თავი 6
წმინდა ნიკოლოზის მოშურნეობა მართლმადიდებლობის განმტკიცებასა და მწვალებლობათა აღმოფხვრაში. წარმართული ღმერთქალის აფროდიტეს კერპის დამსხვრევა. წმინდა ნიკოლოზის მოშურნეობა არიოზის ერესის აღმოფხვრაში და მისი მონაწილეობა პირველ მსოფლიო კრებაში. წმინდა ნიკოლოზი შიმშილისაგან გადაარჩენს ქალაქ მირონს.
მღვდელთმთავარმა ნიკოლოზმა მირონლუკიის ეკლესიის მთავარეპისკოპოსობისას სახელი განითქვა, მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებასა და წარმართობის აღმოფხვრისადმი განსაკუთრებული მოშურნეობით, რის გამოც ეკლესია ღირსეულად უწოდებს მას "ღვთისმოსაობის დიდებულ სვეტს", "მართლმადიდებლობის მტკიცე სიმაგრეს", "მახვილით ხიბლის ღვარძლის ამომკვეთს".
წმინდა ნიკოლოზის გარდაცვალებიდან ოთხი საუკუნის მერე წმინდა ანდრია კრიტელმა, მირონლუკიის ტაძარში, ღმერთშემოსილი მამის ხსენების აღსრულებისას, ასე გამოხატა ღვთის სადიდებლად და მოყვასის საცხოვნებლად მისეული სამწყემსო მოშურნეობა: "რა გიწოდოთ შენ - მიწათმოქმედი? დიახ, სულიერი მნიშვნელობით ეს სახელი შეგეფერება შენ, რამეთუ შენ აღმოფხვერი მთელი ლუკიის ოლქიდან ურწმუნოების ღვარძლი, ნაყოფიერ-ჰყავ გონიერი საძოვარნი, დასთესე მათზე ცოცხალი სიტყვა ღვთისმოსაობისა და, ვითარცა ამბარში, შეკრიბე სამკალი. გიწოდოთ შენ ხუროთმოძღვარი? არ შევცოდავთ, რამეთუ შენი სიტყვის იარაღით დაამსხვრიე წარმართთა სამსხვერპლოები - დემონთა ეს საბუდარები, აღაშენე ქრისტეს ეკლესიები, ააგე წმინდა ტაძრები მოწამეთა სახელზე და როგორც შრომისმოყვარე მიწათმოქმედმა, ნაყოფიერ ჰყავ ვენახი ესე, ხოლო სულის არქიტექტურით, როგორც ეკლესიის ბრძენმა არქიტეტორმა, დაამყარე იგი ჭეშმარიტი სარწმუნოების საძირკველზე, გიწოდოთ შენ მეომარი? ესეც სამართლიანი იქნება, რამეთუ უხილავ ძალებთან შებრძოლებისას შენ, ვითარცა ვინმე მხედართმთავარმა, ხელთ იპყარ სულიერი იარაღი: "მოირტყ წელი შენი ჭეშმარიტებითა, შეიმოსე ჯაჭვი იგი სიმართლისაი და შეისხ ფერხთა შენთა განმზადებულებაი იგი სახარებისა მის მშვიდობისაი" (ეფესელთა 6:14,15). ცხონების ჩაფხუტით იგერიებდი ვნებათა თავდასხმებს და კლდესავით მტკიცე და შეუძვრელი დარჩი. თავს იცავდი სარწმუნოების და შეურყეველი სასოების ფარით, იგერიებდი მტრისაგან ნასროლ ისრებს, დასცემდი მოწინააღმდეგეს შენი დარტყმებით და დაარღვევდი ყველა მათ მზაკვრობას, მამაცურად იცავდი მათგან შენს სამწყსოს".
მღვდელთმთავარ ნიკოლოზს, უპირველეს ყოვლისა, არ შეეძლო გულგრილად ეცქირა, თუ როგორ იღუპებოდა ლუკიის ოლქის მრავალი მკვიდრი კერპებისადმი უწმინდური მსახურებით. ლუკიაში მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო წარმართული ბომონები, რომლებიც მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს იზიდავდნენ. განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ აფროდიტეს კერპს, რომლის ურცხვი თაყვანისცემა საყოველთაოდ იყო გავრცელებული მცირე აზიაში. თვით მირონში თავს იწონებდა მისი მდიდრული ტაძარი. ტაძრის მსახური გარყვნილი ქურუმები დაუფარავად მრუშობდნენ და მრავალ მიმსვლელს აცთუნებდნენ. რა თქმა უნდა, ეს დიდად უშლიდა ხელს ქრიტიანობის გავრცელებას და აღაშფოთებდა მთავარეპისკოპოს ნიკოლოზს. ის ცდილობდა მის აღმოფხვრას, მაგრამ დიოკლეტიანეს და მისი მომდევნო წარმართი იმპერატორის ზეობის ჟამს, როცა წარმართობის აღორძინებას და ქრისტიანობის დათრგუნვას ცდილობდნენ, ცხადია, წარმოუდგენელი იყო კერპების მოსრვა. ამისთვის ხელსაყრელი დრო დადგა მხოლოდ წმინდა კონსტანტინე დიდის დროს, რომელმაც, როგორც ვთქვით, თავისი "მოძღვრება კერპთაყვანისმცემელთა ცდომილებაზე", აღმოსავლეთის ეკლესიების მმართველებს დაუგზავნა, კერპთაყვანისცემა ცდომილებად გამოაცხადა და ამით ირიბად მათი დანგრევის ნებართვა გასცა. წმინდა ნიკოლოზმა ისარგებლა ღვთისმოსავი იმპერატორის ნებართვით, ყველა წარმართული ბომონი დაამსხვრია, მათ შორის აფროდიტეს ტაძრის საძირკველიც ქარს გაატანა. ბომონთა რღვევას გონს მოჰყავდა წარმართები და ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას უერთებოდნენ.
მაგრამ იმპერატორ კონსტანტინეს დროს საკერპოების ნგრევის მერე წარმართებზე გავლენის დაკარგვით შეშფოთებული კაცთა მოდგმის მტერი არ წყვეტდა მზაკვრულ თავდასხმებს ქრისტეს ეკლესიაზე. მან მასში ჩათესა ერესის ღვარძლი, რომელიც მალე წამოიზარდა და უთანხმოებისა და განხეთქილების ნაყოფი გამოიღო. წმინდა ნიკოლოზის ბევრი თანამედროვე სხვადასხვა მწვალებლობის დამაარსებელი შეიქნა და დიდხანს გლეჯდნენ ქრისტეს ეკლესიას. მაგრამ გონების ამგვარი მიმოტაცება უცხო იყო მირონლუკიის ეკლესიის ღვთივგანათლებული მწყემსისთვის. მოციქულ კაცთა მემკვიდრე სულთა მწყემსი იმავე დროს მათი რწმენის უბრალოების მემკვიდრეც გახლდათ. ქრისტიანული ღვთისმოშიშების სრულყოფილებას მიუწვდომელში ჩაღმავებაში კი არ ხედავდა, არამედ ცდილობდა, შეცნობილი სწორად შეესრულებინა. მათ მსგავსად რწმენას საქმეებით აფასებდა და არა სიტყვებით. ცდილობდა, ეაზროვნა ისე, როგორც აზროვნებდნენ ჭეშმარიტად მორწმუნენი, ესწავლებინა ისე, როგორც ასწავლიდნენ წინა საუკუნეთა მამები. აი, ის სამეუფო გზა, რომლითაც წმინდა ნიკოლოზი თავადაც მიდიოდა და სამწყსოც თან მიჰყავდა.
მწვალებლებთან ურთიერთობისას, მათ მოსაქცევად, წმინდა ნიკოლოზი იქცეოდა მშვიდად და დიდსულოვნად, ვითარცა შვენის ქრისტეს ფარის ჭეშარიტ მწყემსს. წმინდა ანდრია კრიტელს ერთი შესანიშნავი მაგალითი მოჰყავს, თუ როგორ მოიყვანა გონს წმინდა ნიკოლოზმა ერთ-ერთი ერეტიკოსი: "როგორც ჰყვებიან, - მიმართავს ის მღვდელთმთავარ ნიკოლოზს, - ოდესღაც შენ, ქრისტეს ვენახის დათვალიერებას, მაშინ მარკიონელთა ეპისკოპოსს, ნეტარხსენებულ თეოგნეს შეხვდი. წმინდა წერილის სიტყვებით მანამდე ამხილებდი ცთომილებაში, ვიდრე იგი სიცრუიდან ჭეშმარიტებისაკენ არ მოაქციე. მაგრამ მხილების გამო ის გაღიზიანებას მალავდა. როგორც კი ეს შეამჩნიე, ხმა აიმაღლე, მისადმი ამა სამოციქულო შეგონებით: "მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა" (ეფესელთა 4:26). ძმაო ჩემო! შევრიგდეთ".
განსაკუთრებული ვნება ეკლესიას IV საუკუნეში არიოზის ერესისაგან მიადგა, რომელიც ძე ღვთისას ღვთაებრიობას უარყოფდა და მას მამა ღმერთის ერთარსად არ თვლიდა. ვერც მოციქულთასწორ კონსტანტინეს ბრძნულმა ზომებმა, ვერც ეკლესიის მამათა მამობრივმა ზრუნვამ ვერ შესძლო ამ ღვთის საწინააღმდეგო მოძღვრების აღმოფხვრა. მან ზვირთივით გადაუარა მთელ ქრისტიანულ სამყაროს. მის მისაღებად გადაიხარა თვით ევსევიც კი, რომელსაც პირველი საუკუნის ქრისტიანთა ისტორიის მოთხრობას ვუმადლით.
მოციქულთასწორ იმპერატორს არიოზის მწვალებლობით შეძრულ ქრისტიანულ სამყაროში მშვიდობის ჩამოგდება სურდა და ალექსანდრიის ეპისკოპოს ალექსანდრეს რჩევით, ცირკულარი (ირგვლივმოსავლელი ეპისტოლე) დაუგზავნა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს, და ისინი პირველ მსოფლიო კრებაზე მოიწვია. ეს კრება ბითვინიის მთავარ ქალაქ ნიკეაში ჩატარდა ქრისტესშობიდან 325 წელს. აქ, თვით იმპერატორის ხელმძღვანელობით, 318 ეპისკოპოსი შეიკრიბა, რომელთა შორის უპირველესი ადგილები ეკავათ ოსია კორდუბელს, ევსტათი ანტიოქიელს და მაკარი იერუსალიმელს. ამ კრებაზე, რომელიც დაახლოებით ორი თვე გრძელდებოდა, საყოველთაო საეკლესიო მსახურებაში შემოიღეს სარწმუნოების სიმბოლო, რომელიც შეავსო და განასრულა კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრებამ ქრისტეს შობიდან 381 წელს. გაკიცხულ იქნა მელეტი, რომელმაც საეკლესიო წესების დარღვევით მიიტაცა ეპისკოპოსობის უფლება. ბოლოს, ამავე კრებაზე უარყოფილ იქნა და საზეიმოდ ანათემას მიეცა არიოზის სწავლება და მისი მიმდევრები. რომელთა წინააღმდეგ განსაკუთრებით იღვაწეს წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა (რომელიც მაშინ დიაკონი იყო და მწვალებლებთან დაპირისპირების გამო მთელი სიცოცხლე იდევნებოდა მათგან) და წმინდა ნიკოლოზმა.
მაღალუსამღვდელოესი ინოკენტის თქმით: "წმინდა ნიკოლოზი, მიუხედავად ერეტიკოსთა მზაკვრობისა, მტკიცე დარჩა, როგორიც თავად ის რწმენა იყო, რომელსაც აღიარებდა. სხვა მღვდელთმთავარნი მართლმადიდებლობას თავიანთი განსწავლულობის დახმარებით იცავდნენ: წმინდა ნიკოლოზი სარწმუნოებას იმ რწმენით იცავდა, რომ ყველა ქრისტიანს, დაწყებული მოციქულებიდან, მუდამ სწამდათ იესო ქრისტეს ღმერთობა. ყველასთვის ცნობილმა მისეული ცხოვრების სიწმინდემ, თვით მტრებისგან აღიარებულმა, მისი ზრახვების სიუფთავემ, სასწაულთმოქმედების ნიჭმა, რომელიც ღვთის სულთან მის უშუალო ურთიერთობაზე მეტყველებდა, ის ქმნა, რომ წმინდა ნიკოლოზი ნიკეას კრების მშვენება გახდა და დაიმსახურა ეკლესიის მიერ კანონად სარწმუნოებისად წოდებულიყო. ჩვენამდე მოაღწია გარდამოცემამ (დიმიტრი როსტოველის თქმით, ამის შესახებ იოანე სტუდიის მონაზონი მოგვითხრობს), რომ კრების ერთ-ერთ სხდომაზე წმინდა ნიკოლოზმა ვერ დაითმინა არიოზის ღვთისგმობა და ყველას თანდასწრებით ერეტიკოსს სილა გააწნა. კრების დამსწრე მამებმა ასეთი საქციელი ზედმეტ მოშურნეობად ჩათვალეს, წმინდა ნიკოლოზს სამღვდელმთავრო ომოფორი ჩამოართვეს და კოშკში ჩაამწყვდიეს. მაგრამ მალე ყველანი ღვთის სათნომყოფლის ამგვარი საქციელის სისწორეში დარწმუნდნენ, რამეთუ კრების ზოგიერთ მონაწილეს ჰქონდა ხილვა: უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავის რჩეულს წმინდა სახარება გადასცა, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მხრებზე ომოფორი მოახვია. ამ ხილვის მერე წმინდა ნიკოლოზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ძველი ხარისხი დაუბრუნეს და პატივი მიაგეს, როგორც ღვთის უდიდეს სათნომყოფელს.
ნიკეის ეკლესიის ადგილობრივმა გარდამოცემამ "დღევანდელ დღემდე" არა მარტო ერთგულად შემოინახა, წმინდა ნიკოლოზის ხსოვნა, არამედ მკვეთრად გამოჰყო იგი კრების 318 მამიდან, რომელთაც ყველას უკლებლივ თავის მფარველებად მიიჩნევს. ცნობილი მოგზაური მურავიოვი ნიკეის ღირსშესანიშნაობის აღწერისას გადმოსცემს ზემოთ მოთხრობილ ამბავს, რომელიც, მისივე თქმით, თვით "თურქებმა შემოინახეს - უდიდეს პატივს სცემენ წმინდა ნიკოლოზს".
კრებიდან დაბრუნების მერე წმინდა ნიკოლოზმა გააგრძელა ნაყოფიერი მწყემსმთავრული მოღვაწეობა ქრისტეს ეკლესიის მოსაწყობად: რწმენაში განამტკიცებდა ქრისტეანებს, წარმართებს მოაქცევდა, მწვალებლებს შეაგონებდა. "მათგან მრევლს იხსნიდა დაღუპვისაგან, არ უშინდებოდა ერეტიკოსთა თავდასხმებს და ქრისტეს სიტყვიერ ცხოვართაგან განსდევნიდა ამ მტაცებელ მგლებს" (წმინდა ანდრია კრიტელი).
ამგვარი თანაგრძნობითა და მზრუნველობით ეპყრობოდა ის თავისი სამწყსოს გასაჭირს და მათ ხორციელ საჭიროებაზეც ზრუნავდა. აი, მსგავსი ზრუნვის ერთი მაგალითი. ლუკიის ქალაქში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა. მირონში თითქმის აღარაფერი იშოვებოდა და ბევრ ქალაქელს ძალზე გაუჭირდა. კიდევ ცოტა ხანი და, ეს სამწუხარო მდგომარეობა, შეიძლება დიდ სახალხო უბედურობაში გადაზრდილიყო. მაგრამ წმინდა ნიკოლოზის დროულმა სასწაულებრივმა შეწევნამ ქალაქი და ქვეყანა დაიხსნა:
ერთმა ვაჭარმა იტალიაში ხომალდი ხორბლით დატვირთა. მან ზღვაში გასვლის წინ ძილში იხილა წმინდა ნიკოლოზი, რომელმაც უბრძანა, ლუკიის ქვეყნისკენ გაეცურა და იქ გაეყიდა ხორბალი; ბედ კი სამი ოქროს მონეტა გადასცა. ვაჭარს გამოეღვიძა და, თავისდა გასაოცრად, მართლაც ხელთ წმინდა ნიკოლოზის მიერ მიცემული ის ოქროს მონეტები ეჭირა. ამის მერე თავის ვალად ჩათვალა, ძილში გამოცხადებული წმინდა მამის ნება შეესრულებინა, მირონისკენ გასცურა, სადაც ხორბალი გაყიდა და თან ყველას უამბო თავისი გასაოცარი ხილვის ამბავი. მირონქალაქელებმა ეს რომ შეიტყვეს, მხურვალე მადლობა შესწირეს უფალს და წმინდა სათნომყოფელს, ასე სასწაულებრივად რომ დაიხსნა ხალხი შიმშილით სიკვდილისაგან.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი