისინი უკვე გაემზადებინათ სიკვდილით დასასჯელად: ხელები შეკრული ჰქონდათ, სახე დაფარული, მუხლნი მოდრეკილი, კისრები კი გაშიშვლებული მახვილისთვის მოედრიკათ. ჩანდა, რომ კაცობრივი შეწევნა შუძლებელი იყო. ამ გადამწყვეტ მომენტში გამოჩნდა წმინდა ნიკოლოზი. მან ჯალათს ხელიდან გამოსტაცა მახვილი, მიწაზე დააგდო და გაათავისუფლა უდანაშაულონი. იქ მყოფთაგან ვერავინ გაბედა მისი შეჩერება, ყველანი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის ყველაფერს ღვთის ნებით აკეთებდა. სიკვდილის კარიბჭესთან მდგარი და ბორკილთაგან განთავისუფლებული ეს სამი კაცი სიხარულის ცრემლებით ტიროდა, ხალხი კი ხმამაღლა ადიდებდა ღვთის კაცს მისი მეოხებისთვის.
ამასობაში დასჯის ადგილას ქალაქის თავი ევსტატეც მივიდა. მან იხილა ღვთისკაცის სიმართლე, შეიცნო თავისი დანაშაული და იმის შიშით, რომ შეიძლებოდა მეფეს დაესაჯა, წმინდა ნიკოლოზს მუხლებში ჩაუვარდა და მიტევებას ევედრა. მაგრამ, ბოროტი სულის შთაგონებით, არ სურდა თავი დამნაშავედ ეღიარებინა და თავის დანაშაულს ქალაქის ორ უხუცესს - სიმონიდსა და ევდოქსის აბრალებდა. ამგვარი სიცრუე არ დაიფარა წმინდა ნიკოლოზისგან, რომელიც ხედავდა რა ევსტატეს სიჯიუტეს, სურდა, მის შესახებ მეფისთვის მოეხსენებინა. ბოლოს, ევსტატემ გულწრფელად აღიარა თავისი დანაშაული - იმ სამისთვის სიკვდილის მისჯა მისი საქმე იყო და აცრემლებული წმინდა ნიკოლოზს შენდობას სთხოვდა. ღვთის სათნომყოფელმა ახლა უკვე მიიღო მისი სინანული და შეუნდო.
იქ მყოფ სარდლებს უკვირდათ წმინდა ნიკოლოზის ამგვარი მოშურნეობა და ძალმოსილება, და ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ერთ დროს მათაც დასჭირდებოდათ წმინდა ნიკოლოზის ამგვარი მეოხება. დაემშვიდობნენ უფლის მღვდელთმთავარს, გზა დაალოცინეს, სწრაფად და წარმატებით ჩააცხრეს ჯანყი ფრიგიაში და ამით გახარებულები დაბრუნდნენ შინ. მეფე დიდად გახარებული დარჩა აჯანყების სწრაფი ჩაქრობით და მხედარმთავრები ძღვენითა და პატივით აავსო. საუბედუროდ, მათ ძლიერი მტრები ჰყავდათ.
ამ სამი სარდლისადმი მეფის კეთილგანწყობამ, მათი მტრების გულები შურით აღანთო და გადაწყვიტეს მათი დაღუპვა. მათ მხედარმთავრებს კონსტანტინოპოლის მმართველთან, ევლავიოსთან ცილი დასწამეს, თითქოს მათ მეფეს უღალატეს და მისი დამხობა სურდათ. ოქროთი მოქრთამულმა ევლავიოსმა დაიჯერა მათ ცილისწამება მეფე მხედართმთავრების ღალატში დაარწმუნა. სარდლების უმადურობით აღშფოთებულმა მეფემ ბრძანა, მათთვის ბორკილები დაედოთ და საპყრობილეში ჩაემწყვდიათ.
რამდენიმე ხნის მერე მხედართმთავრების მტრებმა, იმის შიშით, რომ საქმის გამოძიებისას, მათი ცილისწამება არ გამომჟღავნებულიყო, ახალი საჩუქრებით "აიძულეს" ევლავიოსი იმპერატორისთვის მხედართმთავართა სასწრაფოდ სიკვდილით დასჯა ეთხოვა. მოწყენილი და სევდიანი გამოცხადდა მთავარი მიფესთანაც. "არცერთ ტუსაღს სინანული არ სურს, - უთხრა მან მეფეს, - პირიქით, ისინი მტკიცე არიან თავის განზრახვაში და დიდად გაბოროტებულნი შენს წინააღმდეგ. მეფეო, ბრძანე, სასწრაფოდ სიკვდილით დაისაჯონ ისინი, რათა მათ თავიანთი განზრახვა არ აასრულონ შენს წინაარმდეგ". ხელმეორედ შეცდომაში შეყვანილი მეფე საშინლად განრისხდა და ბრძანა, მეორე დილას სასწრაფოდ სიკვდილით დაესაჯათ "მოღალატენი". პირველმა ამის შესახებ განსასჯელებს საპყრობილის დარაჯმა ამცნო. ეს უკანასკნელი ძალზე სწუხდა მომხდარზე, დარწმუნებული იყო სიკვდილით დასჯილთა უდანაშაულობაში და მწარედ დასტიროდა მათთან მოსალოდნელ განშორებას.
შეიტყვეს სარდლებმა განაჩენი. იცოდნენ, დამნაშავენი არ იყვნენ. სასოწარკვეთილნი ტანზე სამოსს იხევდნენ და თმას იგლეჯდნენ. "რომელ მტერს შეშურდა ჩვენი ცხოვრება? - ამბობდნენ, - რისთვის ვიხოცებით, როგორც ბოროტმოქმედნი? ასეთი რა ჩავიდინეთ, რომ სიკვდილით ვისჯებით?" უდანაშაულობის მოწმედ მოუხმობდნენ ყველა ნათესავს, ნაცნობს და თვით ღმერთს.
საბედნიეროდ, ერთმა მხედარმთავარმა, ნეპოტიანემ, გაიხსენა, თუ როგორ იხსნა წმინდა ნიკოლოზმა სამი უდანაშაულო მირონელი სიკვდილისაგან. მტკიცე იმედით, რომ უდანაშაულოთა საკვირველი გამომხსნელი არც მათ დატოვებდა შეწევნის გარეშე, უფალს მიმართეს მხურვალე ლოცვით და წმინდა ნიკოლოზის მეოხებით შეწევნა სთხოვეს. შეისმინა კაცთმოყვარე ღმერთმა და თავისი სათნომყოფლის, ნიკოლოზის ლოცვით იხსნა ისინი სიკვდილისაგან. იმავე ღამეს წმინდა ნიკოლოზი ძილში გამოეცხადა მეფეს და მრისხანედ მიმართა: "გაათავისუფლე საპყრობილიდან სამი სარდალი. ისინი უდანაშაულოდ არიან მსჯავრდადებულნი და არაფრის გამო იტანჯებიან". შემდეგ მოუთხრო მეფეს, თუ როგორ დასწამეს ცილი მათ და დასძინა: "თუ შენ ყურად არ იღებ ჩემს ნათქვამს და არ გაუშვებ მათ, ისეთსავე ჯანყს ავტეხავ, როგორიც ფრიგიაში იყო და დაიღუპები".
გააოცა მეფე ამ საკვირველი კაცის ხელმწიფებით ნათქვამმა, ვერ ხვდებოდა, თუ როგორ შესძლო მან სასახლეში შეღწევა და ჰკითხა: "ვინ ხარ, რომ ომითა და სიკვდილით მემუქრები?" "მე ნიკოლოზი ვარ, მირონლუკიის მიტროპოლიის მღვდელთმთავარი", - იყო პასუხი. მეფეს გაეღვიძა და საფიქრალში ჩავარდა, - რას ნიშნავს ეს ყოველივეო. იმავე ღამეს წმინდა ნიკოლოზი ევლავიოსსაც გამოეცხადა ძილში და უდანაშაულოდ დასჯილი მხედარმთავრების დასჯა მოსთხოვა.
დილით იმპერატორმა ევლავიოსს მოუხმო და შეიტყო, რომ მასაც იგივე რამ ენახა სიზმრად, ბრძანა, - დაპატიმრებული მხედარმთავრები მომიყვანეთო. "ეს რა ჯადო გამიკეთეთ, - ჰკითხა მკაცრად, - როგორ მოახერხეთ წუხელ, ძილში, ჩემთან კაცი გამოგეგზავნათ, რომელიც მრისხანედ ითხოვდა თქვენს განთავისუფლებას და თუ ამას არ გავაკეთებდი, შინაომით და სიკვდილით მემუქრებოდა?" მხედარმთავრები, რომელთაც არაფერი იცოდნენ სიზმრეული ჩვენების შესახებ, საგონებელს მიეცნენ და როცა იმპერატორმა უფრო მშვიდად უბრძანა სიმართლის გამხელა, მათ უთხრეს: "მეფეო, ჩვენ არასოდეს მიგვიმართავს ჯადოქრობისთვის და შენს წინააღმდეგ ცუდის ქმნა გუნებაშიც არ გაგვივლია. თუ ვტყუოდეთ, მაშინ დაე, ჩვენთან ერთად მთელი ჩვენი მოდგმა დაისაჯოს! ჩვენი მეფის სიყვარულსა და პატივისცემას ბავშვობიდანვე მივეჩვიეთ, რათა ძალისა და შესაძლებლობის მიხედვით გემსახუროთ და დაგიმტკიცეთ კიდეც ერთგულება ფრიგიაში ამბოხის ჩახშობით. ამისთვის შენ დაგვაჯილდოვე, ახლა კი, მტრების წყალობით, უდანაშაულოდ დაგვდეს მსჯავრი და ტყუილუბრალოდ ვიტანჯებით. შენი საწინააღმდეგო არაფერი გვიფიქრია და არც ჩაგვიდენია".
მეფემ მოისმინა ეს აღსარება. სინანულში ჩავარდა, რომ სიკვდილით სჯიდა ერთგულ მსახურებს, რომლის გამოც ღვთის საშინელ სამსჯავროზე პასუხისგება მოუწევდა. მოწყალედ და ალერსიანად დაუწყო საუბარი მხედართმთავრებს. ამ დროს რაღაც უჩვეულო რამ მოხდა! სარდლებს თვალწინ წმინდა ნიკოლოზის ხატება წარმოუდგათ, რომელიც მეფის გვერდით იჯდა და ხელის მოძრაობით მათ წყალობას და მიტევებას ჰპირდებოდა. ამას ისინი ხედავდნენ, მეფე და ევლავიოსი კი ვერა. მაშინ მხედარმთავრებმა ხმამაღლა წამოიძახეს: "ღმერთო ნიკოლოზისავ, რომელმაც მირონ-ქალაქში სამი მართალი კაცი სიკვდილისაგან დაიხსენ, განგვაშორე ჩვენც ამ უბედურებას!" გაოცებული იმპერატორი დაეკითხა: - ვინ არის ეს ნიკოლოზი და მან სიკვდილისაგან ვინ გადარჩინაო. ნეპოტიანემ ყოველივე მოუთხრო. მეფე წმინდა ნიკოლოზის მოშურნეობამ გააოცა და ცილდაწამებული სარდლები გაათავისუფლა. "თქვენ თავისუფლები ხართ, - უთხრა მათ მეფემ, - მაგრამ მე კი არ გჩუქნით სიცოცხლეს, არამედ ღვთის დიდებული მსახური, მღვდელთმთავარი ნიკოლოზი, რომელსაც თქვენ მოუხმობდით შეწევნისათვის. წადით მასთან, მადლობა გადაუხადეთ, და ჩემგან გადაეცით, რომ მისი ბრძანება აღვასრულე". ამასთან, მეფემ მთავარეპისკოპოს ნიკოლოზთან სახარება და სხვა საჩუქრები გაატანა ეკლესიისთვის.
წმინდა ნიკოლოზის გამოქომაგებით გარდაუვალ სიკვდილს გადარჩენილი მხედარმთავრები განთავისუფლებისთანავე მირონლუკიისკენ გაეშურნენ. მათ, უპირველეს ყოვლისა, მხურვალე მადლობა გადაუხადეს მღვდელთმთავარს მისი სასწაულებრივი შეწევნისათვის. გადასცეს სამეფო ძღვენი, გლახაკებს უამრავი მოწყალება დაურიგეს და კეთილი მწყემსის ლოცვა-კურთხევით შინ მშვიდობით დაბრუნდნენ.
წმინდა ნიკოლოზი თავის სიცოცხლეში იმ ადამიანებსაც შეეწეოდა, რომლებიც მას არ იცნობდნენ და თვალითაც არ ენახათ და რწმენით მიმართავდნენ შეწევნისათვის. წმინდა ნიკოლოზი განმზადებული იყო, შესწეოდა ადამიანებს ცხოვრების უმძიმეს წუთებში! აი, ერთი მაგალითი მრავალრიცხოვან შემთხვევათაგან:
ეგვიპტიდან ლუკიისკენ მიმავალი ხომალდი საშინელ ქარიშხალში მოხვდა: ძლიერმა ქარმა დაფლითა აფრები და ხომალდი დააზიანა; ტალღებმა თითქმის წყლით აავსეს გემი. მეზღვაურებს გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. საბედნიეროდ, ამ გადამწყვეტ მომენტში მათ გადამრჩენელი აზრი მოუვიდათ, ლოცვით მიემართათ წმინდა ნიკოლოზისთვის, რომელიც არც კი ენახათ, მაგრამ გაეგონათ რომ იგი განსაცდელში ჩავარდნილთა მსწრაფლშემწე იყო. ღვთის კაცის შეწევნის იმედმაც არ უმტყუნა მათ. მეზღვაურებმა ლოცვა რომ დაასრულეს, მათ გამოეცხადათ წმინდა ნიკოლოზი, საჭესთან დადგა და უთხრა: "მომიხმეთ და მოვედი დასახმარებლად, ახლა ნუღარ გეშინიათ!" და ხომალდის მართვა დაიწყო. ღვთის წმინდანის ნებით, ქარი ჩადგა, ზღვა დაწყნარდა. ასეთი ძლიერი რწმენა ჰქონდა წმინდა ნიკოლოზს, რწმენა, რომელზეც თვით უფალმა ბრძანა: "რომელსა რწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს"(იოანე 14:12). რწმენით უბრძანა მან ზღვასა და ქარს და ისინი ემორჩილებოდნენ მას. ზღვის ღელვის დაცხრობის მერე წმინდა ნიკოლოზის ხატება უჩინო შეიქმნა. მეზღვაურებმა ზურგქარით ისარგებლეს, მშვიდობიანად მისცურეს ქალაქ მირონამდე და მღვდელთმთავრისადმი ღრმა მადლიერებით აღვსილებმა თავი მოვალედ ჩათვალეს, მისულიყვნენ მასთან და მადლობა გადაეხადათ. შეხვდნენ მღვდელთმთავარს, მაშინ როცა იგი ტაძრისკენ მიდიოდა, ჩაუვარდნენ ფეხებში თავიანთ გადამრჩენელს და გულწრფელი მადლობა შესწირეს.
ღვთის საკვირველმა სათნომყოფელმა იხსნა ისინი ხორციელი უბედურებისა და დაღუპვისაგან, თავისი გულმოწყალებით მოინდომა მათი სულიერი სიკვდილისაგან დახსნა. თავისი მჭვრეტელი თვალით მან მეზღვაურთა სულებში შეაღწია და ისინი მრუშებით დასნეულებული იხილა, რომელიც ასე განაშორებს ადამიანს ღმერთსა და მის წმინდა მცნებებს. ამიტომაც მღვდელთმთავარმა იზრუნა, მამობრივი შეგონებით ეხსნა ისინი ამ ცოდვისა და საუკუნო წარწმედისაგან. "ჩაუკვირდით თქვენს თავს, - უთხრა მათ, - განიწმინდეთ გულნი და გულისთქმანი თქვენი, რათა სათნო ეყოთ ღმერთს. თუ თქვენ შეგიძლიათ რაიმე დამალოთ კაცთაგან, და მძიმე ცოდვების ჩამდენნი, მათ წინაშე სათნოებათა მოქმედებათაც რომ გამოჩნდეთ, ღვთისაგან მაინც ვერაფერს დამალავთ. აუცილებელია მკაცრად დავიმარხოთ სულიერი და ხორციელი სიწმინდე, რამეთუ პავლე მოციქულის სწავლებით: "ტაძარნი ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქვენს შორის" (1 კორინთელთა 3:16). მისცა მეზღვაურებს სულის მარგებელი რჩევები, თუ როგორ უნდა მორიდებოდნენ სამარცხვინო ცოდვას, უფლის მღვდელთმთავარმა ლოცვა-კურთხევით გაისტუმრა ისინი სახლებში.
სხვა უამრავი სასწაულებით უფრო და უფრო განითქვა წმინდა ნიკოლოზის სახელი: მას შეწევნისთვის მოუხმობდნენ შორს მცხოვრები ადამიანები, ისინიც, ვისაც არასოდეს ენახა იგი და არა მხოლოდ მორწმუნეები, ურწმუნოებიც კი. წმინდა ნიკოლოზი კი საკვირველი შეწევნით პასუხობდა ყველას, ვისაც დახმარება სჭირდებოდა: ამასთან, სხვადასხვა ხორციელი შეჭირვებისა და უძლურებისგან გამოხსნილთ, ცოდვათა გამო სინანულში აღძრავდა და ცხოვრების გამოსწორების სურვილს უჩენდა. წმინდა ანდრია კრიტელის მოწმობით, "ჯერ კიდევ ხორცში მყოფი, ვიდრე ქრისტესადმი მიიცვალებოდა, წმინდა ნიკოლოზი ეცხადებოდა სხვადასხვანაირ განსაცდელში მყოფთ და მსწრაფლ შეეწეოდა, სიკვდილის მსხვერპლთ მისი ხახიდან გამოიტაცებდა". მისი სიტყვა მოყვასისადმი მამობრივ სიყვარულს, ზეკაცობრივ სიბრძნეს გამოხატავდა და საოცარი ძალმოსილებით მოქმედებდა; ასწავლიდა არა იმდენად სიტყვით, რამდენადაც საქმეებით, რომელთაც ღვთაებრივი ძალა და მნიშვნელობა ჰქონდა. თავისი ღვთისმოსავი ცხოვრებით მირონქალაქში ბრწყინავდა, ვითარცა ცისკრის ვარსკვლავი შორის ღრუბელთა, ვითარცა ბადრი მთვარე აღვსების ჟამს. ქრისტეს ეკლესიისთვის იგი იყო ვითარცა მზე გაბრწყინვებული და განამშვენებდა მას, ვითარცა წყაროსთან ამოსული შროშანი, და იყო მისთვის ვითარცა მირონი კეთილსურნელოვანი.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
თავი 8
წმინდა მღვდელთმთავარ ნიკოლოზის ნეტარი აღსასრული. მირონლუკიის ეკლესიის ბედი და წმინდა ნიკოლოზის სამარე
უფალმა ღირს ჰყო ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი ადამიანური ბუნებისათვის ვალის მოხდისა. ხანმოკლე ავადმყოფობის მერე იგი აღესრულა და სიხარულით წარვიდა ნეტარ ცხოვრებაში. სული მისი, როგორც ღვთის დიდი წმინდანისა, უფლის ანგელოზებმა მიჰგვარეს უფალს, ხოლო მისი პატიოსანი სხეული ლუკიის ქვეყნის მრავალირცხოვანმა კრებულმა, ეპისკოპოსებმა, მონაზვნებმა, ერისკაცებმა 6 დეკემბერს მირონის ეკლესიის საკრებულო ტაძარში დაკრძალეს. თავისი ამქვეყნიური სიცოცხლის მანძილზე წმინდა ნიკოლოზი კაცთა მოდგმის კეთილისმყოფელი იყო და გარდაცვალების მერეც ასეთად დარჩა. უფალმა მისი სხეული უხრწნელი დასტოვა და განსაკუთრებული სასწაულთქმედების ძალა მიანიჭა. მისმა წმინდა ნაწილებმა დაიწყო მირონდენა, რომელსაც საკვირველმოქმედების მადლი აქვს. წმინდა ნიკოლოზი მირონცხებით კურნავს ყველა, როგორც ხორციელი, ისე სულიერი სნეულებისაგან, განსდევნის არაწმინდა სულებს, რომელსაც წმინდა მღვდელთმთავარი სიცოცხლეშივე ამარცხებდა.
****
აღსანიშნავია მირონქალაქისა და მასთან ერთად მისი საკრებულო ტაძრის ხვედრი, სადაც წმინდა ნიკოლოზი იყო დაკრძალული.
სარკინოზთა შემოსევისას, რომელიც განსაკუთრებით XI საუკუნეში გაძლიერდა, ქრისტიანული აღმოსავლეთის მრავალი ქალაქი მახვილმა და ცეცხლმა მოსრა, მათ შორის მირონქალაქი და წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი სიონის ეკლესიაც. ტაძრის განადგურების პროცესი წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების იტალიის ქალაქ ბარიში გადასვენების მერე უფრო გაძლიერდა. 1850 წელს ქალაქ მირონის ტაძარი და წმინდა ეკლესია მოინახულა ცნობილმა მოგზაურმა მურავიოვმა. სამშობლოში დაბრუნებულმა ბევრი იზრუნა წმინდა ნიკოლოზის ტაძრის აღსადგენად.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
თავი 9
წმინდა მღვდელმთავრისა და სასწაულთმოქმედის, ნიკოლოზის წმინდა ნაწილთა გადასვენება მირონლუკიიდან ქალაქ ბარში
გავიდა 700 წელი ღვთის კაცის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ნეტარი აღსრულებიდან. მისი მშობლიური ლუკია სარკინოზთა სათარეშოდ იქცა - ცეცხლითა და მახვილით არაერთხელ ააოხრეს. XI საუკუნის ბოლოს დააცარიელეს რომის იმპერიის აღმოსავლეთის ოლქები ხერსონიდან და ანტიოქიიდან იერუსალიმამდე. გზად ქალაქები, სოფლები, ეკლესიები და მონასტრები ცეცხლსა და მახვილს მისცეს, მოსახლეობა ტყვედ მიჰყავდათ, ხოცავდნენ და მიმოფანტავდნენ, მათ ნაკვალევზე მხოლოდ ნაცარი და ფერფლი რჩებოდა. არაბებმა მირონქალაქიც გააუდაბურეს: მოსახლეობის ნაწილი ძველი ქალაქიდან 13 სტადიონზე (დაახლოებით 2,6 კმ) გადასახლდა, თუმცა ძველ ქალაქში, წმინდა სიონის ტაძარში, ჯერ კიდევ ინახებოდა პატიოსანნი ნაწილნი მსწრაფლშემწე წმინდა ნიკოლოზისა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე მონაზონი იცავდა. "ნუთუ, - კითხულობს წმინდა ნიკოლოზის ნაწილთა გადასვენების ჟამთააღმწერელი, - ღირსსა და დიდებულ მღვდელთმთავარს, ღვთის სათნომყოფელ ნიკოლოზს, არ შეეძლო უფლისთვის ეთხოვა, რომ არ დაეღუპა ქალაქი მირონი და არ დაცარიელებულიყო ეკლესია, სადაც მისი წმინდა ნაწილები იყო დავანებული? რა თქმა უნდა, შეეძლო, მაგრამ ეს უბედურება ჩვენი ცოდვების გამო მოგვევლინა, რომლითაც განვამწარეთ უფლის დიდმოთმინება და იგი ჩვენსავე კურნებას უნდა მოემსახუროს".
ღვთის კაცის წმინდა ნაწილებით სახელგანთქმული ქალაქის დაქცევის მერე უფალმა ინება, რომ ეს წმინდა ნეშტი დასავლეთით, ხალხმრავალ ქალაქ ბარში გადასვენებულიყო. "რათა, - წერს წმინდა დიმიტრი როსტოველი, - ასეთი მსოფლიო მნათობის წმინდა ნაწილნი, რომლის სულიც ზეციურ ნათელში შესაფერის პატივს მიიღებს, დედამიწაზე უპატივცემულო, ხვიმირის ქვეშ არ დარჩენილიყო და რათა მისგან მომდინარე სასწაულებრივ კურნებათა წყარო არ დაწყვეტილიყო". წმინდა ნაწილთა გადასვენება კი ამგვარად მოხდა: 1097 წელს, ბერძენთა მეფის და კონსტანტინოპოლის მფლობელის ალექსი I კომნენოსის (1081-1118) და მისი პატრიარქის ნიკოლაოს III გრამატიკოსის(1083-1111), დროს წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზი ძილში გამოეცხადა აპულიის ქალაქ ბარის ერთ-ერთ პატიოსან და ღვთისმოსავ მღვდელს. ქალაქი ბარი 200 წელი ეპყრათ ბერძნებს და მანამდე ცოტა ხნით ადრე დაიმორჩილეს ნორმანებმა. წმინდა ნიკოლოზმა მას უთხრა: - "წადი და უთხარი სასულიერო პირებსა და ერისკაცებს, ლუკიის ქალაქ მირონიდან ჩემი ნაწილები ამ ქალაქში გადმოასვენონ, რამეთუ უფლისთვის არ არის სათნო, მე იქ უდაბნოში ვრჩებოდე". მღვდელი დილითვე წავიდა ეკლესიაში და ხილვის შესახებ ეკლესიის მსახურებს და მრევლს მოუთხრო. ყველა გაახარა მათზე მოწეულმა ღვთისა და ღვთის სათნომყოფლის, წმინდა ნიკოლოზის დიდმა წყალობამ. მაშინვე გაამზადეს სამი ხომალდი და წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილთა წამოსაღებად, მღვდლები, ეკლესიის მსახურნი და სხვა ღვთისმოსავი და ღვთისმოშიში კაცები. ხომალდებმა ქალაქ მირონისკენ გასცურა, დასავლელი ისტორიკოსის, სიგებერტის ცნობით, წმინდა ნაწილთა წამოსაღებად, მეზღვაურებისა და მონების გარდა, 47 კაცი წასულა. წარგზავნლებს ეშინოდათ, რომ ვინმეს არ დაესწრო და წაეღო მათთვის ღვთის მიერ განკუთვნილი ეს უძვირფასესი განძი, ამიტომაც მოგზაურობის მიზანი დამალეს და ვითომ სავაჭროდ განემზადნენ - ხომალდები ხორბლით დატვირთეს. მშვიდობიანად მისცურეს ანტიოქიამდე, იქ ხორბალი გაყიდეს და სხვა საქონელი იყიდეს, აქაოდა, ვაჭრობის გაგრძელებას ვაპირებთო. მაგრამ, აქ უსიამოვნო ამბავი შეიტყვეს, - ვენეციელ ვაჭრებს, რომლებიც ამ დროს ანტიოქიაში იმყოფებოდნენ, განეზრახათ, მირონში გამგზავრება და წმინდა ნიკოლოზის ნაწილების თავიანთ ქალაქში გადასვენება. ბარელებმა გადაწყვიტეს, მათთვის დაესწროთ, სასწრაფოდ დატოვეს ანტიოქია, ზურგის ქარის წყალობით მშვიდობიანად მიაღწიეს ლუკიის ნაპირს და ანდრიაკეში, ქალაქ მირონის ნავსადგურში, ჩაუშვეს ღუზა.
ხმელეთზე ორი იერუსალიმელი მწირი გადასვეს, ერთი წარმოშობით ბერძენი, მეორე კი ფრანგი. მათ უნდა გაეგოთ, წმინდა ნიკოლოზის საფლავის სიახლოვეს თურქები იყვნენ თუ არა - თურქებს მათთვის ხელის შეშლა შეეძლოთ. მწირებმა ქალაქში საეჭვო ვერაფერი ნახეს, მხოლოდ ოთხი მონაზონი იყო იმ ტაძარში, სადაც წმინდა ნიკოლოზი განისვენებდა. ხომალდზე დაბრუნებულებმა ბარელებს უთხრეს, - დაუბრკოლებლად შეგვიძლია სურვილის ასრულებაო. ორმოცდაშვიდივე ბარელი აღიჭურვა, გემების დასაცავად მეზღვაურები და მონები დატოვეს, თვითონ კი წმინდა ნიკოლოზის ტაძრისკენ გაემართნენ. თავმდაბლად შევიდნენ ტაძარში, ეთაყვანნენ წმინდა ტრაპეზს. წმინდა ნაწილებს მხოლოდ ოთხი მონაზონი იცავდა. ბარელებმა წმინდა ნიკოლოზის აკლდამის ჩვენება ითხოვეს და მონაზვნებს თავიანთი განზრახვა გაუმხილეს - წმინდა ნიკოლოზის ნეშტი ალუპიაში უნდა გადავასვენოთო. თანხმობისათვის მათ 300 ოქროს მონეტა შესთავაზეს. მონაზვნებმა უარი უთხრეს და ტაძრიდან გაქცევაც კი სცადეს, რათა ეს ამბავი მირონქალაქელებისთვის შეეტყობინათ. მაგრამ ბარელებმა მონაზვნები გათოკეს და ტაძრის კარებთან დარაჯი დააყენეს არასასურველი მოწმეებისაგან თავის დასაცავად.
ამ დროს ერთმა ბარელმა დეკანოზმა, რომელსაც ნაკურთხი წყლით სავსე მინის ჭურჭელი ეჭირა, მოისურვა მონაზვნებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობა და ჭურჭელი ერთი მაღალი სვეტის თავზე შემოსდო. მოხდა საოცარი რამ: ჭურჭელი სვეტიდან ჩამოვარდა. ხმაურზე მოირბინეს იქ მყოფთ და გაოცდნენ: დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ჭურჭელი უვნებელი იხილეს და ღმერთი განადიდეს. ამ სასწაულში მათ ღვთის სათნომყოფლის ნება დაინახეს, რომ საწრაფოდ გადაესვენებათ მისი წმინდა ნაწილები. ერთი, შედარებით გაბედული ახალგაზრდა, სახელად მატათა, დარაჯს დაემუქრა, - თუ დიდი მღვდელთმთავრის სამარხის სამყოფელს არ გაგვიმხელ, მოგკლავო. მეორე დარაჯმა, თავისი მეგობარი რომ ეხსნა, მიუთითა წმინდა ნიკოლოზის ნაწილთა ადგილსამყოფელი და დასძინა, რომ ბევრს ეცადნენ, მათ შორის იმპერატორებიც, წმინდა ნაწილების გადასვენებას, მაგრამ ამაოდ, ყოველი მათი მცდელობა ამაო იყო. ეტყობა, ღვთის კაცს არ უნდოდა მირონქალაქის დატოვებაო. დარაჯმა თქვა, შარშან წმინდანმა ნიშანი მოგვცა, რომ მალე გადასახლებოდა მირონლუკიიდან. იგი ხილვაში ეჩვენა სამ ადამიანს და უბრძანა, თურქების შიშით გახიზნულ მირონქალაქელებს ამცნეთ, ან ქალაქში დაბრუნდნენ ჩემს დასაცავად, ანდა თავადაც დავტოვებ აქაურობასო. ჩანს, ამის შესრულებას აპირებსო. მონათხრობით გამხნევებულმა მატათამ რკინის ჩაქუჩი აიღო, საფლავის მარმარილოს ფილას დაარტყა. ფილა დაიმსხვრა. ამოიღეს დამსხვრეული ფილა და ბარელებმა სამარის თხრა დაიწყეს. მალე წააწყდნენ ქვის სამკუთხა სახურავიან თეთრ სარკოფაგს. მთლიანად არ ამოუთხრიათ, ვერც სახურავი გატეხეს - ეშინოდათ, რაიმე უბედურება არ შეგვემთხვასო. მაშინ უფრო თამამმა მატათამ, რომელმაც თავისი სიფიცხის დაოკება ვერ შეძლო, სახურავს ძლიერ დაარტყა და გატეხა. გატეხილი სახურავი გადასწიეს. ნახეს - წმინდა ნიკოლოზის ლუსკუმა წმინდა მირონით იყო ავსებული. უეცრად ისეთი კეთილსურნელება გავრცელდა, რომ იქ მყოფთ თავი სამოთხეში ეგონათ. არა მხოლოდ ტაძარში იგრძნობოდა კეთილსურნელება, ნიავმა ის სამი მილის იქით, ზღვის ნაპირამდე მიიტანა. იქ დარჩენილმა ბარელებმაც იგრძნეს და სიხარულით აღივსნენ, ეს გადასვენებაზე წმინდა ნიკოლოზის თანხმობად მიიჩნიეს.
მატათა ლუსკუმაში ჩავიდა, ხელები მირონში ჩაჰყო და ამოასვენა საოცრად კეთილსურნელოვანი წმინდა ნაწილები. დარაჯმა როცა იხილა, რომ ღვთის კაცი გადასვენების ნებას აძლევდა, მწარე მოთქმა დაიწყო. მატათამ წმინდა ნაწილები ხუცესს გადასცა. მან გულმოდგინედ შეახვია თავის ახალ სამოსში. ზოგიერთ ბარელს სურდა, ტაძარში დაცული წმინდა ნიკოლოზის უძველესი სასწაულთმოქმედი ხატი სამშობლოში წაესვენებინათ, მაგრამ ვერ შესძლეს, რადგან ღვთის კაცს არ სურდა სავსებით დაეტოვებინა ლუკიის ქვეყანა.
გახარებული ბარელები, წმინდა ნიკოლოზის ნაწილებთან ერთად, გაემართნენ გემებისკენ, სადაც გახარებული მეგობრები შეხვდნენ. ყველამ ერთად ხოტბა შეასხა ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელმაც მათი სურვილი წარმატებით დააგვირგვინა.
ამასობაში ქალაქ მირონის მოსახლეობამ ტაძრის დარაჯისაგან შეიტყო, რაც მოხდა და ამაში წმინდა ნიკოლოზის ნება დაინახა. მთელი ქალაქი ბარელთა ხომალდებთან შეიკრიბა და მწარედ ჰგოდებდა. არ შეეძლოთ თავის შეკავება. სამოსიანად შედიოდნენ ზღვაში, ხომალდის საჭესა და ნიჩბებს ეჭიდებდნენ და იხვეწებოდნენ, - დაგვიბრუნეთ ჩვენი მამა და ბატონი, ჩვენი მფარველი ხილულ მტრებისგან! მთლიანად თუ არა, ნაწილი მაინც დაგვიბრუნეთ წმინდა ნაწილთაგან, რომ მთლად არ მოვაკლდეთ ასეთ მეოხსო.
ბარელებმა ანუგეშეს მგლოვიარენი, - თქვენ დაგრჩათ მირონით ავსებული მღვდელმთავრის კუბო და ხატი, რომლისაგანაც მრავალნი მიიღებს კურნებასო და სწრაფად მოშორდნენ ნაპირს. ორი მილის მანძილზე ესმოდათ ნაპირზე დარჩენილთა ტირილი, ბევრ ბარელს გული აუჩუყდა და მათი თანაგრძნობით ატირდა.
მირონიდან ბარელები 1087 წლის აპრილში გამოვიდნენ. თავდაპირველად, მათ ზურგის ქარი ეხმარებოდათ ცურვაში. მაგრამ, მეორე დღეს დაჰბერა ჩრდილოეთის ქარმა და გემი პატარისკენ (წმინდა ნიკოლოზის მშობლიური ქალაქი) წაიყვანა. ბარელებს შეეშინდათ, - ვაითუ, ღვთის კაცს არ სურს ლუკიის ნაპირებს გაშორდესო. თანაც უფრთხოდნენ მდევარს, რადგან პატარი მირონის ახლოს მდებარეობდა. ამიტომ გზით დაღლილნი მაკრის ნავსადგურში შეჩერდნენ. წუხდნენ, რომ სამი დღის განმავლობაში ძალზე მცირე მანძილი გასცურეს. ერთნი კითხულობდნენ, - ესენი მართლა წმინდა ნიკოლოზის ნაწილებია თუ არაო, მეორენი შიშობდნენ, - შესაძლოა წმინდა მღვდელთმთავარი ჩვენი თამამი საქციელით განვარისხეთო, სხვებმა იეჭვეს, რომელიმე ჩვენგანმა, მოშურნეობისა და რწმენის გამო, წმინდანის რაიმე ნაწილი ხომ არ აიღო თავისთვისო. ამ ბოლო ვარიანტზე შეჩერდნენ, მოიტანეს წმინდა სახარება. ყველას ფიცით უნდა დაედასტურებინა, რომ არაფერი აუღია. ხუთმა კაცმა აღიარა და უკან დააბრუნა წმინდა ნაწილები. ზღვა დაწყნარდა, ზურგის ქარმა დაჰბერა. მეზღვაურები მიხვდნენ, რომ მათი წმინდა მოვალეობა იყო, ეს უძვირფასესი განძი ბარში სრულად მიეტანათ. მას მერე ისინი მშვიდად მიცურავდნენ.
მეზღვაურები ტრაქეას ყურეს გასცდნენ. ერთ-ერთ მეზღვაურს ღრმა ძილში გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი და უთხრა: "ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ! ოცი დღის მერე მივალთ ქალაქ ბარში". გამოეღვიძა მეზღვაურს, მოუყვა მეგობრებს თავისი სიზმარი. ყველა დიდი სიხარულით აღივსო.
გზაში საოცარი რამ მოხდა. იმ ხომალდის საჭეზე, რომლითაც წმინდა ნიკოლოზის ნაწილებს მიასვენებდნენ, პაწია მერცხალი დაჯდა. ისე უშიშრად დადიოდა, თითქოს გემის ბინადარი ყოფილიყო. შემდეგ საჭიდან მესაჭე მეზღვაურის ხელზე გადასკუპდა. იქიდან კი იმ ადგილას გადაფრინდა, სადაც წმინდა ნაწილები ესვენა. "ძმანო, - ბრძანებს, წმინდა ნიკოლოზის ნაწილთა ბარში გადასვენების აღმწერი ამ ამბის თანამედროვე ნიკიფორე, - რაოდენ საქებარია ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც თავისი წმინდა აღმსარებელის საქებრად აღძრავს არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ უტყვ ფრინველებსაც. რამეთუ ჩიტების ჭიკჭიკი იყო ქების შესხმა, ხოლო მათ მიერ ნისკარტით შეხება ამბორის-ყოფას ნიშნავდა, რომელიც უეჭველად წმინდა ნაწილებს მიუძღვნეს. ჭიკჭიკით მან მთელი გემი მიმოიფრინა, იქ მყოფთ მოეფერა, ქებას შეასხა იმის გამო, რომ ღირსნი გახდნენ ასეთი საკვირველი მწყემსის სხეულის წასვენებისა. ჩიტმა აღასრულა მორჩილების საქმე, გაფრინდა და თვალს მიეფარა".
ხანგრძლივი ნაოსნობის მერე, 8 მაისს, ბარელების გემები შევიდნენ ბარიდან ოთხ მილში მდებარე წმინდა დიდმოწამე გიორგის ნავსადგურში. ბარის მცხოვრებთ შეატყობინეს წმინდა ნიკოლოზის ნაწილთა მობრძანების ამბავი, თვითონ კი შეუდგნენ ხის კიდობნის დამზადებას, რომელშიც წმინდა ნიკოლოზის ნაწილები ჩაასვენეს.
დიდი სასწაულთმოქმედის ნაწილთა მობრძანების ამბავი სწრაფად გავრცელდა ბარსა და მის შემოგარენში. მეორე დღეს, 9 მაისს, უამრავი ადამიანი შეიკრიბა ღვთის წმინდანის ნაწილთა თაყვანისსაცემად, ბარელი სასულიერო პირნი შემოსილნი გამოვიდნენ ღვთის კაცის ნაწილთა მისარქმელად. მეზღვაურებმა თანამოქალაქეებს თავიანთი აღთქმის შესახებ ამცნეს - როცა ღვთის სათნომყოფლის ნაწილები აიღეს, მაშინ დაპირდნენ მას, რომ შესაფერის ტაძარს აუგებდნენ ბატონის ეზოში, კატაპანად წოდებულ ადგილას და ახლა დაჟინებით ითხოვდნენ მათი სურვილის აღსრულებას. ამის გამო დიდი უთანხმოება ჩამოვარდა: უმრავლესობა იწონებდა ამ განზრახვას, მეორე ნაწილს კი ქალაქის საკათედრო ტაძარში სურდა წმინდა ნიკოლოზის ნაწილთა დაკრძალვა.
მათ შორის მშვიდობის ჩამოსაგდებად ბენედიქტიანელთა მონასტრის წინამძღვარმა ილიამ მეზღვაურები დააჯერა, ვიდრე წმინდა ნიკოლოზისთვის ახალი ტაძარი აშენდება, ღვთის კაცის წმინდა სხეული ჩვენს სავანეში დაასვენეთო. მეზღვაურებიც დათანხმდნენ, რადგან წინამძღვარ ილიას ღვთისმოსავ კაცად თვლიდნენ. მეზღვაურებმა იარაღიც კი მოუღერეს მათ, რომლებსაც საკათედრო ტაძარში სურდათ წმინდა ნაწილთა A გადასვენება.
ამასობაში სიწმინდის მობრძანების ამბავი ბარის მთავარეპისკოპოსმა ურსონმაც შეიტყო. ის იმ დროს ქალაქში არ იმყოფებოდა. მაშინვე მოვიდა ბარში და თაყვანი სცა ღვთის წმინდანს, თან დაჟინებით მოითხოვდა წმინდა ნაწილთა საკათედრო ტაძარში გადასვენებას და არ სურდა ახალი ტაძრის ასაშენებლად ნებართვის გაცემა. ამის გამო ორ დაპირისპირებულ პარტიას შორის ძლიერი მტრობა ჩამოვარდა და საქმე სისხლისღვრამდეც მივიდა, ოთხი კაცი დაიღუპა.
იმ დროს როცა ბენედიქტიანელთა მონასტრის გალავანს შიგნით სისხლი იღვრებოდა, ზოგიერთმა მეზღვაურმა გაიხსენა, რომ კატაპანის ეზო, რომელიც ჰერცოგ როჯერს ეკუთვნოდა, პატრონობის უფლებებით სარგებლობდა. შეუმჩნევლად გააღეს მონასტრის კარები, რომელიც ზღვის მხარეს გადიოდა, გამოიტანეს ღვთის კაცის ნაწილნი და წმინდა ევსტაქეს მონასტერში დაასვენეს, რომელიც კატაპანის ოლქში და სამოქალაქო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა.
მაშინ დავა შეწყდა. მთავარეპისკოპოსმა ახალი ტაძრის აშენების ნება მისცა და თვითონ ეპისკოპოსებისა და უამრავი ხალხის თანხლებით ფეხშიშველი წავიდა წმინდა ევსტაქეს ტაძარში წმინდანის ნაწილთა თაყვანისაცემად.
შემობრძანდა თუ არა წმინდანის ნაწილები ქალაქ ბარში, მისგან უამრავმა ადამიანმა მიიღო კურნება. მოდიოდნენ კოჭლები, ბრმები, ყრუნი, ეშმაკეულნი და წმინდანის ნაწილებთან შეხებით იკურნებოდნენ. ამ ამბის თანამედროვეს, დასავლელი ისტორიკოსის ნიკიფორეს მოწმობით: პირველსავე ღამეს და მეორე დღეს სხვადასხვა ასაკისა და სქესის 47 კაცი განიკურნა. მათ შორის იყვნენ 1 ბარელი დიდებული, ვინმე მარცხენა მხარგამხმარი სომეხი, 3 მთვარეული, 1 ყრუ, 2 ხელგამხმარი, 2 კუზიანი ყმაწვილი, 3 ბრმა და მრავალი სხვანი, ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. მესამე დღეს უამრავი ადამიანი მოაწყდა მონასტერს, 9 კაცი გამოჯანსაღდა. იმავე დღეს, წმინდა ნაწილთა კატალინის ეზოში გადასვენებისას, კიდევ 14 ადამიანი განიკურნა. მეოთხე დღეს კიდევ 29 სნეული განიკურნა, მათ შორის ტელშუსელი მთლად გამხმარი ეშმაკეული ქალი, ბიტუნტოელი ქალწული, ასკულელი ქალი და ტარანტოელი ეშმაკეული, 3 მთვარეული, 2 ბრმა, 1 კუზიანი და სხვანი. აი, რა მოუყვა ერთ-ერთმა სნეულმა ქალწულმა ნიკიფორეს: - როცა წმინდა ნიკოლოზის ნაწილებს მივეახლე თაყვანისსაცემად, დავინახე, რომ გულ-მკერდზე უზარმაზარი მიმინო შემაფრინდა, დაჯდა და ფრთები გაშალა. როცა გაფრინდა, ირგვლიც ისეთი საამო კეთილსურნელება დადგა, თავი სამოთხეში მეგონა. ამ ხილვის შემდეგ სრულიად განვიკურნაო. მსგავს რამეს ყვებოდნენ სხვა განკურნებულნიც. "ამიტომ, უეჭველად უნდა გვწამდეს, - ბრძანებს ნიკიფორე, - რომ იგი წმინდა აღმსარებლის ანგელოზი იყო, რომელიც მის წმინდა სხეულს იცავდა. ასევე განიკურნა ერთი ბარელი ქალიშვილი, რომელიც უზომოდ იტანჯებოდა მუხლების ტკივილით. მეხუთე დღეს წმინდა ნიკოლოზი გამოეცხადა ერთ პატივცემულ მონაზონს და უბრძანა, ყველასთვის ეთქვა, რომ ღვთის ნებით, იგი საბერძნეთში გაემგზავრებოდა და დაბრუნების შემდგომ შეეწეოდა სნეულებს. მართლაც, იმ დღეს არავინ განკურნებულა, ხოლო საღამოს, ათი საათისთვის, 11 სნეული განიკურნა. ეტყობა, წმინდა ნიკოლოზის დაბრუნების მერე.
როცა ბარში ტაძარი აიგო, ბარელების თხოვნით, მის საკურთხებლად რომის პაპი ურბან II ჩამოვიდა. წმინდა მღვდელთმთავრის ნაწილები ახალ ლუსკუმაში ჩაასვენეს და ახალაშენებული ტაძრის საკურთხეველში დაასვენეს. მცირე ხნის მერე წმინდა ნიკოლოზი გამოეცხადა ერთ ღვთისმოშიშ მონაზონს და უთხრა: "ყოვლად ძლიერი ღმერთის ნებით, მე თქვენს ქალაქში მოვედი, ახლა კი მინდა, რომ ჩემი წმინდა ნაწილნი წმინდა ტრაპეზის ქვეშ დაიდოს". წმინდანის ნება მაშინვე ასრულდა.
დღეისათვის წმინდა ნიკოლოზის საფლავზე დიდი კათოლიკური ტაძარი დგას. ქვემოთ, კატაკომბაში, დასვენებულია წმინდა ნიკოლოზის ქვის მართკუთხა სარკოფაგი. აქაურობა შემკულია ძველებური სვეტებით, საფლავიც ძველ ქრისტიანულ ეპოქას აგონებს ადამიანს. საფლავის გვერდით დგას მცირე მართლმადიდებლური ხატებით მორთული რუმინული მართლმადიდებლური ეკლესია. წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე ბარში მყოფი მართლმადიდებელი სასულიერო პირები მოდიან და წირავენ. საფლავი დარბაზიდან რკინის მესრით არის გამოყოფილი და ჩაკეტილი. წმინდა ნიკოლოზის საფლავს ქვედა მხრიდან დატანებული აქვს პატარა ოვალური შესასვლელი, რომელიც ასევე რკინის ჭიშკრით არის დაკეტილი.
წმინდა ნიკოლოზის საფლავის თაყვანისცემა საოცარი ფორმით ხდება: ჯერ უნდა დაიჩოქო, შემდეგ პირქვე დაწვე, ანუ განერთხა წმინდანის წინაშე. ამ დროს გული, სხეული, ბაგეები იატაკს ეხება. იქვე, მინის ქვეშ, განისვენებს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები. ირგვლივ საოცარი ძალა და მადლი იგრძნობა. საფლავში მარტო ერთი კაცი შედის, მეორე ვერ დაეტევა. საფლავთან არის სვეტი, რომელიც წმინდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებულ სასწაულს უკავშირდება და მორწმუნენი თაყვანს სცემენ.
როგორც ცნობილია, წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა და მუდმივად ახდენს სასწაულებს. არსებობს ერთი ბერძნული ფრესკა, სადაც, სხვა წმინდანებთან ერთად, წმინდა ნიკოლოზია გამოსახული. მას ხელი ყურთან აქვს მიტანილი და ოდნავ გადმოხრილია მიწისკენ. ამით ხატმწერმა გამოხატა წმინდა ნიკოლოზის მუდმივი მზადყოფნა, შეისმინოს მორწმუნეთა ვედრება და დაეხმაროს მათ. კათოლიკური კალენდრის მიხედვით, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს დიდი ზარ-ზეიმით გამოაბრძანებენ ხოლმე მის ქანდაკებას და მთელ ქალაქში დაატარებენ, შემდეგ ზღვაში შეაცურებენ.
დასასრული შემდეგ გვერდზე
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
წმინდა ნიკოლოზის შეწევნის ქართული ამბები.
ნიკოლოზ, თუ გსურს გვირგვინით შეგამკო, წადი და სოფლის სიკეთისთვის იღვაწე
წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელი
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიები თბილისში
წმინდა ნიკოლოზის ნაწილები ქალაქ ბარიში
"ქრისტიანთა ღმერთის სათნომყოფელო ნიკოლოზ, გადამარჩინე უბედურებას"
წმინდა ნიკოლოზ, მიშველე, თორემ მგლები შემჭამენ!
წმინდა ნიკოლოზის ხატის მიერ მოხდენილი სასწაული
მკრეხელობის საზღაური.
ასე იდგა ზოია 4 თვის განმავლობაში
სტავრონიკიტას მონასტერში დასვენებულია წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატი.
წმინდა ნიკოლოზის სავანე მირონ-ლუკიაში
წმინდა ნიკოლოზის ახალი სასწაული
წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი-მტრების შემრიგებელი და უდანაშაულოდ მსჯავრდადებულთა ძალმოსილიი დამცველი.
სასწაულმოქმედი ნიკოლოზის ხატის წინ ნახეს მტირალი ჩვილი
ვარძიის წმინდა ნიკოლოზის ხატი
წმინდა ნიკოლოზი სერბეთის მეფის წმინდა სტეფანეს ცხოვრებაში.
სამოსად პირველქმნილი უბიწოება ემოსა, საწოლად ჰქონდა მიწა და საბნად - ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა
სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეზე საუბრობდა და სიკვდილს სიხარულით ელოდა
მოკრძალებული თხოვნა.
ნიკორწმინდის სავანე იმთავითვე იქცა რაჭაში ქრისტიანული რელიგიის ცენტრად
შეგვეწიოს ყინწვისის სალოცავების მადლი!
სანებლის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ამ წმინდანის სახელზე ტაძრის გასუფთავებისას აღმოჩენილი ხატის გამო ეკურთხა
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი