თავი 5
წმინდა ნიკოლოზის აღმსარებლობა დიოკლიტიანეს წამოწყებული დევნისას. სამწყსოზე ზრუნვა, დევნის დასრულების მერე.
ეშმაკის შურიანი თვალი, რომელსაც არ შეუძლიან მშვიდად უცქიროს ქრისტეს ეკლესიის აყვავებას და ყოველთვის ცდილობს რაიმე ზიანი მიაყენოს, არც ახლა დაუტევა მშვიდად და მასზე ახალი ბრძოლა აღძრა. ეს დევნა იმითაც იყო შემაძრწუნებელი, რომ იგი ხანგრძლივი სიმშვიდის მერე აღიძრა, რომელშიც ქრისტეს ეკლესია იმყოფებოდა. 3-ე საუკუნეში ქრისტიანთა მდევნელი ვალერიანეს მემკვიდრეები, რომლებიც ხშირად ცვლიდნენ ერთმანეთს, იძულებულნი იყვნენ, მთელი ძალით, ხან ხელისუფლების გამტკიცებაზე ეზრუნათ, ხანაც ბარბაროსთა უკუგდებაზე. მხოლოდ იმპერატორი ავრელიუსი (270-275) რომელმაც უკუაგდო გარეშე მტრები და სძლია შინაურებსაც, "მზად იყო ქრისტიანთა დევნა წამოეწყო, - წერს ევსევი, - მაგრამ როგორც კი მან ეს ჩაიფიქრა და ქრისტიანთა დევნის ბრძანებაზე ხელის მოწერა დააპირა,მაშინათვე ღვთის სამართალი ეწია". ავრელიუსის მემკვიდრეების ტაციტის (275 წ.), ფლორიანეს(276წ.), პროზას (276-282 წ.), და კარას (282-283 წ.) მცირე ხნის მმართველობის მერე უმაღლესი ხელისუფალი გახდა დიოკლიტიანე. რომელიც თავისი მეფობის პირველ ნახევარში (285-304 წ.) მსოფლიო იმპერიის მოწყობით იყო დაკავებული, მან არა მხოლოდ სიმშვიდეში ამყოფა მსოფლიო ეკლესია, არამედ ხილულადაც კი კეთილგანწყობილი იყო ქრისტიანების მიმართ. უამრავმა ქრისტიანმა დაიკავა იმპერატორის კარზე მაღალი თანამდებობა, ისინი კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს და იმპერატორის მიმართ ერთგული სამსახურით უფრო განამტკიცებდნენ მის კეთილგანწყობას ქრისტიანების მიმართ. სარგებლობდნენ რა იმპერატორის და მისი დიდებულების კეთილგანწყობით ეკლესიის წინამძღოლნი მოშურნედ იღვწოდნენ ჭეშმარიტი ეკლესიის წიაღში გზააბნეულ წარმართა შესაყვანად, და ქრისტიანთა ხალხმრავალი შეკრებისათვის დიდებული ტაძრების ასაგებად. ქრისტიანობის ასეთმა სწრაფმა გავრცელებამ გააღიზიანა წარმართები და მისთვის ხელის შეშალა გადაწყვიტეს.
მიზნის მისაღწევად ამოირჩიესმათ დიოკლეტიანეს თანამმართველი გალერიუსი, "რომელსაც წარმართობის ყველა ვნება და მანკიერება სჭირდა". გალერიუსმა თხოვნითა და ცილისწამებით მოხუცი დიოკლეტიანე ქრისტიანების წინააღმდეგ განაწყო - ისინი ჯერ სამეფო კარიდან და ჯარიდან, შემდეგ კი სახელმწიფო სამსახურიდან ჩამოიშორეს და ქრისტიანთა ტაძრები დაანგრიეს. მთელ იმპერიაში სასტიკად დაუწყეს ეკლესიას დევნა. საიმპერატორო ბრძანებულებით, ქრისტიანულ ტაძრებს საფუძვლამდე ანგრევდნენ; საღვთო და საღვთისმსახურო წიგნებს მოედნებზე სწვავდნენ; ეპისკოპოსებს ატუსაღებდნენ და აწამებდნენ; ნებადართული იყო ქრისტიანთა წყენინება, ტანჯვა-წამება. ერთ-ერთი მოწამე ეპისკოპოსის, ფელასის, თქმით, ნებისმიერს შეეძლო მათი ნებისმიერი სახით წამება: ზოგს ჯოხით სცემდნენ, ზოგს - ღვედით, ზოგსაც ამათრახებნენ. ტანჯვის სანახაობა მრავალფეროვანი იყო, სისხლი მდინარეებად მიედინებოდა. დევნილები დამალვას ვერ ახერხებდნენ, რადგან იმპერიაში არ იყო ადგილი სადაც თავს შეაფარებდნენ, სადაც ეს ბრძანება არ მოქმედებდა.
ეს დევნა დაიწყო ნიკომიდიაში, სადაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე 20 000 ქრისტიანი დაწვეს ტაძარში, სიკვდილის ქარიშხალი ყველა ოლქში დატრიალდა და მიაღწია მირონლუკიის ეკლესიამდეც, რომლის წინამძღოლიც წმინდა ნიკოლოზი გახლდათ. ქრისტეს ეკლესიისთვის მძიმე დროს, ლუკიის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი უშიშრად ამხნევებდა თავის სამწყსოს რწმენაში და დაუფარავად ქადაგებდა ღვთის სახელს. ამის გამო ის დევნაშიც მოჰყვა და მრავალ სხვა ქრისტიანთან ერთად საპყრობილეში ჩაამწყვდიეს. ციხეში დიდხანს იჯდა და მოთმინებით დაითმენდა შიმშილს, წყურვილს, იწროებას და ქრისტეს უარყოფა ფიქრადაც არ მოსვლია. ოთხკედელსშუა მომწყვდეული მღვდელთმთავარი ასეთ ვითარებაშიც კი არ წყვეტდა ტუსაღ ქრისტიანებზე ზრუნვას. მშივრებს ღვთის სიტყვით ანაყრებდა, მწყურვალებს კი ასმევდა ღვთისმოსაობის წყალს, ყოველთა ქრისტე ღმერთის რწმენას უბრუნებდა და ქრისტეს მტკიცე აღმსარებლებად აქცევდა ჯალათთა წინაშე, რათა მათ სიკვდილამდე დაეთმინათ სატანჯველნი. მისი წყალობით ბევრი ტუსაღი ბოლომდე მტკიცედ იდგა ქრისტეს რწმენაში. წმინდა ანდრია კრიტელის სიტყვით, "წმინდა ნიკოლოზის მოშურნეობით აღფრთოვანებულმა მისმა თანამოსანგრებმა, როგორც საეკლესიო მმართველობაში, ისე ციხის საპყრობილეში - კრისკენტმა, დიოსკორიდმა და ნიკოკლმა, მოწამეობის გვირგვინი დაიდგეს". თავად ქრისტეს მღვდელთმთავარი, "მოწამე თავის მზადმყოფობით", დიოკლიტიანესეულ დევნულობას ცოცხალი გადაურჩა, რამეთუ მისი სიცოცხლე ღვთის სახელის შემდგომი განდიდებისთვის იყო საჭირო.
იმპერატორი გალერიუსი (დიოკლეტიანემ ამ დროს უარი თქვა ტახტზე) დარწმუნდა, რომ ქრისტიანთა მიმართ სისასტიკეს სასურველი შედეგი არ მოიტანა - ქრისტიანობა ვერ მოსპო, ამიტომ დევნა შეასუსტა. საშინელი სნეულებისგან გატანჯულმა გალერიუსმა, რომელიც მას უფალმა ქრისტიანთა მიმართ სისასტიკისა და გარყვნილი ცხოვრებისთვის მიუსაჯა, 311 წელს "ქრისტიანთა მიმართ შემწყნარებლობა გამოიჩინა, ნება მისცა ქრისტიანებად დარჩენილიყვნენ და შესაკრებელი სახლები აეგოთ"; მისი ბრძანებით, ქრისტიანებს, "ასეთი შემწყნარებლობისთვის თავიანთ ღმერთს" თავიანთი მდევნელის გამოჯანმრთელება უნდა ეთხოვათ. ბრძანებას დამორჩილებული ქალაქების მთავრები საპყრობილეებიდან ათავისუფლებდნენ ქრისტიანებს. ყოველივე ამის მხილველი ევსევის მოწმობით, ასეთ ვითარებაში, მოულოდნელად, წყვდიადის სიღრმიდან რაღაც სხივმა გამოანათა: თითოეულ ქალაქში გაჩნდა საეკლესიო საზოგადოება, მრავალრიცხოვანი ქრისტიანული კრებული, რომელიც, ჩვეულებისაებრ, ღვთისმსახურებისთვის იკრიბებოდა ხოლმე. ურწმუნოებიც არანაკლებ იყვნენ გაოცებულნი საქმის ამგვარი შემობრუნებით და ქრისტიანთა ღმერთს ერთადერთ ჭეშმარიტ და დიდებულ ღმერთად აღიარებდნენ".
საპყრობილიდან განთავისუფლებულმა წმინდა ნიკოლოზმა, "ნებსით მოწამემ" და "სისხლის დაუღვრელად გვირგვინშემოსილმა", კვლავ დაიკავა მირონლუკიის კათედრა და დიდი მოშურნეობით შეუდგა თავისი უმაღლესი მოვალეობის შესრულებას. საშინელმა დევნამ, რომელმაც ეკლესიას ბევრი მოწამე და აღმსარებელი მისცა, მას ძალზე ბევრი ზიანიც მიაყენა. ამიტომაც წმინდა ნიკოლოზს ხანგრძლივი და საზარელი დევნით გამოწვეული შედეგების გამო ახალი ღვაწლი უნდა ეტვირთვა. როგორც სხვა იმ დროინდელ მწყემსებს, უეჭველია, მასაც უხდებოდა დანგრეული ტაძრების აღდგენა, ან ახლის აგება, დევნით შეწყვეტილი საეკლესიო ღვთისმსახურებისა და კანონების მოწესრიგება, იმათ სინანულში ჩაგდება, ვინც დევნის ჟამს განუდგა ქრისტეს, ხოლო მისი შეწყვეტის შემდგომ ჩქარობდა განკუნებას, გულმოდგინედ უხრიდა რა თავს მასზე ძლიერის მაცხოვნებელ მარჯვენას; მიღება და განსვენება ქრისტეს მეომართა, რომელნიც გამოხსნილ იქნენ ქვის სამტეხლოების სატანჯველებისაგან. ქრისტიანობაზე მოქცეულ წარმართთა კათაკმეველად დაყენება და ნათლობისათვის მომზადება, რომელნიც აგრერიგად შესძრა ქრისტეს ეკლესიის მოზეიმე გულშემუსვრილმა სიხარულმა.
ქრისტეს ეკლესიის ეს სიხარული ერთგვარად თითქოს დაჩრდილა გალერიუსის მემკვიდრის, მაქსიმიანე დაის (311-313) მისდამი მტრულმა დამოკიდებულებამ; მაგრამ ეს ქუფრი ღრუბელი მალევე გადაიყარა, რამეთუ ის ლუკინიუსმა დაამხო. თუმცა აღმოსავლეთის ქრისტიანები ხანმოკლე დევნაში მოჰყვნენ. მაქსიმიანეზე გამარჯვებულმა და წმინდა კონსტანტინეს თანამმართველმა ლიცინიუსმა, რომელმაც კონსტანტინესთან ერთად ეკლესიისთვის ხელსაყრელი მილანის ედიქტი გამოსცა, მოულოდნელად ქრისტიანთა დევნა-შევიწროება დაიწყო. მირონში, ისევე როგორც ლიცინიუსის ქვეშევრდომ მართლმადიდებელი აღმოსავლეთის ქალაქებში ეს დევნა თვალშისაცემი გახდა და მწყემსი კეთილი წმინდა ნიკოლოზი მზად იყო სული თვისი დაედო თავისი დევნული სამწყსოსთვის. მაგრამ, ღვთის მოწყალებით, ლიცინიუსის დევნა არ იყო ხანგრძლივი და სასტიკი. კონსტანტინემ დაამარცხა ლიცინიუსი და მან მალე დაკარგა (323წ.) ძალაუფლებაც და სიცოცხლეც.
ლიცინიუსის დამარცხების მერე ძლევაშემოსილმა კონსტანტინემ მოინახულა აღმოსავლეთის ოლქები, სადაც ის უდანაშაულოდ გატანჯულ ქრისტიანებს ხვედრს უმსუბუქებდა. მან გადასახლებაში მყოფნი და საპყრობილეებში შემწყვდეულნი გაათავისუფლა; კატორღებიდან დააბრუნა; აღმსარებელთა სამოქალაქო და სამხედრო უფლებები აღადგინა; წამებულთა მამულები მათ მემკვიდრეებს გადასცა, ხოლო თუ ასეთები არ აღმოჩნდებოდნენ, ეკლესიებს გადასცემდა სამფლობელოდ; საერთოდ, ყველა, ვისაც მეტნაკლებად შეეხო დევნა, მეფური წყალობით დააჯილდოვა. ამას არ დასჯერდა - იმპერატორმა აღმოსავლეთის ყველა მმართველს გაუგზავნა "სწავლება კერპთაყვანისმცემლურ ცთომილებაზე", ხოლო პროვინციებში ეკლესიათა წინამძღოლებს მისწერა, გულმოდგინედ მოჰკიდებოდნენ დანგრეული ეკლესიების აღდგენას, საჭიროების შემთხვევაში აეგოთ ახალი ტაძრები, დახმარებისთვის კი მიემართათ საოლქო მმართველების ან ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, ამ უკანასკნელთ კი ებრძანათ, ყოველნაირად ხელი შეეწყუოთ ეპისკოპოსებისთვის.
ევსევი კესარიელის ცნობით, იმპერატორის ყველა ასეთ განკარგულებას "ელვისებური სისწრაფით აღასრულებდნენ". ამგვარად, აღმოსავლეთის ეკლესიის წინამძღოლებმა, მათ შორის წმინდა ნიკოლოზმა, სრული თავისუფლება მიიღეს, მოშურნეობა გამოეჩინათ ღვთის სადიდებლად და მოყვასის ცხონებაზე.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი