თავი 7
წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზი მტრების შემრიგებელი და უდანაშაულოდ მსჯავრდადებულთა ძალმოსილი დამცველი. ჯანყის დაცხრობა
პლაკომატში. ქალაქ მირონის სამი უდანაშაულოდ მსჯავრდებული მოქალაქის სასჯელისაგან გამოხსნა. სამი მხედართმთავრის - ნეპოტიანეს, ურსასა და ერპილიონის სიკვდილით დასჯისაგან დახსნა. სასწაულებრივი შეწევნა ეგვიპტისკენ მცურავი მეზღვაურებისა
წმინდა ნიკოლოზი, თავისი სიწმინდით, უდიდესი პატივისცემითა და გავლენით სარგებლობდა. ჯერ კიდევ სიცოცხლეში სახელი გაითქვა როგორც მტრების შემრიგებელმა, უდანაშაულოდ დასჯილთა ძალმოსილმა დამცველმა და საკვირველმა მეოხმა და უაზრო სიკვდილისაგან გამომხსნელმა.
შემორჩენილია გარდამოცემები მის მიერ გადამტერებულთა შერიგებისა და უდანაშაულოდ დასჯილთა მეოხებისა.
კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ფრიგიაში (ლუკიის ჩრდილოეთით მდებარეობდა) ამბოხმა იფეთქა. მის ჩასაქრობად კონსტანტინემ სამი მხედარმთავრის, ნეპოტიანეს, ურსასი და ერპილიონეს წინამძღოლობით, ჯარი გაგზავნა. არმია გემებზე დასხეს და კონსტანტინოპოლიდან გავიდნენ, მაგრამ ზღვის ძლიერი ღელვის გამო ფრიგიამდე ვერ მიაღწიეს და გაჩერდნენ ლუკიაში, ადრიატიკის სანაპიროსთან, სადაც ქალაქი მდებარეობდა.
ზღვა დიდხანს შფოთავდა, ამიტომ აქ დიდხანს მოუწიათ დარჩენა. ამასობაში ჯარს საკვები გამოელია. ჯარისკაცები ხშირად გადადიოდნენ ნაპირზე და ადგილობრივ მოსახლეობას სანოვაგეს ართმევდნენ. ასეთი საქციელი ხალხს აღაშფოთებდა და ერთხელაც პლაკომატში ადგილობრივებსა და ჯარს შორის სისხლიანი შეტაკება მოხდა.
როცა წმინდა ნიკოლოზმა პლაკომატის ჯანყის ამბავი შეიტყო, მაშინვე იჩქარა მის ჩასაქრობად. ყველასთვის საყვარელი მღვდელმთავრის გამოჩენისას მოდავეთა კამათი შეწყდა და ყველანი ერთად გაეშურნენ მის შესახვედრად ადგილობრივი მკვიდრნიც და მეომრებიც, მხედართმთავრებთან ერთად. როცა ამ უკანასკნელთაგან შეიტყო, რომ ისინი ფრიგიაში ჯანყის ჩასახშობად მიდიოდნენ წმინდა ნიკოლოზმა ჯარისკაცებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სთხოვა, რომ აქაურები არ გაენაწყენებინათ, მერე ისინი ქალაქში მიიპატიჟა და მეგობრულად გაუმასპინძლდა.
პლაკომატში წმინდა ნიკოლოზთან რამდენიმე მირონქალაქელი მივიდა და სამი უდანაშაულო თანამოქალაქის დახმარება სთხოვა - შურიან კაცთაგან მოსყიდულმა ქალაქის თავმა ევსტატემ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანაო. თან დაუმატეს, - ევსტატე ასეთ უსამართლობას და უსჯულოებას არ ჩაიდენდა, პატივცემული მღვდელთმთავარი ქალაქში რომ ყოფილიყოო.
ქალაქის თავის უსამართლობით შეწუხებული წმინდა ნიკოლოზი მაშინვე მირონში გაემგზავრა, რათა მოესწრო უსამართლოდ დასჯილთა გადარჩენა და მეფის სამ მხედარმთავარს გაყოლა სთხოვა. ლევად წოდებულ ადგილს რომ მიაღწიეს, უთხრეს, - განსასჯელები დიოსკურეს ველზე გაიყვანეს სიკვდილით დასასჯელადო. მღვდელთმთავარმა ნაბიჯს აუჩქარა და მიადგა წმინდა კრისკენტის ეკლესიას. მინდორი ხალხით იყო სავსე, განსასჯელებს გარს შემორტყმოდნენ. ისინი უკვე გაემზადებინათ სიკვდილით დასასჯელად: ხელები შეკრული ჰქონდათ, სახე დაფარული, მუხლნი მოდრეკილი, კისრები კი გაშიშვლებული მახვილისთვის მოედრიკათ. ჩანდა, რომ კაცობრივი შეწევნა შუძლებელი იყო. ამ გადამწყვეტ მომენტში გამოჩნდა წმინდა ნიკოლოზი. მან ჯალათს ხელიდან გამოსტაცა მახვილი, მიწაზე დააგდო და გაათავისუფლა უდანაშაულონი. იქ მყოფთაგან ვერავინ გაბედა მისი შეჩერება, ყველანი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის ყველაფერს ღვთის ნებით აკეთებდა. სიკვდილის კარიბჭესთან მდგარი და ბორკილთაგან განთავისუფლებული ეს სამი კაცი სიხარულის ცრემლებით ტიროდა, ხალხი კი ხმამაღლა ადიდებდა ღვთის კაცს მისი მეოხებისთვის.
ამასობაში დასჯის ადგილას ქალაქის თავი ევსტატეც მივიდა. მან იხილა ღვთისკაცის სიმართლე, შეიცნო თავისი დანაშაული და იმის შიშით, რომ შეიძლებოდა მეფეს დაესაჯა, წმინდა ნიკოლოზს მუხლებში ჩაუვარდა და მიტევებას ევედრა. მაგრამ, ბოროტი სულის შთაგონებით, არ სურდა თავი დამნაშავედ ეღიარებინა და თავის დანაშაულს ქალაქის ორ უხუცესს - სიმონიდსა და ევდოქსის აბრალებდა. ამგვარი სიცრუე არ დაიფარა წმინდა ნიკოლოზისგან, რომელიც ხედავდა რა ევსტატეს სიჯიუტეს, სურდა, მის შესახებ მეფისთვის მოეხსენებინა. ბოლოს, ევსტატემ გულწრფელად აღიარა თავისი დანაშაული - იმ სამისთვის სიკვდილის მისჯა მისი საქმე იყო და აცრემლებული წმინდა ნიკოლოზს შენდობას სთხოვდა. ღვთის სათნომყოფელმა ახლა უკვე მიიღო მისი სინანული და შეუნდო.
იქ მყოფ სარდლებს უკვირდათ წმინდა ნიკოლოზის ამგვარი მოშურნეობა და ძალმოსილება, და ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ერთ დროს მათაც დასჭირდებოდათ წმინდა ნიკოლოზის ამგვარი მეოხება. დაემშვიდობნენ უფლის მღვდელთმთავარს, გზა დაალოცინეს, სწრაფად და წარმატებით ჩააცხრეს ჯანყი ფრიგიაში და ამით გახარებულები დაბრუნდნენ შინ. მეფე დიდად გახარებული დარჩა აჯანყების სწრაფი ჩაქრობით და მხედარმთავრები ძღვენითა და პატივით აავსო. საუბედუროდ, მათ ძლიერი მტრები ჰყავდათ.
ამ სამი სარდლისადმი მეფის კეთილგანწყობამ, მათი მტრების გულები შურით აღანთო და გადაწყვიტეს მათი დაღუპვა. მათ მხედარმთავრებს კონსტანტინოპოლის მმართველთან, ევლავიოსთან ცილი დასწამეს, თითქოს მათ მეფეს უღალატეს და მისი დამხობა სურდათ. ოქროთი მოქრთამულმა ევლავიოსმა დაიჯერა მათ ცილისწამება მეფე მხედართმთავრების ღალატში დაარწმუნა. სარდლების უმადურობით აღშფოთებულმა მეფემ ბრძანა, მათთვის ბორკილები დაედოთ და საპყრობილეში ჩაემწყვდიათ.
რამდენიმე ხნის მერე მხედართმთავრების მტრებმა, იმის შიშით, რომ საქმის გამოძიებისას, მათი ცილისწამება არ გამომჟღავნებულიყო, ახალი საჩუქრებით "აიძულეს" ევლავიოსი იმპერატორისთვის მხედართმთავართა სასწრაფოდ სიკვდილით დასჯა ეთხოვა. მოწყენილი და სევდიანი გამოცხადდა მთავარი მიფესთანაც. "არცერთ ტუსაღს სინანული არ სურს, - უთხრა მან მეფეს, - პირიქით, ისინი მტკიცე არიან თავის განზრახვაში და დიდად გაბოროტებულნი შენს წინააღმდეგ. მეფეო, ბრძანე, სასწრაფოდ სიკვდილით დაისაჯონ ისინი, რათა მათ თავიანთი განზრახვა არ აასრულონ შენს წინაარმდეგ". ხელმეორედ შეცდომაში შეყვანილი მეფე საშინლად განრისხდა და ბრძანა, მეორე დილას სასწრაფოდ სიკვდილით დაესაჯათ "მოღალატენი". პირველმა ამის შესახებ განსასჯელებს საპყრობილის დარაჯმა ამცნო. ეს უკანასკნელი ძალზე სწუხდა მომხდარზე, დარწმუნებული იყო სიკვდილით დასჯილთა უდანაშაულობაში და მწარედ დასტიროდა მათთან მოსალოდნელ განშორებას.
შეიტყვეს სარდლებმა განაჩენი. იცოდნენ, დამნაშავენი არ იყვნენ. სასოწარკვეთილნი ტანზე სამოსს იხევდნენ და თმას იგლეჯდნენ. "რომელ მტერს შეშურდა ჩვენი ცხოვრება? - ამბობდნენ, - რისთვის ვიხოცებით, როგორც ბოროტმოქმედნი? ასეთი რა ჩავიდინეთ, რომ სიკვდილით ვისჯებით?" უდანაშაულობის მოწმედ მოუხმობდნენ ყველა ნათესავს, ნაცნობს და თვით ღმერთს.
საბედნიეროდ, ერთმა მხედარმთავარმა, ნეპოტიანემ, გაიხსენა, თუ როგორ იხსნა წმინდა ნიკოლოზმა სამი უდანაშაულო მირონელი სიკვდილისაგან. მტკიცე იმედით, რომ უდანაშაულოთა საკვირველი გამომხსნელი არც მათ დატოვებდა შეწევნის გარეშე, უფალს მიმართეს მხურვალე ლოცვით და წმინდა ნიკოლოზის მეოხებით შეწევნა სთხოვეს. შეისმინა კაცთმოყვარე ღმერთმა და თავისი სათნომყოფლის, ნიკოლოზის ლოცვით იხსნა ისინი სიკვდილისაგან. იმავე ღამეს წმინდა ნიკოლოზი ძილში გამოეცხადა მეფეს და მრისხანედ მიმართა: "გაათავისუფლე საპყრობილიდან სამი სარდალი. ისინი უდანაშაულოდ არიან მსჯავრდადებულნი და არაფრის გამო იტანჯებიან". შემდეგ მოუთხრო მეფეს, თუ როგორ დასწამეს ცილი მათ და დასძინა: "თუ შენ ყურად არ იღებ ჩემს ნათქვამს და არ გაუშვებ მათ, ისეთსავე ჯანყს ავტეხავ, როგორიც ფრიგიაში იყო და დაიღუპები".
გააოცა მეფე ამ საკვირველი კაცის ხელმწიფებით ნათქვამმა, ვერ ხვდებოდა, თუ როგორ შესძლო მან სასახლეში შეღწევა და ჰკითხა: "ვინ ხარ, რომ ომითა და სიკვდილით მემუქრები?" "მე ნიკოლოზი ვარ, მირონლუკიის მიტროპოლიის მღვდელთმთავარი", - იყო პასუხი. მეფეს გაეღვიძა და საფიქრალში ჩავარდა, - რას ნიშნავს ეს ყოველივეო. იმავე ღამეს წმინდა ნიკოლოზი ევლავიოსსაც გამოეცხადა ძილში და უდანაშაულოდ დასჯილი მხედარმთავრების დასჯა მოსთხოვა.
დილით იმპერატორმა ევლავიოსს მოუხმო და შეიტყო, რომ მასაც იგივე რამ ენახა სიზმრად, ბრძანა, - დაპატიმრებული მხედარმთავრები მომიყვანეთო. "ეს რა ჯადო გამიკეთეთ, - ჰკითხა მკაცრად, - როგორ მოახერხეთ წუხელ, ძილში, ჩემთან კაცი გამოგეგზავნათ, რომელიც მრისხანედ ითხოვდა თქვენს განთავისუფლებას და თუ ამას არ გავაკეთებდი, შინაომით და სიკვდილით მემუქრებოდა?" მხედარმთავრები, რომელთაც არაფერი იცოდნენ სიზმრეული ჩვენების შესახებ, საგონებელს მიეცნენ და როცა იმპერატორმა უფრო მშვიდად უბრძანა სიმართლის გამხელა, მათ უთხრეს: "მეფეო, ჩვენ არასოდეს მიგვიმართავს ჯადოქრობისთვის და შენს წინააღმდეგ ცუდის ქმნა გუნებაშიც არ გაგვივლია. თუ ვტყუოდეთ, მაშინ დაე, ჩვენთან ერთად მთელი ჩვენი მოდგმა დაისაჯოს! ჩვენი მეფის სიყვარულსა და პატივისცემას ბავშვობიდანვე მივეჩვიეთ, რათა ძალისა და შესაძლებლობის მიხედვით გემსახუროთ და დაგიმტკიცეთ კიდეც ერთგულება ფრიგიაში ამბოხის ჩახშობით. ამისთვის შენ დაგვაჯილდოვე, ახლა კი, მტრების წყალობით, უდანაშაულოდ დაგვდეს მსჯავრი და ტყუილუბრალოდ ვიტანჯებით. შენი საწინააღმდეგო არაფერი გვიფიქრია და არც ჩაგვიდენია".
მეფემ მოისმინა ეს აღსარება. სინანულში ჩავარდა, რომ სიკვდილით სჯიდა ერთგულ მსახურებს, რომლის გამოც ღვთის საშინელ სამსჯავროზე პასუხისგება მოუწევდა. მოწყალედ და ალერსიანად დაუწყო საუბარი მხედართმთავრებს. ამ დროს რაღაც უჩვეულო რამ მოხდა! სარდლებს თვალწინ წმინდა ნიკოლოზის ხატება წარმოუდგათ, რომელიც მეფის გვერდით იჯდა და ხელის მოძრაობით მათ წყალობას და მიტევებას ჰპირდებოდა. ამას ისინი ხედავდნენ, მეფე და ევლავიოსი კი ვერა. მაშინ მხედარმთავრებმა ხმამაღლა წამოიძახეს: "ღმერთო ნიკოლოზისავ, რომელმაც მირონ-ქალაქში სამი მართალი კაცი სიკვდილისაგან დაიხსენ, განგვაშორე ჩვენც ამ უბედურებას!" გაოცებული იმპერატორი დაეკითხა: - ვინ არის ეს ნიკოლოზი და მან სიკვდილისაგან ვინ გადარჩინაო. ნეპოტიანემ ყოველივე მოუთხრო. მეფე წმინდა ნიკოლოზის მოშურნეობამ გააოცა და ცილდაწამებული სარდლები გაათავისუფლა. "თქვენ თავისუფლები ხართ, - უთხრა მათ მეფემ, - მაგრამ მე კი არ გჩუქნით სიცოცხლეს, არამედ ღვთის დიდებული მსახური, მღვდელთმთავარი ნიკოლოზი, რომელსაც თქვენ მოუხმობდით შეწევნისათვის. წადით მასთან, მადლობა გადაუხადეთ, და ჩემგან გადაეცით, რომ მისი ბრძანება აღვასრულე". ამასთან, მეფემ მთავარეპისკოპოს ნიკოლოზთან სახარება და სხვა საჩუქრები გაატანა ეკლესიისთვის.
წმინდა ნიკოლოზის გამოქომაგებით გარდაუვალ სიკვდილს გადარჩენილი მხედარმთავრები განთავისუფლებისთანავე მირონლუკიისკენ გაეშურნენ. მათ, უპირველეს ყოვლისა, მხურვალე მადლობა გადაუხადეს მღვდელთმთავარს მისი სასწაულებრივი შეწევნისათვის. გადასცეს სამეფო ძღვენი, გლახაკებს უამრავი მოწყალება დაურიგეს და კეთილი მწყემსის ლოცვა-კურთხევით შინ მშვიდობით დაბრუნდნენ.
წმინდა ნიკოლოზი თავის სიცოცხლეში იმ ადამიანებსაც შეეწეოდა, რომლებიც მას არ იცნობდნენ და თვალითაც არ ენახათ და რწმენით მიმართავდნენ შეწევნისათვის. წმინდა ნიკოლოზი განმზადებული იყო, შესწეოდა ადამიანებს ცხოვრების უმძიმეს წუთებში! აი, ერთი მაგალითი მრავალრიცხოვან შემთხვევათაგან:
ეგვიპტიდან ლუკიისკენ მიმავალი ხომალდი საშინელ ქარიშხალში მოხვდა: ძლიერმა ქარმა დაფლითა აფრები და ხომალდი დააზიანა; ტალღებმა თითქმის წყლით აავსეს გემი. მეზღვაურებს გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. საბედნიეროდ, ამ გადამწყვეტ მომენტში მათ გადამრჩენელი აზრი მოუვიდათ, ლოცვით მიემართათ წმინდა ნიკოლოზისთვის, რომელიც არც კი ენახათ, მაგრამ გაეგონათ რომ იგი განსაცდელში ჩავარდნილთა მსწრაფლშემწე იყო. ღვთის კაცის შეწევნის იმედმაც არ უმტყუნა მათ. მეზღვაურებმა ლოცვა რომ დაასრულეს, მათ გამოეცხადათ წმინდა ნიკოლოზი, საჭესთან დადგა და უთხრა: "მომიხმეთ და მოვედი დასახმარებლად, ახლა ნუღარ გეშინიათ!" და ხომალდის მართვა დაიწყო. ღვთის წმინდანის ნებით, ქარი ჩადგა, ზღვა დაწყნარდა. ასეთი ძლიერი რწმენა ჰქონდა წმინდა ნიკოლოზს, რწმენა, რომელზეც თვით უფალმა ბრძანა: "რომელსა რწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს"(იოანე 14:12). რწმენით უბრძანა მან ზღვასა და ქარს და ისინი ემორჩილებოდნენ მას. ზღვის ღელვის დაცხრობის მერე წმინდა ნიკოლოზის ხატება უჩინო შეიქმნა. მეზღვაურებმა ზურგქარით ისარგებლეს, მშვიდობიანად მისცურეს ქალაქ მირონამდე და მღვდელთმთავრისადმი ღრმა მადლიერებით აღვსილებმა თავი მოვალედ ჩათვალეს, მისულიყვნენ მასთან და მადლობა გადაეხადათ. შეხვდნენ მღვდელთმთავარს, მაშინ როცა იგი ტაძრისკენ მიდიოდა, ჩაუვარდნენ ფეხებში თავიანთ გადამრჩენელს და გულწრფელი მადლობა შესწირეს.
ღვთის საკვირველმა სათნომყოფელმა იხსნა ისინი ხორციელი უბედურებისა და დაღუპვისაგან, თავისი გულმოწყალებით მოინდომა მათი სულიერი სიკვდილისაგან დახსნა. თავისი მჭვრეტელი თვალით მან მეზღვაურთა სულებში შეაღწია და ისინი მრუშებით დასნეულებული იხილა, რომელიც ასე განაშორებს ადამიანს ღმერთსა და მის წმინდა მცნებებს. ამიტომაც მღვდელთმთავარმა იზრუნა, მამობრივი შეგონებით ეხსნა ისინი ამ ცოდვისა და საუკუნო წარწმედისაგან. "ჩაუკვირდით თქვენს თავს, - უთხრა მათ, - განიწმინდეთ გულნი და გულისთქმანი თქვენი, რათა სათნო ეყოთ ღმერთს. თუ თქვენ შეგიძლიათ რაიმე დამალოთ კაცთაგან, და მძიმე ცოდვების ჩამდენნი, მათ წინაშე სათნოებათა მოქმედებათაც რომ გამოჩნდეთ, ღვთისაგან მაინც ვერაფერს დამალავთ. აუცილებელია მკაცრად დავიმარხოთ სულიერი და ხორციელი სიწმინდე, რამეთუ პავლე მოციქულის სწავლებით: "ტაძარნი ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქვენს შორის" (1 კორინთელთა 3:16). მისცა მეზღვაურებს სულის მარგებელი რჩევები, თუ როგორ უნდა მორიდებოდნენ სამარცხვინო ცოდვას, უფლის მღვდელთმთავარმა ლოცვა-კურთხევით გაისტუმრა ისინი სახლებში.
სხვა უამრავი სასწაულებით უფრო და უფრო განითქვა წმინდა ნიკოლოზის სახელი: მას შეწევნისთვის მოუხმობდნენ შორს მცხოვრები ადამიანები, ისინიც, ვისაც არასოდეს ენახა იგი და არა მხოლოდ მორწმუნეები, ურწმუნოებიც კი. წმინდა ნიკოლოზი კი საკვირველი შეწევნით პასუხობდა ყველას, ვისაც დახმარება სჭირდებოდა: ამასთან, სხვადასხვა ხორციელი შეჭირვებისა და უძლურებისგან გამოხსნილთ, ცოდვათა გამო სინანულში აღძრავდა და ცხოვრების გამოსწორების სურვილს უჩენდა. წმინდა ანდრია კრიტელის მოწმობით, "ჯერ კიდევ ხორცში მყოფი, ვიდრე ქრისტესადმი მიიცვალებოდა, წმინდა ნიკოლოზი ეცხადებოდა სხვადასხვანაირ განსაცდელში მყოფთ და მსწრაფლ შეეწეოდა, სიკვდილის მსხვერპლთ მისი ხახიდან გამოიტაცებდა". მისი სიტყვა მოყვასისადმი მამობრივ სიყვარულს, ზეკაცობრივ სიბრძნეს გამოხატავდა და საოცარი ძალმოსილებით მოქმედებდა; ასწავლიდა არა იმდენად სიტყვით, რამდენადაც საქმეებით, რომელთაც ღვთაებრივი ძალა და მნიშვნელობა ჰქონდა. თავისი ღვთისმოსავი ცხოვრებით მირონქალაქში ბრწყინავდა, ვითარცა ცისკრის ვარსკვლავი შორის ღრუბელთა, ვითარცა ბადრი მთვარე აღვსების ჟამს. ქრისტეს ეკლესიისთვის იგი იყო ვითარცა მზე გაბრწყინვებული და განამშვენებდა მას, ვითარცა წყაროსთან ამოსული შროშანი, და იყო მისთვის ვითარცა მირონი კეთილსურნელოვანი.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი