თავი 2.
წმინდა ნიკოლოზის ხუცესად დადგინება. მისი უხვი ქველმოქმედება. გაღატაკებული მდიდრის სამი ქალიშვილის დახსნა შერცხვენისაგან
ახალგაზრდა ნიკოლოზის ღვთისმოსავი ცხოვრება მალე ქალაქ პატარას მთელი მოსახლეობისთვის გახდა ცნობილი. ქალაქის ეპისკოპოსი იმ დროს წმინდა ნიკოლოზის ბიძა იყო და მასაც ნიკოლოზი ერქვა. შეამჩნია, რომ თავისი ძმისწული ყველასგან გამოირჩეოდა სათნოებებით და მკაცრი მოსაგრე ცხოვრებით და მასში ღვთის დიდად სათნომყოფელი განსჭვრიტა. ეპიკოპოსმა ბიძამ განიზრახა ნიკოლოზის მშობლები დაეყოლიებინა, რათა მათ ის უფლის მსახურებისთვის მიეძღვნათ. მშობლები ხალისით დათანხმდნენ ამას, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ შვილის დაბადებამდე ღმერთს ამგვარი აღთქმა უკვე მისცეს. ეპისკოპოსმა ბიძამ თავს იდო ჭაბუკის მფარველობა და იგი ხუცესად აკურთხა. უეჭველია, რომ მღვდლად კურთხევამდე წმინდა ნიკოლოზი გაივლიდა საეკლესიო მსახურების ყველა დაბალ საფეხურს, თუმცა, უცნობია, როგორ ემსახურებოდა ის ღმერთს, წიგნისმკითხველის, ანდა დიაკვნის ხარისხში. წმინდა ნიკოლოზის მღვდლად ხელდასხმისას, სულიწმიდის მადლით ავსებულმა ეპიკოპოსმა უწინასწარმეტყველა ხალხს ღვთის სათნომყოფელის დიდი მომავალი: "აი, ძმანო, ვხედავ ახალ მზეს, ქვეყნის დასალიერიდან აღმოსულს, რომელიც მანუგეშებელი იქნება ყოვლთა მწუხარეთათვის. ნეტარია ის სამწყსო, რომელსაც ესევითარი მწყემსი ეყოლება! კარგად დამწყსობს ის გზაშეცთომილთა სულებს, აძოვებს მათ ღვთისმოსაობის საძოვრებზე, და ყველა განსაცდელში მყოფთათვის თბილი შემწე იქნება". ეპისკოპოსი ბიძის წინასწარმეტყველურად თქმული მალევე აღსრულდა მისი ძმიშვილის ცხოვრებაში. სამღვდლო ხარისხის მიღების შემდეგ წმინდა ნიკოლოზმა უფრო მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას მიჰყო ხელი. მუდმივმა მღვიძარებამ, მარხვამ და ლოცვამ იგი უსხეულო არსებებს მიუახლოვა, იმგვარად, რომ ბევრი ფიქრობდა კიდეც - კაცი კი არა ხორშესხმული ანგელოზიაო.
უდიდესი თავმდაბლობის გამო წმინდა ნიკოლოზი ცდილობდა, თავისი სულიერი ღვაწლი სხვებისგან დაფარულად აღესრულებინა. მაგრამ საღვთო განგებულებამ სათნო იჩინა, რომ წმინდა ნიკოლოზის ღვთისმოსავ ცხოვრებას სხვებიც დაეყენებინა ჭეშმარიტების გზაზე და მათი სულიერი სიკეთისა და ცხონების საქმეს გამოსდგომოდა. ეს კი ასე მოხდა:
წმინდა ნიკოლოზის ბიძამ, პატარას ეპისკოპოსმა, პალესტინის წმინდა ადგილების მოლოცვა მოისურვა. თავისი არყოფნის პერიოდში, პატარას ეკლესიის მართვა თავის ხუცეს ძმიწულს მიანდო, სჭვრეტდა რა მასში თავის უმაღლეს თანამდებობაზე ღირსეულ შემცვლელს.
მართლაც, ხუცესმა ნიკოლოზმა სავსებით გაამართლა თავისი ბიძის იმედი: მთელი არსებით მიეცა საეპისკოპოსო მმართველობის ამ ძალზე ძნელ და იმავე დროს უმაღლესი და წმინდა მოვალეობის აღსრულებას. იმ პერიოდში თავისი სამწყსოსთვის ბევრი რამ კარგის გაკეთება შეძლო. კიდევ ერთმა გარემოებამ შესაძლებლობა მისცა მას თავისი უხვი ქველმოქმედება გამოევლინა. სწორედ იმ ხანებში გარდაიცვალნენ წმინდა ნიკოლოზის მშობლები - თეოფანე და ნონა და თავიანთ ერთადერთ ვაჟს დიდი მემკვიდრეობა დაუტოვეს. ვერავინ გამოიყენებდა ამ სიმდიდრეს წმინდა ნიკოლოზზე სარგებლიანად. იგი სიმდიდრეს უყურებდა ისე, როგორც შვენის ჭეშმარიტ ქრისტიანს, ვითარცა სწრაფლწარმავალსა და წამიერს: სხვებისგან განსხვავებით, მას მიწიერი მემკვიდრეობის გამრავლება არ უცდია, ერთადერთ სწორ ნაბიჯად მისი გლახაკებისთვის მოწყალებად დარიგება მიაჩნდა, გაიხსენებდა უფლის მცნებას, რომ მოწყალების გამცემი, თვით ქრისტეს აძლევს ამ მოწყალებას და ამითვე შეიძენს უხრწნელ სიმდიდრეს ცათა შინა. თუ როგორი თავმდაბლობით ეხმარებოდა ნამემკვიდრალი ქონებით გაჭირვებულებს, კარგად ჩანს ყველასთვის ცნობილი მაგალითიდან.
ქალაქ პატარაში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც სილამაზით განთქმული სამი ქალიშვილი ჰყავდა. ის ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ შემდგომში, სამწუხარო გარემოებათა გამო, ყველაფერი დაკარგა და გაღატაკდა. ქალიშვილების გამზითვებას როგორ შეძლებდა, როცა პურის და აუცილებელი შესამოსელის საყიდელი ფული არ ჰქონდა. სადამდე მიჰყავს სიგლახაკეს ადამიანი, რომელიც საკმარისად არ არის განსმჭვალული ქრისტიანული თავმდაბლობით! საცოდავმა მამამ, რომელმაც თავისი მდგომარეობის გამოსწორების ყველანაირი იმედი დაკარგა, საშინელი რამ მოიფიქრა - გადაწყვიტა, მსხვერპლად გაეღო თავისი ქალიშვილების ღირსება და მათი სილამაზით ოჯახის საარსებოდ სახსარი ეშოვა. მაგრამ, საბედნიეროდ, იმავე ქალაქში ცხოვრობდა წმინდა ნიკოლოზი, რომელიც ფხიზლად ადევნებდა თვალყურს ჩაბარებულ სამწყსოს. მან საღვთო გამოცხადებით შეიტყო ამ კაცის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ. გადაწყვიტა, იგი ხორციელი სიღატაკისაგან ეხსნა, რათა სწორედ ამითვე გადაერჩინა მისი ოჯახი სულიერი დაღუპვისაგან. ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფეს და მწყემსს უნდოდა, ქველმოქმედება ისე გაეღო, რომ ამის შესახებ არავის სცოდნოდა, თვით მასაც კი, ვისთვისაც სიკეთის გაკეთება სურდა. ამგვარ ღრმა ქრისტიანული სიმდაბლით აღსავსე გადაწყვეტილებას, რომელიც მაცხოვრის სიტყვებშია გამოხატული: "ეკრძალენით ქველის-საქმესა თქვენსა, რაითა არ ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა" (მათე 6:1), ღვთის წმინდანმა ღრმა ცხოვრებისეული გამოცდილებაც შეუერთა, იცოდა, თუ როგორ უმძიმდათ მოწყალების მიღება უეცრად გაღატაკებულ მდიდრებს,
შუაღამისას, როცა ყველას ეძინა, მათ შორის უბედურ მამა-შვილებს და ვერავინ შეამჩნევდა მის ქველმოქმედებას, წმინდა ნიკოლოზმა აიღო ოქროთი სავსე დიდი ქისა, უჩუმრად მივიდა გაჭირვებულის სახლთან, სარკმელი გააღო, ოქრო შიგნით შეაგდო, თვითონ კი სასწრაფოდ შინ დაბრუნდა. დილით გაღვიძებულმა საცოდავმა მამამ თვალი მოჰკრა იატაკზე დაგდებულ ქისას. განუზომელი იყო გაღატაკებული მდიდრის უეცარი სიხარული ოქროს დანახვაზე, რისთვისაც ქალიშვილების სამეძაო სახლში მიბარებას აპირებდა. დიდხანს ვერ მოვიდა გონს, თავი სიზმარში ეგონა. ნეტავ ვინ არის ჩემი კეთილისმყოფელიო, ფიქრობდა, მაგრამ აზრი ვერავისზე შეაჩერა. ალბათ თვით საღვთო განგებულებამ გამომიგზავნა ეს იდუმალი კეთილისმყოფელიო და მხურვალე სამადლობელი ლოცვა აღუვლინა უფალს. ნაჩუქარი ოქროთი უფროსი ქალიშვილი გაათხოვა.
წმინდა ნიკოლოზმა იხილა, რომ მისმა გაღებულმა სიკეთემ ნაყოფი გამოიღო და საქმის დაბოლოება გადაწყვიტა. ერთ საღამოს სარკმლიდან ოთახში კიდევ ერთი ქისა ოქრო შეუგდო. ამჯერად საცოდავ მამას აღარ უძებნია უცნობი კეთილისმყოფელი, მიწაზე დაემხო და მადლობა შესწირა გაჭირვებულთა შემწე უფალს: "ღმერთო, შენ ხარ წყარო მოწყალებისა, შენ აღაშენებ ჩვენს ცხონებას. უპირველეს ყოვლისა, მე გამომისყიდე შენი სისხლით და ახლა კი ჩემი სახლეული, ჩემი შვილები დაიხსენი ეშმაკის მახისგან. მიჩვენე, ვინ არის იარაღი შენი მოწყალებისა და კაცთმოყვარე სახიერებისა. მიჩვენე ის მიწიერი ანგელოზი, რომელიც გვიცავს ჩვენ ცოდვით წარწყმედისაგან. დაე ვიცოდე, ვინ განგვათავისუფლებს ჩვენ დამთრგუნველი სიღატაკისგან".
ღვთის მადლიერმა მამამ მეორე ქალიშვილიც გაათხოვა და მტკიცედ სჯეროდა, რომ უფალი მის მესამე ქალიშვილზეც ამგვარადვე მოიღებდა წყალობას. ამასთან, გადაწყვიტა, რომ რაც არ უნდა დასჯდომოდა, შეეტყო, ფარული ქველისმოქმედის ვინაობა, რათა შესაფერისად მადლობა გადაეხადა მისთვის. დადარაჯებულს ღამეები არ ეძინა და მის გამოჩენას ელოდა. დიდხანს არ მოუწია ლოდინმა. ერთ ღამეს ქრისტეს კეთილი მწყემსი მესამედაც მოვიდა და ოქროთი სავსე ქისა სარკმლიდან გადაუგდო, თვითონ კი სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას. მაგრამ ამჯერად თავისი ქველისმოქმედება ვეღარ დამალა. ღატაკს იატაკზე დაცემული ოქროს ხმა რომ მოესმა, მაშინვე გამოვიდა სახლიდან და მიეწია თავის იდუმალ ქველისმოქმედს. შეიცნო წმინდა ნიკოლოზი, ფეხებში ჩაუვარდა, ეამბორა და მადლობდა, ვითარცა მხსნელს ეგზომ დიდი განსაცდელისგან: "უფალს რომ არ შთაეგონებინა შენთვის ეს კეთილი საქმე, ალბათ დიდი ხნის დაღუპული ვიქნებოდი ჩემ ქალიშვილებთან ერთად. ახლა კი შენის წყალობით გადავრჩით და ავცდით ცოდვით დაცემას".
წმინდა ნიკოლოზმა კაცი წამოაყენა და ურჩია, რომ ამ მოწყალებისთვის უფრო მეტად ღმერთისთვის ეთქვა მადლობა და მის მიმართ ელოცა. ფიციც ჩამოართვა, რომ არავის ეტყოდა რაიმეს ამ სიკეთზე. აი, ერთი მაგალითი ქრისტიანული მოწყალების იმ ურიცხვ საქმეთაგან, რომლითაც წმინდა ნიკოლოზი გაჭირვებულებს ეხმარებოდა და რომლებიც, თავიანთი ქრისტიანული სიმაღლით, ჩვენთვისაც უნდა იქცეს ქველმოქმედების მაგალითად.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი